გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
160210017002214344
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017002214344

N2/1202-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 ივნისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“

წარმომადგენელი - თა-----------ი

მოპასუხეები: მა--------–------ი, აბ--–---–------ა, სე--------–---ი, რუ------–------ა, ტუ--------------ა

წარმომადგენელი - ომ----------------–---ი

მოპასუხე - ბა----–------ი

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბა----–------ის, მა--------–------ის, აბ--–---–------ას, სე--------–---ისა და რუ------–------ასათვის სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 12 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 115,04 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 6700 აშშ დოლარი, პროცენტი - 2261,75 აშშ დოლარი, დაზღვევა - 162,20 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 991,09 აშშ დოლარი.

 

1.2. ბა----–------ისათვის მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 12 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7817,50 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5335,75 ლარი, სარგებელი - 967,65 ლარი, დაზღვევა - 106,31 ლარი, ჯარიმა - 1407,79 ლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-18).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 12 სექტემბერს, მოსარჩელესა და ბა----–------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 7000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველთვიური 2,38%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. სესხის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლი განსაზღვრავს რა წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას: ხელშეკრულების 7.1. პუნქტის შესაბამისად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა", ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად - "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება".

 

მსესხებელს ჰყავს თავდებები, კერძოდ მა--------–------ი, აბ--–---–------ა, სე--------–---ი, რუ------–------ა და ტუ--------------ა, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს სესხის ძირითად თანხაზე მაქსიმუმ 7000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე მაქსიმუმ 300 აშშ დოლარზე და სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 300 აშშ დოლარზე, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 18 აგვისტოს შემდგომ. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება და არ შეუსრულებიათ ვალდებულება.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 10 115,04 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6700 აშშ დოლარი, პროცენტი - 2261,75 აშშ დოლარი, დაზღვევა - 162,20 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 991,09 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 12 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხე ბა----–------ს შორის დაიდო ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 2210 აშშ დოლარი, სარგებელი - 2,52% თვეში. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო დღეებზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ხელშეკრულების 4.2. მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. მსესხებელმა გამოიყენა განვადების ბარათი და 2017 წლის 17 თებერვალს წარმოეშვა 2667 ლარის მოცულობის სესხი, 2017 წლის 20 თებერვალს - 2052 ლარის მოცულობის სესხი, 2017 წლის 06 მარტს - 616,75 ლარის მოცულობის სესხი. აღნიშნულ სესხებზე მოპასუხე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 18 აგვისტოს შემდეგ.

 

დღეის მდგომარეობით, ბა----–------ის დავალიანება 2016 წლის 12 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7817,50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5335,75 ლარი, სარგებელი - 967,65 ლარი, დაზღვევა - 106,31 ლარი, ჯარიმა - 1407,79 ლარი

 

2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“ (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-18).

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 147-159).

 

2018 წლის 07 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილში, რაც ჯამში შეადგენს 8961,75 აშშ დოლარს. 2018 წლის 07 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ბა----–------მა მის მიმართ არსებულ ინდივიდუალურ დავალიანებაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილში, რაც ჯამში შეადგენს 6303,40 ლარს. მოპასუხეთა განმარტებით, დარიცხული ჯარიმა არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვეს მისი შემცირება, რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევის თანხას, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მის მიერ სიცოცხლის დაზღვევისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. 07.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი ).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 12 სექტემბერს, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა" და ბა----–------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 7000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველთვიური 2,38%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.09.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.09.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.09.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);

- დაზღვევის ხელშეკრულებები და შეთანხმებები (ს.ფ. 24-46).

 

3.1.4. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.09.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);

 

3.1.5. სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა“ და ბა----–------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მა--------–------ს, აბ--–---–------ას, სე--------–---ს, რუ------–------ასა და ტუ--------------თან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით. თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს სესხის ძირითადი თანხაზე მაქსიმუმ 7000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე მაქსიმუმ 300 აშშ დოლარზე და სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 300 აშშ დოლარზე, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 47-56);

 

3.1.6. 2016 წლის 12 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე მოპასუხეები უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფებიან 2017 წლის 18 აგვისტოს შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 58-69);

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 57);

 

3.1.7. 2016 წლის 12 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხე ბა----–------ს შორის დაიდო ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 2210 აშშ დოლარი, სარგებელი - 2,52% თვეში.

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო დღეებზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

 

მსესხებელმა გამოიყენა განვადების ბარათი და მას მთლიანობაში წარმოეშვა 5335,75 ლარის მოცულობის სესხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.10.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 72-78);

 

3.1.8. 2016 წლის 12 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე ბა----–------ი უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 18 სექტემბრის შემდგომ. მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 67-69);

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 79-81);

 

3.1.9. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 82-83).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 12 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ----------ის“ მიმართ შეადგენს 10 115,04 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6700 აშშ დოლარი, პროცენტი - 2261,75 აშშ დოლარი, დაზღვევა - 162,20 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 991,09 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 07.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 70).

 

3.2.2. 2016 წლის 12 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბა----–------ის დავალიანება შეადგენს 7817,50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5335,75 ლარი, სარგებელი - 967,65 ლარი, დაზღვევა - 106,31 ლარი, ჯარიმა - 1407,79 ლარი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 07.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 70).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,კრ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სესხის ხელშეკრულების ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილისა და პროცენტის მსესხებელის და სოლიდარული თავდებებისთვის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს შემცირება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 416-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 623-ე, 625-ე, 799-ე, 806-ე, 815-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს ბა----–------მა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსგან” ისესხა 7000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 2,38%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, მანვე 2016 წლის 12 სექტემბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან“ გააფორმა ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 2210 აშშ დოლარი, სარგებელი - 2,52 თვეში. აღნიშული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბა----–------ს მთლიანობაში წარმოეშვა 5335,75 ლარის მოცულობის სესხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელი ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 18 აგვისტოდან მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.

 

მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ბა----–------ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლისა და საკომისიოს თანხის დაკისრების საფუძველია. ასევე მოპასუხე ბა----–------ს უნდა დაეკისროს ინდივიდუალური სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის, საკომისიოსა და დაზღვევის თანხის გადახდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 991,09 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 40%-მდე და მოპასუხეებს სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 396,43 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე 40%-ამდე უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება ბა----–------ის ინდივიდუალურ სესხზე და მას სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 563,11 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 1407,79 ლარისა.

 

6.3. სს ,,კრ----------ი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მა--------–------მა, აბ--–---–------ამ, სე--------–---მა, რუ------–------ამ და ტუ--------------ამ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 10300 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 94%, ხოლო მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მათ მიერ სარჩელის ცნობა შეადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 88%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროთ 38,84 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 712,26 ლარის ოდენობით. ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხე ბა----–------ის მიმართ არსებული ინდივიდუალური დავალიანების დაკისრების მოთხოვნით, ხოლო მოთხოვნას ნაწილობრივ ცნობდა მოპასუხე ბა----–------ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 187,62 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ბა----–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 18,76 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის განახლებისა და სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი იქნა 128 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 128 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს აბ--–---–------ას (პ/ნ 10001065834), ბა----–------ს (პ/ნ 10001049906) და ტუ--------------ას (პ/ნ 10001069385) აეკრძალათ მათ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ბოლნისის რაიონი, სოფელი სავანეთი, ს/კ 80.04.62.199) გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა. ასევე მოპასუხე სე--------–---ს (პ/ნ 10001040459) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ბოლნისის რაიონი, სოფელი სავანეთი, ს/კ 80.04.62.247, ს/კ 80.04.65.547, ს/კ 80.04.62.135) გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად სე--------–---ს, აბ--–---–------ას, ბა----–------სა და ტუ--------------ას სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ბა----–------ს, მა--------–------ს, აბ--–---–------ას, სე--------–---ს, რუ------–------ასა და ტუ--------------ას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 9520,38 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6700 აშშ დოლარი, პროცენტი - 2261,75 აშშ დოლარი; დაზღვევა - 162,20 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 396,43 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხე ბა----–------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 6972,82 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5335,75 ლარი, პროცენტი - 967,65 ლარი, დაზღვევა - 106,31 ლარი, პირგასამტეხლო - 563,11 ლარი.

 

4. მოპასუხეებს ბა----–------ს, მა--------–------ს, აბ--–---–------ას, სე--------–---ს, რუ------–------ასა და ტუ--------------ას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 88,84 ლარის ოდენობით.

 

5. მოპასუხე ბა----–------ს, მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 18,76 ლარის ოდენობით.

 

6. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს“, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2017 წლის 12 დეკემბერს 809,39 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 712,26 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,კრ----------ი“, ბანკის კოდი - JSCRGE22, სახაზინო კოდი - 300093150 (2017 წლის 12 დეკემბრის N48459 საგადახდო დავალება).

 

7. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის 2017 წლის 12 დეკემბერს 234,53 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 187,62 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,კრ----------ი“, ბანკის კოდი - JSCRGE22, სახაზინო კოდი - 300093150 (2017 წლის 12 დეკემბრის N48460 საგადახდო დავალება).

 

8. მოპასუხეებს ბა----–------ს, მა--------–------ს, აბ--–---–------ას, სე--------–---ს, რუ------–------ასა და ტუ--------------ას, მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 128 ლარის ოდენობით.

 

9. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე