გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1067-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.11.2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ჩიქოვანი
მოსარჩელე შპს რ----------–---–ი
წარმომადგენელი იოსებ ნიკოლაიშვილი
მოპასუხეები ზ------ ო-----–---–ი
ანა მ-------ე
წარმომადგენლები ქეთევან მიროტაძე
ლელა გოძიაშვილი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – შპს ჯ---------------------------------ი”
წარმომადგენელი იოსებ ნიკოლაიშვილი
დავის საგანი: დასაქმებულებისათვის ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ------ ო-----–---–ის და ანა მ-------ისათვის ზიანის ასანაზღაურებლად 14 596,69 ლარის დაკისრება;
მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილი „რანაულტი“ სახ ნომერი F------ შპს „ჯ---------------------------------თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მოსარჩელეს. მოპასუხეები მუშაობდნენ შპს „რ----------–---–ში“. ანა მ-------ეს სამსახურებრივი საჭიროებისათვის გადაეცა ეს ავტომობილი “ავტომობილის საგზურის ფურცლის” საფუძველზე. მას არ ჰქონდა ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემის უფლება, რასაც იგი ადასტურებს დამსაქმებლის მიმართ შედგენილ მისივე ახსნა-განმარტებაში. მიუხედავად ამისა, 2015 წლის 12 აპრილს ავტომობილი გადასცა სხვა თანამშრომელს ზ------ ო-----–---–ს, რომელიც 2015 წლის 13 აპრილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მას და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევაა. ავტომობილი დაზიანების გამო გამოუსაეგარია და მისი შემდეგომი ექსპლოატაცია შეუძლებელია. შპს პარაგონის დასკვნით ზიანის ოდენობაა 6100 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 14 596.69 ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხე ანა მ-------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რო იგი მუშაობდა სერვის ცენტრის მენეჯერად და სადაო ავტომობილის გარდა სერვის ცენტრს სხვა ავტომობილებიც ჰყავდა. ყველა ავტომობილი სერვის ცენტრის საჭიროების გამო გამოიეყენებოდა სხვადასხვა თ----–------–---- მიერ და პირადი საჭიროებისათვის არცერთი ავტომობილი არ გადასცემია. ავტომობილის საგზურის ფურცელი მისთვის ავტომობილის გადაცემას არ ადასტურებს, გაურკვეველია როდის არის შევსებული საგზური, ხოლო ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
ზ------ ო-----–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ბრალეული ქმედებით დაზიანდა ავტომობილი, რაც მოსარჩელისთავის ზიანი ანაზღაურების დაკისრების საკმარისი საფუძველი არ არის. მოსარჩელე სადაო ავტომობილის მესაკუთრე არ არის, მას გადაცემული ჰქონდა იჯარით, შესაბამისად მას უშულოდ ზიანი არ განუცდია. მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მაშინ ექნებოდა, თუ იგი აუნაზღაურებდა ზიანს მესაკუთრეს ან მესაკუთრეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა მოპასუხის მიმართ. ამასთან, ეს მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მართალია მოპასუხემ შპს ჯ---------------------------------ს აუნაზღაურა ზიანი, მაგრამ თანხა გადახდილია 2018 წლის 16 ნოემბერს. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ზ------ ო-----–---–ის წარმომადგენლის განმარტება 20.11.2018 სხდომის ოქმი, საპაექრო სიტყვა. CD დისკი)
მესამე პირის პოზიცია
შპს ჯ---------------------------------ი დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა შპს რ----------–---–ის თ----–------–---- გაუფრთხილებელი ქმედების გამო, ხოლო რ----------–---–მა აუნაზღაურა ზიანი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების „რენაულტი“ სახ ნომერი F------ მესაკუთრეა შპს „ჯ---------------------------------ი“. შპს რ----------–---–ს ავტომობილი სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა 2015 წლის 1 იანვარს დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 1 წლის ვადით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, დამკვეთი (შპს რ----------–---–ი) ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი და გონივრული ზომა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. დამკვეთის მიზეზით (განზრახი/გაუფრთხილებლობით) გამოწვეული ავტომანქანების დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ასეთი დაზიანება თავისი ხარჯით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
– მომსახურების ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 49-52. ტომი 1)
– ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი (ს.ფ. 40. ტომი 1)
3.1.2. 2015 წლის 15 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილი „რენაულტი“ სახ ნომერი F------. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვა ზ------ ო-----–---–ის მიერ ავტომობილის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევამ. ავტომობილს მოპასუხე მართავდა არასამუშაო დროს, არასამსახურებრივი დანიშნულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
– სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
– შესაგებელი (ს.ფ. 142-146. ტომი 1)
– საპაექრო სიტყვა (20.11.2018წ სხდომის ოქმი)
3.1.3. ავტომობილის დაზიანების დროს შპს რ----------–---–თან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ზ------ ო-----–---–ი დასაქმებული იყო შპს რ----------–---–ში კორპორაციული აღმრიცხველის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
– შრომის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-24. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ანა მ-------ეს საგზაო ფურცლის და შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ავტომობილი არ გადასცემია სამართავად და სარგებლობისათვის და შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამ ქონებაზე.
შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ანა მ-------ე დასაქმებული იყო მენეჯერულ თანამდებობაზე, იგი იყო სერვის ცენტრის უფროსი და მის მოვალეობა იყო სერვის ცენტრის მუშაობის ორგანიზაციული ხელმძღვანელობა.
ანა მ-------ის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველია ის ფაქტი, რომ მას სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული ჰქონდა ავტომობილი და ეკრძალებოდა საზოგადოების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე სხვა პირისათვის გადაცემა. მოპასუხის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ მტკიცებულებად მოსარჩელემ მიუთითა საგზურის ფურცელი, ასევე ანა მ-------ის მიერ დამსაქმებლის წინაშე შედგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება.
საქმეში წარმოდგენილია ავტომობილის საგზურის ფურცელი N1242. საგზურის თარიღია 2015 წლის 1-30 აპრილი. საგზურის ფურცელი გაცემულია ავტომობილზე რენო ლოგან სახ ნომერი F------. მძღოლად მითითებულია მ-------ე.
საგზურის ფურცლის პირველ გვერდზე გრაფაში „დავალება მძღოლს“ მითითებულია, რომ ავტომობილი არის შპს „რ----------–---–ის“ განკარგულებაში. მისვლის მისამართია სერვის ცენტრი. გარაჟიდან გასვლის დროა 9:00 საათი, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. ამ გრაფაში მითითებულია, რომ 13 აპრილს ავტომანქანა მოჰყვა ავარიაში. საგზურში მითითებულია, რომ ავტომობილი ტექნიკურად გამართულია, სპიდომეტრის ჩვენებაა 25597. საგზური შეიცავს გრაფას – უფლებას ვაძლევ გავიდეს, სადაც აღნიშნულია მექანიკოსის ხელმოწერა. გრაფაში „ავტომობილი ჩავიბარე ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში“ მითითებულია მძღოლის ხელმოწერის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, ამ გრაფაში არის ანა მ-------ის ხელმოწერა.
საგზურის ფურცლის პირველ გვერდზე მითითებულია საწვავის ტიპი – ბენზინი. საგზური შეიცავს გრაფებს საწვავის მოძრაობა და რაოდენობა. საწვავის მოძრაობის გრაფაში გათვალისწინებულია ჩანაწერი - გაიცა მიმართვის ფურცლით N, რაც შეუვსებელია, ხოლო საწვავის რაოდენობაში მითითებულია 100. გრაფაში ნაშთი გასვლისას მითითებულია 1.5. არ არის შევსებული გრაფები: დაბრუნებისას ხარჯვა ნორმით, ფაქტიურად, ეკონომია, გადახარჯვა, ავტობილი მიიღო გარაჟში დაბრუნებისას, სპიდომეტრის ჩვენება.
ანა მ-------ის ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 12 აპრილს აღდგომის დღეს, ავტომობილი მისცა ზ------ ო-----–---–ს, რათა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა გაეჩერებინა საკუთარ სახლში 2015 წლის 14 აპრილამდე, სამუშაო დღის დაწყებამდე. ასევე ჰქონდა მითითება, რომ მანქანით არ ესარგებლა არასამუშაო დღეებში. ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული მის კურატორ დირექტორთან და არც GWP-ის შესაბამის სამსახურთან. 2015 წლის 13 აპრილს საღამოს 10:00 საათზე მძღოლის თემურ თვალაბეიშვილისაგან შეიტყო რომ ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა და მას მართავდა ნასვამ მდგომარებაში მყოფი ზ------ ო-----–---–ი. ანა მ-------ისათვის ახსნა-განმარტება ჩამორთმეულია 2016 წლის 1 აპრილს. ავტოსაგზაო შემთხვევიდან თითქმის 1 წლის შემდეგ.
ავტომობილის საგზურის ფურცლის საფუძველზე ანა მ-------ის პასუხისმგებლობის წარმოშობის საკითხის დასადგენად პირველ ყოვლისა უნდა შეფასდეს თავად ამ დოკუმენტის შინაარსი, რა მიზნით ფორმდება ავტომობილის საგზურის ფურცელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დამტკიცებულია ?????????? ???????????? ??????????? ??????? ??????????? (??????????????, ??????????? ?? ????) ????????? ???????? ????????? ???????????? ??????????? ?????“ . ამ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, 1. ამ მუხლის შესაბამისად დოკუმენტების შექმნის (რეგისტრების წარმოების) მიზანია დოკუმენტურად დადასტურდეს, რომ წესების დაცვით შეძენილი და გახარჯული საწვავის რაოდენობა უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. 2. გადასახადის გადამხდელს შეუძლია თავის სააღრიცხვო პოლიტიკაში გაითვალისწინოს „საგზაო ფურცლის” შემოღება, რომელიც იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალების/სპეციალური ტექნიკის კონკრეტულ ერთეულზე გაწერილი დოკუმენტი, და რომლის მიხედვითაც მოხდება კონკრეტული სატრანსპორტო ერთეულის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის (შესრულებული სამუშაოების) აღრიცხვა. 3. გადასახადის გადამხდელმა საკუთარ ბალანსზე ან/და იჯარის, ლიზინგის და სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული და ეკონომიკურ საქმიანობისათვის გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის დასადასტურებლად უნდა აწარმოოს – ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილის რეესტრი წარმოდგენილი სახით ან სხვა ფორმით და პერიდულობით. ამასთან, ოდომეტრის ჩვენება დაფიქსირებული უნდა იქნეს არანაკლებ თვეში ერთხელ. სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, რომელზეც საწვავის ხარჯი განისაზღვრება ნამუშევარი დროის ან/და შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ოდომეტრის მაჩვენებლების ფიქსაცია სავალდებულო არ არის.
ამ ნორმის სათაურია ????????? ???????? ?????????? ???????????? ??????????? ??????????? . შესაბამისად, ამ ნორმის მიხედვთი, ავტომობილის საგზურის ფურცელი არის დოკუმენტი, რომლის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ავტომობილის სარგებლობისას საწვავის ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურება.
ამ ბრძანების 1-ლი მუხლის მიხედვით, 1. მოცემული წესის მიზანია განსაზღვროს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (მათ შორის სპეციალური დანიშნულების მანქანებზე – სატვირთო, ამწე, ბეტონის სარევ, ბეტონის გადასატუმბ, გზის დასუფთავების, აგრეთვე ავტოსატვირთველების, ავტოგრეიდერების, ბულდოზერების, ექსკავატორების, გენერატორების, გათბობის სისტემების და სხვა) მოხმარებული (გახარჯული) საწვავის ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის აუცილებელი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების დოკუმენტურად დადასტურების საშუალებები. 2. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას ??????????? ???????????? ???????? 136-? ?????? მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულია სრულად აღრიცხოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაცია. 3. ერთობლივი შემოსავლიდან საწვავის ხარჯის გამოსაქვითად აუცილებელი პირობაა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილ იქნეს ქვემოთ მოყვანილი პირობების დაცვა და მისი დოკუმენტურად დადასტურება, კერძოდ: ა) საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა; ბ) საწვავის შესაბამის ძირითად საშუალებაზე გაცემის დადასტურება; გ) შეძენილი და გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება.
ამდენად, ამ ბრძანების მე-4 მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელმა საკუთარ ბალანსზე ან/და იჯარის, ლიზინგის და სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის დასადასტურებლად უნდა აწარმოოს – ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილის რეესტრი წარმოდგენილი სახით ან სხვა ფორმით და პერიდულობით. გადასახადის გადამხდელს შეუძლია თავსი სააღრიცხვო პოლიტიკაში გაითვალისწინოს საგზაო ფურცელი, რომლითაც კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დროს დახარჯული საწვავი დოკუმენტურად აღირიცხება.
ამდენად, ავტომობილის საგზურის ფურცელი არის ბუღალტრული დოკუმენტი, რომლის მიზანია აღირიცხოს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის შედეგად დახარჯული საწვავის რაოდენობა. ამ დოკუმენტის გამოყენება საჭიროა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დაბეგვრის მიზნებისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილი ამ დოკუმენტის საფუძველზე გადაეცა ანა მ-------ეს და მას ეკრძალებოდა სხვისთვის გადაცემა. ანა მ-------ესა და შპს რ----------–---–ს შორის დადებული შრომის ხელშეკრულებით მოპასუხე დასაქმებული იყო სერვის-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე.
სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, მისი უშუალო უფროსია სერგო ბაღდასაროვი. მისი მოვალეობაა სერვის ცენტრის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება, კონტროლი კომერციული ციკლის შესაბამისად, სერვის ცენტრის ფუნქციონირების კონტროლი, მოხმარებული წყლის აღრიცხვიანობის ხარისხის კონტროლი, დარიცხვების დაგეგმარებისათვის წინადებების მომზადება, შემოსავლების დაგეგმვის წინადადებების მომზადება, დავალიანების მქონე მომხმარებლის ჩაჭრა-აღდეგის დაგეგმვა და კონტროლი, აღრიცხვის კვანძის მონტაჟის ორგანიზება, დარიცხვა-შემოსავლების გაზრდის კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა, დავალიანებების მქონე მომხმარებლებთან მიმართებაში შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება-კონტროლი, ახალი მომხმარებლების მოძიებაზე კონტროლი, როგორც საყოფაცხოვრებო ისე არასაყოფაცხოვრებო სექტორში, შემოსული კორესპონდენციების განხილვა, დამუშავება და რეაგირებაზე კონტროლი; სერვის ცენტრის შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების წარდგენა, დადგენილ ვადებში დაკისრებული მოვალეობების შესრულება, მის ხელთ არსებული კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა; ეკრძალება მოქმედებით ან უმოქმედობით კომპანიის თანამშრომლებთან ან მესამე პირებთან კორუფციულ გარიგებებში შესვლა; პასუხისმგებელია მის ხელთ არსებული კომპანიის კუთვნილი ინვენტარის დაზიანებაზე და/ან დაკარგვაზე, ასევე მის მიზნობრივ გამოყენებაზე.
ამდენად, თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, სერვის ცენტრის უფროსი პასუხისმგებელია მის ხელთ არსებული კომპანიის კუთვნილი ინვენტარის დაზიანებაზე და მის მიზნობრივ გამოყენებაზე. შესაბამისად, სერვის ცენტრის უფროსს ეკისრებოდა მისთვის გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა. დავის გადაწყვეტისათვის უმნიშნელოვანესია იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ავტომობილი გადაცემული ანა მ-------ეს პირადად, მხოლოდ მისი სამსახურებრივი სარგებლობისათვის. ნორმატიული აქტით განსაზღვრულია, რომ ავტომობილის საგზურის ფურცლის დანიშნულებაა აღირიცხოს დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკრეტული ავტომობილით მოძრაობის დროს დახარჯული საწვავის რაოდენობა, რის გამოც სადაო საგზურის ფურცლის მიზანია 2015 წლის აპრილის თვეში სადაო ავტომობილზე დახარჯული საწვავის რაოდენობის აღრიცხვა.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია შპს რ----------–---–ის შინაგანაწესი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დამსაქმებლის მიერ დადგენილია წესი, რომლის მიხედვით, დამსაქმებლის კუთვნილი ავტომობილის დასაქმებულისთვის გადაცემის შესახებ ფორმდებოდა საგზურის ფურცელი და მოსარჩელეს, როგორც სერვის ცენტრის უფროსს ეკრძალებოდა სხვა დასაქმებულისთვის სამართავად გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
– ხელშეკრულების ასლი (ს.ფ.15-22. ტომი 1 )
– საგზურის ფურცელი
– ახსნა-განმარტების ასლი (ს.ფ. 26-27. ტომი 1)
– თანამდებობრივი ინსტრუქცია(ს.ფ. 131-133. ტომი 1)
3.2.2. 2015 წლის 13 აპრილს თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილი გზის 41-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ავტომობილის „რენაულტი“ სახ ნომერი F------. აღდგენა, მის ექსპლოატაცია შესაძლებელი არ არის, ხოლო მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის თანხაა 15 000 ლარი.
მოსარჩელის მიერ ავტომობილის დაზიანების ხარჯების შესახებ წარმოდგენილია ორი მტკიცებულება: შპს „პელაგონის“ დასკვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნა, ხოლო ზიანის თანხა მოთხოვნილია შპს „პელაგონის“ დასკვნის საფუძველზე.
შპს „პელაგონის“ დასკვნა შედგენილია 2016 წლის 7 მარტს. შემფასებლის პეტრე ეპიტაშვილის მიერ შეფასებულია ავტომობილი „რენაულტი“ სახ ნომერი F------. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტომობილს აღენიშნება ტოტალური ზიანი. შესაბამისად, ზიანის დასადგენად გამოყენებული იქნა გაყიდვების შედარების მეთოდი, რთა განსაზღვრულიყო ის დაზიანებამდელი ღირებულება. ტოტალური ზიანი გულისხმობს ისეთ ზიანს, რა შემთხვევაშიც აქტივის ნარჩენ ღირებულებას დამატებული შერემონტების ხარჯი აჭარბებს პირვანდელ მდგომარეობაში არსებული აქტივის საბაზრო ღირებულებას. შეფასების მიხედვით, აღნიშნული აქტივის საბაზრო ღირებულება ავტოსაგზაო შემთხვევაში მდგომარეობით არის 6 600 აშშ დოლარი, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება არსებული მდგომარეობით როგორც დაზიანებულისა, არის დაახლოებით 500 აშშ დოლარი. დასკვნაში მითითებულია, რომ შესაფასებელი ობიექტი ადგილზე შემოწმდა 2016 წლის 5 მარტს. შემფასებელს არ ჩაუტარებია ავტომობილის რაიმე სახის დიაგოსტიკური დათვალიერება. შეფასება დაწერილია იმ დაშვებით, რომ ავტომობილს არ გააჩნდა რაიმე სახის გაუმართაობა მის დაზიანებამდე და მისი მდგომარეობა იყო შესაბამისი მსგავსი გარბენისა და ასაკის ავტომობილისა. დასკვნაში ჩართულია სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე არსებული ინფორმაცია მსგავსი ავტომობილის გასხვისების წინადადების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს 2015 წლის 6 მაისის დასკვნის მიხედვით, ავტომობილს „რენაულტი“ სახ ნომერი F------ დეფორმირებული, დამტვრეული და დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა, წინა ორვე ფრთა, წინა ორივე გვერდული და ლანჯერონი, ძრავის სახურავი, წინა ბამპერი სამაგრებით, წინა ძელი, წინა მოპირკეთება, წინა მაშუქები, წინა პანელი, წინა საკიდარის მარცხენა მხარე, სტაბილიზაციის ძელი, ძრავის სექციის ცალკეული დეტალები, ტრავერსი, აირბალიშები, წინა მარცხენა საყრდენი, წინა მარცხენა კარნიზი, წინა მარცხენა კარი. დაზიანებების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია. საავტომობილო ბაზარზე ანალოგიური მარკის ავტომობილების საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე ექსპლოატაცაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 23 000 ლარს, ხოლო ავტომობილის ნარჩენი ღირებულება მისი ფაქტიურ-ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საორიენტაციოდ შეადგენს 8000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 15 000 ლარს.
ამდენად, ორივე დასკვნის მიხედვით, ავტომობილის დაზიანებების ხასიათის გამო მისი აღდგენა და შემდგომი ექსპლოატაცია შესაძლებელი არ არის. ასეთ შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება ე.წ. ნარჩენი ღირებულების მიხედვით, რაც არის დაზიანებამდე არსებულ ღირებულებასა და დაზიანების შემდეგომ არსებული რეალურ ღირებულებებს შორის სხვაობის თანხა.
დაზიანებული ავტომობილი გამოშვებულია 2014 წელს, იგი შპს ჯ---------------------------------მა შეიძინა 10 222,22 აშშ დოლარად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ავტომობილის ზიანის ოდენობაა 15 000 ლარი, ხოლო შპს პელაგონის დასკვნის მიხედვით ზიანი შეფასებულია 6100 აშშ დოლარად, რაც სარჩელი აღძვრის დროს არსებული კურსის მიხედვით შეადგენს 14 596.69 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის, ორივე დასკვნის თანახმად, ავტომობილის შემდგომი ექსპლოატაცია შეუძლებელია, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ თანხაზე ნაკლებ თანხას.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო დავალება N957, რომლის მიხედვით, 2018 წლის 16 ნოემბერს შპს რ----------–---–მა შპს ჯ---------------------------------ს გადაუხადა 14 596,69 ლარი ზიანის ანაზღაურების დანიშნულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
ამ ნორმების შესაბამისად არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს სხვა მტკიცებულებაზე უფრო მეტი სამართლებრივი მნიშვნელობა გარდა იმ შემთხვევისა, როცა გარკვეული გარემოების მტკიცებისათვის კანონით გათვალისწინებულია რომელიმე სახის მტკიცებულების არსებობა. ავტომანქანის აღდგენის შესაძლებლობის და ამისათვის საჭირო ხარჯების შესახებ ფაქტების დადგენას სჭირდება სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ კვლევის ჩატარება. შესაბამისად, ეს გარემოებები უნდა დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით ან სხვა სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ გაცემული ინფორმაციით.
ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ მოპასუხებს მტკიცებულებებიარ წარმოუდგენიათ, რის გამოც დადასტურებულია ის გარემოება, რომ ავტომობილის აღდგენა შეუძლებელია და მისი ზიანის თანხაა 15 000 ლარი (შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენრის დასკვნის მიხედვით), რადგან ეს შეფასება გაკეთებულია ავტომობილის დაზიანებიდან მოკლე დროში და დაზიანებების დეტალური შეფასების შედეგად მიღებულია დასკვნა მისი ნარჩენი ღირებულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– შპს პელაგონის დასკვნის ასლი (ს.ფ. 28-39. ტომი 1)
– შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნის ასლი (ს.ფ. 136-141. ტომი 1)
– ავტომობილის ნასყიდობის შესახებ ინფორმაცია214. ტომი 1
– შპს ჯ---------------------------------ისათვის თანხის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 253. ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ზ------ ო-----–---–ს დაეკისროს მოთხოვნილი ოდენობით ზიანის ანაზღაურება. ანა მ-------ეს პირადი სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების მიზნით არ გადასცემია ავტომობილი, რის გამოც მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 394-ე, 395-ე, 408-ე 409-ე, 414-ე, 412-ე, 411-ე მუხლები, 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე, 45-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დელიქტური ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს, რადგან იგი მოითხოვს მასთან დასაქმებული პირებისაგან დამსაქმებლის კუთვნილი ქონებისათვის მიყენებული ზიანის სოლიდარულად დაკისრება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის არ არის.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველია სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაცემული ქონების დაზიანება, დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით დამსაქმებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ორგანული კანონის ”საქართველოს შრომის კოდექსის” 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, 1. წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან. 2. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.
ანა მ-------ე შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს რ----------–---–ში სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობაზე და მას შრომის ხელშეკრულებით ეკისრება მატერიალური და დისციპლინური პასუხისმგებლობა გადაცემული ინვენტარისა და სხვა მატერიალური ფასეულობების დაცვაზე, მათი განზრახ ან დაუდევრობთი დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის (ხელშეკრულების 5.1.6 პუნქტი).
სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობრივ ინსტრუქციაში განსაზღვრულია დასაქმებულის შრომის პირობები და მისი ინფრასტრუქტურა, რაშიც შედის სამუშაო ოთახი, საოფისე ავეჯი, ტელეფონი, კომპიუტერის კომპლექტი, პრინტერი, საკანცელარიო ნივთები, ქსეროქსი. თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით ასევე დადგენილია, რომ სერვის ცენტრის უფროსი პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ინვენტარის დაზიანებაზე და/ან დაკარგვაზე, ასევე მის მიზნობრივ გამოყენებაზე.
საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლით დადგენილია ინვენტარიზაციის ჩატარების წესი, სადაც ცალკე ჯგუფშია სატრანსპორტო საშუალებები და ცალკე ჯგუფშია ინვენტარი. ინვენტარის ცნება კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, ხოლო მასში იგულისხმება მოძრავი ნივთების ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია მიწის ნაკვეთის მეურნეობის წარმოებისათვის (წარმოებისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები, საქონელი და ა.შ.) ან სხვა უძრავი ქონების დანიშნულებით გამოყენებისათვისაა განკუთვნილი და რომლებიც სივრცობრივ კავშირშია მასთან.
ბასს-ის (ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები) 16-ე თავის მიხედვით, (ძირითადი საშუალებების სტანდარტი) ძირითად საშუალებებში შედის, მიწა დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობები, ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა, ავეჯი და სხვა ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებები. საბუღალტრო აღრიცხვაში აღიარებულია, რომ ინვენტარში იგულისხმება მოძრავი ნივთები, რომლებიც თავისი მნიშვნელობით უძრავი ქონების საკუთვნებელს წარმოადგენს. მასში იგულისხმება ავეჯი, საოფისე ტექნიკური მოწყობილობები.
შრომის ხელშეკრულებით მოპასუხე ანა მ-------ეს ეკისრებოდა მისთვის გადაცემულ ინვანტარზე, საოფისე მოძრავ ნივთებზე პასუხისმგებლობა. ავტომობილის საგზურის ფურცელი არის ბუღალტრული დანიშნულების საბუთი, რომლითაც აღირიცხება დახარჯული საწვავი. ამ დოკუმენტით არ დასტურდება ანა მ-------ისათვის პირადად ავტომობილის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემა. თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, სერვის ცენტრის უფროსის სამუშაო ინფრასტრუქტურაში არ არის გათვალისწინებული პირადად სამსახურებრივი სარგებლობისათვის ავტომობილის გადაცემა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შპს „რ----------–---–ის“ ხელმძღვანელობის განკარგულება ანა მ-------ის, როგორც სერვის ცენტრის უფროსისათვის პირად სარგებლობაში ავტომობილის გადაცემის შესახებ. საგზურის ფურცლით არ დასტურდება, რომ ანა მ-------ეს პირადად სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაეცა ავტომობილი, რადგან საგზურის ფურცელი არ არის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მატერიალური პასუხისმგებლობის დადების შესახებ შეთანხმება, ამ საბუთის მიზანია საწვავის ხარჯის აღრიცხვა.
საგზურის ფურცლის თანახმად ავტომობილის მისვლის ადგილია სერვის-ცენტრი. მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ ანა მ-------ეს ავტოფარეხიდან სერვისცენტრამდე გადაადგილებისათვის გადაეცა ავტომობილი და სხვა დანიშნულების ადგილზე მგზავრობა ეკრძალებოდა. საგზურის ფურცლის ამ ჩაწერიდან გამომდინარე ავტომობილით მგზავრობის დანიშნულების ადგილად განსაზღვრული იყო სერვისცენტრი, ხოლო ავტომობილის გასვლის ადგილია კომპანიის ავტოფარეხი. სერვის-ცენტრის ფუნქციონირების საჭიროებების გათვალისწინებით კი მხოლოდ ამ დანიშნულებით ავტომობილით სარგებლობა საგზურის ფურცელში მითითებული ვადით, 1 თვის მანძილზე შესაძლებელი არ იყო.
ანა მ-------ისთვის პირადი სარგებლობის მიზნით ავტომობილის გადაცემა არ დასტურდება მისი ახსნა-განმარტებით, რადგან შრომის კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას. მხარეებს შორის არ დადებულა ხელშეკრულება ავტომობილის პირადად ანა მ-------ისათვის გადაცემის შესახებ. ანა მ-------ეს, როგორც სერვის ცენტრის უფროსს ევალებოდა სერვის ცენტრის მუშაობის ორგანიზება და და მისი ფუნქციონირების კონტროლი, რაც მოიცავდა მის უფლებამოსილებას სერვის ცენტრის სარგებლობაში მყოფი ავტომობილები სამსახურებრივი საჭიროების გამო გადაეცა დასაქმებულებისათვის და მას ავტომობილი სწორედ ამ მიზნით გადაეცა.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ანა მ-------ეს სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაეცა ავტომობილი და შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე, რის გამოც მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ზ------ ო-----–---–ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
ზ------ ო-----–---–ის შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შს რ----------–---–ში და მას შრომის ხელშეკრულებით ეკისრება მატერიალური და დისციოლინური პასუხისმგებლობა გადაცემული ინვენტარისა და სხვა მატერიალური ფასეულობების დაცვაზე, მათი განზრახ ან დაუდევრობთი დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის (ხელშეკრულების 5.1.6 პუნქტი).
ზ------ ო-----–---–მა მისი გაუფრთხილებელი ქმედებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დააზიანა დამსაქმებლის კუთვნილი ავტომანქანა. ამდენად, მან არ შეასრულა შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი ბრალეული ქმედებით დაზიანდა მის სარგებლობაში მყოფი მანქანა. სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევა, რომლის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამ ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოპასუხესთან დადებული შრომის ხელშეკრულება ითვალისწინებს დასაქმებულის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილი თანხით.
სამოქალაქო სამართალში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიღებისას კრედიტორის მთავარი ინტერესია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც ნივთის დაზიანების შემთხვევაში გულისხმობს ზიანის მიყენებამდე არსებული ნივთის მდგომარეობის აღდგენას, მის შეკეთებას იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ზიანის დადგომამდე არსებული დანიშნულება და ღირებულება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით ზიანის ანაზღაურების პრინციპი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამ ნორმის მიხედვით, კრედიტორს მიეცემა ფულადი ანაზღაურება, თუ ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან ნივთის აღსადგენად საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამ ნორმით მიხედვით ანაზღაურდება ის ზიანი, რომლის დადგომა მოვალეს წინასწარ შეეძლო ევარაუდა და წარმოადგენს მისი ქმედების უშუალო შედეგს. ეს ნორმა ადგენს სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურების უშუალო მიზეზობრიობის პრინციპს, რომლის მიხედვით ანაზღაურდება ის ზიანი, რომლის წინასწარ გათვალისწინება შეეძლო მოვალეს და რომელიც გამოიწვია უშუალოდ მისმა ქმედებამ, პირადად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევამ. წინასწარ სავარაუდო ზიანის ანაზღაურების შესახებ დებულება შეეხება როგორც ზიანის გამომწვევი მიზეზის ფაქტებს, ასევე დამდგარი ზიანის ოდენობას.
ზიანის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შინაარსი, რომლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი არის დაზარალებულის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკლისი, ზიანის გამოსასწორებლად კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯები ან ზიანით გამოწვეული ვალდებულებების გაზრდა.
მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ავტომობილის მესაკუთრეს ზიანი აუნაზღაურა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
ამ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულებით დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
სასამართლოს აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უფლების განხორციელებისათვის კანონით დადგენილი ვადაა, რომლის განმავლობაშიც კრედიტორმა უნდა აღძრას სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებებიდან ერთერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და იგი აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში #1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1)“. განმარტა, რომ მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოსტ პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15). სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შემზღუდველი ერთერთი ლეგიტიმური საფუძველია ხანდაზმულობა, რომლის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთობაში უფლება-მოვალეობების განსაზღვრულობის მიზნის მიღწევა დროულად და ამის გამო უფლების დასაცავად სასამართლოსათვის შესაბამის ვადაში მიმართვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ამავე დროს - დროულად. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დადგენით კანონმდებელი ადგენს დროის გონივრულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს სამოქალაქო უფლებები.
დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა; ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის განხორციელება დამოკიდებულია მოვალის ნებაზე, რადგან თუკი მოვალე ხანდაზმული მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებას, ვალდებულების იძულებით შესრულება მას აღარ ეკისრება და კრედიტორი მოთხოვნას ვერ დაიკმაყოფილებს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის სასამართლოში სარჩელის აღძვრით ვალდებულების იძულებით შესრულების მოთხოვნის განხორციელებისათვის კრდიტორისათვის დაწესებული ვადა, რომლის გასვლა მოვალეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების უფლებებსა და ვალდებულებებზე აქვს გავლენა და მოთხოვნის განხორციელებას აფერხებს.
ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მისთვის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონების დაზიანებისათვის დასაქმებულისაგან ზიანის ანაზღაურებას. ხანდაზმულობის გამო მოპასუხე სარჩელის უარყოფს იმ მოტივით, რომ მოპასუხემ ქონების მესაკუთრეს ზიანი აუნაზღაურა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. შპს „რ----------–---–ს“ სარჩელი აღძრული აქვს ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, მაგრამ მას ზიანი მესაკუთრისთვის ანაზღაურებული არ ჰქონდა და რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს რ----------–---–ს ევალება საკუთარი ხარჯებით შეაკეთოს ავტომობილი, ამ შემთხვევაში კი ავტომობილის შეკეთება და მისი შემდგომი ექსპლოატაცია შეუძლებელია. ავტომობილის მესაკუთრეს გააჩნია ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მას ასევე უფლება აქვს დელიქტური საფუძვლით ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს ზიანის უშუალო გამომწვევისგან - იმ პირისგან, რომლის არამართლზომიერმა მოქმედებამ გამოიწვია ავტომობილის დაზიანება. განსახილველ საქმეში 2018 წლის 5 აპრილს ერთობლივი სარჩელი აღძრეს შპს რ----------–---–მა და შპს „ჯ---------------------------------მა“ ზ------ ო-----–---–ის და ანა მ-------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქმის მომზადების ეტაპზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სარჩელი და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა შპს რ----------–---–მა, რომელმაც ზიანის ასანაზღაურებელი თანხა 2018 წლის 16 ნოემბერს გადაუხადა შპს «ჯ---------------------------------ს». ამდენად, ავტომობილის მესაკუთრემ ხანდაზმულობის ვადაში სარჩელის აღძვრით თავად გამოვლინა ნება მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას გააჩნდა პრეტენზია ავტომობილის ზიანის ანაზღაურების საკითხზე.
ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელეს დარღვეული არა აქვს და მოპასუხე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის მოთხოვნა და აანაზღაუროს ზიანი.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაე მოსარჩელეს ზედმეტად აქვს გადახდილი სახელწიფო ბაჟი და უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი შემდეგი საფუძვლების გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არის ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ითვალისწინებდა იურიდიული პირებისათვის უფრო მეტი თანხის სახელმწიფო ბაჟს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებასა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე, ვიდრე იგივე ნორმა იმავე საპროცესო მოქმედებებისათვის აწესებდა ფიზიკური პირებისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 29 დეკემბრიდან ძალადაკარგულია ის ნორმა, რაც იურიდიული პირისათვის აწესებდა ფიზიკურ პირზე მეტი თანხის სახელმწიფო ბაჟს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე. ფიზიკური პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, შესაბამისად იურიდიული პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიც ამ თანხით განისაზღვრება.
2016 წლის 15 ივნისს შპს "რ----------–---–მა" სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, ხოლო შესაბამისი საპროცესო მოქმედები შესრულება მოითხოვა შესაბამისი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ, რის გამოც საპროცესო კოდექსის 1-ე მუხლით დადგენილი პრინციპის მიხედვით, მხარეებზე უნდა გავრცელდეს შესაბამსი საპროცესო მოქმედების შესრულების დროს მოქმედი საპროცესო წესები. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ზედმეტადაა გადახდილი 100 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ ნორმის საფუძველზე ზ------ ო-----–---–ს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 437.91 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით ზ------ ო-----–---–ის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს რ----------–---–ის სარჩელი;
1.1. ზ------ ო-----–---–ს დაეკისროს შპს „რ----------–---–ისათვის“ 14 596,69 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ანა მ-------ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ;
2. ზ------ ო-----–---–ს დაეკისროს შპს რ----------–---–ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 487,91 ლარის გადახდა;
3. შპს რ----------–---–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 15 ივნისს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარი (საგადახდო დავალება N22). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი