გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001856674
2-865/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22/11/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი ნ---- ცინცაძე
მოსარჩელე - სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ი;
წარმომადგენელი - მ-------------–--ე
მოპასუხე - ნ---- ა----–--ე
წარმომადგენელი - თ----- ვ---–--–-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა
1.1. სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ი” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ნ---- ა----–--ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს სწავლის საფასურის 2250 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნ---- ა----–--ე 2008 წელში ჩაირიცხა სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში“ თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სპეციალობაზე. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მიეწოდებინა მომსახურება. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სრულად გადაეხადა სწავლის საფასური. მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და არ გადაიხადა სწავლის საფასური. მოპასუხეს გადასახდელი აქვს 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა სწავლის საფასური 2250 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ნ---- ა----–--ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მასზე თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წელში ნ---- ა----–--ე ჩაირიცხა სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში“ თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სპეციალობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა განმარტებები.
3.1.2. ურთიერთვალდებულებათა შესახებ მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მიეწოდებინა მომსახურება. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სრულად გადაეხადა სწავლის საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.
3.1.3. ნ---- ა----–--ეს სწავლის საფასური უნდა გადაეხადა სემესტრების მიხედვით. მან 2008-2009 წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური არ გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.
2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანება.
3.1.3. სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით ნ---- ა----–--ეს შეუჩერდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი და დაერიცხა დავალიანება, რაც მოპასუხეს გადახდილი არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანება.
3.1.4. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სწავლის ღირებულების გადაუხდელობით ირღვევა მისი კანონიერი ინტერესი და დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2250 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასარჩელო განცხადება. ს.ფ.(1-12)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:
- დაესწრო თუ არა ნ---- ა----–--ე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსს და უნივესიტეტისაგან მიიღო თუ არა მომსახურება. (მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ მიიღო მომსახურება და იგი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის ღირებულება. თავის მხრივ მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს მომსახურების მიღებას და განმარტავს, რომ მას საერთოდ არ უვლია ლექციებზე და უნივერსიტეტისაგან არ მიუღია მომსახურება).
- სარჩელის ხანდაზმულობა.
3.2.2. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავლდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოების, კერძოდ: მოპასუხის მიერ მომსახურების მიღების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლბელი იყოს. მოსარჩელისათვის თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ წარმოადგინოს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ლექციებზე ესწრებოდა და მისთვის სალექციო კურსი მიწოდებული აქვს. ამ ფაქტის უარყოფის მტკიცება მოპასუხისათვის ობიექტურად შეუძლებელია. ამიტომ მომსახურების გაწევა უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ. მან თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება მასზედ, რომ მოპასუხე დადიოდა ლექციებზე და ღებულობდა მომსახურებას. მას ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
თავის მხრივ ხანდაზმულობის ფაქტის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხისათვის მომსახურების მიწოდება ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა ან არარსებობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მოსარჩელემ მომსახურების მიწოდების მტკიცებულებად წარმოადგინა ზეპირი განმარტება. მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა (საქ. სსკ-ის 102-ე მუხლი). მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შემოწმდეს რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ზეპირი განმარტების ნამდვილობისათვის აუცილებელია სხვა მტკიცებულებების გამოყენება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. წინამდებარე დავაში აღნიშნული სტანდარტი მოეთხოვება მოსარჩელეს. როგორც ზემოთ ვთქვით, მოსარჩელეს მოპასუხისათვის მომსახურების გადაცემის მტკიცებულება (გარდა ზეპირი განმარტებისა) არ აქვს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან მომსახურების მიღების ფაქტის დასადასტურებლად ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. მოპასუხის, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სპეციალობაზე ჩარიცხვა არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მოპასუხე დადიოდა ლექციებზე და მიიღო მომსახურება. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებისათვის საჭიროა წარმოდგენილი იქნას აღრიცხვის ჟურნალი, უწყისი ან სხვა კატეგორიის დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება მოპასუხის დასწრება სალექციო კურსზე. მოსარჩელეს მსგავსი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ასეთ რამეს არ შეიცავს. შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს მომსახურება.
3.2.6. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა 2008-2009 წლის გაზაფხულის სემესტრის კუთვნილი გადასახადი.
მხარეებმა განმარტეს, რომ მათ ერთმანეთთან ხელშეკრულება დადებული არ აქვთ. შესაბამისად გადახდის თარიღი მხარეებს შორის შეთანხმებული არაა. თუ გავიზიარებთ მოსარჩელის არგუმენტებს მასზედ, რომ მოპასუხეს 2008-2009 წლის გაზაფხული სემესტრის კუთვნილი გადასახადი გადახდილი არ აქვს, მაშინ დასადგენი გახდება გადახდის თარიღი. სავარაუდოდ მოთხოვნის უფლება შეიძლება წარმოშობილიყო 2009 წლის ბოლომდე (მოსარჩელისათვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდს თუ გავითვალისწინებთ). ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა 2008-2009 წლის სასწავლო წლის დასრულებისთანავე. ეს ვადა წლის ბოლომდე, რომც გავაგრძელოთ, მოთხოვნის უფლების წარმოშობის თარიღად განვსაზღვრავთ 2009 წლის 31 დეკემბერს. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 24 მარტს. ანუ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან, სარჩელის აღძვრამდე გავიდა სამ წელზე მეტი დრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასარჩელო განცხადება.
-მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია და მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ითქვას ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს კონსტიტუცია 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად ლექციებზე დასწრება, მომსახურების მიღება, გარიგების პირობები და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.
6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნარდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა თავისი შინაარსით ნარდობის ხელშეკრულებაა. მისი დადების შემდეგ მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სწავლის საფასურის გადახდა. თავს მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა მიღებული მომსახურების ღირებულება. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის გარიგებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს მომსახურების გაწევა, ხოლო მომსახურების გაწევას უნდა მოჰყვეს მისი ღირებულების გადახდა. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სწავლის საფასური მოსარჩელისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით, ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ განათლების მიწოდებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ მისი ღირებულების აუცილებელი გადახდა. მოპასუხემ სწავლის ღირებულება 2250 ლარი არ გადაიხადა. შესაბამისად დაარღვია მოსარჩელის უფლებები.
6.4. მოპასუხე ამტკიცებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.
მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
დადგენილია, რომ მოპასუხეს 2250 ლარი უნდა გადაეხადა 2009 წლის ბოლომდე. შესაბამისად მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოცემული პერიოდებიდან ანუ 2009 წლის 31 დეკემბრიდან. თუ მოპასუხე ამ ვადაში 2250 ლარს არ გადაიხდიდა, მაშინ მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:
ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);
ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;
გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;
დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.
გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.
6.8. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი. მოპასუხეს 2250 ლარის, ასევე ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდა ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარი აღიარებით არ განუხორციელებია. შესაბამისად არარსებობს ხანდაზმულობის დენის შეწყვეტისა და ხანდაზმულობის ამ თარიღიდან ათვლის საფუძველს.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს 2250 ლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლის 31 დეკემბერს. სარჩელი აღძრა 2017 წლის 24 მარტს შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე