გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
180210118002308573
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/122-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ.მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბადრი შონია

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

მოსარჩელე: შპს ,,B&-’’

წარმომადგენელი: თა----- ახ------–-

მოპასუხე: შპს ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ა’’

წარმომადგენელი: ქე------ ბო-–-----, გვ--–- ძნე-–---

დავის საგანი: პირგასამტეხლოს გაუქმება, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 გაუქმდეს შპს ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ დარიცხული პირგასამტეხლო და ჯარიმა;

 

1.2 დაეკისროს მოპასუხე შპს ,,სა---------–-------------------–--–---–----------------------ას’’ შპს ,,B&-’’-ის სასარგებლოდ საგარანტიო თანხის 13 539 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 24 ივლისს შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ას“ და შპს „B&-“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ GT-072402, რომელიც ითვალისწინებდა ყა------- მუნიციპალიტეტის დაბა სტ-----–------- ოთხი ქუჩის (ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ვიქტორ ფიცხელაურისა და შოთა რუსთაველის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2.5 თვე (არაუგვიანეს 2017 წლის 09 ოქტომბრისა). სამუშაოების დაწყებისთანავე მოსარჩელე წააწყდა რიგ პრობლემებს, მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოებს აწარმოებდა აგრეთვე საგზაო კომპანია, აგრეთვე სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მიერ მოწყობილი მილის თავზე გადიოდა სილქნეტის საკაბელო ხაზი, რაც ხელს უშლიდა მათ სარეგულაციო ჭის მოწყობაში. სამუშაოების წარმოების პროცესის მიმდინარეობისას ყა-----–ი ფიქსირდებოდა ნალექიანი ამინდები, რაც თავის მხრივ ხელს უშლიდა სამუშაოების განხორციელებას. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 09 ოქტომბერს შპს „გა-------------–--–---–-----------------------ში“ შეტანილ იქნა წერილი და სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს 2017 წლის 09 ოქტომბრის ცნობა N12/1-917, რომლითაც აცნობეს, რომ 25 ივლისიდან 03 ოქტომბრის ჩათვლით ყა-----–ი იყო სულ 19 ნალექიანი დღე, აგრეთვე მოსარჩელემ მოითხოვა, რომ სამუშაოების შესრულების ვადა გადავადებულიყო 19 დღით, რაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში კოსტავას ქუჩაზე მოსარჩელე ვერ ახორციელებდა სამუშაოებს რამოდენიმე დღე, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა არ აძლევდა სამუშაოების შესრულების საშუალებას. მოსარჩელემ კიდევ რამდენჯერმე მიმართა შპს „გა-------------–--–---–-----------------------ს“, იმ მიზეზით, რომ ხელი ეშლებოდა სამუშაოების განხორციელებაში. 2017 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა შპს „გა-------------–--–---–-----------------------ს“, რომ ხელშეკრულების დანართი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული, წყალმზომი ყუთების დამონტაჟების უფლება მიეცა, დანართის სახით გადაუგზავნა თანდართული ყუთის შემადგენელი საბუთები და კონსტრუქციული ნახაზი, აგრეთვე ცნობა, რომ ყუთი აკმაყოფილებს სამშენებლო კლიმატოლოგიაში მოყვანილ სტ-----–------- მკაცრ პირობებს, აღნიშნული ყუთების დამონტაჟებაზე გა-------------–--–---–-----------------------მ უარი განაცხადა. 2017 წლის 21 ნოემბერს გა-------------–--–---–-----------------------მ აცნობა მოსარჩელეს, რომ მათ შეწყვიტეს ხელშეკრულება და დააკისრეს პირგასამტეხლო 0.02%-ის ოდენობით, სულ 2 663.25 ლარი და ჯარიმა 16 246.23 ლარი.

 

შპს „გა-------------–--–---–-----------------------მ“ 22/11/ 2017 წელს მიმართა სს „პროკრედიტ ბანკს“ და მოსთხოვა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის თანხის 13 539 ლარის ანაზღაურება, რომელიც გადახდილ იქნა ბანკის მიერ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

შპს „B&-“-ს მიერ შესასრულებელი სამუშაოების პარალელურად, საგზაო კომპანია ნამდვილად აწარმოებდა სამუშაოებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა აღნიშნული გარემოება არ იყო იმისი საფუძველი, რომ მოსარჩელეს ვერ დაესრულებინა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. შპს „B&-“-ს არ ყავდა საკმარისი სამუშაო ძალა და სპეცტექნიკა და ვერ მოახერხა სწორად გაენაწილებინა სამუშაოები. კერძოდ კი, საკმარისი მუშახელის და ტექნიკის ქონის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო პარალელურ რეჟიმში ეწარმოებინათ სამუშაოები, კერძოდ, როგორც კი გაიყვანეს წყალსადენი მილი, შეეძლოთ დანარჩენი კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების წარმოებაც და ასეთ შემთხვევაში არ დადგებოდა საგზაო კომპანიის მხრიდან ხელისშემშლელი გარემოება. კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინტენსიურად ხდებოდა ყა------- მუნიციპალიტეტის დაბა სტ-----–------ს წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების კონტროლი. მათ მიერ ფიქსირებული ხარვეზების შესახებ კომპანია წერილობით ატყობინებდა შპს „B&-“-ს და თხოვდა დროულად მათ აღმოფხვრას, რათა არ მომხდარიყო ხელშეკრულების ვადის დარღვევა. ხაზგასასმელია, რომ შპს „B&-“-ს მიერ კომპანიაში გაგზავნილი წერილი ზემოთ დასახელებულ ხელისშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით თარიღდება 2017 წლის 22 სექტემბრით, მაშინ როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადა თითქმის იწურებოდა. ნათელია, რომ მოსარჩელე მხარემ უკვე იცოდა, რომ ვერ ასწრებდა სამუშაოების ვადაში დასრულებას და მიზანმიმართულად დაიწყო მსგავსი შინაარსის წერილების გაგზავნა კომპანიაში. მოპასუხის განმარტებით, სახეზეა მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების წარმოების არასწორი დაგეგმვა და სამუშაო ძალისა და ტექნიკის სიმცირე, რაც შპს „გა-------------–--–---–-----------------------ს“ მხრიდან ვერ იქნება მიღებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 24 ივლისს შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ას“ და შპს „B&-“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ GT-072402. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ყა------- მუნიციპალიტეტის დაბა სტ-----–------- ოთხი ქუჩის (ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ვიქტორ ფიცხელაურისა და შოთა რუსთაველის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

 

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 54 1541 ლარს. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2.5 თვე (არაუგვიანეს 2017 წლის 09 ოქტომბრისა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-19)

- შესაგებელი (ს.ფ 104-116)

- 2017 წლის 24 ივლისის #GT-072402 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების

შესახებ (ს.ფ. 20-24)

 

3.1.2. 2017 წლის 24 ივლისის N GT-072402 ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტებით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის წესი. კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ასევე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ,,მიმწოდებლი’’ ჯარიმდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 24 ივლისის #GT-072402 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების

შესახებ (ს.ფ. 20-24)

 

3.1.3. 2017 წლის 22 ნოემბერს შპს „გა-------------–--–---–-----------------------მ“ მიმართა სს ,,პროკრედიტ ბანკს’’ და მოსთხოვა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის თანხის 13 539 ლარის ანაზღაურება, რომელიც გადახდილი იქნა ბანკის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-19)

- შესაგებელი (ს.ფ. 104-116)

- შპს „გა-------------–--–---–-----------------------ს“ 22.11.2017 წლის წერილი

N14949/1 (ს.ფ. 44)

- საგადახდო დავალება N478363099 (ს.ფ. 48)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „B&-“-ს მიერ შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოებს აწარმოებდა საგზაო კომპანია, აგრეთვე მოსარჩელის მიერ მოწყობილი მილის თავზე გადიოდა სილქნეტის საკაბელო ხაზი, სამუშაოების წარმოების პროცესის მიმდინარეობისას ყა-----–ი ასევე ფიქსირდებოდა ნალექიანი ამინდები რაც ხელს უშლიდა სამუშაოების განხორციელებას. ამასთან, კოსტავას ქუჩაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა არ აძლევდა საშუალებას მოსარჩელეს ეწარმოებინა სამუშაოები. შპს „გა-------------–--–---–-----------------------მ“ უარი განუცხადა ასევე შპს „B&-“-ს ხელშეკრულების დანართი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული წყალმზომი ყუთების დამონტაჟებაზე, ვინადიან მოსარჩელემ ვერ წარადგინა კომპანიაში აღნიშნული წყალმზომი ყუთების სტ-----–------- კლიმატურ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „B&-“-ს 22.09.2017წ და 09.10.2017წ წერილები (ს.ფ. 29-30)

- გარემოს ეროვნული სააგენტოს 09.10.2017წ N12/1-917 წერილი (ს.ფ. 31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.2. 2017 წლის 21 ნოემბერს შპს „გა-------------–--–---–-----------------------მ“ წერილით მიმართა შპს „B&-“-ს და აცნობა, რომ ვინადიან მათ მიერ ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სამუშაოს დასრულება, შპს „B&-“-ს N GT-072402 ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტების საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების 3% ოდენობით და პირგასამტეხლო - შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 21 ნოემბრის წერილი N14901/1 (ს.ფ. 44)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „B&-“-მ 2017 წლის 24 ივლისს შპს „გა-------------–--–---–-----------------------სა“ და შპს „B&-“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ NGT-072402 ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. არც შპს „B&-“ უარყოფს, რომ მითითებულ ვადაში არ მომხდარა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულების შესრულება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე შპს „B&-“-ს წარმომადგენლის განმარტებას, იმის შესახებ რომ ყა-----–ი სამუშაოების წარმოების პერიოდში ფიქსირდებოდა ნალექიანი ამინდები, რამაც რამოდენიმე დღით (19 დღით) შეაფერხა შპს „B&-“, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. რის გამოც შპს „B&-“-მ შპს „გა-------------–--–---–-----------------------ს“ მიმართა და ითხოვდა მისგან დამოუკიდებელი გარემოების გათვალისწინებას, რაც არ გაითვალისწინა შპს „გა-------------–--–---–-----------------------მ.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნე- ბსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების ვადაში შესრულება ან ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტური გარემოებების არსებობა, ხოლო მოპასუხემ აღნიშნულის საპირისპიროდ უნდა დაამტკიცოს ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ რომ საპატიო მიზეზით მოხდა მისი მხრიდან სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობაც. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ NGT-072402 ხელშეკრულების 12.1 მუხლის თანახმად ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას თუ ხელშეკრულების პირობების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი. ხოლო 12.2 მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორი განმარტებულია, როგორც ომი, სტიქიური მოვლენა, ეპიდემია, კარანტინი, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება და სხვა. ეს დათქმა ასოცირდება მასშტაბურ მოვლენასთან და არა უბრალოდ ნალექთან. საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კონკრეტულ კალენდარულ პერიოდში მეტეოროლოგიური მდგომარეობის თაობაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თ. ბაგრატიას 2017 წლის 09 ოქტომბრის N12/1-917 წერილის თანახმად, დაბა სტ-----–------ში 2017 წლის 25 ივლისიდან 03 ოქტომბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 25, 30, 31 ივლისს; 10, 15, 20, 26, 28, 30, 31 აგვისტოს; 02, 07,11, 16, 24, 27, 28 სექტემბერს; 02, 03 ოქტომბერს. სულ 19 დღე იყო ნალექიანი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება ის, რომ 19 დღის განამავლობაში დაბა სტ-----–------ში აღინიშნებოდა ნალექი, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში არ არის მითითებული უხვი ნალექიანობის შესახებ, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ თუ კონკრეტულად რამდენი საათი წვიმდა მითითებულ დღეებში და რა ტემპერატურა იქნა დაფიქსირებული. ამასთან, აღნიშნული წერილი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული იქნა 2017 წლის 09 ოქტომბერს (მაშინ როდესაც მოსარჩელეს ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უკვე უნდა დაესრულებინა) გარემოს ეროვნული სააგენტოსა და შპს „B&-“-ს შორის 2017 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილებით ითხოვდა ვადის გაგრძელებას 2017 წლის 30 ოქტომბრამდე. საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (05.09.2018წლის და 13.12.2018წლის ანგარიშებით) კი ირკვევა, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობითაც კი არ ჰქონდა დასრულებული სამუშაო სრულად და მის მიერ შესრულებული იყო შესასრულებელი სამუშაოს მხოლოდ დაახლოებით 55%-ის ოდენობით. (იხ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება 23.10.2018წ სხდომის ოქმი 11:22:29 სთ)

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ ყა------- მუნიციპალიტეტის დაბა სტ-----–------- ოთხი ქუჩის (ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ვიქტორ ფიცხელაურისა და შოთა რუსთაველის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელებული იქნა სხვა კომპანიის მიერ.

 

ამდენად აღნიშნული გარემოებები ცხადჰყოფს, რომ შპს „B&-“-ს მიერ მოთხოვნილი ვადა, ასევე არ იყო საკმარისი იმისთვის რომ მოსარჩელეს სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 639-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4., 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა ) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „B&-“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, მისი მხრიდან სამუშაოს შესრულება შეთანხმებულ ვადებში არ მომხდარა. ამასთან, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველიც.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის შესაბამისად თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

 

ხელშეკრულების 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდა გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის მხრიდან სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევა იყო საპატიო და სამუშაოს შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის შემთხვევაში, იგი შეძლებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებას.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რასაც დაემატა ასევე არაჯეროვანი შესრულება. შპს „B&-“-ის მიერ განხორციელებული არაჯეროვანი შესრულება კი მოპასუხეს აძლევს უფლებას სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლზე დაყრდნობით შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში. ამ კანონიდან გამომდინარე, შემსყიდველის განსაკუთრებული ინტერესია, რომ არ მოხდეს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული პროექტების შესრულების გაჭიანურება და ამ მიზნის უზრუნველყოფისათვის დგინდება შესაბამისი პირგასამტეხლოს პროცენტიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და პირდაპირ კავშირშია ძირითად ვალდებულებასთან. ხელშეკრულებით დასტურდება მხარეთა შეთანხმება ორი სახის პირგასამტეხლოზე: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-ის ოდენობით დაკისრების, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3% ოდენობით დაკისრების შესახებ.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ასევე განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-1053-993-2015).

 

ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, როგორც ვადის გადაცილება, ასევე არაჯეროვანი შესრულება, არ არსებობს პირგასამტეხლოს გადახდისგან მისი გათავისუფლების საფუძველი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრივალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის ეს დანაწესი უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის საიმედოობას და იმავდროულად, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ NGT-072402 ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების გარანტია. აღნიშნული პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტიების შემდეგი სახე: საბანკო გარანტია, გაცემული სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ N 1617997, საერთო თანხით 13 539 ლარი, მოქმედებს 2017 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიითნევს, რომ ვინაიდან შპს „B&-“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში, არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ამოქმედების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „B&-“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

2. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია