გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210118002490509
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/17279-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’

წარმომადგენელი - ე-–-------------------ე, ხ------------ა

მოპასუხე - რ-----–-------- ბ-------------–--ა

წარმომადგენელი - ა-----------ე

დავის საგანი - ავტომობილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა/მოდელი - ფორდ F-150, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი - 1----------------, რეგისტრაციის მოწმობა - A--------, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდეს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს საკუთრების უფლება;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე რ-----–-------- ბ-------------–--ას მოსარჩელე შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სასარგებლოდ 11 070 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 05 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2012 წლის 30 მაისს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-სთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს ,,ა-–---------------------ა’’ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს ,,ვ--------------------------------------------–------’’, რომლის თანახმად შპს ,,ა-–---------------------ა’’ განახორციელა 250 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია სინგჰის მიერ მართვადი შპს ,,ს------------------–--ი’’-ს ნახმარი/მეორადი მანქანების დილერის შემოსავლების განაწილების უფლების მოპოვებისათვის.

 

შპს ,,ს------------------–---ა’’ აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე შპს ,,ალფა ი-----------------ან’’ დაკავშირებული კომპანიის ,,ალფა ტ------–----------’’-ის დაკვეთით, ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ და ამავე დროს საქართველოში არსებულ კომპანიას - შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს მიაწოდა საქმიანობის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ 1. ფორდ პიკაპი F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით: 1----------------, და 2. შევროლეტ მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით : 1----------------. ფორდ პიკაპი F-150-ის ღირებულებამ შეადგინა 6 170 აშშ დოლარი, ხოლო შევროლეტ მალუიბუს ღირებულებამ - 11 070 აშშ დოლარი.

 

აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში ტრანსპორტირებისთანავე, ისინი უნდა გაფორმებულიყო შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს საკუთრებაში, რისი უფლებამოსილებაც მინდობილობით მინიჭებული ჰქონდა მოპასუხეს. მას, როგორც მინდობილ პირს, შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს დირექტორისა და დამფუძნებლისგან ნდობის საფუძველზე ჰქონდა ეს უფლებამოსილებები მინიჭებული, რაც მან ბოროტად, კომპანიის ინტერესების საზიანოდ გამოიყენა. მოპასუხემ ორივე სატრანსპორტო საშუალება დაირეგისტრირა თავის სახელზე. მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს მალავდა კომპანიის დამფუძნებლებისაგან, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში და რომელთა სახელითაც იგი მოქმედებდა ყველა მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით უნდა დარეგისტრირდეს ავტოსატრანსპორტო საშუალება - ფორდ პიკაპი F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით: 1----------------, ხოლო ვინაიდან მეორე ავტომობილი შევროლეტ მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით : 1---------------- ხანძრის შედეგად განადგურებულია, მოპასუხეს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ღირებულების - 11 070 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა 2012 წლის 30 მაისს შპს ,,ალფა ი---------------ს’’ და შპს ,,ვ---------------------- & ს------------------–--ს’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ფაქტობრივ გარემოებას. მოპასუხის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მითითებული ავტომანქანები იყო მოსარჩელის საკუთრება, მეტიც, ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონკრეტულად მოპასუხის სახელზე გამოიგზავნა და მისი საკუთრებაა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 30 მაისს ინვესტორს - შპს ,,A---------------’’- სა და მსესხებელს - შპს ,,V-------------------------------------’’-ს შორის გაფორმდა 250 000 აშშ დოლარის ინვესტირებასთან დაკავშირებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ინვესტორის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სინგსის მიერ მართვადი შპს ,,S---------------’’-ის ნახმარი/მეორადი მანქანის დილერის შემოსავლების განაწილების უფლების მოპოვებას.

 

აღნიშნული მემორანდუმით მსესხებელი და ინვესტორი შეთანხმდნენ შემდეგზე: წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე, ინვესტორი გადასცემს მიმნდობ პირს 250 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას მსესხებელს/სინგს. სასესხო ვალდებულების საფუძველზე (დანართი 1), ძირითად თანხასთან დაკავშირებით, მსესხებელი დაუდასტურებს აღნიშნულ ინვესტირებას ინვესტორს. ორმხრვი გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტირების პერიოდის დასასრულისათვის, დასაფარი იქნება აღნიშნული ინვესტირების ძირითადი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი (ს.ფ. 20-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შპს ,,ალ------------–----ი’’-ს მიერ კომპანია ,,V-----------’’-ისათვის გადახდილია ავტომობილის Ford F-150-ის გადაზიდვის ღირებულება - 900 აშშ და 660 აშშ დოლარი და Chevy-ს მარკის ავტომობილის გადაზიდვის ღირებულება 600 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 46-56)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს დირექტორის ჰარბანს სინგჰ ვირკის მიერ 2015 წლის 06 აპრილს გაიცა ზოგადი მინდობილობა მოპასუხე რ-----–-------- ბ-------------–--ას სახელზე, რომლითაც მას მიენიჭა კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის მართვისა და მესამე პირებთან მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილება 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით.

 

აღნიშნული მინდობილობის თანახმად მოპასუხეს გადაეცა შემდეგი უფლებამოსილებები:,,... მიიღოს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სახელზე გამოგზავნილი ტვირთი და მოახდინოს მისი ტრანსპორტირება, განბაჟება, წარადგინოს დეკლარაციები, ინვოისები, ელექტრონული დეკლარაციები, ხელი მოაწეროს ჩემს ნაცვლად ყველა საჭირო დოკუმენტს, დადოს და გააუქმოს ხელშეკრულებები და შეთანხმებები და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ დავალებასთან, გადაიხადოს კანონით განსაზღვრული გადასახადები და მიიღოს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სახელზე არსებული ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაცია ნებისმიერი დაწესებულებიდან, ჩემს ნაცვლად განახორციელოს ყველა კანონიერი მოქმედება რაც დაკავშირებულია შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს საქმიანობასთან და განახორციელოს გენერალური დირექტორის ყველა უფლება და მოვალეობა. იგი უფლებამოსილია იყოს ჩემი წარმომადგენელი საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მართოს და განკარგოს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სახელზე არსებული საბანკო ანგარიშები და ანაბრები, განახორციელოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მათ შორის, გახსნას და დახუროს ანგარიშები..’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მინდობილობა (ს.ფ. 80-88);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 90-91);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2015 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს ანგარიშიდან გატანილია თანხა - 6 964 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 297)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა-მოდელი - ფორდ F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- (სანომრე ნიშანი I------), და ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- (სანომრე ნიშანი I------) 2015 წლის 20 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მოპასუხე რ-----–-------- ბ-------------–--ას სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.78-79);

- რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 39-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2015 წლის 20 ნოემბერს მოპასუხის მიერ ფორდ F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- საბაჟო დეკლარაციის შევსებისას გადახდილია იმპორტისა და აქციზის გადასახადი ჯამში 2 645.58 ლარი. ამავე თარიღში მოპასუხის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებს მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- საბაჟო დეკლარაციის შევსებისას გადახდილია იმპორტისა და აქციზის გადასახადი ჯამში - 1 823.76 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბაჟო დეკლარაციები (ს.ფ. 154; 220);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7.ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- ხანძრის შედეგად დაზიანებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მომართვა, ცნობა, ფოტოსურათები (ს.ფ.180-184);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს ფორდ F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1----------------, 2015 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’ მისი საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 2012 წლის 30 მაისის მემორანდუმის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები მარკა-მოდელი - ფორდ F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- და მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1----------------, შპს ,,ს------------------–--’’-ისგან შეძენილია შპს ,,ალფა ტ------–----------’’-ის მიერ. აღნიშნული კომპანიის მიერ ავტომობილები გამოიგზავნა საქართველოში მოსარჩელე შპს ,,ალფა ჰოლდინგი საქართველო’’-სთვის საკუთრებაში გადასაცემად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო გარემოებას წარმოადგენს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, ავტომობილები წარმოადგენენ მოსარჩელის თუ მოპასუხის საკუთრებას. ფაქტის დადგენის მიზნით სასამართლო უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად აფასებს როგორც წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, ასევე მოწმეთა ჩვენებს:

 

1. დადგენილია, რომ შპს ,,ალ------------–----ი’’-ს მიერ კომპანია ,,V-----------’’-ისათვის გადახდილია ავტომობილის Ford F-150-ის გადაზიდვის ღირებულება - 900 აშშ და 660 აშშ დოლარი და Chevy-ს მარკის ავტომობილის გადაზიდვის ღირებულება 600 აშშ დოლარი (3.1.2.);

2. საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,ალ------------–----ი ინკ’’-ის დირექტორის მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს გაცემული ოფიციალური შეტყობინება (ს.ფ. 216) რომლის თანახმადაც, განმარტებულია, რომ 2012 წლის 30 მაისის მემორანდუმის საფუძველზე შპს ,,ალ------------–----ი ინკ’’-ის მიერ შპს ,,ს------------------–--’’-ისგან შეძენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებები: მარკა-მოდელი - ფორდ F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- და მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1----------------. აღნიშნული შეტყობინების თანახმად, ავტომობილები უნდა გამხდარიყო შპს ,,ალ------------–----ი ინკ’’-ის საკუთრება, თუმცა კომპანიის გადაწყვეტილებით ეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაიგზავნა საქართველოში შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროებისთვის, რომლის შემდეგაც ერთადერთი მესაკუთრე უნდა გამხდარიყო შპს ,,ალფა ჰოლდინგი საქართველო’’. აღნიშნული შეტყობინებით ასევე განმარტებულია, რომ სატრანსპორტო საშუალების ღირებულების სრული თანხა გადახდილი და გადარიცხულია შპს ,,ალფა ტ------–----------’’-ის მიერ. მითითებულ შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსპორტირების დოკუმენტები მომზადებულია შპს ,,ალფა ტ------–----------’’-ის მიერ რაჯნიშ ჯუმარ ბ-------------–--ას სახელზე, რადგან იყო შპს ,,ალ---------–-----------------–--’’-ს დირექტორის ერთადერთი წარმომადგენელი და მინდობილი პირი გაცემული მინდობილობის საფუძველზე და კომპანია დარწმუნებული იყო, რომ ის უზრუნველყოფდა ყველა სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელებას გამოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სახელზე და საკუთრებაში გადასაფორმებლად;

3. წარმოდგენილი ავტომობილების გადამზიდავის და მოპასუხის მიმოწერების თანახმად (ს.ფ. 57-75) 2015 წლის 13 ივლისს მოპასუხეს გადამზიდავისთვის თავადვე აქვს მიწერილი, რომ გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები მომზადდება შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სასარგებლოდ (იხ. ს.ფ. 75);

4. მოწმეთა ჩვენებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს ფორდ F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1----------------, 2015 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’ მისი საჭიროებებიდან გამომდინარე;

5. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----–------------ა, რომელიც ავტომობილების ჩამოყვანის პერიოდიდან დღემდე დასაქმებულია შპს ,,ალ---------–-----------------–--’’-ში პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე, განმარტა, რომ მოპასუხე როგორც მისი უშუალო უფროსი, მოქმედებდა კომპანიის დირექტორის სახელით და მისგან მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მეორე ავტომობილს მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1----------------, ფლობდა მოპასუხე და იყენებდა კომპანიის საჭიროებისათვის;

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------ს, რომელიც 2015-2016 წლებში მუშაობდა შპს ,,ალ---------–-----------------–--’’-ში, განმარტებით კომპანიას ესაჭიროებოდა მანქანები ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად, რის გამოც თანამშრომლები იყენებდნენ საკუთარ ავტომობილებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის მოპასუხისგან ცნობილი იყო, რომ კომპანია დაახლოებით 2015 წლის ოქტომბრის თვისათვის ელოდებოდა ორი მანქანის ჩამოსვლას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული მანქანების ჩამოსვლის შემდეგ მათი შენახვის ყოველდღიურ ხარჯს (მაგ.საწვავი) იღებდა შპს ,,ალ---------–-----------------–--’’.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის სტანდარტით შეფასებისას, ქმნის მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენის და სადავო ავტომობილების მოსარჩელის საკუთრებად მიჩნევის საფუძველს.

 

ამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებას ადასტურებს კონოსამენტში მითითებული მისი სახელი და გვარი. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო უპირველესად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმადაც სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. მოპასუხის მიერ კი წარმოდგენილია არასახელმწიფო ენაზე შედგენილი დოკუმენტები (ს.ფ.117-118), რასაც სასამართლო ვერ მიანიჭებს მტკიცებულების ძალას. თუმცა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაზიარების შემთხვევაშიც კი, სასამართლო მიუთითებს, რომ კონოსამენტი არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს, შესაბამისად, მოპასუხის მითითება მიმღებ პირად, არ გულისხმობს ნივთზე უპირობოდ მისი საკუთრების უფლებას, მით უფრო, როდესაც უდავოა მისი ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება მესამე პირებთან შპს ,,ალ---------–-----------------–--’’-ს სახელით მოქმედებისას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონე სათანადო მტკიცებულებად ასევე ვერ მიიჩნევა წარმოდგენილი ამონაწერი ავტომობილის ჯარიმის თაობაზე (ს.ფ.298) და მოპასუხის მოწმის - ჰ------------------------ს განმარტება იმის თაობაზე, რომ მისთვის, როგორც მოპასუხის მეგობრისთვის ცნობილი იყო მოპასუხის სურვილი ავტომობილის შეძენის თაობაზე.

 

ფაქტის დადგენის კუთხით სასამართლო ასევე აფასებს იმ გარემოებას, რომ სადავო ავტომობილების განბაჟების და მოპასუხის მიერ საგადასახადო დეკლარაციების შევსების დღეს - 2015 წლის 20 ნოემბერს, შპს ,,ა-–--------–-----------------–ოს’’ ანგარიშიდან გატანილია თანხა - 6 964 ლარის ოდენობით. სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს მინდობილობით ჰქონდა მინიჭებული მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის უფლებამოსილება, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები პირდაპირ არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თანხა ანგარიშიდან გატანილია უცილობლად მოპასუხის მიერ და სწორედ ეს თანხაა გადახდილი ავტომობილების განსაბაჟებლად. საგადასახადო დეკლარაციების შევსების დღეს მოსარჩელის ანგარიშიდან მოპასუხის მიერ თანხის გატანის ფაქტი საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში აძლიერებს სასამართლოს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ ავტომობილები ეკუთვნოდა მოსარჩელეს და რეგისტრაციის ხარჯიც გაღებულია მის მიერ. თუმცა სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ავტომობილის მესაკუთრესთან მიმართებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არსებითად ემყარება არა ამ კონკრეტულ ფაქტს, არამედ ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოფიციალური შეტყობინება (ს.ფ. 216);

- მხარეთა მიმოწერა (ს.ფ. 57-75);

- მოწმეთა ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. შპს ,,ალფა ტ------–----------’’-ის მიერ მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადასაცემი ავტომობილის მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- შესაძენად გადახდილია 11 070 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასტურად წარმოდგენილი აქვს მემორანდუმზე დართული ცხრილი (ს.ფ. 43-46). აღნიშნული მტკიცებულებაც შესრულებულია არასახელმწიფო ენაზე, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს აღნიშნულ მტკიცებულებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ავტომობილის ღირებულება, მეტიც, იგი დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ სადავო ავტომობილის ღირებულება ნამდვილად 11 070 აშშ დოლარია, რაც განაპირობებს სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ალ---------–-----------------–--’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 712-ე, 317-ე, 976-ე, 977-ე, 979-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 712-ე მუხლის თანახმად, რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს მიერ მოპასუხეზე გაიცა ზოგადი მინდობილობა, რომლითაც მას მიენიჭა მესამე პირებთან კომპანიის სახელით მოქმედების უფლებამოსილებები. შესაბამისად უშუალოდ მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება.

 

უდავოა, რომ სადავო ავტომობილები აღრიცხულია მოპასუხის საკუთრებად, თუმცა დადგენილია, რომ სადავო ავტომობილები წარმოადგენდა არა მოპასუხის, არამედ უშუალოდ მოსარჩელე კომპანიის საკუთრებას. კერძოდ, დადგენილია, რომ 2012 წლის 30 მაისის მემორანდუმის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები მარკა-მოდელი - ფორდ F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- და მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1----------------, შპს ,,ს------------------–--’’-ისგან შეძენილია შპს ,,ალფა ტ------–----------’’-ის მიერ. აღნიშნული კომპანიის მიერ ავტომობილები გამოიგზავნა საქართველოში მოსარჩელე შპს ,,ალფა ჰოლდინგი საქართველო’’-სთვის საკუთრებაში გადასაცემად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს სწორედ მოპასუხის მხრიდან დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად მის უსაფუძვლო გამდიდრებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

ამავე კოდექსის 977-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანაკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)

 

გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომაროების გამო, ან თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც დადგენილია, რომ სახეზეა მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია მოსარჩელის ქმედებამ, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, არის უკანონო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა სსიპ მომსახურების სააგენტოში ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა-მოდელი - ფორდ F-150, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1----------------, მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა-მოდელი - შევროლე მალიბუ, საიდენტიფიკაციო ნომრით - 1---------------- წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას. ასევე უდავოა, რომ მის შესაძენად გადახდილია თანხა - 11 070 აშშ დოლარის ოდენობით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა ასევე განაპირობებს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ აღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამასთან, ის ფაქტი, რომ ავტომობილი ხანძრის შედეგად დაზიანებულია, არ გულისხმობს მას, რომ სახეზე არ გვაქვს მოპასუხის გამდიდრების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში უდავოა ქონების გადაცემისას - ავტომობილის საკუთრებაში რეგისტრაციისას მოპასუხის გამდიდრების ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1 266 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია 100 ლარი (ს.ფ.97-98). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 266 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სარჩელი რ-----–-------- ბ-------------–--ას მიმართ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკა/მოდელი - ფორდ F-150, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი - 1----------------, რეგისტრაციის მოწმობა - A--------, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდეს შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს საკუთრების უფლება;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე რ-----–-------- ბ-------------–--ას მოსარჩელე შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სასარგებლოდ 11 070 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;

 

2. რ-----–-------- ბ-------------–--ას მოსარჩელე შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 266 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოსარჩელე შპს ,,ა-–--------–-----------------–ო’’-ს დაუბრუნდეს ხ------------ას მიერ სს ,,თიბისი ბანკი’’-ში 12.06.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი (ბანკის კოდი:TRESGE22, საგადასახადო დავალება #0);

 

4. ძალაში დარჩეს საქმეზე 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია