გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210118002514779
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/19170-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - რ---–----ი ფ-----

წარმომადგენელი - ც----------------

მოპასუხე - სს "ხ--–-- ბ----------------–ო"

წარმომადგენელი - ი-----–ი დ--------

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ი-----–------ის მიერ 2018 წლის 16 მაისის გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- და სააღსრულებო ფურცლის მეშვიდე პუნქტი განისაზღვროს შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, სესხის ძირი თანხა - 96 236.33 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1164.62 აშშ დოლარი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელე რ---–----ი ფ-----სა და მოპასუხე სს „ხ--–-- ბ----------------–ოს” წარმომადგენელს ნი----------------ს შორის შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ გაასესხა და მისგან მოსარჩელემ ისესხა 103 400 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით წლიური 10 %-ის გადახდით. სესხი უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, იპოთეკის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე რ---–----ი ფ-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ყ-----------------ი, 34, საკადასტრო კოდი (01.14.------- 0---0------ ხელშეკრულებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 102 310 აშშ დოლარით.

 

სესხის გადახდის გრაფიკის თანახმად მოსარჩელეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1367.36 აშშ დოლარი. ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 10 იანვრამდე მოსარჩელემ სულ გადაიხადა 14 488.78 აშშ დოლარი, საიდანაც ძირ თანხაში გადახდილად ჩაეთვალა 432.51 აშშ დოლარი, სარგებელში გადახდილად ჩაითვალა 7 323.31 აშშ დოლარი, ხოლო 6731.16 აშშ დოლარი ჩაითვალა პირგსამტეხლოში გადახდილად.

 

მოსარჩელე ნაკისრ ვალდებულებას ასრულებდა კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით მანამ, ვიდრე არ მოხდა ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული პირობების შეცვლა კერძოდ იგი გათავისუფლდა შპს „ბ------ი"-ის კომერციული დირექტორის თანამდებობიდან და შეუწყდა შემოსავლები, რომელზეც ამყარებდა სესხის გადახდის შესაძლებლობას.

 

მოპასუხემ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მდგომარეობა და შეღავათების გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინების პირობას იძლეოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელე გადაიხდიდა ვადაგადაცილებულ დავალიანებას მთლიანობაში 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის სოლიდური ოდენობის გამო მოსარჩელემ ვერ შეძლო დავალიანების ერთიანად დაფარვა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მოპასუხემ მიმართა ნოტარიუს ი-----–------ეს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელის გაცემა.

 

2018 წლის 16 მაისს, ნოტარიუსმა ი-----–------ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 მუხლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 112 9 59.85 აშშ დოლარი, მათ შორის 102967,49 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 5827,74 აშშ დოლარი არის პროცენტი, 4164.62 აშშ დოლარი არის პირგსამტეხლო, იმავდროულად სესხის ძირი თანხების, პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონზე რეალიზაცია,შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს პირგასამტეხლო 6731.16 აშშ დოლარის ოდენობით, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილია დამატებით პირგასამტეხლო 4164.62 აშშ დოლარის ოდენობით სულ 10 896 აშშ დოლარის ოდენობით რაც შეუსაბამოდ დიდია.

 

გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე 2018 წლის 11 ივნისს კერძო აღმასრულებელმა ვა----------–------–მა დაიწყო სააღსრულებო წარმოება ია18-------------2 იმავე მოცულობით, იმავდროულად გაფრთხილა მოსარჩელე ნებაყოფლობით აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში იძულებითი წარმოების დაწყებისა და აღსრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ რაც სასამართლოში სარჩელით მომართვის საფუძველი გახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ,,ხ--–-- ბ----------------–ომ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 28 დეკემბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #00---2.847 თანახმად ბანკმა მსესხებელზე გასცა საბანკო კრედიტი 103400 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 10 % დარიცხვით. ამ ხელშეკრულების 5.2.1. პუნქტი ითვალისწინებს საკრედიტო გადასახდელი (ზირიტადი თანხის ან სარგებლის) გადახდის თარიღების გადაცილებისას, ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანების თანხიდან 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ამავე ხელშეკრულების 2.17 პუნქტი ითვალისწინებს შემდეგს: „ კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული სარგებლის დაფარვის ნაწილში ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში ბანკის მიერ მსესხებლის ანგარიშებიდან ჩამოჭრილი ან მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები ბანკის მიერ მიიმართება დავალიანების დაფარვისთვის შემდეგი თანმიმდევრობით: 1) კრედიტის, საურავის, ჯარიმების დაფარვის მიზნით ბანკის მიერ გაწეული ხარჯი; 2) პირგასამტეხლოს თანხა; 3) დარიცხული სარგებლის თანხა; 4) კრედიტის ძირითადი თანხა.

 

ბანკი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს წინამდებარე პუნქტში მოცემული დაფარვის სხვა თანმიმდევრობა.“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის განმარტებით, დაუსაბუთებელია და გაუგებარია რას ეყრდნობა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაში ჩამოყალიბებული პოზიცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელე რ---–----ი ფ-----სა და მოპასუხე სს „ხ--–-- ბ----------------–ოს” წარმომადგენელს ნი----------------ს შორის შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ გაასესხა და მოსარჩელემ ისესხა 103 400 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით წლიური 10 %-ის გადახდით. სესხი უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, იპოთეკის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე რ---–----ი ფ-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ყ-----------------ი, 34, საკადასტრო კოდი (01.14.03.010. 0---0------ ხელშეკრულებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 102 310 აშშ დოლარით.

სესხის გადახდის გრაფიკის თანახმად მოსარჩელეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1367.36 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.12.2016 წლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 29)

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #00---2.847 (ს.ფ. 30-35);

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 36-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 16 მაისს, ნოტარიუსმა ი-----–------ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 მუხლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 112 959.85 აშშ დოლარი, საიდანაც 102967,49 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 5827,74 აშშ დოლარი არის პროცენტი, 4164.62 აშშ დოლარი არის პირგსამტეხლო, იმავდროულად სესხის ძირი თანხების, პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ნივთის (საკადასტრო კოდი #01--------------------- აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.05.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 40-43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე 2018 წლის 11 ივნისს კერძო აღმასრულებელმა ვა----------–------–მა დაიწყო სააღსრულებო წარმოება ია18-------------2, იმავდროულად გაფრთხილა მოსარჩელე ნებაყოფლობით აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში იძულებითი წარმოების დაწყებისა და აღსრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ რაც სასამართლოში სარჩელით მომართვის საფუძველი გახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.06.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 44-46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს რომ მოსარჩელე რ---–----ი ფ-----ს მიერ შესასრულებელი ვალდებულება დავალიანების ძირი თანხის ნაწილთან მიმართებაში შეადგენს 102967,49 აშშ დოლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 6731.16 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალოს ძირ თანხაში გადახდილად და საბოლოოდ ძირი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 96 236.33 აშშ დოლარის სახით, რასაც სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.17 პუნქტი ითვალისწინებს შემდეგს: კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული სარგებლის დაფარვის ნაწილში ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში ბანკის მიერ მსესხებლის ანგარიშებიდან ჩამოჭრილი ან მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები ბანკის მიერ მიიმართება დავალიანების დაფარვისთვის შემდეგი თანმიმდევრობით: 1) კრედიტის, საურავის, ჯარიმების დაფარვის მიზნით ბანკის მიერ გაწეული ხარჯი; 2) პირგასამტეხლოს თანხა; 3) დარიცხული სარგებლის თანხა; 4) კრედიტის ძირითადი თანხა. ბანკი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს წინამდებარე პუნქტში მოცემული დაფარვის სხვა თანმიმდევრობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის განმარტებით, დაუსაბუთებელია და გაუგებარია რას ეყრდნობა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაში ჩამოყალიბებული პოზიცია.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სს ,,ხ--–-- ბ----------------–ომ“ რ---–---- ფ-----ს ხელშეკრულებით განსაზღვრული რიგითობით ჩაუთვალა მის მიერ გადახდილი თანხები ჯერ პირგასამტეხლოს, ხოლო შემდეგ პროცენტის და დავალიანების ძირი თანხის ანგარიშში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის ძირი თანხის ანგარიშში ჩათვლის თაობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. გაურკვველია, რატომ უნდა მოხდეს აღნიშნულის ჩათვლა ძირში არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში განსაზღვრული რიგითობის მხედველობაში მიღებისა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდ ოდენობას, წარმოდგენილ შემთხვევაში უკვე გადახდილისა და ჩათვლილის მხედველობაში მიღებით სასამართლო სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობის შეფასებისას იმსჯელებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 29)

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #00---2.847 (ს.ფ. 30-35);

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 36-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ხ--–-- ბ----------------–ოს“ და მოპასუხე რ---–---- ფ-----ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

2018 წლის 16 მაისს, ნოტარიუსმა ი-----–------ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 მუხლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 112 959.85 აშშ დოლარი, საიდანაც 102967,49 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 5827,74 აშშ დოლარი არის პროცენტი, 4164.62 აშშ დოლარი არის პირგსამტეხლო, იმავდროულად სესხის ძირი თანხების, პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ნივთის (საკადასტრო კოდი #01--------------------- აუქციონზე რეალიზაცია. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე 2018 წლის 11 ივნისს კერძო აღმასრულებელმა ვა----------–------–მა დაიწყო სააღსრულებო წარმოება ია18-------------2.

 

გარდა პირგასამტეხლოს თანხების ძირ თანხებში გადახდილად ჩათვლისა, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ოდენობამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა კრედიტორის მიერ და მიიღო შეთანხმებული სესხის თანხა სრული მოცულობით. ვინაიდან, მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე ,მხარის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში უივე გადახდილი პირგასამტეხლოს მხედველობაში მიღებით, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4 164.62 აშშ დოლარი არ არის გონივრული ოდენობის და სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით სასამართლოს მიხედულებით უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, რაც დაფიქსირებული აქვს თავად მოსარჩელე მხარესაც და განისაზღვროს - 1164.62 აშშ დოლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, მოსარჩელე რ---–----ი ფ-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ი-----–------ის მიერ 2018 წლის 16 მაისის გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- და სააღსრულებო ფურცლის მეშვიდე პუნქტი განისაზღვროს შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 109 959.85 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 102967.49 აშშ დოლარი, პროცენტი 5827.74 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1164.62 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან რ---–---- ფ-----ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ხ--–-- ბ----------------–ოს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 236.16 ლარის ოდენობით დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო რა ნაწილში მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, გადახდილი ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება..

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018 წლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ი-----–------ის მიერ 16.05.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის #1-------- აღსრულება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 55-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე რ---–----ი ფ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ი-----–------ის მიერ 2018 წლის 16 მაისის გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- და სააღსრულებო ფურცლის მეშვიდე პუნქტი განისაზღვროს შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 109 959.85 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 102967.49 აშშ დოლარი, პროცენტი 5827.74 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1164.62 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი.

 

3. 2018 წლის 16 მაისის N1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

4. სს ,,ხ--–-- ბ----------------–ოს" რ---–----ი ფ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მირ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 236.16 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე