გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1508-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.01.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ა---- ა----------ა
წარმომადგენლები ლაშა ხუციშვილი
ანა ხუციშვილი
მოპასუხე ი-–---- ვ--–---ი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი-–---- ვ--–---ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული რ----- ვ--–---ის და 2010 წლის 23 აპრილს დაბადებული მილანა ვ--–---ას სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად თითოეული შვილისათვის 250 ლარის ოდენობით.
(სარჩელი ს.ფ. 3-14; 31.01.2019 წ სხდომის ოქმი)
სარჩელის გარემოებები:
მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. მხარეები არ იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის მარტის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთად, ბავშვების მამამ მიატოვა და ამ პერიოდიდან მოპასუხე აღარ ღებულობს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში. მოსარჩელე დასაქმებულია დამლაგებლად ბენზინგასამართ სადგურზე და მისი შემოსავალი შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, მამის წასვლით ბავშვებმა მიიღეს ფსიქოლოგიური სტრესი და სკოლაში ჰქონდათ ჩამორჩენა, რის გამოც იძულებული გახდა ბავშვები მიეყვანა კერძო სკოლაში. მისი ოჯახის მცირე შემოსავლის გამო ის ვერ ახერხებს ბავშვების სათანადოდ უზრუნველყოფას რის გამოც ითხოვს მოპასუხე ი-–---- ვ--–---ს დაეკისროს თითოეულ ბავშვზე ალიმენტის სახით 250 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2017 წლის 16 ივნისს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. რუსთავი, მარჯანიშვილის ქ. N5 (აღნიშნულ სახლში ცხოვრობენ მოსარჩელე და მათი საერთო შვილები). ოჯახის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე სრულიად შესაძლებელია ბავშვებმა განათლება მიიღონ საჯარო სკოლაში და არ არსებობს კერძო სკოლაში განათლების მიღების აუცილებლობა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ალიმენტის გადახდაზე თითოეული ბავშვისთვის ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.
(შესაგებელი ს.ფ.30-39; 31.01.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. 2017 წლის მარტის თვიდან ა---- ა----------ა და ი-–---- ვ--–---ი აღარ ცხოვრობენ ერთად, რიც შემდეგ მათი სამი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, დედასთან მოსარჩელე ა---- ა----------ასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-14. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 30-39. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ა---- ა----------ას და ი-–---- ვ--–---ს ჰყავთ 2 არასრულწლოვანი შვილი.
დაბადების მოწმობების თანახმად, რ----- ვ--–---ი დაბადებულია 2008 წლის 13 ოქტომბერს, მალინა ვ--–---ა დაბადებულია 2010 წლის 23 აპრილს მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ა---- ა----------ა, მამა – ი-–---- ვ--–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 16-17. ტომი 1).
3.2.2. ა---- ა----------ა დასაქმებული არის აა(ა)იპ ,, რუსთავსერვის ცენტრი“-ში მეეზოვის პოზიციაზე და მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით შეადგენს თვეში 240 ლარს (ხელზე ასაღები). მის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში, იგი არის საარსებო შემწობის მიმრები ოჯახი.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ა---- ა----------ას ოჯახის სარეიტინგო ქულაა 13210. ოჯახის წევრები არიან ა---- ა----------ა, რ----- ვ--–---ი, მილანა ვ--–---ა. ქულა მინიჭებული აქვს 2018 წლის 26 აპრილს. სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს სარჩელის აღძვრამდე ერთი თვით ადრე, რის გამოც ცნობაში არ არის მითითებული საარსებო შემწეობის თანხის ოდენობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებულია „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“. ამ დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში_ საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით, 1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). 2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).
დადგენილების მე-6 მუხლის მიხედვით, 1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. 2. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე: ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი; ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. 3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ამდენად, დადგენილების მიხედვით, ა---- ა----------ას ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახია, რადგან მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 13210 ლარს, იგი ნაკლებია 30001-ზე და საარსებო შემწეობის ოდენობა ოჯახის 3 წევრის გათვალისწინებით არის 180 ლარი.
ამდენად, საარსებო შემწეობის თანხის და ხელფასის გათვალისწინებით მოსარჩელის სტაბილური ყოველთვიური შემოსავალია ჯამურად 420 ლარი.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „მზეკაბანი2-ის“ მიერ 2018 წლის 15 მაისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მილანა ვ--–---ი და რ----- ვ--–---ი არიან შპს ,,მზეკაბანი 2“ რუსთავის საერო სკოლის II და III კლასის მოსწავლეები და მათი სწავლის დავალიანება შეადგენს 942 ლარს. ამავე სკოლის მიერ გაცემულია 2018 წლის 22 ნოემბრის ცნობა, რომლის მიხედვით მილანა ვ--–---ას და რ----- ვ--–---ის სწავლის გადასახადი სხვა მომსახურებასთან ერთად შეადგენს 330 ლარს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბავშვების კერძო სკოლაში სწავლა გამოწვეულია იმით, რომ მოსარჩელე ადრე დილიდან გასულია სამუშაოდ, რის გამოც სკოლაში წასვლის დროს იგი სამუშაო ადგილზეა, ხოლო სკოლას ემსახურება ტრაბსპორტი, რომლითაც უზრუნველყოფენ სახლიდან სკოლაში ბავშვების მიყვანას და გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნებას. ბავშვები მთელი დღე სკოლაში იმყოფებიან, რაც მოსარჩელის განმარტებით მისი სამუშაო რეჟიმის გამო ბავშვებისთვის მიზანშეწონილია. სკოლა უზრუნველყოფს ბავშვების მგზავრობას და სკოლაში გაკვეთილებზე მიცემული დავალებების მეცადინეობის პროცესს.
მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება ა---- ა----------ას მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რადგან ”სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების საფუძველზე ა---- ა----------ას ოჯახის სოციალური-ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით მისი და მისი ოჯახის წებრების, არასრულწლოვანი შვილების მატერიალური მდგომარეობა მძიმეა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულა მიუთითებს იმაზე, რომ მისი შემოსავალი არის მცირე. მოსარჩელის ოჯაის ყოველთვიური სტაბილური შემოსავალია 420 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურ და დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ. 18-. ტომი 1).
- შპს რუსთავსერვის ცენტრის ცნობა (ს.ფ. 91. ტომი 1)
- შპს მზეკაბანი-2-ის ცნობები (ს.ფ. 19, 89. ტომი 1 )
3.2.3. ი-–---- ვ--–---ი შრომისუნარიანია, მას არა აქვს ჯანმრთელოს პრობლემები, კმაყოფაზე არ ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები, სარემონტო სამუშაოებით სტაბილურად გამოიმუშავებს შემოსავალს.
მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და თანახმაა შვილების რჩენისათვის ყოველთვიურად გადაიხადოს ჯამში 100 ლარი. მოპასუხის ამ პოზოციის საფუძველია ის გარემოება, რომ მას არა აქვს შემოსავალი უფრო მეტი თანხის გადასახდელად. დაოჯახებულია და კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი ასაკოვანი მშობლები, რომელთაც მძიმე ჯანმრთელობის გამო ესაჭიროებათ მუდმივი მედიკამენტური მკურნალობა. ნათესავებისგან აღებული სესხით შვილებს შეუძინა საცხოვრებელი ბინა, სადაც მოსარჩელე ბავშვებთან ერთად ცხოვრობს, ხოლო სესხის გადასახდელად ყოველთვიურად უწევს თანხის გადახდა.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება რომლის თანახმადაც ი-–---- ვ--–---მა 2017 წლის 16 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ქონება მდებარე - ქ. რუსთავი, მ--------–---–--------- სართული 1, ბინა N2 საჩუქრად გადასცა მის არასრულწლოვან შვილს რ----- ვ--–---ს. მოპასუხის განმარტებით, მას გადაწყვეტილი ჰქონდა ყოველთვიურად გარკვეული თანხით მოეხდინა უზრუნველყოფა საკუთარი შვილების, რაც საკმარისი იქნებოდა მათთვის ქირით. თუმცა მოსარჩელეთან შეთანხმებით ამჯიბინეს, რომ ბავშვებს ჰქონოდათ საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი. ხოლო ყოველდღიურ საჭიროებებზე მოსარჩელე თავად იზრუნებდა.
საქმეზე წარმოდგენილია თბილისის დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ 2017 წლის 4 აპრილს მოპასუხის დედის დიჰლარ ვ--–---ისათვის ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოპასუხის დედას, ჩაუტარდა ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მ.რ.ტ. კვლევა Tlse, T2 ffe, T2tse, T2stir რეჟიმებით აქსიალური, საგიტალური, კორონალური ჭრილებით. არსებული მ.რ.ტ. კვლევით ზურგის ტვინის კეროვანი პათოლოგია გამოკვლეულ სეგმენტში არ ვლინდება L1,L2,L3,L4,L5 დისკების პროტრუზია. იოლი სქოლიოზი.
მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილია შპს მედ+“-ის მიერ გაცემული სახედიცინო დოკუმენტი ფორმა N IV-100ა, მოპასუხის მამის ახვერდ ვ--–---ის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ პაციენტის დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სახალხო აფთიაქის მიერ გაცემული ფასების ფურცელი, სადაც მითითებულია 315,48 ლარის ღირებულების მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია. ჩამონათვალში მითითებულია მედიკამენტები, ფუროსემიდი, ვეროშპიროენი, კარდიომაგნილი, ენაპი, პანანგინი, დიგოქსიმნი, სტრესნოლი.
მოპასუხის განმარტებით მუშაობს ხელოსნად, ასრულებს სარემონტო სამუშაოებს და მისი შემოსავალი ყოველთვიურად, საშუალოდ, შეადგენს 500-600 ლარს. ამასთან არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ქირით.
მოსარჩელის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მოპასუხემ უძრავი ქონება შეიძინა შვილისათვის და ამ მიზნით გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. მათ ასევე განმარტეს, რომ ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში მოპასუხის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 600-700 ლარს და იგი პერიოდულად სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებს მოპასუხის უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე, მის ისეთ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომ მხოლოდ 100 ლარის გადახდა შეუძლია ორი შვილის რჩენისათვის. მოპასუხე მართალია დაოჯახებულია, მაგრამ მას რ----- ვ--–---ის და მილანა ვ--–---ას გარდა შვილები არ ჰყავს. მას ჰყავს ასაკოვანი მშობლები, მაგრამ მათ არა აქვს ჯანმრთელობის ისეთი დაავადებები, რასაც განსაკუთრებული ხასიათის მკურნალობა სჭირდება და მათ დამოუკიდებლად საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამედიცინო დოკუმენტების ასლი (ს.ფ. 47-49. ტომი 1)
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 62-63. ტომი 1)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 60. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვეის ინტრესები გათვალისწინებით ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 140-140 ლარით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების უპირატესი მნიშვნელობა აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 50-50 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს არაგონივრულად მცირე თანხაა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 140-140 ლარის გადახდა.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო ერთერთ გარემოებად იმ ფაქტს მიუთითებს, მან თავის შვილებს ნებაყოფლობით შეუძინა საცხოვრებელი ბინა 15 000 აშშ დოლარად და ამასთან გარკვეული ხარჯები გაწია ბინის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მისთვის ალიმენტი აღარ უნდა მოეთხოვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილების სარჩენად, ხოლო მშობელი მოვალეა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შესაბამისად, მშობლის საალიმენტო ვალდებულება ძალაშია შვილის სრულწლოვანებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის თანახმად, 1. ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით. 2. ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.
ალიმენტის განსაზღვრის საკითხში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებას, რადგან ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და არა ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშვის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.
ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ამდენად, საალიმენტო ვალდებულებას აქვს დროში განგრძობადი ხასიათი და მისი გადახდის ვალდებულება ერთჯერადად ვალდებულების შესრულებისკენ მიმართული ქმედებით არ სრულდება. სწორედ აქედან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის გადახდის დაკისრებას იმ შემთხვევაშიც, როცა პირი მატერიალურად ეხმარება შვილს და იხდის თანხას მისი რჩენისათვის.
მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მოპასუხემ შვილებს შეუძინა და საჩუქრად გადასცა საცხოვრებელი ბინა, თუმცა ეს გარემოება სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის და მისი შემცირების საფუძველი არ არის.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა. ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს ალიმენტის სამართლიანი ოდენობა, ის თანხა რაც ბავშვის რჩენისათვის აუცილებელია და რომლის რეალურად გადახდა მშობელს მისი უნარების და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია.
ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების უნარების და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რადგან ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის. კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზნაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების მატერიალური მდგომარეობა მძიმეა, ისინი იღებენ საარსებო შემწეობას, მოსარჩელის სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი თვეში 500 ლარსაც არ შეადგენს. ბავშვები ძირითადად მოსარჩელესთან ცხოვრობენ და იზრდებიან, რის გამოც მათ აღზრდაში ყოველდღიურად წარმოჭრილი საკითხების გადაწყვეტა მოსარჩელეს უწევს და ბავშვების ყოველდღიურ ზრუნვაში მოსარჩელე ჩართული არ არის.
ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, მოზარდი ასაკის გამო სწორი ფიზიკური განვითარების საჭიროების გამო აქვთ განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდებათ საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა ვერ მოხდება მცირედი მატერიალური დახმარებით - ყოველთვიურად 100 ლარის გადახდით, რადგან მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა ბავშვების რჩენაში რეალური წვლილის შეტანის შესაძლებელობას აძლევს მოპასუხეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა შვილებისათვის მათ რჩენაში სიმბოლური მონაწილეობაა, რაც ალიმენტის მიზანი არ არის.
მოპასუხე დასაქმებულია, არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება, შეუძლია დაეხმაროს შვილებს მატერიალურად. მას შეუძლია სტაბილურად მიიღოს შემოსავალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი დასაქმების შესაძლებლობას არ ზღუდავს.
მართალია მას ჰყავს ასაკოვანი მშობლები, რომლებსაც ასევე შვილებისგან სჭირდებათ ყურადღება და მატერიალური დახმარება, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვების უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობა. მოსარჩელის შემოსავალი მწირია, იგი სახელმწიფოსგან იღებს საარსებო შემწეობას, რაც მის უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამდენად, მოსარჩელეს მცირე შემოსავლის გამო მცირედი დახმარებით შვილების მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია.
მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობას არ ადასტურებს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. სასამართლო აღნიშნავს, შვილებისათვის საცხოვრებელი ბინის შეძენა მათ აღზრდაში და რჩენაში მნიშვნელოვანი და ღირსეული წვლილის შეტანაა, მაგრამ ეს ყოველთვიურად რჩენისათვის საჭირო თანხის მკვეთრად შემცირებისათვის საკმარისი არ არის, რადგან ბავშვებს მატერილური სიდუხჭირის გამო ესაჭიროებათ სათანადო ფინანსური დახმარება, რომლის შესაძლებლობა მოპასუხეს გააჩნია.
მოპასუხის მიერ დასახელებული ალიმენტის გონივრულობის განმსზღვრელი არ არის ის გარემოება, რომ კერძო სკოლაში (ფასიან) სკოლაში ბავშვების სწავლის აუცილებლობა არ არსებობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტებით, კერძო სკოლაში ბავშვები მთელი დღე სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ არიან და უზრუნველყოფილია ტრანსპორტით მათი გადაადგილება, რაც მისი სამუშაო რეჟიმის გამო მიზანშეწონილია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპიდან გამომდინარეობს ეს არგუმენტი და საქმის გარემოებებიდან ეს ფაქტი ვერ შეფასდება ბავშვევის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად და მათი აღზრდისათვის არააუცილებელ ხარჯს არ წარმოდგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა ყოველთვიურად 250-250 ლარი არაგონივრულია და მეტისმეტად მაღალია მოპასუხის შემოსავლების გათვალისწინებით. თავად მოსარჩელემ დაადასტურა სხდომაზე, რომ თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხის შემოსავალი 700-800 ლარი იყო, რის გამოც ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება მოპასუხის შემოსავლის არაპროპორციული თანხაა. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. მართალია იგი იღებს საარსებო შემწეობას, მაგრამ საქმის განხილვის დროს არ გამოიკვეთა რაიმე გარემოება, რაც ობიექტურ დაბრკოლებას უქმნის მოპასუხეს, რათა დასაქმდეს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი.
აღნიშნული გარემოებების გამო, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული ოდენობაა 140-140 ლარი. ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 16 მაისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელწმიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3 360 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი.
დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 100 ლარის ნაწილში რაც არის დაკისრებული თანხის 36%. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 36% არის 18 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 32 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა---- ა----------ას სარჩელი;
2. ი-–---- ვ--–---ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული რ----- ვ--–---ის და 2010 წლის 23 აპრილს დაბადებული მილანა ვ--–---ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 140 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 16 მაისიდან;
3. ი-–---- ვ--–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 32 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი