გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1327-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.11.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ჩიქოვანი
მოსარჩელე მ--- ხ----ე
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
მოპასუხე ზ------ კ--–----–-–--ი
წარმომადგენელი ნოდარ ცინცაძე
არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი ლაშა პარასტაშვილი
დავის საგანი ალიმენტის გაზრდა, დამატებითი ხარჯების დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ------ კ--–----–-–--ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების – 2006 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ის და 2009 წლის 11 მაისს დაბადებული გვ--–- კ--–----–-–--ის მიმართ საქართველოს ფარგლებს გარეთ თავისუფლად გაყვანისა და მისთვის სათანადო პასპორტის დამზადებაზე თანხმობის უფლებაში.
1.2. გაიზარდოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი თითოეული შვილისათვის 140 ლარი 50 ლარით და ზ------ კ--–----–-–--ს დაეკისროს შვილების 2006 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2009 წლის 11 მაისს დაბადებული გვ--–- კ--–----–-–--ის სარჩენად 190-190 ლარის გადახდა;
1.3. ზ------ კ--–----–-–--ს დაეკისროს დამატებითი ხარჯების - გ------- კ--–----–-–--ის მკურნალობის ხარჯების 13 050 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მ--- ხ----ესა და მოპასუხე ზ------ კ--–----–-–--ს ჰყავთ ორი შვილი 2006 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ი და 2009 წლის 11 მაისს დაბადებული გვ--–- კ--–----–-–--ი. გ------- კ--–----–-–--ი მძიმე ავადმყოფია. ბავშვს დაუდგინდა რთული ფორმის ხერხემლის სიმსივნე. მას დასჭირდა რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია. საქართველოში ჩატარებულმა წარუმატებელმა, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებულმა ოპერაციამ ბავშვს ვერანაირი წინსვლა ვერ მოუტანა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი გაამგზავრეს თურქეთის რესპუბლიკაში შემდგომი ოპერაციის ჩასატარებლად. აღნიშნული ოპერაცია არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მხოლოდ დედას მოუწია ამისათვის საჭირო თანხის მოძიება. მოპასუხემ ერთი თვის დაგვიანებით მისცა ბავშვს ნებართვა საზღვრის კვეთის შესახებ, ხოლო თითოეულ დღეს შვილისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ყველა ამ ქმედებას მამის მხრიდან ისიც ემატება, რომ ის შვილებს არ აძლევს მათ კუთვნილ დახმარებას 100 ლარის ოდენობით. ბავშვს ამჟამადაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ჰქონდა გულყრის შემთხვევა, რის გამოც ესაჭიროება პერიოდულად სამედიცინო დახმარება და ამის გამო ხარჯების გაწევა. უკვე გაწეული მკურნალობის ხარჯია 22 500 ლარი, ხოლო მომავალში აუცილებლად საჭიროა გამოკვლევის ჩატარება, რომლის ხარჯია 3600 ლარი. საერთო ჯამში მკურნალობის ხარჯია 26 100 ლარი, რომლის ნახევრის ანაზღაურებას მოითხოვს მოპასუხისაგან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. ცნო მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნა, ხოლო ალიმენტის გაზრდის და დამატებითი ხარჯების დაკისრების მოთხოვნები არ ცნო შემდეგი საფუძვლების გამო:
ბავშვის მძიმე დაავადების მკურნალობაში თავადაც ჩართული იყო და მანაც გასწია შვილის მკურნალობის ხარჯი. იგი დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც უზრუნველყო მკურნალობის დაფინანსება 3649 ევროთი. თავად მან გადაიხადა მკურნალობის ხარჯი საქართველოში მკურნალობის დროს 2000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობებში მითითებულია მკურნალობის ღირებულება, მაგრამ როდის არის გადახდილი თანხა, ამის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროდან საკუთარი განცხადებით გათავისუფლდა, საცხოვრებლად წასულია უცხოეთში და ამჟამად არც უცხოეთში მუშაობს, რის გამოც დაკისრებული ალიმენტის გადახდის საშუალებაც არა აქვს.
(15.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. მ--- ხ----ესა და ზ------ კ--–----–-–--ს შორის ოჯახური ცხოვრება შეწყვეტილია, მათი 2 არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მ--- ხ----ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-3. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (15.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.2. ზ------ კ--–----–-–--ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში, საიდანაც საკუთარი განცხადების საფუძველზე დათხოვნილია 2018 წლის 1 აგვისტოდან. იგი 2018 წლის 4 აგვისტოდან წასულია ჩეხეთის რესპუბლიკაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მოპასუხის განმარტებები (15.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- სასაზღვრო პოლიციის წერილი (ს.ფ. 125-126. ტომი 1 )
3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა შვილების გ------- და გვ--–- კ--–----–-–--ების სარჩენად თითოეულისათვის 140 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 19-20. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ზ------ კ--–----–-–--ს და მ--- ხ----ეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი – გ------- და გვ--–- კ--–----–-–--ები.
დაბადების მოწმობის თანახმად, გვ--–- კ--–----–-–--ი დაბადებულია 2009 წლის 11 მაისს, ხოლო გ------- კ--–----–-–--ი დაბადებულიa 20006 წლის 26 ოქტომბერს. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა მ--- ხ----ე, მამა – ზ------ კ--–----–-–--ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 17-18. ტომი 1).
3.1.3. არასრულწლოვან გ------- კ--–----–-–--ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მისი დიაგნოზია ხერხემლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, მას ჩაუტარდა რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია, ამჯამად სჭირდება მუდმივი მედიკამენტური მკურნალობა, პერიოდულად სამედიცინო კვლევები საზღვარგარეთ.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება გ------- კ--–----–-–--ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ბავშვისათვის აუცილებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობა.
გ------- კ--–----–-–--ი მკურნალობდა საქართველოში კლინიკაში შპს ვივამედი (კლინიკა ლანცეტი), ასევე თურქეთის რესპუბლიკაში ანადოლუს კლინიკაში.
შპს ვივამედი მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა IV-100ა-ს თანახმად, გ------- კ--–----–-–--ს აქვს ონკოლოგიური დაავადება, ხერხემლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ჰისტპათოლოგიური დიაგნოზი ოსტეოკლასტომა. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ ბოლო თვეებია აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილები ზურგის არეში, რასაც დაერთო ტკივილი ქვედა კიდურებში, ფეხებში ძალა მკვეთრად დაქვეითდა. ჩატარებული სპინალური ბმრტ კვლევით გამოვლინდა, ესტრადურული მოცულობითი წარმონაქმნი Th12 მალის სხეულში მარჯვნივ გავრცელებით მარჯვენა რკალზე, განივ მორჩხზე, ეპუდურულ სივრცეში, ნევრალურ არხში და პევრივერტებრალურად რბილ ქსოვილებში. ჩვენებად ჩაითვალა ნეოროქირურგიული ოპერაციული ჩარევა 2017 წლის 31 იანვარს. საკონტროლო ვიზუალიზაციით გამოვლინდა ესტრადურული წარმონაქმნის რეციდივი. განმეორებით ჩატარდა მეორე ოპერაცია 2017 წლის 16 მარტს. ხერხემლის ძვლის ან ხრტილის სრული ამოკვეთა (გულმკერდის მე-12 მალის ექსტრადურული სიმსივნის ამოკვეთა). ჩატარდა სხივური თერაპია. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების გრაფაში მითითებულია, რომ საჭიროა ნეირორეაბილიტაცია, მედიკამენტოზური თერაპია, ნევროლოგის კონტროლი, რეგულარული სპინალური საკონტროლო ბმრტ NADG7B.
ექსპერტ ნინო გორგაძის დასკვნის თანახმად, გ------- კ--–----–-–--ი დიაგნოზით ,,ხერხემლის სიმსივნე", საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანას, პაციენტს გულმკერდის მე-7 მალის სიმსივნის გამო გაკეთებული აქვს ორჯერ ქირურგიული ჩარევა, ამჟამად საკონტროლო კვლევის თანახმად სახეზეა ურყოფითი დინამიკა, წარმონაქმნი იზრდება, პაციენტს აწუხებს ძლიერი ხასიათის ტკივილი ხერხემლის არეში, მოძრაობის გაძნელება, ტკივილი მოძრაობის დროს, პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროება სხივური თერაპიის ჩატარება, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მაღალკვალიფიციურ კლინიკაში, მიზანშეწონილია მკურნალობა ჩატარდეს თურქეთში. ნინო გორგაძის დასკვნაში მითითებული არ არის მისი შედგენის თარიღი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დასკვნა შედგენილია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნით 2017 წლის მაისში. კერძოდ, ეს დასკვნა გაცემულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო ამ წერილით სთხოვს შპს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის სპეციალიტს, სამინისტროს ექსპერტს ნინო გორგაძეს ჩაუტაროს კონსულტაცია გ------- კ--–----–-–--ს და საჭიროების შესაბამისად გასცეს დასკვნა წარმოდგენილი ფორმით საზღვარგარეთ პაციენტის სამკურნალოდ გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრის საერთაშორისო სერვისების დეპარტამენტის თერაპევტის ექიმ გუზალ კესკინის 2018 წლის 23 მარტის წერილში მითითებულია, რომ გ------- კ--–----–-–--ს დაესვა დიაგნოზი უზარმაზარი უჯრედული ძვლის სიმსივნე პირველივე ვიზიტისას როდესაც ანადოლუს სამედიცინო ცენტრს მომართა 2017 წლის 8 ივნისს. რეგულარული მკურნალობისას და სამედიცინო შემოწმებისას, რომლიც მას ჩაუტარა 2017 წლის 29 ნოემბერს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ნეგატიური დინამიკის გარეშე და საჭიროებს შემდგომ სამედიცინო შემოწმებას ყოველ 6 თვეში MR-ის გამოკვლევა რეკომენდებულია პაციენტისათვის.
ამდენად, სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გ------- კ--–----–-–--ი დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით, მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ თავდაპირველად იგი მკურნალობდა საქართველოში, სადაც მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგ მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა თურქეთში ანადოლუს სამედიცინო ცენტრში. ამდენად, მას მკურნალობის მიზნით ორჯერ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის უცხოეთში.
სარჩელში დავის საგანია უკვე ჩატარებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება და მომავალში აუცილებელი სამკურნალო პროცედურების ხარჯების ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის ხარჯების გარკვეული ნაწილი გადახდილი აქვს ზ------ კ--–----–-–--ს, ხოლო თურქეთში ოპერაციის ხარჯების ნაწილი გადაიხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოში ჩატარებული მკურნალობის ხარჯები შემდეგი ოდენობისაა:
შპს ვივამედის 2018 წლის 17 აპრილის ცნობის თანახმად, კლინიკა ლანცეტში გ------- კ--–----–-–--ს ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაციული მკურნალობა და გამოკვლევები, რაშიც პაციენტის მიერ სულ გადახდილია 3738 ლარი.
შპს ვივამედის მიერ გაცემული კალკულაციის თანახმად, 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში ჩატარდა მკურნალობა - ხერხემლის ძვლის ან ხრტილის სრული ამოკვეთა, რომლის სრული ხარჯია 6000 ლარი, საიდანაც რეფერალით ანაზღაურებულია 2000 ლარი, გამგეობის მიერ ასანაზღაურებელია 900 ლარი, პაციენტის მიერ გადასახდელია 3100 ლარი.
წარმოდგენილი ქვითრების თანახმად, ამ პერიოდში გადახდილია შემდეგი თანხა: 2017 წლის 27 იანვარს გადახდილია 98 ლარი სისხლის ანალიზის ჩასატარებლად. 18 იანვარს 55 ლარი ნეიროქირურგის კონსულტაციისათვის, 2017 წლის 31 იანვარს გადახდილია 2000 ლარი მკურნალობის ღირებულება, სტანდარტით გათვალისწინებული თანხა. ეს თანხა 2000 ლარი გადახდილია ზ------ კ--–----–-–--ის მიერ.
შპს ვივამედის მიერ გაცემულია ასევე კალკულაცია ავადმყოფის ისტორია N25426-ის საფუძველზე, რომლის მიხედვით მკურნალობა ჩატარებულია 2017 წლის 15 მარტიდან - 2017 წლის 24 მარტამდე. ჩატარებულია მკურნალობა - ხერხემლის ძვლის ან ხრტილის სიმსივნის სრული ამოკვეთა. კალკულაციაში მითითებულია, PSP სამედიცინო დაზღვევის პოლისის შესახებ, ასევე მკურნალობის 80%-ის გამგეობის მიერ დაფინანსების შესახებ, მკურნალობის ხარჯია 5040 ლარი, საიდანაც 3840 ლარი არის სამედიცინო დაზღვევის ასანაზღაურებელი, 1200 ლარი გამგეობის მიერ ასანაზღაურებელი, პაციენტის მიერ მკურნალობის თანხა გადასახდელი არ არის.
შპს ვივამედის 2018 წლის 17 აპრილის ცნობით დასტურდება ამ კლინიკაში ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის და გამოკვლევების ხარჯების ასანაზღაურებლად პაციენტის მიერ გადახდილია სულ 3738 ლარი. ამდენად, ამ კლინიკაში ბავშვის მშობლების მიერ მკურნალობისათვის ასანაზღაურებელი ხარჯი შეადგენს 3738 ლარს.
თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქვითრებით დასტურდება, რომ 2017 წლის 31 იანვარს ზ------ კ--–----–-–--ის მიერ გადახდილია 2000 ლარი, რაც არის შპს ვივამედში ჩატარებული მკურნალობის ხარჯიდან პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი ხარჯის 3738 ლარის ნახევარზე მეტი.
რაც შეეხება თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის ხარჯების ოდენობას.
2017 წლის 24 მაისის პროფორმა ინვოისის მიხედვით, გ------- კ--–----–-–--ის სამკურნალო პროცედურებიდან თითოეული პროცედურისათვის ცალკეა მითითებული ხარჯის ოდენობა, ხოლო საერთო ჯამში ხარჯია 7630 ევრო. ამ პერიოდში ჩატარებული მკურნალობისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თურქეთში ბავშვის მკურნალობისათვის 2017 წლის 6 ივნისს გადარიცხულია 3649 ევრო. ამდენად, ამ ინვოისში მითითებული მკურნალობის ხარჯებიდან პაციენტის მიერ ასანაზღაურებლად დარჩენილია 3981 ევრო.
2017 წლის 4 ოქტომბრის ინვოისის მიხედვით, გ------- კ--–----–-–--ის მკურნალობის ხარჯის ოდენობაა 1490 ევრო.
2017 წლის 29 ნოემბერს შედგენილი კალკულაციის მიხედვით, ბავშვისათვის ჩატარებული გამოკვლევების საერთო ხარჯია 1834,81 ევრო.
2018 წლის 26 მარტის ინვოისის მიხედვით, გ------- კ--–----–-–--ის რადიაციულ ონკოლოგიური შემოწმებისას, მალის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის და СD კონსულტაციისათვის საჭირო ხარჯია 1529 ევრო. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა, რის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ნეგატიური დინამიკის გარეშე და საჭიროებს შემდგომ სამედიცინო შემოწმებას, ყოველ 6 თვეში MR-ის კვლევა რეკომენდებულია პაციენტისათვის.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებში მითითებული კალკულაციის მიხედვით, გ------- კ--–----–-–--ის მკურნალობის ხარჯები თურქეთში ანადოლუს სამედიცინო კლინიკაში შეადგენდა სულ 8 834,81 ევროს (ეს თანხა გაანგარიშებულია მკურნალობის საერთო ხარჯს გამოკლებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩარიცხული 3649 ევროს გათვალისწინებით.)
სარჩელის აღძვრის დღეს 2018 წლის 2 მაისს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, წარმოდგენილ ინვოისებში მითითებული მკურნალობის ხარჯის ოდენობაა 26 088,31 ლარი (კური - 1 ევრო 2,9529 ლარი).
სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გ------- კ--–----–-–--ს დაავადების გამო ესაჭიროება რეგულარული სამედიცინო გამოკვლევა თურქეთის რესპუბლიკაში, რადგან საქართველოს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და შრომის სამინისტროს ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ დაავადების და პაციენტის ასაკის გამო მისი მკურნალობა აუცილებელია საზღვარგარეთ საქართველოს კლინიკებზე უფრო გამოცდილ სამედიცინო კლინიკაში. ანადოლუს კლინიკის ცნობით, პაციენტს 6 თვეში ერთხელ სჭირდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომლის ღირებულება ამ კლინიკაში შეადგენს 1529 ევროს. სამომავლოდ აუცილებელი ეს ხარჯი ასევე გ------- კ--–----–-–--ის მკურნალობისათვის აუცილებელ ხარჯს წარმოადგენს, რადგან ასეთი კვლევის აუცილებლობა სამედიცინო დოკუმენტით დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- შპს ვივამედის ცნობები და ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 21, 24-29)
- ქვითრები (ს.ფ. 30-37. ტომი 1)
- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 22-23. ტომი 1)
- ანადოლუს კლინიკის ინვოისები (ს.ფ. 38 -57. ტომი 1)
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საგადახდო დავალება (ს.ფ.209. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 190-190 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დამატებითი ხარჯების დაკისრების შესახებ, რადგან სამედიცინო დოკუმენტებით დასტურდება მოთხოვნილი ხარჯების საჭიროება. სარჩელის ცნობის გამო უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე, 1198-ე, 1199-ე, 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1212-ე, 1214-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1215-ე მუხლი
· გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არიან შვილების კანონიერი წარმომადგენლები და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სფეროში შედის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე და ამ მიზნით სამოგზაურო დოკუმენტების გაცემაზე თანხმობის მიცემა. ამ შემთხვევაში გ------- კ--–----–-–--ს მკურნალობა ესაჭიროება უცხოეთში. მხარეთა მეორე შვილიც არასრულწლოვანია, რის გამოც ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ორივე შვილი დედასთან ერთად უცხოეთში გაემგზავროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა მისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის შვილების მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის გაზრდის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
ამ ნორმების შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა.
სარჩელით მოთხოვნილია ალიმენტის 50-50 ლარით, საერთო ჯამში ყოველთვიურად 100 ლარით გაზრდა, ხოლო დაკისრებული ალიმენტის ოდენობაა 140-140 ლარი. ალიმენტის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელია არა მარტო ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ამ შემთხვევაშიც ალიემენტის გაზრდის საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დაცვით, რის გამოც გასათვალისწინებულია ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, ბავშვის საჭიროებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ შვილის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თვაინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვის უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მშობლებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ გ------- კ--–----–-–--ს მძიმე დაავადების გამო სჭირდება სისტემატიური მკურნალობა, პერიოდულად უცხოეთში გამოკვლევებზე გამგზავრება. მართალია სარჩელით მოთხოვნილია მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, მაგრამ ასეთი განსაკუთრებული ხარჯების გარდა ორივე შვილის რჩენისათვის აუცილებელია პერიოდულად და სისტემატიურად სხვადასხვა ხარჯების გაწევა საკვებით უზრუნველყოფის, სწავლისათვის საჭირო ნივთებით უზრუნველყოფისათვის.
ბავშვის მკურნალობისათვის საჭიროა მუდმივად მედიკამენტური მკურანლობა, პერიოდულად საზვარგარეთ გამგზავრება და გამოკვლევების ჩატარება. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ბავშვზე ძირითადად მოსარჩელე ზრუნავს, რის გამოც მას დამოუკიდებლად ორივე შვილების მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია.
ალიმენტის 50-50 ლარით გაზრდაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი არ არის ის, რომ მოპასუხე ამჟამად დასაქმებული არ არის. მოპასუხემ საკუთარი ნებით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გაემგზავრა უცხოეთში. მოპასუხე თავად არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება, რის გამოც მას აქვს საკმარისი უნარი იმისათვის, რომ გამოიმუშავოს შვილების რჩენისათვის აუცილებელი ფულადი სახსრები, მათ შორის უცხოეთში ყოფნის დროსაც. სასამართლო ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებას, რომ ზ------ კ--–----–-–--ის მესამე შვილის იმავე დაავადებითა დაავადებული, როგორ გ------- კ--–----–-–--ი, რის გამოც მან ასევე მისი რჩენის და მკურნალობისთვის უნდა გაიღოს სახსრები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გაზრდის მიზნით მოთხოვნილი თანხა ამ გარემოებების გამოც გონივრულია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე დასაქმებული აღარ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც პერიოდულად აფინანსებდა მოპასუხის შვილის მკურნალობის ხარჯებს, თუმცა რადგან მოპასუხე პოლიციაში აღარ მუშაობს, ბავშვის მკურნალობაში ასეთი დახმარების შესაძლებლობაც აღარ არსებობს.
შვილის დაავადების გამო მოსარჩელეს სრულფასოვნად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არა აქვს. შესაბამისად, დედას დამოუკიდებლად შვილის მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
მოპასუხე ამჟამად დასაქმებული არ არის, თუმცა იგი ყოველდღიურად შვილების ზრუნვაში ჩართული არ არის, ყოველდღიურად წამოქმნილი ბავშვის აღზდის საკითხების გადაჭრა მოსარჩელეს უწევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, შესაბამისად შრომისუნარიანია და აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს. შესაბამისად, მოპასუხის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით 50-50 ლარით ალიმენტის გარდა გონივრულია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გაზრდილი ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 2 მაისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიზნით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის მიხედვით, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
ამ ნორმის შინაარსიან გამომდინარე დამატებით ხარჯები არის ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით ან სხვა ობიექტური ვითარებით განპირობებებული ხარჯები, რის გამოც საჭიროა ალიმენტის გარდა ბავშვისათვის დამატებით თანხის გადახდა. ამდენად, დამატებით ხარჯების წარმოშობის საფუძველია ბავშვის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მას განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება სჭირდება, რომლის ხარჯები მისი ოდენობიდან გამომდინარე ალიმენტიდან ვერ ანაზღაურდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის დამატებითი ხარჯის სახით ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- კ--–----–-–--ს აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაავადების სიმძიმის გამო მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობის კურსი მედიკამენტებით, პერიოდულად სამედიცინო გამოკვლევები უცხოეთში.
მას თავდაპირველად მკურნალობა ჩაუტარდა საქართველოში, რომლის ხარჯების ნაწილი გადაიხადა მოპასუხემ.
მოპასუხე სარჩელს არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული ხარჯების რეალურად გადახდა არ დასტურდება, არ დასტურდება რომ ეს მკურნალობის ხარჯები უკვე ანაზღაურებული აქვს მოსარჩელეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი ხარჯების საკითხი წამოჭრილია ბავშვის მკურნალობის გამო. შესაბამისად, ამ ხარჯების ანაზღაურების მიზანია ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით. ამდენად, კონვენციით ბავშვის ერთერთი მნიშვნელოვანი უფლებაა მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, ხოლო ხოლო ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლების უპირველესი ვალდებულებაა.
სასამართლოს განმარტავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა სამართლით დაცული მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რაზეც მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ბრალეულობის შემთხვევაში პირს ეკისრება არა მარტო უკვე გადახდილი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, არამედ დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს მკურნალობის ხარჯები წინასწარ (408-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მკურნალობის ხარჯების თავისებურების გამო მისი ანაზღაურების დავაში მნიშვნელოვანია დადგინდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულე რითია გამოწვეული, რა სახის მკურნალობაა აუცილებელი და რას შეადგენს მკურნალობის ხარჯი. ამასთან, მკურნალობის ხარჯები გადახდის ფაქტის დადასტურება არ არის აუცილებელი წინაპირობა მეორე მხარისათვის მისი დაკისრებისათვის. მკურნალობის ხარჯების დაკისრების დავაში მნიშვნელოვანია ხარჯების საჭიროების და ოდენობის დასაბუთება, რადგან ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა ამ ხარჯების სამედიცინო დაწესებულებისათვის გადახდის ვალდებულება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების სანაცვლოდ. ამასთან, შესაძლებელია, რომ დავის დაწყებამდე ეს ხარჯები რეალურად არ იყოს გადახდილი ან სამედიცინო მომსახურება არ იყოს მიღებული სწორედ იმის გამო, რომ მხარემ მისი ანაზღაურება ვერ შეძლო. ეს კი ხარჯების მოთხოვნის უფლება არ უკარგავს პაციენტს, რადგან მისთვის სამედიცინო მომსაუხრების გაწევა აუცილებელია.
ამდენად, სამედიცინო ხარჯების დასაბუთება არ გულისხმობს მოსარჩელის მიერ ამ ხარჯების რეალურად გადახდის ფაქტის დადასტურებას, რადგან სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს მოთხოვნილი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობა, ამ ხარჯების გაწევის აუცილებლობა.
მხარეთა არასრულწლოვან შვილს საქართველოში ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები და ქირურგიული ოპერაციები, რომლის ხარჯების ნაწილის გადახდის ვალდებულება ეკისრება პაციენტს, მისი ოჯახის წევრებს, რაც შეადგენდა სულ 3738 ლარს. მოპასუხემ საქართველოში მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად გადაიხადა 2000 ლარი, რაც არის საქართველოში გაწეული მკურნალობის ხარჯის ნახევარზე მეტი, რის გამოც კლინიკა ლანცეტში მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს შესრულებული აქვს.
რაც შეეხება თურქეთში მკურნალობის ხარჯს, საჭირო თანხის ნაწილი გადაიხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც დასაქმებული იყო მოპასუხე, თუმცა ეს მოპასუხის მიერ მკურნალობის ხარჯების ვალდებულების შესრულებაზე არ მიუთითებს. ეს თანხა ბავშვის მშობელს არ გადაუხდია და მის მიერ მშობლის რჩენის ვალდებულების შესრულებად ვერ შეფასდება.
წარმოდგენილი ინვოისების მიხედვით, სარჩელის აღძვრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯიდან პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხაა 7305,81 ევრო, ხოლო პერიოდულად ჩასატარებელი მაგნიტორეზონანსული კვლევის ღირებულებაა 1529 ევრო. ასეთი კვლევის ჩატარება ყოველ 6 თვეშია საჭირო.
საერთო ჯამში სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით თურქეთში მკურნალობის ხარჯია 26088,31 ლარი, რომლის ნახევარი არის 13 044,15 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად 13 050 ლარის დაკისრებას, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შვილების რჩენის საკითხში მშობლების თანაბარი ვალდებულება ხარჯების არითმეტიკულად თანაბრად განაწილებას არ ნიშნავს
საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული სამედიცინო ხარჯების აუცილებლობის გამო მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება, როგორც მშობელმა მიიღოს მონაწილება შვილის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ხოლო ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”ვ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში; ამ მოთხოვნაზე სარჩელი ფასია 1200 ლარი.
დამატებითი ხარჯების დაკისრების მოთხოვნაზე სარჩელის ფასია 13 050 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. ამ შემთხვევაში სარჩელის ფასია 14 250 ლარი, რომლის 3% 427 ლარი არ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150
რაც შეეხება მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნას, იგი მოპასუხემ ცნო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ორივე მხარე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაოქ საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ მოთხოვნაზე სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი, რადგან ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მ--- ხ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ზ------ კ--–----–-–--ს (პირადი N57001014195) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების – 2006 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ის და 2009 წლის 11 მაისს დაბადებული გვ--–- კ--–----–-–--ის (პირადი N24950000511) მიმართ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანისა და მათთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის დამზადებაზე თანხმობის უფლებაში;
1.2. გაიზარდოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 50 ლარით და ზ------ კ--–----–-–--ს დაეკისროს შვილების 2006 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2009 წლის 11 მაისს დაბადებული გვ--–- კ--–----–-–--ის სარჩენად თითოეულისათვის 190 ლარის გადახდა. გაზრდილი ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 2 მაისიდან;
1.3. ზ------ კ--–----–-–--ს დაეკისროს დამატებითი ხარჯების - გ------- კ--–----–-–--ის მკურნალობის ხარჯების 13 050 ლარის გადახდა.
2. ზ------ კ--–----–-–--ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 427 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი