გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210017002220620
(2/999-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.11.2018 წელი ქ.სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - სს „ლი------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–- გვ-----ა
მოპასუხე - ვა---– რუ---
მოპასუხე - და---- ოდ-–-----
მოპასუხე - პა---ა ქი----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ ვა---– რუ----ს, და---- ოდ-–-----სა და პა---ა ქი----სათვის სოლიდარულად 12 429,77 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც 4857,74 ლარი სესხის ძირი თანხაა, 5922,03 ლარი - სარგებელი, 1650.00 ლარი - პირგასამტეხლო. (იხ. განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ. 13.11.2018)
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებს ვა---– რუ----ს, და---- ოდ-–-----სა და პა---ა ქი----ს მხარეთა შორის 2014 წლის 25 მარტს გაფორმებული საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 12 429,77 ლარის ოდენობით. მათ, მიუხედავად მოსარჩელის არაერთსელ მოთხოვნისა, არ უზრუნველყვეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება და დარიცხული დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხეებმა ვა---– რუ----მ, და---- ოდ-–-----მ და პა---ა ქი----მ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან ბანკის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. ასევე მიუთითეს, რომ მსესხებელი კეთილსინდისიერად იხდიდა თანხებს სანამ სტაბილური შემოსავალი გააჩნდა და ითხოვეს სასამართლოს გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ამჟამად ძირითადი მსესხებელი ვა---– რუ---- არის უმუშევარი და არ გააჩნია არანაირი სახსრები ვალდებულების დასაფარად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2012 წლის 06 დეკემბერს ვა---– რუ----სა და სს „ლი------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 0--------------, რომლის საფუძველზე კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 11 970 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური 24%-იანი საპროცენტო განაკვეთით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც განისაზღვრა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 0--------------- ს. ფ. 15, 16-20;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 21-22;
3.2.2. № 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 06 დეკემბერს და---- ოდ-–-----ს, პა---ა ქი----სა და სს „ლი------------ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე და---- ოდ-–-----მ და პა---ა ქი----მ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელ ვა---– რუ----ს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- განცხადება სოლიდარულ თავდებობაზე - ს. ფ. 23; 25;
- ხელშეკრულება სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ - ს. ფ. 24; 26;
3.2.3. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 28-29;
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 27;
- შეტყობინებები დავალიანების დაფარვის თაობაზე - ს. ფ. 30-37;
3.2.4. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს დაერიცხათ დავალიანება 12928,77 ლარის ოდენობით, საიდანაც 5357,74 ლარი სესხის ძირი თანხაა, 5922,03 ლარი - სარგებელი, 1650 ლარი - პირგასამტეხლო,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 27;
3.2.5. 2018 წლის 14 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ლ--–- გვ-----ამ წარმოადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ, რომლითაც ირკვევა რომ მოპასუხეებმა, სარჩელის აღძვრის შემდეგ განახორციელეს მოსარჩელის ანგარიშზე 500 (ხუთასი) ლარის შეტანა, რითაც შემცირებულ იქნა სესხის ძირითადი თანხა და დღეის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 12 429,77 ლარის ოდენობით, საიდანაც 4 857,74 ლარი სესხის ძირი თანხაა, 5 922,03 ლარი - სარგებელი, 1 650 ლარი - პირგასამტეხლო, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა მიიჩნევენ, რომ დარიცხული, პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეადგენს 12 429,77 ლარს, საიდანაც 4 857,74 ლარი სესხის ძირი თანხაა, 5 922,03 ლარი - სარგებელი, 1 650 ლარი - პირგასამტეხლო. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- განხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ. 13.11.2018)
- სასამართლო სხდომის ოქმი 14.11.2018
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 896-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ საფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2012 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ვა---– რუ----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი - 11 970 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიურად 24%-იანი სარგებლის დარიცხვით.
ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ ვა---– რუ----მ კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელემ მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და მოითხოვა კრედიტის სახით გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველო სსკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება წყდება თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშვნაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვა---– რუ----მ მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო კრედიტი, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით გადახდის ვალდებულებით, თუმცა კრედიტის დაფარვა ვერ უზრუნველყო, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ მოპასუხემ გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, არაერთი გაფრთხილებისა თუ თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, არ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაერთხელ დარღვევის ფაქტი მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
6.3. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული ქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 896-ე მუხლის თანახმად კი, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2012 წლის 06 დეკემბერს კრედიტი უზრუნველყოფილი იქნა და---- ოდ-–-----სა და პა---ა ქი----ს სოლიდარული თავდებობით ძირითადი მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული მოცულობის ფარგლებში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის ერთიანად დაბრუნება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის ძირი თანხის - 4 857,74 ლარისა და სარგებლის - 5 922,03 ლარის დაკისრების ნაწილში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 0.5%-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავისუფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არმოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში 165 ლარით უნდა განისაზღვროს, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, 165 ლარის ნაწილში.
6.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის მიხედვით, ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, დაადგინა, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 10.4 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 387,90 ლარი. ამასთან მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ სცნეს სარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის (ჯამში 4 857,44 ლარის) დაკისრების ნაწილში. მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 10 944,47 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის თანხიდან უნდა დაუბრუნდეს 160,73 ლარი, (საიდანაც მოპასუხეების მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული თანხაა - 145,73 ლარი, მოსაჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული თანხა - 15 ლარი). მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 182,62 ლარის ანაზღაურება მოპასუხის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო 44,55 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლი------------ის“ (ს/კ 20-------) სარჩელი მოპასუხეების ვა---– რუ---ს, და---- ოდ-–-----ს და პა---ა ქი---- მიმართ.
1.1. მოპასუხეებს ვა---– რუ---ს (პ/ნ 29---------), და---- ოდ-–-----ს (29---------) და პა---ა ქი----ს (29---------) სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10 944,47 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 4 857,44 ლარი, სარგებელი - 5 922,03 ლარი, პირგასამტეხლო - 165 ლარი.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. მოპასუხეებს ვა---– რუ---ს (პ/ნ 29---------), და---- ოდ-–-----ს (29---------) და პა---ა ქი----ს (29---------) სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 182,62 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. სს „ლი------------ს“ (ს/ნ 20-------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 11 დეკემბერს სს „ლი------------ის“ №5--------- საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟის 387,90 ლარის ნაწილი, 160,73 ლარის ოდენობით, რაც ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდით - 300373150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია