გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2019
საქმის ნომერი
030210018002496506
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210018002496506

N2/701-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 იანვარი, 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: შპს ,,ფ---------- ს---------",წარმომადგენელი: ვ--–------- თ----------ე,მოპასუხე: მ------ კ-----–--,დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე მ------ კ-----–--ს მოსარჩელე შპს „ფ---------- ს---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2570,00 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, სარგებელი - 190 ლარი და პირგასამტეხლო - 1380 ლარი.

(იხ. დაზუსტებული მოთხოვნა - სასამართლო სხდომის ოქმი 08.01.2019).

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

2016 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე მ------ კ-----–--ს შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად, რაც შეადგენს 1190 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომლის დარიცხვა ხორციელდება სესხის დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 1,3%. მოპასუხემ არ შეასრულა მისთვის დაკისრებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. რის გამოც, მ------ კ-----–--ს დავალიანება შპს „ფ---------- ს---------ს“ მიმართ შეადგენს 2570,00 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, სარგებელი - 190 ლარი და პირგასამტეხლო - 1380 ლარი.

სასამართლოს ხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მ------ კ-----–--ს დავალიანება შპს „ფ---------- ს---------ს“ მიმართ განსაზღვრა 1990 ლარით, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, სარგებელი - 190 ლარი და პირგასამტეხლო - 800 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ ამ სესხთან დაკავშირებით გადახდილი აქვს პროცენტის სახით 1300 ლარი, ამიტომ ცნობს სესხის ძირ თანხას 1000 ლარის ოდენობით, სარგებელს 190 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლოს 25 ლარის ოდენობით, იმაზე მითითებით, რომ პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბად მაღალია და უნდა შემცირდეს 25 ლარამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე მ------ კ-----–--ს შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებელი - 190 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, ახსნა-განმარტებები, სესხის ხელშეკრულება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე უთითებს, რომ სესხთან დაკავშირებით გადახდილი აქვს პროცენტის სახით 1300 ლარი, ამიტომ ცნობს სესხის ძირ თანხას 1000 ლარის ოდენობით, სარგებელს 190 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლოს 25 ლარის ოდენობით, იმაზე მითითებით, რომ პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბად მაღალია და უნდა შემცირდეს 25 ლარამდე.

 

3.2.2. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს მოცულობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ფ---------- ს---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, მოსარჩელისაგან მიიღო 1000 ლარი ერთი თვის ვადით.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ფ---------- ს---------ს“ მოთხოვნა - მოპასუხეზე ძირი თანხის 1000 ლარის დაკისრების ნაწილში, საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოპასუხეს ხელშეკრულებით ეკისრებოდა სარგებლის გადახდის ვალდებულება, რაც მას უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხე ცნობს მოთხოვნილ პროცენტს 190 ლარის ოდენობით.

სასამართლოს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ კრედიტორს აქვს უფლება მოსთხოვოს მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 190 ლარის გადახდა, შესაბამისად მისი მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

მხარეთა მიერ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 1,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 1380 ლარის ოდენობით, რომელიც მოსარჩელის მიერ შემცირდა 800 ლარამდე, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 80 ლარამდე.

ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, ამიტომ სასამართლო ვერ იმსჯელებს სსკ-ის 268-ე მუხლის დანაწესით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მხარეს ისედაც შეუძლია მოითხოვოს მისი აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

შესაბამისად, მოპასუხე მ------ კ-----–--ს მოსარჩელე შპს „ფ---------- ს---------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე შპს „ფ--------- ს--------ს" უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 31,9 ლარი, ხოლო 16,1 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2571 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ,,ფ---------- ს---------ს" სარჩელი, მოპასუხე მ------ კ-----–--ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხე მ------ კ-----–--ს შპს „ფ---------- ს---------ს" სასარგებლოდ დაეკისროს - 1270 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, სარგებელი - 190 ლარი და პირგასამტეხლო - 80 ლარი.

3. მოსარჩელე შპს ,,ფ--------- ს--------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 31,9 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 02.06.2018, საგადასახადო დავალება N8, რეფერენსი 2072389494).

4. მოპასუხე მ------ კ-----–--ს შპს ,,ფ---------- ს---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხიდან - 2 ლარი, ხოლო 16,1 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე შოთა სირაძე