გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.02.2019
საქმის ნომერი
050210118002630591
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210118002630591

საქმე №2/1011-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.01.2019 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - ცე-----ი შვ--–--ე;

წარმომადგენელი: - მზ--------------ე;

მოპასუხეები: - სს ,,კრ----------ი’’

წარმომადგენელი: - ლა–---------------ე;

- ალ---------ე მუ--–------ა;

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს კერძო აღმასრულებელ ვა-----გ მო–------–-ს მიერ №A17127079 MR-/010/2018-02-26 დოკუმენტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთი - ბორტიანი ნახევარმისაბმელი (მარკა SCHMITZ, მოდელი SO1, სარეგისტრაციო მოწმობა LVO141467 გაცემული 08.01.2016 წელს ალ---------ე მუ--–------ას სახელზე.

 

1.2. ცე----- შვ--–--ე აღიარებულ იქნას ბორტიანი ნახევარმისაბმელის (მარკა SCHMITZ, მოდელი SO1, სარეგისტრაციო მოწმობა LVO141467 გაცემული 08.01.2016 წელს ალ---------ე მუ--–------ას სახელზე) მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ,,კრ----------ის’’ წარმომადგენელმა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

2.2. მოპასუხე ალ---------ე მუ--–------ას სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მას სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2016 წლის 03 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის თანახმად, ალ---------ე მუ--–------ამ, რომელიც შემდგომში მოხსენებულია, როგორც ,,საკუთრების მიმნდობი’’ ცე-----ი შვ--–--ეს, როგორც ,,მინდობილი მესაკუთრე’’ მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ბორტიანი ნახევარმისაბმელი (მარკა SCHMITZ, მოდელი SO1, სარეგისტრაციო მოწმობა LVO141467).

 

აღნიშნული მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება აქვს: მართოს და განკარგოს (გადაიფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს), ბორტიანი ნახევარმისაბმელი. მინდობილო გაცემული განუსაზღვრელი ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მინდობილობა.

 

3.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის ცნობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა SCHMITZ, მოდელი SO1, სარეგისტრაციო მოწმობა LVO141467. რეგისტრირებულია ალ---------ე მუ--–------ას სახელზე. დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. აღრიცხულია ყადაღა კერძო აღმასრულებელ ვა-----გ მო–------–-ს მიერ №A17127079 MR-/010/2018-02-26 დოკუმენტის საფუძველზე. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია კერძო აღმასრულებელ ვა-----გ მო–------–-ს უფლებრივი შეზღუვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის ცნობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური თუ იურიდიულ პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა. ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.......

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ნივთის განკარგვის უფლებას კანონმდებელი მის მესაკუთრეს ანიჭებს. წარმოდგენილი სარჩელის შეფასებისას, შემოწმების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, ვრცელდება თუ არა ზემოთ მითითებული ნორმები მოსარჩელის მიმართ, არის თუ არა იგი სადავო ნივთების მესაკუთრე. ამ საკითხებზე პასუხის გასაცემად სასამართლო მოიხმობს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს. კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონსს.

 

6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოვალე არის ალ---------ე მუ--–------ა, რომელსაც სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. მოვალემ ნებაყოფლობით არ გადაიხადა და შესაბამისად დაიწყო სასამართლო გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულება.

 

ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს.

 

6.4. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამდენად, ყადაღა გულისხმობს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის განხორციელებას მხოლოდ მოვალის ქონებაზე და დაუშვებელია სხვა პირის საკუთრების ობიექტი დაექვემდებაროს ყადაღის სამართლებრივ რეჟიმს. ამ მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. მართალია, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კრედიტორს გააჩნია უფლება მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადება, მაგრამ აღსრულების პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ამით არ შეილახოს მესამე პირთა უფლებები.

 

6.5. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ); სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესის მიხედვით, თუ მესამე პირი მიიჩნევს, რომ კრედიტორისა და მოვალის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მას მიადგა ზიანი, რადგან ცდომილების შედეგად დაყადაღების რეჟიმში მოექცა მის საკუთრებაში არსებული ქონება, მას აღნიშნული ნორმა აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს საკუთრების უფლების დასაცავად (იხ. სუსგ №ას-1777-1755-2011 და №ას-586-561-2015).

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავიანთ უფლებას, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშნა.

 

6.6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

მოცემულ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელ ვა-----გ მო–------–-ს მიერ მიერ დაყადაღებული იქნა ალ---------ე მუ--–------ას სახელზე რეგისტრირებული ბორტიანი ნახევარმისაბმელი.

 

ავტომანქანაზე, როგორც მოძრავ ნივთზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით დადგენილი წესები, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ წარმოადგენს სადაო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (ბორტიანი ნახევარმისაბმელი) და შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებული ნივთის რეალიზაციის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ა. მუ--–------ას ვალდებულების შესრულება მიმართ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით, ჩათვალა, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მათი საკუთრების უფლების არსებობა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ,,კრ----------ის’’ წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო, შესაბამისად, სს ,,კრ----------ი’’ თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო ალ---------ე მუ--–------ას უნდა დაეკისროს 50 ლარი ცე-----ი შვ--–--ის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ცე----- შვ--–--ის სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული იყო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა კერძო აღმასრულებელ ვა-----გ მო–------–-ს მიერ №A17127079 MR-/010/2018-02-26 დოკუმენტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთი - ბორტიანი ნახევარმისაბმელი (მარკა SCHMITZ, მოდელი SO1, სარეგისტრაციო მოწმობა LVO141467 გაცემული 08.01.2016 წელს ალ---------ე მუ--–------ას სახელზე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ცე----- შვ--–--ის სარჩელი სს ,,კერდო ბანკის’’ და ალ---------ე მუ--–------ას მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან ბორტიანი ნახევარმისაბმელი (მარკა SCHMITZ, მოდელი SO1, სარეგისტრაციო მოწმობა LVO141467 გაცემული 08.01.2016 წელს ალ---------ე მუ--–------ას სახელზე) და მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ცე-----ი შვ--–--ე;

 

3. მოპასუხე - ალ---------ე მუ--–------ას მოსარჩელის ცე-----ი შვ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე