გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12935-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს ,,ა-–--“
წარმომადგენელი - თ---------–---ე
მოპასუხე - შპს ,,ს--------------ი“
მოპასუხე - შპს ,,მ----------------------თ“
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ს--------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ა-–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 33 801.51 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ,,მ----------------------თს“ მოსარჩელე შპს ,,ა-–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 34 630.78 ლარის გადახდა.
შპს ,,ა-–--ს“ სარჩელი შპს ,,ს--------------ის“ მიმართ ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,ა-–--“ 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, შპს ,,ს--------------ს“ უწევდა სარეკლამო მომსახურებას საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელებზე არსებულ სარეკლამო კონსტრუქციებზე სარეკლამო მასალების განთავსების სახით. შპს ,,ა-–--ს“ მიერ მომსახურება გაწეულ იქნა სრულყოფილად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილზე, რაც ასევე დასტურდება მოპასუხის მიერ ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების ფორმით.
მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ფულადი ვალდებულება და შპს ,,ს--------------ის“ დავალიანება შეადგენს 33 801.51 ლარს და შპს ,,ა-–--ს“ მიერ სააღსრულებო ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურს 100 ლარს.
შპს ,,ა-–--ს“ სარჩელი შპს ,,მ----------------------თის“ მიმართ ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,ა-–--“ 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით შპს ,,მ----------------------თს“ უწევდა სარეკლამო მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სარეკლამო კონსტრუქციებზე სარეკლამო მასალების განთავსების, სარეკლამო მონიტორებზე სარეკლამო რგოლის გაშვების და სარეკლამო მასალების დაბეჭდვის სახით. შპს ,,ა-–--ს“ მიერ მომსახურება გაწეულ იქნა სრულყოფილად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილზე, რაც ასევე დასტურდება მოპასუხის მიერ ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების ფორმით.
მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ფულადი ვალდებულება და შპს ,,მ----------------------თის“ დავალიანება შეადგენს 34 630.78 ლარს და შპს ,,ა-–--ს“ მიერ სააღსრულებო ბიუროში გადახდილ სააპლიკაციო საფასურს 100 ლარს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეთა პოზიცია შპს ,,ა-–--ს“ სარჩელთან მიმართებით:
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ვადამოსული დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ არსებობს. მხარეებს შორის მიმდინარეობს დავალიანების დაფარვის შეთანხმებული პროცესი, შეთანხმებული გრაფიკით. გრაფიკი არ ყოფილა დარღვეული. დღევანდელი დღის მდგომარეობით ვადამოსული დავალიანება საერთოდ არ არსებობს.
სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეთა წარმომადგენელმა მიუთითა ასევე მოსარჩელე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე, კერძოდ კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსების შეუძლებლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ა-–--მ“ 2016-2017 წლების პერიოდში შპს ,,ს--------------ს“ გაუწია სარეკლამო მომსახურება საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელებზე არსებულ სარეკლამო კონსტრუქციებზე სარეკლამო მასალების განთავსების სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 14-22);
- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 23-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს ,,ა-–--“ 2016-2017 წლების პერიოდში შპს ,,მ----------------------თს“ უწევდა სარეკლამო მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სარეკლამო კონსტრუქციებზე სარეკლამო მასალების განთავსების, სარეკლამო მონიტორებზე სარეკლამო რგოლის გაშვების და სარეკლამო მასალების დაბეჭდვის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 14-29);
- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 30-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით არსებული მდგომარეობით შპს ,,ა-–--სათვის“ შპს ,,ს--------------ის“ მიერ ჯამში გადახდილია 15 635 ლარი და შპს ,,მ----------------------თის“ მიერ - 28 390 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს--------------ის“ მიერ წარმოებული გადახდების ცხრილი (ს.ფ. 86)
- საგადსახადო დავალებები (ს.ფ. 87-93);
- შპს ,,მ----------------------თის“ მიერ წარმოებული გადახდების ცხრილი (ს.ფ. 80);
- საგადსახადო დავალებები (ს.ფ. 81-85);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-–--მ“ შპს ,,ს--------------ს“ მთლიანობაში გაუწია 49 336.51 ლარის მომსახურება, საიდანაც შპს ,,ს--------------ის“ მიერ გადახდილია 15 635 ლარი, შესაბამისად, შპს ,,ს--------------ის“ მიერ შპს ,,ა-–--ს“ მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 33 701.51 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ შპს ,,ა-–--ს“ მიერ შპს ,,ს--------------ისთვის“ მთლიანობაში გაწეულ იქნა 49 446.51 ლარის მომსახურება, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთან, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, კერძოდ, მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა გაწეული მომსახურების საფასური 15 635 ლარის, რომლის ნაწილი 2000 ლარი გადაიხადა, სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის შემდეგ. შესაბამისად, შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 33 701.51 ლარს. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას და მიუთითა, რომ შპს ,,ს--------------ს“ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესასრულებელი არ აქვს, თუმცა აღნიშნული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება შპს ,,ა-–--ს“ მიერ შპს ,,ს--------------ისთვის“ 49 336.51 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი. ამასთან, ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება ნაწილობრივ 15 635 ლარის ნაწილში შესრულდა, რაზეც შესაბამისი საგადასახადო დავალებებია წარმოდგენილი. მოპასუხის პოზიცია კონკრეტულ შეუსრულებელ ვალდებულების მიმართ ბუნდოვანია. მხარის განმარტება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზეც ზოგად ხასიათს ატარებს და არ იკვეთება მისი მოცულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შესრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობას 33 701.51 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 14-22; 146-148);
- შპს ,,ს--------------ის“ მიერ წარმოებული გადახდების ცხრილი (ს.ფ. 86)
- საგადსახადო დავალებები (ს.ფ. 87-93);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-–--მ“ შპს ,,მ----------------------თს“ მთლიანობაში გაუწია 63 020.77 ლარის მომსახურება, საიდანაც შპს ,,მ----------------------თის“ მიერ გადახდილია 28 390 ლარი, შესაბამისად, შპს ,,მ----------------------თის“ მიერ შპს ,,ა-–--ს“ მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 34 630.77 ლარს.
არსებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ა-–--ს“ მიერ შპს ,,მ----------------------თისთვის“ მთლიანობაში გაწეულ იქნა 63 020.77 ლარის მომსახურება, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთან, სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ნაწილობრივ შესრულებულია ფულადი ვალდებულება - 28 390 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 34 630.77 ლარს. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება შპს ,,ა-–--ს“ მიერ შპს ,,მ----------------------თისთვის“ 63 020.77 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარის ზოგადი მითითება მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან მიმართებით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით რომ დადასტურებულია ყველა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ზოგადი, დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 14-29);
- შპს ,,მ----------------------თის“ მიერ წარმოებული გადახდების ცხრილი (ს.ფ. 80);
- საგადსახადო დავალებები (ს.ფ. 81-85);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,ა-–--ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 394-ე, 629-ე, 630-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს ,,ა-–--მ“ 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, შპს ,,ს--------------ს“ გაუწია სარეკლამო მომსახურება საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელებზე არსებულ სარეკლამო კონსტრუქციებზე სარეკლამო მასალების განთავსების სახით; შპს ,,ა-–--“ 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით შპს ,,მ----------------------თს“ უწევდა სარეკლამო მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სარეკლამო კონსტრუქციებზე სარეკლამო მასალების განთავსების, სარეკლამო მონიტორებზე სარეკლამო რგოლის გაშვების და სარეკლამო მასალების დაბეჭდვის სახით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ა-–--სგან“ მიღებული მომსახურების საფასური მოპასუხე მხარის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. კერძოდ, შპს ,,ა-–--მ“ შპს ,,ს--------------ს“ მთლიანობაში გაუწია 49 336.51 ლარის მომსახურება, საიდანაც შპს ,,ს--------------ის“ მიერ გადახდილია 15 635 ლარი, შესაბამისად, შპს ,,ს--------------ის“ მიერ შპს ,,ა-–--ს“ მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 33 701.51 ლარს, ხოლო შპს ,,მ----------------------თს“ მთლიანობაში გაუწია 63 020.77 ლარის მომსახურება, საიდანაც შპს ,,მ----------------------თის“ მიერ გადახდილია 28 390 ლარი, შესაბამისად, შპს ,,მ----------------------თის“ მიერ შპს ,,ა-–--ს“ მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 34 630.77 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-–--ს“ სარჩელი გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,ს--------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 33 701.51 ლარის, ხოლო შპს ,,მ----------------------თს“ 34 630. 77 ლარის გადახდა.
6.3. წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეთათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში პროტესტის წარგდენის გამო აღნიშნული მომსახურებისათვის გაწერული ხარჯის - 200 (თითოეულისათვის 100-100 ლარი) ლარის დანაკარგს.
მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული განიხილება როგორც ზიანი, რომელიც დაკავშირებულია მოპასუხის მოქმედებასთან - მის მიერ პროტესტის წარდგენასთან.
სამოქალაქო კანონმდებლობა განასხვავებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო (დელიქტურ) ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ არასახელშეკრულებოდ ითვლება ზიანი, რომელიც მიყენებულია ისეთი დარღვევის შედეგად, როდესაც მხარეები არ იმყოფებიან ვალდებულებით ურთიერთობაში და ქმედება ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, რაც გულიხმობს და მოიაზრებს დადგენილი წესებისა თუ წინდახედულობის ნორმების უგულვებელყოფის შედეგად მხარისათვის მიყენებულ ქონებრივ დანაკლისს.
მითითებულ შემთხვევაში მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, თუმცა თავად ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის ფორმულირება მოპასუხის არა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას - დავალიანების ვადაში გადახდას, არამედ მის ქმედებას უკავშირდება - პროტესტის შეტანის შედეგად დამდგარ ზიანს. არსებული ნორმების დეფინიციის შესაბამისად, ნათელია, რომ მხარის მიერ ფაქტობრივი გარემოებების მითითება არ ჯდება სახელშეკრულებო ზიანის კატეგორიაში, თუმცა გამოირიცხება ასევე მისი დელიქტურ ვალდებულებად განხილვა, ვინაიდან სადავოს არ წარმოაგდენ რომ მხარემ განახორციელა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლება - წარედგინა პროტესტი და შესაბამისად, რაიმე სახის მართლწინააღმდეგობის საკითხის განხილვა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან შპს ,,ა-–--ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს--------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 1011.05 ლარის, ხოლო შპს ,,მ----------------------თს“ 1038.92 ლარის გადახდა. ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მოთხოვნის - აღსრულების ეროვნულ ბიუროში პროტესტის წარგდენის გამო გაწეული ხარჯის - 100 ლარის (ჯამში ორივე მოპასუხის მიმართ 200 ლარის) საპროცესო ხარჯის ჭრილში განხილვასაც და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 37-ე, 47-ე და 53-ე მუხლები სამოქალაქო სამართალწარმოების მიმდინარეობისას მისი შედეგიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობიდან და დასაბუთებულობიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია, ანაწილებს საპროცესო ხარჯს - სახელწიფო ბაჟს და ასევე, ადვოკატის თუ სხვა მომსახურებისათვის გადახდილი ჰონორარის ანაზღაურების საკითხს შესაბამისი პროპორციით. მითითებულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ აღნიშნული ხარჯის - 100 ლარის გადახდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, ვერ იქნება დაკავშირებული სასამართლო წესით იმავე მხარეებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავასთან, ვინაიდან თავად სასამართლო თუ სასამართლოსგარეშე ხარჯი უნდა უკავშირდებოდეს უშუალოდ სასამართლო წესით მიმდინარე დავის ფარგლებში გაღებულ ხარჯს და არა იმავე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის გამო გაწეული კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას, რაც მითითებული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შედეგად ნაწილდება კანონით დადგენილი წესით. ასევე, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ა-–--ს“ სარჩელი შპს ,,ს--------------“-ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.2. შპს ,,ს--------------“-ს შპს ,,ა-–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 33701.51 ლარის გადახდა.
1.3. შპს ,,ა-–--ს“ მოთხოვნა სააპლიკაციო საფასურის სახით 100 ლარის შპს ,,ს--------------“-ისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე შპს ,,ა-–--ს“ სარჩელი შპს ,,მ----------------------თ“-ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.2. შპს ,,მ----------------------თ“-ს შპს ,,ა-–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 34630.77 ლარის გადახდა.
2.3. შპს ,,ა-–--ს“ მოთხოვნა სააპლიკაციო საფასურის სახით 100 ლარის შპს ,,მ----------------------თ“-ისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. შპს ,,მ----------------------თ“-ს შპს ,,ა-–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1038.92 ლარის ანაზღაურება.
4. შპს ,,ს--------------“-ს შპს ,,ა-–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1011.05 ლარის ანაზღაურება.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს,,ა-–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წლის 27 აპრილს სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით N1524824646 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1042 ლარის ნაწილი 0.08 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150) და 2018 წლის 27 აპრილს სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით N1524824600 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1075 ლარის ნაწილი 60.95 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე