გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#2/2023-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ბორენა იობიძე
მოსარჩელე - ზ----- ნ------ე;
წარმომადგენელი - ფ-------- ბ----–---;
მოპასუხე - კ---- ნ------ე;
წარმომადგენელი - თ---------- მ----;
დავის საგანი - მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ----- ნ------ე ცნობილ იქნეს ქ. ქუთაისში, ჟ. შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ის მდებარე საცხოვრებელი ბინის 3/4 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ის ¾-ის მესაკუთრედ, ხოლო კ---- ნ------ე ¼-ის მესაკუთრედ. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ზ----- ნ------ე ო----- ნ------ესთან დაქორწინდა 1975 წელს. ერთად ცხოვრების პერიოდში 1994 წელს შეიძინეს ბინა ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში. მისი მეუღლე გარდაიცვალა 2015 წელს, რომელსაც დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე - ზ----- ნ------ე და შვილი - კ---- ნ------ე. რამდენადაც ბინა შეძენილია ქორწინების განმავლობაში, იგი წარმოადგენს თანასაკუთრებას, რის გამოც სამკვიდროში შედის მხოლოდ ამ ბინის ნახევარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკუთვნის ბინის ნახევარი, როგორც თანამესაკუთრეს და მეორე ნახევრიდან კიდევ ნახევარი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს. აღნიშნულის გამო მომართა სასამართლოს, ვინაიდან მოპასუხე პრეტენზიას აცხადებს მთელი ქონების ნახევარზე, რის გამოც ნოტარიუსმა უარი თქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ სადავო ბინის შეძენას კლასიკური გაგებით ადგილი არ ჰქონია, ბინა მისმა ოჯახმა მიიღო ძველი, დანგრეული სახლის სანაცვლოდ, სადაც იგი რეგისტრირებული იყო დაბადებიდან, ანუ 1967 წლიდან, ხოლო მოსარჩელე მხარე 1973 წლიდან. ორივე მხარე რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე 1976 წლიდან. 1994 წელს განხორციელდა სადავო ბინის პრივატიზაცია, რა დროსაც როგორც მან, ისე მოსარჩელემ უარი თქვეს მათ წილზე აწ გარდაცვლილი ო-----ი ნ------ის სასარგებლოდ. ამდენად, მიაჩნია, რომ აღნიშნული ქონების ½ წილის მესაკუთრეა თვითონ, ხოლო ½ წილის - მოსარჩელე. მოსარჩელის მითითება, რომ ამ ბინის ½ წილი ეკუთვნის როგორც თანამესაკუთრეს უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ზ----- ნ------ე და ო-----ი ნ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1975 წლის 05 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 13).
3.1.2. ო-----ი ნ------ე გარდაიცვალა 2015 წლის 08 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 20).
3.1.3. 1994 წლის 28 სექტემბერს ავიოსარემონტო ქარხნის საბ. კომ. განყოფილების წარმომადგენელსა და ო----- ნ------ეს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება (#5962) და ქ.ქუთაისში, ჟ. შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში მდებარე ბინა საკუთრებაში გადაეცა ო-----ი მიხეილის ძე ნ------ეს, რომელიც აღრიცხულია ო-----ი ნ------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1994 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულება (#5962) (ს.ფ. 42).
- ცნობა დახასიათება (ს.ფ. 16)
3.1.4. ნოტარიუს თამარ ჩაფიძის 2016 წლის 05 ოქტომბერის დადგენილებით N161152023 ზ----- ნ------ეს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე შემდეგი საფუძვლით: „რადგან მემკვიდრეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე შეუძლებელია სამკვიდროს განაწილება და ასევე მათი განცხადებით ვერ მოხდა შეთანხმება უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს ქუჩა N2/34-ში, მათი კუთვნილი წილის განაწილების შესახებ. ნოტარიუსი მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს სამკვიდრო მოწმობა სანამ სასამართლოს მიერ არ დადგინდება თითოეული მემკვიდრის წილი და უფლება უძრავ ქონებაზე.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 05 ოქტომბერს ნოტარიუს თამარ ჩაფიძემ N161152023 დადგენილება (ს.ფ. 21-22).
3.1.5. ქ.ქუთაისში, ჟ. შ--------ს ქუჩა N2/34-ში, მდებარე უძრავი ქონება აუდიტორული დასკვნის საფუძველზე შეფასებულია 20000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 23).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:
- ქ. ქუთაისში, ჟ. შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში მდებარე უძრავი ქონების შეძენა მოხდა თუ არა მეუღლეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში.
- არის თუ არა ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში არსებული უძრავი ქონების ½ წილი სამკვიდრო ქონება.
- არის თუ არა 1987 წელს ზ----- ნ------ის და 1983 წელს კ---- ნ------ის მიერ დაწერილი განცხადებები უძრავი ქონების წილზე უარის თქმა.
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში დასადგენია, ქ. ქუთაისში, ჟ. შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში მდებარე უძრავი ქონება, მხოლოდ ო-----ი ნ------ის საკუთრებას წარმოადგენდა, თუ ზ----- ნ------ესთან ერთად თანასაკუთრებას.
3.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ზ----- ნ------ეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში. მოპასუხე უარყოფს უძრავი ქონების ქორწინების განმავლობაში შეძენას. ასეთი ფაქტების არარსებობას მოპასუხე ვერ დაამტკიცებს. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით ,,არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება“. ამიტომაც მოსარჩელის მიერ ქონების ქორწინების განმავლობაში შეძენის დამტკიცება მოპასუხეს არ ეკუთვნის. თუ არ დადგინდა, რომ უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში, მიჩნეული იქნება, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს.
3.2.4. 1987 წლის 03 დეკემბერს ქ.ქუთაისის სსქ დირექტორს განცხადებით მიმართა ქ.ქუთაისში, ჩ------ს ქუჩა N2/34-ში მცხოვრებმა ზ----- ნ------ემ, სადაც განმარტა, რომ იგი თანახმა იყო მის მეუღლეს - ო----- ნ------ეს უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაცემოდა ქ.ქუთაისში, ჩ------ს ქუჩა N2/34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა.
1994 წელს განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით ბინა გაფორმდა ო----- ნ------ის სახელზე. მართალია, რომ მოსარჩელე დაეთანხმა მეუღლის - ო----- ნ------ის სასარგებლოდ ბინის პრივატიზაციას, თუმცა მის კუთვნილ წილზე უარი არ განუცხადებია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზ----- ნ------ის თანხმობით დადგენილია, რომ ზ----- ნ------ე დაეთანხმა ბინის მეუღლის სახელზე რეგისტრაციას, რაც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ზ----- ნ------ის მიერ კუთვნილ წილზე უარის თქმად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: პრივატიზაციის უფლების მქონე ერთ-ერთ პირზე საკუთრების უფლების აღრიცხვა, არ ნიშნავს იმას, რომ მასთან მცხოვრებმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს საკუთრების უფლების მოპოვებაზე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრივატიზაციის განხორციელებაზე ოჯახის ყველა წევრის ნების არსებობა გულისხმობს საკუთრების უფლების მოპოვებას ოჯახის ყველა წევრის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მხოლოდ ერთ-ერთ დამქირავებელზე. ამ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთრების ინსტიტუტი განვმარტოთ მხოლოდ უძრავი ნივთების შეძენის იურიდიული დეფინიციის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში მას გააჩნია სოციალური დანიშნულება, რაც პოზიტიურ-სამართლებრივი სახით ვლინდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებაში პირველ აბზაცში (იხ. სუსგ № ას-934-877-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-1987 წლის 03 დეკემბრის ზ----- ნ------ის განცხადება (ს.ფ. 46).
3.2.5. 1983 წლის 23 თებერვალს ქ.ქუთაისის სსქ დირექტორს განცხადებით მიმართა ქ.ქუთაისში, ჩ------ს ქუჩა N2/34-ში მცხოვრებმა კ---- ნ------ემ, სადაც განმარტა, რომ იგი თანახმა იყო მის მამას - ო----- ნ------ეს უსასყიდლოდ პირად საკუთრებაში გადაცემოდა ქ.ქუთაისში, ჩ------ს ქუჩა N2/34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-19837 წლის 23 თებერვლის კ---- ნ------ის განცხადება (ს.ფ. 47-48).
3.2.6. რაც შეხება სადავო საკითხს, არის თუ არა ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში არსებული უძრავი ქონების ½ წილი სამკვიდრო ქონება, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, როგორ უნდა გაიყოს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში რამდენს შეადგენს მათი წილი სამკვიდრო ქონებაში. აღნიშნულის გარკვევამდე სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ როდის იყო შეძენილი ეს ქონება. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მეუღლეთა საერთო საკუთრებაა მხოლოდ ის ქონება, რომელიც მათ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეიძინეს. კანონმდებელი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს ქორწინების პერიოდს, როდესაც ისინი ერთიანი ძალებით უძღვებიან საოჯახო მეურნეობას. სასამართლო თვლის, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ის შეძენილია ქორწინების პერიოდში და სამკვიდრო გაიხსნება მხოლოდ სადავო ქონების ნახევარზე. ასეთ შემთხვევაში კი მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ზ----- ნ------ე ცნობილ იქნეს ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ის მდებარე საცხოვრებელი ბინის 3/4 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ის ¾-ის მესაკუთრედ, ხოლო კ---- ნ------ე ¼-ის მესაკუთრედ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
--საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. კ---- ნ------ე მიიჩნევს, რომ ისიც არის პრივატიზაციის სუბიექტი, რადგანაც ო----- ნ------ემ საცხოვრებელი ბინა მიიღო მათი გათვალისწინებით და მათ როგორც პრივატიზაციის ისე ამ ქონებაში თანაცხოვრებით მოიპოვეს საკუთრების უფლება.
პრივატიზაციის უფლების მქონე პირთა წრე, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდებოდა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების შესაბამისად, დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად ,,საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები ან მისი ოჯახის წევრები არიან, ხოლო ბინის დამქირავებლად ის პირი ითვლება, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი ფართი ბინის ორდერში”.
1992 წლის საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობდნენ ყველა უფლებით და ეკისრებოდათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა. ამავე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებოდნენ მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები.
განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ პრივატიზაციის დროისათვის (1994 წელი), სადავო ბინაში დამქირავებელთან, ო----- ნ------ესთან ერთად ცხოვრობდა მისი მეუღლე - ზ----- ნ------ე.
ამდენად, ზემოაღნიშნული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების საფუძველზე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ამ ბინის მიმართ უფლებამოპოვებულ პირს ასევე წარმოადგენდა ზ----- ნ------ე, რომელსაც ისეთივე თანაბარი მდგომარეობა გააჩნდა, როგორც ო----- ნ------ეს. ო----- ნ------ეს, როგორც დამქირავებელს რაიმე უპირატესობა არ ენიჭებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულებით, ზ----- ნ------ესთან ერთად წარმოეშვა უფლება დასახელებული ბინის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- ნ------ის, როგორც პრივატიზაციის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამოპოვებული პირის მოთხოვნა, სადავო ბინის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია.
1994 წლის 28 სექტემბერს ავიოსარემონტო ქარხნის საბ. კომ. განყოფილებამ ნება გამოხატა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34 საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძვლით ო----- ნ------ეს უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მან და მოსარჩელემ უარი თქვეს მათ წილზე და შესაბამისად არ არიან თანამესაკუთრეები.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103- მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კ---- ნ------ის მტკიცება, რომ მან და მოსარჩელემ უარი თქვეს თავიანთ წილზე არ არსებობს. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, ზ----- ნ------ის მიერ თავის კუთვნილ წილზე მეუღლის - ო----- ნ------ის სასარგებლოდ უარის თქმის ფაქტი მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ კ---- ნ------ეს უნდა ემტკიცებინა. ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ზ----- ნ------ემ მეუღლის სასარგებლოდ სამკვიდრო ქონებაზე თავის კუთვნილ წილზე უარი თქვა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამავე კოდექსის 1163-ე მუხლით, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
საქმის განხილვით დადგენილია, რომ ზ----- ნ------ე და ო----- ნ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1975 წლიდან. მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მეუღლეთა მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებს აქვს უტყუარობის დანიშნულება და რეგისტრირებულ მონაცემების მიმართ მოქმედებს სისრულის პრეზუმცია. ქონება ითვლება იმ პირის საკუთრებად, რომელიც მესაკუთრედაა რეგისტრირებული, მაგრამ დასახელებული პირობა მეუღლეებს არ ართმევს უფლებას ნებისმიერ დროს მოითხოვოს მესაკუთრედ დარეგისტრირება. სადავო არაა ის გარემოება, რომ ქონების მესაკუთრედ რეგისტირებული იყო ო----- ნ------ე. ქონების ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად რეგისტრაცია არ ნიშნავს მას, რომ ზ----- ნ------ემ უფლება დაკარგა ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო საკუთრებაზე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს პრეტენზია და მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების აღიარება, რის გამოც მომართა სასამართლოს და ითხოვა აღნიშნულის დადგენა.
დადგინდა და მხარეებიც არ უარყოფენ, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ო----- ნ------ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული. ბინა მისი საკუთრება გახდა ო----- ნ------ესა და 1994 წლის 28 სექტემბერს ავიოსარემონტო ქარხნის საბ. კომ. განყოფილებას შორის დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით. ბინა ო----- ნ------ის საკუთრებად რეგისტრირებულია 1994 წლიდან. ანუ ითვლება, რომ დასახელებული ქონება შეძენილია იმ პერიოდში, როდესაც ზ----- ნ------ე და ო----- ნ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. შესაბამისად დასახელებული უძრავი ქონება მიჩნეული უნდა იქნეს ზ----- ნ------ის და ო----- ნ------ის თანასაკუთრებად.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. ხოლო 1328-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად პირველ რიგში ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი, შესაბამისად თუ მამკვიდრებელს სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით მასზე ხანდაზმულობის ვადები ვერ გავრცელდება. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
6.6. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მამკვიდრებელ ო----- ნ------ეს გარდაცვალების მომენტისათვის (08.06.2015 წელი, რა დროსაც გაიხსნა სამკვიდრო) ჰყავდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მქონე ორი პირი, მეუღლე - ზ----- ნ------ე და შვილი - კ---- ნ------ე. მამკვიდრებელ ო----- ნ------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად მხარეებმა მიმართეს ნოტარიუსს, თუმცა წილებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ნოტარიუსმა უარი თქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სანამ სასამართლოს მიერ არ დადგინდება თითოეული მემკვიდრის წილი და უფლება უძრავ ქონებაზე. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სამკვიდროს დაუფლების ფაქტის დადგენა არ წარმოადგენდა სასამართლოს კვლევის საგანს.
სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლის თანახმად, ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მამკვიდრებელ ო----- ნ------ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო უნდა გახსნილიყო მხოლოდ მის ქონებაზე ანუ დანაშთი სამკვიდრო ქონების - ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე. შესაბამისად დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილიდან ¼ ნაწილი მიიღო მოსარჩელე ზ----- ნ------ემ, ხოლო ¼ ნაწილი - მოპასუხე კ---- ნ------ემ. ამასთან, მოსარჩელე ცნობილი იქნა უძრავ ქონებაზე გარდაცვლილ ო----- ნ------ესთან ერთად თანამესაკუთრედ ( ½ ნაწილი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვდა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ზ----- ნ------ე ცნობილი უნდა იქნეს სადავო ქონების ¾-ის მესაკუთრედ, ხოლო კ---- ნ------ე ¼-ის მესაკუთრედ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ½ ნაწილში, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება, ხოლო 300 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
7.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 500 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ----- ნ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ზ----- ნ------ე ცნობილ იქნეს ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 3/4 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში ქ.ქუთაისში, ჟ.შ--------ს (ყოფილი ჩ------ს) ქუჩა N2/34-ის ¾-ის მესაკუთრედ, ხოლო კ---- ნ------ე - ¼-ის მესაკუთრედ.
1.2. კ---- ნ------ეს ზ----- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის გადახდა.
1.3. დაუბრუნდეს მოსარჩელე ზ----- ნ------ეს მის მიერ 2017 წლის 17 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: (საგადასახადო დავალება #1, რეფერენსი 1681124020) მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკი კოდი TRESGE22, გადამხდელის ბანკი: სს თიბისი ბანკი, ბანკის კოდი TBCBGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა