გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20437 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - დ------------ე
წარმომადგენელი - ლ-------------–--ე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - ს--–------------ე
წარმომადგენელი - ნ--------–-----–---–ი
დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით - განქორწინება, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - საერთო ვალების გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით
1.1.1. მოსარჩელე დ------------ეს და ს--–------------ეს შორის 2017 წლის 12 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.1.2. მოპასუხე ს--–------------ესათვის თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთის, სატრანსპორტო საშუალების - ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ელანტრა“, შასი 5----------------, სახელმწიფო ნომრით S------, ღირებულების ნახევრის - 6000 (ექვსი ათასი) ლარის მოსარჩელე დ------------ის სასარგებლოდ დაკისრება;
დ------------ე და ს--–------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2017 წლის 12 ოქტომბრიდან. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრებენ. დაძაბული ურთიერთობის გამო, მათი ერთ ოჯახად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ქორწინების პერიოდში, შეიძინეს ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, სახელმწიფო ნომრით S------, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოპასუხე ს--–------------ის სახელზე. ამ უკანასკნელმა გაასხვისა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ს---------–---–-----------------------------“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარს. ვინაიდან, აღნიშნული მოძრავი ნივთი წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, მოპასუხე მხარეს საერთო ქონების გასხვისების გამო, უნდა დაეკისროს 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით წილის კომპენსაცია მოსარჩელის სასარგებლოდ.
(სარჩელი, 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
1.2.1. მოპასუხე დ------------ისათვის ს--–------------ის სახელით აღებული საბანკო ვალის, 6527 ლარის ნახევრის - 3263.5 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება;
მხარეებს, ს--–------------ესა და დ------------ეს შორის ქორწინება რეგისტრაცია განხორციელდა 2017 წლის 12 ოქტომბერს. მოსარჩელე ს--–------------ემ, ოჯახის ინტერესებისთვის, აიღო თანხები სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. საერთო ვალები დაიფარა ს--–------------ის მიერ სულ 6527 ლარის ოდენობით, რომლის ნახევარი - 3263.5 ლარი უნდა დაეკისროს დ------------ეს ოჯახის საერთო ვალებიდან მისი კუთვნილი წილის ასანაზღაურებლად.
2.
2.1. მოპასუხეთა პოზიცია (თავდაპირველი სარჩელით)
მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელს ეთანხმება ნაწილობრივ. მოპასუხე ცნობს სარჩელს მოსარჩელე დ------------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის ნაწილში. მხარეთა შორის თანაცხოვრება არ შედგა. მოსარჩელე მხარე კვლავ აგრძელებდა ოჯახურ თანაცხოვრებას ყოფილ მეუღლესთან და შვილთან, ქალაქ ბათუმში, სადაც ახლაც ცხოვრობს. სარჩელში მითითებული ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, სახელმწიფო ნომრით S------ წარმოადგენდა არა მეუღლეთა თანასაკუთრებას, არამედ სატრანსპორტო საშუალება იყო დ------------ის საჩუქარი მეუღლისადმი, ს--–------------ისადმი. აღნიშნული ავტომანქანა არასდროს ყოფილა თანასაკუთრება, რამდენადაც იგი წარმოადგენდა მოპასუხის პირადი მოხმარების ნივთს. ეს ქონება იყო საჩუქარი, რაზეც არ ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. დღეის მდგომარეობით, ავტომანქანა გასხვისებულია და, ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალება იყო დაზიანებული, მისი გაყიდვა მოხდა საკმაოდ დაბალ ფასში. თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა პირადი მოხმარების ნივთს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ დ------------ემ წარადგინა განცხადება (საჩივარი) ს--–------------ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, რითაც ცდილობდა ს--–------------ის, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას. მხარეთა ავტომანქანით ერთობლივად გადაადგილების დროს, მოსარჩელე ს--–------------ის მიერ მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, კერძოდ, მოხდა მანქანის მნიშვნელოვნად დაზიანება, რასაც არ მოჰყოლია სხვა სატრანსპორტო საშუალების ანდა საზოგადოებრივი სივრცის დაზიანება. ს--–------------ის მიერ ადგილზე არ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიცია. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანამ მიიღო ძლიერი დაზიანება, რის შემდეგაც მისი ფასი 5000 ლარს არ აღემატებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შეუტყობინელობისათვის მხარეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემცირდა ავტოსაგზაო საშუალების ღირებულება, რომელიც საბოლოო ჯამში 5000 ლარზე მეტი ღირებულების არ ყოფილა.
(შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
2.2. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელით)
მოპასუხე დ------------ე არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა საერთო საოჯახო საქმის წამოწყება. თუმცა დღეის მდგომარეობით აღნიშნული ვალი არ არსებობს და სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ერთად ცხოვრების პერიოდში, დ------------ე ასევე იხდიდა საერთო ვალებს და მას დაფარული აქვს ის სესხები, რაც მოსარჩელის მიერ იქნა აღებული საბანკო დაწესებულებებიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე დ------------ე და მოპასუხე ს--–------------ე დაქორწინდნენ 2017 წლის 12 ოქტომბერს. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა, ფაქტობრივად, შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ.13);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.1.2. მოსარჩელე ცხოვრობს ბათუმში, გ-----------–---–----------------ში; მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, გამოშვების წელი - 2011, შასი - 5----------------, ფერი - შავი. ტექ.პას. N----------, რეგისტრაციის თარიღი 2018 წლის 25 აპრილი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ს--–------------ის სახელზე. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე 15.06.2018 წლიდან რეგისტრირებულია გირავნობის და სესხის ხელშეკრულება, დადებული ს--–------------ესა და სს ,,ლ-------- ბანკს“ შორის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 ივნისს გაცემული N 49/7-5-01602257 ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, დანართი (ს.ფ. 14-15).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - N------, მარკა, მოდელი - ,,ჰიუნდაი ელანტრა“, გამოშვების წელი 2011, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, გაცემული 06.07.2018წ. რეგისტრირებულია ნ--------–-–-----------ის (პასპ. N---------) სახელზე. სამართლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 14 ოქტომბერს გაცემული N------------------- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 145).
3.2.2. შპს ,,ს---------–---–-----------------------------“ მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს მომზადებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარს. ავტომანქანის შეფასების აქტის მიხედვით, მისი მახასიათებლებია: ავტომობილის მარკა - ,,ჰიუნდაი ელანტრა“. სახელმწიფო ნომერი - N------ გამოშვების წელი - 2011, საინდეტიფიკაციო ნომერი - 5----------------, ფერი - შავი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს---------–---–-----------------------------“ მიერ 2018 წლის 20 ნოემბრის აუდიტორული დასკვნა, სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 183-197).
3.2.3. მოპასუხე ს--–------------ის მითითებით, მის მიერ სადავო სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს დადგა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც ავტომანქანა იქნა დაზიანებული, რამაც გამოიწვია ნივთის ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება;
პოლიციის ლეიტენანტი ს--–------------ე 2016 წლიდან მსახურობს შს ორგანოებში. იგი არის საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს I-----------------------–---------------–----------------------------- პატრულ-ინსპექტორი.
გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2018 წლის 24 ივლისს პოლიციის ლეიტენანტ ს--–------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დამტკიცდა დასკვნა. სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ დ------------ე და ს--–------------ე 2017 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შორის ხანგრძლივი პერიოდია არსებობს დაძაბული ურთიერთობა და ფინანსური პრობლემები. მათ შორის სადავო იყო ,,HYUNDAI ELANTRA”-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით S------, რომელიც იმყოფებოდა ს--–------------ის მფლობელობაში და რომლის კუთვნილების საკითხს სადავოდ ხდიდა დ------------ე. 2018 წლის 14 ივნისს დ------------ე და ს--–------------ე ერთმანეთს შეხვდნენ ქ. თბილისში, გ-–---------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ შორის საუბარი გადაიზარდა კონფლიქტში და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ვითარების განმუხტვის შემდეგ, დ------------ემ დატოვა ტერიტორია და 126-ზე გააკეთა შეტყობინება. მოცემული ა/მანქანა ს--–------------ემ 2018 წლის 06 ივლისს გაყიდა, დ------------ეს კი აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის. გარდა ამისა, დ------------ემ 2018 წლის 15 ივნისს განახორციელა კიდევ ერთი ზარი 126-ზე, სადაც დააფიქსირა, რომ ს--–------------ეს შეემთხვა ავტოავარია, რის შესახებაც საპატრულო პოლიციისათვის არ უცნობებია. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულმა ს--–------------ემ დაადასტურა აღნიშნული ფაქტები და განმარტა, რომ დ------------ე ერთ-ერთი კონფლიქტისას დაემუქრა ცეცხლსასროლი იარაღით, რომლითაც იგი გადაადგილდება, რის გამოც მისი ახსნა-განმარტების ასლები სათანადო რეაგირებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში და აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პოლიციის ლეიტენანტმა ს--–------------ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა დ--------ესთან კონფლიქტში შესვლაში, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციის ლეიტენანტ ს--–------------ეს შეეფარდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური ინსპექციის უფროსის 24.07.2018 წლის დასკვნა პოლიციის ლეიტენანტ ს--–------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე (ს.ფ. 200-203);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 30.07.2018 წლის ბრძანება დისციპლინური წესით დასჯის შესახებ (ს.ფ. 204).
3.2.4. ს--–------------ეს დ------------ესთან ქორწინების პერიოდში აღებული ჰქონდა თანხები სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში აღებული ვალები 6527 (ექვსი ათას ხუთას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით დაიფარა ს--–------------ის მიერ. ამჟამად, ს--–------------ეს საბანკო თუ სხვა საფინანსო დაწესებულებების წინაშე არ გააჩნია სასესხო დავალიანება;
ს--–------------ის მითითებით, მან საკრედიტო ვალდებულებები შეასრულა, სადავო ავტომანქანის გასხვისებით მიღებული თანხით. მოსარჩელისვე განმარტებით, ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტამდე, დ------------ე იღებდა მონაწილეობას საბანკო დაწესებულებების წინაშე საკრედიტო დავალიანების დაფარვაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ----- ბანკთან“ ს--–------------ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებიდან (N3261429-9181311) გამომდინარე სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 76-82);
- სს ,,თ----- ბანკის“ ამონაწერი ს--–------------ის ანგარიშიდან (ს.ფ. 83);
- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------თან“ 2018 წლის 04 მაისს დადებული სალომბარდე სესხის ხელშეკრულება N1525041 (ს.ფ. 84-88);
- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------თან“ 2018 წლის 04 მაისს დადებული სალომბარდე სესხის ხელშეკრულება N1525040 (ს.ფ. 89-91);
- შპს ,,----–--ს“-თან გაფორმებული ხელშეკრულება (ს.ფ. 96-112);
- შპს ,,----–--ს“ მიერ 03.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 113);
- ამონაწერი სს ,,ლ-------- ბანკიდან“, გადახდის ქვითარი (ს.ფ. 115-119);
- სს ,,ს----------–--------ის“ 05.09.2018 წლის ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი, საგადახდო დავალება 7001406131 (ს.ფ. 120-121);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.2.5. მხარეთა განმარტებით, ს--–------------ეს და დ------------ეს რეალურად ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. მათი ქორწინების განმავლობაში, დ------------ე უმეტესად არ ცხოვრობდა ს--–------------ესთან ერთ ოჯახად. დ------------ე ცხოვრობდა ცალკე ქ. ბათუმში, ხოლო ს--–------------ე - თბილისში. მათ ფაქტობრივად საერთო საოჯახო მეურნეობა არ ჰქონიათ.
საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაიკითხა დ--------------–---–ი და რ-----------------–---–ი, რომლებიც წარმოადგენენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და მუშაოებენ ს--–------------ესთან ერთად. ორივე მათგანი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ს--–------------ე ფლობდა და სარგებლობდა ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ელანტრათი“. ს--–----სგან გადმოცემით იცოდნენ მათ, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა
მეუღლის საჩუქარს. მანქანით უწყვეტად სარგებლობდა ს--–------------ე. ჩუქებას არ დასწრებია არც ერთი მოწმე. მხარეს მანქანა სამსახურში მიუყვანა ძმამ. მოწმე დ--------------–---–ის განმარტებით, ქორწინების განმავლობაში, ს--–------------ე ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ-–------------------–-. დ------------ე პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში. ს--–------------ის ვალების არსებობის თაობაზე ცნობილი იყო მოწმე რ-----------------–---–ისათვის, თუმცა დეტალები მისთვის ცნობილი არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოწმეების დ--------------–---–ის და რ-----------------–---–ის ჩვენებები (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.2.6. ს--–------------ის განმარტებით, მას და დ------------ეს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2018 წლის 14 ივნისის შემდეგ. საწინააღმდეგო სახის გარემოებაზე და მტკიცებულებაზე დ------------ის წარმომადგენელს არ მიუთითებია.
მოპასუხე ს--–------------ის მითითებით, თანაცხოვრების პერიოდში დ------------ის მიერ ასევე შეძენილი იქნა სხვა ავტომანქანაც (მარკა, მოდელი - BMW X6), რომელიც ირიცხებოდა ასევე ს--–------------ის სახელზე, თუმცა აღნიშნულ ავტომანქანას ფლობდა მოსარჩელე, ს--–------------ეს არ აქვს პრეტენზია აღნიშნულ მანქანასთან დაკავშირებით. ასევე, დ------------ემ თანაცხოვრებაში შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,აუდი Q7”, რომელიც ასევე გასხვისდა და დაიფარა სალომბარდე დაწესებულების წინაშე არსებული დავალიანება. მოპასუხის განმარტებით, სადავო ავტომანქანა, მარკა, მოდელი - ,,HYUNDAI ELANTRA”-ს, სახელმწიფო ნომრით S------, წარმოადგენდა დ------------ის მიერ ქორწინების პერიოდში, მეუღლისათვის, ს--–------------ისათვის ნაჩუქარ ქონებას. მოპასუხე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებდა პირადი სარგებლობისთვის, უწყვეტად ფლობდა მანქანას და მხოლოდ იგი მართავდა მას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დ------------ე ძირითადად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, რეალური ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონდა მოპასუხე მხარესთან, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დ------------ის მიერ სადავო მოძრავი ნივთით (ა/მანქანით) ფლობის, სარგებლობის ფაქტი, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას სადავო ავტომანქანაზე (მარკა, მოდელი - ,,HYUNDAI ELANTRA”-ს, სახელმწიფო ნომრით S------) მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების შესახებ, ვინაიდან არ დადგინდა აღნიშნული მანქანის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის და მიზნებისათვის შეძენის ფაქტი. მოპასუხე ს--–------------ე მის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ, ავტომანქანას დამოუკიდებლად ფლობდა, სარგებლობდა, მართავდა ქონებას. მან განკარგა ავტომანქანა და მიიღო კონკრეტული თანხა ავტომანქანის ღირებულების შესაბამისი. ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებაზე არ ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება და იგი წარმოადგენს დასაჩუქრებულის, ამ შემთხვევაში ს--–------------ის ინდივიდუალურ საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 ივნისს გაცემული N--------------- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, დანართი (ს.ფ. 14-15).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალება - ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ელანტრა“, შასი 5---------------, სახელმწიფო ნომრით S------, არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, რის გამოც არ არსებობს მოპასუხე ს--–------------ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი ოდენობით საერთო ქონებიდან წილის კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
4.3. სასამართლომ განიხილა ს--–------------ის შეგებებული სარჩელი, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის მოთხოვნა მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 173-ე, 1122-ე, 1127-ე, 1158-ე-1160-ე, 1161-ე, 1169-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე დ------------ე და მოპასუხე ს--–------------ე შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2017 წლის 12 ოქტომბერს. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მხარეებს, დ------------ეს და ს--–------------ეს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხე ს--–------------ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი დ------------ეს და ს--–------------ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ს--–------------ესათვის თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთის, სატრანსპორტო საშუალების - ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ელანტრა“, შასი 5---------------, სახელმწიფო ნომრით S------, ღირებულების ნახევრის - 6000 (ექვსი ათასი) ლარის მოსარჩელე დ------------ის სასარგებლოდ დაკისრება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენდა ქორწინების შეძენილ ქონებას, რის გამოც მასზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება. მოპასუხე მხარემ ქონება გაასხვისა მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე. შესაბამისად, ს--–------------ე ვალდებულია აანაზღაუროს ავტომანქანის ღირებულების ნახევარი, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, გამოშვების წელი - 2011, შასი - 5----------------, ფერი - შავი. ტექ.პას. N----------, რეგისტრაციის თარიღი 2018 წლის 25 აპრილი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ს--–------------ის სახელზე. ამდენად, დადგენილია, რომ სადავო ქონების მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განხორციელდა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში. დღეის მდგომარეობით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გასხვისებულია და მესაკუთრეს წარმოადგენს სხვა პირი. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშნით - N------, მარკა, მოდელი - ,,ჰიუნდაი ელანტრა“, გამოშვების წელი 2011, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5----------------, ფერი - შავი, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, გაცემული 06.07.2018წ. რეგისტრირებულია ნ--------–-–-----------ის (პასპ. N---------) სახელზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. მოპასუხე მხარის სამართლებრივ შედავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ს--–------------ის სახელზე აღრიცხული სადავო სატრანსპორტო საშუალება, რაზეც მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით აცხადებს სამართლებრივ პრეტენზიას, წარმოადგენს არა მეუღლეთა თანასაკუთრებას, არამედ, მეუღლისაგან, დ------------ისაგან ს--–------------ისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებას.
კანონმდებელი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს ქორწინების პერიოდს, როდესაც ისინი ერთიანი ძალებით უძღვებიან საოჯახო მეურნეობას. ქორწინების პერიოდში, ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქების საფუძველზე გადაცემული ქონება ამ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება და მეორე მეუღლეს მასზე რაიმე სახის ქონებრივი უფლება არ წარმოეშობა. კანონის მიზანი განქორწინებულ მეუღლეებს ქონებრივი მდგომარეობის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების და განაწილების გარანტს უქმნის როგორც ინდივიდისათვის აღიარებული უფლების უზრუნველყოფაში, ისე თანაზიარ თუ წილობრივ ვალდებულებებში. სამოქალაქო კოდექსის მიერ მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო საკუთრების უფლებრივი მდგომარეობების განსაზღვრის აუცილებლობა და ლეგიტიმურობა სწორედ ზემოაღნიშნული გარანტიების სამართლიანი გადანაწილების უზრუნველყოფას ემსახურება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის მოწმეთა ჩვენებით) ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილ გარემოებაზე, იმის შესახებ, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალება არ იყო შეძენილი ოჯახის, დ------------ისა და ს--–------------ის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, მათი საერთო მიზნებისათვის. ს--–------------ის განმარტებით, ავტომანქანა აჩუქა დ------------ემ, შესაბამისად, აღნიშნულ ავტომობილს ფლობდა, მართავდა და სარგებლობდა მისით მხოლოდ მოპასუხე ს--–------------ე, რასაც ადასტურებენ მოწმეები დ--------------–---–ი და რ-----------------–---–ი. მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ ს--–------------ეს და დ------------ეს რეალურად ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. მათი ქორწინების განმავლობაში, დ------------ე უმეტესად არ ცხოვრობდა ს--–------------ესთან ერთ ოჯახად. დ------------ე ცხოვრობდა ცალკე ქ. ბათუმში, ხოლო ს--–------------ე - თბილისში. მათ ფაქტობრივად საერთო საოჯახო მეურნეობა არ ჰქონიათ. სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დ------------ე ძირითადად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, რეალური ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონდა მოპასუხე მხარესთან, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დ------------ის მიერ სადავო მოძრავი ნივთით (ა/მანქანით) ფლობის, სარგებლობის ფაქტი, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას სადავო ავტომანქანაზე (მარკა, მოდელი - ,,HYUNDAI ELANTRA”-ს, სახელმწიფო ნომრით S------) მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების შესახებ, ვინაიდან არ დადგინდა აღნიშნული მანქანის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, კეთილდღეობის მიზნით შეძენის ფაქტი. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, მოპასუხე ს--–------------ე დამოუკიდებლად ფლობდა, სარგებლობდა, მართავდა ქონებას. მან განკარგა ავტომანქანა და მიიღო კონკრეტული თანხა ავტომანქანის ღირებულების შესაბამისი.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გააზრებისათვის საყურადღებოა ჩუქების, როგორც ცალმხრივ ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქებით გადაცემულ ქონებაზე არ ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება და იგი წარმოადგენს დასაჩუქრებულის, ამ შემთხვევაში ს--–------------ის ინდივიდუალურ საკუთრებას. ამ უკანასკნელმა, როგორც ერთპიროვნულმა მესაკუთრემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, თავისი შეხედულების შესაბამისად განკარგა ქონება და მიღებულ სარგებელზე (ან მის ნაწილზე) მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლი ადგენს წილის კომპენსაციას საკუთრების გაყოფისას. კერძოდ, თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა სადავო ავტოსანტრანსპორტო საშუალებაზე მეუღლეების, დ------------ის და ს--–------------ის თანასაკუთრება, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მუხლით მოპასუხე ს--–------------ისათვის საერთო ქონებიდან წილის ღირებულების დაკისრების საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული შეფასების მიუხედავად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ს--–------------ის მიერ სატრანსპორტო საშუალება გასხვისებით მიღებული სარგებლის ნახევარი წარმოადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს. მესაკუთრის მიერ ქონების გაყიდვამდე, მისი დაზიანების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც (გენერალური ინსპექციის უფროსის 24.07.2018 წლის დასკვნა პოლიციის ლეიტენანტ ს--–------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე). თუმცა სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სადავო ა/მანქანა წარმოადგენდა ს--–------------ის ინდივიდუალურ საკუთრებას და მისი გასხვისების შედეგად, მოსარჩელე დ------------ეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს სარგებლის ნახევრის ანაზღაურება ქორწინებაში შეძენილი ქონების საკუთრებითი რეჟიმის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე დ------------ის სარჩელი, საერთო ქონების გაყოფის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.3. ს--–------------ემ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხე დ------------ისათვის ს--–------------ის სახელით აღებული საბანკო ვალის, 6527 ლარის ნახევრის - 3263.5 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება. სარჩელის მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ს--–------------ის მიერ საბანკო დაწესებულებებიდან თანხები აღებული იქნა მოპასუხის მოთხოვნით ქორწინების პერიოდში. აღნიშნული სესხის თანხები დღეის მდგომარეობით დაფარულია და მოპასუხე ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს მეუღლეთა საერთო ვალების დაფარვაში.
დადგენილია, რომ დ------------ე და ს--–------------ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 12 ოქტომბრიდან. დადგენილია, რომ ს--–------------ეს და დ------------ეს რეალურად ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. მათი ქორწინების განმავლობაში, დ------------ე ცხოვრობდა ცალკე ქ. ბათუმში, ხოლო ს--–------------ე - თბილისში. მათ ფაქტობრივად საერთო საოჯახო მეურნეობა არ ჰქონიათ. მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 2018 წლის 14 ივნისის შემდგომ, როდესაც მხარეთა შორის მოხდა ურთიერთდაპირისპირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს--–------------ეს დ------------ესთან ქორწინების პერიოდში აღებული ჰქონდა თანხები სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში აღებული ვალები 6527 (ექვსი ათას ხუთას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით დაიფარა ს--–------------ის მიერ. ამჟამად, ს--–------------ეს საბანკო თუ სხვა საფინანსო დაწესებულებების წინაშე არ გააჩნია სასესხო დავალიანება. ს--–------------ის მითითებით, მან საკრედიტო ვალდებულებები შეასრულა, სადავო ავტომანქანის გასხვისებით მიღებული თანხით. მოსარჩელისვე განმარტებით, ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტამდე, დავითი დევაძე იღებდა მონაწილეობას საბანკო დაწესებულებების წინაშე საკრედიტო დავალიანების დაფარვაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ არის დადგენილი, რომ საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული სესხი ს--–------------ის მიერ აღებული იყო ოჯახის საჭიროებისათვის, საერთო ოჯახური მეურნეობის გაძღოლის მიზნით, მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. თავად მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მეუღლეებს ერთ ოჯახად ფაქტიურად არ უცხოვრიათ, რეალურად ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. შესაბამისად, ვერ დადასტურდა გარემოება იმის შესახებ, რომ აღებული სესხის თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს. შესაბამისად, აღნიშნული ვალი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეუღლეთა საერთო ვალად. სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების პრეზუმფციისგან განსხვავებით სამოქალაქო კანონმდებლობა პირდაპირ არ ადგენს ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალის მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევის პრეზუმფციას. მოქმედი კანონმდებლობით მეუღლეთა საერთო ვალდებულებებად მიჩნეულ უნდა იქნას ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის იმგვარი ვალდებულებები, რომელიც წარმოიშვა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისა და მიზნებისათვის, რა შემთხვევაშიც კრედიტორის მიმართ უნდა განისაზღვროს მეუღლეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა. აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ვალის ქორწინების განმავლობაში აღების ფაქტის დადგენის საფუძვლით, სამოქალაქო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ გარემოებას, რომ ს--–------------ის მიერ საბანკო დავალიანებები დღეის მდგომარეობით დაფარულია. თავად მხარე განმარტავს, რომ ქორწინების პერიოდში, გარკვეულ თანხებს იხდიდა კიდევაც დ------------ე. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ დგინდება, მოპასუხე ს--–------------ის მიერ ოჯახის საერთო ინტერესებისათვის საქმის მასალებით მიღებული ვალის აღება და ამ თანხის ოჯახის საერთო მიზნებისათვის გამოყენება. მხოლოდ ის გარემოება, რომ ს--–------------ემ ქორწინების პერიოდში აიღო საბანკო დაწესებულებებიდან სესხის სახით თანხები, უპირობოდ არ წარმოშობს აღნიშნული თანხის მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს, მოპასუხე დ------------ისათვის, ქორწინების პერიოდში მიღებული საერთო ვალების გაყოფის საფუძვლით, მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც ს--–------------ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხე ს--–------------ემ ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მხარე მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ხოლო მოსარჩელე დ------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 21.06.2018 წელს გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დ------------ის სარჩელი თანაცხოვრების პერიოდში ქონების გაყოფის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე ს--–------------ისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე ს--–------------ის შეგებებული სარჩელი მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხე დ------------ეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ არ უნდა გადახდეს პროცესის ხარჯი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შეწყდეს ქორწინება დ------------ეს (დაბადებული 1987 წლის 23 თებერვალი, პ/ნ 6----------) და ს--–------------ეს (დაბადებული 1991 წლის 29 ნოემბერს, პ/ნ 3----------) შორის, რეგისტრირებული 2017 წლის 12 ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი N-----------;
1.2. დავითი დევაძის სარჩელი მოპასუხე ს--–------------ის მიმართ, საერთო ქონების გაყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. ს--–------------ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე დ------------ის მიმართ, საერთო ვალების გაყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე დ------------ეს (პირადი N6----------) მის მიერ 2018 წლის 21 ივნისს სს ,,ს----------–--------ში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 100 (ასი) ლარი (ანგარიშის N300773150, ბანკის კოდი TRESGE22).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა