გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210118002316246
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე N2/5450-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - სს „თ----------ი“

წარმომადგენელი - თ----- ფ-----ე

მოპასუხე - ო---- ს-------–--ე

წარმომადგენელი - მ--------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ო---- ს-------–--ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 12 ივლისის საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5198.32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4764.09 ლარი და ჯარიმა - 434.23 ლარი.

1.2. მოპასუხე ო---- ს-------–--ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 12 იანვრიდან) 2017 წლის 12 ივლისის საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4764,09 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 23,82 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სს „თ----------სა“ და ო---- ს-------–--ეს შორის 2017 წლის 12 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 4971,59 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 723 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში 208,65 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ო---- ს-------–--ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 05 სექტემბერს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 207,50 ლარი, რითიც დაიფარა ორი თანხა. 2018 წლის 12 იანვრის მდგო----ეობით მოპასუხეს 2017 წლის 12 ივლისის საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5198,32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4764,09 ლარი და ჯარიმა - 434,23 ლარი (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ო---- ს-------–--ემ სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის 4764.09 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ არის სტუდენტი, სწავლობს ფასიან სასწავლებელში, ცხოვრობს თბილისში ქირით, იგი გადახდის უუნაროა, - ამა წლის მარტის თვიდან დაიწყო სამსახური, საჯარო რეესტრთან არსებულ პროგრამაში, მისი ხელფასი განსაზღვრულია 700 ლარით, საიდანაც 300 ლარს იხდის ბინის ქირაში, წელიწადში - მისი სწავლის გადასახადის საფასური შეადგენს - 2500 ლარს, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა მოეხსნას საურავი - ჯარიმის სახით და მორიგების პირობებში, გადანაწილებულ იქნას ძირი თანხა - თვეში 100 ლარამდე გადახდით, ვინაიდან სხვა შემთხვევაში იგი ვერ შეძლება სწავლის გაგრძელებას და დაკარგავს სამსახურს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი, კერძოდ, სცნო მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სს „თ----------სა“ და ო---- ს-------–--ეს შორის 2017 წლის 12 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება N6--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 4971,59 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 723 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში 208,65 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

გირავნობის საგნად განისაზღვრა მობილური ტელეფონი iphpne 7 128 - ღირებული 2289 ლარი, მობილური ტელეფონი iphpne 7 32 - ღრებული 1 944, ასევე სხვა პროგრამები - ღირებული 300 ლარი.

 

მოპასუხე ო---- ს-------–--ეს ფულადი ვალდებულება ეტაპობრივად უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის თანახმად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 19-20)

- 2017 წლის 12 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26)

- განაცხადის ფორმა - სწრაფი განვადება (ს.ფ. 27-30)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.2. მოპასუხე ო---- ს-------–--ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 05 სექტემბერს და აღარ მომხდარა ყოველთვიური ვალდებულების შესრულება თანხის გადახდის სახით. სესხის დასაფარად ჯამურად გადახდილი თანხა შეადგენს 207,50 ლარს.

2018 წლის 12 იანვრის მდგო----ეობით მოპასუხეს 2017 წლის 12 ივლისის მდგო----ეობით საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5198,32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4764,09 ლარი და ჯარიმა - 434,23 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი გადახდის გრაფიკიდან (ს.ფ. 31)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 32)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი ო---- ს-------–--ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ო---- ს-------–--ემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის 4764.09 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ო---- ს-------–--ეს შორის 2017 წლის 12 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 4971,59 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 723 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში 208,65 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხე ო---- ს-------–--ეს ფულადი ვალდებულება ეტაპობრივად უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის თანახმად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ო---- ს-------–--ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2017 წლის 12 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 200 ლარამდე. რაც შეეხება სს ,,თ----------ის“ მეორე მოთხოვნას, კერძოდ, 2017 წლის 12 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 4764,09 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 23,82 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, სს ,,თ----------ის“ აღნიშნული მოთხოვნაც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ო---- ს-------–--ეს სს,,თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2018 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4764.09 ლარზე პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.5%-ს გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 23.82 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნო, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 215,94 ლარიდან 142,92 ლარი, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული (რომელიც არ ცნო მოპასუხემ) სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 36 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის ნაწილი - 100 ლარის ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მითითებული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სს ,,თ----------ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ო---- ს-------–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე - ს----------- რაიონი, სოფელი უ-------, საკადასტრო კოდი N5----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე ო---- ს-------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ო---- ს-------–--ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე „თ----------ის“ (ს/კ N2--------) სასარგებლოდ 2017 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 4764.09 ლარისა და შემცირებული ჯარიმის - 200 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ო---- ს-------–--ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე „თ----------ის“ (ს/კ N2--------) სასარგებლოდ 2017 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2018 წლის 12 იანვრიდან, 2017 წლის 12 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4764.09 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლო, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 23.82 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

1.3. მოპასუხე ო---- ს-------–--ეს მოსარჩელე „თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის ნაწილის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 20 თებერვლას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 215,94 ლარიდან დაუბრუნდეს 142,92 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 73,02 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხე ო---- ს-------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 36 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხე ო---- ს-------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ო---- ს-------–--ეს (პ/ნ N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე - ს----------- რაიონი, სოფელი უ-------, საკადასტრო კოდი N5----------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე