გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
330210018002467513
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15599-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - შპს „კ----------–----------------“

წარმომადგენელი - ლ-–----------–-ძე

 

მოპასუხე - შპს „ბ---------------“

წარმომადგენლები - ნ-----------–---–---–ი, გ----------–--ე,-------–-------------ე, ირ---–-------------–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ბ-------------გს“ შპს „კ----------–----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ავანსის ნაწილის - 148 436.62 ლარის დაბრუნება.

1.2. შპს „ბ-------------გს“ შპს „კ----------–----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით - 64 645.16 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 13 აპრილს შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-სა (დამკვეთი) და შპს „ბ-------------გს“ (შემსრულებელი) შორის დაიდო შეთანხმება ქობულეთის შემოვლით გზაზე საპროექტო ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბ-------------გს“ უნდა განეხორციელებინა გზის ზედაპირის გაწმენდა, საევაკუაციო სამუშაოები და სხვა. ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების დროს არ არსებობდა სამუშაოების დაზუსტებული მოცულობა, შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-მ შპს „ბ-------------გს“ ავანსის სახით ჩაურიცხა - 400 000 ლარი.

 

შპს „ბ-------------გმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ნაწილობრივ და ავანსად ჩარიცხული თანხიდან მოახერხა მხოლოდ - 251 563.38 ლარის ათვისება, ხოლო დანარჩენი - 148 436.62 ლარი დღემდე რჩება მის მფლობელობაში და უარს აცხადებს უკანონოდ მითვისებული თანხის დაბრუნებაზე.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებულ იქნა, თუმცა სამუშაოების ღირებულებამ, რომლის ოდენობაც წინაწარ, ზუსტად არ იყო განსაზღვრული, შეადგინა 251 563.38 ლარი და შესაბამისად მოპასუხეს მოუწია მხოლოდ ამ ოდენობის თანხის გახარჯვა.

 

2015 წლის 08 აპრილს შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ბ---------------ს“ მიმართ ზემოთ აღნიშნული თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, იმ საფუძლით, რომ ფილიალი უფლებამოსილი არ იყო სასამართლოში გამოსულიყო მხარედ. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 14 სექტემბერს მიღებულ იქნა განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების ძალაში დატოვების შესახებ. განჩინება მოსარჩელეს ჩაბარდა 2016 წლის 22 ივლისს.

 

2016 წლის 14 დეკემბერს შპს „კ----------–----------------მ“ განმეორებით მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. თუმცა, ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით, შპს „კ----------–----------------ს“ წარდგენილ საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10 დღის ვადა მის აღმოსაფხვრელად. თუმცა, მოსარჩელის მიერ ვერ მოხერხდა ხარვეზის აღმოფხვრა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 17 მარტს გამოტანილ იქნა განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც მხარეს ჩაბარდა 2017 წლის 04 მაისს.

 

მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ შპს „ბ---------------ს“ მიერ მითვისებული თანხებით, შესაძლებელი იყი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მოგების მიღება, რის გამოც შპს „კ----------–----------------ს“ უფლება აქვს მოითხოვოს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, მითვისებული თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რაც წარმოადგენს მინიმალურ წლიურ საბანკო პროცენტს ანაბარზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე აღნიშნულ თანხას უბრალოდ განათავსებდა ბანკში, იგი შეძლებდა აღნიშნული სარგებლის მიღებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ბ---------------ს“ მიერ სრულად არის შესრულებული მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, თუკი შპს „ბ---------------“ არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, შპს „კ----------–----------------ს“ წარმომადგენლობას შეეძლო მიემართა ბანკისათვის და გამოეთხოვა საბანკო გარანტია, რომელიც მოპასუხის მიერ 2011 წლის 11 მაისს წარდგენილ იქნა სრულ თანხაზე (400 000 და 240 000 ლარი), რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია, იქიდან გამომდინარე რომ შპს „ბ-------------გს“ ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. ამასთან, შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღემატება ავანსად ჩარიცხულ 400 000 ლარს.

 

მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლით დადგენილი ერთ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან საკითხი შეეხება ნარდობის ხელშეკრულებას. კერძოდ, თუკი მოპასუხის მიერ ვალდებულებები არ შესრულდა კრედიტორის მოთხოვნა წარმოიშვა იმ მომენტიდან, როცა მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება და აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა დარღვევის მომენტიდან. ამ მომენტიდან, კი გასულია ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. ამას გარდა, ასევე გასულია სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაც, ვინაიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან - 2012 წლის 12 აპრილიდან, სარჩელის აღძვრის დღემდე გასულია სამი წელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“ წარმოადგენს უცხოური საწარმოს - შპს „კ----------–----------------ს“ (ჩინეთი) ფილიალს.

 

3.1.2. 2011 წლის 13 აპრილს შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-სა და შპს „ბ-------------გს“ შორის გაფორმდა ქვესაიჯარო შეთანხმება ავტოგზის მშენებლობის შესახებ პკ.0+0.00-50+0.00-ზე (ხელშეკრულება №G----------------), რომელიც ითვალისწინებდა ქ. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ტემპის დაჩქარების, სამუშაოს მართვისა და ნორმალური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქობულეთში, შემოვლით გზაზე, პკ.0+0.00-50+0.00-ზე, გზის ზედაპირის გაწმენდას, მიწისა და კლდის ამოყრას და უკან ჩაყრას, ფერდობის მოპირკეთებას და შიგნით მცენარეულის აღდგენას. შეთანხმების თანახმად, სამუშაოების მოცულობის დეტალური მონაცემები და ფასი მოცემული იყო წინამდებარე შეთანხმების №1 დანართში.

 

შეთანხმების 2.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა: 13/04/2011წლიდან 12/04/2012წლამდე. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, კი ქვემოიჯარემ იკისრა ვალდებულება დაეწყო სამუშაოები მოიჯარისაგან ფართისა და ავანსის მიღების მომენტიდან.

 

შეთანხმების 4.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე პროექტის საერთო ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების დანართით (სამუშაოს გაგრძელების თანახმად). BOQ არის წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, კი BOQ მოცულობა არის წინასწარი, საბოლოო მოცულობა უნდა დაითვალოს სამუშაოს დასრულების შემდეგ მოიჯარეს მიერ დადასტურებული სამუშაოს მოცულობით.

 

შეთანხმების 9.1. პუნქტის თანახმად, მოიჯარემ ქვემოიჯარეს უნდა გადაუხადოს ავანსი 400 000 ლარის ოდენობით. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში, მოიჯარემ უკვე გადაუხადა ქვემოიჯარეს ავანსის ნაწილი 15 000 ლარის ოდენობით. მოიჯარე გადაუხდის ქვემოიჯარეს ავანსის მეორე ნაწილს - 35 000 ლარის ოდენობით. ავანსის მესამე ნაწილს - 350 000 ლარის ოდენობით, მოიჯარე გადაუხდის ქვემოიჯარეს მას შემდეგ, რაც ქვემოიჯარე წარუდგენს მას საბანკო გარანტიას ავანსის მთელ ჯამზე.

 

შეთანხმების 9.2. პუნქტის თანახმად, ყოველი თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა, ქვემოიჯარემ უნდა წარუდგინოს მოიჯარეს შესრულებული სამუშაოს შეფასები ოქმი. შემდეგ, ქვემოიჯარე და მოიჯარე ამის საფუძველზე ადგენენ და ხელს აწერენ შესრულებული სამუშაოების გადახდის შუალედურ გადახდის სერთიფიკატს. ხოლო, 9.2. პუნქტის თანახმად, კი შუალედური გადახდის სერთიფიკატი უნდა მოიცავდეს: შესრულებული სამუშაოს რაოდენობას და ღირებულებას; სხვა ხარჯს, რაც მითითებულია სამუშაოს მოცულობის უწყისში.

 

3.1.3. შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-მ შპს „ბ-------------გს“, მათ შორის 2011 წლის 13 აპრილს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების ავანსის სახით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით - 2011 წლის 14 მარტს გადაუხადა 15 000 ლარი; 2011 წლის 14 აპრილს - 35 000 ლარი, ხოლო 2011 წლის 17 მაისს - 350 000 ლარი. ჯამში, ავანსის სახით გადახდილ იქნა - 400 00 ლარი.

 

შეთანხმების 9.6. პუნქტის თანახმად, გადახდილი ავანსი შეადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ს.

 

3.1.4. სს „ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად, გარდა გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტში აღნიშნული თანხებისა, შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს მიერ შპს „ბ---------------ს“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ იქნა შემდეგი თანხები: 2011 წლის 18 ივლისს 47 725 ლარი დანიშნულებით - ტრანსპორტირების ღირებულება; 2011 წლის 13 სექტემბერს 28 495.98 ლარი დანიშნულებით - ა/ფ 2979400 და 2011 წლის 23 სექტემბერს 30 000 ლარი დანიშნულებით - ხრეშის ღირებულება.

 

3.1.5. შპს „ბ-------------გმა“ მასსა და შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს შორის 2011 წლის 13 აპრილს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე, 2011 წლის მაისში შეასრულა 19 698.55 ლარის ღირებულების სამუშაო (საგადასახადო ანგარიშფაქტურა №2------); 2011 წლის ივნისში შეასრულა 9 731.06 ლარის ღირებულების სამუშაო (საგადასახადო ანგარიშფაქტურა №2------) და 2011 წლის ივლისში შეასრულა 222 133.77 ლარის სამუშაო (საგადასახადო ანგარიშფაქტურა №2------). აღნიშნული ღირებულებები დაანგარიშებულია დღგ-ს ჩათვლით.

 

3.1.6. სს „ს----------–--------სა“ (გარანტი) და შპს „ბ-------------გს“ (პრინციპალი) შორის 2011 წლის 11 მაისს გაფორმდა საგარანტიო ხელშეკრულება №A---------- და №P---------, რომლის საფუძველზეც გარანტმა იკისრა ვალდებულება პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარის - შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამ უკანასკნელს გადაუხადოს ჯამურად - 400 000 ლარი და 240 000 ლარი.

 

აღნიშნული გარანტიები შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს მიერ არ იქნა გამოთხოვილი.

 

3.1.7. შპს „ბ---------------ს“ მიერ შესრულებულ იქნა მასსა და შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს შორის 2011 წლის 13 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით (ავტოგზის მშენებლობის შესახებ) გათვალისწინებული სამუშაოები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს „კ----------–----------------ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 128-129-ე, 138-140-ე, 327-ე, 629-ე, 646-ე, 976-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საერთაშორის კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპს. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე კანონის მე-9 მუხლი, კი განსაზღვრავს საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის ცალკეულ შემთხვევებს. კერძოდ, აღნიშნული ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოადგენს შპს „კ----------–----------------“, რომელიც არის ჩინეთში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტი. ხოლო, მოპასუხე მხარეა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი - შპს „ბ---------------“, რომლის იურიდიული მისამართი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი მდებარეობს საქართველოში, ქ. თბილისში (ძმები ზ-----–-–---–--------------). ამასთან, შეთანხმებით, (2013 წლის 11 აპრილის ქვესაიჯარო შეთანხმება), რომელიც გაფორმებულია მხარეთა შორის და რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს დავა სასამართლოში, ვალდებულების შესრულების ადგილია საქართველო, ქ. ქობულეთი. ამავე შეთანხმების თანახმად, კი წინამდებარე კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მხარეები აგებენ პასუხს, რომელიც გათვალისწინებულია კონტრაქტით და საქართველოს კანონმდებლობით.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს უცხოური საწარმო - შპს „კ----------–----------------“, საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია დავა განიხილოს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. ხოლო, ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).

 

''მეწარმეთა შესახებ'' საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

 

ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო უფლებაუნარიანობა გააჩნია თავად მეწარმე სუბიექტს - იურიდიულ პირს და მისი ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, არ შეიძლება მონაწილე მხარედ გამოვიდეს დავაში. საწარმოს ფილიალი წარმოადგენს ძირითადი საწარმოსაგან დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც დამოუკიდებლად ახირციელებს ორგანიზაციულ თუ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა სამართლებრივად დამოკიდებულია ძირითად საწარმოზე.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეა უცხოური საწარმოს ფილიალი შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“, ძირითადი საწარმო შპს „კ----------–----------------“ წარმოადგენს განსახილველ დავაში სათანადო მოსარჩელე მხარეს.

 

6.2. მოსარჩელე თავის ძირითად მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლს. შესაბამისად, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს დადგინდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს თუ არა კონდიქციური ვალდებულებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის, ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. ამასთან, ზემოთ აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ობიექტური შედეგი. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი მიზანია, იმ ნამატის ამოღება, რომელიც ვითომ-კრედიტორმა მიიღო ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

ზემოთ აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 13 აპრილს შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-სა და შპს „ბ-------------გს“ შორის გაფორმდა ქვესაიჯარო შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა გარკვეული სამუშაოების შესრულების ვალდებულება. კერძოდ, ქ. ქობულეთის შემოვლითი გზის ზედაპირის გაწმენდა, მიწისა და კლდის ამოყრა და უკან ჩაყრა, ფერდობის მოპირკეთება და შიგნით მცენარეულის აღდგენა. მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება არის ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე და აღნიშნული მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, უსაფუძვლო გამდიდრების წესების გავრცელება მოცემულ ურთიერთობაზე დაუშვებელია. სამართლებრივ სურათს ვერ ცვლის ის გარემოება, რომ გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

 

ამასთან, ვინაიდან 13.04.2011წ. შეთანხმება ითვალისწინებს მოპასუხე შპს „ბ---------------ს“ მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად ხელშეკრულების სათაურისა „ქვესაიჯარო შეთანხმება“, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებულია ნარდობის ხელშეკრულება, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები. ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, განსახილველი ნორმა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე _ ურთიერთმოვალეები. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითად კი მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 13 აპრილს შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-სა და შპს „ბ-------------გს“ შორის გაფორმდა ქვესაიჯარო შეთანხმება ავტოგზის მშენებლობის შესახებ პკ.0+0.00-50+0.00-ზე (ხელშეკრულება №G----------------), რომელიც ითვალისწინებდა ქ. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ტემპის დაჩქარების, სამუშაოს მართვისა და ნორმალური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქობულეთში, შემოვლით გზაზე პკ.0+0.00-50+0.00-ზე გზის ზედაპირის გაწმენდას, მიწისა და კლდის ამოყრას და უკან ჩაყრას, ფერდობის მოპირკეთებას და შიგნით მცენარეულის აღდგენას. შეთანხმების მოქმედების ვადა განისაზღვრა: 13/04/2011 წლიდან - 12/04/2012 წლამდე. ხელშეკრულებით, წინამდებარე პროექტის საერთო ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით. ამასთან, განისაზღვრა, რომ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება იყო წინასწარი, ხოლო საბოლოო მოცულობა უნდა დათვლილიყო სამუშაოს დასრულების შემდეგ მოიჯარეს მიერ დადასტურებული სამუშაოს მოცულობით. შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს ავანსის სახით გადაურიცხა 400 000 ლარი, რაც შეთანხმების თანახმად, წარმოადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ს.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

მოსარჩელის ძირითად სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ავანსის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 148 436.62 ლარის დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ შპს „ბ---------------ს“ მიერ 13.04.2011წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის გახარჯულ იქნა მხოლოდ - 251 563.38 ლარი, რის გამოც დარჩენილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

6.4. მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის მართებულობის დადგენამდე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განხილულ უნდა იქნეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებობს ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, სარჩელი ხანდაზმულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან გასულია აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთ წლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება – ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულებაში შესრულების ნაკლთან მიმართებით მოქმედებს სპეციალური ხანდაზმულობის ვადები, რომლებსაც უპირატესობა ენიჭებათ სსკ-ის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ ზოგად ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებაში.

 

განსახილველ შეთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის შპს „ბ---------------ს“ მიერ მასსა და შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს შორის 13.04.2011წ. გაფორმებული შეთანხმებით გათვალიწინებული და მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას. მისი თქმით, მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა. თუმცა, სადავოს ხდის შესრულებული სამუშაოსათვის გახარჯული თანხის ოდენობას. ამდენად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა შეეხება მხოლოდ ნაკლიანი შესრულების შემთხვევას, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება აღნიშნული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ჩაითვლება, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება არა სპეციალური, ერთ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, არამედ ზოგადი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, სასარჩელო მოთხოვნა მაინც ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამავე კოდექსის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. ხოლო, 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ 2015 წლის 08 აპრილს შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ბ---------------ს“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ ფილიალი უფლებამოსილი არ იყო სასამართლოში გამოსულიყო მხარედ. განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ზემოთ აღნიშნული განჩინება დარჩა ძალაში. განჩინება მოსარჩელეს ჩაბარდა 2016 წლის 22 ივლისს.

 

2016 წლის 14 დეკემბერს შპს „კ----------–----------------მ“ განმეორებით მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. თუმცა, ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც, ასევე გასაჩივრდა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით, შპს „კ----------–----------------ს“ წარდგენილ საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10 დღის ვადა მის აღმოსაფხვრელად. თუმცა, მოსარჩელის მიერ ვერ მოხერხდა ხარვეზის აღმოფხვრა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 17 მარტს გამოტანილ იქნა განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც მხარეს ჩაბარდა 2017 წლის 04 მაისს. განსახილველი სარჩელი წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 21სექტემბერს.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ თავდაპირველად სარჩელის აღძვრა მოხდა 2015 წლის 08 აპრილს, 13.04.2011წ. ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან (12.04.2012წ.) სამი წლის გასვლამდე. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილ იქნა 2015 წლის 08 აპრილიდან. ამასთან, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან მოსარჩელემ, ორივე შემთხვევაში, სასამართლოს ხელახლა მიმართა სსკ-ის 140-ე მუხლით დადგენილ 6 თვიან ვადაში, რის გამოც ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დღიდან. პირველი სარჩელის წარმოდგენის დროისათვის, კი 13.04.2011წ. ხელშეკრულების ვადის გასვლიდან (12.04.2012წ.) არ იყო გასული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია განსახილველი სარჩელის აღძვრამდე სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები მოსარჩელეს მითითებული ჰქონდა, სარჩელში, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მან აღნიშნულის თაობაზე, მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის დროს განაცხადა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წაერთვა შედავების უფლება.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

6.5. რაც შეეხება, შპს „ბ---------------სათვის“ ავანსის სახით გადარიცხული თანხის ნაწილის - 148 436.62 ლარის დაბრუნების თაობაზე, შპს „კ----------–----------------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლით გავალისწინებულ „შემკვეთის მასალაში“ იგულისხმება შემკვეთის „ფულადი სახსრებიც“, რომლითაც მენარდემ უნდა შეასრულოს შეთანხმებული სამუშაო და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძინოს შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო მასალას.

 

დადგენილია, რომ შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-მ შპს „ბ-------------გს“ მათ შორის 13.04.2011წ. გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე, სამუშაოების შესრულებისათვის, ავანსის სახით გადაურიცხა 400 000 ლარი. მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას. იგი სადავოდ ხდის მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამის ღირებულებას. კერძოდ, მისი განმარტებით, შპს „ბ---------------ს“ მიერ ჯამში შესრულებულ იქნა 251 563.38 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, ვინაიდან შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს მიერ მისთვის ავანსის სახით გადარიცხულ იქნა 400 000 ლარი, გაუხარჯავი 148 436.62 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას.

 

მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს სს „თიბისი ბანკის“ 2011 წლის 14 მარტის, 14 აპრილისა და 17 მაისის საგადასახადო დავალებები, საიდანაც დგინდება, რომ აღნიშნულ თარიღებში მოსარჩელემ შპს „ბ-------------გს“ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა თანმიმდევრობით - 15 000 ლარი, 35 000 ლარი და 350 000 ლარი, ჯამში 400 000 ლარი. აღნიშნული გარემოება სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხის მიერ. ასევე, წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები. კერძოდ, სარჩელზე დართული №2------ საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ-------------გმა“ 2011 წლის მაისსში შეასრულა - 19 698.55 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების სამუშაო; №2------ საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, 2011 წლის ივნისში შეასრულა - 9 731.06 ლარის ღირებულების სამუშაო (დღგ-ს ჩათვლით) და №2------ საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, 2011 წლის ივლისში შეასრულა - 222 133. 77 ლარის ღირებულების სამუშაო (დღგ-ს ჩათვლით). სწორედ აღნიშნულ ანგარიშფაქტურებზე დაყრდნობით მიუთითებს მოსარჩელე, რომ შპს „ბ---------------ს“ მიერ ჯამში შესრულებულ იქნა არა 400 000 ან/და მეტი ღირებულების, არამედ 251 563.38 ლარის ღირებულების სამუშაო და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ანგარიშფაქტურებში არ არის მითითებული შეთანხმებით გათვალისწინებული რა სახის და რა მოცულობის სამუშაო იქნა შესრულებული. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით ავანსის თანხა გათვალისწინებული იყო სამუშაოების დაწყებისა და ტექნიკის მობილიზაციისათვის.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ მის მიერ სრულად იქნა ათვისებული მოსარჩელის მიერ ავანსის სახით გადარიცხული 400 000 ლარი. უფრო მეტიც, მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება აღემატებოდა 400 000 ლარს. აღნიშნულის დასტურად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა სს „ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, გარდა ავანსის თანხისა შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს მიერ შპს „ბ---------------ს“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ იქნა შემდეგი თანხები: 2011 წლის 18 ივლისს 47 725 ლარი დანიშნულებით - ტრანსპორტირების ღირებულება; 2011 წლის 13 სექტემბერს 28 495.98 ლარი დანიშნულებით - ა/ფ 2979400 და 2011 წლის 23 სექტემბერს 30 000 ლარი დანიშნულებით - ხრეშის ღირებულება.

 

ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს მიერ ზემოთ მითითებული თანხები ჩარიცხულ იქნა არა 13.04.2011წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, არამედ, იქიდან გამომდინარე, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მაშტაბური პროექტი იყო, თანხები გადარიცხულ იქნა სხვა, შეთანხმებისაგან დამოუკიდებელი სამუშაოების შესასრულებლად.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მოქმედების ვადა იყო 2012 წლის 12 აპრილი. ზემოთ აღნიშნული თანხები შპს „ბ---------------სათვის“ გადარიცხულ იქნა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე - 2011 წლის 18 ივლისს, 11 სექტემბერს და 13 სექტემბერს, ავანსის სახით 400 000 ლარის გადარიცხვის შემდეგ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესასრულებელი სამუშაოები ღირებულება მიახლოებით იქნა განსაზღვრული, ავანსის სახით გადარიცხული თანხა, შეთანხმების თანახმად, წარმოადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

მტკიცებულებითი სამართლის მნიშვნელოვანი კომპონენტია მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება დადგენილი ზოგადი პრინციპის შესაბამისად. თუმცა, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის ან მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტური თუ სუბიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, სამართალი განსაზღვრავს მტკიცების ზოგადი პრინციპისგან განსხვავებულ რეჟიმს.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა და განმარტებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დასტურდება შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს მიერ, ავანსის გარდა, შპს „ბ---------------სათვის“, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სოლიდური თანხების გადარიცხვის ფაქტი, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნული თანხების გადარიცხვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით მისი პოზიციის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლო გონივრულად ვარაუდობს, რომ ზემოთ მითითებული თანხები - 2011 წლის 18 ივლისს 47 725 ლარი; 2011 წლის 13 სექტემბერს 28 495.98 ლარი და 2011 წლის 23 სექტემბერს 30 000 ლარი, შპს „კ----------–----------------ს ფილიალი საქართველოში“-ს მიერ შპს „ბ---------------სათვის“ გადარიცხულ იქნა სწორედ მათ შორის 13.04.2011წ. გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად. ხოლო, ვინაიდან აღნიშნული თანხები გადარიცხულ იქნა ავანსად გადარიცხული 400 000 ლარის შემდგომ, სასამართლო ასევე გონივრულად ვარაუდობს, რომ დამატებითი თანხების გადარიცხვა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხის მიერ მანამდე სრულად იქნა გახარჯული სამუშაოების შესასრულებლად ავანსად გადახდილი თანხა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შეთანხმებით ავანსის თანხა - 400 000 ლარი, წარმოადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ს. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა შესასრულებელი სამუშაოების არა ზუსტი, არამედ მიახლოებითი ღირებულება, გონივრულობას მოკლებულია, რომ მთლიანი სამუშაოების ღირებულება საბოლოო ჯამში ყოფილიყო ავანსის თანხაზე ნაკლები.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან 13.04.2011წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან (12.04.2012წ.) გასული იყო სახელშეკრულებო მოთხოვნების სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ისინი გონივრულად ვარაუდობდნენ, რომ აღარ ესაჭიროებოდათ აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისა და მისი მოცულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც აღარ მომხდარა მათი შენახვა, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

 

ამდენად, ხანდაზმულობის არსიდან გამომდინარე, მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული მოლოდინი იმისა, თუ რა პერიოდშია შესაძლებელი მის მიმართ, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ინიცირებულ იქნეს სარჩელი. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობებში ქმნის სტაბილურობის განცდას და ასეთი ურთიერთობის რეგულირებისათვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-139-ე და 140-ე მუხლების შესაბამისად, კრედიტორის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენის გზით, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, შეწყვეტილ იქნა 2015 წლის 08 აპრილიდან (იხ. 6.4. პუნქტი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული პროცესი, წარმოადგენს ცალმხრივ პროცესს და კრედიტორის მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანისა, თუ მასზე უარის თქმის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს არ ეცნობება. შესაბამისად, იმ დროს როცა მოვალე გონივრულად ვარაუდობს, რომ გასულია კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ეს დროს შესაძლოა საერთოდაც არ იყოს გასული, კრედიტორის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენის გზით.

 

ზოგადად, ხანდაზმულობის ვადების დადგენა გამართლებულია სამართალში არსებული უფლებრივი წესრიგით. კერძოდ, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად და იმავდროულად, სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მითითებული ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც განმარტავს შემდეგს - „ ... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ. 51, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ).

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და გონივრულად უშვებს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის 13.04.2011წ. ხელშეკრულების ვადის გასვლიდან, განსახილველი სარჩელის წარმოდგენამდე გასულია თითქმის 6 წელი, შესაძლოა მოპასუხეს სამართლიანად შექმნოდა განცდა იმისა, რომ გავიდა კრედიტორის მოთხოვნის განხორციელების ვადა, რის გამოც აღარ ესაჭიროებოდა აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების შენახვა.

 

შესაბამისად, სასამართლო ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და განმარტებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე შპს „ბ---------------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება იყო მხოლოდ 251 563.38 ლარი და მის მიერ სამუშაოების შესასრულებლად სრულად არ იქნა გახარჯული ავანსად გადახდილი - 400 000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ავანსის ნაწილის - 148 436.62 ლარის დაბრუნების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 64 645.16 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 13.04.2011წ. შეთანხმებიდან გამომდინარე გადახდილი ავანსის ნაწილის უკან დაბრუნების თაობაზე, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს იმსჯელოს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის მეორადი მოთხოვნის მართებულობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „კ----------–----------------ს“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „კ----------–----------------ს“ სარჩელი შპს „ბ---------------ს“ მიმართ თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/15599-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - შპს „კ----------–----------------“

წარმომადგენელი - ლ-–----------–-ძე

 

მოპასუხე - შპს „ბ---------------“

წარმომადგენლები - ნ-----------–---–---–ი, გ----------–--ე,-------–-------------ე, ირ---–-------------–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „კ----------–----------------ს“ სარჩელი შპს „ბ---------------ს“ მიმართ თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი