გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2019
საქმის ნომერი
080210118002412138
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210118002412138

#2/1352-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.01.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე- შპს „მ-----------------„;

წარმომადგენელი- გ---–---------ე;

მოპასუხე- ლ---------–--ა;

წარმომადგენელი- გ--------------–--ე, მ-------------ე;

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ---------–--ას - შპს „მ-----------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხის 3060 ლარის, სარგებლის 306 ლარის და პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა. (მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 1000 ლარის დაკისრება).

 

1.2. ლ---------–--ას - შპს „მ-----------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გამარტივებული წარმოების ეტაპზე კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯის აპლიკაციის საფასურის 100 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 200 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 17 იანვარს შპს მ----------------ს და ხ-------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ერთი თვის ვადით, სესხის ოდენობა განისაზღვრა 3060 ლარით, სარგებელი განისაზღვრა 306 ლარით. სესხის უზრუნველსაყოფად სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ლ---------–--ასთან და ქ------------------ესთან. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მალე დაირღვა, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა. კრედიტორმა ვალდებულების დარღვევის შემდეგ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების წესით, სადაც გადახდის ბრძანება მიღებული იქნა მხოლოდ მსესხებელ ხ-------------–--ეზე. თავდებმა ლ---------–--ამ დავალიანება საერთოდ არ აღიარა და პროტესტი განაცხადა. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ლ---------–--ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარესთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მასზე დატანილი ხელმოწერა არ ეკუთვნის მას, შესაბამისად არავითარი პასუხისმგებლობა არ აკისრია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ლ---------–--ა არ წარმოადგენს სოლიდარულ თავდებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვინადაინ ძირითადი მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულება არ განხორციელებულა. სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ხელშეკრულებაზე არსებულ ხელმოწერაზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება.(იხ. შესაგებელი, 18.12.2018წ სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს შპს „მ----------------ს„ და ხ-------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1673, აღნიშნული ხელშეკრულებით ხ-------------–--ეზე გაიცა სესხი 3060 ლარის ოდენობით.

 

სესხი გაცემული იქნა 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. სესხით სარგებლობისათვის მსესხებელს უნდა გადაეხადა სარგებელი 306 ლარი, სესხის დაბრუნება და სესხის სარგებლობისათვის პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან ყოველდღიური დაფარვით 112.2 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულებით განისაზღვრა რომ, მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ყოველვადაგადაცილებულ მესამე დღეზე გადაიხდიდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-17/01/2017 წლის #1673 ხელშეკრულება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვრის სესხის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის საფუძველზე ლ---------–--ამ და ქ------------------ემ აიღეს პასუხისმგებლობა გაცემული სესხის გადახდაზე, შპს „მ----------------ს„ გადაუხადონ სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი, თუკი მსესხებელი გახდა გადახდისუუნარო ან თავს აარიდებს სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-17/01/2017 წლის #1673 ხელშეკრულება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სტაჟიორ ქეის-მენეჯერის მიერ გაცემული იქნა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმად #1673 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ხ-------------–--ეს შპს „მ-----------------„-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2100 ლარის გადახდა, თუმცა კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხდა.

 

2018 წლის 16 აპრილის აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით შპს „მ----------------ს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე, რესპოდენტის მიერ მოთხოვნაზე პროტესტის წარდგენის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

-გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2017 წლის 17 იანვრის სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტორი იტოვებს უფლებას თავდები გახადოს სოლიდარულად პასუხისმგებელი და ძირითად მოვალესთან სასამართლო და სააღსრულებო რესურსის ამოწურვის გარეშე ვადამოსული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სოლიდარული მოვალისაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-17/01/2017 წლის #1673 ხელშეკრულება.

 

3.2.2. დადგენილია, რომ კრედიტორის მიერ მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 1 თვის ვადით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის სოლიდარული თავდებობის არსებობას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოპასუხის მტკიცებით ის არ წარმოადგენს სოლიდარულ თავდებს, შესაბამისად არ ეკისრება პასუხისმგებლობა, სანამ კრედიტორის მიმართ არ განხორციელდება იძულებითი აღსრულება. სასამართლოს, 2017 წლის 17 იანვრის #1673 სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს სოლიდარული თავდებობიდან, კერძოდ აღნიშნული (3.4.) პუნქტით მხარეები ერთმნიშვნელოვნად შეთანხმდნენ, რომ „კრედიტორი იტოვებს უფლებას თავდები გახადოს სოლიდარულად პასუხისმგებელი და ძირითად მოვალესთან სასამართლო და სააღსრულებო რესურსის ამოწურვის გარეშე ვადამოსული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სოლიდარული მოვალისაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით„.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 17 იანვრის ხელშერულებით მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდაზე. მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ თავდების პასუხისმგებლობას. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა თავდები პირის პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვით. ხელშეკრულება ასევე არ შეიცავს ჩანაწერს, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „მ-----------------„-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 465-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 898-ე, 408-ე, 412-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2017 წლის 17 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს შპს „მ----------------ს„ და ხ-------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1673, აღნიშნული ხელშეკრულებით ხ-------------–--ეზე გაიცა სესხი 3060 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. სესხით სარგებლობისათვის მსესხებელს უნდა გადაეხადა სარგებელი 306 ლარი, სესხის დაბრუნება და სესხის სარგებლობისათვის პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან ყოველდღიური დაფარვით 112.2 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა რომ, მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ყოველვადაგადაცილებულ მესამე დღეზე გადაიხდიდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.

 

ამავე ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტებით ლ---------–--ამ და ქ------------------ემ აიღეს სოლიდარული პასუხისმგებლობა გაცემული სესხის, კერძოდ ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდაზე;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება შპს „მ-----------------„-ს მიმართ შეადგენს 3366 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3060 ლარს, სარგებელი 306 ლარს;

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდაზე. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სადავოდ გახადა ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა, თუმცა ხელშეკრულების ბათილად ცნობა ან კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება არ მოუთხოვია;

 

სასამართლო ეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას, რომ კრედიტორის მხრიდან ძირითადი მსესხებლის მიმართ იძულებით აღსრულებას ადგილი არ ჰქონია და მიუთითებს, რომ იძულებითი აღსრულება გულისმობს მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებულ ღორნისძიებებს და არ მოიცავს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მხარეების მიერ შესრულებულ ქმედებებს, იძულებითი აღსრულება შეიძლება გულისხმობდეს სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული უფლების რეალიზაციას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის და საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ იძულებით აღსრულებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სოლიდარული პასუხისმგებლობა და მიუთითებს, რომ თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა განსაზღვრული და შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების 3.4. პუნქტით. კერძოდ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ჩანაწერი „კრედიტორი იტოვებს უფლებას თავდები გახადოს სოლიდარულად პასუხისმგებელი და ძირითად მოვალესთან სასამართლო და სააღსრულებო რესურსის ამოწურვის გარეშე ვადამოსული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სოლიდარული მოვალისაგან, რაც გათვალსიწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით„ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე და 895-ე მუხლების მოთხოვნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სს კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ-------------–--ესთან ერთად ლ---------–--ას ვალდებულება შპს „მ-----------------„-ს წინაშე წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 1 თვის ვადაში 2017 წლის 17 თებერვლამდე. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1. მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორს და მოპასუხე ლ---------–--ას შორის არ არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ. მხარეთა შორის 2017 წლის 17 იანვრის #1673 ხელშეკრულებით თავდებ პირთან ლ---------–--ასთან არ ყოფილა შეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდაზე. მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ თავდების პასუხისმგებლობას. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა ლ---------–--ას მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ეტეპზე გადახდილი 100 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ და გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 205 ლარი (სახელწიფო ბაჟი სარჩელზე 155 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი) და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100,98 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 1000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 24.02 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ლ---------–--ას ასევე უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 200 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „მ-----------------„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ლ---------–--ას - შპს მ-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხის 3060 ლარის და სარგებლის 306 ლარის გადახდა.

 

3. ლ---------–--ას - შპს მ-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150,98 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნასაცვლოდ. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 100,98 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).

 

4. ლ---------–--ას - შპს მ-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის იურიდიული მომსახურების ხარჯის 200 ლარის და სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

5. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

7. შპს „მ----------------ს„ (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 16 აპრილს სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 24.02 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე