გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017002009704
N3/896-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე, ნინო გიორგაძე, ია დვალიშვილი,ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - ბმა ,,ს-------–--’’
თავმჯდომარე - მ--------------
წარმომადგენელი - ნ------–--–--------ე
წარმომადგენელი - ე---------ე
წარმომადგენელი - ნ--------------ე
მოსარჩელე - ბმა ,,ა------’’
თავმჯდომარე - მ--------–--–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ------–--–--------ე
მოპასუხე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ი-----–-----------ე
მოპასუხე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენელი - დ-----------ე
მესამე პირი - შპს ,,ფ-–-------’’
წარმომადგენელი -ზ--------–------ე
მესამე პირი - შპს ,,ლ---’’
წარმომადგენელი -ზ--------–------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აღნაგობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ა ღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (იხ. ტომი 2, ს.ფ 115-126)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №377 განკარგულება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 აპრილის №1023 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 31 მაისს ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
1.4. გაუქმდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ფ-–-------ს’’ შორის დადებული 2017 წლის 26 აპრილის აღნაგობის №16 ხელშეკრულება.
სარჩელის თანახმად, ქუთაისი, ბ------ის 17-ის დასავლეთით მდებარე უძრავი ქონება ს/კ 03.040.01.3-- წარმოადგენს სკვერს. ბმა ,,ს-------–--ში’’ და ბმა ,,ა------’’-ში გაერთიანებულია 180 ოჯახი, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული სკვერით და სხვა რაიმე სახის გამწვანება ახლო ტერიტორიაზე არ მდებარეობს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის N377 განკარგულებით ქუთაისის მერიას მიეცა თანხმობა პირდაპირი განკარგვის წესით შპს ,,ფ-–-------სათვის’’ აღნაგობის უფლებით, 25 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქუთაისი, ბ------ის 17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილი 310 კვ. მეტრი (ს/კ 03.040.1.3--). ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 აპრილის N1023 ბრძანებით შპს ,,ფ-–-------ს’’ 25 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა დასახელებული ფართი. 2017 წლის 26 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ფ-–-------ს’’ შორის დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება N16, ხოლო 2017 წლის 08 მაისს შპს ,,ფ-–-------მ’’ აღნაგობის უფლება გაასხვისა შპს ,,ლ---ზე’’.
2017 წლის 31 მაისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურასა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული იქნა ქუთაისი, ბ------ის 17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილი 310 კვ. მეტრი (ს/კ 03.040.1.3--) შპს ,,ლ---ს’’ მიერ აღნაგობის უფლებით აღებული მიწის ნაკვეთში სავაჭრო და საოფისე შენობის მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
მოსარჩელეთა წარმომადგენელის განმარტებით, დაინტერესებული მხარე არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონით დადგენილი წესით და მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია კანონის მოთხოვნები, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 32-ე, 42-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე, 112-ე, 114-ე, 115-ე, 120-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი. მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ დარღვეულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მოთხოვნები.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმოდგენილმა შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
2.2. მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოდგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. მესამე პირების შპს ,,ფ-–-------ს’’ და შპს ,,ლ---ს’’ წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები ზიანს არ აყენებს მოსარჩელე მხარეებს, შესაბამისად არ არსებობს აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, სკვერი, ბ------ის N17-ის დასავლეთით არასასოფლო სამურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი - 528,00 კვ. მეტრი (ს/კ 03.04.21.2--, ნაკვეთის წინა ნომერი - 03.04.01.3--) ირიცხება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის (ს/კ 212721170) საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32-33)
4.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 იანვარს, შპს ,,ფ-–-------სა’’ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის შედგა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის თანახმად, შპს ,,ფ-–-------’’ თანახმაა შეასრულოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 18 აპრილის N01/8800 წერილით შეთავაზებული წინადადება და მის საკუთრებაში არსებული ასაწყობი კონსტრუქცია, რომელიც ამჟამად მდებარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე - ავტოსადგომზე (მის: ქ. ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა, კინოთეატრ ,,საქართველოს’’ დასავლეთით, ფართით - 120 კვ. მეტრი, ს/კ 03.03.21.5--) გადაიტანოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ სხვა ტერიტორიაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შპს ,,ფ-–-------ს’’ მიერ შერჩეული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან სკვერის (მწვანე ზოლი და სხვა) შპს ,,ფ-–-------სათვის’’ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში არანაკლებ 25 წლის ვადით გადაცემაზე დათანხმების შემთხვევაში დათანხმების შემთხვევაში თანხმობის გაცემის თაობაზე მიმართავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ამ უკანასკნელის თანხმობის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს შპს ,,ფ-–-------სათვის’’ მის მიერ შერჩეული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან სკვერის (მწვანე ზოლი და სხვა) შპს ,,ფ-–-------სათვის’’ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში არანაკლებ 25 წლის ვადით გადაცემას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ურთიერთშეთანხმების აქტი (იხ. ტ.1, ს.ფ. 166-170);
4.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 თებერვალს, შპს ,,ფ-–-------ს’’ დირექტორმა განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა შპს ,,ფ-–-------ს’’ ფართის სანაცვლოდ ს/კ 03.04.21.091 ან 03.04.01.3-- მიწის ნაკვეთის იჯარით აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე, მოვლა-პატრონობათა და შენობა ნაგებობის განთავსებით 400 კვ.მ 25 წლის ვადით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 17 თებერვლის განცხადება (რომლითაც შპს ,,ფ-–-------“ ითხოვს მის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, ქ. ქუთაისში, ბ------ის ქ.N11ა სახლის წინ და გვერდზე (ნაკვეთი N1, ს.კ. 03.04.21.091) ან/და ბ------ის ქ. N170-ს დასავლეთით (ს.კ. 03.04.01.3--) მდებარე სკვერის აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემას 25 წლის ვადით ფართობით 400,00 კვ.მ.), ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსხურის 2017 წლის 21 თებერვლის N1966-01 წერილით გადაგზავნილი იქნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში, შესაბამისი დასკვნისა და შეთანხმების შემთხვევაში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენის მიზნით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 21 მარტის N3066-01 წერილით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა განიხილა შპს ,,ფ-–-------ს’’ განცხადება და მოახდინა შესაბამისი სკვერის, მდებარე ბ------ის ქუჩა N17-ის დასავლეთით და მასში არსებული საიჯარო ფართის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების დამზადება.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 მარტის N01/6912 წერილით დგინდება, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა ქ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და წარუდგინა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით/სასყიდლით, პირობებით/, შპს ,,ფ-–-------სათვის“ აღნაგობის უფლებით (მიწერილია ხელით) სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“. აღნიშნულ წერილს ახლდა განმარტებითი ბარათი, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია თამარ მეფის ქუჩაზე შპს ,,ფ-–-------ს“ საკუთრებაში არსებული ნაგებობის სანაცვლოდ მოეწყოს ავტომანქანების პარკინგი, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომანქანების სიმრავლის გამო გართულებულია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ნორმალური გადაადგილება და ავტომობილების მფლობელებს უწევთ საავტომობილო გზებზე განახორციელონ პარკინგი. ასევე, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის (21.02.2017წ. N3066-01) მომართვით, მერიამ დასაშვებად მიიჩნია მოხდეს, ბ------ის ქ.N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილის სარგებლობაში გადაცემა, წარდგენილი იქნა სარგებლობაში გადასაცემი ქონების - ქ. ქუთაისი, ბ------ის ქ.N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილის, ფართობით - 311.0კვ.მ-ის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და ქუთაისის საკრებულოს ეთხოვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის მიეცა თანხმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 162);
- N1966-01 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ.190);
- წერილი N1966-01 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 175);
- N3066-01 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 176);
- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 177-180);
- N01/6912 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 347-348);
4.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს მიღებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N122 ბრძანება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31-ე სხდომის მოწვევის შესახებ, რომლის თანახმად, მოწვეული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31-ე სხდომა 2017 წლის 29 მარტს 12:00 საათზე/სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში არსებული სხდომათა დარბაზი, რუსთაველის გამზ. N3/, შემდეგი დღის წესრიგით: 22. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით/სასყიდლით, პირობებით, შპს ,,ფ-–-------სათვის’’ აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტის N122 ბრძანება ტელეკომპანია ,,რიონის’’ ეთერში გამოქვეყნდა 23 მარტიდან - 29 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N122 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 337-343);
- N28-18 წერილი (იხ.ტომი 1, ს.ფ. 336);
4.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მარტს ჩატარდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც რიგით 22-ე საკითხად განხილული იქნა - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით/სასყიდლით, პირობებით, შპს ,,ფ-–-------სათვის’’ აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნა განკარგულება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ჯ. გოგრიჭიანის მიერ წარმოდგენილი რედაქციით, ცვლილებების გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მარტის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N377 განკარგულებით მიეცა თანხმობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს მერს, შპს ,,ფ-–-------სათვის’’ (ს/კ 212833--0) პირდაპირი განკარგვის წესით /სასყიდლით, პირობებით/, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ ქალაქ ქუთაისში, ბ------ის ქ. N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილის /ფართობი 310,0 კვ.მ, ს/კ 03.04.01.3--) 25 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონარიდი კომისიის სხდომის ოქმიდან (იხ. ტომი 2)
- N377 განკარგულება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 15-16);
4.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 აპრილის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N1023 ბრძანებით პირდაპირი განკარგვის წესით /სასყიდლით, პირობებით/, 25 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა შპს ,,ფ-–-------ს’’ ს/კ 212833--0, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ ქალაქ ქუთაისში, ბ------ის ქუჩა N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილი/ფართობი - 310,0 კვ.მ. ს/კ 03.04.21.2--, (ნაკვეთის წინა ნომერი 03.04.01.3--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 13 აპრილის N1023 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 17-18);
4.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ფ-–-------ს’’ შორის გაფორმდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ხელშეკრულება N16, რომლის თანახმად, მესაკუთრემ მოაღნაგეს აღნაგობის უფლებით გადასცა, ხოლო მოაღნაგე სარგებლობაში მიიღო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონება, კერძოდ: ქ. ქუთაისი, ბ------ის ქუჩა N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილი /ფართობი - 310,00 კვ, მეტრი, ს/კ 03.04.21.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 03.04.01.3--).
ამავე ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ფ-–-------“ უფლებამოსილია აღნაგობის უფლებით, სარგებლობაში გადაცემულ სკვერის ნაწილზე მოახდინოს შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს არაუმეტეს 8 მეტრს (6.4.1 პუნქტი). ხოლო, 6.4.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ შპს ,,ფ-–-------მ“ რეგისტრირებულ აღნაგობის უფლების გარეშე დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა შეინარჩუნოს მწვანე საფარი და უზრუნველყოს მოვლა-პატრონობა, აღნაგობის უფლების მოქმედების ვადით.
2017 წლის 26 აპრილს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისგან შპს ,,ფ-–-------მ’’ ჩაიბარა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ: ქ. ქუთაისი, ბ------ის ქ. N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილი / ფართობი 310,0 კვ. მეტრი ს/კ 03.04.21.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 03.04.01.3--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 26 აპრილის N16 აღნაგობის ხელშეკრულება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19-22);
- 2017 წლის 26 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 23);
4.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მაისს შპს ,,ფ-–-------ს’’ დირექტორმა ნინო რამიშვილმა, განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს და 2017 წლის 26 აპრილის აღნაგობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა თანხმობა მიღებული აღნაგობის უფლების თანხმლებ ვალდებულებებთან ერთად შპს ,,ლ---ზე’’ გადაცემის შესახებ.
დადგენილია, რომ 2017 წლის 5 მაისის N01/11329 წერილით შპს ,,ფ-–-------ს’’ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ აცნობა, რომ არ არის წინააღმდეგი შპს ,,ფ-–-------მ’’ მოახდინოს აღნაგობის უფლების გადაცემა შპს ,,ლ---სთვის’’ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N01 მიმართვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 257);
- 2017 წლის 5 მაისის N01/11329 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 258)
4.1.9. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 31 მაისს მიღებული იქნა N20171514 ბრძანება, რომლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისში, ბ------ის ქ. N17-ის დასავლეთით (სკვერი) მდებარე, შპს ,,ლ---ს’’ მიერ აღნაგობის უფლებით აღებულ მიწის ნაკვეთში, სავაჭრო და საოფისე შენობის მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25-26);
4.1.10. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადით ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი (ს/კ 03.04.21.2--) მიეკუთვნება დასახლებათა საზოგადოებრივ საქმიანი და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა (4). სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრები (საკადასტრო საზღვრები) - ჩრდილოეთ-ჯავახიშვილის ქუჩა სამხრეთით-აღმოსავლეთით-საზოგადოებრივი სივრცე, დასავლეთით - ბ------ის ქუჩა (13). შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის ფორმულა H=L/Y - მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრა განისაზღვრა ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59-ე დადგენილების მიხედვით (14); მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი K-1 – 0,8 (16); მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიცინეტი K-2 – 8,0 (17); მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი K-3 – 0,1 (18); შენობა-ნაგებობის სართულიანობა და გაბარიტები - სართულიანობა: 2; მიწისზედა სიმაღლე - 8,8მ; მიწისქვეშა სიმაღლე - 3მ; გაბარიტული ზომები - 31,0x10,10 (20);
განმარტებითი ბარათის თანახმად, დაგეგმარების საფუძველი მიზნები: პროექტი მიზნად ისახავს იჯარით აღებულ (528.0 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე ორ სართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც გათვალისწინებულია სავაჭრო და საოფისე ობიექტების დაგეგმარება, თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებისა და შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების’’ მიხედვით; მიწის ნაკვეთის მდებარეობა, აღწერა: საპროექტო მიწის ნაკვეთი (528,0 მ2) მდებარეობს ქ. ქუთაისი, სკვერი ბ------ის ქ. N17-ის დასავლეთით, მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ბ------ის ქ. შესახვევი, დასავლეთიდან ბ------ის ქუჩა, ხოლო აღმოსავლეთიდან თავისუფალი ტერიტორია ხასიათდება მარტივი რელიეფით. პრაქტიკულად სწორია; პროექტის შინაარსობრივი აღწერა: საპროექტო შენობა მიწის ზემოთ 2 სართულიანია, მიწის ქვეშ სარდაფის სართულით; ტექნიკური ეკონომიკური მაჩვენებლები: მოშენების ფართი - 310,0 კვ.მ; მიწის ნაკვეთის ფართი - 528,0 კვ.მ, განაშენიანების კოეფიციენტი - კ-1 0,6; ინტენსივობის კოეფიციენტი - კ-2 1,17, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი - კ-3 0,2; საპროექტო შენობა მიეკუთვნება მესამე კლასის ნაგებობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 301-303);
- განმარტებითი ბარათი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 304)
4.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონი; - საქართველოს კონსტიტუცია; ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება; ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-61 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, მერის ბრძანება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა ან შესრულება.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების საკითხი შესაბამისი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.
ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას.
მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც გამოიცა კონკრეტული აქტი. ამასთან, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ხოლო, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
7.2. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ბ------ის ქუჩა N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის 310,00 კვ.მ.-ის ნაწილზე კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის აღნაგობის უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემა, რომლის შედეგად გაფორმებული იქნა აღნაგობის უფლების ხელშეკრულება და, შემდგომ, მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანება. ამდენად, სასამართლოს მიერ შეფასებას ექვემდებარება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №377 განკარგულების, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 აპრილის №1023 ბრძანების, ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 31 მაისს ბრძანებისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ფ-–-------ს’’ შორის დადებული 2017 წლის 26 აპრილის აღნაგობის №16 ხელშეკრულების კანონიერება. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტების კანონიერებაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №377 განკარგულებაზე, რომლის გამოცემაც წარმოადგენდა შემდგომ მიღებული აქტების და ამ აქტების საფუძველზე გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების წინაპირობას.
(სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას (მე-2.4 მუხლი). ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს ირჩევენ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით (1011.1 და 1011.2 მუხლი). საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული ეს დებულებები ქმნის თვითმმართველობისა და, შესაბამისად, საკრებულოს საქმიანობის კონსტიტუციურ საფუძვლებს.
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.
აღნიშნული დათქმა შესაბამისი უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს აყენებს ვალდებულების წინაშე - განახორციელოს თავისი საქმიანობა პოზიტიური ვალდებულების დაცვის პრინციპით, მისი საქმიანობის შედეგი უნდა გამორიცხავდეს გარემოზე ნეგატიური კონტექსტით პირდაპირ თუ ირიბ ზემოქმედებას და ამისათვის მან უნდა შექმნას სათანადო სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძვლები, რაც თვითმმართველობის მთავარ მიზანს - მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით საქმიანობის განხორციელების პრინციპებს უნდა ემყარებოდეს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, რომელიც გარანტირებულია ქვეყნის უზენაესი კანონით და ამ თვალსაზრისით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის სფერო მოიცავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის განაშენიანება, მოვლა-პატრონობასა და კეთილმოწყობასთან. ამდენად, აღნიშნული საკითხი, თავისი არსით, უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროს წარმოადგენს, რადგან უშუალო კავშირშია მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებთან, რის გამოც თვითმმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აქტუალური საკითხების რანგში განიხილება და ბუნებრივია, თვითმმართველი ორგანოსგან მოითხოვს მთელ რიგი ნორმატიული აქტების დანაწესების დაცვის სავალდებულოობას.
ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2004 წლის 26 ოქტომბერს) განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებსა და პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ევროპის საბჭოში გაერთიანებული ყველა სახელმწიფო. ქარტიის პრეამბულაში მოცემულია ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისათვის სავალდებულოდ დასაცავი ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები, ისეთი როგორიცაა - ადგილობრივი თვითმმართველობის აღიარება სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად; მოქალაქეთა საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში მონაწილეობის უფლების ევროპის საბჭოს სახელმწიფოთათვის საერთო - დემოკრატიულ ღირებულებად აღიარება; ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა;
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის მე-3 მუხლში მოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება ხდება საბჭოების ან ასამბლეების მიერ, რომლებიც შედგებიან პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორი ხმის მიცემის საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან და რომლებთანაც შეიძლება არსებობდეს მათ წინაშე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები.“
ევროპული ქარტიაში გადმოცემული ძირითადი არსი განმარტავს, რომ თვითმმართველობა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განხორციელდეს, რადგან თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს არსებობას ქარტია სავალდებულოდ არ მიიჩნევს, მაგრამ მისი არსებობის შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანო - მერია პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წინაშე. ამდენად, ევროპული ქარტიის მიერ ცალსახადაა დადგენილი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის ურთიერთმიმართება და იერარქია და, იმის გამო, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვა და რეგულირება წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შემსრულებელია თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, თვითმმართველ ორგანო - საკრებულო კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობის მატარებელი ხდება მისი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულო არის თვითმმართველობის უმთავრესი ინსტიტუცია, წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსის განმსაზღვრელი ეს დასკვნა არის ამოსავალი საკრებულოს როლისა და უფლებამოსილების დასადგენად, რა დროსაც საკრებულო ვალდებულია საკუთარი უფლებამოსილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად განახორციელოს.
7.3. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ევროპული ქარტიის მსგავსად ასევე, განმარტავს ადგილობრივ თვითმმართველობის მნიშვნელობას, კერძოდ: ,,ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები“ (მუხლი 2.1).
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეებია: ა) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები; ბ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს.
ამავე ორგანული კანონის 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვაზე და განკარგვაზე ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-13 თავი ეძღვნება მუნიციპალიტეტის ქონებას. 104-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს თავი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.
ამავე ორგანული კანონის 105-ე მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინი - განკარგვა, შემდეგი მნიშვნელობით არის მოცემული: მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა; სარგებლობის უფლებით გადაცემა ნიშნავს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით;
ამავე ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად (106.3-ე მუხლი). ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად (106.4-ე მუხლი); მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით (106.7-ე მუხლი). სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა 106.6-ე მუხლი).
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 121-ე მუხლი ადგენს მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების წესს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება. მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების თაობაზე დასაბუთებულ წინადადებას ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარუდგენს შესაბამის საკრებულოს.
სასამართლო მიუთითებს (სადავო აქტების დროს მოქმედი) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის N330 დადგენილებაზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობები სხვა სახეობებთან ერთად არის: დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მერი საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანება განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს. მითითებული ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო; ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება: ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები) (პირველი მუხლის მე-3.,,ა“ პუნქტი); ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღანგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო (პირველი მუხლის მე-5 პუნქტი).
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 110-ე მუხლით მუნიციპალიტეტის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპებია დადგენილი. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ამ უფლების განხორციელება ევროპული ქარტიისა და საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს.
7.4. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ: ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ამ წესებით დადგენილი პროცედურებით.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, დაადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით, კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა, დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან.
ამავე დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული - აღნაგობის ფორმით; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას (მე-17.1 მუხლი);
დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა თვითმმართველი ერთეულის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მსჯელობა იქონიოს აქტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 122-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, დაადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით, კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა, დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან.
ამავე დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული - აღნაგობის ფორმით;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას (მე-17.1 მუხლი);
7.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ფ-–-------ს’’ დირექტორმა განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა შპს ,,ფ-–-------სათვის’’ 400კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით აღნაგობის უფლებით გადაცემა მოვლა-პატრონობისა და შენობა-ნაგებობის განთავსებით 25 წლის ვადით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ - მერიამ მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს აღნიშნული განცხადების განხილვისა და ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი პროცედურების დაცვის შემდგომ (საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით (აქტის გამოცემის ფორმალური კანონიერება)) წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ 2017 წლის 29 მარტის N377 განკარგულებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს მერს მიეცა თანხმობა, შპს ,,ფ-–-------სათვის’’ (ს/კ 212833--0) პირდაპირი განკარგვის წესით /სასყიდლით, პირობებით/, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ ქალაქ ქუთაისში, ბ------ის ქ. N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილის /ფართობი 310,0 კვ.მ, ს/კ 03.04.01.3--) 25 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 13 აპრილის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N1023 ბრძანებით პირდაპირი განკარგვის წესით /სასყიდლით, პირობებით/, 25 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა შპს ,,ფ-–-------ს’’ ს/კ 212833--0, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ ქალაქ ქუთაისში, ბ------ის ქუჩა N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილი/ფართობი - 310,0 კვ.მ. ს/კ 03.04.21.2--, (ნაკვეთის წინა ნომერი 03.04.01.3--).
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისი, ბ------ის N17-ის დასავლეთით არასასოფლო სამურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი - 528,00 კვ. მეტრი (ს/კ 03.04.21.2--, ნაკვეთის წინა ნომერი -03.04.01.3--) რეგისტრირებულია როგორც - სკვერი და ირიცხება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის (ს/კ 212721170) საკუთრებად.
სასამართლო მიუთითებს ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. ამ კანონის მიზანია დაადგინოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ძირითადი ასპექტები, მათ შორის მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნისათვის (მე-4.1.,,ა“ მუხლი); ქვეყნის მდგრადი განვითარების, მისი კავკასიური, ევროპული და მსოფლიო ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით: შენარჩუნდეს და განვითარდეს სარეკრეაციო ტერიტორიები; ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით ხელი შეეწყოს სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას (მე-5.1.,,პ“, ,,ს“ მუხლი);.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის N377 განკარგულება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან დაირღვა მისი გამოცემისათვის კანონით დადგენილი წესები, იმ თვალსაზრისით, რომ წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებული იყო სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე თითოეული მაცხოვრებლებისთვის პირადად ეცნობებინათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სკვერის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე წარმოება ჩატარებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ მიმართებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია კანონის დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი არ მოიცავს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესების დაცვას - აქტის ფორმალურ კანონიერებას, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევისას გასათვალისწინებელია ასევე მატერიალური კანონიერება და, შესაბამისად, ყველა ის ელემენტი, რომელიც ზაკ-ის მე-601 მუხლი შეიცავს, კერძოდ: ა) დარღვეული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის მოთხოვნები; ბ) ეს მოთხოვნები კანონმდებლობით უნდა იქნეს გათვალისწინებული; გ) დარღვევა უნდა იყოს არსებითი ხასიათის. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება არ ნიშნავს, რომ მისი მიღების მატერიალური კანონიერებაც დაცულია.
ამ მხრივ სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 53-ე მუხის მე-5 ნაწილის იმპერატიული დათქმაა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის საკრებულომ დადგენილებით გასცა თანხმობა, ხოლო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბრძანებისა საფუძველზე განკარგა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის უფლებამოსილებაც მათ კანონმდებლობით სრულად ჰქონდა მინიჭებული თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრისთვის მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ძირითადი პრინციპის დაცვას, რომლის დროსაც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მისცეს შეფასება და შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით ყურადღების მიღმა დატოვა უმნიშვენლოვანესი გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა, კერძოდ: 1. შეინარჩუნებდა თუ არა სკვერი თავის ფუნქციურ დანიშნულებას მას შემდეგ, რაც ნაკვეთის 528კვ.მ ფართობიდან განკარგული იქნა 310კვ.მ. ფართობი; 2. რამდენად შესაბამისობაში იქნებოდა სკვერის ფუნქციურ დანიშნულებასთან მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაგეგმილი სავაჭრო-საოფისე შენობა-ნაგებობა; 3. თითქმის 60% სკვერის ფართობის განკარგვის და მასზე სავაჭრო-საოფისე დანიშნულების შენობის აშენებით ხომ არ კარგავდა თავის დანიშნულებას დარჩენილი 40% სკვერის მიწის ნაკვეთი იმ პირობებში, როდესაც სახეზე იყო სკვერის სტატუსისათვის სავალდებულო გამწვანების 80%-იანი ბალანსის დარღვევა; 4. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის განმარტებით სკვერი ფაქტიურად ვერ ასრულებდა თავის დანიშნულებას მასზე გამწვანების არარსებობის გამო, ხოლო სტატუსი ფორმალურად არის შენარჩუნებული, მერიასა და შპს ,,ფ-–-------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღნაგობის უფლების გარეშე დარჩენილ ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნების თაობაზე ხომ არ ატარებდა ასევე, ფორმალური ხასიათს; 5. გათვალისწინებული იქნა თუ არა მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სკვერი როგორც მუნიციპალიტეტის ძირითადი ქონება შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად; 6. განკარგული სკვერის დანიშნულებიდან გამომდინარე გათვალისწინებული იქნა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპი - საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპებზე მითითებით (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, კანონის წინაშე თანასწორობა, უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა, თანაზომიერების პრინციპი) სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების მესამე მუხლის 65-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი ტერიტორია/სივრცე არის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანა-პირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამწვანებული ტერიტორია არის მიწის ნაკვეთი, რომლის ტერიტორიის არანაკლებ 80%-ისა დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო მოედნით, ბილიკებით ან/და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოწყობილი იყოს დასასვენებელი/გასართობი ადგილები (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი).
საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ თვითმმართველობის ორგანოების მიერ განკარგული იქნა თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ნივთი - სკვერი, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, ბ------ის N17-ის დასავლეთით და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დაზუსტებული ფართობია - 528,00 კვ.მ., ხოლო აღნაგობის უფლებით გადაცემული, განკარგული ქონების ოდენობა წარმოადგენს 310კვ.მ. მიწის ნაკვეთს. მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ფ-–-------ს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ფ-–-------“ უფლებამოსილია აღნაგობის უფლებით, სარგებლობაში გადაცემულ სკვერის ნაწილზე მოახდინოს შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს არაუმეტეს 8 მეტრს.
ასევე საყურადღებოა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადით ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი (ს/კ 03.04.21.2--) მიეკუთვნება დასახლებათა საზოგადოებრივ საქმიანი და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა (4), შენობა-ნაგებობის სართულიანობა განსაზღვრულია 2 სართულით; მიწისზედა სიმაღლე - 8,8მ; მიწისქვეშა სიმაღლე - 3მ; გაბარიტული ზომები - 31,0x10,10 (20); განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს იჯარით აღებულ (528.0 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე ორსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც გათვალისწინებულია სავაჭრო და საოფისე ობიექტების დაგეგმარება. საპროექტო შენობა მიეკუთვნება მესამე კლასის ნაგებობას.
ამდენად, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ სკვერის 528 კვ.მ.-დან განკარგულია 310კვ.მ., რაც სკვერის განკარგული ფართობის თითქმის 60 პროცენტს წარმოადგენს, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებთან და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილებით განმარტებულ დებულებასთან, რომ საზოგადოებრივი ტერიტორია/სივრცე არის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე სკვერი, რომელიც ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის. ხოლო გამწვანებული ტერიტორია არის მიწის ნაკვეთი, რომლის ტერიტორიის არანაკლებ 80%-ისა დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო მოედნით, ბილიკებით ან/და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოწყობილი იყოს დასასვენებელი/გასართობი ადგილები - სკვერი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მესამე პირის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ფ-–-------ს“ აღებული ჰქონდა ვალდებულება დარჩენილი მიწის ნაკვეთის (218კვ.მ) გამწვანების და განვითარების თაობაზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო თვითმმართველი მერიასა და შპს ,,ფ-–-------ს“ შორის დადებული ხელშეკრულების 6.4.2 პუნქტით განისაზღვრა, მხოლოდ ის ვალდებულება, რომ შპს ,,ფ-–-------მ“ რეგისტრირებულ აღნაგობის უფლების გარეშე დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა შეინარჩუნოს მწვანე საფარი და უზრუნველყოს მოვლა-პატრონობა, აღნაგობის უფლების მოქმედების ვადით.
სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მიწის ნაკვეთს ფორმალურად აქვს შენარჩუნებული სკვერის სტატუსი და მასზე ფაქტიურად არ არსებობს მწვანე საფარი. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცალსახად არეგულირებს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებას მისი ქონების მოვლა-პატრონობა, განვითარებასთან დაკავშირებით. მითითებული ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას (მე-19.,,ი“ მუხლი); მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროში შედის უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას (54.,,დ.თ“ მუხლი). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის აპელირება და არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული სკვერის სახე/დანიშნულება/ფუნქცია და მცენარეული საფარი არ არის შენარჩუნებული, სადავო აქტებს ვერ შესძენს კანონიერებას, ვინაიდან საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და შემდგომ, მათ საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც აღნაგობის უფლების მიმღებს მშენებლობის დაგეგმვისა და შენობის ფუნქციის განსაზღვრის ჭრილში მიეცა გარემოზე ზემოქმედების თავისუფლება (იმ პროპორციებში, როგორი თანაფარდობით იყო განკარგული მიწის ნაკვეთი) კონფლიქტში მოდის სახელმწიფო პოზიტიურ ვალდებულებასთან, უზრუნველყოს გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შესანარჩუნებლად/განსავითარებლად.
სასამართლოს მოსაზრებით, სკვერის სადავო ფართობზე ინფრასტრუქტურის ასეთი სახით განვითარება გამორიცხავს სარეკრეაციო რესურსების ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებას. სკვერის მიწის ნაკვეთის 60% ფართის დაკავება და მასზე საოფისე-სავაჭრო შენობის აშენება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ დასახელებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან და საფრთხის შემცველია სკვერის რეკრეაციული დანიშნულების შენარჩუნებასთან. რაც შეეხება სკვერის განვითარებას, იმ პირობებში როდესაც მითითებული ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც სკვერი, თვითმმართველი ერთეულის ვალდებულებას წარმოადგენს მისი მიზნობრიობის განვითარება/შენარჩუნება/ და მოვლა-პატრონობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით დაირღვა მუნიციპალური ქონების მიზნობრივად განკვარგვის ნორმატიული აქტებით დადგენილი როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა შენარჩუნებული განკარგული ქონების გონივრული პროპორციულობა დანიშნულებისა და მიზნებთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ იწვევს სკვერის (როგორც განუსხვისებელი ქონების) დანიშნულების მოშლას, რომლის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ვალდებულებათა კატეგორიას განეკუთვნება. ხოლო, სკვერის იმ ფორმით განკარგვა, რომელიც სრულად უკარგავს დანიშნულებას პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და განუსხვისებელი ქონების გასხვისების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან ვინაიდან, მართალია ფორმალური თვალსაზრისით სკვერი, როგორც განუსხვისებელი ქონება არ იქნა გასხვისებული (გაყიდული, პრივატიზებული), თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ აღნაგობის უფლებით ამ სახით და სადავო აქტების (ხელშეკრულების) მოქმედების პირობებში ქ. ქუთაისში, ბ------ის ქ. N17-ის დასავლეთით მდებარე 528,00 კვ.მ. ფართის სკვერი აღარ იარსებებს.
7.7. სასამართლო ასევე, მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რჩება შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული რამოდენიმე მისაღებ ღონისძიებათაგან აირჩიოს ერთ-ერთი, სამართლებრივი შედეგის დადგომის მართლზომიერების გათვალისწინებით, რა დროსაც დაცული იქნება როგორც კანონის მოთხოვნები, ისე გათვალისწინებული იქნება საჯარო და კერძო ინტერსების პროპორციულობა. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით მან ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ არ დაარღვიოს კერძო და საჯარო ინტერსების თანაფარდობა. ამდენად, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ამ უფლებას იყენებს მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე კანონიერი შედეგის ალტერნატივის არსებობისას.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქმეში მონაწილე მესამე პირისათვის შპს ,,ფ-–-------სათვის“ წარმოადგენს აღმჭურველ აქტს. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო მიუთითებს: ცალსახაა, რომ სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზეც მესამე პირმა განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება - სამეწარმეო საქმიანობის მიზნით დაიწყო შენობა-ნაგებობის მშენებლობის განსახორციელებლად საქმიანობა. თუმცა, ზემოაღნიშნული ნორმა, იმ აღმჭურველი აქტების ბათლად ცნობის აკრძალვასთან ერთად, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი ნდობა, ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც, მიუხედავად კანონიერი ნდობისა, შესაძლებელია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა. ამგვარი ლეგიტიმური გამონაკლისია, თუ: 1. აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, (კანონიერი ნდობა არ არსებობს) 2. თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
ამდენად, კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nბს-428-423(2კ-14)). იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ის იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ იყო გამოკვლეული მთელი რიგი გარემოებები და არ იყო დაცული ნორმატიული მოთხოვნები, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე პირის კანონიერი ნდობის პრინციპის უპირატესობა მოსარჩელეთა (და შესაძლოა, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივ ((სადავო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ინტენსიურად განაშენიანებულ ადგილზე) ინტერესებთან კონფლიქტის გამო.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ბ------ის ქ. N17-ის დასავლეთით მდებარე 528,00 კვ.მ. ფართის სკვერის განკარგვისას დარღვეული იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მატერიალური კანონიერება ანუ, ადგილი აქვს ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (სადავო აქტები, ხელშეკრულება) უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ კერძო პირთა ინტერესების განხორციელებას, არამედ წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს მოქმედ ნორმატიულ აქტებთან, რომლის მოთხოვნების დარღვევით განკარგული ქონება ვერ შეუწყობს ხელს ინფრასტრუქტურის განვითარებას და სარეკრეაციო ზონის ეფექტურ და ეფექტიან გამოყენებას, რაც საჯარო ინტერესის სფეროს განეკუთვნება და, შესაბამისად, რიგ შემთხვევებში შეიძლება აღემატებოდეს კერძო პირთა ინტერესებს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №377 განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან დაცული არ არის მისი გამოცემის მატერიალური კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამ განკარგულების საფუძველზე გამოცემული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 აპრილის №1023 ბრძანება და ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 31 მაისს ბრძანება.
7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ამავე კოდექსის 70-ე მუხის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილების თანახმად, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის, ფორმდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება) (მე-17.4 მუხლი); ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ( მე-20.1 მუხლი).
დადგენილია, რომ 2017 წლის 26 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ფ-–-------ს’’ შორის, 25 წლის ვადით დაიდო ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის N16 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესაკუთრემ მოაღნაგეს აღნაგობის უფლებით გადასცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონება, კერძოდ, ქ. ქუთაისი, ბ------ის ქუჩა N17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილი /ფართობი - 310,00 კვ, მეტრი, ს/კ 03.04.21.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 03.04.01.3--).
რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებსს, მას წინ უსწრებდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სტადია, რომელიც ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების საფუძველი იყო. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ხელშეკრულების დადება იწვევს ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რამეთუ ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის - ხელშეკრულების (გარიგების) ბათილობას, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.
7.9. სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია აღნიშნოს, რომ საკრებულოსა და მერიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები სამართლებრივი ხასიათის ის უმთავრესი იდეებია, რომლებიც ქმნიან თვითმმართველი ერთეულის ორგანოების მიზნობრივი ორიენტირის განსაზღვრისა და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების ობიექტურად და ოპტიმალურად გადაწყვეტის საფუძველს.
ეს პრინციპები აერთიანებს, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების, ხოლო, მეორე მხრივ, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრინციპებს. ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერების პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად, საკრებულოს მიერ საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს კანონის საფუძველზე, კანონის შესაბამისად და კანონით დადგენილ ფარგლებში. საკრებულოსა და მერიის მუშაობის ორგანიზაცია და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ხოლო საკრებულოსა და მერიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებს. ეს პრინციპი
საკრებულოს როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს და მერიის როგორც აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ამ მხრივ ადმინისტრაციულ ორგანოების საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5 მუხლის მოთხოვნები - ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულების თაობაზე კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს იმ სახის პოზიცია და მტკიცებულებები, რომლის გაზიარების შემთხვევაში დადასტურებული იქნებოდა სადავო აქტების (ხელშეკრულების) კანონიერება, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ასევე აღნაგობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას უნდა დაეკისროს ბმა ,,ს-------–--ს’’ და ბმა ,,ა------’’-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯს, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ბმა ,,ს-------–--ს’’ და ბმა ,,ა------’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის, გონივრულ ფარგლებში, კერძოდ 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-------–--ს’’ თავმჯდომარის მ--------------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა - აეკრძალა შპს ”ფ-–-------სა” და შპს ”ლ---ს” სარგებლობაში აღნაგობის უფლებით გადაცემულ, ქ. ქუთაისში, ბ------ის ქუჩა №17-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილზე ფართობით 310 კვ.მ. ს/კ 03.04.21.2-- (წინა №03.04.01.3--) სამშენებლო სამუშაოების წარმოება (მათ შორის ტერიტორიის შემოღობვა) _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-------–--ს’’ სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბმა ,,ს-------–--ს’’ და ბმა ,,ა------’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №377 განკარგულება მისი ძალაში შესვლის დღიდან;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 აპრილის №1023 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 31 მაისს ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან;
5. გაუქმდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ფ-–-------ს’’ შორის დადებული 2017 წლის 26 აპრილის აღნაგობის №16 ხელშეკრულება;
6. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ბმა ,,ს-------–--ს’’ და ბმა ,,ა------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ბმა ,,ს-------–--ს’’ და ბმა ,,ა------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი