გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1739-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6.12.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე მ--- შ---–---–ი
წარმომადგენელი ქეთევან ინასარიძე
მოპასუხე გ------- ლ---------–---ი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ლ---------–---ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2001 წლის 5 სექტემბერს დაბადებული ლუკა ლ---------–---ის და 2017 წლის 18 ივლისს დაბადებული სესილი ლ---------–---ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 300-300 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი 2001 წლის 5 სექტემბერს დაბადებული ლუკა ლ---------–---ის და 2017 წლის 18 ივლისს დაბადებული სესილი ლ---------–---ი. მეორე შვილის დაბადებამდე ერთი თვით ადრე მოპასუხემ მოითხოვას განქორწინება, რაც მხარეთა თანხმობით განხორციელდა სამოქალაქო რეესტრში. ბავშვის დაბადების შემდეგ მოპასუხემ მოსთხოვა ბინის დატოვება. ამჯამად ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. მამა არ ეხმარება მატერიალურად ბავშვეის გაზრდაში. იგი დასაქმებულია, მუშაობს საჯარო რეესტრში და აქვს ყოველთვიური ხელფასი 800 ლარი. ასევე პერიოდულად ჩამოჰყვას ავტომობილები და დაკავებულია მათი რეალიზაციით.
(06.12.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა და თანხმობა განაცხადა შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 100-100 ლარი. მისი განმარტებით, მუშაობს საჯარო რეესტრში, სადაც ყოველთვიური ხელფასი ამჯამად აქვს 1600 ლარი, მაგრამ იგი დანიშნულია სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტოს მოვალეობის დროებით შემსრულებლად და მისი ეს ხელფასი დროებითია, გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება, სამსახურის ავტომობილს დაზიანების გამო ყოველთვიურად ხელფასიდან იხდის 300 ლარს. ასევე აქვს საკრედიტო ვალდებულებები. მის კმაყოფაზე პენსიონერი დედა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მამა.
(06.12.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. მ--- შ---–---–ი და გ------- ლ---------–---ი ერთად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 23 ივნისს. მათი არასრულწლოვანი შვილები ლუკა ლ---------–---ი და სესილი ლ---------–---ი ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე მ--- შ---–---–თან, ქალაქ რუსთავში ნაქირავებ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- განქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. )
- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (06.12.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2.2. მ--- შ---–---–ი მუშაობს ქალაქ რუსთავში, N28 საჯარო სკოლაში პედაგოგად და მისი ყოველთვიური ხელფასია 553 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ცნობა (ს.ფ. 62. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (6.12.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. მ--- შ---–---–ს და გ------- ლ---------–---ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი – ლუკა ლ---------–---ი და სესილი ლ---------–---ი.
დაბადების მოწმობების თანახმად, 2017 წლის 18 ივლისს დაბადებულია სესილი ლ---------–---ი. 2001 წლის 5 სექტემბერს დაბადებულია ლუკა ლ---------–---ი. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა მ--- შ---–---–ი, მამა – გ------- ლ---------–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 14-15. ტომი 1).
3.2.2. გ------- ლ---------–---ი დასაქმებულია, მას აქვს ყოველთვირი სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. იგი არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას და არა აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 დეკემბრის N497253 ცნობის მიხედვით, გ------- ლ---------–---ი მუშაობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეურნეო სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე, სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის N1598/ნ ბრძანების საფუძველზე გ------- ლ---------–---ს დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეორვნული სააგენტოს სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტის უფლებამოსილების დროებით შესრულება და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1600 ლარს.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 6 დეკემბერს გაცემულია წერილობოი ინფორმაცია გ------- ლ---------–---ის 2016-2018 წლების შემოსავლების შესახებ, რომლის მიხედვით ამ პერიოდში მისი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 41 892,96 ლარს. ამ პერიოდის განმავლობაში მისი დამსაქმებელი უცვლელად არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გ------- ლიპარტელინას შორის 2014 წლის 21 ივლისს დადებულია ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვით გ------- ლ---------–---ი კისრულობს სამინისტროს მიმართ 21 022,87 ლარის გადახდის ვალდებულებას. ფულადი ვალდებულება წარმოშობილია სამინისტროს კუთვნილი Skoda Oktavia-ს მარკის ავტომობილის სახ ნომერი CJC778 ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად და წარმოადგენს ამ ავტომობილის ნარჩენი საბალანსო ღირებულება. ვალის აღიარების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია თანხის გადახდის გრაფიკი, რომლითაც გათვალისწინებულია მითითებული თანხის გადახდა 2014 წლის 5 აგვისტოდან 2020 წლის 5 მარტის ჩათვლით ყ, ოველთვიურად 300 ლარის გადახდით.
ამდენად, ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- ლ---------–---ი დასაქმებულია, ამჟამად მისი დაუბეგრავი ხელფასია 1600 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის შემოსავლის 20%-ის დაქვითვის შემდეგ მისი ფაქტობრივი შემოსავალია 1278,8 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მას სხვა შემოსავალი არა აქვს და ავტომობილების რეალიზაცია მისი დროებითი საქმიანობა იყო და ამჟამად ამ საქმიანობით დაკავებული არ არის. მოპასუხის განმარტებით, გარდა ზემოთდასახელებული ფინანსური ხარჯებისა, მის ფინანსურ ვალდებულებას წარმოადგენს ასევე მშობლების რჩენა, რადგან ჰყავს პენსიონერი დედა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მამა.
სსს ქ. რუსთავის N2 სამედიცინო ცენტრის მიერ 2018 წლის 5 დეკემბერს გაცემული ფორმა N100/ა-ს თანახმად, ტარიელ ლ---------–---ი არის მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე უვადოდ. მას აქვს მოძრაობის-კოორდინაციის მკვეთრად გამოხატული მოშლა. ატაქსიით დგომა გადაადგილების შეუძლებლობით, მეტყველების დარღვევით. მას მუდმივად ესაჭიროება გარეშე მომვლელი და მხარდამჭერი, ვინაიდან დგომა-გადაადგილება არ შეუძლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- შემოსავლების სამსახურის წერილი (ს.ფ. 79-81. ტომი 1)
- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (06.12.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 83- 91. ტომი 1
- საჯარო რეესტრის ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)
- ვალის აღიარების ხელშეკრულება (ს.ფ. 74-78. ტომი 1)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 82. ტომი 1)
- სამედიცინო ცნობა (ს.ფ. 92. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 200-200, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
· ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 100-100 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს თანხა არაგონივრულია და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 200-200 ლარის გადახდა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის უფროსი შვილი დაბადებულია 2001 წლის 5 სექტემბერს, გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მას შესრულებული აქვს 17 წელი და 4 თვე და მისთვის ალიმენტის გადახდა მხოლოდ ერთ წლის მანძილზე იქნება ძალაში. მხარეების უმცროსი შვილი არის მცირეწლოვანი, მას შესრულებული არა აქვს 2 წლის ასაკი. მას სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვს მცირეწლოვანი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სესილი ლ---------–---ს სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა და კვლევები, მას დაბადებისთანავე სამშობირო სახლში კვლევისას დაუდგიდნა გულის პარკუჭის დეფორმაცია, რის გამოც მას ზრდა-განვითრების პროცესში სჭირდება მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა. არამცირე მატერიალური ხარჯების გაწევა საჭიროა ასევე უფროსი შვილისათვის, რადგან მისი ასაკის გამო კვების და სამედიცინო მომსახურების გარდა ესაჭიროება სწავლისათვის საჭირო ნივთების შეძენა.
მართალია მოსარჩელე დასაქმებულია, მაგრამ მისი შემოსავალი არის თვეში 553 ლარი, რის გამოც მოპასუხესთან შედარებით არსებული მცირე შემოსავლის გამო მას დამოუკიდებლად ორი შვილის მატერიალური უზრუნველყოფა ან მეორე მშობლისგან მცირე დახმარებით არ შეუძლია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების უნარების და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რადგან ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს ამის მიხედვით ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის, კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ჰქონდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მატერიალური მდგომარეობის და ბავშბეის საჭიროებების გათვალისწინებით მცირეა მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა 100-100 ლარი, რომლის გადახდაზე თანახმაა. მოსარჩელე მართალია დასაქმებულია, მაგრამ მას მცირე შემოსავალი აქვს, ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ყოველდღიურად მისი მცირეწლოვანი შვილის აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია. მოპასუხეს აქვს მოსარჩელეზე მეტი შემოსავალი, მას აქვს სტაბილური შემოსავალი. ამასთან, მოსარჩელეს კმაყოფაზე ჰყავს ოჯახის წევრი - მამა, რომელსაც გადაადგილება და მეტყველება არ შეუძლია, რის გამოც მოსარჩელის შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტი სამართლიანი ოდენობაა და შეესაბამება მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ალიმენტის ოდენობა გონივრული იმის გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხეს გააჩნია გადასახდელი საკრედიტო ვალდებულება და დამსაქმებლის მიმართ ფულადი ვლადებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის საკრედიტო ან სხვა ფინანსური ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს, რადგან მცირეწლოვანი შვილის რჩენა მშობლის მთავარი ვალდებულებაა. საკრედიტო ვალდებულება მოპასუხის მიერ მისი ინტერესებისათვის აღებული ფულადი რესურსია, გამოყენებულია მისი მატერიალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რადგან არ დასტურდება რა გადაუდებელი საჭიროებისათვის (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამედიცნო ხარჯის ასანაზღაურებლად) აიღო კრედიტი. ამდენად, საკრედიტო, საგადასახადო ან კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ არის ისეთი ვალდებულება, რის გამოც შვილის რჩენისათვის გადასახდელი ალიმენტი შეიძლება შემცირდეს და ამ ვალდებულებას უპირატესობა მიენიჭოს შვილის რჩენის ვალდებულებასთან შედარებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 12 ივნისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 4800 ლარს. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 144 ლარი (დავის საგნის ღირებულების 3%). ალიმენტის დაკისრების შესახებ დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადი საოჯახო სამართლებრივი დავაა, რის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება შეადგენს 72 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 400 ლარიდან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო 200 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 50%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 72 ლარის 50% არის 36 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, საქმეზე გადასახდელია სახელმწიფო ბაჟი 36 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გააიხადოს მოპასუხემ. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ--- შ---–---–ის სარჩელი;
1.1. გ------- ლ---------–---ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2001 წლის 5 სექტემბერს დაბადებული ლუკა ლ---------–---ის და 2017 წლის 18 ივლისს დაბადებული სესილი ლ---------–---ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 200-200 ლარის დაკისრება. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 12 ივნისიდან;
2. გ------- ლ---------–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 36 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი