გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
240210017001843738
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017001843738

(№2/176-2017)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი 2019 წელი. ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - შპს ,,ევ--------------+’’

წარმომადგენელი - თა----ი გე----ე

მოპასუხე - გი-----ი ჩი-------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 876,35 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 578 აშშ დოლარი, სარგებელი - 148,35 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 150 აშშ დოლარი) მოპასუხე გი-----ი ჩი-------სათვის მოსარჩელე შპს „ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ.

 

1.2. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 50 ლარის ანაზღაურების დაკისრება და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 200 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე გი-----ი ჩი-------სათვის მოსარჩელე შპს „ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ.

 

1.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელის განმარტებით საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 876,35 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 578 აშშ დოლარი, სარგებელი - 148,35 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 150 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა გაეწია დამატებითი ხარჯი გირავნობის საგნის შეფასების მიზნით, 50 ლარი და დაეწყო სააღსრულებლო წარმოება რისთვისაც გაწია დამატებითი ხარჯი - 200 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება ასევე ეკისრება მოპასუხეს, მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი-----ი ჩი-------მ სარჩელის მოთხოვნა ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და განმარტა, რომ მოსარჩელეს შეუძლია წაიყვანოს და გაყიდოს გირავნობის საგნით დატვირთული ავტომანქანა, რომელიც აყენია მის ავტოფარეხში. (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 11 ივლისს გი-----ი ჩი-------სა და შპს „ევ-------------- +“-ს (ს/კ 40-------) შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №139197/K, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სესხი 720 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5 %-იანი სარგებლის დარიცხვით, 12 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა "VOLKSWAGEN PASSAT“. ხელშეკრულების 6.4 პუნქტით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- №139197/K ხელშეკრულება;

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ და გრაფიკი (დანართი 1);

- სესხის დაფარვის წესი (დანართი 2);

 

3.2.2. №139197/K ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

 

3.2.3. 2016 წლის 11 ნოემბრიდან მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარმოეშვა დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილების წერილები;

- სარჩელი

 

3.2.4. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე 2017 წლის 14 იანვარს გაიცა გირავნობის მოწმობა №012207, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება, თუმცაღა ვერ მოხერხდა ავტომობილის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 14.01.2017 წლის გირავნობის მოწმობა;

- კერძო აღმასრულებლის 20.01.2017 წლის განცხადება.

- კერძო აღმასრულებლის 03.03.2017 წლის სააღსრულებლო მოქმედების შესახებ ოქმი;

 

3.2.5. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე გი-----ი ჩი-------ს (პ/ნ 39---------) დაერიცხა დავალიანება 876,35 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 578 აშშ დოლარი, სარგებელი - 148,35 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 150 აშშ დოლარი, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) დაკისრების ნაწილში. (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 876,35 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 578 აშშ დოლარი, სარგებელი - 148,35 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 150 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებებს, რომ ვინაიდან ვერ შეძლეს გირავნობის საგნის მოძიება, (ხოლო 2017 წლის 03 მარტს აღმასრულებლის მიერ მოძიებულ იქნა ა/მანქანა, თუმც ვინაიდან ეს უკანასკნელი დამტვრეული იყო შედგა ოქმი რომლითაც ირკვევა, რომ ვერ მოხდა მის მიერ ავტომანქანის გადაადგილება,) აღნიშნული მას უფლებას ანიჭებს მოითხოვოს თანხის დაკისრება ისე, რომ გადახდევინება მოხდეს პირდაპირ ნებისმიერი ქონებიდან.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისის ხელშეკრულების უზრუნველყოფა მოხდა მოპასუხის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაგირავებით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი მოთხოვნის სრულად დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.

 

აღნიშნული პირობა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით) მოთხოვნის დაცვით შეთანხმებულია მხარეების მიერ და წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ევ--------------+“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 408-ე, 412-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე გი-----ი ჩი-------მ სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 578 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

შპს ,,ევ--------------+’’-სა და გი-----ი ჩი-------ს შორის 2016 წლის 11 ივლისს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა, შესაბამისად მოთხოვნა სარგებლის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 150 აშშ დოლარი, უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - 50 აშშ დოლარის ოდენობთ.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 50 ლარის ანაზღაურების დაკისრებას და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 200 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის და სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის სახით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 200 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

გირავნობის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. გირავნობის საგნით უნდა დაიფაროს გირავნობით უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ გირავნობის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს გირავნობის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს გირავნობის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, მხარეები ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. აღნიშნულ წესზე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ ხელშეკრულების 6.4. პუნქტით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელით სასამართლოსთვის მომართვის დროისთვის დაგირავებული ნივთების რეალიზაცია მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ დამოუკიდებლად, უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის გარეშე არ არსებობს და თანხის დაკისრებასთან ერთად უნდა განისაზღვროს გირავნობის საგნის რეალიზაციის საკითხიც.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს 578 აშშ დოლარს (სახ. ბაჟი გადახდილია 15.03.2017 წელს, ეროვნული ბანკის კურსი 1 აშშ = 2,4853 ლარი). შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 43,09 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 15.40 ლარს.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებია, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს ,,ევ--------------+“-ის (ს/ნ 40-------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გი-----ი ჩი-------ს (პ/ნ 39---------), მოსარჩელე სს ,,ევ--------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 776,35 (შვიდას სამოცდატექვსმეტი დოლარი და 40) აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში, 1 აშშ = 2,4853) ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 578 აშშ დოლარი, სარგებელი - 148,35 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 50 აშშ დოლარი.

 

3. გი-----ი ჩი-------სთვის დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით მოხდეს გირავნობის საგნის რეალიზაცია, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - "VOLKSWAGEN PASSAT“, სახელმწიფო ნომერი - G--------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №WV---------------, გამოშვების წელი - 2000. იმ შემთხვევაში, თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, ან ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი, აღსასრულებლად მიქცეს გი-----ი ჩი-------ს კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონება;

 

4. მოსარჩელე სს ,,ევ--------------+“-ს ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 15.03.2017 წელს, სს „თიბისი ბანკის“ №1--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 43,09 ლარის ოდენობით, დარჩენილი 41,51 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხე გი-----ი ჩი-------ს (პ/ნ 39---------) მოსარჩელე სს ,,ევ--------------ი+“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 15.40 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 200 ლარის ოდენობით.

 

6. დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოვალის/მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.

 

7. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გადაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.(მის. სენაკი რუსთაველის ქუჩა №247).

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. სენაკი რუსთაველის ქუჩა №247).

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია