გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210018002258372
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/1138-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბანკი“

წარმომადგენელი - შპს ,,ტ----ა“, სა-–-------–----–---–-

მოპასუხე - ლ-–- თ-------ი, მ------ ბ-----ე

წარმომადგებელი - ლ------------–---ა, ლ--------–---–--ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო #00------5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9 223.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7 787.03 ლარი, პროცენტი 618.37 ლარი და პირგასამტეხლო 818.05 ლარი.

1.2. მოპასუხეებს ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 2017 წლის 17 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7 787.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 100.58 ლარს.

1.3. მოპასუხეებს ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო #00------0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8955.82 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7699.37 ლარი, პროცენტი 608.73 ლარი და პირგასამტეხლო 647.72 ლარი.

1.4. მოპასუხეებს ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 31 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7699.37 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.62% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 106.63 ლარს.

1.5. მოპასუხეებს ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 31 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7699.37 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 38.49 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და მოპასუხე ლ-–- თ-------ს შორის 2016 წლის 13 აპრილს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა ლიმიტი 10 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და მ------ ბ-----ეს შორის 2016 წლის 13 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------ ბ-----ემ ძირითად მსესხებელ - ლ-–- თ-------თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების მ------ ბ-----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 14 000 ლარით.

 

მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის 01 ივნისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. ასევე მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებდნენ თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლებისთვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

მოპასუხეების მიერ სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია: 3601.09 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2212.97 ლარი, პროცენტი 1350.45 ლარი და ჯარიმა 37.67 ლარი. 2017 წლის 07 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 9223.45 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 7787.03 ლარი, პროცენტი 618.37 ლარი და პირგასამტეხლო 818.05 ლარი.

 

სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და მოპასუხე მ------ ბ-----ეს შორის 2016 წლის 06 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა ლიმიტი 10 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბანკ რ-------–--ას“ და ლ-–- თ-------ს შორის 2016 წლის 06 ივნისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ-–- თ-------მა ძირითად მსესხებელ - მ------ ბ-----ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების - ლ-–- თ-------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 14 000 ლარით.

 

მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის 05 სექტემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. ასევე მოპასუხეებმა ზედიზედ სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებდნენ თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლებისთვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

მოპასუხეების მიერ სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 4205.52 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2300.63 ლარი, პროცენტი 1664.35 ლარი და პირგასამტეხლო 240.54 ლარი. 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 8955.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 7699.37 ლარი, პროცენტი 608.73 ლარი და პირგასამტეხლო 647.72 ლარი.

 

2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად, სს ,,თ----ი ბანკი“ წარმოადგენს სს ,,ბანკი რ-------–--ას“ უფლებამონაცვლეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ლ-–- თ-------მა და მ------ ბ-----ემ სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხების - 7787.03 ლარის და 7699.37 ლარის ნაწილში ცნეს. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შემდგომში, მათ შეექმნათ მატერიალური პრობლემები და მხოლოდ ერთი თვით გადააცილეს კრედიტის თანხის შეტანა. მოპასუხეებმა ამ პერიოდში არაერთხელ მიმართეს მოსარჩელეს და სთხოვეს გაეთვალისწინებინა მათი პრობლემები, ამასთან, ბანკს მიმართეს წერილობით დავალიანების გადავადების თაობაზე, რაზეც მოსარჩელისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და მოპასუხე ლ-–- თ-------ს შორის 2016 წლის 13 აპრილს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა ლიმიტი 10 000 ლარის ოდენობით, 2020 წლის 13 აპრილამდე ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 13.5%-ს დარიცხვით.

ხელშეკრულების 4.8 პუნქტის თანახმად, კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას გრაფიკის დარღვევისას ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით, და დავალიანების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებელ ლ-–- თ-------ს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19-26);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 34-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და მ------ ბ-----ეს შორის 2016 წლის 13 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------ ბ-----ემ ძირითად მსესხებელ - ლ-–- თ-------თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების მ------ ბ-----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 14 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 28);

- 2016 წლის 13 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მსესხებელმა ლ-–- თ-------მა დაარღვია, 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებამ შეადგინა 9 223.45 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 7787.03 ლარი, საპროცენტო სარგებელი 618.37 ლარი და პირგასამტეხლო 818.05 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #7078/103-01 ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და მოპასუხე მ------ ბ-----ეს შორის 2016 წლის 06 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა ლიმიტი 10 000 ლარის ოდენობით, 2020 წლის 06 ივნისამდე ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 16.62%-ს დარიცხვით.

ხელშეკრულების 4.8 პუნქტის თანახმად, კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას გრაფიკის დარღვევისას ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით, და დავალიანების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებელ ლ-–- თ-------ს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების თავსართი (ს.ფ. 91);

- 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 92-100);

- დანართი #1 (ს.ფ. 101);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 108-109);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2016 წლის 06 ივნისს, სს ,,თ----ი ბანკს“ და ლ-–- თ-------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ლ-–- თ-------მა ძირითად მსესხებელ - მ------ ბ-----ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების - ლ-–- თ-------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 14 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 102);

- 2016 წლის 06 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 103-107);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. მსესხებელმა მ------ ბ-----ემ დაარღვია, 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებამ შეადგინა 8 955.82 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 7 699.37 ლარი, საპროცენტო სარგებელი 608.73 ლარი და პირგასამტეხლო 647.72 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #525/103-01 ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 112);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით, განხორციელდა სს ბანკ ,,რ-------–--ას“ რეორგანიზაცია, კერძოდ, სს ,,თ----ი ბანკთან“ შერწყმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 113-114);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელი ლ-–- თ-------ის და მ------ ბ-----ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეებმა ლ-–- თ-------მა და მ------ ბ-----ემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხების 7 787.03 ლარის და 7699.37 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხეებს ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეებზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის პოზიცია საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი პირობების არ არსებობის გამო ვერ იქნება გაზიარებული. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ წლიური 15%-ის და 16.62%-ის საპროცეტო სარგებელზე შეთანხმება საკრედიტო სექტორში არსებული შეთავაზებების გათვალისწინებით არ ცდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 54-ე მუხლის დანაწესს და არ არსებობს მისი ნაწილობრივ ბათილობის (შემცირების) სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაგროვილი საპროცენტო სარგებლის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მაია ფულარიანმა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებლები დაეთანხმნენ იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღეს შეთანხმებული კრედიტის თანხები სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკებით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლებს, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხებათ პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში შეადგენს 7787.03 ლარს, ხოლო 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7699.37 ლარი. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 31 იანვრიდან, ძირ თანხაზე 7699.37 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის მოპასუხეებისთვის დაკისრებას, რაც ყოველდღიურად შეადგენს 38.49 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხეებს ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 818.95 ლარის, ხოლო 2016 წლის 06 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს 647.72 ლარის ოდენობით გადახდა. ხოლო სს ,,თ----ი ბანკის“ მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით, 2018 წლის 31 იანვრიდან, 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 7699.37 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდის თაობაზე, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა, არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნა როგორ მიუღებელი შემოსავლის (იხ. გადაწყვეტილების 6.5 პუნქტი) ისე პირგასამტეხლოს აღსრულებამდე დაკისრება მოპასუხე მხარისათვის არაგონივრულ ტვირთს წარმოადგენს და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. წარმოდგენილ შემთხვევაში კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას სავსებით უზრუნველყოფს მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა და დამატებით პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა, წარმოდგენს მოპასუხე მხარისთვის არაგონივრულ, შეუსაბამო სამართლებრივ ტვირთს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 13 აპრილს, სს ბანკმა ,,რ-------–--ამ“ მ------ ბ-----ესთან დადო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და ლ-–- თ-------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 14 000 ლარი. 2016 წლის 06 ივნისს, სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და ლ-–- თ-------ს შორის ასევე დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სს ბანკ ,,რ-------–--ას“ და მ------ ბ-----ეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 14 000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლების მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 06 ივნისის და 2016 წლის 13 აპრილის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლისა, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის (თითოეულ შემთხვევაში 14 000 ლარი) ფარგლებში.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.

მითითებულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

წამოდგენილ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საბანკო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარემ არ დაფარა არსებული დავალიანება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ არ უნდა აყენებდეს კრედიტორს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. საბანკო დაწესებულება, მისი საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა. მოთხოვნის არსიდან გამომდინარე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 17 ნოემბრიდან, დავალიანების ძირ თანხაზე 7787.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 100.58 ლარს, ხოლო 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 31 იანვრიდან, დავალიანების ძირ თანხაზე 7699.37 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.62% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 106.63 ლარს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, სს ,,თ----ი ბანკის“ აღნიშნული მოთხოვნები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სს,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ უნდა სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 17 ნოემბრიდან 2016 წლის 13 აპრილის N00------5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7787.03 ლარზე წლიური 15.5%-ის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 13 აპრილისა (ხელშეკრულების მოქმედების ვადა), ხოლო 2018 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 06 ივნისის N00------0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7699.37 ლარზე წლიური 16.62%-ის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 06 ივნისისა (ხელშეკრულების მოქმედების ვადა).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეებმა ლ-–- თ-------მა და მ------ ბ-----ემ სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხების ნაწილში ცნეს, მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 473.53 ლარის ნაწილი - 464.59 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხეებს ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 500 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მ------ ბ-----ეს აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილის მდებარე: ქ. თ--–--ი, სოფელი კ-------ი, ს/კ #5----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სს,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 აპრილის N00------5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9223.45 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 7787.03 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 618.37 ლარი და პირგასამტეხლო - 818.05 ლარი.

1.2. ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სს,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 17 ნოემბრიდან 2016 წლის 13 აპრილის N00------5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7787.03 ლარზე წლიური 15.5%-ის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 13 აპრილისა.

1.3. თავდები - მ------ ბ-----ის პასუხისმგებლობა 2016 წლის 13 აპრილის N00------5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების მიმართ შემოიფარგლოს 14 000 ლარით.

 

2.1. ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სს,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 06 ივნისის N00------0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8955.82 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 7699.37 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 608.73 ლარი და პირგასამტეხლო - 647.72 ლარი.

2.2. ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სს,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 06 ივნისის N00------0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7699.37 ლარზე წლიური 16.62%-ის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 06 ივნისისა.

2.3. თავდები - ლ-–- თ-------ის პასუხისმგებლობა 2016 წლის 06 ივნისის N00------0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების მიმართ შემოიფარგლოს 14 000 ლარით.

 

3. არ დაკმაყოფილდეს სს,,თ----ი ბანკის“ მოთხოვნა 2018 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 06 ივნისის N00------0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7699.37 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით 0.5%-ის, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

4. ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სს,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 307.86 ლარის ანაზღაურება.

 

5. ლ-–- თ-------ს და მ------ ბ-----ეს სს,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის- 20 ლარის ანაზღაურება.

 

6. სს ,,თ----ი ბანკს“ დაუბრუნდეს მის მიერ 01/02/2018 წლის №2 საგადახდო დავალებით სს ,,თ----ი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 473.53 ლარის ნაწილი - 464.59 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე