გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/173-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - შპს „ა-–-------–-“
წარმომადგენლები - შალვა გვარამაძე, ეკატერინე ნემსაძე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - შპს „ა--------------–-----–--------ი“
წარმომადგენელი - ვახტანგ ტოროტაძე
დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ბათილად ცნობა
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - რეგისტრირებული (დაცული) სასაქონლო ნიშნების უკანონოდ გამოყენების აღკვეთა; ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის და შესაფუთი მასალის განადგურება, რომელიც უნებართვოდ შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს
აღწერილობითი ნაწილი
1. შპს „ა-–-------–-ის“ სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი სასაქონლო ნიშნები:
1. ,,Б------’’, რეგ. #28819, რეგ. თარიღი 2017-08-09;
2. ,,Б--------’’ ბ----------–-ა, რეგ. #27031, რეგ. თარიღი 2016-04-27;
1.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი სხვა საწარმოს ერთგვაროვანი საქონლის მიმართ განსხვავების უზრუნველყოფაა, რამდენადაც სასაქონლო ნიშნის ძირითადი დანიშნულება პროდუქციის იდენტიფიცირება და ერთი მწარმოებლის მეორისგან განსხვავებაა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერად და არ არის გამართლებული ლეგიტიმური ინტერესით, რამდენადაც აღნიშნული რეგისტრაციების მიზანი იყო არა წარმოებული პროდუქციის განმასხვავებელუნარიანობის უზრუნველყოფა და დაცვა, არამედ - მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გზით სარგებლის მიღება, ასევე ნიშნის კანონიერი მფლობელისათვის მისი გამოყენების აკრძალვა და კომერციული საქმიანობის შეზღუდვა.
მოცემულ საქმეში მოპასუხის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი ,,Б------’’ იდენტურია იმ კომბინირებული სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ნაწილისა, რომელსაც მოსარჩელე უკვე წლების განმავლობაში, კერძოდ კი 2012 წლიდან იყენებს თავის კომერციულ საქმიანობაში. მოპასუხემ კი განაცხადი რეგისტრაციაზე შეიტანა 5 წლის გასვლის შემდეგ იმ დროიდან, როცა მოსარჩელემ დაიწყო ამ სასაქონლო ნიშნის ინტენსიური გამოყენება საქართველოში. რაც შეეხება მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მეორე სასაქონლო ნიშანს „Б-------- ბ----------–-ა“ (ეტიკეტი, რეგ. #27031), მისი აღრევამდე მსგავსება მოსარჩელის მიერ გამოყენებულ სასაქონლო ნიშანთან „ბ------------------“ დადასტურებულია, როგორც „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის, ისე სააპელაციო პალატის კოლეგიის გადაწყვეტილებით.
მოსარჩელე სასაქონლო ნიშანს „ბ------------------“ იყენებს საქართველოში 2012 წლიდან. კერძოდ, ყიდის სპრედ „ბ---------ას“ თბილისში, გორში, ქობულეთში, თელავში, ქედაში, ერევანში. ზედნადებების მიხედვით მხოლოდ 2012 წელს შპს „ა-–-------–-მა“ 123,800 ცალი 5 და 10 კილოგრამიანი შეფუთვა გაყიდა. 2013 წლის მონაცემებით 3,5 და 10 კილოგრამიანი შეფუთვით 18, 683 ყუთი, ხოლო 2014 წელს 12, 823 ყუთი სპრედი „ბ---------ა“ გაიყიდა შპს „ა-–-------–-ის“ მიერ. სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მყიდველებს წარმოადგენენ სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და ინდივიდუალური მეწარმეები საქართველოს მასშტაბით.
მოპასუხე შპს „ა--------------–------–---------“ 1996 წელს არის რეგისტრირებული, როგორც რძის და რძის პროდუქტების, ასევე ზეთის, მარგარინის, მაიონეზისა და სხვა ცხიმების მწარმოებელი კომპანია. შესაბამისად, მოპასუხეს, რომელიც ასევე ეწევა საკვები ცხიმების წარმოებას, შეეძლო სცოდნოდა სავაჭრო ნიშნის „ბ------------------“ გამოყენების შესახებ მოსარჩელის მხრიდან. მოპასუხის მიერ განაცხადი სასაქონლო ნიშანზე „Б-------- “ (ეტიკეტი) შეტანილია საქპატენტში 2016 წლის 9 აპრილს, ესე იგი 4 წლის შემდეგ, როცა მოსარჩელემ დაიწყო მსგავსი სასაქონლო ნიშნის „ბ------------------“ გამოყენება საქართველოში მსგავსი საქონლისათვის.
რაც შეეხება მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მეორე ნიშანს Б------, აღნიშნული ნიშნის სარეგისტრაციოდ განაცხადი შეტანილ იქნა „საქპატენტში“ 2017 წლის 17 ივლისს, მას შემდეგ, რაც დასრულდა წარმოება საქპატენტის სააპელაციო პალატაში მოსარჩელის სასაქონლო ნიშანთან „ბ------------------“ (ეტიკეტი) დაკავშირებით. მოპასუხისათვის უდაოდ ცნობილი იყო აღნიშნული წარმოებისა და იმის შესახებ, რომ განცხადებულ სასაქონლო ნიშანს „ბ------------------“ (ეტიკეტი) ეთქვა უარი რეგისტრაციაზე. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ მოპასუხემ თავისი სახელით შეიტანა განაცხადი „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის Б------ რეგისტრაციაზე და მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ამ ქმედებით მან გააძლიერა არაკეთილსინდისიერი ქმედებები მოსარჩელის მიმართ.
მოსარჩელის პოზიციის თანახმად, მოპასუხემ ისარგებლა იმით, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „ბ------------------“ (ეტიკეტი) საქართველოში და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარადგინა ოდნავ სახეცვლილი ნიშანი „Б-------- ბ----------–-ა“. სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენება მოსარჩელემ დაიწყო განმცხადებლის მიერ მის რეგისტრაციამდე რამდენიმე წლით ადრე და მოპასუხემ ნიშნის რეგისტრაციამდე იცოდა, რომ შპს „ა-–-------–-ი“ იყენებდა მსგავს ნიშანს მსგავსი საქონლის საიდენტიფიკაციოდ. შესაბამისად, მოპასუხე მოსარჩელის მიერ შექმნილი სასაქონლო ნიშნის „ბ------------------“ რეპუტაციის გამოყენებით ცდილობს არაკეთილსინდისიერი კონკურენცის გაწევას. ამ შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის/გამოყენების მიზანი არის სწორედ მოსარჩელისათვის არაჯანსაღი კონკურენციის გაწევა, მისთვის კომერციული საქმიანობის შეზღუდვა და არა საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა.
2. მოპასუხე შპს „ა--------------–-----–--------ის’’ პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე:
მოპასუხე შპს „ა--------------–-----–--------ის’’ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია არ მომხდარა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. მოცემულ დავაში უმთავრესია ლეგიტიმური ინტერესის ქონა სასაქონლო ნიშანთან. შპს „ა--------------–-----–--------ი’’ პროდუქციას (მაგ; სპრედებს) მის მიერ შემუშავებული დიზაინითა და სასაქონლო ნიშნების Б------ და Б-------- დატანით შეფუთვებზე ამზადებდა და ამზადებს უკვე ბევრი წელია - კერძოდ, 2007 წლიდან უწყვეტად დღემდე; ამ ნიშნების მიმართ მას იმთავითვე, ასევე ,,საქპატენტში’’ სარეგისტრაციოდ შეტანის მომენტისთვისაც გააჩნდა ლეგიტიმური ინტერესი;
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, თუ როდის შეიტანა შპს „ა--------------–-----–--------მა’’ სარეგისტრაციოდ მოცემული სასაქონლო ნიშანი, ამ უკანასკნელს ვერ ექნებოდა არაკეთილსინდისიერი განზრახვა, რადგან ნიშნის რეგისტრაციამდე ბევრად ადრე აწარმოებდა აღნიშნული ნიშანდებით პროდუქციას - 2007 წლიდან იგი უკვე იყო სამომხმარებლო ბაზარზე. აღნიშნულის შესახებ უნდა სცოდნოდა თავად მოსარჩელეს, ვინაიდან შპს ,,ა-–-------–-“-მა მხოლოდ 2012 წლიდან დაიწყო სადავოდ გამხდარი ნიშნით პროდუქციის წარმოება; შესაბამისად, თავად მოსარჩელემ დაიწყო შპს „ა--------------–-----–--------ისთვის’’ მიბაძვა ცნობადობისა და რეპუტაციის გამოყენების მიზნით;
3. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
3.1. შპს „ა-–-------–-ს“ (საიდ. ნომერი 224087609) აეკრძალოს სასაქონლო ნიშანზე უფლებების დამრღვევი ქმედებები და დაევალოს მათი შეწყვეტა, კერძოდ საქონლის: „საკვები ცხიმები“ შეფუთვებზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების Б-------- (რეგ. ნომერი 27031) და Б------ (რეგისტრაციის ნომერი 28819) იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშნების დატანა, ასეთი სახით იმპორტი, რეალიზაციის მიზნით შენახვა, შეთავაზება და გაყიდვები; შესაბამისად, მასვე დაევალოს ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის და შესაფუთი მასალის განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ ზემოთხსენებულ ნიშნებს.
3.2. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
შპს „ა--------------–-----–--------ი“ არის მფლობელი ინტელექტუალური საკუთრების მრავალი ობიექტის, მათ შორის საქართველოში საერთაშორისო კლასიფიკატორის 29-ე კლასის საქონლის მიმართ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების: Б-------- („საქპატენტში“ რეგისტრაციის ნომერი 27031) და Б------ (რეგისტრაციის ნომერი 28819). აღნიშნულ ნიშნებს უკვე მრავალი წელია კომპანია იყენებს ზოგიერთი პროდუქციის, მათ შორის საკვები ცხიმების მოსანიშნად. მათ მოპოვებული აქვთ მომხმარებელში მაღალი ცნობადობა და პროდუქციას გააჩნია კარგი რეპუტაცია. შპს „ა--------------–-----–--------ი“ არის ამ პროდუქტების მსხვილი მწარმოებელი საქართველოში. მოპასუხე ასევე არის მწარმოებელი კომპანია ანალოგიური პროდუქტებისა და თავიანთ საქონელზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უნებართვოდ დააქვს რეგისტრირებული ნიშნების მომხმარებლისთვის აღრევამდე მსგავსი ან იდენტური ნიშნები, კერძოდ, ,,Б------’’ და ასეთნაირად უშვებს სარეალიზაციო ქსელში. სასაქონლო ნიშნების დანიშნულებაა მომხმარებლის თვალში განასხვავოს ერთი მწარმოებლის პროდუქტი მეორე მწარმოებლის საქონლისგან. აღნიშნულ სადავო შემთხვევაში ადგილი აქვს ნიშნების აღრევას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას სწორედ შპს ,,ა-–-------–-ის’’ მხრიდან. მიუხედავად არაერთი (მათ შორის წერილობითი) მიმართვისა, ეს უკანასკნელი ჯიუტად აგრძელებს რეგისტრირებულ ნიშნებზე უფლებების დარღვევას.
4. მოპასუხე - შპს „ა-–-------–-ის“ პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
მოპასუხე შპს „ა-–-------–-ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი; წარმოდგენილი სარჩელი მიზნად ისახავს შპს ,,ა-–-------–-ის’’ პროდუქციის ბაზრიდან განდევნას, რა კიდევ ერთხელ ადასტურებს შპს ,,ა---------------–-----–--------ის’’ არაკეთილსინდისიერ განზრახვას.
5. ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
5.1.1. მოსარჩელე შპს „ა-–-------–-ი“ წარმოადგენს საკვები ცხიმებისა და რძის გადამამუშავებელ, რძის პროდუქტების დამამზადებელ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს 2007 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ტომი 1. ს.ფ 20
- ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ; ტომი 1. ს.ფ 21;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
5.1.2. 2012 წლიდან შპს „ა-–-------–-ი“ ყიდულობს შპს „ლეგი-ჯგუფისაგან“ გოფრირებულ ყუთებს „ბ---------ა ყვითელი“ - ამ ყუთებზე დატანილია სიტყვა „ბ------------------“. (ეტიკეტი). შპს „ა-–-------–-ის“ შეკვეთით შპს „ლეგი ჯგუფი“ 2012 წლის 1 ივნისიდან რეგულარულად ამზადებდა ყუთებს პროდუქციისათვის დასახელებით „ბ------------------“ (ეტიკეტი), ყუთებზე იყო დატანილი გამოსახულება, რომელიც შპს „ლ------------“ წარუდგინა მოსარჩელემ. 2012 წლის პირველი ივნისიდან 2014 წლის 5 აპრილამდე აღნიშნული ყუთები გადაეცემოდა შპს „ა-–-------–-ს“. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2012 წელს „ა-–-------–-მა“ შპს „ლ----------------ნ“ 131,619 გოფრირებული ყუთი წარწერით „ბ---------ა“ (ყვითელი და ლურჯი) შეიძინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები გოფრირებული ყუთის შესყიდვაზე; ტომი 1. ს.ფ 44-82
- წერილი შპს „ლ----------------ნ“ თანდართული ეტიკეტის ფერადი გამოსახულებებით; ტომი 1. ს.ფ 83-86
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
5.1.3. 2012 წლიდან შპს „ა-–-------–-ი“ ყიდის სპრედ „ბ---------ას“ თბილისში გორში, ქობულეთში, თელავში, ქედაში, ერევანში. თანდართული ზედნადებების მიხედვით მხოლოდ 2012 წელს შპს „ა-–-------–-მა“ 123,800 ცალი 5 და 10 კილოგრამიანი შეფუთვა გაყიდა. 2013 წლის მონაცემებით 3,5 და 10 კილოგრამიანი შეფუთვით 18, 683 ყუთი, ხოლო 2014 წელს 12, 823 ყუთი სპრედი „ბ---------ა“ გაიყიდა შპს „ა-–-------–-ის“ მიერ. სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მყიდველებს წარმოადგენენ სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და ინდივიდუალური მეწარმეები საქართველოს მასშტაბით. შეფუთვაზე დატანილი იყო ნიშანი „ბ------------------“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადებები სპრედ „ბ---------ას“ გაყიდვებზე - 2012წ; 2013წ; 2014წ; ტომი 1. ს.ფ 86-211;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
5.1.4. მოსარჩელე შპს „ა-–-------–-ი“ 2010 წლიდან თანამშრომლობს შპს „პ----------------------“, რომელმაც 2011 წლის ნოემბერში დაამზადა სპრედი „ბ---------ას“ შესაფუთი ყუთის დიზაინი. შპს „პ------------------“ დაამზადა 200გ. და 500გ. მოცულობის კარაქის შესაფუთი კოლოფების დიზაინები, რომლებიც გადაეცა შპს „ა-–-------–-ს“. ამ შეფუთვაზე დატანილი იყო სიტყვა „ბ------------------“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „პ-----------------ს“ მიერ გაცემული ცნობა ყუთის დიზაინის შექმნაზე; ტომი 1. ს.ფ 212-214
5.1.5. მოსარჩელეს 2013 წლიდან თურქეთიდან შემოაქვს საქართველოში შესაფუთი ყუთი წარწერით „ბ---------ა“. წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებისა და მათზე თანდართული ინვოისების მიხედვით 2014 წელს შპს „ა-–-------–-მა“ თურქეთში კომპანია „ი----------------–---------“-სგან შეიძინა 37500 პლასტმასის კონტეინერი წარწერით „ბ---------ა“. 2015 წელს კი კომპანია „უსტუნ“-სგან 2,912 ცალი პლასტმასის კონტეინერი წარწერით „ბ---------ა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბაჟო დეკლარაციების ასლები, თანდართული ინვოისები; ტომი 1. ს.ფ 215-235
5.1.6. შპს „ა--------------–------–---------“ 1996 წელს არის რეგისტრირებული, როგორც რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი ასევე ზეთის, მარგარინის მაიონეზისა და სხვა ცხიმების მწარმოებელი კომპანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან; ტომი 1. ს.ფ 226.
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
6. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
6.4. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე;
სასამართლო აღნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნების ზუსტი განმარტება არ არსებობს; ამ ცნებას გააჩნია ფართო შინაარსი და უნდა განიმარტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან როგორც ლიტერატურასა და უცხოურ სასამართლო პრაქტიკაშია აღნიშნული, შეუძლებელია ამომწურავად დადგინდეს ის კრიტერიუმები, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის ცნებას ახასიათებს. ამ თემაზე ევროპის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში (Chokoladefabriken lindts&Sprungli AG v Franz Hauswirth Gmbh, case c-529/07, 11 june 2009) განმარტებულია, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენის რელევანტური მომენტი განმცხადებლის მიერ სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის დროა. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს შორისაა აპლიკანტის ცოდნა, რომ სხვა კომპანია უკვე იყენებს იდენტურ ან ანალოგიურ სასაქონლო ნიშანს. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აჩვენებს რამდენად შეესაბამებოდა აპლიკანტის მოქმედება კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი გულმოდგინების სტანდარტებს.
6.5. შესაბამისად, მოცემულ საქმეში სადავოა მოპასუხემ რა მიზნით დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშნები და არსებობს თუ არა მათი ბათილობის საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სასაქონლო ნიშნების Б-------- („საქპატენტში“ რეგისტრაციის ნომერი 27031) და Б------ (რეგისტრაციის ნომერი 28819) მფლობელია შპს ,,ა-------------–-----–--------ი’’; მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა წინაპირობები უძღოდა მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირებას, ჰქონდა თუ არა მას სადავო ნიშნების მიმართ უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი და რამდენად კეთილსინდისიერი განზრახვით მოხდა მოპასუხის მიერ დასახელებული სასაქონლო ნიშნების დარეგისტრირება; შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ შპს ,,ა---------------–-----–--------ს’’ სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციამდე არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ამ სასაქონლო ნიშანთან, რომ იგი მხოლოდ აკვირდებოდა შპს ,,ა-–-------–-ის’’ მიერ ამ ნიშნით ნიშანდებული საქონლის რეალიზაციისას მიღებულ შედეგებს და მოპოვებულ რეპუტაციას, ვინაიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, სხვისი შექმნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მითვისება და ამ გზით ბაზარზე უპირატესობის მოპოვება წარმოადგეს სწორედ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს;
6.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს „ა--------------–-----–--------ი“ არის მწარმოებელი კომპანია და მფლობელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებისა - საერთაშორისო კლასიფიკატორის 29-ე კლასის საქონლის მიმართ საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა: ,,Б--------’’ საქპატენტში რეგისტრაციის ნომერი 27031) და ,,Б------’’ (რეგისტრაციის ნომერი 28819).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები „საქპატენტის“ მონაცემთა ბაზიდან; ტომი 2. ს.ფ 66-67;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
6.7. მოსარჩელემ „საქპატენტში“ 2016 წლის 11 აპრილს შეიტანა განაცხადი საიდენტიფიკაციო ნომრით 86950/03 სასაქონლო ნიშნის „ბ------------------“ (ეტიკეტი) რეგისტრაციის მოთხოვნით. საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 25 აგვისტოს N1865/03 ბრძანებითა და მასზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნით სასაქონლო ნიშანს „ბ------------------“ (ეტიკეტი) უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შპს „ა--------------–-----–--------ის“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი # 27031 „Б-------- ბ----------–-ა“ (ეტიკეტი) აღრევის შესაძლებლობამდე მსგავსია მოსარჩელის მიერ განცხადებული ნიშნისა #86950/03 „ბ------------------“ (ეტიკეტი) რაც სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 5 ქვეპუნქტი „გ“-ს თანახმად წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 25 აგვისტოს #1865/03 ბრძანება და მასზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა; ტომი 1. ს.ფ 22-26;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
6.8. 2016 წლის 25 აგვისტოს N1865/03 ბრძანება და მასზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელემ დადგენილი წესით გაასაჩივრა „საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში. სააპელაციო პალატის 2017 წლის 20 იანვრის #132-03/16 გადაწყვეტილებით აპელანტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სადავო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი #1865/03 დარჩა ძალაში. სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2017 წლის #33 ბრძანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააპელაციო საჩივარი; ტომი 1. ს.ფ 27-32
- 2017 წლის 20 იანვრის #132-03/16 გადაწყვეტილება; ტომი 1. ს.ფ 33-40
- 2017 წლის #33 ბრძანება; ტომი 1. 41
6.9. მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის „Б-------- ბ----------–-ა“ (ეტიკეტი) სარეგისტრაციოდ განაცხადი „საქპატენტში“ შეიტანა 2016 წლის 9 აპრილს. 2016 წლის 17 აპრილს სასაქონლო ნიშანი „Б-------- ბ----------–-ა“ (ეტიკეტი) დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა „საქპატენტის“ მიერ ნომრით 27031.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაბეჭდი „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების ბაზიდან; ტომი 1. ს.ფ 42
6.10. 2017 წლის 17 ივლისს მოპასუხემ საქპატენტს წარუდგინა ახალი განაცხადი სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის „Б------“ (საიდ. N93369/3) რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განხორციელდა დაჩქარებული წესით და 2017 წლის 9 აგვისტოს ნიშანი „ Б------“ დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე ნომრით 28819.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაბეჭდი „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების ბაზიდან. ტომი 1. ს.ფ 43
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
6.11. 2017 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს გაფრთხილების წერილით, მოპასუხეს მიეცა ვადა ქსელში არსებული პროდუქციის ამოსაყიდად და უფლებების დამრღვევი ქმედებების შესაწყვეტად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 ოქტომბრის წერილის ასლი; ტომი 2. ს.ფ 40-41
6.12. მოპასუხე შპს „ა--------------–-----–--------ი“ მიუთითებს, რომ შეფუთვებს შეიმუშავებს, დასამზადებლად უკვეთავს და ამზადებინებს პროდუქციას შეფუთვებში მის მიერ შემუშავებული დიზაინითა და სასაქონლო ნიშნების ,,Б------’’ და „Б-------- ბ----------–-ა“ დატანით 2007 წლიდან უწყვეტად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ა--------------–-----–--------ის“ შეკვეთით შპს „კ--------ისთვის“ (ს/კ 205005411) 2007 წელში შეფუთვების დიზაინის ელექტრონული ვერსიის დამამზადებლის დ-------------–---–ის დასტური; ტომი 2. ს.ფ 23;
- შპს „ა--------------–-----–--------ის“ შეკვეთებით შეფუთვების დამამზადებელი კომპანია შპს „კ--------ი“-ს (ს/კ 205005411) მენეჯერის დასტური და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები 2007 წლიდან ; ტომი 2. ს.ფ 25-29;
- შპს „ა--------------–-----–--------ში“ მომუშავე პირების დასტური, რომლებიც კომპანიაში მუშაობდნენ 2007 წელს და შემდგომ; ტომი 2. ს.ფ 30
- ი/მ ამრახ ნოვრუზოვის (ს/კ 134167603) დასტური მის მიერ პროდუქციის შესყიდვების შესახებ დაწყებული 2007 წლიდან და შესაბამისი ანგარიშფაქტურები; ტომი 2. ს.ფ 31-36;
- უფლებამოსილი ორგანიზაციის - შპს „ჯ-------------------“-ს მიერ 2014 წელს გაცემული ცნობა სპრედი „ბ---------ა“-სთვის შტრიხ-კოდის მინიჭების თაობაზე; ტომი 2. ს.ფ 37
- შპს „ა--------------–-----–--------ის“ მიერ მიმდინარე პერიოდში (2017-2018 წწ) აღნიშნული ნიშნებით პროდუქციის გაყიდვების დამადასტურებელი ზედნადებები; ტომი 2.ს.ფ 38-39;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ტომი 2 ს.ფ. 112-115;
- სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ყუთების დასახელებით ,,Б------’’ ნიმუშები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
6.13. სადავო ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შპს ,,ა-------------–-----–--------ს’’ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისას ვერ ექნებოდა ლეგიტიმური ინტერესი, ვინაიდან სსდავო სასაქონლო ნიშნის გამოყენება პირველად დაიწყო სწორედ შპს ,,ა-–-------–-მა’’, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა შპს ,,ა-–-------–-ის’’ ყოფილი დირექტორი სერგეი პაპოიანი, რომელმაც განმარტა, რომ 2007 წელს მეგობართან ერთად დააარსა შპს ,,ა-–-------–-ი“, სადაც იყო 50 % - ის წილის მფლობელი; კომპანია მდებარეობს ახალქალაქში და თავიდან აწარმოებდა რძის პროდუქტებს - შედედებულ რძეს, ყველს, ხოლო 2010 წლიდან უკვე ე.წ. ,,სპრედს’’. მოწმის განმარტებით იგი თავად გაემგზავრა სომხეთში, ქალაქ ერევანში, სადაც იყიდებოდა აღნიშნული დასახელების პროდუქტი ,,Б------’’ და სწორედ აქედან წამოვიდა ეს დასახელებაც, თუმცა თავიდან სპრედმა მოწონება ვერ დაიმსახურა მომხმარებელში; 2012 წლიდან უკვე დაამზადეს პროდუქციის ახალი შეფუთვა ყვითელ და ლურჯ ფერებში. თავად ცდილობდა სპრედის გემოს დახვეწას, ამ მიზნით 12 რეცეპტი ჩამოიტანა უკრაინიდან, საიდანაც ერთ-ერთმა რეცეპტმა გაამართლა. 2013 -2014 წლებში, სპრედმა დასახელებით ,,Б------’’ დიდი მოწონება დაიმსახურა და ამ წლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით პროდუქტი გაიყიდა. 2015 წელს შპს ,,ა-–-------–-მა„ ძალიან დიდი მოგება ნახა აღნიშნული პროდუქციის გაყიდვებით საქართველოს ბევრს ქალაქში, ქუთაისში, ბორჯომში, ხაშურში, ახალქალაქში. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, ამ პერიოდში შპს „ა--------------–-----–--------ის“ პროდუქცია მსგავსი დასახელებით ბაზარზე არ ყოფილა. ის უშუალოდ შედიოდა სხვადასხვა ქალაქის ბაზარზე და ათვალიერებდა პროდუქციას. მოწმის განმარტებით, შპს „ა--------------–-----–--------ის“ სპრედი პირველად ბაზარზე გამოჩნდა დაახლოებით 2013-2014 წლებში. მანამდე მსგავსი დასახელების პროდუქცია ბაზარზე არ ყოფილა. 2015 წელს მან თავისი წილი მეგობარს აჩუქა და ამ საქმიანობას ჩამოსცილდა. მოწმის განმარტებით, შესაძლოა მოპასუხე 2007-2008 წლებში თავის საწარმოში აწარმოებდა რაიმე პროდუქტს, თუნდაც სპრედს, თუმცა ბაზარზე სადავო სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქცია არ უნახავს. როდესაც ბაზარზე გამოჩნდა კონკურენტი, შპს ,,ა-–-------–-ს’’ არანაირი ზომა არ მიუღია სასაქონლო ნიშნის დასაცავად, ოჯახური პრობლემების გამო, რასაც მოწმე დიდ შეცდომად მიიჩნევს;
6.14. დასახელებული მოწმის არგუმენტების გაბათილების მიზნით სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობით დაიკითხნენ მოწმეები:
შპს ,,კ--------ეს“ ყოფილმა მენეჯემრმა მოწმე რ--------------მ დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე დართული მასალების 24-ე გვერდზე შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შპს ,,კ--------ეს“ შპს „ა--------------–-----–--------ის“ ხელმძღვანელობამ შეუკვეთა ყუთის დიზაინი სპრედისთვის. დაახლოებით 2003-2007 წლებში, ზუსტი დრო არ ახსოვს, შპს ,,კ--------მა“ შექმნა ყუთის დიზაინი. სასაქონლო ნიშნის დიზაინი შექმნა დათო მეგენეიშვილმა, რაშიც თავად რ--------------ც იღებდა მონაწილეობას. როგორც მოწმე განმარტავს, ყუთზე წლების მითითებას მაშინდელი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა.
მოწმე დ-------------–---–მა დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე დართული მასალების 23-ე გვერდზე შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შპს „ა--------------–-----–--------ის“ დაკვეთით 2007 წლიდან ამზადებდა სპრედ ,,Б-------ს’’ შესაფუთი ყუთის დიზაინს. მითითებულ პერიოდში იგი მუშაობდა შპს ,,კ--------ის“ დიზაინერად და სწორედ აღნიშნულ კომპანიას დაუკვეთა მოპასუხემ გოფრირებული ყუთის დიზაინი, რომელიც შეასრულა უშუალოდ დ-------------–---–მა. პირველად 10 კგ-იანი ყუთის დიზაინი, ხოლო შემდგომში 2012 წელს 05 კგ-იანი ყუთის დიზაინი, რომელმაც მოგვიანებით 2014 წლიდან კვლავ განიცადა სახეცვლილება.
მოწმე ლ-----------მ დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე დართული მასალების 30-ე გვერდზე შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის. მოწმის განმარტებით შპს „ა--------------–-----–--------ში“ იგი მუშაობდა 1998 წლიდან. ზუსტი წლები არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს, რომ 2008 წლის ომამდე, სანამ წეროვანში მოხდებოდა დევნილთა მასიური ჩასახლება, - დაახლოებით 2006-2007 წლებში დაიწყო შპს „ა--------------–-----–--------მა“ სპრედის წარმოება. თავად უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ყუთებში დასახელებით ,,Б------’’ მოთავსებული ე.წ. ,,სპრედის’’ დასაწყობებაში;
ზაირა ალიევამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე დართული მასალების 30-ე გვერდზე შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის და დაკითხვისას განმარტა, რომ შპს ,,ა---------------–-----–--------ში“ მუშაობდა იმ პერიოდში, როდესაც ,,Б-------ს’’ დასახელებით ყუთებში ხდებოდა კარაქის შეფუთვა. დანამდვილებთ შეუძლია თქვას, რომ ეს ხდებოდა 2007 წლიდან, ვინაიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც კი, კარგად ახსოვს, რომ საწარმო მუშაობდა და კარაქს ამზადებდა. დაახლოებით 10 ადამიანი მუშაობდა, რომელთაგან ზოგი ფუთავდა პროდუქციას, ზოფი კრავდა, ზოგიც ყუთებს აწერდა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
მოწმე ა--------------------ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ შპს „ა--------------–-----–--------ის“ მიერ წარმოდგენილი შესაგებლის 25-29 დანართებზე მოცემულ ანგარიშფაქტურებზე შესრულებული ხელმოწერები მას ეკუთვნის და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი 2007-2009 წლების ჩათვლით სწორედ დასახელებული კომპანიიდან ყიდულობდა კარაქს დასახელებით ,,Б------’’, რომელსაც რეალიზებას უკეთებდა ძირითადად მარნეულში. პროდუქტს აგზავნიდა ასევე აზერბაიჯანშიც. აღნიშნულ პროდუქტს იღებდა 10 კგ-იანი ყუთებით წარწერით ,,Б------’’; თავდაპირველად პროდუქტი შედარებით ნაკლებად იყიდებოდა, თუმცა შემდეგ შეფუთვის დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა და გაყიდვამაც მოიმატა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას თარჯიმნის მონაწილეობით სრულად გააცნეს საქმეში წარმოდგენილი ტექსტი (ტ. 2. ს.ფ 31) , რომლის სისწორეც დაადასტურა ხელმოწერით;
6.15. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
ზემოთმითითებული მტკიცებულებების, კერძოდ, წარმოდგენილი წერილობითი მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშჯერების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ა---------------–-----–--------ი’’ სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციამდე გაცილებით ადრე აწარმოებდა სპრედს დასახელებით ,,Б------’’, რომლის რეალიზაციას ახდენდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ანუ შემხებლობა ჰქონდა ამ სასაქონლო ნიშანთან; შესაბამისად, მას ჰქონდა უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი ამ სასაქონლო ნიშანზე და მოსარჩელის არგუმენტი, რომ მხოლოდ მათი კომპანიის მიერ მოპოვებული დადებითი რეპუტაციისა და ავტორიტეტის გამოყენებით შეეცადა მოპასუხე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და მისი მიზანი იყო მოსარჩელისათვის არაჯანსაღი კონკურენციის გაწევა, მისთვის კომერციული საქმიანობის შეზღუდვა და არა საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა, დაუსაბუთებელი და საფუძველსმოკლებულია;
სამოტივაციო ნაწილი
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,ა-–-------–-ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ა---------------–-----–--------ის’’ შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია;
საერთაშორისო შეთანხმება ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”;
საქართველოს კანონი ”სასაქონლო ნიშნების შესახებ”;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
9. სამართლებრივი შეფასება:
9.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ პირს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
9.2. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს მიეკუთვნება საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვ.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014).
,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.
,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის 10bis მუხლის თანახმად, (1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3.1.) ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ.
9.3. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს ასევე წარმოადგენს სასაქონლო ნიშნები, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით.
9.4. ''სასაქონლო ნიშნების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანი მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია; იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი რეკლამა, საქონლის მიწოდებისას მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება. სასაქონლო ნიშნის დანიშნულება არის მომხმარებელს შეუქმნას წარმოდგენა საქონელზე;
9.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,ნიშნის გამოყენებისას, განმსაზღვრელი ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია, კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეფიფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც, ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობისან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან" (სუსგ 22/09/2017წ. Nას-825-772-2017).
9.6. ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28.1-ე მუხლის მიხედვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით (,,ბ“ქვეპუნქტი);
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობისათვის უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს სადავო სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშნით სარგებლობის მოტივაცია, ანუ მოსარჩელის სახელის მიერ საქართველოში დამკვიდრებულმა ცნობადობის მაღალმა ხარისხმა და ავტორიტეტმა, კარგმა რეპუტაციამ ხომ არ უბიძგა მოპასუხეს გამოეყენებინა მისი კეთილი სახელი საკუთარი კომერციული წარმატებისათვის, რაც ამავდროულად მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაზეც მიუთითებდა.
9.7. არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას დაუშვებლად მიიჩნევს სამრეწველო საკუთრების დაცვის 1882 წლის 20 მარტის პარიზის კონვენცია და შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ დაუშვებელია რაიმე ხანდაზმულობის ვადის დაწესება იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობისთვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ასევე ევროსაბჭოს 2009 წლის 26 თებერვლის 207/2009 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EC) NO 207/2009 OF 26 FEBRUARY 2009 ON THE COMMUNITY TRADE MARK) 52(1)(ბ) მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერი განზრახვისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარი უნდა ითქვას ან იგი ბათილად იქნას გამოცხადებული, ანალოგიური პრინციპია მითითებული ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის 2008 წლის 22 ოქტომბრის 2008/95EC დირექტივაშიც, რომლის 3 (2)(დ) მუხლის თანახმად წევრ სახელმწიფოებს უფლებამოსილება ენიჭებათ არაკეთილსინდისიერი განზრახვისას უარი განაცხადონ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ან ბათილად ცნონ უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი.
9.8. განსახილველ საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სასაქონლო ნიშნების რეგიტრაციის დროისთვის ორივე კომპანია აწარმოებდა სადავო ნიშნით ნიშანდებულ პროდუქციას - ე.წ. სპრედს, აღნიშნული მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ; მოსარჩელის პოზიციით, შპს ,,ა-–-------–-ის’’ მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა სცოდნოდა მომხმარებელში ამ უკანასკნელის მიერ მოპოვებული დადებითი რეპუტაციის შესახებ და არ უნდა დაერეგიტრირებინა იგი;
სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, ცალკე აღებული არ წარმოადგენს მასზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების წინაპირობას, თუმცა როდესაც უფლების მოპოვება ხდება ისეთ სასაქონლო ნიშანზე, რომელზეც სხვა პირსაც გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, არსებობს ვარაუდი, რომ რეგისტრაცია ხორციელდება იმ შეგნებით, რომ პირმა მიითვისოს სხვის მიერ რეგისტრაციამდე შექმნილი და ბაზარზე დამკვიდრებული, მაგრამ დაუცველი ნიშანი და მისგან მომდინარე სიკეთე, რაც უდავოდ მოჰყვება მომხმარებელში კარგად ნაცნობ, დადებითი რეპუტაციის მქონე ნიშნით შეფუთული პროდუქციის რეალიზებას. ამასთან, მოპოვებული უფლება ასეთ შემთხვევაში არ ეფუძნება უპირატესი დაცვის ღირს ინტერესს; სასამართლო აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა, რომელმაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან უპირატესი ლეგიტიმური ინტერესის არარსებობა სადავო სასაქონლო ნიშნებთან;
აღსანიშნავია, რომ მოდავე კომპანიები არიან ერთმანეთის კონკურენტები, შესაბამისად, მათთვის ორივესთვის კარგად იყო ცნობილი წარმოებული პროდუქციის შესახებ წლების განმავლობაში. ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაასწრო მოსარჩელე კომპანიას და დაირეგისტრირა სასაქონლო ნიშანი, არ შეიძლება შეფასდეს არაკეთილსინდისიერი განზრახვით ნაკარნახევ ქმედებად, ვინაიდან შპს ,,ა---------------–-----–--------ს’’ ნამდვილად აკავშირებდა წლების განმვალობაში აღნიშნულ სასაქონლო ნიშანთან გარკვეული ლეგიტიმური ინტერესი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დასახელებული საწარმო წლების განმავლოაბში ამუშავებდა სასაქონლო ნიშნის დიზაინს და ამ მიზნით ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შესაბამის პირებთან; სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ შპს ,,ა---------------–-----–--------ი’’ წლების განმავლობაში, კერძოდ 2007-2008 წლიდან სადავო სასაქონლო ნიშნით ,,ბ---------ა’’ აწარმოებდა სპრედს, რომელთა შეფუთვასა და განთავსებას ახდენდა ამავე დასახელების ყუთებში. ამასთან, მოწმე ა--------------------ა დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლიდან, იგი ახდენდა კარაქის შესყიდვას მოპასუხე კომპანიიდან და იგი სარეალიზაციოდ გაჰქონდა როგორც საქართვლოს შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ბაზარზე;
9.9. ამდენად, მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს 2013-2014 წლამდე არ ჰქონდა შემხებლობა სადავო სასაქონლო ნიშანთან და ამ ნიშნის რეგისტრაცია განხოციელდა 2016 წელს მას შემდეგ, რაც შპს ,,ა-–-------–-ის’’ მიერ მოპოვებულ იქნა დადებითი რეპუტაცია და ცნობადობა მომხმარებელში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. სადავო არაა ის ფაქტი, რომ ორივე კომპანია, როგორც შპს ,,ა-–-------–-ი’’, ასევე შპს ,,ა---------------–-----–--------ი’’ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე წლების განმავლობაში აწარმოებდნენ მსგავსი დასახელების პროდუქციას, ეს ფაქტი არცერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქმის განხილვისას. ის არგუმენტი, რომ შპს ,,ა-–-------–-მა’’ არ მოახდინა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და თავისი უფლებების დაცვა კანონით დადგენილი წესით მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის არ იყო ცნობილი ამის აუცილებლობის შესახებ, ამასთან კომპანიის ყოფილ დირექტორს ჰქონდა ოჯახური პრობლემები, არ არის საკმარისი საფუძველი სასაქონლო ნიშნების განსაკუთრებული უფლების მფლობელის არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადასტურებლად. სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აკავშირებს ლეგიტიმური ინტერესი სასაქონლო ნიშანთან, უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს იგი საქპატენტში კანონით დადგენილი წესით და ამით თავიდან აიცილოს სხვა კომპანიების მხრიდან თავისი შექმნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მითვისება;
ამდენად, სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის შედეგად შეიძლება იმ ძირითადი კრიტერიუმების გამოყოფა, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის“ არსებობას დაადასტურებს: 1. არაკეთილსინდისიერი განზრახვა უნდა არსებობდეს სარეგისტრაციო განაცხადის გაკეთების დროისთვის. 2) არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობის დადასტურება უნდა მოხდეს იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ადასტურებენ კეთილსინდისიერ ქცევასთან შეუთავსებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას. 3. არაკეთილსინდისიერი განზრახვა იმგვარ ქმედებებს გულისხმობს, რომლებიც გამოცდილი და გონიერი მეწარმისათვის დამახასიათებელ გულმოდგინებისა და ეთიკის სტანდარტებიგან გადახვევას წარმოადგენს, 4. არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, 5. განმცხადებლის ცოდნა სასაქონლო ნიშნის მესამე პირის მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით;
9.10. სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენება გარკვეულ საქონელზე, თუნდაც მისი რეგისტრაციის გარეშე, ქმნის საფუძველს, რომ აღნიშნულ პროდუქციას დაუკავშირდეს მოცემული ნიშანი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯერ კიდევ 2007-2008 წლიდან შპს ,,ა-------------–-----–--------ი’’ აწარმოებს სპრედს ,„ბ------------------“, რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი სადავო პროდუქციას ბაზარზე აქტიურად უშვებს 2012 წლიდან, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან; ის ფაქტი, რომ მოპასუხეს ძირითად სარჩელში წლების განმავლობაში ჰქონდა შემხებლობა სასაქონლო ნიშანთან „ბ------------------“, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საწარმოს სახელშკრულებო ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან დასახელებული პროდუქციის შესაფუთი მასალის დიზაინის შესამუშავებლად, ამასთან ახდენდა დასახელებული ნიშნით სპრედის რეალიზაციას, ადასტურებს დასახელებული კომპანიიის ლეგიტიმურ ინტერესს აღნიშნულ ნიშანთან, შესაბამისად, გამორიცხავს ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერი მიზნით - სხვისი რეპუტაციის მიტაცებისა და არაჯანსაღი კონკურენციის გზით - ნიშნის რეგისტრაციის ფაქტს; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ სახეზეა მოპასუხის მხრიდან სხვისი პროდუქციის მითვისებისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა; ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი პოზიციის დამადასტურებელი დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლოში, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოპასუხემ არაკეთილსინდისიერი განზრახვით დაარეგისტრირა სადავო სასაქონლო ნიშნები მათზე განსაკუთრებული უფლების და ბაზარზე დამკვიდრებული, ამ ნიშანთან დაკავშირებული დადებითი რეპუტაციის მოპოვების მიზნით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;
მართალია, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ იცოდა მოსარჩელის მიერ ზემოხსენებული ნიშნის გამოყენების თაობაზე, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავაც მოპასუხეს უფრო ადრეული პერიოდიდან ჰქონდა გარკვეული ინტერესები დასახელებულ ნიშანთან და ახდენდა კიდეც დასახელებული სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის რეალიზაციას. ის გარემოება, რომ ორივე საწარმო დამოუკიდებლად ახდენდა აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენებას საქართველოს ბაზარზე და მხოლოდ გარკვეული წლების შემდეგ თითქმის ერთდროულად გადაწყვიტეს სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება, ცალკე აღებული არ მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან; მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხე კომპანიამ სულ რამდენიმე დღით დაასწრო სარეგისტრაციო განაცხადის შეტანა საქპატენტში, ცალსახად არ ადასტურებს ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერ განზრახვას და არ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის საფუძველს.
9.11. სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 3(1) მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის ერთადერთი დანიშნულებაა განასხვავოს ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მხოლოდ იმ განზრახვით განახორციელა, რომ მოსარჩელისთვის გაეწია არაკეთილსინდიესიერი კონკურენცია, იმ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი 2012 წლიდან მოყოლებული უწყვეტად აწარმოებდა დასახელებული ნიშანდებით პროდუქციას და არ მიუღია სათანადო ზომები თავისი უფლებების დასაცავად. იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ შპს ,,ა---------------–-----–--------ს’’ წლების განმავლობაში ჰქონდა შემხებლობა სადავო სასაქონლო ნიშნებთან - როგორც რეგისტრაციამდე გარკვეული პერიოდის წინ, ასევე რეგისტრაციის დროისთვისაც, გამორიცხავს დასახელებული საწარმოს არაკეთილსინდისიერი მიზნის გამოკვეთას და დადასტურებას სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ,,სასაქონლო ნიშნების’’ შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ფაქტობრივ შემადგენლობას ადგილი არ აქვს და, ამდენად, არ არსებობს ამ საფუძვლით სადავო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.
9.12 რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას შეგებებულ სარჩელში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა სადავო სასაქონლო ნიშნების არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის ფაქტი, აქედან გამომდინარე შპს ,,ა---------------–-----–--------ი’’ არის სასაქონლო ნიშნების განსაკუთრებული უფლების მფლობელი, უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უმნიშვნელოვანესი უფლებებით აღჭურვავს მის მფლობელს, რომელთა შორის არის ისეთი კარდინალური ღონისძიებების უფლება, როგორიცაა ნიშნის გამოყენების აკრძალვა, მოსანიშნი მასალის განადგურება და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოპასუხე არის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელი და შესაბამისად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელს წარმოეშობა განსაკუთრებული უფლება ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან; შესაბამისად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.
9.13. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
აღნიშნული ნორმა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს აკისრებს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელების ვალდებულებას. აგრეთვე ავალდებულებს განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ. უფლების მოპოვება უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, ისე რომ დაცვის ღირსი ინტერესი აღემატებოდეს იმ პირის ინტერესებს, რომელსაც ადგება ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის უფლების მოპოვების არალეგიტიმური მიზანი.
9.14. ,,სასაქონლო ნიშნების’’ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე; ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით; გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.; ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.
9.15. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში) მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი „ბ------------------“, აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის მიერ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა ,,Б--------’’, ხოლო იდენტურია ასევე მოსარჩელის განსაკურებული უფლების მქონე სასაქონლო ნიშნისა - „ბ------------------“. საქონელი კი, რომელიც ნიშანდებულია მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში) სასაქონლო ნიშნით, მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის იდენტურია. შესაბამისად, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი კარგავს თავის დანიშნულებას - განასხვავოს მისით ნიშანდებული საქონელი სხვა საქონლისაგან (განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან);
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაფრთხილების წერილით, რომლითაც მოპასუხეს მიეცა ვადა ქსელში არსებული პროდუქციის ამოსაყიდად და უფლებების დამრღვევი ქმედებების შესაწყვეტად, თუმცა უშედეგეოდ.
,,სასაქონლო ნიშნების’’ შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ამავე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს; ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.
9.16. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS) შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც იდენტური ან მსგავსია საქონლისა ან მომსახურებისა, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება იდენტურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღწერილი უფლებები არ უნდა არღვევდეს უკვე არსებულ უფლებებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წევრი სახელმწიფოების მიერ უფლებების მინიჭების შესაძლებლობას მათი გამოყენების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნების იდენტურობა და ერთსა და იმავე საქონლისა და მომსახურებისათვის გამოყენება დადასტურებულია საქმის მასალებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ (თავდაპირველ სარჩელში) ვერ დაადასტურა მოპასუხე შპს ,,ა---------------–-----–--------ის’’ მიერ არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ფაქტი, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;
9.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ა-–-------–-ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ა---------------–-----–--------ის’’ შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ა-–-------–-ს“ აეკრძალოს საქონლის ,,საკვები ცხიმები“ შეფუთვაზე რეგისტრიტრებული სასაქონლო ნიშნების Б-------- („საქპატენტში“ რეგისტრაციის ნომერი 27031) და Б------ (რეგისტრაციის ნომერი 28819) იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშნების დატანა, ასეთი სახით იმპორტი, რეალიზაციის მიზნით შენახვა, შეთავაზება და გაყიდვები; შპს ,,ა-–-------–-ს“ დაევალოს ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის და შესაფუთი მასალის განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ ზემოხსენებულ ნიშნებს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
ამასთან, შპს ,,ა-–-------–-ს“ (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) შპს ,,ა--------------–------–---------ს“ სასარგებლოდ უნდა დაევალოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ა-–-------–-ის“ (ს/კ 224087609) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ა--------------–------–---------ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.1 შპს ,,ა-–-------–-ს“ აეკრძალოს საქონლის ,,საკვები ცხიმები“ შეფუთვაზე რეგისტრიტრებული სასაქონლო ნიშნების Б-------- („საქპატენტში“ რეგისტრაციის ნომერი 27031) და ,,Б------’’ (რეგისტრაციის ნომერი 28819) იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშნების დატანა, ასეთი სახით იმპორტი, რეალიზაციის მიზნით შენახვა, შეთავაზება და გაყიდვები;
2.2 შპს ,,ა-–-------–-ს“ დაევალოს ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის და შესაფუთი მასალის განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ ზემოხსენებულ ნიშნებს.
3. შპს ,,ა-–-------–-ს“ შპს ,,ა--------------–------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა