გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/9478-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - მ------ ლ----–---–ი
წარმომადგენელი - ქ---------------–--ე
მოპასუხე - შპს ,,მ---- ლ---------------ი“
წარმომადგენელი - გ--------–---------
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების
ოდენობის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 01 თებერვალს ნოტარიუს ლ---------------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N 1--------, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში და შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა 12 572.67 აშშ დოლარი, პროცენტი 1749.13 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1138.05 აშშ დოლარი.
1.2. გადაიდოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულება დადგინდეს იმგვარი სახით რომ 3 თვის განმალობაში მოეხსნას იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას აღმასრულებლის მიერ დადებული შეზღუდვა და მიეცეს მოსარჩელეს ქონების გასხვისების შესაძლებლობა ვალდებულების შესრულების მიზნით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეს მოპასუხისგან თანხის სახით მიღებული აქვს სესხისა და იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება რეგ ნომ:15------1 საფუძველზე 4000 $; იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება რეგ ნომ:N15------1 საფუძველზე 4000$, სესხისა და იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება ნომ:N16------0 საფუძველზე 1000$, სესხისა და იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება რეგ ნომ:N16------3 საფუძველზე 1000 $, ასევე მოპასუხის მიერ ეტაპობრივად ხდებოდა ფულადი შენატანების განხორციელება სესხის დასაფარად, ხოლო სესხის ძირი თანხა საერთოდ არ შემცირებულა, რაც შეეხება სესხისა და იპოთეკის გრძელვადიან ხელშეკრულებას რეგ ნომ:N16------6 საფუძველზე გაცემული თანხა 12770 აშშ დოლარი მოსარჩელეს არ მიუღია. შესაბამისად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გაფორმებული ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულებით ხდებოდა ძირი თანხის ეტაპობრივი ზრდა წინა ხელშეკრულებით დარიცხული სარგებლითა და პირგასამტეხლოს ოდენობებით.
ნოტარიუს ლ---------------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი #18------3, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მ------ ლ----–---–ს შპს მ---- ლ----------------ის მიმართ დაეკისრა ჯამში 20459,85 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც პროცენტი (სარგებელი) შეადგენს 2749,13 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო შეადგენს 5138,05 აშშ დოლარს, ხოლო ძირითადი თანხა შეადგენს 12572,67 აშშ დოლარს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული პასუხის თანახმად იპოთეკის საგანზე პირველი აუქციონი დაიწყო 2018 წლის 23 მარტს 17:00 საათზე და მთავრდება 2018 წლის 2 აპრილს 16:00 საათზე. სარეალიზაციოდ აუქციონზე წარდგენილი იპოთეკის საგნის საწყისი ფასი კი განსაზღვრულია 48750 ლარით. იპოთეკის საგნად განსაზღვრული უძრავი ქონების საბაზრო ფასი (არაუმცირეს 65000 ლარისა, რაც მოცემულია აღმასრულებლის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილი საექსპერტო შეფასებით) მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე აუქციონისათვის განსაზღვრულ საწყისს ფასს (48 750 ლარი). იპოთეკის საგნის საწყისს ფასად რეალიზაციის შემთხვევაში ამონაგები თანხა სრულად დასჭირდება სესხის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დაკმაყოფილებას. მოსარჩელეს რომ ქონების რეალიზაციის საშუალება ჰქონოდა, ამონაგები თანხით არა მხოლოდ ვალდებულების დაკმაყოფილებას, არამედ შემდგომში დროებითი საცხოვრებელი ფართის მოძიებასაც შეძლებდა. ამასთან, მოპასუხე, ყოველგვარ შეთანხმებაზე, და ქონების მესაკუთრის მიერ რეალიზაციაზე უარს აცხადებს.
მოსარჩელემ ორჯერ მიმართა შპს მ---- ლ----------------ს იმის თხოვნით რომ გაეცა დაზუსტებით ინფორმაცია მოსარჩელის მიერ იპოთეკის თითოეულ ხელშეკრულებაზე გადახდილი თანხების ოდენობაზე, პირველი მიმართვის შემდგომ მიიღო ინფორმაცია მხოლოდ ბოლოს გაფორმებულ იპოთეკურ სესხზე გადახდილი თანხების შესახებ საიდანაც ირკვევა რომ 2017 წლის 23 იანვრიდან -2017წლის 21 სექტემბრის ჩათვლით გადახდილია ჯამში 3338,09 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ ძირ თანხაში ჩათვლილი იქნა მხოლოდ 197,33 აშშ დოლარი. ამავდროულად მოსარჩელის მიერ პირველი იპოთეკური სასესხო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან გარკვეული პერიოდი რეგულარულად ხდებოდა თანხის გადახდა გრაფიკის მიხედვით, თუმცა გადახდილი ძირი თანხების გამოკლება სესხის გაერთიანების დროს, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. მოსარჩელის მეორე მიმართვის შემდგომ კი შპს მ---- ლ----------------მა განმარტა, რომ ინფორმაციას მიაწვდიდა ერთი კვირის შემდგომ.
მოსარჩელის კმაყოფაზე იმყოფებოდა მოსარჩელის დედა, რომელიც მწვავე და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებდა მუდმივ მოვლასა და ფინანსურ უზრუნველყოფას ხოლო 2018 წლის 9 მარტს გარდაიცვალა. გარდა ამისა მოსარჩელის ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებდნენ და საჭიროებს მისი ორი შვილი, რომელთაგანაც ერთი არასრულწლოვანია და მეორე სკოლის მოსწავლე. მოსარჩელის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მისი ყოველთვიური ხელფასი რომელიც არ არის ფიქსირებული და დამოკიდებულია გამომუშავებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ---- ლ---------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობები აღნიშნული ხელშეკრულებების მოქმედების განმავლობაში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. გამომდინარე აქედან გაუგებარია მოსარჩელის მითითება შეწყვეტილი ხელშეკრულებების სარგებლის და პირგასამტეხლოს მოპასუხე კომპანიის კლიენტებს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ უმნიშვნელო პრეტენზიაც რომ არ გაუჩნდეთ, შპს ,,მ---- ლ---------------ი“ უარს აცხადებს იპოთეკის უფლების პირდაპირ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში დამოწმებაზე და უპირატესობას ანიჭებს სანოტარო ინსტიტუტს, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას მსესხებელს და უძრავი ქონების მესაკუთრეს კრედიტორთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ დამატებით ნოტარიუსისგან ეძლევათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობაში მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგებისა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. როგორც მსესხებელს, ასევე მესაკუთრეს ნოტარიუსის მიერ მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული მოსალოდნელი შედეგების შესახებ. შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია მისი შინაარსი და იღებენ ვალდებულებას, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ამასთანავე პასუხს აგებენ ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ყოველგვარი ზიანისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 119-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. გამომდინარე იქიდან, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მნიშვნელოვნად მცირეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ოდენობასთან შედარებით, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 19 აგვისტოს შპს მ---- ლ----------------სა და მოსარჩელე მ------ ლ----–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება რეგ ნომ:15------1. მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 4000 აშშ დოლარი 60 (სამოცი) თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი კი განისაზღვრა ძირითადი თანხის 2,5 %(წლიური 30%) ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელეს ასევე დაეკისრა სესხის აღების საკომისიოს გადახდა სესხის თანხის 2%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დარჩენილი ძირითადი თანხის 0,2% -ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით სესხის გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2020 წლის19 აგვისტო და გადახდილი უნდა ყოფილიყო სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით 7851,52 აშშ დოლარი.
სესხი უზრუნველყოფილი იყო მ------ ლ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------–ის შესახვევი, კორპუსი 17, ბინა #21, ფართი 62.70 კვ.მ., საკადასტრო კოდი: #0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 19 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-28);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 29-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2015 წლის 20 ნოემბერს შპს მ---- ლ----------------სა და მოსარჩელე მ------ ლ----–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება რეგ ნომ: 15------1. მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 8000 აშშ დოლარი 60 (სამოცი) თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი კი განისაზღვრა მირითადი თანხის 2,5 % (წლიური 30%) ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელეს ასევე დაეკისრა სესხის აღების საკომისიოს გადახდა სესხის თანხის 2%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დარჩენილი ძირითადი თანხის 0,2% -ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით სესხის გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2020 წლის 20 ნოემბერი და გადახდილი უნდა ყოფილიყო სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით 15693,96 აშშ დოლარი.
სესხი უზრუნველყოფილი იყო მ------ ლ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------–ის შესახვევი, კორპუსი 17, ბინა #21, ფართი 62.70 კვ.მ., საკადასტრო კოდი: #0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-36);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 37-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 22 მარტს შპს მ---- ლ----------------სა და მოსარჩელე მ------ ლ----–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება რეგ ნომ: 16------0. მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 1000 აშშ დოლარი 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი კი განისაზღვრა ძირითადი თანხის 2,5 %(წლიური 30%) ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელეს ასევე დაეკისრა სესხის აღების საკომისიოს გადახდა სესხის თანხის 2%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დარჩენილი ძირითადი თანხის 0,2% -ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით სესხის გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2018 წლის 22 მარტი და გადახდილი უნდა ყოფილიყო სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით 1362,98 აშშ დოლარი.
სესხი უზრუნველყოფილი იყო მ------ ლ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------–ის შესახვევი, კორპუსი 17, ბინა #21, ფართი 62.70 კვ.მ., საკადასტრო კოდი: #0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-45);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2016 წლის 27 მაისს შპს მ---- ლ----------------სა და მოსარჩელე მ------ ლ----–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება რეგ ნომ: 16------3. მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 1000 აშშ დოლარი 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი კი განისაზღვრა ძირითადი თანხის 2,5 % (წლიური 30%) ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელეს ასევე დაეკისრა სესხის აღების საკომისიოს გადახდა სესხის თანხის 2%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დარჩენილი ძირითადი თანხის 0,2% -ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით სესხის გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2018 წლის 22 მაისი და გადახდილი უნდა ყოფილიყო სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით 1362,91 აშშ დოლარი.
სესხი უზრუნველყოფილი იყო მ------ ლ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------–ის შესახვევი, კორპუსი 17, ბინა #21, ფართი 62.70 კვ.მ., საკადასტრო კოდი: #0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 27 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 47-52);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2016 წლის 22 დეკემბერს შპს მ---- ლ----------------სა და მოსარჩელე მ------ ლ----–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის გრძელვადიანი ხელშეკრულება რეგ ნომ: 16------6. მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 12770 აშშ დოლარი 84 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი კი განისაზღვრა ძირითადი თანხის 2,5 %(წლიური 30%) ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დარჩენილი ძირითადი თანხის 0,2% -ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით სესხის გადახდის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2023 წლის 22 დეკემბერი და გადახდილი უნდა ყოფილიყო სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით 30675,86 აშშ დოლარი.
სესხი უზრუნველყოფილი იყო მ------ ლ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------–ის შესახვევი, კორპუსი 17, ბინა #21, ფართი 62.70 კვ.მ., საკადასტრო კოდი: #0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 54-60);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 61-63);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6.მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებით გაცემული სესხით მოხდა წინა სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული დავალიანებების დაფარვა სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 54-60);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 61-63);
- სასესხო ამონაწერები (ს.ფ.178-182);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. ნოტარიუს ლ---------------ის მიერ 2018 წლის 07 თებერვალს გაიცა სანოტარო აქტი, 2018 წლის 01 თებერვლის სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების თანახმად, კრედიტორ შპს ,,მ---- ლ---------------ის“ მიმართ მოვალე ლ---------------ის ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: 20 459.85 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 12 572.67 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 2749.13 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 5138.05 აშშ დოლარი.
წინამდებარე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა, მ------ ლ----–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ქ-----------–ის შესახვევი, კორპუსი 17, ბინა 21, ფართი 62.70 კვ.მ., საკადასტრო კოდი #0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 07 თებერვლის სანოტარო აქტი (ს.ფ. 66-68);
- ცნობა მსესხებლის დავალიანების შესახებ (ს.ფ. 125);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. თბილისის სააღსრულებო ბიუროს #20--4 წერილის თანახმად, მოვალე მ------ ლ----–---–ს ეცნობა, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობდა პირველი აუქციონი მის საკუთრებაში არსებულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ქ-----------–ის შესახვევი, კორპუსი 17, ბინა 21, ფართი 62.70 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს #2-554 წერილი (ს.ფ. 70-71);
- შპს ,,აუდიტ-კონსალტინგის“ დასკვნა (ს.ფ. 73-77);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 78-80);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მ------ ლ----–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოდავე მხარეებს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, კერძოდ, 2015 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ შპს ,,მ---- ლ---------------ისგან“ მიიღო 4000 აშშ დოლარი, 2015 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8000 აშშ დოლარი, 2016 წლის 22 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე 1000 აშშ დოლარი, 2016 წლის 27 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე 1000 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12770 აშშ დოლარი, რომლითაც მოხდა უკვე არსებული სასესხო ვალდებულებების გადაფარვა. არსებული სახელშეკრულებო ურთიერთოებების ფარგლებში, სესხი იყო სარგებლიანი და ითვალისწინებდა ყოველთვიურად 2.5% -ის დარიცხვას. ამავე ხელშეკრულებების თანახმად, მხარეებმა განაცხადეს, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხი სრულად გადასცა, ხოლო მსესხებელმა მიიღო იგი წინამდებარე აქტის სანოტარო წესით დადასტურებამდე ნაღდი ანგარიშსწორებით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,2% -ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, კრედიტორმა შპს ,,მ---- ლ---------------მა“ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც შემდგომ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე. საქმეზე სადავოს არ წარმოადგენს (სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად), რომ მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი არ არის მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში გადახდილი. წარმოდგენილ შემთხვევაში ძირითადი მოთხოვნის მოცულობა სადავო არაა, ხოლო საპროცენტო სარგებელი მსესხებლის მითითებით კაბალურია და უნდა იქნეს შემცირებული სამართლიან და გონივრულ ოდენობამდე.
6.2. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური პროცენტის 2.5%-ს, რომელიც შეადგენს წლიურ 30%-ს, შემცირებას იმ საფუძვლით, რომ სესხი გაიცა დოლარში, ამასთან, წლიური საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს კაბალურ პროცენტს, არის შეუსაბამოდ მაღალი ქვეყანაში მოქმედი ბანკების მიერ განსაზღვრულ წლიურ პროცენტთან მიმართებაში.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციას და მიუთითებს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სესხის პროცენტი არის კაბალური არ წარმოადგენს მისი შემცირების საფუძველს. სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მხარეებმა გამოხატეს თავიანთი თავისუფალი ნება, განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა. შესაბამისად, მისი ოდენობის შედარება ბანკების მიერ განსაზღვრულ წლიურ პროცენტთან და ამ მხოლოდ ამ საფუძვლით ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის პროცენტის შემცირება მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს. წარმოდგენილ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დადგენილი საპროცენტო სარგებლის სტანდარტად პირდაპირ საბანკო დაწესებულებების საპროცენტო სარგებლის განაკვეთთან გატოლება დაუსაბუთებელია და არღვევს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს. სასამართლოს მიხედულებით არსებული საპროცენტო განაკვეთის ბათილობის (ნაწილობრივ) და შესაბამისად მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის შემცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მალხაზ ერაძეს ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა მსესხებლის მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილ პირგასამტეხლოების მოცულობებს , სასესხო დავალიანების ძირი თანხის და სარგებლის ოდენობას, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, მძიმე მატერიალურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არ არის გონივრული და იგი უნდა იქნეს შემცირებული და განისაზღვროს 1138.05 აშშ დოლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, ვინაიდან მ------ ლ----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (რომელიც მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა), მოპასუხე შპს ,,მ---- ლ---------------ს“ მოსარჩელე მ------ ლ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 291.26 ლარის ანაზღაურება(რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა მოთხოვნა), ხოლო რა ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 72.82 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, დაზუსტებული და შემცირებული მოთხოვნის გათვალისწინებით მ------ ლ----–---–ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 565.78 ლარის ნაწილი - 201.70 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილების აღსრულების გადადების და წესის დადგენასთან დაკავშირებული საკითხები
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირვეი ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
წარმოდგენილ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე მ------ ლ----–---–მა განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებულ, იპოთეკით დადებულ უძრავ ქონებაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დადებულია ყადაღა. მოსარჩელემ მოითხოვა, მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, უძრავი ქონების მის მიერ და არა აუქციონის წესით გასხვისებისა და ვალდებულების შესრულების მიზნებისთვის თანხების მოძიებისთვის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავს სასამართლოს მიერ აღსრულების პროცესში ჩარევას. აღმასრულებლის მიერ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა წარმოადგენს აღმასრულებლის კომპეტენციას, შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს, იგი ამავდროულად ვერ შეითავსებს აღსრულებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას. წარმოდგენილი შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ მოხდა მოსარჩელე მხარის ფულადი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე და სწორედ რა პროცესიც მიმდინარეობს. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო განხილვისას ცალსახად გამოიკვეთა, რომ მხარის ინტერესს სწორდ აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა იყო და არა ვადა, ვინაიდან არსებობს კონკრეტული დაინტერესებული პირები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ლ----–---–ის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც შეჩერდა ნოტარიუს ლ---------------ის მიერ 07.02.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის #1-------- აღსრულება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ------ ლ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 07 თებერვლის №1-------- სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ლი-------–------ძე) და სააღსრულებო ფურცლის დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 12 572 .67 აშშ დოლარი, საპროცენტო სარებელი 2749.13 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1138.05 აშშ დოლარი; 2018 წლის 07 თებერვლის №1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
3. მოპასუხე შპს ,,მ---- ლ---------------ს“ მოსარჩელე მ------ ლ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 291.26 ლარის ანაზღაურება.
4. მ------ ლ----–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 29/03/2018 წლის №0 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 565.78 ლარის ნაწილი - 201.70 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22
5. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე