გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210018002439719
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13604-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ჯი----ი“

წარმომადგენელი - კო------------ე

 

მოპასუხე - სს „სა-------------------------–----ი“

წარმომადგენელი - გო---------------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე სს „სა-------------------------–----ისათვის“ მოსარჩელე სს „სა-------------------------–----ი“ს სასარგებლოდ 40 283,30 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2017 წლის 06 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებულ ტვირთების დაზღვევის გენერალურ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით მოსარჩელემ დააზღვია სარეალიზაციო ტვირთები და ფინანსური ზარალი. სადაზღვევო ურთიერთობასთან დაკავშირებით გაიცა დაზღვევის პოლისი, რომლის საფუძველზე დაზღვეულ რისკებს შეადგენდა ტვირთების დაზღვევა და ფინანსური ზარალი. ამავე პოლისის თანახმად, დაფარული იყო მხოლოდ ის ტრასპორტირება, დისტრიბუტორთა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა ქმედება, რომლებიც განხორციელებული იყო ამავე პოლისზე თანდართულ სიაში მითითებული პირების მიერ შესაბამისი ტრასპორტით.

 

2017 წლის 21 აპრილს კომპანიაში დასაქმებულმა ორმა პირმა მი----–---------–მა და მი----–-----------

ემ, რომლებიც იყვნენ თამბაქოს პროდუქციის დისტრიბუტორები და მატერიალურად პასუხისმგებელი პირები, მიითვისეს მათ მიერ რეალიზებული თამბაქოს პროდუქციიდან ამონაგები თანხები, რომელთა ჯამური ოდენობა შეადგენდა 40 283,00 ლარს.

 

მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება. მოპასუხემ შეაჩერა ზარალის ანაზღაურების საკითხის განხილვა იმ დრომდე, სანამ მოსარჩელე დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას წარადგენდა. მი----–---------–ისა და მი----–-----------ის მიმართ სარჩელის წარდგენის დროისათვის სასამართლოში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე.

 

სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე და მიუთითა, რომ ხელშეკრულებისა და დაზღვევის პოლისის თანახმად, მას არ ეკისრებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. დაზღვევის პოლისის თანახმად, დასაფარი რისკი არის დისტრიბუტორთა/მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა ქმედება, რაც განხორციელებულია სიაში წარდგენილი პირების მიერ. დისტრიბუტორთა ქმედებამ წარმოშვა ფინანსური ზარალი, რაც ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულo 3.1.14 ქვეპუნქტი არ წარმოადგენს უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც აღნიშნული ქვეპუნქტი შეეხება სრულიად სხვა შემთხვევას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პროდუქციის მიზანმიმართულ რეალიზაციას და თანხის მითვისებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ დაზღვევის პოლისის თანახმად, ანაზღაურდებოდა მხოლოდ იმ რისკის შედეგად რეალიზებული ზიანი, რომელიც პირდაპირ იყო მითითებული პოლისში/ხელშეკრულებაში, გამონაკლისების (ხელშეკრულების პირობების) გარეშე.

 

ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულების 1.2.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ზიანის დადგომის შემთხვევაში ფინანსური ზარალი გამოწვეული უნდა ყოფილიყო დამზღვევთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დისტრიბუტორის მიერ; თანხა, რომელიც დამზღვევს უნდა მიეღო კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო დისტრიბუტორისათვის საქონლის გადაცემის მომენტში და უნდა მიეთვისებინათ პასუხისმგებელ პირებს.

 

საქმეში არსებული დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მი----–---------–მა და მი----–-----------ემ მიითვისეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შპს „ჯი----ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით პროდუქცია, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება ამონაგები თანხების მითვისების შესახებ.

 

მი----–---------–ისა და მი----–-----------ის ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ მათ ავტომობილის ბორტში დარჩენილი თამბაქოს პროდუქცია არ დააბრუნეს კომპანიაში დადგენილი წესისამებრ. ასევე განმარტეს, რომ 20 აპრილს სავაჭრო ქსელში ნავაჭრი თანხები შეიტანეს კომპანიის საბანკო ანგარიშზე და ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნდათ.

 

ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ დაზღვეული იყო არა ზოგადად ფინანსური ზარალი ან/და დისტრიბუტორთა/მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა მიერ განხორციელებული ქმედება, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს, არამედ თანხების მითვისება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 6 აპრილს შპს „ჯი----ისა“ და სს „სა-------------------------–----ს“ შორის გაფორმდა ტვირთის დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება №M--------------.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამზღვევის ტვირთებისა და ფინანსური ზარალის დაზღვევა, მზღვეველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებისა და ტვირთის დაზღვევის ღია პოლისის (№M--------------) პირობების შესაბამისად დამზღვევის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა ფარავდა: 1.2.1. ტვირთის ტრანსპორტირების პერიოდის განმავლობაში საერთო ავარიისა და ქონების გადარჩენის ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია Institute Carge Clauses (A) – ში, (ტვირთების დაზღვევის მუხლი “ა”) აღნიშნული რისკებით. Institute Cargo Clauses (A) – ში (ტვირთების დაზღვევის მუხლი “ა’) თან ერთვოდა ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილი იყო; 1.2.2. ხელშეკრულება, აგრეთვე, ითვალისწინებდა მზღვეველის მიერ დამზღვევის იმ ფინანსური ზარალის დაფარვას, რომელიც გამოწვეული იყო დამზღვევთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დისტრიბუტორის მიერ იმ თანხების მითვისებით, რომელიც დამზღვევს უნდა მიეღო მისი კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად და რომლის ოდენობაც წინასწარ წერილობით იყო დაფიქსირებული დისტრიბუტორისთვის საქონლის გადაცემის მომენტში; 1.2.3. 1.2.2 პუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვა მოქმედებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: - დაფიქსირებული იქნებოდა მომხდარზე პასუხისმგებელი (დამნაშავე) კონკრეტული დისტრიბუტორის ვინაობა; - შემთხვევაზე პასუხისმგებელ (დამნაშავე) დისტრიბუტორს დაწერილი ექნებოდა ახსნა-განმარტება, რომელიც დამოწმებული იქნებოდა ნოტარიულად, სადაც აღწერს დანაკლისის წარმოშობის მიზეზს და სრულად იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ დანაკლისზე; - 1.2.2. პუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვა არ გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე დისტრიბუტორი რაიმე ფორმით დაუბრუნებდა დამზღვევს მითვისებულ თანხას; 1.2.4. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად ასევე, დაიფარებოდა ზარალი, რომელიც დადგებოდა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ სიცოცხლეზე მუქარით და/ან ფიზიკური ძალის გამოყენებით დისტრიბუტორისათვის ნავაჭრი თანხის ან საქონლის წართმევის შედეგად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

2017 წლის 6 აპრილის ტვირთის დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება №M-------------- (ს.ფ. 26-36).

 

3.1.2. ტვირთის დაზღვევის გენერალური ხელშეკრულების 2.10. პუნქტით განისაზღვრა დაზღვევის ობიექტი - დამზღვევის ქონებრივი ინტერესი, დაკავშირებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის მზღვეველის მიერ ანაზღაურებასთან.

 

ხელშეკრულების 2.12. პუნქტით განისაზღვრა სადაზღვევო შემთხვევა - Institute Cargo Clauses (A) -ში (ტვირთების დაზღვევის პირობების მუხლ “ა”-ში) და სადაზღვევო პილისში მითითებული რისკების ხდომილებით გამოწვეული დაზღვეული ტვირთის დაზიანება ან განადგურება 1.2.1. პუნქტით გათვალისწინებული დაფარვისათვის, ხოლო ფინანსური ზარალი კი - 1.2.2. - 1.2 4. პუნქტებითა და სადაზღვევო პოლისის II სექციით გათვალისწინებული დაფარვისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 6 აპრილის ტვირთის დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება №M-------------- (ს.ფ. 26-36).

 

3.1.3. ტვირთების დაზღვევის №M-------------- ღია პოლისის თანახმად, დაზღვეული რისკები განისაზღვრა - სექცია 1: ტვირთების დაზღვევა, სექცია 2: ფინანსური ზარალი.

 

ტვირთის სახეობა: შპს „ჯი----ის“ მიერ №1 დამატებაში აღნიშნული ავტომანქანებით გადაზიდული სიგარეტი.

სადაზღვევო პრემია განისაზღვრა 18 500,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. განისაზღვრა პრემიის გადახდის წესი: გადახდა მოხდებოდა ოთხჯერადად, გრაფიკის შესაბამისად: 4 625,00 აშშ დოლარი - პოლისის გაცემისთანავე, 4 625,00 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 06.07.2017; 4 625,00 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 06.10.2017; 4 625,00 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 06.01.2018.

 

სადაზღვევო თანხა განისაზღვრა - სექცია 1: 200 000,00 ლარი, აგრეგირებული; სექცია 2: 200 000,00 ლარი, აგრეგირებული.

 

განისაზღვრა ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი თითოეულ ავტომანქანაზე თითოეულ გადაზიდვაზე: სექცია 1: სატრანსპორტო ზედნადების/ანგარიშფაქტურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 120 000,00 ლარისა; სექცია 2: არაუმეტეს 120 000,00 ლარისა თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე.

 

პოლისით განისაზღვრა ანაზღაურების პირობები: მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა ზიანის მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურებაზე, თუ დამზღვევმა: ა) შეატყობინა არასწორი ინფორმაცია იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა რისკის ხარისხის განსაზღვრისათვის; ბ) არ შეატყობინა მზღვეველს რისკის არსებითი ცვლილებების შესახებ; გ) არ მიიღო ტვირთის გადასარჩენად ან შესანახად აუცილებელი ზომები; დ) დროულად არ აცნობა მზღვეველს ან მის წარმომადგენელს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ.

 

განისაზღვრა ხელშეკრულების პერიოდი - 2017 წლის 6 აპრილიდან 2018 წლის 5 აპრილამდე (ორივე თარიღის ჩათვლით).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

ტვირთების დაზღვევის ღია პოლისი №M-------------- (ს.ფ. 33-34).

 

3.1.4. ხელშეკრულების მესამე მუხლით განისაზღვრა გამონაკლისი შემთხვევები.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, არ ანაზღაურდებოდა დანაკარგი, დაზიანება ან ხარჯი გამოწვეული: 3.1.1. დაზღვევის ობიექტის წონისა ან მოცულობის ჩვეული დაკლებით ან ბუნებრივი ცვეთით; 3.1.2. დაზღვევის ობიექტის არასაკმარისი ან შეუფერებელი შეფუთვით ან დახურვით, ტვირთის დაზიანებულ მდგომარეობაში გაგზავნით; 3.1.3. დაზღვევის ობიექტის წუნით ან მისი ბუნებრივი თვისებებით; 3.1.4. ტვირთის ნაკლულობით გარე შეფუთვის მთლიანობის შემთხვევაში; 3.1.5. ტემპერატურის ზეგავლენით ან ტვირთის განსაკუთრებული თვისებებით, მათ შორის გამოშრობით; 3.1.6. ჭიების, მღრღნელების და მწერების მიერ ტვირთის დაზიანებით; 3.1.7. ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანის შეყოვნებით და ფასების ვარდნით; აგრეთვე არ ანაზღაურდება დამზღვევის ნებისმიერი სხვა არაპირდაპირი ზარალი; 3.1.8. გადაზიდვის საშუალებათა მფლობელის, მმართველის ან ოპერატორის ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობით; 3.1.9. გადაზიდვის საშუალების უსაფრთხო გადატანისათვის გამოუსადეგრობით, როდესაც დაზღვეულისათვის (დამზღვევისათვის) ან მისი მომხრე პერსონალისათვის ცნობილია გადაზიდვის საშულების ასეთი გამოუსადეგარობა დაზღვევის ობიექტის მასში ჩატვირთვის დროს; 3.1.10. გადაზიდვის საშუალების მეთვალყურეობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, გარდა გასაჩერებლად გამოყოფილი და დაცული ადგილებისა; 3.1.11. იონიზირებული რადიაციით, თერმობირთვული საწვავის ნებისმიერი ნარჩენის ან რადიაქტიული დაბინძურებით; 3.1.12. უშუალოდ ან არაპირდაპირი საომარი მოქმედებებით, აჯანყებით, დივერსიებით, მასობრივი არეულობით, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული, საგანგებო, სამხედრო მდგომარეობით, ლოკაუტირებული მუშების გამოსვლებით და სხვა ანალოგიური მიზეზებით; 3.1.13. ტერორისტული აქტით; 3.1.14. დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის განზრახი ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აგრეთვე მათ მიერ ტვირთების გადაზიდვის, გადაგზავნის ან შენახვისათვის დადგენილი წესების დარღვევის შედეგად; 3.1.15. დაზღვევის ხელშეკრულებაში (ან შესაბამის პოლისში) აღნიშნულის გარდა სხვა რისკებით; 3.1.16. დაზღვევის ობიექტის დაზღვევის ტერიტორიაზე არყოფნის დროს; 3.1.17. ასევე ყველა იმ გამონაკლისით, რომელიც მოცემულია Institute Cargo Causes (A) - ში (ტვირთების დაზღვევის პირობების მუხლი „ა“) მითითებული გამონაკლისებით; 3.1.18. დაზღვეულის (დამზღვევის) მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობით.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე დაზღვევა არ ფარავდა ტვირთის:

3.2.1. ქურდობას; 3.2.2. დანიშნულების ადგილზე არ მიტანას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 6 აპრილის ტვირთის დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება №M-------------- (ს.ფ. 26-36).

 

3.1.5. 2018 წლის 24 იანვრის დაზარალებულად ცნობის შესახებ (საქმის ნომერი: 0------------) დადგენილებით დგინდება, რომ მი----–---------–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად 12 070,35 ლარის და მი----–-----------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად 28 212,95 ლარის ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი მიადგა შპს „ჯი----ის“, რომლიც ამავე დადგენილებით ცნობილ იქნა დაზარალებულად. ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

მი----–---------–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის 25 აპრილამდე პერიოდში შპს „ჯი----ის“ სავაჭრო აგენტმა მი----–---------–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული 12 070,35 ლარის ღირებულების დიდი ოდენობით პროდუქცია.

 

მი----–-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის 25 აპრილამდე პერიოდში შპს „ჯი----ის“ სავაჭრო აგენტმა მი----–-----------ემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული 28 212,95 ლარის ღირებულების დიდი ოდენობით პროდუქცია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2018 წლის 24 იანვრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება (ს.ფ. 41-42).

 

3.1.6. მი----–-----------ე და მი----–---------–ი წარმოადგენდნენ შპს „ჯი----ის“ თანამშრომლებს, კერძოდ, სავაჭრო აგენტებს.

 

სავაჭრო აგენტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა მარშრუტების მიხედვით რეგულარული დაფარვის უზრუნველყოფა.

 

სავაჭრო აგენტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა გეგმისა და მარშრუტის მიხედვით ვიზიტების განხორციელება.

 

შრომითი ხელშეკრულების დანართები (ს.ფ. 89-91)

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ტვირთის დაზღვევის გენერალური ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვილი თანხა 40 283,30 ლარი არ ექვემდებარება ზიანის ანაზღაურებას.

 

მხარეთა შორის, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა ხელშეკრულებით დაფარული რისკი რეალიზებული მი----–---------–ისა და მი----–-----------ის მიერ ჩადენილი ქმედებით და ექვემდებარებოდა თუ არა ანაზღაურებას დამზღვევის შპს „ჯი----ისათვის“ მიყენებული ქონებრივი დანაკლისი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასმულ კითხვაზე პასუხი უნდა გაიცეს მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შინაარსის გათვალისწინებით.

 

როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებში აღინიშნა, მხარეებმა ხელშეკრულებით გამიჯნეს დაფარული რისკები: სექცია 1- ტვირთის დაზღვევა და სექცია 2 - ფინანსური ზარალის დაზღვევა. ტვირთის დაზღვევის გენერალური ხელშეკრულებიდან და შესაბამისი პოლისიდან იკვეთება მხარეთა ნება ხელშეკრულებით დაფარული რისკების ცალმხრივად გამიჯვნისა სექციებად, კერძოდ, რისკების გათვალისწინება, ერთი მხრივ, ტვირთისა და მეორე მხრივ, ფინანსური ზარალის დაზღვევად. მხარეებმა ხელშეკრულებით განმარტეს დაფარული რისკები, რაც გამოიხატა ამ რისკების კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით და მათი ჩამოთვლით (1.2 პუნქტი).

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დაზღვეული იყო პასუხისმგებელ პირთა ქმედება, რომლითაც შპს „ჯი----ის“ მიადგებოდა მატერიალური ზიანი.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, კერძოდ, დაზღვევით დაფარული კონკრეტული რისკებისა (ხელშეკრულების 1.2 პუნქტი) და გამონაკლისი პირობების (3.2. პუნქტი) ერთობლივი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ პასუხისმგებელ პირთა ნებისმიერი ის ქმედება, რომლითაც შპს „ჯი----ის“ მიადგებოდა მატერიალური ზიანი, არ განიხილებოდა დაფარულ რისკად და არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

როგორც აღინიშნა, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის რისკები, რომელიც პირდაპირ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა ფინანსური ზარალის დაფარული რისკის შემთხვევას შემდეგი გარემოებების გამო: ხელშეკრულების 1.2.2. ქვეპუნქტი განმარტავს ფინანსური ზარალის ცნების დეფინიციას. ფინანსური ზარალის ცნება მოიცავს განსაზღვრულ, ჩამოთვლილ კომპონენტებს; ფინანსური რისკი რეალიზებულად რომ ჩაითვალოს, უნდა არსებობდეს შემდეგი განსაზღვრული და კონკრეტული პირობები კუმულატიურად: დამზღვევთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დისტრიბუტორს უნდა მიეთვისებინა ის თანხა, რომელიც დამზღვევს უნდა მიეღო მისი კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად და რომლის ოდენობაც წინასწარ წერილობით უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული დისტრიბუტორისთვის საქონლის გადაცემის მომენტში.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას შემდეგ რაც მოხდებოდა დამზღვევის კუთვნილი პროდუქციის რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის ოდენობა წერილობით დაფიქსირებული იქნებოდა დისტრიბუტორისთვის საქონლის გადაცემის მომენტში, ამის შემდეგ მითვისებული თანხა ჩაითვლებოდა კომპანიისათვის მიყენებულ იმ ფინანსურ ზარალად, რაც დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისათვის წარმოადგენდა დაფარულ რისკს და დაექვემდებარებოდა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებას.

 

განსახილველ შემთხვევაში ამგვარ ფაქტობრივ მოცემულობას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, მი----–---------–ისა და მი----–-----------ის ახსნა-განმარტებების (ს.ფ. 37-40) თანახმად, სავაჭრო ქსელში ნავაჭრი თანხები შეიტანეს კომპანიის სასაბანკო ანგარიშზე და ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნდა. ეს გარემობა განსახილველი დავის ფარგლებში სადავო არც ყოფილა.

 

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო აგენტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა მარშრუტების მიხედვით რეგულარული დაფარვის უზრუნველყოფა, ხოლო აგენტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა გეგმისა და მარშრუტის მიხედვით ვიზიტების განხორციელება.

 

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ფინანსური ზარალის დადგომის მიზნისათვის პროდუქტის რეალიზაცია გულისხმობდა გეგმიურ რეალიზაციას, რის შედეგად ამოღებულ თანხა წერილობით უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული დისტრიბუტორისთვის საქონლის გადაცემის მომენტში, რითიც შესაძლებელი იქნებოდა მითვისებული თანხის ოდენობის განსაზღვრა.

 

მი----–---------–ისა და მი----–-----------ის ახსნა-განმარტებების თანახმად, მათთვის განკუთვნილ ობიექტებში პროდუქციის გარკვეული ნაწილის შეტანის, რეალიზებისა და თანხმების ამოღების შემდეგ, ავტომობილის ბორტში დარჩენილი თამბაქოს პროდუქცია არ დააბრუნეს კომპანიაში დადგენილი წესისამებრ, რისი მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მი----–---------–ს ჰყავდა ნაცნობი, რომლისთვის უფრო ძვირად უნდა მიეყიდათ თამბაქო. ამ მიზნით მი----–---------–ზე და მი----–-----------ეზე გაკუთვნილი პროდუქცია, რაც დარჩენილი ჰქონდათ გეგმიურად ობიექტებში რეალიზაციის შემდეგ, ფარულად უნდა მიეწოდებინათ მესამე პირისათვის. განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ რეალიზაცია განხორციელდა არა გეგმისა და მარშრუტის მიხედვით ვიზიტით, არამედ მესამე პირზე თამბაქოს უფრო ძვირად მიყიდვის მიზნით. ამგვარ ვითარებაში, ვიანიდან პროდუქცის რეალიზება განხორციელდა არაგეგმიურად, მესამე პირზე, რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ვერც დაფიქსირდებოდა წერილობით დისტრიბუტორისთვის საქონლის გადაცემის მომენტში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაფარული რისკების რეალიზების საკითხის გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნეს როგორც თავად დაფარული რისკების შემთხვევები, ასევე ის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც გამორიცხავდა დაზღვეული რისკის რეალიზებას და მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებდა.

 

როგორც აღინიშნა, შრომითი ხელშეკრულების სამუშოა აღწერილობის დანართის მიხედვით, სავაჭრო აგენტების ფუნქცია იყო მარშრუტების მიხედვით რეგულარულად დაფარვის უზრუნველყოფა და გეგემის და მარშრუტების მიხედვით ვიზიტების განხორციელება. დანიშნულების ადგილზე პროდუქციის არმიტანა, ისევე როგორც ქურდობა, წარმოადგენდა გამონაკლისს სადაზღევევო რისკებიდან (ხელშეკრულების 3.2. პუნქტი). ამ გამონაკლისების შინაარსის მიხედვითაც იკვეთება ის შემთხვევები, რაც დაზღვეული იყო მზღვეველის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში მი----–---------–მა და მი----–-----------ემ, სავაჭრო აგენტებისათვის განკუთვნილ ობიექტებში პროდუქციის გარკვეული ნაწილის შეტანის შემდეგ, ავტომობილის ბორტში დარჩენილი თამბაქოს პროდუქცია არ დააბრუნეს კომპანიაში დადგენილი წესისამებრ. შესაბამისად, ტვირთი ვერ მივიდა დანიშნაულების ადგილზე, რაც ხელშეკრულების 3.2.2. ქვეპუნქტის მიხედვით, დაფარული რისკებიდან გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება დაზღვევის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დაზღვევის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას — მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა ხელმოწერილი დაზღვევის ხელშეკრულებისა და მისი წერილობითი ფორმის შესახებ.

 

მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე - სს „სა-------------------------–----ის“ მიერ შპს „ჯი----ის“ ტვირთებისა და ფინანსური ზარალის დაზღვევაზე ამ უკანასკნელის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ; მხარეები ასევე შეთანხმდნენ სადაზღვევო პრემიის გადახდის წესზე - პრემიის გადახდა განხორციელდებოდა ოთხჯერადად და დაზღვევის პერიოდზე - 2017 წლის 06 აპრილიდან 2018 წლის 05 აპრილამდე.

 

მხარეები შეთანხმდნენ არსებით პირობებზე, რომლებიც გამოხატავენ და შეესაბამებიან დაზღვევის ხელშეკრულების ბუნებას. აღნიშნულ პირობებზე შეთანხმებისა და მასზე ხელმოწერის შემდეგ, ხელშეკრულება იქცა ნამდვილად და მხარეებს წარმოეშვათ შესაბამისი უფლებები და ისინი შეიბოჭნენ ნაკისრი ვალდებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილით აღიარებული კერძო სამართალში გამოვლენილი თავისუფლების - კერძო ავტონომიის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულებაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება, რაც ნიშნავს, რომ პირს შეუძლია დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება, ასევე თავისუფლად განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. მხარეებმა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, თავისუფლად განსაზღვრეს ხელშეკრულების შინაარსი, სადაზღვევო პოლისზე ხელმოწერით გამოხატეს ნება და დაეთანხმნენ ხელშეკრულების პირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

დაზღვევის ხელშეკრულებით შპს „ჯი----იმ“ დააზღვია ტვირთები (თამბაქო) და ფინანსური ზარალი. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა ხელშეკრულების 1.2.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ზარალის დადგომის შემთხვევაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მი----–---------–ისა და მი----–-----------ის მიერ ჩადენილი ქმდებები, რამაც გამოიწვია შპს „ჯი----ისათვის“ ქონებრივი დანაკლისის განცდა, არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მიზნებისათვის შეთანხმებული ფინანსური ზარალის რისკის რეალიზაციას. გარდა ამისა, ტვირთი (თამბაქო), რაც სავაჭრო აგენტების მიერ უნდა დაბრუნებულიყო კომპანიაში, ვერ მივიდა დანიშნულების ადგილზე, ამგვარი მოცემულობა ხელშეკრულების 3.2.2. ქვეპუნქტის მიხედვით, დაფარული რისკებიდან გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, დაზღვეული რისკებისა და გამონაკლისი შემთხვევების შინაარსის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იმ საგამონაკლისო შემთხვევას, რაც მზღვეველს ხელშეკრულების შესაბამისად ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შინაარსი სადაზღვევო კომპანიას აღჭურავს უფლებით, უარი თქვას შპს „ჯი----ისათვის“ მიყენებული ზიანის - 40 283,30 ლარის ანაზღაურებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 1,50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ჯი----ის“ სარჩელი მოპასუხე სს „სა--------------------------–----ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე შპს „ჯი----ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს კო------------ის მიერ 2018 წლის 10 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 1.50 ლარი (საგადახდო დავალება №-).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე