გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
330210018002392754
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე N2/10526-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ნ---- გ--–-–---–ი

წარმომადგენელი - გ-----------------ე, შ--–-- ქ--------ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს ,,ს----------–-------–------–-ა"

წარმომადგენელი - ს-------- პ-------–---–ი

დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელით) - თანხის დაკისრება

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელით) - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს „ს----------–-------–------–-ა“-ს მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4000 ლარი გადახდა.

1.2. მოპასუხე შპს „ს----------–-------–------–-ა“-ს მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 5000 ლარის ოდენობით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მხარეთა შორის 2017 წლის 07 მარტს, გაფორმდა N------- საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, კერძოდ, მ--–------–-ის დარგის სპეციფიკასთან დაკავშირებული სპეციალისტების საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 5000 ლარი (მათ შორის საშემოსავლო 1000 ლარი). აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 07 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი. მოსარჩელის განმარტებით, მან შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თუმცა სანაცვლო ვალდებულება - მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, მოპასუხე მხარეს არ შეუსრულებია, რის გამოც მომართა სასამართლოს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით განმარტა, რომ მის უფლებამოსილებაში შედიოდა რისკების აღმოჩენა, პრევენცია, დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება, ასევე ცალკეულ დავალებებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა.

 

დაზუსტებული სარჩელით, მოპასუხემ დამატებით მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე არ ასრულებს თავის ვალდებულებას მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, ხელშეკრულების 8.3 პუნქტი ითვალისწინებს, შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას 5.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 30 აპრილს, საიდანაც უნდა დაიწყოს პირგასამტეხლოს დაკისრების ვადის ათვლა (იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-მ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო.

 

მოპასუხე მხარე ადასტურებს მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადების ფაქტს, იმ პირობებით, რაც მოსარჩელემ მიუთითა სარჩელში, თუმცა უარყოფს ნ---- გ--–-–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტს. მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მეორე მხარის მიერ ვალდებულების შესრულების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან მხარეთა შორის, ხელშეკრულების საფუზველზე უნდა შედგენილიყო მიღება-ჩაბარების აქტი. ვინაიდან ასეთი აქტი არ არსებობს, შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიუწოდებია რა მომსახურება, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე შესაგებელში ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 07 მარტის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ზ------------ს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გაფორმდა N------- ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა.

მოპასუხემ დაზუსტებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითაც არ ცნო სარჩელი და კვლავაც მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, შესაბამისად, მას არ წარმოეშობოდა თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე ნ---- გ--–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 3050 ლარის ოდენობით.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

2017 წლის 07 მარტს შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-სა და ფიზიკურ პირს ნ---- გ--–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 3------. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 5000 ლარით (მათ შორის 1000 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). ხელშეკრულების თანახმად ერთი თვის მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2500 ლარს (მათ შორის საშემოსავლო 500 ლარი). შპს „ს----------–-------–------–-ის“ განმარტებით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა N----ე დადგენილებაში შპს „ს----------–-------–------–-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული მომსახურების კოდი 8-ის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურება გათვალისწინებული იყო საფინანსო-ეკონომიკური სამსახურისათვის კომპანიის წინაშე მდგარი რისკების გამოვლენის უზრუნველყოფის მიზნით.

მხარეთა შორის, 2017 წლის 07 მარტს, გაფორმდა ხელშეკრულება N-------, რომლის თანახმადაც ნ---- გ--–-–---–ი ვალდებული იყო შეესრულებინა საკონსულტაციო მომსახურება შპს „ს----------–-------–------–-ის“ საფინანსო-ეკონომიკური სამსახურისათვის კომპანიის წინაშე მდგარი რისკების გამოვლენის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე შეესრულებინა „შემსყიდველის“ მიერ გაცემული ცალკეული დავალებები ხოლო, თავის მხრივ, შპს „ს----------–-------–------–-ა“ ვალდებული იყო აენაზღაურებინა „მიმწოდებლისათვის“ გაწეული მომსახურების ღირებულება.

ნ---- გ--–-–---–ის მიერ, არ მომხდარა 2017 წლის 07 მარტს გაფორმებული N------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.

მოპასუხის განმარტებით, ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით. ნ---- გ--–-–---–ს შპს „ს----------–-------–------–-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 61 დღეზე, დღეში 50 ლარის ოდენობით 2017 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, რაც შეადგენს 3050 ლარს (იხ. შეგებებული სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

მოსარჩელემ მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე 2018 წლის 04 ოქტომბერს წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ სცნო შეგებებულ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა. ნ---- გ--–-–---–მა განმარტა, რომ ის პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობა არ ადასტურებს მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას. მანვე მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი არ აკონკრეტებს თუ რომელი ვალდებულება არ შეასრულა მოსარჩელემ და რა ზიანი განიცდა მან აღნიშნული შეუსრულებლობით. მოსარჩელე მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ამავდროულად აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იმდენად რამდენადაც ის 400%-ით აღემატება ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას (იხ. შეგებებული სარჩელის შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოცემულ საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 07 მარტს ერთის მხრივ შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს და მეორეს მხრივ ნ---- გ--–-–---–ს შორის გაფორმდა N------- ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა N--- დადგენილებაში ,,შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული მომსახურების კოდი 8-ის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 50000 ლარს (მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 1000 ლარი). ხოლო 2.2 მუხლი კი ადგენდა, რომ 1 (ერთი) თვეში გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენს 2500 ლარს (მათ შორის საშემოსავლო 500 ლარი).

 

ხელშეკრულების 5.2 მუხლით მიმწოდებელს გასაწევი მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, ყოველი თვის ბოლოს გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 07 მარტის ხელშეკრულება N------- (ს.ფ 15-17)

 

4.2. მხარეებს შორის 2017 წლის 07 მარტს გაფორმებული N------- ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო:

- გაეწია მომსახურება შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

- შეესრულებინა შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებები, უზრუნველყო კომპანიის წინაშე მდგრადი რისკების გამოვლენა, ემოქმედა მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის გენერალური დირექტორის ცალკეული დავალებებით;

- საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო გაწეული მომსახურების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა;

- დაეცვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 3.1 პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ასეთ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

 

8.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

 

8.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოცემულ მომენტში გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულება ძალაში იყო მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 07 მარტის ხელშეკრულება N------- (ს.ფ 15-17)

 

4.3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, მხარეებს შორის არსებობდა იმავე ხელშეკრულების საგანზე სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, იმის თაობაზე, რომ ნ---- გ--–-–---–ის მიერ სრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის N------- ხელშეკრულება (ს.ფ. 42-44)

- 2016 წლის 21 სექტემბრის N------- ხელშეკრულება (ს.ფ. 164-166);

- 2016 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების ოქმი N- (ს.ფ 167);

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 168-170; 174-175; 179-180);

- 2016 წლის 30 დეკემბრის N-------- ხელშეკრულება (ს.ფ 171-173);

- 2016 წლის 22 ნოემბრის N------- ხელშეკრულება (ს.ფ 176-178);

4.4. 2017 წლის 07 ივნისის მოხსენებითი ბარათით შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა მიმართა, შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ გენერალურ დირექტორს და განმარტა, რომ ამოიწურა ნ---- გ--–-–---–თან 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N-------- ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურეობის ვადა და ითხოვა მისი თანხმობის შემთხვევაში დადებულიყო აღნიშნულ პირთან ახალი ხელშეკრულება, იგივე პირობებით, 2 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.03.2017 წლის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ 18)

4.5. 2017 წლის 07 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 4000 ლარის ოდენობით, შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ მიერ ნ---- გ--–-–---–ისათვის არ არის ანაზღაურებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ 18)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე მუხლები

საქართველოს შრომის კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

 

ამავე მუხლის 11 ნაწილით კი, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

 

ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით.

 

2017 წლის 07 მარტს ერთის მხრივ შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს და მეორეს მხრივ ნ---- გ--–-–---–ს შორის გაფორმდა N------- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა N--- დადგენილებაში ,,შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული მომსახურების კოდი 8-ის შესაბამისად.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ.

 

წინამდებარე დავის საგანს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება და განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაო, ასევე, ანაზღაურების ოდენობა, რომელიც დასაქმებულმა შეასრულა ჯეროვნად, თუმცა დამსაქმებელს არ აუნაზღაურებია ხელფასი. თავის მხრივ, მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებები არის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ, როგორც მენარდემ, არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

 

7.2 მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობისა და შრომის ხელშეკრულებები სხვადასხვა სამართლებრივი კატეგორიაა მათთვის დამახასიათებელი და ერთმანეთისგან განსხვავებული ნორმატიული შინაარსით, მათი ურთიერთგამიჯვნისათვის კი, საყურადღებოა შემდეგი არგუმენტები, სახელდობრ: ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი (რეზულტატი), იგი ორიენტირებულია კონკრეტული შედეგის მიღწევაზე, რომელშიც სამუშაოს შესრულების პროცესს ნაკლები ყურადღება ექცევა. შრომის ხელშეკრულებით კი, მუშაკი ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ სამუშაოს შედეგი, არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების საგანს, უკეთუ განსხვავებით ნარდობისაგან, შრომის ხელშეკრულებით სამუშაოს შედეგის (რეზულტატის) გადაცემა არ ხდება. ამასთან, დასახელებული ურთიერთობის გამიჯვნა შესაძლებელია ისეთი კრიტერიუმის საფუძველზე, როგორიცაა სამუშაოს ერთჯერადი ხასიათი, ერთი კონკრეტული შედეგი, რომლის დადგომისთანავე ხელშეკრულება წყდება (ნარდობის ხელშეკრულება); საყურადღებო და ხაზგასასმელია ურთიერთობის მონაწილეთა დამოკიდებულება, კერძოდ, შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელია სუბორდინაციული და იერარქიული ურთიერთობები, ხოლო ნარდობის ხელშეკრულების დროს დაქვემდებარების ფაქტორი არ წარმოიშობა და მხარეები თანასწორუფლებიან მდგომარეობაში იმყოფებიან, რასაც არა მარტო ხელშეკრულების დადების, არამედ მთელი პროცესის ხასიათიც ადასტურებს, ე.ი მენარდესა და შემკვეთს შორის არ არსებობს იერარქიისა და სუბორდინაციის რეჟიმი. მისი ანგარიშვალდებულება გამოიხატება შეკვეთილი სამუშაოს საბოლოო შედეგის (რეზულტატის) სახით მიწოდებით. რეზულტატის დადგომის დღემდე შემკვეთი, არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს, კონტროლი გაუწიოს მენარდის მუშაობის პროცესს, სამუშაო რეჟიმს. მენარდეს აქვს ავტონომია და მისი მოქმედების თავისუფლების ხარისხიც, დასაქმებულთან შედარებით, მაღალია. ამავდროულად, შრომის ხელშეკრულების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სამუშაოს შესრულება პირადად დასაქმებულის მიერ, გარდა გამონაკლისი სპეციალური შეთანხმებისა (შრომის კოდექსის მე-10 მუხლი), ხოლო ნარდობის ხელშეკრულება, თუ ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, ითვალისწინებს მის შესრულებას მესამე პირის მიერაც (სამოქალაქო კოდექსის 371-ე, 632-ე მუხლები).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 07 მარტის N------- ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ ადგენს, რომ იგი უფრო მეტად მოიცავს შრომითი ურთიერთობისათის დამახასიათებელ ნიშნებს, ვიდრე ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით (განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს 2013 წლის 04 ივლისიდან მოქმედი რედაქციით).

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა განსაზღვრული ვადით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით. მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია შრომის ანაზღაურება. მოპასუხე მხარის განმარტებით მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

7.3 სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (მომსახურების გაწევა) შესრულდა, ხოლო მოპასუხის სამტკიცებელი იყო, რომ დასაქმებულის მიერ ვალდებულება არ განხორციელებულა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნევს, რომ ნ---- გ--–-–---–ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულია. უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, დასაქმებულის უფლება-მოვალეობებზე, მიმწოდებელი ვალდებული იყო - შეესრულებინა შემსყიდველის (მოპასუხის) მიერ გაცემული დავალებები, უზრუნველყო კომპანიის წინაშე მდგრადი რისკების გამოვლენა, ემოქმედა მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის გენერალური დირექტორის ცალკეული დავალებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დასაქმებულმა მიიღო დავალება და არ შეასრულა. ასევე, სასამართლო უთითებს, რომ შესაძლებელია დამსაქმებელს მდგრადი რისკები არ გამოუვლენია, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მან პრევენცია განახორციელა, რათა კომპანიისათვის უარყოფითი შედეგი (მდგარი რისკი) არ დამდგარიყო.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასაქმებული სამსახურში დადიოდა. მოპასუხის მითითება, რომ სადავო პერიოდში მხოლოდ მარტში იყო გამოცხადებული, მტკიცების ტვირთის გადანაწილებიდან გამომდინარე არ დადასტურდა. ამასთან, თვეში გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2500 ლარს (მათ შორის საშემოსავლო 500 ლარი), ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი განსაზღვრული იყო 5000 ლარით და ხელშეკრულების პერიოდში დასაქმებული კომპანიის სასარგებლოდ ერთ მომსახურებას გაწევდა თუ რამდენიმეს მნიშვნელობა არ ჰქონდა (აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის).

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---- გ--–-–---–ის მიერ ვალდებულება შესრულებულია - მომსახურება გაწეულია, ამასთან, მოსარჩელე მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა, რაც ასევე ადასტურებს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ დახარჯული სამუშაო დროის ანაზღაურება.

 

7.4 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. გამორიცხულია იმსჯელო შრომის თავისუფლებაზე, ისეთ პირობებში როდესაც გარანტირებული არ იქნებოდა შრომის შესრულებისათვის შესაბამისი ანაზღაურების უფლება. ზედმეტია საუბარი თავისუფლებაზე, თუ ის გამყარებული არ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტით - გასამრჯელოს მიღების უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ანუ, ყოველი გაწეული შრომა, უპირობოდ გულისხმობს ანაზღაურებასაც. ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სამართალწარმოებაც უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით თუ რამდენად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ჯერ შესაბამისი სადავო პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების გარემოება, შემდეგომ შრომის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობის გარემოება;

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით, ასევე სასამართლოში სამართალწარმოების დროს მიღებული მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ცალსახად დადგენილია გარემოება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს სადავო პერიოდში გაწეული შრომისათვის, შესაბამისი უკუგება შრომის ანაზღაურების სახით არ განხორციელებულა. ეს გარემოება, ცალსახად სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას განაპირობებს.

 

7.5 სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულება არ შეასრულა, რის საფუძველზეც ნ---- გ--–-–---–ს წარმოეშვა 2017 წლის 07 მარტს დადებული ხელშეკრულების 8.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

 

თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---- გ--–-–---–ის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 5000 ლარი დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, 500 ლარამდე.

 

7.6 შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ ფაქტობრივ სინამდვილის გათვალისწინებით, ნ---- გ--–-–---–ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. ნ---- გ--–-–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით ჯამურად გადახდილი იქნა 195 ლარი, თუმცა დავის საგნიდან გამომდინარე მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 270 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს ნ---- გ--–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 135 ლარის ანაზღაურება. ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარჩენილი გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც შეადგენს 75 ლარს.

 

რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

 

მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

რაც შეეხება საადვოკატო მომსახურების ხარჯს, საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით პირადი ანგარიშიდან მართალია დგინდება მოსარჩელის წარმომადგენელზე 500 ლარის ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა სასამართლოსთვის უცნობია, აღნიშნული თანხა, როგორც საადვოკატო მომსახურების ღირებულება, ეხება თუ არა მოცემულ სამოქალაქო საქმეს, მით უმეტეს, რომ იმავე თარიღიც ფიქსირდება უშუალოდ მოსარჩელის მიერ ადვოკატის ანგარიშიდან თანხის გატანა 500 ევროს ოდენობით. ამდენად, აღნიშნული ტრანზაქციებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურების თანხის გადახდის ფაქტი, რომელიც შეეხება განსახილველ საქმეს და შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს.

 

8.2 შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის, შპს ,,ს----------–-------–------–-ას“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ---- გ--–-–---–ის (პ/ნ N-----------) სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს (ს/ნ N2--------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ნ---- გ--–-–---–ის (პ/ნ N-----------) სასარგებლოდ დაეკისროს 4000 ლარის, ასევე შემცირებული პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა.

 

2. შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს შეგებებული სარჩელი ნ---- გ--–-–---–ის მიმართ თანხის 3050 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის მიერ 2018 წლის 05 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის, ასევე 2018 წლის 25 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ნ---- გ--–-–---–ის (პ/ნ N-----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 135 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ნ---- გ--–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარის გადახდა (სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი).

 

6. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ნ---- გ--–-–---–ის (პ/ნ N-----------) შუამდგომლობა იურიდიული მომსახურებისთვის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

7. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ა“-ს მიერ 2018 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე