გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20162-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ო;
წარმომადგენელი - გ---–--------–---–-ა;
მოპასუხე - თ----------------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ----------------ეს მოსარჩელე სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 2 ნოემბერს, როდესაც მოპასუხემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, ექსპერტიზის ბიუროს საქმიანობა რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მომსახურების ტარიფებით. ბიურო უფლებამოსილი იყო და დღესაც გააჩნია აღნიშნული უფლებამოსილება, რომ ცალკეულ პირთა მომართვის საფუძველზე ჩაატაროს გამოკვლევა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად. 2016 წლის 2 ნოემბრის განცხადებისა და N2--------- ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა. 2016 წლის 6 დეკემბერს დამკვეთმა მხარემ წარმოადგინა დამატებითი მასალა. 2017 წლის 13 თებერვალს მომზადდა N0-------- ექსპერტის დასკვნა, რომლის მომზადების ღირებულების საფასურმა შეადგინა - 500 ლარი.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ დამკვეთმა მხარემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს 2016 წლის 2 ნოემბერს. იმ პერიოდში მომსახურების ტარიფი განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლსი 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფებით. გაწეული საექსპერტო მომსახურების სატარიფო კოდი არის 135 (ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა 501-5000 მ3 – 500 ლარი). საექსპერტო მომსახურების საერთო ფასმა შეადგინა - 500 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 2 ნოემბერს მართლაც დადო ხელშეკრულება მოსარჩელესთან და შეათანხმა მისი პირობები, რომელთა დაუცველობა მოპასუხეს აძლევდა უფლებას ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 3.2. მუხლი არ დაუწყია ობიექტის კვლევა და არც მიზეზი განუმარტავს, ასევე გადააცილა სამუშაოს შესრულების ვადას, მას არ შეუთანხმებია მოპასუხესთან ხელშეკრულების მე-5 მუხლის ''გ'', ''დ'', ''ე'', ''ვ'', ''ზ'' პუნქტებით გათვალისწინებული საკითხები. აღნიშნულის გამო მოპასუხემ უარი განაცხადა ექსპერტიზის გაგრძელებაზე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების 7.1. და 7.2. მუხლებით. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მისთვის ექსპერტიზის ღირებულება წინასწარ არ უცნობებია, მოსარჩელეს მისთვის სატარიფო მონაცემები არ გაუცვნია, შესაბამისად მხარეთა შორის არც იმაზე ყოფილა შეთანხმება, რომ საკვლევ ობიექტზე მისვლა და ვიზუალური დათვალიერება ეღირებოდა 500 ლარი. მოპასუხემ მიუთითა, რომ მას სჭირდებოდა სახლის მდგომარეობის გამოკვლევა, როგორც ეს მის განცხადებაში იყო აღნიშნული და არა ვიზუალური დათვალიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 2 ნოემბერს მოპასუხე თ----------------ემ მიმართა სსიპ - ლ----------------–--------------–----------------------------–---------ს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ითხოვს გამოკვლეულ იქნეს მისი სახლის მდგომარეობა და დადგინდეს: 1. ავარიულობის გამომწვევი მიზეზი და ხარისხი; 2. სახლის მდგრადობის აღდგენის შესაძლებლობა და სხვა გამომდინარე ფაქტორები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.
- 02.11.2016 წლის განცხადება (ს.ფ. 21).
3.1.2. 2016 წლის 2 ნოემბერს თ----------------ესა და სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსრულებელმა იკისრა საინჟინრო ექსპერტიზის შესრულება, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
შემსრულებელი საექსპერტო კვლევას/გამოკვლევას დაიწყებდა დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის საჭირო მასალის/ობიექტის წარდგენის დღიდან. დასკვნის წარდგენის შეუძლებლობის შესახებ დასკვნა/აქტი გაიცემოდა 30 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულება მოქმედებდა ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
- საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24).
3.1.3. საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი, რის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მომსახურების ტარიფების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.
საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთმა იკისრა ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებამდე ან სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის მიღებამდე გადახდა.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია: დამკვეთის მიერ საკვლევი მასალის/ობიექტის წარუდგენლობის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, დამკვეთის მომართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოითხოვოს საჭირო მასალა/ობიექტი. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საექსპერტო მომსახურების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე გააგრძელოს საექსპერტო მომსახურების ვადა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24).
3.1.4. საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა.
ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეები პასუხს აგებენ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით მეორე მხარისათვის მიყენებულ ზიანზე.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, თუ დამკვეთი უარს განაცხადებს შემსრულებლის მიერ ჩატარებული სამუშაოს გაგრძელებაზე, ან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ვერ უზრუნველყოფს ექსპერტის დაშვებას ობიექტზე, ან დასკვნის მომზადება შეუძლებელია არსებული მასალის საფუძველზე, ექსპერტი ადგენს აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%.
ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ან უარი განაცხადონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, თუ მეორე მხარე არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24).
3.1.5. დადგენილია, რომ შემსრულებელმა სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–მა ბიურომ არაუადრესს 2017 წლის 13 თებერვლისა შეადგინა ექსპერტიზის დასკვნა, 30 სამუშაო დღის ვადის დარღვევით, ამასთან, დასკვნაში მითითებულია და სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ იგი დასკვნა გაცემულია ვიზუალური გამოკვლევის საფუძველზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი;
- ექსპერტიზის დასკვნა N0-------- (ს.ფ. 28).
3.1.6. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის 135 სატარიფო კოდის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 02 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული საექსპერტო მომსახურების შესახებ №2--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გაწეული საექსპერტო მომსახურებისათვის მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს - 125 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა მოცემული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 629-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ომ იკისრა სასაქონლო ექსპერტიზის საექსპერტო ან სპეციალური სამუშაოს შესრულება, ხოლო თ----------------ემ აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს საფასური.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, სსიპ - ''ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ომ'' დაარღვია გულისხმიერების ვალდებულება და არ უზრუნველყო მოპასუხის სათანადო ინფორმირება, როგორც მომსახურების მოცულობის შესახებ, რომელიც პირდაპირ კავშირშია ღირებულებასთან, ასევე მომსახურების ტარიფებთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმირების და განმარტების ვალდებულება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი წარმოადგენს წინა სახელშეკრულებო მოვლენას, სავალდებულოდ უნდა შესრულდეს ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ამასთან, ინფორმირების და განმარტების ვალდებულება არ გულისხმობს სპეციალური დოკუმენტით მისი მიწოდების აუცილებლობას, არამედ შესაძლებელია ზეპირსიტყვიერი გასაუბრების პირობებშიც. ინფორმირების ვალდებულების სრულფასოვანი შესრულება, შესაძლებლობას აძლევს მსესხებელს, თანასწორი შესაძლებლობების პირობებში, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება ნების თავისუფალი და გაცნობიერებული ფორმირებით. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული უთანასწორობა შესაძლებლობას აძლევს გარიგების ''ძლიერ'' მხარეს, თავს მოახვიოს ოპონენტს მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ შემუშავებული დებულებები. აღნიშნული პრინციპი იცავს მომხმარებელს მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისაგან, რომელიც სტანდარტულ პირობების გამოყენებით ცდილობს თავისი პოზიციის მართლსაწინააღმდეგო უპირატესობის უზრუნველყოფას, მომხმარებელზე საკუთარი პირობების ფარულად თავს მოხვევის გზით და რომელსაც მეორე მხარე, გონივრული ვარაუდით, არ მიიღებდა. აღნიშნული ნორმა იცავს მომხმარებელს სტანდარული პირობის შინაარსით გამოწვეული მოულოდნელი შედეგებისაგან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს სტანდარტულ პირობას. შესაბამისად, მისი შინაარსი საჭიროებდა სავალდებულო განმარტებას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სატარიფო სეგმენტი არ იყო ჩამოყალიბებული ჩვეულებრივი და ხელმისაწვდომი ფორმით. მოპასუხეს არ ევალებოდა სცოდნოდა მომსახურების კოდიფიკაცია და შესაბამისი ღირებულება. ამ პუნქტის შინაარსი და შესრულების ფორმა ობიექტურად გამორიცხავდა მოსარჩელის შესაძლებლობას გაეცნობიერებინა მისი მნიშვნელობა.
გარდა ამისა, სასამართლო დამაჯერებლად მიიჩნევს თ----------------ის განმარტებას მასზედ, რომ მას სურდა ექსპერტის მიერ განხორციელებულიყო არა ვიზუალური დათვალიერება, არამედ სრული გამოკვლევა, რაც ასევე ჩანს მის მიერ წარდგენილ განცხადებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ გონიერი ადამიანი მიერ საკითხისადმი ლოგიკური მიდგომით, თ----------------ეს არ შეიძლება სცოდნოდა ტარიფების კოდიფიცირებული ფორმის შინაარსი და გონიერი დამკვირვებლის თვალით, იგი ამ სამართლებრივ ურთიერთობას განიხილავდა ჩვეულებრივი, ყოფითი ურთიერთობის ჭრილში. იმ პირობებში, როდესაც მომსახურების ღირებულება მისთვის ამჟამადაც ინარჩუნებს აქტუალობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკების პირობებში ეს საკითხი არ ყოფილიყო ინიცირებული მოპასუხის მიერ.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დამკვეთი უარს განაცხადებს შემსრულებლის მიერ ჩატარებული სამუშაოს გაგრძელებაზე, ან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ვერ უზრუნველყოფს ექსპერტის დაშვებას ობიექტზე, ან დასკვნის მომზადება შეუძლებელია არსებული მასალის საფუძველზე, ექსპერტი ადგენს აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%-ს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზა ჩატარებულია, ანუ გარკვეული მომსახურება გაწეულია, რამდენადაც, შემდგომში დამკვეთმა უარი განაცხადა ამ სამუშაოს მიღებაზე, მას უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოების მხედველობაში მიღებით, ექსპერტიზისათვის განკუთვნილი ტარიფით განსაზღვრული თანხის 25%-ის ანუ 125 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 2 000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე თ----------------ეს მოსარჩელის სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს - 125 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე თ----------------ეს მოსარჩელის სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს - 12.50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი