გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 080210016001381821
№2/1016-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი
მოსარჩელე - ნ-----------–-ძე;
წარმომადგენელი - მ----ა ბაფერიძე;
მოპასუხე - მ------- კა----- (არ გამოცხადდა); მოპასუხე - ე------------ი (არ გამოცხადდა); მოპასუხე - მ------ა ჟო--–---–-ანი; წარმომადგენელი - ხათუნა უჩაძე; დავის საგანი - ნივთის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება ნ-----------–-ძის, მ------- კა-----ს, ე------------ის და მ------ა ჟო--–---–-ანის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ა. წე------–ის ქ.№ 101/დ. ა----–----ლის N3-5, ბინაN1, ს/კ 0-----------------1, მისი იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა განაწილდეს თანამესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. ქუთაისში, ა. წე------–ის ქ.№ 101/დ. ა----–----ლის N3-5, ბინაN1-ში მდებარე უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ნ-----------–-ძის, მ------- კა-----ს, ე------------ის და მ------ა ჟო--–---–-ანის სახელზე. სახლში ამჟამად ცხოვრობს მოპასუხე მ------ა ჟო--–---–-ანი, რომელიც არც თავისი წილით სარგებლობის უფლებას აძლევს და არც ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები მ------- და ე------------ები არ გამოცხადდნენ, ხოლო მ------ა ჟო--–---–-ანმა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ა. წე------–ის ქ.№ 101/დ. ა----–----ლის N3-5, ბინა N1, ს/კ 0-----------------1, რეგისტრირებულია ნ-----------–-ძის, მ------- კა-----ს, ე------------ის და მ------ა ჟო--–---–-ანის თანასაკუთრების უფლება, აქედან ნ-----------–-ძეს, მ------- კახიანს და ე------------ს ეკუთვნით 7/12 ნაწილი, ხოლო მ------ა ჟო--–---–-ანს 5/12 ნაწილი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13-14);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე შეუძლებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით 2018 წლის 26 ივლისს დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის N007348018 დასკვნით, უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. ქუთაისი, ა. წე------–ის ქ.№ 101/დ. ა----–----ლის N3-5, ბინა N1, ს/კ 0-----------------1, ნ-----------–-ძის რეალური წილის იზოლირებულად, დამოუკიდებელ საკუთრებაში გამოყოფა, მოქმედი ტექნიკური ნორმების და წესების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციური დანიშნულების და ღირებულების შემცირების გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 13-14);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 953-ე, 954-ე, 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 954-ე მუხლის მიხედვით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. განსახილველ შემთხვევაში უძრავ ქონებას ჰყავს ოთხი თანამესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. საზიარო უფლების გაუქმებისათვის ერთ-ერთი მესაკუთრის ნების გამოვლენა საკმარისია. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. (ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა სუსგ ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014; სუსგ ას-1653-1550-2012, 15 აპრილი, 2013; სუსგ ას-1089-1020-2012, 8 ოქტომბერი, 2012; სუსგ ას-932-875-2012, 17 სექტემბერი, 2012 წელი; სუსგ ას-1665-1562-2012, 4 თებერვალი, 2013). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით 2018 წლის 26 ივლისს დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის N007348018 დასკვნით, უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. ქუთაისი, ა. წე------–ის ქ.№ 101/დ. ა----–----ლის N3-5, ბინა N1, ს/კ 0-----------------1, ნ-----------–-ძის რეალური წილის იზოლირებულად, დამოუკიდებელ საკუთრებაში გამოყოფა, მოქმედი ტექნიკური ნორმების და წესების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციური დანიშნულების და ღირებულების შემცირების გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონების გაყოფა ოთხ ნაწილად შეუძლებელია. ამდენად, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო საგანი (უძრავი ქონება) ნატურით გაყოფას არ ექვემდებარება, მასზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს მისი გაყიდვით და ამონაგების განაწილებით თანამესაკუთრეებს შორის.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი, მას გადახდილი აქვს ექსპერტიზის ხარჯი 200 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის 1000 ლარი, საფოსტო მოსაკრებელი 11.30 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ნ-----------–-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი 200 ლარი, საფოსტო მოსაკრებელი 11.30 ლარი, იურიდიული მომსახურების ხარჯი 160 ლარი, დავის საგნის ღირებულების 4%–ის შესაბამისად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ-----------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საზიარო უფლება ნ-----------–-ძის, მ------- კა-----ს, ე------------ის და მ------ა ჟო--–---–-ანის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ა. წე------–ის ქ.№ 101/დ. ა----–----ლის N3-5, ბინაN1, ს/კ 0-----------------1, მისი იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა განაწილდეს თანამესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად.
3. მოპასუხეებს მ------- კახიანს, ე------------ს და მ------ა ჟო--–---–-ანს მოსარჩელის ნ-----------–-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი 200 ლარი, საფოსტო მოსაკრებელი 11.30 ლარი, იურიდიული მომსახურების ხარჯი - 160 ლარი
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე