გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.10.2018
საქმის ნომერი
330210018002466635
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/15556-18

330210018002466635

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - სო---------–----ი

წარმომადგენელი - იო----------–--–--ლი

მოპასუხე - შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ა“

წარმომადგენლები: სა-–-------–-----ე, ან---------ა, მა----–-–--–---–ი, სი----------–---–ი

დავის საგანი - სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ის“ დირექტორის 27/04/2018წ. N4---- ბრძანება მოსარჩელე, სი---------–-----სათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

1.2. აღდგენილ იქნას სო---------–----ი შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

1.3. დაეკისროს მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ას“ მოსარჩელე, სო---------–----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის სახით 1200 ლარის გადახდა 2018 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.4. დაეკისროს მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ას“ მოსარჩელე, სო---------–----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის 0.07%-ის გადახდა პირგასამტეხლოს სახით, 2018 წლის 30 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე, 2008 წლის 16 ოქტომბერს დაინიშნა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების ამბულატორიული სამსახურის ოპერატორად. 2010 წლის დეკემბრიდან - შესყიდვების მთავარი სპეციალისტის თანაშემწედ, ხოლო 2012 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

2014 წლის 3 აპრილს, მოსარჩელე დაინიშნა შესყიდვების სამსახურის უფროსად და მასთან დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება. ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 1200 ლარით.

2018 წლის 16 აპრილს, მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელმა მოსარჩელეს გადასცა დირექტორის წინადადება, საკუთარი განცხადებით სამსახურის დატოვების შესახებ, რის სანაცვლოდაც მიეღო კომპენსაცია 4 თვის ხელფასის ოდენობით, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდგომ, ერთი კვირის განმავლობაში, დირექტორის მითითებით გააქტიურდა რამდენიმე თანამშრომელი და დაწერეს მოხსენებითი ბარათები შესყიდვების სამსახურის მიმართ.

კლინიკამ ამ სამსახურებრივ ბარათებზე მოსარჩელეს მოსთხოვა წერილობითი განმარტება. მოსარჩელემ გენერალური დირექტორს წერილობით განუმარტა ამ პრეტენზიების უსაფუძვლობა და აღნიშნა, რომ ამ ქმედებებს აღიქვამდა ზეწოლად, სამსახურიდან წასვლის თვალსაზრისით.

2018 წლის 27 აპრილს, მოსარჩელეს გენერალური დირექტორის შეტყობინებით, ეცნობა ამავე წლის 30 აპრილიდან, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, შინაგანაწესის 3.2. პუნქტისა და ხელშეკრულების 4.1. პუნქტების დარღვევის საფუძველზე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

მოსარჩელე განმარტავს, რომ მას 2017 წლის 21 აგვისტოს გამოეცხადა საყვედური, რაც მითითებულია სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად, რა დროსაც საკითხი ეხებოდა არა სასწრაფო წესით ჩასატარებელ ტენდერს, არამედ გადაუდებელ შესყიდვას, შესყიდვის განხორციელების შემდგომ, მის შეთანხმებას შესყიდვების სააგენტოსთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი ახსნა-განმარტება, კლინიკის მხრიდან უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული. კერძოდ, 2017 წლის 4 აგვისტოს, დღის ბოლოს, ექიმმა ერთი-ერთი პაციენტის გადაყვანის შესახებ აცნობა კლინიკის ხარისხის კონტროლის უფროსს, ჯავ--------------–--ეს, რომელიც დაუკავშირდა მოსარჩელის თანამშრომელს, ნი------–--ეს და აცნობა, რომ პაციენტი გადაჰყავდათ ,,ავ-----ს“ კლინიკაში. ნი------–--ე მოსარჩელეს დაუკავშირდა არასამუშაო საათებში და აცნობა ამ ფაქტისა და მოსარჩელისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის 7 აგვისტოს გადაცემის შესახებ. 7 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი პაციენტის გადაყვანის შესახებ, შესყიდვების სამსახურს არ მიუღია, რაზედაც 8 აგვისტოს მოსარჩელემ აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს, ფინანსურ დირექტორს, ლ----------------- და თხოვა დახმარება. მოხსენებითი ბარათი არ აღმოჩნდა არც კანცელარიაში და არც დირექტორთან, რომელმაც 7 აგვისტოსვე დაადო ამ ბარათს რეზოლუცია. შესყიდვების სამსახურისათვის ასევე არ იყო ცნობილი პაციენტის სახელი და გვარი, ჩატარებული მანიპულაციის დასახელება და ღირებულება. საბოლოოდ მოსარჩელემ ანგარიშგების სამსახურთან გაარკვია, რომ პაციენტის გადაყვანა მოხდა არა ,,ავ-----ს“, არამედ შპს ,,თბ--–-----–--------–--------------------–ი“. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათი აღმოჩნდა შესაბამის მორიგე-ოპერატორის, თი-------------ის სამუშაო კაბინეტში ჩაკეტილი. ამის შემდეგ, 9 აგვისტოს მოხდა ამ შესყიდვის შესახებ ინფორმაციის განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, ამ ფაქტის გამო გენერალურმა დირექტორმა დაადანაშაულა მოსარჩელე და გასცა განკარგულება მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, რის შემდეგაც ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსმა, ჯავ--------------–--ემ დაწერა მოხსენებითი ბარათი მოსარჩელის მიერ კლინიკის ფინანსური ინტერესის საფრთხის ქვეშ დაყენების შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წელს კლინიკაში დაინერგა ახალი პროგრამა, სადაც მისი ინციატივით და მისი მომზადებული სქემის მიხედვით ინტეგრირდა შესყიდვის მოდული, რომელიც მოახდენდა შესყიდული მასალებისა და მედიკამენტების აღრიცხვას. ამ დრომდე ამის აღრიცხვის ელექტრონული საშუალების არარსებობის გამო, აფთიაქის ხელმძღვანელი ფურცელზე ითვლიდა შესყიდვების სამსახურის მიერ მიწოდებული ცხრილების საშუალებით. კლინიკის მუშაობის პროცესი არ ყოფილა არცერთხელ დარღვეული პროგრამაში რაიმე მონაცემის არარსებობის გამო. 23 აპრილს, როდესაც მოსარჩელემ წარადგინა მოხსენებითი ბარათი, ჩატარებული 88 ტენდერიდან, პროგრამაში რეგისტრირებული იყო 71, რაც თანხობრივად შეადგენს 7713240,20 ლარის საქონელს. ამასთან, პროგრამას გააჩნდა ხარვეზები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა პროგრამაში მუშაობის პროცესს და რაზედაც მოსარჩელე მიუთითებდა, თუმცა მათი გამოსწორება არ მოხერხდა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კლინიკას არ გააჩნია შესყიდვების სამსახურის დებულება და თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობა.

მოსარჩელის განმარტებით, შესყიდვების სამსახური მუშაობდა ხარვეზების გარეშე და წლიურად ახდენდა დაახლოებით 10 000 000 ლარის ტენდერების ჩატარებას. მოსარჩელის შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის 6 წლის განმავლობაში, კლინიკა, ამ სამსახურის მიზეზით, არ დაჯარიმებულა. მხოლოდ ერთხელო მოხდა კლინიკის დირექტორის დაჯარიმება გადაუდებელი შესყიდვის განხორციელების გამო, რაც არ მომხდარა შესყიდვების სამსახურის მიზეზით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პრეტენზია დროში გახანგძლივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, რამდენადაც აღნიშნული გამოწვეული იყო უმრავლეს შემთხვევაში არაკვალიფიციურად შედგენილი სპეციფიკაციების გამო და ძირიტადად აღნიშნული პრობლემები იკვეთებოდა მუდმივად სამეურნეო სამსახურის ნაწილში. ამ სამსახურის მიერ ვერ ხდებოდა საჭიროებების სწორად დაგეგმვა, ვერ წლიური და ვერც თვიური მასშტაბით. წლის მანძილზე შესაყიდი საქონლის რაოდენობები ხშირად, ან არაადეკვატურად მცირე იყო ან - გადაჭარბებული. ასევე, სპეციფიკაციები არასდროს არ იყო ჩამოყალიბებული გასაგებად, რაც აფერხებდა შესყიდვის პროცესს, რადგანაც ვერ ხდებოდა სისტემაში საქონლის კოდის იდენტიფიკაცია. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სამეურნეო სამსახური პირდაპირ ყიდულობდა საქონელს, რის შემდეგაც ხდებოდა მოთხოვნის დაწერა და ხელსეკრულების გაფორმება, რა დროსაც ინვოისის თარიღი არ ემთხვევოდა და წინ უსწრებდა მოთხოვნის თარიღს. მაგ. ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი ლიფტების ზეთისა და კლინიკის ავტომანქანების შეკეთების შესყიდვის დროს. ასევე, მოსარჩელე მიუითითებს საპორაციო განყოფილებაში ნათურების გამოცვლასთან დაკავშირებულ შემთხვევაზე, როდესაც სამეურნეო სამსახურს, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, უკვე მიღებული ჰქონდა 1330 ლარის ნათურა, რის შესახებაც მოსარჩელემ შეახსენა სამეურნეო სამსახურის უფროსს, ზ.----–-----–ს, რაზედაც მან განაცხადა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი ნათურების გამოცვლის სამუშაოებზე. მოსარჩელის განმარტების პასუხად, რომ ამას დიდი დრო სჭირდებოდა და, რომ საოპერაციო ვერ დაიცდიდა, ასევე განაცხადში აღნიშნული ნათურები უკვე იყო ჩატარებულ ტენდერში და საჭირო იყო მათი იდენტიფიცირება, რათა არ მომხდარიყო ერთსა და იმავე საქონელზე განმეორებით ტენდერის ჩატარება, ზ.----–-----–მა მას დირექტორთან დასწამა ცილი, თითქოს ნათურების შეძენა დირექტორის ნაცვლად, მოსარჩელესთან უნდა შეეთანხმებინა. დირექტორმა კი მოსარჩელეს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მოუსმინა და გაბრაზებული ითხოვდა მის დათხოვნას. ამის შემდეგ დაავალ ფინანსურ დირექტორს, რომ მოსარჩელეს დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება.

მოსარჩელემ სამეურნეო სამსახურის უფროსთან არსებული ზემოაღნიშნული საუბარი ჩაიწერა მობილური ტელეფონის მეშვეობით, და სთხოვა ფინანსურ დირექტორს, რომ დირექტორი გაცნობოდა ამ ჩანაწერს მის სიმართლეში დასარწმუნებლად. ჩანაწერი მოისმინა მხოლოდ ლი---------------ემ.

აღნიშნულის შემდეგ, უარი განაცხადა რა სამსახურის დატოვებაზე, დირექტორის განკარგულებით მოსარჩელის წინააღმდეგ სხავადასხვა სამსახურების უფროსებმა დაწერეს სამსახურებრივი ბარათები შესყიდვების სამსახურში არსებული დარღვევების შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 21 აგვისტოს გამოეცხადა საყვედური, რომელიც შეეხებოდა არა ფინანსურ ზიანს, არამედ მის გულგრილ დამოკიდებულებას დაკისრებული მოვალეობებისადმი. კერძოდ, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა განხორციელდა 2017 წლის 4 აგვისტოს, პარასკევს - არასამუშაო საათებში, რასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია კანცელარიაში გატარდა ორშაბათს, რაზედაც ინფორმირებული იყო მოსარჩელე. იგი გულგრილად მოეკიდა დაკისრებულ მოვალეობას და შესყიდვების სააგენტოს ამ შესყიდვის შესახებ შეატყობინა არა დაუყოვნებლივ, არამედ ორი დღის შემდეგ - 9 აგვისტოს. შესაბამისად, 2017 წლის 21 აგვისტოს მოსარჩელისათვის განოცხადებული საყვედურის საფუძველი იყო, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი გულგრილი და მოკიდებულება.

რაც შეეხება შესყიდვების სამსახურის დებულების არარსებობას, აღნიშნულის პროექტის წარმოდგენის ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან არ შეასრულა.

ინფრასტრუქტურის სამსახურთან საუბრის ფარული ჩაწერით, კითხვის ქვეშ დადგა მოსარჩელის მიმართ ნდობის საკითხი, რამდენადაც აღნიშნული მოსარჩელემ განახორციელა უკანონოდ, რაც შემდეგ გაასაჯაროვა სხვა პირებთან.

მოპასუხის განმარტებით, ასეთი ქმედება ხელს უშლის კლინიკის თანამშრომელთა შორის კოლეგიალური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობის განვითარებას. ასეთი ფაქტი აჩენს უნდობლობის განცდას, რაც ხეულს უშლის მუშაობის პროცესს. ამ საკითხთან დაკავშირებით, წარდგენილია საჩივარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან.

სანიტარულ-მიკრობიოლოგიური კვლევების ტენდერთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესი ძალაში შევიდა 2018 წლის 7 თებერვალს. ეს ბრძანება ითვალისწინებს ასეთი კვლევების ჩაუტარებლობისას სამედიცინო დაწესებულებისათის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას.

ინფექციის კონტროლის სამსახურმა შესაბამისი განაცხადი ჯერ კიდევ მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნებამდე - 2018 წლის 15 მარტს გააკეთა, თუმცა ტენდერი არ გამოცხადდა 19 აპრილამდე, რის გამოც კლინიკა დადგა ზემოაღნიშნული სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე. კლინიკის შემოსავლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წილს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ფაქტიც საკმარისი იყო მოსარჩელის სამსახურიდან გასათავისუფლებლად.

რაც შეეხება აფთიაქის ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათს, აქ ყურადღება იყო გამახვილებული მედიკამენტების ელექტრონულად დროულ აღრიცხვაზე. მოსარჩელემ კი ტენდერების პროგრამული ასახვა განახორციელა ერთბაშად, ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის შემდეგ.

ასევე, საევაკუაციო გეგმის შედგენასთან დაკავშირებული ტენდერი არ შედგა მოსარჩელის მიზეზით, რამდენადაც ტექნიკური მოთხოვნები არ იყო ჩამოყალიბებული და მორგებული ბაზარზე არსებულ სუბიექტებზე, რომელიც სურვილს გამოთქვამდნენ ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე. აღნიუშნული შესყიდვა იყო უკიდურესად აუცილებელი, ხოლო შესყიდვების სამსახურმა ვერ უზრუნველყო ეფექტური მუშაობა.

მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 21 აგვისტოს საყვედურის შემდგომ, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ: დროულად არ გამოაცხადა სავალდებულო მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარებაზე მომსახურების შესყიდვის ტენდერი; პროგრამაში დროულად არ აღრიცხა მედიკამენტები; არაკვალიფიციურად განახორციელა ბაზრის კვლევა, რის შედეგადაც არ შედგა საევაკუაციო გეგმის შედგენასთან დაკავშირებული კლინიკის შენობის ნახაზის ტენდერი, ხოლო შემდგომ შესყიდვა განახორციელა გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე ეს ტენდერით იყო გამოცხადებული; მოსარჩელემ უკანონოდ მოახდინა კლინიკის თანამშრომელთან საუბრის ჩაწერა, რაც შემდგომ გასაჯაროვდა. შესაბამისად, არსებობდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გათავისუფლების უპირობო საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 3 აპრილს, მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ის“ შესყიდვების სამსახურის უფროსად და მასთან დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება.

შორმითი ხელშეკრულება და საწარმოს შინაგანაწესი არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების/სამუშაოს აღწერილობის შესახებ, ასევე არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობრივი ინსტრუქცია.

ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 1200 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.-ები: 29-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2 2017 წლის 21 აგვისტოს N6---- ბრძანებით, დაკისრებული მოვალებებისადმი გულგრილი დამოკიდებულების საფუძვლით, კლინიკის შინაგანაწესის მე-9 მუხლის 9.2. პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით, გამოეცხადა საყვედური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 21 აგვისტოს N6---- ბრძანება (ტ.1. ს.ფ.-ები: 88-89);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 27/04/2018წ/ N4---- ბრძანებით, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, რასაც საფუძვლად დაედო აფთიაქის ხელმძღვანელის, ხარისხის კონტროლის უფროსის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2018 წლის 27 აპრილის N4---- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზუ--------–-----–ის განცხადებასთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 27/07/2018წ. გადაწყვეტილებით, დადგენილი იქნა, რომ სო---------–----ის მიერ 2018 წლის 12-13 აპრილის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის დამუშავება მოხდა პირადი და არა სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობის მიზნებისათვის, შესაბამისად, ამ აუდიოჩანაწერის ფაქტზე ,,პერსონალური მონაცემთა დაცვის" შესახებ კანონის დარღვევა არ დადგინდა და ამ განცხადების განხილვა დასრულდა, ვინაიდან პერსონალურ მონაცმეთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეხდინა რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 27/07/2018წ. გადაწყვეტილება (ტ.2. ს.ფ.-ები: 132-137);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა-გაანალიზების შედეგად, დადგენილად თვლის, ფაქტობრივ გარემოებას, რომ სო---------–----ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მისთის დიციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოცხადებიდან ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ისეთ დარღვევას, რომელიც ამართლებდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, ,,სამართლებრივი შეფასება“).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.-ები: 29-36);

- შინაგანაწესი (ტ.1. ს.ფ.-ები: 49-55);

- 2017 წლის 21 აგვისტოს N6---- ბრძანება (ტ.1. ს.ფ.-ები: 88-89);

- მოხსენებითი ბარათები (ტ.1. ს.ფ.-ები: 222-226);

- შეტყობინება სამსახურიდან მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ (ტ.1. ს.ფ.-ები: 39-48);

- 2018 წლის 27 აპრილის N4---- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-6 მუხლის 1, 11 და მე-9 პუნქტები, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 32-ე მუხლის პირველი პუნქტი, 37 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 408-ე მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი მუხლით, შრომა თავისუფალია, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლით, შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1.მათ ერთ–ერთ ძირითად მიზნად და ვალდებულებად აღიარონ დასაქმების მაქსიმალურად შესაძლო მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით; 2. ეფექტურად დაიცვან მუშაკის უფლება გამოიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით; 3.შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმების უფასო სამსახურები ყველა მუშაკისათვის; 4. უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შესაბამისი პროფესიული ორიენტაციის საშუალებებს, პროფესიულ მომზადებასა და რეალიზაციას.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს: a) ანაზღაურებას, რომელიც ყველა მშრომელს უზრუნველყოფს სულ მცირე: i) სამართლიანი ხელფასითა და ტოლფასოვანი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურებით რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის ქმნის შრომის ისეთი პირობების გარანტიას, რომელიც მამაკაცის შრომის პირობებზე უარესი არ იქნება, და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესაძლებლობას; ii) მასა და მის ოჯახს ღირსებული არსებობის შესაძლებლობებით, წინამდებარე პაქტის დებულებათა შესაბამისად. b) უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობებს; c) თითოეულისათვის უფრო მაღალი სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად; d) დასვენების, თავისუფალი დროის ქონის და სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვის, აგრეთვე პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას ისევე, როგორც ანაზღაურებას საზოგადოებრივი უქმე დღეებისათვის.

 

ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გარანტირებულია შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმები. კერძოდ, შეთანხმების 227-228-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და მის მიმართ გლობალური მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისად, რაც მოიაზრებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით აღიარებული ღირსეული შრომითი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას; საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით აიღო ვალდებულება შექმნას შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა. ასოცირების ხელშეკრულება ზოგადი პრინციპის დონეზე აზუსტებს ამგვარი პოლიტიკის შემუშავების მეთოდოლოგიასა და სისტემას და ის ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოს, გასწიოს სისტემატური და განგრძობადი მცდელობები, შრომითი ურთიერთობების დაცვის მაღალი დონის მისაღწევად და მიღწეულის გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

6.2. მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 01 აპრილის შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1.-4.2. პუნქტებით, დასაქმებული ვალდებულია, პირნათლად, გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შეასრულოს თანამდებობრივი მოვალეობები, სამუშაო საათები სრულად დაუთმოს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და არ იყოს დაკავებული პირადი ან არასამსახურებრივი საქმიანობით. დასაქმებული ვალდებულია, სამუშაო შეასრულოს თავისი სპეციალობის, კლინიკის შინაგანაწესის, კლინიკაში მიღებული შიდანსამართლებრივი აქტების, ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის თანამდებობა, შესასრულებელი სამუშაოს სახე, სამუშაო ადგილი და ხელშეკრულების სხვა არსებითი პირობები განსაზღვრულია დანართი N1-ში.

ხელშეკრულების დანართი N1-ის პირველი მუხლის 1.1. პუნქტით, მოსარჩელე მიღებულია შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 1.5. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახე განისაზღვრება სამუშაოს აღწერილობით ან თანამდებობრივი ინსტრუქციით (ამგვარის არსებობისას) ან/და ამგვარი თანამდებობისათვის საყოველთაოდ აღიარებული წესებითა და ნორმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობები, სამუშაოს აღწერილობა და თანამდებობრივი ინსტრუქცია კონკრეტულად არ არის განსაზღვრული არც ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით, ასევე ასეთი არ არსებობს არც ცალკე დოკუმენტ(ებ)ის სახით.

 

6.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვადასხვა საქმეში არაერთხელ განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებლის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შორმის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტი, ხოლო ფაქტობრივ საფუძვლებად - აფთიაქის ხელმძღვანელის თა----------------–-ძის, ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსისა და დირექტორის მოადგილის, ჯავ--------------–--ის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზუ--------–-----–ის მოხსენებითი ბარათები (ტ.1. ს.ფ. 46).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

 

შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია, დასახელებულ მოხსენებით ბარათებში ასახული გარემოებები რამდენად კანონიერად იქნა შეფასებული დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად.

 

6.4. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების აფთიაქის ხელძღვანელი, თა----------------–-ძე მოხსენებით ბარათში აღნიშნავს, რომ 2018 წლის 13 აპრილამდე შესყიდვების სამსახურის მიერ გადაცემული ჰქონდა 86 ტენდერის ფასების ცხრილი, რომელიც უნდა დამტებოდა კატალოგს. თებერვალ-მარტში დასრულდა ტენდერების დიდი ნაწილი. კატალოგში უნდა დამატებოდა ჩამონათვალი სატენდერო ხელშეკრულებების შესაბამისი ფასების ცხრილის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდებოდა ტენდერის მიხედვით მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვა. 13 აპრილის მდგომარეობით, შესყიდვების სამსახურს პერიოდულად ეწოდებოდა ინფორმაცია მიღებული პროდუქციის შესახებ, რომელსაც შეტანილი აქვს 56 ტენდერის ფასების ცხრილი, ხოლო 4 ტენდერის მონაცემი, რომელზედაც ინფორმირებულია შესყიდვის სამსახური, არ არის ასახული პროგრამულად.

 

მოხსენებითი ბარათი არ შეიცავს რაიმე მითითებას ისეთ გარემოებებზე, რომ ამ 4 ტენდერის მონაცემების პროგრამაში შეუტანლობით ადგილი ჰქონდა კლინიკის საქმიანობის ისეთ შეფერხებას, რითაც რეალური საშიშროება შეექმნა პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და/ან წარმოიშვა კლინიკისათვის ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე. გარდა ამისა, საერთოდ არ დგინდება, როდის მოხდა აფთიაქის მიერ ამ მონაცემების შესახებ შესყიდვების სამსახურის ინფორმირება, შესაბამისად, რა ვადაში უნდა მოეხდინა მოსარჩელეს პროგრამაში ამ მონაცემების შეტანა, მაშინ, როდესაც მოხსენებით ბარათში ასახულია ვითარება 2018 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, ხოლო მოხსენებითი ბარათი დათარიღებულია ამავე წლის 16 აპრილით.

 

ამდენად, გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათით არ დგინდება მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით და/ან შინაგანაწესით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში ამ მონაცემების ასახვა მოსარჩელის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა, რომ მოსარჩელეს დროულად და სრულყოფილად ეწოდებოდა პროგრამაში შესატანი მედიკამენტებისა თუ მასალების მონაცემები (იხ. ტ. 2, ს.ფ. 28), რომ ეს პროგრამა მუშაობდა უხარვეზოდ. ასევე საკითხი, იმის შესახებ, რომ მოსარჩელე და მისი სამსახური, ზემოაღნიშნული სამუშაოს დიდი მოცულობის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობდა გამკლავებოდა მას და ამისთვის არასამუშაო დღეებს - შაბათ-კვირასაც კი იყენებდა და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს შესაბამისი, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა აფთიაქის ხელმძღვანელსა და უფროს ექთნებთან, დასტურდება მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის, ფინანსური დირექტორის, ლი---------------ის ელექტრონული წერილითაც ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ჯავ--------------–--ისადმი (ტ.1. ს.ფ.-ები: 208-210). ასევე, ის, რომ ამ პროგრამას გააჩნდა გარკვეული ხარვეზები, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა მოსარჩელის/მისი თანამშრომლების მიერ მონაცემების შეტანას, დასტურდება სო---------–----ის ელექტრონული წერილით ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ცენტრის ოპერატორის ვა-–------------ას, კლინიკის დირექტორის, ხარისხის სამსახურის უფროსის, სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის პროგრამის ადმინისტრატორის მზ-------------ისა და სხვა უფლებამოსილი პირებისადმი (ტ.1. ს.ფ.-ები: 212-214; ტ. 2. ს.ფ.-ები: 68-69), რისი საწინააღმდეგო მტკიცბულებაც საქმეში არ მოიპოვება.

ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის პროგრამის ადმინისტრატორის, მზ-------------ის 06/07/2017წ. მოხსენებით ბარათსაც კლინიკის გენერალური დირექტორისადმი, რომლითაც დგინდება, რომ კლინიკის შიდა სამედიცინო ჰოსპიტალურ ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი მონაცემების ასახვა წარმოადგენდა პროგრამის ადმინისტრატორისა და პროგრამისტების ფუნქციას, ხოლო რაც შეეხება მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესახებ მონაცემების მიწოდებას, აღნიშნული პროგრამაში შესაბამისი მოდულის ამოქმედების დროს წარმატებით განახორციელა შესყიდვების სამსახურმა კლინიკის აფთიაქისაგან მიღებული მონაცემების შესაბამისად (ტ.1. ს.ფ.-ები: 215-217).

 

6.5. ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ჯავ--------------–--ის 2018 წლის 17 აპრილის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შესყიდვების პროცესში აღინიშნება გარკვეული ტიპის ხარვეზები, ასევე ხდება შესყიდვების პროცესის დაგვიანება, რაც განაპირობებს სახელმწიფო რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, მაგალითად, სანიტარული ოთახისათვის გათვალისწინებული ავეჯის, ურიკების, სასტერილიზაციო აღჭურვილობის, სახანძრო უსაფრთხოების სქემისა და სხვა საქონლის შესყიდვა მიმდინარეობდა განაცხადიდან 3-6 თვის განმავლობაში. ასევე მითითებულია, რომ: სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მასალის შესყიდვის პროცესის დაყოვნება (მაგ. კრიტიკული მედიცინის ცენტრის დეპარტამენტის უფრ. ექთნის განაცხადი კაბელის, წნევის მანჟეტის, პერფუზორის, ინფუზომატის და სხვ. შესახებ) განაპირობებს დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას; პრობლემას ქმნის სახელმწიფო რეგულაციის ქვეშ მოქცეული სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის განაგძლივებული პროცესიც; კონკურენტუნარიონობის შესანარჩუნებლად, კლინიკაში არ უნდა მოხდეს არსებული სერვისების განვითარებისა და ახლის დანერგვის პროცესის შეფერხება გაუმართავი შესყიდვის პროცესის გამო, რისი ნიშნებიც იკვეთება.

18 აპრილის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 2---------–. N01-13/ნ ბრძანების თანახმად, კლინიკისათვის სავალდებულო გახდა სანიტარული მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარება. ბრძანება ძალაში შედის 2018 წლის 20 აპრილიდან. ამ მოთხოვნის დარღვევისათვის გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინსანსების შეწყვეტა. ინფექციის კონტროლის სამსახურმა განაცხადი შესაბამისი სპეციფიკაციით გააკეთა ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე - 2018 წლის 15 მარტს, თუმცა ტენდერი ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, 17/04/2018წ. ამ მოახსენებით ბარათში არ არის აღნიშნული, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია საქონლის შესყიდვის დაგვიანება, სახელდობრ რა ვალდებულება არ იქნა შესრულებული ან არაჯეროვნად შესრულებული მოსარჩელის მიერ; რაში გამოიხატებოდა შესყიდვის პროცესის გაუმართაობა და სრული პასუხისმგებლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, რატომ უნდა დაეკისროს მხოლოდ მოსარჩელეს.

ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია სახანძრო უსაფრთხოების სქემასთან დაკავშირებულ შესყიდვის დაგვიანებაზე, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია, ადგილი ჰქონდა თუ არა ამ მომსახურების შესყიდვისას ამ მიმართებით მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევას.

როგორც ეს სატენდერო წინადადებითა და მასზე დართული სატენდერო დოკუმენტაციით დგინდება, მოსარჩელისათვის გადაცემული სპეციფიკაციების მიხედვით, ნახაზი უნდა შედგენილიყო 16500 კვ.მ. ფართზე, შესაბამისად, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 4900 ლარით (ტ. 2. დ.ფ.-ები: 54-56).

ტენდერი არ შედგა, რის შემდეგაც განხორციელდა აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის გზით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ ტენდერის ჩატარებისას მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ბაზრის არასათანადო კვლევას, რამდენადაც შპს ,,ს----------" მიერ წარმოდგენილი ინვოისით, აზომვითი სამუშაოები ჩატარებული იქნა ნაცვლად 16500 კვ.მ.-სა, 12045 კვ.მ-ზე, ღირებულებით 2400 ლარი (ტ. 2. ს.ფ. 49).

ამრიგად, მოსარჩელის განმარტება, რომ მას მიეწოდა არასწორი მონაცემები შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით, დადასტურდა საქმის მასალებით და შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, რომ თითქოს იგივე მომსახურების შესყიდვა მენეჯმენტისა და ჯავ--------------–--ის დახმარებით, უფრო ნაკლებ ფასში გახდა შესაძლებელი, არ შეესაბამება სინამდვილეს (ტ. 1. ს.ფ.44). ასევე, მოპასუხეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოდუგენია განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მიუხედავად მოსარჩელისათვის დადგენილი წესით შესაბამისი მოთხოვნის მიწოდებისა, სატენდერო წინადადება და შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა დაგვიანებით და/ან მიწოდებული მოთხოვნით გათვალისწინებული სპეციფიკაციების დარღვევით, რამაც შექმნა კლინიკისათვის ზიანის მიყენების საფრთხე.

 

რაც შეეხება 18/04/2018წ. მოხსენებით ბარათს, რომელიც შეეხება სანიტარული მიკრობიოლოგიური კვლევების შესყიდვას, სასამართლო თვლის, რომ არც ამ შემთხვევაში დგინდება მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის ფაქტი, კერძოდ: „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 მარტის N01-13/ნ ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებისათვის მიკრობიოლოგიური კველევების ჩატარების ვალდებულება, ძალაში შევიდა 2018 წლის 19 აპრილს.

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის N01-5/ნ ბრძანების მე-3-მე-6 პუნქტებით, დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის მონიტორინგი (პირველი და მეორე ეტაპი) ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტის (სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტი) მიხედვით. მონიტორინგის პირველ ეტაპზე დაწესებულებებს, ინფექციების კონტროლის სისტემისადმი განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ეძლევათ შესაბამისი რეკომენდაციები და გონივრული ვადა აღნიშნული დარღვევ(ებ)ის გამოსწორების მიზნით. ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ იმ დაწესებულებებში, რომლებშიც პირველ ეტაპზე გამოვლინდა დარღვევები, განხორციელდება ინფექციების კონტროლის სისტემის მონიტორინგის მეორე ეტაპი. ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება მონიტორინგის მეორე ეტაპზე ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში, წარმოადგენს საფუძველს სააგენტოს მიერ ადგილზე ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კუთხით ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმებისათვის, მას შემდეგ, რაც დასრულდება აღნიშნული დაწესებულებებისათვის მონიტორინგის მეორე ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებისათვის მიცემული გონივრული ვადა. ხოლო მე-13 პუნქტის თანახმად, პროგრამის განმახორციელებელი, სააგენტოს მიერ შევსებული კითხვარებისა და შემოწმების აქტის (დასკვნის) საფუძველზე, ვალდებულია, 2 სამუშაო დღეში შეუჩეროს დაწესებულებას პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი. განმახორციელებლის მხრიდან მიმწოდებლისათვის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 მარტის N01-13/ნ ბრძანება, ძალაში შევიდა 2018 წლის 19 აპრილს. შესაგებლით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ შესაბამისი ტენდერი გამოცხადდა ამავე დღეს, რა დროსაც მოპასუხის მხრიდან რაიმე სახის დასაბუთებული არგუმენტი, თუ რატომ უნდა გამოცხადებულიყო ეს ტენდერი მოსარჩელის მიერ, ბრძანების ძალაში შესვლამდე, არ არის წარმოდგენილი. ასევე, მოპასუხე არ მიუთითებს ამ ტენდერის მითითებულ დროს გამოცხადების გამო, მის წინააღმდეგ ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კონკრეტული პროცედურის დაწყებისა და/ან შესაბამისი სანქციის დაკისრების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის მოტივირება, რომ დასახელებული შესყიდვის თაობაზე მოსარჩელის მიერ ტენდერის 2018 წლის 19 აპრილს გამოცხადებამ, საფრთხე შეუქმნა მოპასუხეს, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსს, დაუსაბუთებელია.

 

6.6. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, ზუ--------–-----–თან მოსარჩელის მიერ სატელეფონო საუბრის ჩაწერა, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, არ შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების ისეთ უხეშ დარღვევად, რომელიც შექმნიდა საფუძველს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. კერძოდ: როგორც ეს საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელის შიში, რომ საოპერაციო განყოფილებაში ნათურების შეცვლის შესახებ ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით ზ.----–-----–ის მიერ კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმირებას მოსარჩელისათვის არასასურველი შედეგები მოჰყვებოდა, გამართლდა - მას არ მიეცა ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორთან პირადად შეხვედრისა და მისთვის ზ.----–-----–თან შემდგარი კომუნიკაციის შინაარსის გაცნობის საშუალება, რის შემდეგაც, საკუთარი სიმართლის დაცვის მიზნით, არ გაანჩნდა რა სხვა არავითარი ხელჩასაჭიდი საშუალება დირექტორისათვის ობიექტური ვითარების გაცნობის თვალსაზრისით, გადაწყვიტა, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაეცნო უშუალო ხელძღვანელის, ფინანსური დირექტორის, ლი---------------ისათვის. სხვა პირისათვის ამ ჩანაწერის გაცნობას ადგილი არ ჰქონია.

სასამართლო თვლის, რომ, ზოგადად, შრომით ურთიერთობებში, არალეგიტიმური გზით მოპოვებული ჩანაწერის გამოყენება თუნდაც სხვა პირის უკანონო ქმედების დამტკიცებისათვის, ეწინააღმდეგება დაწესებულებაში მართლზომიერი ქცევის სტანდარტის დამკვიდრებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ქმედებას მოსარჩელის მხრიდან ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 27/07/2018წ. გადაწყვეტილებით, დადგენილი იქნა, რომ სო---------–----ის მიერ 2018 წლის 12 აპრილის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის დამუშავება მოხდა პირადი და არა სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობის მიზნებისათვის. ამ აუდიოჩანაწერის ფაქტზე ,,პერსონალური მონაცემთა დაცვის" შესახებ კანონის დარღვევა არ დადგინდა.

 

6.7. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 21 აგვისტოს N6--- ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით საყვედურის გამოცხადების მართლზომიერება, სასამართლო, ამ საკითხზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად თვლის იმსჯელოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევას.

დასახელებული ბრძანების მიხედვით, სო---------–----მა დაკისრებული მოვალებებისადმი გამოიჩინა გულგრილი დამოკიდებულება, კერძოდ, 2017 წლის 4 აგვისტოს კლინიკაში შეყვანილი პაციენტი საჭიროებდა ისეთი მანიპულაციის ჩატარებას, რომლის შესაძლებლობაც კლინიკას არ გააჩნდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა შეეძინა ეს მომსახურება გადაუდებელი აუცილებლობის წესით.

შესყიდვა განხორციელდა 4 აგვისტოს - პარასკევს, არასამუშაო საათებში და შესაბამისი დოკუმენტაცია ორშაბათს დილით გატარდა კანცელარიაში. ამის შესახებ ინფორმირებული იყო მოსარჩელე, თუმცა მან შესყიდვების სააგენტოს აცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ ორი დღის შემდეგ - 9 აგვისტოს.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 4 აგვისტოს, დღის ბოლოს, ექიმმა ერთი-ერთი პაციენტის გადაყვანის შესახებ აცნობა კლინიკის ხარისხის კონტროლის უფროსს, ჯავ--------------–--ეს, რომელიც დაუკავშირდა მოსარჩელის თანამშრომელს, ნი------–--ეს და აცნობა, რომ პაციენტი გადაჰყავდათ ,,ავ-----ს“ კლინიკაში. ნი------–--ე მოსარჩელეს დაუკავშირდა არასამუშაო საათებში და აცნობა ამ ფაქტისა და მოსარჩელისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის 7 აგვისტოს გადაცემის შესახებ. 7 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი პაციენტის გადაყვანის შესახებ, შესყიდვების სამსახურს არ მიუღია, რაზედაც 8 აგვისტოს მოსარჩელემ აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს, ფინანსურ დირექტორს, ლი---------------ეს და თხოვა დახმარება. მოხსენებითი ბარათი არ აღმოჩნდა არც კანცელარიაში და არც დირექტორთან, რომელმაც 7 აგვისტოსვე დაადო ამ ბარათს რეზოლუცია. შესყიდვების სამსახურისათვის ასევე არ იყო ცნობილი პაციენტის სახელი და გვარი, ჩატარებული მანიპულაციის დასახელება და ღირებულება. საბოლოოდ მოსარჩელემ ანგარიშგების სამსახურთან გაარკვია, რომ პაციენტის გადაყვანა მოხდა არა ,,ავ-----ს“, არამედ შპს ,,თბ--–-----–--------–--------------------–ი“. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათი აღმოჩნდა შესაბამის მორიგე-ოპერატორის, თი-------------ის სამუშაო კაბინეტში ჩაკეტილი. ამის შემდეგ, 9 აგვისტოს მოხდა ამ შესყიდვის შესახებ ინფორმაციის განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ისეთ პირობებში, როდესაც გადაუდებელი შესყიდვის მოთხოვნა მოსარჩელისათვის არც ელექტრონული და არც მატერიალური ფორმით არ იყო გადაცემული და ფაქტობრივად ხელმისაწვდომი 2017 წლის 9 აგვისტომდე, შესაბამისად, არ იკვეთება სო---------–----ის გულგრილი დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობებისადმი, რასაც ისიც ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ, ამავე დღეს - 9 აგვისტოს, იქნა განხორციელებული შესაბამისი მოქმედებები გადაუდებელი შესყიდვის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ინფორმირებისა და ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

6.8. ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარდგენილი და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებებში მითითებული მოხსენებითი ბარათები, მათი შინაარსის, მოდავე მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და საქმის სხვა მასალების გათვალისწინებით, არ იძლეოდა იმგვარი დასკვნების საფუძველს, რომ უტყუარად დადასტურებული იყო დასაქმებულის მიერ ვალდებულებების უხეში, ან სისტემატიური დარღვევა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ- ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ Nას-1502-1422-2017, 20/02/2018წ. № ას-941-891-2015, 29/01/2016წ.). ასევე, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითიურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება; №ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; № ას-549-517-2010, 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, № ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება).

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა არავითარი საფუძველი მხარეთა შორის არსებული უვადო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, დამსაქმებლის ასეთი გადაწყვეტილება სო---------–----ის მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება, ცნობილი უნდა იქნეს ბათილად.

 

6.9. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოსარჩელე, სო---------–----ი აღდგენილი ინდა იქნეს პირვანდელ სამუშაოზე - შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

 

6.10. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ სო---------–----ის ხელფასი, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, შეადგენდა ყოველთვიურად 1200 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისოსამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე. საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე 2/3/630).

 

საქმეზე დადგენილი იმ გარემოებების საფუძველზე, რომ მოსარჩელის იძულებითი მოცდენა გამოწვეულია მოპასუხის ბრალით, განაცდური ხელფასის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ას“ მოსარჩელე, სო---------–----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის სახით უნდა დაეკისროს 1200 ლარის გადახდა 2018 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6.11. სასამართლო თვლის, რომ სარჩელი, პირგასამტეხლოს ნაწილში, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან უდავოა, რომ შრომითი ურთიერთობის არსებობის პერიოდში მოსარჩელისათვის გაუცემელი ხელფასის არსებობას ადგილი არ აქვს.

სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზრაურება (ხელფასი) ყოვნდება. რაც შეეხება იძულებით განაცდურ ხელფასს, აღნიშნული ვერ მოექცევა დასახელებული ნორმის რეგულირების სფეროში, რადგან უკვე აღარ წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნას, შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების გამო დაყოვნებული თანხის ანაზღაურების შესახებ.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც თავდაპირველი სარჩელი, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ას“ მოსარჩელე, სო---------–----ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

დასახელებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 211 ლარისა და 20 თეთრის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. სო---------–----ის (პ.ნ.3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ის“ (ს.ნ.2--------) დირექტორის 27/04/2018წ. N4---- ბრძანება მოსარჩელე, სი---------–-----სათვის (პ.ნ.3----------) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

3. მოსარჩელე, სო---------–----ი (პ.ნ.3----------) აღდგენილი იქნას შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ის“ (ს.ნ.2--------) შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

4. დაეკისროს მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ას“ (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, სო---------–----ის (პ.ნ.3----------) სასარგებლოდ განაცდური ხელფასის სახით 1200 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) 2018 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

6. მოპასუხე, მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ას“ (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, სო---------–----ის (პ.ნ.3----------) სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

7. მოპასუხე, მოპასუხე, შპს ,,აკ-----------------–---------–----------–----------------------------–----ას“ (ს.ნ.2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 211 ლარისა და 20 თეთრის გადახდა.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

9. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი