გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2763-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელეები: ჯ----–-----–----ე, თ------------ე
წარმომადგენელი - ნ-----–---------–----ე
მოპასუხეები:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
2. საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - გ---------–--–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის N------------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს საქართველოს მთავრობას ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ჯ----–-----–----ის და თ------------ის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, რომ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს N------ გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი N--), რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 27 ივნისის N------ გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე, ხულოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, 1989 წლის 16 აგვისტოს N---- მომართვის საფუძველზე ნება დართო ხულოს ხიხაძირის, დიოკნისის, ოქტომბრის, დეკანაშვილების რიყეთის სასოფლო საბჭოს ზოგიერთ მცხოვრებლებს ეროზიის გამო, ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონის კ--–----------–---–------------------–--რ მეურნეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სიაში 3--- ნომრად მითითებულია: ჯ----–---------–----------–----ის ოჯახი: მეუღლე - მ-----------------------–------–----ე და შვილები - ა-–--------------–-----------–----------–-------ი, ხოლო 3--- ნომრად თ-----------------------ის ოჯახი: მეუღლე -ნ------------------------–--------ე და შვილები - მ-----–-----------------------–-----------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 15-21).
3.2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულების თანახმად, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კ--–-----ს მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით: გამოიყო გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალას საკრებულოს ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად; გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაევალა მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის საამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულება (იხ.ს.ფ. 23).
3.3. ჯ----–-----–----ის და თ------------ის წარმომადგენლმა ნ-----–---------–----ემ 2018 წლის 23 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მიუთითა, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს N------ გადაწყვეტილების თანახმად, ხულოს რაიონის ზოგიერთ მაცხოვრებელი - სულ 41 ოჯახი ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივად საცხოვრებლად უნდა გადასულიყო გარდაბნის რაიონის კ--–----------–---–------------------–--რ მეურნეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სიაში 3--- ნომრად მითითებულია ჯ----–---------–----------–----ის ოჯახი: მეუღლე - მ-----------------------–------–----ე და შვილები - ა-–--------------–-----------–----------–-------ი, ხოლო 3--- ნომრად თ-----------------------ის ოჯახი: მეუღლე - ნ------------------------–--------ე და შვილები - მ-----–-----------------------–-----------ი. ამასთან საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის N--- დადგენილების თანახმად, შუახევის რაიონის ტერიტორიაზე ზვავ და მეწყერ საშიში ზონიდან ოჯახები მუდმივად საცხოვრებლად გადავიდნენ გარდაბნის რაიონის კ--–----------–---–------------------–--რ მეურნეობაში. გადაწყვეტილებას თან ახლდა ოჯახების სია.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კ--–-----ს მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფონიჭალაში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გარდაბნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.
განმცხადებლის მითითებით, ვინაიდან არ შესრულდა ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების დაპირება, ჩამოსახლებული ოჯახების ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. 2013 წლის 12 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება (საქმის N---------), რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ (მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებაში) საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით; ასევე საქართველოს მთავრობას დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად გეგმის შემუშავება დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო თანხა - 800000 ლარი, სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის საკომპენსაციოდ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯ----–-----–----ე და თ----------–---ძე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ოჯახები, თავიან ოჯახებთან ერთად 1989 წელს ჩამოსახლებულ იქნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–---სში. იმ დროისათვის ადგილობრივმა მთავრობამ ოჯახები დროებით შეასახლა ე.წ. ზ--------ის ბინებში იმ იმედით, რომ ჩამოსახლებული ოჯახები უზრუნველყოფილ იქნებოდნენ საცხოვრებელი სახლებით. ვინაიდან ვერ შესრულდა 1997 წლის N--- ბრძანებულება, განმცხადებლები დარჩენ უსახლკაროდ და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მხარეში მიუხედავად არსებული მდგომარეობისა და იქ გაეგრძელებინათ ცხოვრება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოსახლებული 75 ოჯახიდან გარკვეული ოდენობა საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ბინებით, ხოლო ზოგიერთს მიეცა ფულადი კომპენსაცია, განმცხადებლებმა - ჯ----–-----–----ემ და თ------------ემ მოითხოვეს, რომ საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მაღალმთიანი აჭარიდან სტიქიით დაზარალებული ოჯახების ჯ----–---------–----------–----ის და თ-----------------------ის საკომპენსაციოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 23 მარტის განცხადება (იხ.ს.ფ. 46-48).
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმის N---------) (იხ.ს.ფ. 24-37);
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულება (იხ.ს.ფ. 38-39);
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულება დანართით (იხ.ს.ფ. 40-45).
3.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის N------------- წერილის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2018 წლის 26 მარტის N---- წერილით შესული განცხადების პასუხად ნ-----–---------–----ეს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც მანამდე დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე), საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. გამომდინარე იქედან, რომ ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის N------------- წერილი (იხ.ს.ფ. 50).
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულება (იხ.ს.ფ. 38-39);
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულება (იხ.ს.ფ. 40-42).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ჯ----–-----–----ისა და თ------------ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის N------------- გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა მოსარჩელეების - ჯ----–-----–----ისა და თ------------ის განცხადებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც 2 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება განმცხადებელს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, წარდგენილი განცხადების განხილვის წესი და ვადები.
საქმეში წარმოდგენილი ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს N------ გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი N--), რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 27 ივნისის N------ გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე ხულოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, 1989 წლის 16 აგვისტოს N---- მომართვის საფუძველზე ნება დართო ხულოს ხიხაძირის, დიოკნისის, ოქტომბრის, დეკანაშვილების რიყეთის სასოფლო საბჭოს ზოგიერთ მცხოვრებლებს ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონის კ--–----------–---–------------------–--რ მეურნეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სიაში 3--- ნომრად მითითებულია ჯ----–---------–----------–----ის ოჯახი: მეუღლე მ-----------------------–------–----ე და შვილები ა-–--------------–-----------–----------–-------ი, ხოლო 3--- ნომრად თ-----------------------ის ოჯახი: მეუღლე ნ------------------------–--------ე და შვილები მ-----–-----------------------–-----------ი.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კ--–-----ს მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფონიჭალაში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გარდაბნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულება არ შესრულებულა და ჩამოსახლებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ვერ მოხდა.
ასევე დადგენილია, რომ ჯ----–-----–----ის და თ------------ის წარმომადგენლმა ნ-----–---------–----ემ 2018 წლის 23 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მოითხოვა, მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მაღალმთიანი აჭარიდან სტიქიით დაზარალებული ოჯახების ჯ----–---------–----------–----ის და თ-----------------------ის საკომპენსაციოდ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჯ----–-----–----ის და თ------------ის წარმომადგენლის - ნ-----–---------–----ის 2018 წლის 23 მარტის განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის 10 აპრილის N------------- წერილობითი პასუხით განმცხადებლებს აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც მანამდე დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე) საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. გამომდინარე იქედან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.
სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. საქართველოს კონსტიტუციით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა შედგება სამინისტროებისაგან ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ რგოლს წარმოადგენს, შესაბამისად, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში კი, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა დაავალოს მის შემადგენლობაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროს. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები სწორად მიუთითებენ, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამდენად, დამოუკიდებლად სარჩელით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია საქართველოს მთავრობას გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა.
ამდენად, საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეების 2018 წლის 26 მარტის განცხადების, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს მთავრობა, როგორც მოსარჩელეების განცხადების განხილვასა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე ვალდებული პირი, ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში განეხილა მოსარჩელეების 2018 წლის 26 მარტის განცხადება მათთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია და არ შეუფასებია განცხადებაში მითითებული საკითხი.
6.3. ამასთან, რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის N------------- გადაწყვეტილება, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მოსარჩელეების - ჯ----–-----–----ისა და თ------------ის 2018 წლის 26 მარტის განცხადება განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის 10 აპრილს N------------- წერილობითი პასუხით მოსარჩელეთა წარმომადგენელს აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. გამომდინარე იქედან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული საკითხი. ამდენად, ვინაიდან, მოსარჩელის განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა მოსარჩელეთა 2018 წლის 26 მარტის განცხადება და მიეღო გადაწყვეტილება. მითითებული გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის N------------- წერილის ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მისი არსებობა ზიანს აყენებს მოსარჩელეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
დადგენილია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელეებს უკან დაუბრუნდეთ ნ-----–---------–----ის მიერ 2018 წლის 7 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი), მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ----–-----–----ის და თ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის N------------- აქტი;
3. დაევალოს საქართველოს მთავრობას ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ჯ----–-----–----ის და თ------------ის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. მოსარჩელეებს უკან დაუბრუნდეთ ნ-----–---------–----ის მიერ 2018 წლის 7 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი), მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე