გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6419-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - კ------------------------–---–ი
წარმომადგენლები:
1. გ----------------–---–ი
2. შ-----------ე
მოპასუხეები:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ს--------------–---–ი
2. საქართველოს მთავარი პროკურატურა
წარმომადგენელი - ა----------ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება, კ------------------------–---–ისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს მთავარ პროკურატურას კ------------------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურება 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე - 42000 ლარის, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისათვის - 17 360 ლარის, სულ 59 560 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1797 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურაში. 1998 წლის ივლისში გაათავისუფლეს პროკურატურის ორგანოებიდან და აღადგინეს 2002 წელს, 3 წლის 9 თვის და 17 დღის დაგვიანებით. აღნიშნული პერიოდი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №3-------) ჩაითვალა კ------------------------–---–ის სამსახურებრივ სტაჟში. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 1979 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მაისამდე მისი მუშაობის პერიოდი შეადგენდა 22 წელს 2 თვეს და 17 დღეს, რაც საკმარისი იყო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მისაღებად. ამასთან, კ------------------------–---–ი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს 2006 წელს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე 2014 წელს უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ თითქოს პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სტაჟი შეადგენდა 19 წელს, 4 თვეს და 28 დღეს. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლიდან არაერთხელ მიმართვის მიუხედავად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოხდა მხოლოდ 2016 წლის 1 ნოემბრიდან, რითაც დაირღვა მისი უფლებები და მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მხარეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეების პოზიცია:
2.1.1. მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმოდგენილი დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან კ------------------------–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სააგენტო ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ორგანოდან - პროკურატურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების არცერთ ეტაპზე სააგენტოს მოქმედი კანონმდებლობა არ დაურღვევია.
2.1.2. მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და მიუთითა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და საფუძვლები.
2.2 მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 13 იანვრის №- ბრძანებით საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხ--–---------–------------------–-------------------------------------------–----- დეპარტამენტის პროკურორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი კ------------------------–---–ი 2006 წლის 13 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 14 აპრილის №-- ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი კ------------------------–---–ი 2006 წლის 14 აპრილიდან დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე გამოწვეული შტატების შემცირების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 13 იანვრის №- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 109);
- საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 14 აპრილის №-- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 110).
3.2. კ------------------------–---–მა 2014 წლის 13 მაისს №----------- განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით მისთვის დოკუმენტაციის გადაცემა მოითხოვა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 22 მაისის №-------- წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში გადაიგზავნა კ------------------------–---–ის განცხადება, პროკურატურიდან მისი გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებათა ასლები, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ნამსახურობის ნუსხა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის №---------- გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს უარი ეთქვა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი შეადგენდა 19 წელს, 4 თვესა და 28 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კ------------------------–---–ის 2014 წლის 13 მაისს №----------- განცხადება (ტ.1. ს.ფ 265);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 22 მაისის №-------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 267);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 22 მაისის №----------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 268);
- კო------------–--–-----------------–---–ის ნამსახურობის ნუსხა (ტ.1. ს.ფ. 271-272);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის №---------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 164);
- შრომის სტაჟის გაანგარიშების ფურცელი (ტ.1. ს.ფ. 165).
3.2. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3------- გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე კ------------------------–---–ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის, რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს, შრომითი (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების 2014 წლის 25 ივნისის მიმართვის მიხედვით (საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულია 26.06.2014წ.) ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3------- გადაწყვეტილების მოპასუხე მხარისათვის ჩაბარების დასტური საქმეში ვერ იქნა მოძიებული, ამდენად, გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი გადაეგზავნა მოპასუხეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 3 ივლისის და 4 ივლისის №-------- წერილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში დამატებით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის მიმართვა, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს პროკურატურის ყოფილი მუშაკის კ------------------------–---–ის სტაჟთან დაკავშირებით და ამავე დროს ცენტრს ეცნობა, რომ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის №--------- განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის №ბ---------------- განჩინებით უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3------- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3------- გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 17-20);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის მიმართვა (ტ.1. ს.ფ. 276);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 4 ივლისის №-------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 274);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 3 ივლისის №-------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 275);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის №--------- განჩინება (ტ.1. ს.ფ. 21-29);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის №ბ---------------- განჩინება (ტ.1. ს.ფ. 30-31).
3.3. 2016 წლის 3 ოქტომბერს, კ------------------------–---–მა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2016 წლის 11 ნოემბრის №------------ გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან, 560 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, კ------------------------–---–ის ნამსახურობის პერიოდი შეადგენდა 21 წელს, 11 თვეს და 4 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კ------------------------–---–ის 2016 წლის 3 ოქტომბრის განცხადება (ტ.1. ს.ფ. 138);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2016 წლის 11 ნოემბრის №------------ გადაწყვეტილება (ტ. 1. ს.ფ. 100);
- შრომის სტაჟის გაანგარიშების ფურცელი (ტ.1. ს.ფ. 130).
3.4. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კ------------------------–---–ის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 17 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს გადაუგზავნა სასამართლო გადაწყვეტილებისა და განჩინებების შესაბამისად დათვლილი კ------------------------–---–ის ნამსახურობის პერიოდის შესახებ ინფორმაცია.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრმა კ------------------------–---–ის წარმომადგენელის ლ---------------–---–ის 2017 წლის 26 ივნისის მიმართვის საფუძველზე, ნამსახურობის სტაჟის ცვლილების გათვალისწინებით, 2017 წლის 30 ივნისს მიიღო №------ გადაწყვეტილება, რომლითაც ბენეფიციარ კ------------------------–---–ს დადგენილების საფუძველზე დაუაგარიშდა სახელმწიფო კომპენსაცია 2017 წლის 1 ივლისიდან და გაიცა სახელმწიფო კომპენსაცია თვეში 560 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, კ------------------------–---–ის ნამსახურობამ შეადგინა 25 წელი, 8 თვე და 21 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 17 ივნისის №-------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 104);
- კ------------------------–---–ის 2017 წლის 9 ივნისის №----------- განცხადება (ტ.1. ს.ფ. 105);
- კ------------------------–---–ის ნამსახურობის ნუსხა (ტ.1. ს.ფ. 106-108);
- შრომის სტაჟის გაანგარიშების ფურცელი (ტ.1.ს.ფ. 130);
- კ------------------------–---–ის წარმომადგენელის ლ---------------–---–ის 2016 წლის 26 ივნისის №----- განცხადება (ტ.1. ს.ფ. 133);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 30 ივნისის №------ გადაწყვეტილება (ტ. 1. ს.ფ. 102).
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს უარი ეთქვა 2014 წლიდან კომპენსაციის დანიშვნასა და შესაბამისი თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ კ------------------------–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სააგენტო ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ორგანოდან - პროკურატურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების არცერთ ეტაპზე სააგენტოს მოქმედი კანონმდებლობა არ დაურღვევია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 33-34).
3.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პროკურატურაში მუშაობის 3 წელი, 9 თვე და 17 დღის ჩათვლის შემთხვევაში, კ------------------------–---–ს 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებოდა 337,18 ლარის ოდენობით, ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიურის სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში 2015 წლის 27 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, პროკურატურაში მუშაობის 3 წლის, 9 თვის და 17 დღის გათვალისწინებით, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მისთვის გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობა იქნებოდა თვეში 560 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 ივლისის №------- წერილი (ტ.2. ს.ფ. 36).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, ზიანის სახით, 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე - 42000 ლარის, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისათვის - 17 360 ლარის, სულ 59 560 ლარის ოდენობით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. მოსარჩელე მოითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს უარი ეთქვა 2014 წლიდან კომპენსაციის დანიშვნასა და შესაბამისი თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ კ------------------------–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სააგენტო ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ორგანოდან - პროკურატურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების არცერთ ეტაპზე სააგენტოს მოქმედი კანონმდებლობა არ დაურღვევია.
სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო კომპენსაციის წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება, კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
6.4. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს და იმ პირთა წრეს, რომელთაც ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს.
ხსენებული საკანონდებლო აქტის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას (საპენსიო ასაკის მიღწევისას) პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში − არანაკლებ 4 წლის სტაჟი). მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის დანართი №2-ის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტის მიხედვით (2007 წლის 28 დეკემბრის რედაქციით) პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: პროკურატურის მუშაკებზე 65 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნისათვის - განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ. სასამართლო აქვე მიუთითებს ხსენებულ ნორმაში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის შესაბამისად, პროკურატურის მუშაკზე კომპენსაციის დანიშვნისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრა შემდეგი სახით: პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ. მოგვიანებით კვლავ განხორციელდა ამ ნორმაში ცვლილება და 2016 წლის 9 თებერვლიდან ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: პროკურატურის მუშაკზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, საჭიროების შემთხვევაში მუშაობის (შრომის) სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნისას სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ.
დადგენილია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 14 აპრილის №-- ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი კ------------------------–---–ი 2006 წლის 14 აპრილიდან დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე გამოწვეული შტატების შემცირების გამო.
ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 13 მაისს №----------- განცხადებით მიმართა კ------------------------–---–მა საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სრულყოფილი საბუთების გადაცემა მოითხოვა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 22 მაისის №-------- წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში გადაიგზავნა კ------------------------–---–ის განცხადება, პროკურატურიდან მისი გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებათა ასლები, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ნამსახურობის ნუსხა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის №---------- გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს უარი ეთქვა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი შეადგენდა მხოლოდ 19 წელს, 4 თვესა და 28 დღეს, რაც არ იყო საკმარისი მისთვის კომპენსაციის დასანიშნად.
ამასთან, დადგენილია, რომ კ------------------------–---–მა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს კვლავ მიმართა 2016 წლის 3 ოქტომბერს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2016 წლის 11 ნოემბრის №------------ გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან, 560 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში, კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილმა ორგანომ კ------------------------–---–ის საერთო ნამსახურობის წლებში გაითვალისწინა სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში 2016 წლის 28 ივლისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, პროკურატურიდან დათხოვილ მუშაკებს კანონით განსაზღვრულ მუშაობის 20 წლიან სტაჟში ჩაეთვალათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდი). აღნიშნულის გათვალისწინებით, კ------------------------–---–ის საერთო ნამსახურობამ შეადგინა 21 წელი, 11 თვე და 4 დღე. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კ------------------------–---–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარი (მაქსიმალური ოდენობით).
ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე კ------------------------–---–მა მისი უფლების რეალიზება მოახდინა მხოლოდ 2014 წლის 13 მაისს, როდესაც განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურას და სახელწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტების მომზადება მოითხოვა. დადგენილია, რომ 2014 წლის 22 მაისის №-------- წერილით საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში გადაიგზავნა კ------------------------–---–ის განცხადება, პროკურატურიდან მისი გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებათა ასლები, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ნამსახურობის ნუსხა. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის №---------- გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს უარი ეთქვა პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი არ შეადგენდა 20 წელს. საქმის მასალების თანახმად, კ------------------------–---–ს აღნიშნული გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია.
ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 30 ივნისის №---------- გადაწყვეტილების მიღებისას და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას არ იქნა გათვალისწინებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3------- გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე კ------------------------–---–ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის (რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს) შრომითი (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3------- გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის №--------- განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის №---------- (კ-16) განჩინებით. აღნიშნულის შესაბამისად დათვლილი კ------------------------–---–ის ნამსახურობის პერიოდი, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოს გადაუგზავნა 2017 წლის 17 ივნისს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრმა კ------------------------–---–ის ნამსახურობის სტაჟის ცვლილების გათვალისწინებით, 2017 წლის 30 ივნისს მიიღო №------ გადაწყვეტილება, რომლითაც ბენეფიციარ კ------------------------–---–ს დადგენილების საფუძველზე გადაუანგარიშა ნასახურობის წლები - 25 წელი, 8 თვე და 21 დღე, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციის თანხა 2017 წლის 1 ივლისიდან განისაზღვრა თვეში 560 ლარი.
ამდენად, სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კ------------------------–---–მა შესაბამის ორგანოს კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მიმართა მხოლოდ 2014 წლის 13 მაისს, რა დროსაც ნამსახურობის წლებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, მოსარჩელის ხელახალი მოთხოვნის საფუძველზე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2016 წლის 11 ნოემბრის №------------ გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს ნამსახურობის წლების გათვალისწინებით (21 წელი, 11 თვე და 4 დღე) სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან, 560 ლარის ოდენობით.
სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნისა და მისი დამსაქმებელი ორგანოდან - საქართველოს მთავარი პროკურატურიდან წარდგენილი სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც დგინდებოდა კანონით განსაზღვრული სტაჟის არსებობა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ კ------------------------–---–ისთვის წინა პერიოდის თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა. ამდენად, მოსარჩელის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით კ------------------------–---–ს უარი ეთქვა 2014 წლიდან კომპენსაციის დანიშვნასა და შესაბამისი თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ სააგენტო ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოდან (პროკურატურიდან) წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623 (2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს მთავარ პროკურატურას სოლიდარულად დაევალოთ კ------------------------–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე - 4200 ლარის, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისათვის - 17 360 ლარის, სულ 59 560 ლარის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 2014 წლის მაისში, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან კომპეტენტურ ორგანოში საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი ინფორმაციით მისი ნამსახურობა არ შეადგენდა კანონით გათვალისწინებულ 20 წელს, კერძოდ, კ------------------------–---–ის ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრა 19 წლით, 4 თვითა და 28 დღით. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ კ------------------------–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო მოგვიანებით, მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ნამსახურობის პერიოდი შეიცვალა და მას დაემატა 3 წელი, 9 თვე და 17 დღე.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის №3------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელე კ------------------------–---–ისთვის 1998 წლის 9 ივლისიდან 2002 წლის 26 მარტამდე პერიოდის, რაც წარმოადგენს 3 წელს, 9 თვესა და 17 დღეს, შრომითი (სამსახურის) სტაჟში ჩათვლა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის №--------- განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის №ბ---------------- განჩინებით. აღნიშნული გარემოების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კ------------------------–---–ს მიაყენა ზიანი იმ პირობებში, როდესაც მას კონკრეტული პერიოდი ნამსახურობის სტაჟში არ ჩაუთვალა და სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების უკანონობა.
აღსანიშნავია, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია პირთა კონკრეტული წრისათვის, მათ შორის, საქართველოს პროკურატურის ორგანოებში დასაქმებული თანამშრომლებისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს მთავარი პროკურატურის ქმედების უკანონობა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ კ------------------------–---–ს ნამსახურობის წლებში არ ჩაეთვალა კონკრეტული პერიოდი დადგენილი იქნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და თავად მოპასუხის შემდგომი ქმედებით (მოსარჩელის ნამსახურობის პერიოდის ცვლილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენა), შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი კ------------------------–---–ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და საქართველოს მთავარ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას მოსარჩელის მოთხოვნას, კერძოდ, მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს მთავარ პროკურატურას სოლიდარულად დაეკისროთ კ------------------------–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე - 42000 ლარის, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისათვის - 17 360 ლარის, სულ 59 560 ლარის ოდენობით.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 2014 წლის მაისის თვეში. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ხდება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ კანონმდებლობა მის დანიშვნას უკავშირებს არა მოთხოვნის წარმოშობის საფუძველსა და თარიღს, არამედ უფლების რეალიზებას, კერძოდ, სათანადო მოთხოვნის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენას. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს 2007 წლის 28 დეკემბრიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან - საპენსიო ასაკის დადგომიდან, 2014 წლის 1 ივნისამდე პერიოდის თანხების ანაზღაურების მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას.
ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და მოსარჩელის მიმართ უკანონო ქმედება და შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურდა მხოლოდ ერთი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, მხოლოდ 2014 წლის ივნისის თვიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ უკანასკნელ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს კ------------------------–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის თანხის ზიანის სახით ანაზღაურება, 2014 წლის ივნისის თვიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისთვის.
სასამართლო მიუთითებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 ივლისის №------- წერილზე, რომლის თანახმადაც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პროკურატურაში მუშაობის 3 წელი, 9 თვე და 17 დღის ჩათვლის შემთხვევაში, კ------------------------–---–ს 2014 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებოდა 337,18 ლარის ოდენობით, ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიურის სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში 2015 წლის 27 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, პროკურატურაში მუშაობის 3 წელის, 9 თვის და 17 დღის გათვალისწინებით, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მისთვის გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობა იქნებოდა თვეში 560 ლარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კ------------------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს ზიანის სახით კ------------------------–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 337,18 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ------------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროს ზიანის სახით საქართველოს მთავარ პროკურატურას კ------------------------–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 337,18 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება;
3. კ------------------------–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №-ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე