გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2018
საქმის ნომერი
190210017002114078
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2231-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.11.2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ი----- ც----ე

(მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი ბელა ბერაძე

მოპასუხე დ---- ლ-------ო

(მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენლები ზალინა გაგოევა, გიორგი ქურდაძე

დავის საგანი პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

შეგებებულ სარჩელში ბინის პრივატიზაციის უფლებადაკარგულად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

ი----- ც----ის სასარჩელო მოთხოვნა

1.1. 1993 წლის 8 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება ცვლილებების შეტანის გზით რუსთავში, ბა-–-------------------------ის ¾ წილის მესაკუთრედ ი----- ც----ის აღიარება.

(იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 147-151. ტომი 1)

 

დ---- ლ-------ოს შეგებებული სარჩელის მოთხოვნები

 

1.2. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე რუსთავში, ბა-–-------------------------ის ½ წილის მესაკუთრედ დ---- ლ-------ოს ცნობა;

1.3. რუსთავში, ბა-–-------------------------ზე ი----- ც----ის პრივატიზაციის უფლებადაკარგულად ცნობა;

( შეგებებული სარჩელი ს.ფ. 172-180. ტომი 1)

 

ი----- ც----ის სარჩელის საფუძვლები:

 

რუსთავში, ბა-–-------------------------ზე 1967 წლის 1 ნოემბერს გაიცა ბინის ორდერი. ბინა გადაეცათ ლიდა ლ-------ოს და მის შვილს ი----- ც----ეს (ორდერის გაცემის დროს მის გვარი იყო ლ-------ო). ბინის პრივატიზაცია ლიდა ლ-------ომ განახორციელდა 1993 წლის 8 მარტს, რაზეც თანხმობა განაცხადა ი----- ც----ემ. მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს სადაო ბინაში. ლიდა ლ-------ო გარდაიცვალა 1998 წელს. მოპასუხე არის ი----- ც----ის შვილი. მან წარუდგინა ლიდა ლ-------ოს ანდერძი და მოითხოვა ბინის დაცლა. მხარეებს ლიდა ლ-------ოს სამკვიდროზე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობები და საჯარო რეესტრში ბინა მათ თანასაკუთრებაში აღირიცხა თანაბარწილად. თუმცა, ბინა სრულად ლიდა ლ-------ოს სამკვიდრო ქონება არ არის, რადგან პრივატიზაციის დროს წილი ეკუთვნოდა მოსარჩელეს და ქონების 1/2 ნაწილი არის მისი საკუთრება.

 

დ---- ლ-------ოს სარჩელის საფუძვლები:

 

სადაო ბინაზე 1967 წელს გაიცა ბინის ორდერი ლიდა ლ-------ოზე. ბინის პრივატიზაციის დროს იყო არასრულწლოვანი, თუმცა ყოველთვის ცხოვრობდა ბებიასთან. მისი დედა ი----- ც----ე პრივატიზაციის დროს სადაო ბინაში არ ცხოვრობდა, იგი ცხოვრობდა რუსთავში, სხვა მისამართზე მე-12 მიკრორაიონში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ი----- ც----ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ჩაწერილია ბინის ორდერში და აქედან გამომდინარე მოპოვებული აქვს ბინის პრივატიზაციის უფლება. დ---- ლ-------ო ორდერის გაცემის დროს დაბადებული არ იყო, ხოლო სადაო ბინაში მხოლოდ პერიოდულად ცხოვრობდა, როცა საქართველოში ჩამოდიოდა, ძირითადად კი ცხოვრობდა უცხოეთში. ამასთან, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან გასულია საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. რუსთავში, ბ--–--------------–-------------- ბინაზე 1967 წლის 1 ნოემბერს გაიცა ბინის ორდერი ლიდა ლ-------ოზე. ოჯახის წევრად მითითებულია შვილი ი----- ც----ეზე. ბინა ლიდა ლ-------ოს მიერ პრივატიზებულია 1993 წლის 4 მარტს.

 

რუსთავის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო-სამმართველოს კომუნალური განყოფილების მიერ 1967 წლის 1 ნოემბერს გაცემულია ბინის ორდერი N4878 ლიდია პროკოფის ასულ ლ-------ოზე. ბინის მისამართია ბალანჩივაძის ქ. სახლი N3, ბინა N6. ოჯახის წევრად მითითებულია ი.ნ ც----ე - მოსარჩელე ი----- ც----ე, რომელიც არის ლიდა ლ-------ოს შვილი.

 

ბინის ორდერის გაცემის დროს ი----- ც----ე იყო არასრულწლოვანი - იგი დაბადებულია 1961 წლის 23 ნოემბერს.

 

მითითებულ მისამართზე მდებარე ბინა 1993 წლის 4 მარტს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე პრივატიზებულია ლიდა ლ-------ოს მიერ და საკუთრების უფლება აღრიცხულია ლიდა ლ-------ოს სახელზე. პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროს ნოტარიუსში წარდგენილია საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობა, სადაც ლიდა ლ-------ოს კმაყოფაზე მყოფი პირები მითითებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბინის ორდერის ასლი (ს.ფ. 23. ტომი 1)

- პირადობის და დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 13, 21. ტომი 1)

- საპრივატიზაციო მასალების ასლები (ს.ფ. 65-73. ტომი 1)

 

3.2.2. ლიდა ლ-------ოს სამკვიდრო გაიხსნა 1998 წლის 20 დეკემბერს. მან სამკვიდრო ქონება უანდერძა ი----- ც----ეს. ლიდა ლ-------ოს სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვთ ი----- ც----ეს და დ---- ლ-------ოს თანაბაწრილად. სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე სადაო ბინა რეგისტრირებულია ი----- ც----ის და დ---- ლ-------ოს თანასაკუთრებად თანაბარწილად.

 

2016 წლის 4 ნოემბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ლიდა ლ-------ო გარდაიცვალა 1998 წლის 20 დეკემბერს. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 1999 წლის 5 იანვარი აქტის ჩანაწერის N08.

 

1993 წელის 10 ივნისის სანოტარო წესი დამოწმებული ანდერძით ლიდა ლ-------ომ მთელი ქონება უანდერძა შვილიშვილს დ---- ლ-------ოს (ანდერძში მითითებულია დ---- ვლადიმერის ასული ც----ე).

 

2017 წლის 11 აპრილს ნოტარიუს სოფიო ხიალოვას მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა ი----- ც----ის მიმართ მამკვიდრებლის ლიდა ლ-------ოს სამკვიდროდან მემკვიდრის კუთვნილ სავალდებულო წილზე - სამკვიდროს ½ წილზე.

 

2017 წლის 11 მაისს ნოტარიუს სოფიო ხიალოვას მიერ გაცემულია ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა დ---- ლ-------ოს მიმართ მამკვიდრებლის ლიდა ლ-------ოს სამკვიდროს 1/2 წილზე.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, სადაო ბინაზე სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე რეგისტრირებულია მხარეთა თანასაკუთრების უფლება თითოეულისა 1/2 წილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 17. ტომი 1)

- სამკვიდრო მოწმობების ასლები (ს.ფ. 39-41. 71-72. ტომი 2)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 44. ტომი 1)

 

3.2.2. ი----- ც----ე და დ---- ლ-------ო პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროს არ ცხოვრობდნენ სადაო ბინაში.

 

ბინის ორდერის თანახმად, იგი გაცემულია ლიდა ლ-------ოს სახელზე, ხოლო ოჯახის წევრად მითითებულია მისი შვილი მოსარჩელე ი----- ც----ე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა წარმოშობილია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის 107-ე დადგენილების სამართლებრივი საფუძვლიდან. აღნიშნული დადგენილების მიზანს კი წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა. მაშასადამე, 107-ე დადგენილების საფუძველზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ პრივატიზების დროისათვის იგი წარმოადგენდა ბინის დამქირავებელს, მოსარგებლეს, რომელიც ცხოვრობდა და სარგებლობდა ბინით, რომ გამარტივებული წესით მოპოვებული ჰქონდა ბინაზე საკუთრების უფლება.

 

1993 წელს სადაო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროს საცხოვრებელ ბინაზე სარგებლობის საკითხებს აწესრიგებდა საქართველოს საბინაო კოდექსი, რომლის 57-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია.

 

საბინაო კოდექსის 60-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით საცხოვრებელი სადგომის ორდერის საფუძველზე გამქირავებელს - საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციასა და დამქირავებელს - მოქალაქეს შორის, რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი.

 

საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა, ოჯახის სრულწლოვან წევრებს დამქირავებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული ქონებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის. დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები, დამქირავებლის ოჯახის წევრებად შეიძლება ცნობილი იქნენ აგრეთვე ხვა ნათესავები და შრომისუუნარო კმაყოფაზე მყოფნი, თუ ისინი მუდმივად ცხოვრობენ დამქირავებელთან და ეწევიან საერთო მეურნეობას მასთან ერთად. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მოქალაქენი აღარ არიან დამქირავებლის ოჯახის წევრები, მაგრამ განაგრძობენ იმავე სადგომში ცხოვრებას, მათ აქვთ ისეთივე უფლება-მოვალეობები, როგორც დამქირავებელსა და მისი ოჯახის წევრებს.

 

სადაო ბინის დამქირავებელი იყო ლიდა ლ-------ო, ბინის ორდერი მასზე გაიცა, ხოლო საბინაო კოდექსის ამ ნორმების საფუძველზე მის ოჯახის წევრებად ითვლებიან ბინის დამქირავებელთან მუდმივად მცხოვრები მეუღლე, შვილები და მშობლები, ასევე სხვა ნათესავები.

 

საბინაო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს უფლება აქვს დადგენილი წესით მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების თანხმობით ჩაისახლოს თავისი მეუღლე, შვილები, მშობლები, სხვა ნათესავები და შრომისუუნარო კმაყოფაზე მყოფნი საცხოვრებელ სადგომში, რომელიც მას უკავია. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის მშობლებთან მის არასრულწლოვანი შვილების ჩასახლებაზე. ამ მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელ სადგომში ჩასახლებული პირნი იძენენ ოჯახის ყველა დანარჩენი წევრის თანაბრად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას, თუ ჩასახლებისას არ ყოფილა სხვა შეთანხმება დამქირავებელთან და მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებთან.

 

სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მოსარჩელე ი----- ც----ემ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიიღო 2002 წლის 19 სექტემბერს, ხოლო რეგისტრაციის ადგილია რუსთავი, ბალანჩივაძის N3, ბინა 6. საინფორმაციო ცნობაში მითითებულია, რომ წინა რეგისტრაციის ადგილია ქ. რუსთავი, მ------------------------------ ამ მისამართზე რეგისტრაციის თარიღია 1985 წლის 3 აპრილი. საინფორმაციო ბარათის მიხედვით, 2002 წლის შემდეგ ი----- ც----ემ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიიღო 2004 წლის 3 თებერვალს, 2006 წლის 17 ნოემბერს, 2009 წლის 7 აპრილს. 2012 წლის 7 ნოემბერს, 2017 წლის 26 სექტემბერს. მისი რეგისტრაციის ადგილია რუსთავი, მ--–----------–----------------------.

 

ამდენად, 1985 წლის 3 აპრილიდან 2002 წლის 19 სექტემბრამდე ი----- ც----ე რეგისტრირებული იყო მისამართზე რუსთავი, 1----------------------------.

 

სადაო ბინის ორდერის გაცემის დროს ი----- ც----ე იყო 6 წლის არასრულწლოვანი (დაბადებულია 1961 წლის 23 ნოემბერს). ამდენად, იგი, როგორც არასრულწლოვანი, დედის ოჯახის წევრი იყო და მისი საცხოვრებელი ადგილი მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრებოდა. (1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 15 წლის ასაკამდე არასრულწლოვანის და აგრეთვე მეურვეობაში მყოფი მოქალაქის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მათი მშობლების, მშვილებელთა ან მეურვეთა საცხოვრებელი ადგილი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში არსებული გარემოებაა იმ ფაქტის დადასტურება, რომ პრივატიზაციის დროს იგი ცხოვრობდა სადაო ბინაში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

პრივატიზიციის დროს ნოტარიუსში წარდგენილია ცნობა საბინაო პირობების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ სადაო ბინაში ლიდა ლ-------ოს კმაყოფაზე მყოფი პირები არ ცხოვრობენ. ამასთან. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბინის პრივატიზაციის დროისათვის მოსარჩელე სადაო ბინის მისამართზე რეგისტრირებული არ იყო, იგი იმ დრო მოქმედი საბინაო კოდექსით დადგენილი წესით ჩაწერილი იყო სხვა მისამართზე. ამ გარემოებების გასაქარწყლებლად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა სადაო ბინაში დედასთან ერთდ. შესაბამისად მან ვერ დაადასტურა, რომ 1993 წელს რეალურად ცხოვრობდა სადაო ბინაში და არ უცხოვრია იმ მისამართზე, სადაც იმ დროისათვის იყო ჩაწერილი.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი----- ც----ე არ ცხოვრობდა და არ სარგებლობდა სადავო ქონებით.

 

სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დ---- ლ-------ოს (გვარის შეცვლამდე ც----ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიღებული აქვს 2000 წლის 19 მაისს. დ---- ლ-------ოს რეგისტრაციის მისამართი მას შემდეგ არ შეცვლილა და იგი უწყვეტად რეგისტრირებულია სადაო ბინის მისამართზე.

 

ბინის პრივატიზაციის დროს დ---- ლ-------ო იყო არასრულწლოვანი (დაბადებულია 1982 წლის 26 მაისს).

 

მოპასუხის განმარტებით, იგი დაბადებიდან ცხოვრობს სადაო ბინაში, რის დასადასტურებლად წარმოადგინა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენლის ზვიად გავაშელის მიერ 2018 წლსი 1 ივნისს გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მისამართზე რუსთავი, ბ--–-----------------------–ი დ---- ლ-------ო ცხოვრობს 1982 წლიდან 2016 წლამდე, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ მეზობლები. ცნობა გაცემულია მეზობლების რაისა ბიარამოვას, ივეტა შანშიაშვილის და ჟუჟუნა მკრტიჩიანის გამოკითხვის საფუძველზე.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ამ ცნობაში მითითებულია, რომ დ---- ლ-------ო სადაო ბინაში ცხოვრობს 1982 წლიდან 2016 წლამდე, შესაბამისად, ცნობის მიხედვით დ---- ლ-------ო ბებიასთან ცხოვრობს დაბადებიდან, რადგან ცნობაში მითითებულია, რომ ცხოვრობს 1982 წლიდან, ხოლო მოპასუხე დაბადებულია 1982 წლის 26 მაისს. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 15 წლის ასაკამდე არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მათი მშობლების საცხოვრებელი ადგილი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბინის პრივატიზაციის დროს ი----- ც----ე სადაო ბინაში აღარ ცხოვრობდა. იგი 1985 წლიდან ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა სხვა მისამართზე. იმის გამო, რომ პრივატიზაციის დროს დ---- ლ-------ო იყო არასრულწლოვანი, კანონის თანახმად მისი საცხოვრებელი ადგილი მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრებოდა. წარმოდგენილი აქტით უტყუარად არ დასტურდება, რომ დ---- ლ-------ო დაბადებიდან ბებიასთან ცხოვრობდა და არ ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები და გარემოებები წინააღმდეგობრივია, რადგან ერთის მხრივ მოსარჩელე მოითხოვს დედის ი----- ც----ის ბინის პრივატიზაციის უფლებადაკარგულაც ცნობას და ამავე დროს მოითხოვს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას და წილის განსაზღვრას იმ საფუძვლით, რომ დავადებიდან სადაო ბინაშ ცხოვრობს. ამდენად, დ---- ლ-------ოს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მისი დედა პრივატიზაციის დროს ბინაში არ ცხოვრობდა, ხოლო თავად იგი 10 წლის ასაკში სადაო ბინაში ცხოვრობდა ბებიასთან დაბადებიდან, მშობლებისგან მოშორებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ---- ლ-------ო იზრდებოდა მშობლების და ოჯახის წევრებისგან მოშორებით და პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბებიასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინის ორდერის ასლი (ს.ფ. 27-30. ტომი 1)

- შეგებებული სარჩელი (ს.ფ. 172-146. ტომი 1)

– რუსთავის მერიის ცნობა (ს.ფ. 188-189, ტომი 1)

– სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობები ( ს.ფ. 15-18, 28-32, 43-47)

– საბინაო პირობების შემოწმების ცნობა (ს.ფ. 69. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ი----- ც----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ბინის პრივატიზაციის დროს იგი სადაო ბინაში არ ცხოვრობდა. უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა პრივატიზაციის უფლებადკარგულად ცნობის შესახებ, ხოლო არ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1336-ე, 1344-ე, 1371-ე, 1335-ე მუხლები

- სამოქალაქო სამართლის კოდექსის 290-ე მუხლები;

საბინაო კოდექსის 57-ე, 60-ე, 62-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

სარჩელით და შეგებებული სარჩელით მხარეები მოითხოვენ სადაო საცხოვრებელ ბინაზე მათი თანასაკუთრების უფლების აღიარებას იმ საფუძვლით, რომ ბინის პრივატიზაციის დროს იყვნენ მართლზომიერი მოსარგებლეები და გააჩნდათ პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება.

 

ორივე მხარის მოთხოვნის საფუძველია საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილება.

 

ვინაიდან ი----- ც----ე შეგებებული სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს ხანდაზმულობაზე, სასამართლო ამ საკითზე განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. გარდა იმისა, რომ დავა შეეხება ბინის პრივატიზაციის გარემოებებს, ორივე მხარის მოთხოვნა ასევე გულისხმობს ლიდა ლ-------ოს სამკვიდროდან ქონების გამოთხოვას, რადგან ორივე მხარის მოთხოვნაა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების გზით იმ ქონებაზე თანასაკუთრების წილის დადგენა, რომელიც მამკვიდრებელმა უანდერძა მოპასუხე დ---- ლ-------ოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და მისი გადაცემა სათანადო პირისათვის. ამ ნორმის მიხედვით, პირს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს უფლებები მის კუთვნილ იმ ქონებაზე, რომელიც არასწორად შევიდა სხვა პირის სამკვიდროში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების განსახორციელებლად ხანდაზმულობის ვადა, თუმცა კანონით დადგენილი არ არის ხანდაზმულობის ვადა ისეთი უფლების განხორციელებაზე, როცა საკუთრების უფლება წარმოშობილია კანონის საფუძველზე (მაგ. სამკვიდროს მიღების გზით, პრივატიზაციის გზით). პრივატიზაციის გზით ქონებაზე საკუთების უფლება წარმოიშობა კანონის საფუძველზე, რომლის განსახორციელებლად კანონმდებლობა ვადას არ აწესებს. სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ძირითადად შეეხება შეფარდებით, მხარეთა შეთანხმებით, გარიგების საფუძველზე წარმოშობილ უფლებებს, ხოლო კანონით მინიჭებული საკუთრების უფლების განხორციელების უფლება ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის.

 

“საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.

 

დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

 

აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულია პრივატიზაციის გზით ბინის საკუთრებაში გადაცემა ბინის დამქირავებლის და მისი ოჯახის წევრებისათვის.

 

სადაო ბინა პრივატიზებულია 1993 წელს, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე (1997 წლის 25 ნოემბერი), რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავის გადასაწყვეტად სასამართლო გამოიყენებს „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსს“, ასევე „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსს“ (ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად). „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ 290-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა ხორციელდება საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც იდება გამქირავებელს _ საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა და დამქირავებელს _ მოქალაქეს შორის, რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი. ანალოგიურ დანაწესს შეიცავდა სსრ-ის საბინაო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი აბზაცი, თუმცა სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ქირავნობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაუცველობისას ამ ხელშეკრულების ბათილობას არ ითვალისწინებდა, რადგანაც, მიუხედავად ხელშეკრულების ფორმისა, შესახლების მომენტიდან უკვე წარმოიშობოდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ბინის ორდერი საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია.

 

107-ე დადგენილების მიხედვით, საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის უფლება მიენიჭათ ბინის დამქირავებლებს ან დამქირავებლის ოჯახის წევრებს. 1993 წელს ბინის დამქირავებლის და ოჯახის წევრის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს საბინაო კოდექსით იყო რეგლამენტირებული, რომლის 62-ე მუხლის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები, დამქირავებლის ოჯახის წევრებად შეიძლება ცნობილი იქნენ აგრეთვე სხვა ნათესავები და შრომისუუნარო კმაყოფაზე მყოფნი, თუ ისინი მუდმივად ცხოვრობენ დამქირავებელთან და ეწევიან საერთო მეურნეობას მასთან ერთად. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მოქალაქენი აღარ არიან დამქირავებლის ოჯახის წევრები, მაგრამ განაგრძობენ იმავე სადგომში ცხოვრებას, მათ აქვთ ისეთივე უფლება-მოვალეობები, როგორც დამქირავებელსა და მისი ოჯახის წევრებს.

 

ამავე ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ორდერში პიროვნების რეგისტრაცია ან სადაო მისამართზე ჩაწერა არ ადასტურებს, რომ პირი ბინის მოსარგებლეა. პრივატიზაციის უფლების მოპოვება დამოუკიდებულია იმაზე, პრივატიზაციის დროს ფაქტობრივად სარგებლობდა თუ არა დაინტერესებული პირი ამ ბინით, იყო თუ არა საბინაო კოდექსის საფუძველზე დამქირავებლის ოჯახის წევრი. საბინაო კოდექსის მიხედვით, დამქირავებლის ოჯახის წევრად მიიჩნეოდა მასთან მუდმივად მცხოვრები მეუღლე, შვილი, მშობელი ან სხვა ნათესავი. სადაო ბინის დამქირავებელი იყო ლიდა ლ-------ო, ბინის ორდერი მასზე გაიცა, ხოლო საბინაო კოდექსის ამ ნორმების საფუძველზე მის ოჯახის წევრებად ითვლებიან ბინის დამქირავებელთან მუდმივად მცხოვრები მეუღლე, შვილები და მშობლები, ასევე სხვა ნათესავები.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილებით განსაზღვრული პრივატიზაციის უფლების რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი“, რომლის მიხედვით საცხოვრებელი ბინის ქირავნობის ურთიერთობის ნამდვილობისათვის განმსაზღვრელი იყო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი‚ რომელიც წარმოიშობოდა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე ან დამქირავებელთან მცხოვრები ოჯახის წევრობის სტატუსით და ამ უკანასკნელებს გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც სარგებლობს დამქირავებელი.

 

ბინის პრივატიზაციის დროს ბინის მოსარგებლეები არ იყვნენ ი----- ც----ე და დ---- ლ-------ო. ი----- ც----ე 1985 წლის შემდეგ რეგისტრირებული იყო ქალაქ რუსთავში, სხვა მისამართზე. დ---- ლ-------ო არის მოსარჩელის შვილი, რომელიც ბინის პრივატიზაციის დროს 1993 წელს იყო 11 წლის არასრულწლოვანი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ---- ლ-------ო დაბადებიდან ცხოვრობდა და იზრდებოდა ბებიასთან ლიდა ლ-------ოსთან და იგი არ ცხოვრობდა დედის ოჯახში.

 

საბინაო კოდექსის და 107-ე დადგენილებიდან გამომდინარე, პრივატიზაციის უფლების მოპოვება დამოკიდებული იყო იმაზე, დაინტერესებული პირი რეალურად სარგებლობდა თუ არ საპრივატიზებო ბინით. მხოლოდ ბინის მისამართზე ჩაწერა პრივატიზაციის უფლებას არ წარმოშობდა, დამქირავებლის ოჯახის წევრის სტატუსი ჰქონდა იმ პირს, ვინც ბინაში მუდმივად ცხოვრობდა.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საკასაციო სასამართლოს განმარტებებს პრივატიზაციის უფლების მქონე პირების საკითხზე. საქმეზე №ას-1204-1124-2017 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაში განმარტებულია: „განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა წარმოშობილია 107-ე დადგენილების სამართლებრივი საფუძვლიდან. აღნიშნული დადგენილების მიზანს კი, როგორც აღინიშნა წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა. მაშასადამე, 107-ე დადგენილებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ იმ დროისათვის (პრივატიზება) იგი წარმოადგენდა ბინის დამქირავებელს, მოსარგებლეს, რომელიც ცხოვრობდა და სარგებლობდა ბინით, რომ გამარტივებული წესით მოეპოვებინა მასზე საკუთრების უფლება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ (კასატორი) სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა სადავო მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტობრივი გარემოება პრივატიზების დროისათვის. რადგან როგორც ეს წინამდებარე განჩინების პ-10- შია დადგენილი მოპასუხის ოჯახის წევრთა რაოდენობა მხოლოდ ერთი პირისაგან შედგებოდა“.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბერის განჩინებაში საქმეზე

საქმე №ას-589-548-2017 განმარტებულია, რომ „მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ 290-ე მუხლის პირველი აბზაცისა და სსრ საბინაო კოდექსის 57-ე, მე-60 და 62-ე მუხლების საფუძველზე, პრეზუმირებულად მიიჩნევს პრივატიზაციის უფლების მქონედ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც რეგისტრაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ, თუმცა, ცხოვრობდნენ მშობლებთან, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ.მ–ის შვილების ცხოვრების ფაქტი შესაბამისი დოკუმენტებით არ დგინდებოდა, უფრო მეტიც, კ.მ–ი ორდერის გაცემის დროისათვის დაბადებულიც არ იყო. რეგისტრაციის არარსებობის ფაქტს, მართალია, სადავოდ ხდის კასატორი და აღნიშნავს, რომ იგი ცხოვრობდა დედასთან, თუმცა, მას არ მიუთითებია სარწმუნო მტკიცებულებეზე, უფრო მეტიც, ზოგადად არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ მ.მჭდლიშვილის მეუღლეს (რომელთან მ.მ–ის საქორწინო ურთიერთობასაც ადასტურებს მხარე) სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა და არასრულწლოვანი/არასრულწლოვნები არ იზრდებოდნენ მამის ოჯახში. ამ ფაქტის გამორიცხვის გარეშე შეუძლებელია იმგვარი პრეზუმფციის დაშვება, რომ მ. მ–ის შვილების საცხოვრებელი იყო მხოლოდ დედის საცხოვრებელი და იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის შესაბამისად, განიხილებოდნენ დამქირავებლის ოჯახის წევრებად (იხ. სუსგ №ას-1161-1107-2013, 29 მაისი, 2015 წელი);

 

საკასაციო სასამართლოს სხვა არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება მიეცემა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო სადავო ბინაში) (სუსგ 5.08.2005 საქმე №ას-155-146-05; 14.11.2005წ. საქმე №ას-516-838-05; 14.06.2005წ. საქმე №ას-265-594-05; 26.07.2004წ. საქმე №ას-284-610-05).

 

ამდენად, საბინაო კოდექსის და 107-ე დადგენილების საფუძველზე ბინის პრივატიზაციის უფლება გააჩნდა მხოლოდ ლიდა ლ-------ოს, რის გამოც პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით სადაო ბინაზე მხარეთა ქონებრივი უფლებების განსაზღვრის საფუძველი არ არსებობს და სადაო ბინა სრულად ლიდა ლ-------ოს სამკვიდრო ქონებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით განსაზღვრულია სამკვიდრო ქონების ცნება, რომლის მიხედვით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამ ნორმის მიხედვით სამკვიდროდან კანონისმიერი მემკვიდრეების წილი თანაბარია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

 

ლიდა ლ-------ომ სადაო ბინა უანდერძა შვილიშვილს დ---- ლ-------ოს, რომელსაც მიღებული აქვს სამკვიდრო მოწმობა ქონების ½ წილზე. სამკვიდროდან სავალდებული წილზე სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს ასევე მოსარჩელე ი----- ც----ეს. ორივე მხარეს მიღებული სამკვიდრო წილი რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით. 2. თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის. სასამართლოს მიაჩნია, სადაო ბინა მთლიანად ლიდა ლ-------ოს სამკვიდროში შედის, მხარეებს მასი პრივატიზაციის უფლება არ გააჩნდათ, რის გამოც მხარეებს ბინაზე მხოლოდ სამემკვიდრეო ურთიერთობის საფუძვლით წარმოშობილი უფლებები აქვთ, რაც მათ უკვე განახორციელეს. ამდენად, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელე ი----- ც----ეს სარჩელზე გადახდილი სახელწმიფო ვერ აუნაზღაურდება, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დაკმაყოფილდა მოთხოვნა ი----- ც----ის პრივატიზაციის უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ, რამაც გამოიწვია ი----- ც----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დ---- ლ-------ოს ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ, რის გამოც მოპასუხეს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა აუნაზღაურდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 100 ლარის ოდენობით, რადგან ქონების მიკუთვნების მოთხოვნა რა დაკმაყოფილდა.

 

მხარები მოითხოვენ იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი----- ც----ეს უნდა აუნაზღაურდეს იურიდიული მომსახურების მისაღებად გაწეული ხარჯი, რადგან შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა ქონების თანამესაკუთრედ აღიარების მოთხოვნა და ამ ნაწილში დავა მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.მოსარჩელე ი----- ც----ის საადვოკატო ხარჯია 2000 ლარი, რაც აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. სარჩელის ფასი სარჩელის მიხედვით, არის 6000 ლარი, რომლის 4% 240 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა აუნაზღაურდეს ასევე დ---- ლ-------ოს, რადგან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის გამოც სარჩელის ნაწილში დავა მოპასუხის სასარგებლოდ დასრულდა. დ---- ლ-------ოს მიერ გაწეული ხარჯია 600 ლარი. რაც აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. შეგებებული სარჩელით დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 9000 ლარით, რომლის 4% არის 360 ლარი, რისი გადახდა უნდა დაეკისროს ი----- ც----ეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქმეზე სარჩელი უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ი----- ც----ის სარჩელი;

 

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს დ---- ლ-------ოს შეგებებული სარჩელი;

2.1. რუსთავში, ბა-–-------------------------ზე პროვატიზაციის უფლებადაკარგულად იქნას ცნობილი ი----- ც----ე;

2.2. არ დაკმაყოფილდეს დ---- ლ-------ოს მოთხოვნა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით ქონების თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ;

 

3. ი----- ც----ეს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;

 

4. ი----- ც----ეს დაეკისროს დ---- ლ-------ოსათვის სახელმწფიო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა;

 

5. დ---- ლ-------ოს დაეკისროს ი----- ც----ისათის იურიდიული ხარჯების ასანაზღაურებლად 240 ლარის გადახდა;

 

6. ი----- ც----ეს დაეკისროს დ---- ლ-------ოსათვის იურიდიული ხარჯების ასანაზღაურებლად 360 ლარის გადახდა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი