გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
010210017001878610
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001878610

2-1140/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06/12/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ი;

წარმომადგენელი - რ------------–---–-

მოპასუხე - მ--–---- ზ----ე

წარმომადგენელი - მარიამ ბალაძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა

1.1. სსიპ ,,ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ი” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მ--–---- ზ----ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს სწავლის საფასურის 2250 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მ--–---- ზ----ე,2008 წლის 4 მარტს ჩაირიცხა სსიპ ,,ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ში“ ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიულ, გამოყენებითი და შედარებითი ენათმეცნიერების სპეციალობის სამაგისტრო განყოფილების პირველ კურსზე. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მიეწოდებინა მომსახურება. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სრულად გადაეხადა სწავლის საფასური. მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და არ გადაიხადა სწავლის საფასური. მოპასუხეს გადასახდელი აქვს 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური 2250 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მ--–---- ზ----ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მასზე თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2008 წლის 4 მარტს მ--–---- ზ----ე ჩაირიცხა სსიპ ,,ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ში“ ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიულ, გამოყენებითი და შედარებითი ენათმეცნიერების სპეციალობის სამაგისტრო განყოფილების პირველ კურსზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა ერთმანეთის წინაშე განსაზღვრეს თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მიეწოდებინა მომსახურება. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სრულად გადაეხადა სწავლის საფასური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება.ს.ფ.

 

3.1.3. მ--–---- ზ----ეს სწავლის საფასური უნდა გადაეხადა სემესტრების მიხედვით. პირველი სასწავლო წლის საფასური მოპასუხეს უნდა გადახადა წინასწარ, ხოლო მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50 %-ის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სასწავლო წლის დაწყებამდე. დარჩენილი გადასახდელი 50 % უნდა გადახდილიყო სასწავლო წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება.ს.ფ.

 

3.1.3. მ--–---- ზ----ემ 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური არ გადაიხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

- 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანება.

 

3.1.4. სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით მ--–---- ზ----ეს შეუჩერდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი და დაერიცხა დავალიანება, რაც მოპასუხეს გადახდილი არ აქვს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანება.

 

3.1.5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სწავლის ღირებულების გადაუხდელობით ირღვევა მისი კანონიერი ინტერესი და დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2250 ლარის გადახდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასარჩელო განცხადება. ს.ფ.(1-12)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1 სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:

- დაესწრო თუ არა მ--–---- ზ----ე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსს და უნივესიტეტისაგან მიიღო თუ არა მომსახურება. (მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ მიიღო მომსახურება და იგი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის ღირებულება. თავის მხრივ მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს მომსახურების მიღებას და განმარტავს, რომ მას საერთოდ არ უვლია ლექციებზე და უნივერსიტეტისაგან არ მიუღია მომსახურება).

- სარჩელის ხანდაზმულობა.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია მრავალ სადაო გარემოებას აქვს ადგილი, მაგრამ თუ ერთერთი გარემოებაც საკმარისია სარჩელის უარსაყოფად, მაშინ სხვა საკითხების კველვა აზრს კარგავს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, სარჩელი ხანდაზმულია თუ არა. დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ეს საკითხია მნიშვნელოვანი. დანარჩენი ფაქტობრივი გარემოებები დავის გადაწყვეტისათვის არსებითი არაა. ასე მაგალითად: მოპასუხე ამტკიცებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ასევე ამტკიცებს, რომ მას მომსახურება არ მიუღია. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ მომსახურების მიღების ფაქტს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დადგინდეს სარჩელი არის თუ არა ხანდაზმული. სწორედ ხანდაზმულობის გამორიცხვის შემდეგ უნდა გაგრძელდეს სადაო გარემოებათა კვლევა.

 

3.2.3. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის კუთვნილი გადასახადი.

სასამართლო განმარტავს, რომ სწავლის საფასურის გადახდის პერიოდის დადგენისათვის გამოყენებული უნდა იქნას მხარეთა შორის დადებული გარიგება. სწორედ მასშია მოცემული გადახდის ვადები. ხელშეკრულების მიხედვით მ--–---- ზ----ეს სწავლის საფასური უნდა გადაეხადა სემესტრების მიხედვით. პირველი სასწავლო წლის საფასური მოპასუხეს უნდა გადახადა წინასწარ, ხოლო მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50 %-ის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სასწავლო წლის დაწყებამდე. დარჩენილი გადასახდელი 50 % უნდა გადახდილიყო სასწავლო წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე. თუ მოსარჩელე უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2008 წლის 4 მარტს, მაშინ მას პირველი სასწავლო წლის გადასახადი უნდა გადაეხადა ამავე პერიოდში. 2008-2009 წლის სამაგისტრო პროგრამის გადასახადიც უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2009 წლის გაზაფხულისა. შესაბამისად სავარაუდოდ მოთხოვნის უფლება შეიძლება წარმოშობილიყო 2009 წლის ბოლომდე (მოსარჩელისათვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდს თუ გავითვალისწინებთ). ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა 2008-2009 წლის სასწავლო წლის დასრულებისთანავე. ეს ვადა წლის ბოლომდე, რომც გავაგრძელოთ, მოთხოვნის უფლების წარმოშობის თარიღად განვსაზღვრავთ 2009 წლის 31 დეკემბერს. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 7 აპრილს. ანუ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან, სარჩელის აღძვრამდე გავიდა სამ წელზე მეტი დრო. (აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებათა არარსებობის გამო ზუსტი თარიღები ვერ დგინდება, მაგრამ იგი რეალობასთან მიახლოებული თარიღებია და ამ პრინციპით გამოყენებით თარიღების დადგენა მხარეთა უფლებებს არ არღვევს).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება.

-სასარჩელო განცხადება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია და მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ითქვას ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს კონსტიტუცია 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს უნივერსიტეტში სწავლის საფასური. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნარდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა თავისი შინაარსით ნარდობის ხელშეკრულებაა. მისი დადების შემდეგ მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სწავლის საფასურის გადახდა. თავს მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა მიღებული მომსახურების ღირებულება. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის გარიგებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს მომსახურების გაწევა, ხოლო მომსახურების გაწევას უნდა მოჰყვეს მისი ღირებულების გადახდა. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სწავლის საფასური მოსარჩელისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით, ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ განათლების მიწოდებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ მისი ღირებულების აუცილებელი გადახდა. მოპასუხემ სწავლის ღირებულება 2250 ლარი არ გადაიხადა. შესაბამისად დაარღვია მოსარჩელის უფლებები.

 

6.3. მოპასუხე ამტკიცებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. კერძოდ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.

მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს 2250 ლარი უნდა გადაეხადა 2009 წლის ბოლომდე. შესაბამისად მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოცემული პერიოდებიდან ანუ 2009 წლის 31 დეკემბრიდან. თუ მოპასუხე ამ ვადაში 2250 ლარს არ გადაიხდიდა, მაშინ მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.

გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი. მოპასუხეს 2250 ლარის, ასევე ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდა ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარი აღიარებით არ განუხორციელებია. შესაბამისად არარსებობს ხანდაზმულობის დენის შეწყვეტისა და ხანდაზმულობის ამ თარიღიდან ათვლის საფუძველს.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს 2250 ლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლის 31 დეკემბერს. სარჩელი აღძრა 2017 წლის 7 აპრილს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ ,,ბა--------–-----------------–--------–-–---------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე