გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210018002558794
საქმე #2/627-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.01.2019 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - დი-----------–--–-–---–ი, გე-–---------–--–-–---–ი
წარმომადგენელი - ნო---------–--ე
მოპასუხე - შპს ,,ჰე-–-------“
წარმომადგენელი - ეკ-----------------–---–ი
დავის საგანი: თანხის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
მოპასუხე შპს ,,ჰე-–-------“-ს მოსარჩელეების დი-----------–--–-–---–ის და გე-–---------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 678 ლარის გადახდა.
(იხ. განცხადება (ტომი 2, ს.ფ. 1) და 24.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:18:54-16:24:50 სთ)
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელეებმა შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.07.2017 წლის განჩინებით ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.08.2016 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გე-–---------–--–-–---–ის და დი-----------–--–-–---–ის სარჩელი და შპს ,,ჰე-–-------“-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 26 028 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 10 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის. ამ ხნის განმავლობაში მოსარჩელეები განიცდიან მძიმე მატერიალურ ზიანს იმის გამო, რომ მოპასუხემ დროულად არ შეასრულა ვალდებულებები. გამომდინარე იქიდან, რომ ფული ბრუნვაუნარიანი ობიექტია, მათ შეეძლოთ მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის კომერციული ბანკების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით სარგებლის მიღება. მაგრამ მოპასუხეს თანხა ამ დრომდე არ აქვს გადახდილი. ვინაიდან მოპასუხემ ვალდებულება დროულად არ შეასრულა, ამიტომ მოპასუხეს 26 028 ლარზე უნდა დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით თანხის გადახდა. კერძოდ: 7.6% სარგებელის გადახდა 2014 წელზე, რაც შეადგენს 1 978.12 ლარს; 7.7% სარგებელის გადახდა 2015 წელზე, რაც შეადგენს 2 004.15 ლარს; 7.5% სარგებლის გადახდა 2016 წელზე, რაც შეადგენს 1 952.1 ლარს; 7.2% სარგებლის გადახდა 2017 წელზე, რაც შეადგენს 1 874.01 ლარს და 7.1% სარგებლის გადახდა 2018 წელზე, რაც შეადგენს 1 847.98 ლარს. გამომდინარე აქედან მოსარჩელეებმა, 2018 წლის 24 ივლისს აღძრული სარჩელით 9 656.38 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
2. საქმის გარემოებები და მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს ,,ჰე-–-------"-მა შესაგებელი არ წარმოადგინა.
2.2. მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 04 ოქტომბერს განცხადებით მომართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და დამატებით საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების დაკისრება მოითხოვა. განცხადებას მხარემ დაურთო საადვოკატო მომსახურებისთვის 2015 და 2016 წლებში გადახდილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.(იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 264-278)
2.3. მოსარჩელე მხარემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბერს და 05 ნოემბერსაც მომართა განცხადებებით, რომლებსაც საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი მტკიცებულებები დაურთო და დამატებით ამ თანხების მოპასუხე მხარისათვის დაკისრება მოითხოვა. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 264-278)
2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ვინაიდან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (2014-2015 წლებზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების, აგრეთვე სხვა სამართალწარმოების ფარგლებში გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში) იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ამიტომ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინებით დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
2.5. 2018 წლის 21 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ორივე მხარის წარმომადგენლები გამოცხადდნენ. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს განემარტა, თუ რატომ ვერ მიიღო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით საქმის განხილვის გადადება მოითხოვა.
2.6. მოსარჩელე დი-----------–--–-–---–მა 2018 წლის 31 დეკემბერს განცხადებით მომართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულება 2014 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა მომხდარიყო. აგრეთვე მიუთითა, რომ უარს ამბობს 2014 წელზე სარგებლის გადახდევინების დაკისრებაზე და შესაბამისად, ნაცვლად 9 656.59 ლარისა 7 678 ლარის დაკისრება მოითხოვა. წარმოდგენილი განცხადება გადაეგზავნა მოპასუხე მხარეს.
2.7. 2019 წლის 24 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების დი-----------–--–-–---–ის და გე-–---------–--–-–---–ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შემცირებულ სასარჩელო მოთხოვნას და საბოლოოდ 7 678 ლარის დაკისრება მოითხოვა, ხოლო საადვოკატო ხარჯის ნაწილში მხოლოდ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გადახდილი 350 ლარის დაკისრება მოითხოვა. (იხ. 24.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:18:54-16:24:50 სთ)
2.8. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელეებმა გე-–----- დი----------–--–-–---–ებმა 2014 წლის სექტემბრის თვეში, თანხის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხე შპს ,,ჰე-–-------“-ს ჩააბარეს ყურძენი;
3.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეების დი------- გე-–---------–--–-–---–ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,ჰე-–-------“-ს დაეკისრა 26 028 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.07.2017 წლის განჩინებით საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.08.2016 წლის გადაწყვეტილება;
3.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.06.2016 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 18.10.2017 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
3.4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.06.2016 წლის გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის;
3.5. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე 26 028 ლარის განთავსების შემთხვევაში მოსარჩელეები 2015 წელს მიიღებდნენ სარგებელს წლიური 7.7%-ის ოდენობით, რაც 2 004.15 ლარს შეადგენს; 2016 წელს მიიღებდნენ სარგებელს წლიური 7.5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1 952.1 ლარს; 2017 წელს მიიღებდნენ სარგებელს წლიური 7.2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1 874.01 ლარს, ხოლო 2018 წელს მიიღებდნენ სარგებელს წლიური 7.1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1 847.98 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოვალემ უნდა გადაიხადოს პროცენტი, თუ ეს მხარეთა შორის შეთანხმებულია. სხვა შემთხვევაში, მოვალემ კრედიტორს უნდა აუნაზღაუროს ის მიუღებელი, სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც კრედიტორი თანხის სხვაგვარი გამოყენებით მიიღებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში კრედიტორს უნდა ჰქონოდა ფულის სხვაგვარად გამოყენების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ანაზღაურების სანაცვლოდ მოპასუხე სპს ,,ჰე-–-------“ს 2014 წლის სექტემბერში ყურძენი ჩააბარეს. მოპასუხემ ყურძნის ღირებულება არ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს სარჩელით და თანხის დაკისრება მოითხოვეს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე ,,ჰე-–-------“-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 26 028 ლარის გადახდა დაეკისრა. აგრეთვე დადგენილია, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით არ შეასრულა გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება და მის მიმართ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. მიუხედავად იძულებითი აღსრულების დაწყებისა, გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის. შესაბამისად, მოსარჩელეებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული 26 028 ლარი ამ დრომდე არ მიუღიათ.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოპასუხის მხრიდან თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელე თანხის დეპოზიტზე განთავსებით შემოსავლის მიღებას შეძლებდა. მოპასუხის მხრიდან თანხის დაყოვნებით კი მოსარჩელე მხარე ზიანს განიცდის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მინიმალური ზიანი, რომელიც მოსარჩელემ თანხის დროულად დაუბრუნებლობით განიცადა, არის ის შემოსავალი, რომელსაც იგი თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში მიიღებდა და რომლის განხორციელების შესაძლებლობაც მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით არ მიეცათ.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით კომერციულ ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით მოსარჩელეებს შეეძლოთ სარგებლის მიღება. მიუღებელი სარგებლის ოდენობის დადგენა კი მითითებულ ვალუტაში არსებული საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით უნდა მოხდეს. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა განთავსებული, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში 2015 წელს 7.7%-ს, 2016 წელს 7.5%-ს, 2017 წელს 7.2%-ს, ხოლო 2018 წელს 7.3%-ს შეადგენს.(იხ. ვებ-გვერდი ფაილი DWIR საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე წლებისა და კვარტლების მიხედვით). ამდენად, სარჩელში 2015-2017 წლებზე მითითებული საპროცენტო სარგებელი ემთვევა ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ მონაცემებს, ხოლო 2018 წლის მონაცემი სარჩელში 0.2%-ით ნაკლებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მოცულობით რა მოცულობითაც მხარემ თავისი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 28.07.2018 წლის განჩინებით მოსარჩელეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდათ. დაზუსტებული მოთხოვნით დავის საგნის ფასი 7 678 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ 230.34 ლარი შეადგინა. ამავე სასამართლოს 18.09.2018 წლის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 280.34 ლარის გადახდა.
7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ვინაიდან დავის საგნის ფასი 7 678 ლარით განისაზღვრა, ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 307.12 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხე შპს „ჰე-–-------“-ს (საიდენტიფიკაციო №2-------7) აეკრძალა სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა-მოდელი - „TOYOTA LANDCRUISER”, სახ. ნომერი - F-------6, გამოშვების წელი - 2004, გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591,369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების დი-----------–--–-–---–ის და გე-–---------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,ჰე-–-------“-ს მოსარჩელეების დი-----------–--–-–---–ის და გე-–---------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 678 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,ჰე-–-------“-ს მოსარჩელეების დი-----------–--–-–---–ის და გე-–---------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 307.12 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე შპს ,,ჰე-–-------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 280.34 ლარის გადახდა;
5. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხე შპს „ჰე-–-------“-ს (საიდენტიფიკაციო №2-------7) აეკრძალა სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა-მოდელი - „TOYOTA LANDCRUISER”, სახ. ნომერი - F-------6, გამოშვების წელი - 2004, გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე