გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1947-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ვ---------–----ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ე-----–------------ე
მესამე პირი - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ა----------ე
დავის საგანი - თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის დაბრუნება.
2. მოპასუხეების პოზიცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 მარტის განაჩენით ვ---------–----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი (შპს „ა-----–--ი 2008“-ს ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით; ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი (შპს „ლ----- +“-ს ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით; ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი (შპს „ახალი პ---------ს“ ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 200 000 ლარი ოდენობით; ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი (შპს „ა-----------ი XXI“-ს ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლის ვადით; ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი (შპს „ფ-------ი 2003“-ს ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით; ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი (შპს „---------–--- 2009“-ს ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ვ---------–----ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენი №1--------- საქმეზე (ტ.I, ს.ფ.14-21).
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 მარტის განაჩენი ვ---------–----ემ გაასაჩივრა და ითხოვა ნაწილობრივ გამართლება. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განჩინების გამოტანის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ვ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ა-----–--ი 2008“-ს ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 200 000 ლარი; ვ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ლ----- +“ ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 5 თვე უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 7 თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, უნდა ჩაეთვლილიყო პირობით; ვ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (შპს ახალი პ---------” ეპიზოდი) სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 200 000 ლარი; ვ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ა-----------ი XXI“ ეპიზოდი) სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 5 თვე უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 7 თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, უნდა ჩათვლილიყო პირობით; ვ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-------ი 2003”-ს ეპიზოდი) სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 200000 ლარი; ვ---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „---------–--- 2009”-ს ეპიზოდი) სასჯელის ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 3 თვე უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 9 თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩათვლილიყო პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ---------–----ეს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 9 წელი და 11 თვე უნდა ჩათვლილიყო პირობით 10 წლის და 11 თვის გამოსაცდელი ვადით, ჯარიმა 600 000 ლარი; ვ---------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 16 ივნისიდან; ვ---------–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია; ვ---------–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრი პერიოდში დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენი №1--------- საქმეზე (ტ. I, ს.ფ.14-21).
4.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 20 მაისის №4---- წერილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 12 ივლისს გაცემული №1--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მოთხოვნის საფუძველზე ვ---------–----ეს დაეკისრა ჯარიმა 600 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული თანხა გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2010 წლის 13 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 20 მაისის №4---- წერილი (ტ. I, ს.ფ. 22-23).
4.4. ვ---------–----ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2010 წლის 15 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება №2138/1944 საქმეზე (ტ.I, ს.ფ.24-27).
4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ---------–----ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. მსჯავრდებული ვ---------–----ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის Nო1/3-693-10 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (შპს „ლ----- +“-ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ა-----------ი 21“-ს ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „---------–--- 2009“-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები (მათ შორის რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) განახევრდა და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 (ექვსი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება №2138/1944 საქმეზე (ტ.I, ს.ფ.24-27).
4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ---------–----ემ, რომელმაც 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის დადგენა შთანთქმის პრინციპით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს №1ა/გ-1830-13 განაჩენით მსჯავრდებულ ვ---------–----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში შეტანილ იქნა ცვლილება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ლ----- +“-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ (საიდანაც 2 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 9 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით) შთანთქა ამავე მუხლით (შპს „ა-----------ი XXI“-ს ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „---------–--- 2009”-ს ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) 1 წელი და 6 თვე (საიდანაც 1 თვე, 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით), ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი ჯარიმა 200 000 ლარი და საბოლოოდ მსჯავრდებულ ვ---------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (რაც უკვე მოხდილი აქვს), ხოლო 1 წელი, 9 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, 4 თვე და 15 დღე.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე, კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი №1ა/გ-1830-13 საქმეზე (ტ.I, ს.ფ.28-32).
4.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულმა ვ---------–----ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითება გადახდილი ჯარიმის - 600 000 ლარის დაბრუნების თაობაზე; სააღსრულებო ფურცლის გაცემა და სააღსრულებო ბიუროსათვის გადაგზავნა. ამასთან, მიუთითა, რომ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე, 260-ე, 274-ე, 280-ე და 310-ე მუხლების მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის №1191აგ-13 განაჩენით ვ---------–----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატამ იმსჯელა კასატორის მითითებაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების (სსსკ-ის 259-ე, 260-ე, 274-ე, 280-ე და 310-ე მუხლები) არსებითად დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობასა და უსამართლობაზე აპელირება უსაფუძვლოა, ვინაიდან ვ---------–----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მას სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების შესაბამისად, რის თაობაზეც დასაბუთება მოცემულია განაჩენის სამოტივაციო ნაწილში. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ არის აღნიშნული გადახდილი ჯარიმის დაბრუნების თაობაზე, რაც მისი მოსაზრებით წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი საფუძვლების შესაბამისად გადახდილი ჯარიმის მსჯავრდებულისათვის დაბრუნების მექანიზმს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევაზე მითითება უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა, ვინაიდან ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმა აღსრულებული სასჯელის - გადახდილი ჯარიმის მსჯავრდებულისათვის უკან დაბრუნების მიზნით სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ---------–----ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნები არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების კანონით დადგენილ საფუძვლებს, რის გამოც იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განაჩენით №1191აგ-13 საქმეზე (ტ. I, ს.ფ.33-34).
4.8. 2014 წლის 9 ივლისს ვ---------–----ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს და მოითხოვა 2010 წლის 13 აგვისტოს №4---- საგადასახადო დავალებით სს „კ---------------------------“ სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდზე 3-------- გადახდილი ვ---------–----ის ჯარიმის თანხა 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი დაბრუნება და ჩარიცხვა თანდართულ საბანკო ანგარიშზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2014 წლის 22 ივლისის №1------- წერილით ვ---------–----ეს ეცნობა, რომ წერილში აღნიშნული თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით განემარტა, რომ უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ასევე დაუბრუნდა წარდგენილი დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ---------–----ის 2014 წლის 9 ივლისის განცხადება (ტ.I, ს.ფ.35-37);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2014 წლის 22 ივლისის №1------- წერილი (ტ.I, ს.ფ.46).
4.9. ვ---------–----ემ 2014 წლის 11 აგვისტოს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და მოითხოვა დაევალოს სახაზინო სამსახურს 2010 წლის 13 აგვისტოს №4---- საგადასახადო დავალებით სს „კ---------------------------“ სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდზე 3-------- გადახდილი ვ---------–----ის ჯარიმის თანხა 600 000 ლარი დაუბრუნდეს ვ---------–----ეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 5 სექტემბრის №2-- ბრძანებით ვ---------–----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ---------–----ის 2014 წლის 11 აგვისტოს საჩივარი (ტ.I, ს.ფ.47-49);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 5 სექტემბრის №2-- ბრძანება (ტ.I, ს.ფ.50-53).
4.10. 2014 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ---------–----ემ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2014 წლის 22 ივლისის №1------- გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის №2-- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის ზედმეტად გადახდილი 600 000 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინების საფუძველზე მოსარჩელე ვ---------–----ის სარჩელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2014 წლის 22 ივლისის №1------- გადაწყვეტილებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის №2-- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ამავე სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა - მოითხოვა, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს სახაზინო სამსახურს ვ---------–----ის მიერ როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის უკან - ვ---------–----ისთვის დაბრუნება.
„სარჩელის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „სარჩელის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება №3/3708-14 საქმეზე (ტ.II, ს.ფ.41-44);
- „საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება №3/3708-14 საქმეზე (ტ.II, ს.ფ.45-47);
- ვ---------–----ის2014 წლის 23 დეკემბრის განცხადება (ტ.II, ს.ფ.53).
4.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (№2--------- საქმეზე) ვ---------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვ---------–----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით (№2ბ/3527-16 საქმეზე).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
აღნიშნული განჩინების თანახმად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ თანხა, რომლის დაკისრებასაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეზე, გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების მიზნით (ჯარიმის თანხა). შესაბამისად, მოცემული დავა მატერიალური თვალსაზრისით, კერძო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით შემოწმებას ექვემდებარება სწორედ ადმინისტრაციული წესით. სარჩელის სამართლებრივი საფუძველი თანხის უკან დაბრუნების შესახებ არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რამდენადაც შესამოწმებელია განაჩენის აღსრულების საკითხი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამოქალაქო კანონმდებლობასთან.
„სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესაბამისად, გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით (№3ბ/2870-17 საქმეზე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ---------–----ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა განსჯად სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
გადაწყვეტილების თანახმად, იმისათვის, რომ დაცული იქნას მოდავე მხარეთა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მართლმსაჯულების განხორციელების მართლზომიერი სასამართლო კომპეტენცია, მოდავე მხარეებს არ შეეზღუდოთ სადავო უფლების დაცვის ინსტანციური მართლმსაჯულებითი შესაძლებლობები და არ დაირღვეს განსჯად სასამართლოთა კომპეტენციის თანმიმდევრულობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, განსჯადობის წესის დაცვით უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება №2--------- საქმეზე (ტ.I, ს.ფ.118-123);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით №2ბ/3527-16 საქმეზე (ტ.II, ს.ფ.71-81);
- საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება №ას-665-621-2017 საქმეზე (ტ.II, ს.ფ.123-129);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №ას-665-621-2017 საქმეზე (ტ.II, ს.ფ.135-145);
- „სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება №2ბ/6136-17 საქმეზე (ტ.II, ს.ფ.150-156);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით №3ბ/2870-17 საქმეზე (ტ.III, ს.ფ.35-44).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №3-- დადგენილება; „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №1-- დადგენილება; „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №9-- ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი მოქმედების განხორციელების თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმაა, რომლითაც შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ზომების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია რეალაქტის განხორციელებისაკენ, რომელიც უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, დაცულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დასაშვებობის წინაპირობა. მოსარჩელეს ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა ქმედების განხორციელებაზე, რაც ზიანს აყენებს მას.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ვ---------–----ის მიერ გადახდილი 600 000 ლარის დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, სასამართლომ შთანთქმის პრინციპის საფუძველზე მის მიმართ გამოიყენა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა და არა ჯარიმა, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა წარმოადგენს ზედმეტად და უსაფუძვლოდ გადახდილ თანხას, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად განსახილველ მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.
6.2. მხარეთა შორის სადავოა როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, ისე _ სამართლის ნორმების გამოყენების საკითხი, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომებზე არაერთხელ განმარტა, რომ იგი ითხოვს არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ _ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნებას.
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ უსაფუძვლო გამდიდრების წესებზე, კერძოდ _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლის შერჩევისას სასამართლო არ არის შებოჭილი მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით და იგი თავად ანიჭებს კვალიფიკაციას საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის და იურიდიული ინტერესის შესაბამისად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები საქმეებზე: 14.03.2005 განჩინება #ას-973-1208-04, 28.12.2010წ. #ას-877-825-2010 გადაწყვეტილება, 25.03.2013 #ას-1350-1275-2012 განჩინება, 25.09.2015 #ას-641-607-2015 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხის დაბრუნებას, რომლის გადახდის საფუძველიც, მოსარჩელის თქმით, თანხის გადახდის შემდგომ გაუქმდა და აღარ არსებობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ვ---------–----ის მიერ საქართელოს ფინანსთა სამინისტროსთვის მიმართვის პერიოდში მოქმედი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №3-- დადგენილების მე-3 მუხლის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტების, ისე _ ამჟამად მოქმედი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №1-- დადგენილების მე-3 მუხლის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციებში შედის ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მნიშნელოვანი როლი აკისრია სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების პროცესში, რომელიც, ასევე, მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების უზრუნველყოფის საკითხსაც. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ არის სათანადო მოპასუხე აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაში. ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფაც სწორედ მის უფლებამოსილებებს განეკუთვნება.
საქართველოს ბიუჯეტის კოდექსის 181 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების და შემოსულობის სხვა სახეში გადატანის, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №9-- ბრძანების მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებულის თანხების ფარგლებში. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ: ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია; ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობისთვის, ზემოთ მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის თანახმად, სავალდებულოა შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: (1) აღნიშნული თანხა უნდა იყოს ზედმეტად, საფუძვლის გარეშე გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში; (2) თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით პირმა წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს; (3) წარდგენილ უნდა იქნეს ასევე აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური; (4) არ უნდა არსებობდეს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №9-- ბრძანების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წინაპირობები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ---------–----ის მიერ გადახდილ 600 000 ლარს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე. შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილ თანხად სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც მოსარჩელისათვის წარმოშობს აღნიშნული თანხის დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში შეტანილ იქნა ცვლილება. შპს „ლ----- +“-ს ეპიზოდზე დანიშნულმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) შთანთქა ამავე მუხლით დანიშნული შპს „ა-----------ი XXI“-ს, შპს „---------–--- 2009”-ს ეპიზოდებზე დანიშნული სასჯელები და ასევე, შპს „ა-----–--ი 2008“, შპს „ახალი პ---------“ და შპს „ფ-------ი 2003“ ეპიზოდებში განსაზღვრული ჯარიმა და საბოლოოდ მსჯავრდებულ ვ---------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (რაც უკვე მოხდილი აქვს), ხოლო 1 წელი, 9 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, 4 თვე და 15 დღე.
ამგვარად, აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა აღარ მოიცავს ჯარიმის სახით დაკისრებულ სასჯელს.
სასამართლო ვერ იმსჯელებს მესამე პირის _ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის არგუმენტზე იმასთან დაკავშირებით, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება არ შეიძლება, გავრცელდეს ჯარიმის სახით დაკისრებულ, უკვე აღსრულებულ სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ არგუმენტის შეფასება ვერ მოხდება წინამდებარე დავის განხილვის ფარგლებში. ამ არგუმენტზე მსჯელობის უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ სისხლის სამართლის სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ნათლად არის მითითებული, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანაშაულის სამი ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი ჯარიმა (თითოეული ეპიზოდისთვის 200 000 ლარი). შედეგად, სარეზოლუციო ნაწილით ხელახლა განისაზღვრა საბოლოო სასჯელის სახე და ზომა: „2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (რაც უკვე მოხდილი აქვს), ხოლო 1 წელი, 9 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, 4 თვე და 15 დღე“.
მოცემული განაჩენის გამოტანისას ჯარიმის სახით დაკისრებული სასჯელი უკვე აღსრულებული იყო (ჯარიმა 600 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 2010 წლის 13 აგვისტოს). მიუხედავად ამისა, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად სასამართლო არ მოიხსენიებს თუნდაც უკვე გადახდილ ჯარიმას, როგორც უკვე აღსრულებულ, მოხდილ სასჯელს. აღნიშნულმა განაჩენმა სასჯელის დანიშვნის ნაწილში ჩაანაცვლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება. სასჯელის დანიშვნის ნაწილში მათი სამართლებრივი მოქმედება შეწყდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენის ამოქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამდენად, მოცემული ნორმების საფუძველზე ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის განხილვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, ამსუბუქებს თუ არა უკუძალის გამოყენების შემთხვევაში ახალი ნორმის მოქმედება მსჯავრდებულის მდგომარეობას. ჯარიმის სახით დაკისრებული სასჯელის შთანთქმის წინაპირობების არსებობის, ასევე უკვე გადახდილ ჯარიმაზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გავრცელების მართებულობის საკითხის შეფასება ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. რადგანაც სასამართლომ კანონის უკუძალა გაავრცელა უკვე გადახდილ ჯარიმაზე, ე. ი. მან ჩათვალა, რომ ახალი საკანონმდებლო ნორმის მოქმედებას ამ მხრივ უნდა გაეუმჯობესებინა მსჯავრდებულის მდგომარეობა. შედეგად, საბოლოო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა აღარ ფიგურირებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მდგომარეობით აღარ არსებობს ჯარიმის გადახდის ვალდებულების დამდგენი სამართლებრივი ძალის მქონე, მოქმედი სასამართლო განაჩენი. წინამდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავის განხილვის მიზნებისთვის სწორედ ეს მოცემულობაა გადამწყვეტი, და არა _ ზოგადად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მოხდილი სასჯელის მიმართ შთანთქმის წესის გავრცელების მართებულობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის და მესამე პირის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც წარსულში ჯარიმის გადახდა მოხდა მოქმედი განაჩენის საფუძველზე, ჯარიმა უსაფუძვლოდ გადახდილად ვერ ჩაითვლება. ეს მოსაზრება მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით ჯარიმის სახით დაკისრებული სასჯელის ჩანაცვლება არ მოხდებოდა ახალი განაჩენით დაკისრებული საბოლოო განაჩენით და თუკი ახალ განაჩენში არ იქნებოდა ასახული დასკვნა ჯარიმის სახით დაკისრებული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შთანთქმაზე. თუმცა, როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, განაჩენში პირდაპირ არის მითითებული, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ჯარიმის სახით დაკისრებული სასჯელი, ხოლო საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულ სასჯელში ჯარიმა სრულებით აღარ ფიგურირებს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ჯარიმის სახით დაკისრებული სასჯელი შთანთქმის შედეგად ფაქტობრივად გაუქმდა და ამოირიცხა დანიშნული საბოლოო სასჯელიდან.
ნიშანდობლივია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლი საქმეთა პალატის მსჯელობა ვ---------–----ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სადაც იგი ითხოვდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში გადახდილი ჯარიმის დაბრუნების შესახებ დასკვნის ასახვას. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ 2014 წლის 28 მარტის განაჩენს ვ---------–----ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საფუძვლად დაედო არა ის არგუმენტი, რომ ვ---------–----ის მიერ გადახდილი ჯარიმის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, არამედ ის, რომ კანონიერი საფუძვლების შესაბამისად გადახდილი ჯარიმის მსჯავრდებულისათვის დაბრუნების მექანიზმს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს პროცედურას.
ამგვარად, დასკვნის სახით სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეისათვის არსებული მოცემულობით, აღარ არსებობს ამჟამად მოქმედი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ვ---------–----ის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის გადახდის საფუძველს წარმოშობს. შესაბამისად, თანხა უნდა ჩაითვალოს უსაფუძვლოდ გადახდილად და იგი უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
ზემოთ დასახელებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სავალდებულო დანაწესად ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტურის წარდგენას. ასეთი თანხმობა მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი და ვერც იქნებოდა, რადგანაც თანხა გადახდილი იყო განაჩენის საფუძველზე, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო განაჩენში თანხის დაბრუნების პროცედურის თაობაზე მითითება არ ყოფილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან საჯარო კანონმდებლობა არ მოიცავს პირდაპირ დანაწესს სისხლის სამართლის საქმეზე გადახდილი ჯარიმის საფუძვლის გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს უპირველეს ყოვლისა, საჯარო სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპით, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია, სახელმწიფომ დაუშვას პირის ქონების ხარჯზე სახელმწიფო ქონების გაზრდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
ამგვარად, კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს - საჯარო ინტერესებს. ასევე ადგენს, რომ შეზღუდვის საფუძველი პირდაპირ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი და რაც მთავარია, შეზღუდვით არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - საჯარო ინტერესს, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმის განმარტება უნდა მოხდეს კონსტიტუციური მართლწესრიგით განმტკიცებული ღირებულებების ფარგლებში. კანონის შინაარსი უნდა განიმარტოს კონსტიტუციის ,,შუქქვეშ“, ძირითადი კონსტიტუციური დანაწესების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის გადახდის სამართლებრივი საფუძველი მოგვიანებით გაუქმდა. შესაბამისად, მისი კუთვნილი ქონებრივი სიკეთე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნების წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში მასში აღნიშნული ფორმალური წინაპირობა _ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა არ გააჩნია მოსარჩელეს, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, არ არსებობს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული წესი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი აღნიშნული ფორმალური წინაპირობა არ შეიძლება, გახდეს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი, როდესაც საქმის გარემოებებით დგინდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადახდის სამართლებრივად მოქმედი საფუძველი აღარ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა სრულად ასაბუთებს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების აუცილებლობას. ამასთან, სასამართლო დამატებით სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მოიცავს სამართლებრივ საფუძველს ისეთი ურთიერთობისთვის, როდესაც სხვისი (ვითომ-კრედიტორის) ქონების გაზრდა მოხდა მიზანმიმართულად, ვალდებულების შესრულების მიზნით, თუმცა, ეს ვალდებულება ან იმთავითვე არ არსებობდა, მოგვიანებით გაუქმდა ან რაიმე საფუძვლით ბათილია (შესრულების კონდიქცია). ასეთ დროს უკვე განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნებისთვის აღარ არსებობს სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გამოიყენება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის გადამწყვეტია მოპასუხის გამდიდრების კომპონენტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი და მათ შორის უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთი სახე - შესრულების კონდიქცია, ემსახურება უსაფუძვლოდ, „სხვის ხარჯზე“ გამდიდრებული პირის მიერ მიღებული ქონებრივი ნამატის ამოღებას, უკუქცევას. ანუ თანხის დაკისრება ამ შემთხვევაში ხდება არა იმ ზიანის გაანგარიშებით, რაც ხარჯების გამწევმა პირმა განიცადა, არამედ - იმ გაუმჯობესების, იმ ქონებრივი სიკეთის მიხედვით, რომელიც გამდიდრებულმა პირმა მიიღო მის ხარჯზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმის გამოყენება განსახილველი დავის მიმართ შესაძლებელია დამატებითი სამართლებრივი საფუძვლის სახით, რადგანაც ეს ნორმა აკონკრეტებს უსაფუძვლოდ განხორციელებული შესრულების უკუქცევის წესს, რაც არ ეწინააღმდეგებასრულ თანხვედრაშია ასევე საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპთან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის და მესამე პირის წარმომადგენლების არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვის საფუძველი არ იყო კერძო-სამართლებრივი შინაარსის, დაუშვებელია ამ ურთიერთობის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენება. სასამართლო პრაქტიკაში, კერძოდ _ ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებობს სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენების გამოცდილება, არა მხოლოდ სახელშეკრულებო კატეგორიის ურთიერთობების მიმართ, არამედ _ ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც თანხის გადახდის საფუძველი საჯარო-სამართლებრივი შინაარსისაა, მაგალითად _ სოციალური პაკეტის მიმღებისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ მოთხოვნებზე, უკანონოდ გაცემული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში დაბრუნებაზე (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის #3/2956-16 გადაწყვეტილება, ამავე კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის #3/2141-18 გადაწყვეტილება). ამდენად, საჯარო-სამართლებრივი საფუძვლით განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნებაზე შესაძლებელია, გავრცელდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, თუკი ვალდებულება არ წარმოშობილა, არ არსებობს, ან შეწყდა შემდგომში.
უნდა აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ სამოქალაქო კოდექსის ნორმები მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოიყენება დამატებითი სამართლებრივი საფუძვლის სახით. ძირითადად კი, სასამართლო ეყრდნობა საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპს, საკუთრების უფლების კანონიერი საფუძვლის გარეშე შეზღუდვის აკრძალვის საკონსტიტუციო დანაწესს და სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების კანონით დადგენილ წესს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული თანხის მიქცევას მხოლოდ კანონიერი საფუძვლით მოიაზრებს და აგრეთვე ითვალისწინებს ზედმეტად გადახდილი თანხის უფლებამოსილი პირისთვის დაბრუნებას.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ვ---------–----ეს წარმოეშვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, ეს მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელებაზე უარის უკანონობაზე და შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის ხელყოფაზე. ამდენად, ვ---------–----ის სარჩელი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 3 000 (სამი ათასი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ვ---------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს ვ---------–----ის სასარგებლოდ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის გადახდა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს ვ---------–----ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ხაჟომია