გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340224017002140430
საქმე №2/726-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ნაწილი I (შესავალი) :
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეების მონაწილეობით
განმცხადებელი - ა(ა)იპ „ხ--–-----–-“;
წარმომადგენელი - ნ--- გ-----–---–ი და ს-------- მ-------–---–ი;
მხარდაჭერის მიმღები პირები - ც----- ზ--------ე; ნ----- ბ-------–---–ი;
მხარდაჭერის მიმღები პირების ადვოკატი - ა-–---- ტ------–---–ი;
მხარდამჭერი - თ----- ბ--------–---–ი;
დაინტერესებული პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - თ-------- ჭ------–---–ი;
განმცხადებლის მოთხოვნის - მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა;
ნაწილი II (აღწერილობით) :
1. განმცხადებლის მოთხოვნა:
1.1. თ----- ბ--------–---–ის მიერ განხორციელებული მხარდაჭერის ფარგლები გამოიხატოს მისი მხრიდან მხარდაჭერის მიმღები პირის - ც----- ზ--------ისათვის ნების ჩამოყალიბების, საკუთარი უფლებების რეალიზებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში;
1.2. თ----- ბ--------–---–ის მიერ განხორციელებული მხარდაჭერის ფარგლები გამოიხატოს მისი მხრიდან მხარდაჭერის მიმღები პირის - ნ----- ბ-------–---–ისათვის ნების ჩამოყალიბების, საკუთარი უფლებების რეალიზებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში;
2. მხარდაჭერის მიმღები პირების პოზიცია:
2.1. ც----- ზ--------ემ და ნ----- ბ-------–---–მა მხარი დაუჭირეს განცხადებას და აღნიშნეს, რომ პრაქტიკულად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში თვითონ ახორციელებენ მოქმედებებს, მხარდამჭერი მათ მხოლოდ ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და აწვდის შესაბამის ინფორმაციას;
3. მხარდამჭერის პოზიცია:
3.1. მხარდამჭერი თ----- ბ--------–---–ი ასევე დაეთანხმა განცხადებას;
4. ადვოკატისა და დაინტერესებული პირის პოზიცია:
4.1. აღნიშნულმა პირებმა მოითხოვეს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება იმის დასადგენად, რამდენად შესწევთ უნარი მხარდამჭერის მიმღებს პირებს მარტოოდენ მხარდამჭერის მხრიდან რჩევა-დარიგებისა და რელევანტური ინფორმაციის მიწოდების კვალობაზე, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და, შესაბამისად, შეიძლება თუ არა მხარდამჭერისთვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა: ტოტალურის ნაცვლად, ფუნქციურის დაწესება;
5. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის #2/425-16 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ხ--–-----–-“ განცხადება, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტის შესაბამისად, ც----- ზ--------ე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებების დადება; მცირე ოდენობით თანხებზე ფინანსური ოპერაციების განხორციელება; საპენსიო გასაცემლებითა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა; საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა, მათ შორის, ანაბარზე არსებული თანხის მიღება და განკარგვა, პენსიის მიღების მიზნით ანგარიშის გახსნა; მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სამედიცინო მომსახურების მიღება, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა; სამოქალაქო რეესტრში პირადობის მოწმობის აღება და სხვა მოქმედებების შესრულება; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან, კერძო პირებთან ურთიერთობა, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
5.1.2. იმავე გადაწყვეტილების სარეზოლოციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, თ----- ბ--------–---–ი დაინიშნა ც----- ზ--------ის მხარდამჭერად გადაწყვეტილების 1.1 პუნქტში აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება, თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლება მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად;
5.1.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის #2/423-16 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ხ--–-----–-“ განცხადება, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტის შესაბამისად, ნ----- ბ-------–---–ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებების დადება; ოჯახის შექმნა და თანაცხოვრება, საქორწინო ხელშეკრულების დადება, შვილების აღზრდა, მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელება; საპენსიო გასაცემლებითა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა; საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა, მათ შორის, ანაბარზე არსებული თანხის მიღება და განკარგვა, პენსიის მიღების მიზნით ანგარიშის გახსნა; მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სამედიცინო მომსახურების მიღება, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა; სამოქალაქო რეესტრში პირადობის მოწმობის აღება და სხვა მოქმედებების შესრულება; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან, კერძო პირებთან ურთიერთობა, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
5.1.4. იმავე გადაწყვეტილების სარეზოლოციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, თ----- ბ--------–---–ი დაინიშნა ნ----- ბ-------–---–ის მხარდამჭერად გადაწყვეტილების 1.1 პუნქტში აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება, თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლება მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად;
5.1.5. ორივე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილების მე-3 პუნქტების თანახმად, მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით;
5.1.6. სასამართლოს მიერ ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზისათვის დასმული არ ყოფილა კითხვა, თუ როგორი მხარდაჭერა ესაჭიროება ც----- ზ--------ეს და/ან ნ----- ბ-------–---–ს: ტოტალური თუ ფუნქციური. თავის მხრივ, ამ საკითხზე არც ექპერტიზის დასკვნა შეიცავს რამე დებულებას;
5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. 2016 წლის 15 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა ც----- ზ--------ის საქმესთან დაკავშირებით. ამ დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევ პირს აქვს მყარი (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ც----- ზ--------ის ფსიქიკური, გონებრივ/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებების დადების; მცირე ოდენობით თანხებზე ფინანსური ოპერაციების განხორციელების; საპენსიო გასაცემლებითა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის; საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის, მათ შორის, ანაბარზე არსებული თანხის მიღების და განკარგვის, პენსიის მიღების მიზნით ანგარიშის გახსნის; მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სამედიცინო მომსახურების მიღების, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის; სამოქალაქო რეესტრში პირადობის აღების და სხვა მოქმედებების შესრულების; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის; ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან, კერძო პირებთან ურთიერთობის, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების, სხვა უფლებების განხორციელების სფეროებში მკვეთრადაა გამოხატული; მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად; მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული; მისი მდგომაროების გაუმჯობესება/გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად მოსალოდნელი არ არის; ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ მას ესაჭიროება მხარდაჭერა ყველა ზემოთჩამოთვლილ სფეროში. ასევე განმარტა, რომ მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში;
5.2.2. 2016 წლის 15 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა ნ----- ბ-------–---–ის საქმესთან დაკავშირებით. ამ დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევ პირს აქვს მყარი (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ნ----- ბ-------–---–ის ფსიქიკური, გონებრივ/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებების დადების; ოჯახის შექმნის და თანაცხოვრების, საქორწინო ხელშეკრულების დადების, შვილების აღზრდის, მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელების; საპენსიო გასაცემლებითა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის; საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის, მათ შორის, ანაბარზე არსებული თანხის მიღების და განკარგვის, პენსიის მიღების მიზნით ანგარიშის გახსნის; მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სამედიცინო მომსახურების მიღების, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის; სამოქალაქო რეესტრში პირადობის აღების და სხვა მოქმედებების შესრულების; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის; ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან, კერძო პირებთან ურთიერთობის, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროებში მკვეთრადაა გამოხატული; მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად; მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული; მისი მდგომაროების გაუმჯობესება/გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად მოსალოდნელი არ არის; ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ მას ესაჭიროება მხარდაჭერა ყველა ზემოთჩამოთვლილ სფეროში. ასევე განმარტა, რომ მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში;
5.2.3. ც----- ზ--------ემ და ნ----- ბ-------–---–მა მონაწილოება მიიღეს სასამართლო სხდომის მიმდინარეობაში, ჩართულები იყვნენ თავიანთი საქმის განხილვაში: მათ ისაუბრეს თ----- ბ--------–---–თან (მხარდამჭერი) არსებულ დამოკიდებულებაზე, კერძოდ, მოიხსენიეს იგი დადებითად; აღნიშნეს მისი როლი მათი უფლებების განხორციელბის თვალსაზრისით: მათი განმარტებით, მხარდამჭერთან de facto ისეთი ურთიერთობა აქვთ, რომ თ-----ი მათ ეხმარება მხოლოდ რჩევების მიცემით, ინფორმაციის მიწოდებით, არჩევანს კი ისინი უკვე თავად აკეთებენ და გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობით, ხშირად არც კი ითვალისწნებენ მხარდაჭერის მოსაზრებებს;
5.2.4. ნ----- ბ-------–---–მა ისაუბრა, რომ ჰყავს ორი შვილი - ქალ-ვაჟი (11 წლის და 5 წლის), რომლებიც იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და რომ მეუღლესთან ერთად ხშირად ნახულობს მათ;
5.2.5. თ. ბ--------–---–ის თქმით, ნ----- თავის შემოსავალს საკუთარი საჭიროებისათვის იყენებს, კერძოდ, შეუძლია ყოველ სამ თვეში ერთხელ თვითონ შეიძინოს მობილური ტელეფონი, რომელიც ხშირად უზიანდება. მხარდამჭერი მას მხოლოდ თანხას გადასცემს. მისი თქმით, ნ-----ს ასევე შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, შეიძინოს სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები;
5.2.6. რაც შეეხება ც----- ზ--------ეს, მან განმარტა, რომ თავისი ფულით შეიძინა საახალწლო ნივთები, ნაძვის ხის მოსართავად (ამ ნივთების დემონსტრირება ც----- ზ--------ემ მოახდინა სასამართლო სხდომაზე), ასევე აღნიშნა, რომ სხდომის შემდეგ აპირებს ნაძვის ხის შეძენასაც. მან ისაუბრა, რომ ჰყავს და და ორი დისშვილი, რომლებსაც ვეღარ ნახულობს, არა აქვს მათი საკონტაქტო მონაცემები. მხარდამჭერმა კი აღნიშნა, რომ ნ-----სთან შედარებით, ც----- ნაკლებად აქტიურია, თუმცა მასაც აქვს გამოხატული ინტერესები და შეუძლია თავისი კუთვნილი თანხის გამოყენება თავისი სურვილის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მხარდამჭერის რჩევებსაც;
5.2.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც----- ზ--------ეს და ნ----- ბ-------–---–ს შესწევთ საკმარისი უნარი იმისათვის, რომ 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებების მიხედვით განსაზღვრულ სფეროებში მიიღონ მათი ინტერესების შესატყვისი გადაწყვეტილებები, მხარდამჭერის როლი და ფუნქცია უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ისეთი აქტიურობით, როცა მხარდაჭერის მიმღებთ მისცემს ამა თუ იმ რჩევას, მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას და მათ ნაცვლად თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას. შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება მხარდამჭერის რჩევა-კონსულტაციის საფუძველზე და არ არსებობს ისეთი გარემოება, რის გამოც მათ საკუთარი ნების გამოსავლენად შეიძლება ესაჭიროებოდეთ სრული ჩანაცვლებითი მხარდაჭერა;
5.2.8. მხარდაჭერის მიღების ადვოკატისა და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლის პოზიციის საპირისპიროდ სასამართლოს სურს განმარტოს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძელი იმისათვის, რომ გაირკვეს რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ც----- ზ--------ესა და ნ----- ბ-------–---–ს. საქმეში არსებულ მასალებსა და მიმდინარე სამართალწარმოების ფორმატში შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით (პირველ ყოვლისა, მხედველობაში თავად მხარდაჭერის მიმღებ პირთა განმარტებები და მხარდამჭერისგან მიღებული ინრომაცია) სასამართლოს მიაჩნია, რომ შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV11 თავის („პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა“) შესაბამისად, თათბირის დროს სასამართლო ეყრდნობა არა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას, არამედ ისეთ მტკიცებულებებსაც, როგორიცაა: მხარეთა (მათ შორის - მხარდაჭერის მიმღების პირის) ახსნა-განმარტება, ექსპერტთა ჩვენება (განმარტება), ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. მართალია, ექსპერტიზის დასკვნას შეიძლება მიენიჭოს უპირატესი მნიშვნელობა პირის ფსიქოსოციალური საჭიროების დასადგენად, რამეთუ აღნიშნული გარემოების გარკვევას სჭირდება სპეციალური ცოდნა, მაგრამ სასამართლოს (მოსამართლის) შინაგანი რწმენის საბოლოო ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში გააანალიზება;
5.2.9. სასამართლო სხდომებზე ც----- ზ--------ემ და ნ----- ბერძენიშვიმა შეძლეს წარმოეჩინათ მათი მოსაზრებები, წუხილები და გეგმები, ასევე თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებისეული სიტუაციების. ამდენად, სასამართლოს აზრით, ც----- ზ--------ისა და ნ----- ბ-------–---–ის თავად შესწევთ საკმარისი უნარი, რომ თავიანთი ინტერესებიდან, საჭიროებიდან გამომდინარე თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მხარდასაჭერად დადგენილ სფეროებში და ამისათვის ისარგებლონ მხარდამჭერის მხოლოდ ისეთი მომსახურებით (მხარდაჭერით), როგორიცაა: ნების ჩამოყალიბების, საკუთარი უფლებების რეალიზების და სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ნაწილი III (სამოტივაციო) :
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
6.1. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი კანონებითა და სამართლებრივი ნორმებით:
7.1. საქართველოს კონსტიტუცია („კონსტიტუცია“); 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან („კონვენცია“); ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმი („დამატებითი ოქმი“); საქართველოს სამოქალაქო კოდექსი („სსკ“); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი („სსსკ“); საქართველოს კანონი „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ („ექსპერტიზის კანონი“);
7.2. კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება;
7.3. იმავე კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით;
7.4. კონვენციის პრეამბულის [e] პარაგრაფის თანახმად, [...] აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არის დინამიური ცნება და წარმოადგენს ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირებს, მათ მიმართ დამოკიდებულებისა და გარემო ბარიერების ურთიერთქმედების შედეგს, რაც აფერხებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ თანაბარ, სრულყოფილ და ეფექტურ მონაწილეობას [...], ხოლო [h] პარაგრაფის თანახმად კი, [...] აგრეთვე აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო ნებისმიერი პიროვნების დისკრიმინაცია არის ადამიანის თანდაყოლილი და განუყოფელი ღირსების დარღვევა [...];
7.5. კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, „დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე” – გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან აკრძალვას, რომლის მიზანს ან შედეგს წარმოადგენს აღიარების, თანაბარი უფლებებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში მათ მიერ ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზების მინიმუმამდე დაყვანა ან სრული უარყოფა; იგი მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის უარს გონივრულ მისადაგებაზე;
7.6. კონვენციის მე-12 მუხლის 1-5 პუნქტების თანახმად, (1) მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი; (2) მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში; (3) მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის; (4) მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული; (5) წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა;
7.7. დამატებითი ოქმის პირველი მუხლის კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვრი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია 1–ლ პუნქტში აღნიშნულ რომელიმე საფუძველზე;
7.8. სსკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში;
7.9. იმავე კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა;
7.10. სსკ-ის 12771 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი;
7.11. სსკ-ის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7.12. იმავე კოდექსის 1289-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;
7.13. სსკ-ის 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები;
7.14. სსსკ-ის 36313 მუხლის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
7.15. სსსკ-ის 36323 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის (მხარდამჭერების), ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ;
7.16. ექსპერტიზის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებას;
7.17. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და, აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა;
7.18. ექსპერტიზის კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტების თანამხად, მულტიდისციპლინური ჯგუფი ვალდებულია: ა) დაადგინოს პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი; ბ) დაადგინოს პირის მოქმედებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვის ხარისხი; გ) შეაფასოს პირის გარემოსთან ურთიერთქმედება; დ) დაადგინოს პირის სოციალური ადაპტაციის ხარისხი; ე) შეაფასოს პირის მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა; ვ) უპასუხოს სასამართლოს მიმართვაში დასმულ კითხვებს; ზ) დაადგინოს პირის იმ სფეროში მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელიც აღნიშნულია განცხადებაში; თ) თუ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია პირის მხარდაჭერა სხვა სფეროში, გარდა განცხადებაში აღნიშნულისა, მიუთითოს შესაბამისი სფერო; ი) გამოიკვლიოს და დაადგინოს სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად;
8. სამართლებრივი შეფასება:
8.1. საერთაშორისო დონეზე უმთავრეს სამართლებრივ-კონცეპტუალურ დებულებას, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მათ შორის, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების სამართლებრივი სტატუსს წარმოადგენს ის, რომ აღიარებულია ამ პირთა სამართალსუბიექტობა. წლების მანძილზე საბჭოური სამართალი და სასამართლო პრაქტიკა აღიარებდა ისეთ მიდგომას, როცა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები სასამართლოს წესით ექვემდებარებოდნენ ქმედუუნაროდ აღიარებას. მათ ერთმევოდათ უნარი თვითონ წარემართათ თავიანთი ცხოვრება, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ მეურვე (მაგ.: იხილეთ 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-15 მუხლი). სახელმწიფო არც კი ინტერესდებოდა, არის თუ არა რამე განსხვავება ასეთ პირებს შორის, მათი დიაგნოზის, ფაქტობრივი მდგომარეობისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, არ ხდებოდა საკითხის ინდივიდუალურად შესწავლა. სწორედ ასეთი მემკვიდრეობა გადმოიბარა დამოუკიდებელმა საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ;
8.2. სისტემა რადიკალურად შეიცვალა 2014 წლის შემდეგ და პიონერი ამ საქმეშუ უდავოდ იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ პროცესის დაწყება უკავშირდება სასამართლოს 2014 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებას (საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე vs. საქართველოს პარლამენტი, #2/4/532,533), რომლის საფუძველზეც მოხდა ღირებულებების რადიკალური გადაფასება და შესაბამისი ცვლილებები შევიდა სამოქალაქო, სამოქალაქო საპროცესო და რიგ სხვა კანონებში, ამიერიდან პრიორიტეტი მიენიჭა ინდივიდის რეალურ საჭიროებას, მის ფაქტობრივ მდგომარეობას და არა მარტოოდენ სამედიცინო დიაგნოზსა და ექსპერტიზის დასკვნას. რაც მთავარია, საერტაშორისო სტანდარტის დარად, ეროვნულმა კანონმდებლობამ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები აღიარა ქმედუნარიან პირებად (რომელთაც გააჩნია უნარი „...თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე“). ამ პირების ნებაში ტოტალური ჩარევა ნორმიდან, იქცა იშვიათ გამონაკლისად (სსკ-ის 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილი), გაიზარდა სასამართლოს როლი მხარდამჭერის დანიშვნის, მხარდასაჭერი სფეროების განსაზღვრისა და მხარდაჭერის ფარგლების დადგენის თვალსაზრისით, ამიერიდან პრიორიტეტი ენიჭება ინდივიდუალური საჭიროების გარკვევას და მათ წარმოჩანას;
8.3. საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებაში (პ.9) აღნიშნა, რომ [...] დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი, ისევე როგორც თითოეული სადავო ნორმა, წარმოადგენს ჩარევას ადამიანის პიროვნულ ავტონომიაში, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში. სადავო რეგულირება არსებითად ცვლის პირის სამართლებრივ სტატუსს და იწვევს მძიმე სამართლებრივ და პრაქტიკულ შედეგებს. პირი ფორმალურად განუსაზღვრელი ვადით ითვლება სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების დადების უნარის არმქონედ, პრაქტიკულად, სრულად ხდება დამოკიდებული თავის მეურვეზე და ერთმევა უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან, არსებობასა და განვითარებასთან. იგი ვერ დებს თუნდაც ისეთ წვრილმან გარიგებებს, როგორიცაა საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სამგზავრო ბილეთის შეძენა, შეზღუდული აქვს უფლება, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, ასევე შეზღუდული აქვს მგზავრობის, შრომის და სხვა უფლებები. მისი ნება ჩანაცვლებულია მეურვის ნებით, რომელიც სამეურვეო პირის სახელით დებს ყველა აუცილებელ გარიგებას;
8.4. [...] ქმედუნარიანობა არ არის აბსოლუტური კატეგორია. პირის ქმედუუნაროდ ცნობა, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან, პირველ რიგში, მიმართულია ამ პირების კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვისკენ. იმავდროულად, კოგნიტური უნარების შეზღუდვა, მათ შორის სერიოზულიც კი, არ შეიძლება წარმოადგენდეს პირის ქმედუნარიანობის სრულად შეზღუდვის თვითკმარ მიზეზს (იხ. იგივე გადაწყვეტილება, პ.12);
8.5. კონვენციამ 34-ე მუხლით დააფუძნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი. ამ კომიტეტის მიერ მე-11 სესიაზე 2014 წელს (31 მარტი - 11 აპრილი) მიღებულ იქნა ზოგადი კომენტარი ნო.1.კომენტარში კონვენციის მე-12 მუხლთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ [...] საყოველთაო გაუგებრობას ვაწყდებით წევრი სახელმწიფოების მხრიდან, კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების მოცულობასთან დაკავშირებით. მართლაც, საზოგადოდ ვერ მოხერხდა იმის გააზრება, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობების მოდელი გულისხმობს გადასვლას გადაწყვეტილების მიღებაში ჩანაცვლების პარადიგმიდან გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის პარადიგმაზე. წინამდებარე ზოგადი კომენტარის მიზანია გამოიკვლიოს მე-12 მუხლის სხვადასხვა კომპონენტებიდან გამომდინარე ზოგადი ვალდებულებები“ (პ.3). იმავე კომენტარებში ვკითხულობთ, რომ [...] კონვენციის მე–12 მუხლის ადასტურებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს სრული სამართალუნარიანობა. მიკერძოების გამო სამართალუნარიანობაზე ისტორიულად უარს ეუბნებოდნენ ბევრ ჯგუფს, მათ შორის ქალებს (განსაკუთრებით ქორწინებისას) და ეთნიკურ უმცირესობებს. თუმცაღა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რჩებიან იმ ჯგუფად, რომელთა სამართალუნარიანობა ყველაზე ხშირად არის უარყოფილი მთელი მსოფლიოს სამართლებრივ სისტემებში. სამართლის წინაშე თანასწორად აღიარების უფლება გულისხმობს, რომ სამართალუნარიანობა არის ყველა პირის უნივერსალური თანდაყოლილი მახასიათებელი იმის გამო, რომ ისინი ადამიანები არიან და უნდა იქნეს დაცული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაშიც სხვებთან თანასწორ პირობებში. სამართალუნარიანობა აუცილებელია სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობისთვის. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, როდესაც მათ უხდება ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღება მათ ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და სამსახურთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამართალუნარიანობის უარყოფამ ბევრ შემთხვევაში გამოიწვია მათი ფუნდამენტური უფლებების ჩამორთმევა, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის უფლების, ქორწინების და ოჯახის შექმნის უფლების, რეპროდუქციული უფლებების, მშობლის უფლებების, ახლო ურთიერთობებზე და სამედიცინო მკურნალობაზე თანხმობის უფლების და ავტონომიურობის უფლების“ (პ.8). ასევე [...] სამართალუნარიანობაზე უარი და გადაწყვეტილების მიღებაში ჩანაცვლება შეიძლება შეეხოს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც აქვს ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური ან მგრძნობელობითი დარღვევები. თუმცაღა, კოგნიტური და ფსიქოსოციალური შეზღუდვების მქონე პირებს განსაკუთრებით ეხებოდათ და ჯერაც ეხებათ გადაწყვეტილების მიღებაში ჩანაცვლების რეჟიმები და სამართალუნარიანობაზე უარის თქმა. კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან რაიმე დარღვევის (ფიზიკური თუ მგრძნობელობითი დარღვევის) არსებობა არასდროს უნდა გახდეს საფუძველი სამართალუნარიანობაზე ან ნებისმიერ იმ უფლებაზე უარის თქმისთვის, რაც გათვალისწინებულია მე–12 მუხლით. ყველა ქმედება რაც მიზნად ისახავს ან იწვევს მე–12 მუხლის დარღვევას უნდა აღიკვეთოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სრული სამართალუნარიანობის აღდგენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვებთან თანასწორ პირობებში“ (პ.9);
8.6. როგორც ვიცით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც----- ზ--------ეს და ნ----- ბ-------–---–ს დაუწესდათ ე.წ. „სრული ჩანაცვლება“. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნას არა აქვს პირდაპირი რეკომენდაცია ასეთი ტიპის მხარდაჭერის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ც----- ზ--------ისა და ნ----- ბ-------–---–ის უფლებებში ტოტალური ჩარევის წინაპირობები და მათვის ნების სრულ ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მხარდაჭერის შენარჩუნება. სსკ-ის 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა გულისხმობს გამონაკლისის არსებობა, როცა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება (ნების გამოვლენა) ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია და ეს მდგომარეობა ვალიდურია ერთ თვეზე მეტი ვადით. ც----- ზ--------ე და ნ----- ბ-------–---–ი სასამართლოს აზრით, ავლენენ საკმარის უნარებს, მათ შორის, კოგნიტურს საიმისოდ, რომ მხარდამჭერის მხრიდან სათანადო რჩევების, ინფორმაციების მიცემის კვალობაზე, მიიღონ დამოუკიდებელი და გააზრებული გადაწყვეტილება;
8.7. მხადარდაჭერის მიმღები პირების ადვოკატისა და დაინტერესებული პირის წარმომადგენლის მოსაზრებისა და მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს სურს განმარტოს, რომ ექსპერტიზის კანონის ადგენს ექსპერტთა ჯგუფის ვალდებულებას, სასამართლოს მხრიდან საკითხის აქცენტირების გარეშეც, კომლექსურად გამოიკვლიოს და შეისწავლოს ყველა საკითხი, რაც შეიძლება შემხებლობაში იყოს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის მიმართულებით. ვინაიდან ექსპერტიზას არ უმსჯელია ამ საკითხზე, ის აქტუალური არ ყოფილა ამ კვლევის ფარგლებში. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის ადგენს პრეზუმფციას, რომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი არის ქმედუნარიანი და მისთვის ქმედუნარიანობის „წართმევა“ ატარებს საგამონაკლისო ხასიათს. ამ პრეზუმფციის უარსაყოფად ან შესარყევად ვერ იქნა წარმოდგენილი რამე ხელშესახები არგუმენტი ან მტკიცებულება. შესაბამისად, ც----- ზ--------ე და ნ----- ბ-------–---–ი არიან ქმედუნარიანი პირები;
8.8. სსსკ-ის 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების წინაპირობა უნდა იყოს მხარდაჭერის მიმღები პირის მხრიდან თავისი ნების გამოვლენის სრული შეუძლებლობა სხვადასხვა ფაქტობრივი მდგომარეობის გამო (მაგალითად, კომატოზურ მდგომარეობაში ყოფნა). დროებითი (ერთ თვემდე) ვადით ნების გამოვლენის შეუძლებლობა არ წარმოადგენს თვითკმარ საფუძველს უფლებაში ტოტალური ჩარევის განხორციელებისათვის. დავას არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ გარკვეული საკითხებზე სასამართლოს მხრიდან ყურადღების გამახვილებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი საფუძვლები, ლოგიკური წანამძღვრები. თუ საქმის განხილვის ეტაპზე ც----- ზ--------ე და ნ----- ბ-------–---–ი ვერ შეძლებდნენ თავიანთი ნების გამოვლენას (მხარეებს მოეხსენება, რომ გარიგების დადებისათვის აუცილებელია ნების არამარტო ფორმირება, არამედ მისი გამოვლენა (სსკ-ის 53-ე მუხლი) და ადრესატამდე მისვლა (სსკ-ის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)), სასამართლოს ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი ამ კონკრეტული საკითხის შესწავლის მიზნით დაენიშნა ექსპერტიზა და, მათ შორის, გაერკვია, ამ პირების მხრიდან არსებობს თუ არა ერთ თვეზე მეტი ხნით ნების გამოვლენის შეუძლებლობა. საპირისპიროდ კომუნიკაცია ამ პირებთან შედგა, როგორც თავდაპირველ საქმეში, მათ შორის, ექსპერტების მიერაც, ისე სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის ფარგლებში. აღნიშნული კი გამორიცხავს თუნდაც მინიშნებას, თუნდაც ეჭვის დონეზე იმის გაფიქრების შესაძლებლობას, რომ სახეზე შეიძლება იყოს საგამონაკლისო შემთხვევა;
8.9. რაც შეეხება სსსკ-ის 36323 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ რეგულაციას, რომელიც მხარდაჭერის ფარგლების ცვლილებას უკავშირებს ექსპერტიზის დასკვნის არსებობას, სასამართლოს აზრით, ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა მხარდაჭერის მიმღები პირის მდგომარეობა რადიკალურად იცვლება იმგვარად, რომ ეს პირი ვეღარ ავლენს თავის ნებას. სასამართლოს როლი და ვალდებულება, გაესაუბროს მხარდაჭერის მიმღებ პირებს ან მხარდაჭერის სავარაუდო მიმღებ პირებს, იქნება ფიქცია და ისეთი მნიშვნელოვანი რესურსების გაუაზრებელი ხარჯვა, როგორიცაა: დრო; ადამინური ფაქტორი და საბიუჯეტო სახსრები. სწორედ ამ პირებთან გასაუბრებით სასამართლო და მასთან ერთად მხარეები ახორციელებენ ექსპერტიზის დასკვნის შემოწმებას დინამიკაში და ექსპერტების საქმიანობაზე კონტროლს. ექსპერტების მოწვევა და მათი ჩართვა რელევანტური იქნება მაშინ, როცა სასამართლოს საკითხის გადაწყვეტისას არ გააჩნია სპეციალური ცოდნა და გამოცდილება;
8.10. ამ დებულების საწინააღმდეგო განმარტება მთლიანად „ამოატრიალებდა“ მხარდაჭერის ინსტიტუტს და „ქმედუნარიანობის პრეზუმფციას“ ავტომატურად შეცვლიდა „ქმედუუნარობის პრეზუმფცია“. სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნა არის აქტუალური მტკიცებულება, მაგრამ სასამართლო ყველა მტკიცებულებას აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა (სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). თუ იარსებებს აცდენა ექსპერტიზის დასკვნასა და ფაქტობრივი მდგომარეობას შორის, საქმეში არსებული უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილება გამოიტანოს პირის ქმედუნარიანობის სასარგებლოდ და უარი თქვას მის ცხოვრებაში ტოტალურ ჩარევაზე. სხვაგვარი მოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის დისკრიმინაცია, რამეთუ ჩააყენებს მას არათანაბრ მდგომარებაში იმ პირებთან, რომელთაც ისეთივე ან დაახლოებით მსგავსი ფსიქოსოციალური საჭიროება გააჩნიათ და რომელთაც არ აქვთ დაწესებული ტოტალურ ჩანაცვლებაზე დაფუძნებული მხარდაჭერა. ტოტალური მხარდაჭერა მაშინ არის არადისკრიმინაციული, როცა მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ყველაზე ქმედით ინსტრუმენტად გვევლინება მისი ნების ჩანაცვლება მხარდაჭერის ნებით, და სხვაგვარად შეუძლებელია მისი სოციალიზაცია, მისი ამა თუ იმ საჭიროების დაკმაყოფილება;
8.11. ამ შემთხვევაში, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის ფარგლების გარკვევის მიზნით არ არსებობს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი და სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებისა და შეჯერების შედეგად;
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. სსსკ-ის 36318 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;
9.2. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
9.3. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;
9.4. გამომდინარე იქიდან, რომ მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს მოგებული და წაგებული მხარე (მოსარჩელე და მოპასუხე), ყველა მხარე, რომელიც ჩართულია საქმის განხილვაში გაერთიანებულია ერთი მიზნის - ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უკეთესი დაცვისათვის შესაბამისი პირობების შექმნის - გარშემო, ამიტომ განმცხადებელთან ერთად ყველა მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან და მათ გაიღებს სახელმწიფო;
ნაწილი IV (სარეზოლუციო) :
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-12, 1275-ე, 12771-ე, 1280-ე, 1293-ე, სსსკ-ის მე-3, მე-8, მე-10, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 36318, 36321, 36324, 364-ე და 369-ე მუხლებით, „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და მე-10 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის (N2/423-16 გადაწყვეტილების (შემდეგ - „2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება“) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით ა(ა)იპ „ხ--–-----–-“ 2017 წლის 20 ოქტომბრის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტში მითითებულ სფეროებში იმავე სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ნ----- ბ-------–---–ის მხარდამჭერად დანიშნული თ----- ბ--------–---–ის უფლებამოსილების ფარგლები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: თ----- ბ--------–---–ის მხრიდან განხორციელებული მხარდაჭერის ფარგლები გამოიხატოს მხარდაჭერის მიმღები პირის - ნ----- ბ-------–---–ისათვის ნების ჩამოყალიბების, საკუთარი უფლებების რეალიზებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში;
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის (N2/425-16 გადაწყვეტილების (შემდეგ - „2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება“) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით ა(ა)იპ „ხ--–-----–-“ 2017 წლის 20 ოქტომბრის განცხადება დაკმაყოფილდეს;
4. 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტში მითითებულ სფეროებში იმავე სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ც----- ზ--------ის მხარდამჭერად დანიშნული თ----- ბ--------–---–ის უფლებამოსილების ფარგლები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: თ----- ბ--------–---–ის მხრიდან განხორციელებული მხარდაჭერის ფარგლები გამოიხატოს მხარდაჭერის მიმღები პირის - ც----- ზ--------ისათვის ნების ჩამოყალიბების, საკუთარი უფლებების რეალიზებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში;
5. 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებების დანარჩენი დებულებები დარჩეს უცვლელად;
6. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მზარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. გურჯაანის, სანაპიროს ქ. №24 ).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /დევი დევიძე/