გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16343-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე - სს „ს--------------------------------------–-----ი“
წარმომადგენელი - ლ---------------–--
მოპასუხე - ა-----– კ-------ე
მოპასუხე - ქ--------- გ-----ე
წარმომადგენელი - ნ-------- წ--------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ა-----– კ-------ესა და ქ--------- გ-----ეს სს „ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 38 484.95 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 04 სექტემბერს თ---–--–-, 1---ის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მ-----------ს ქუჩის გავლით თ----------ს ქუჩის მიმართულებით, მ-----------სა და თ----------ს ქუჩების კვეთაზე მოძრაობისას ა-----– კ-------ემ, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით S------, დაარღვია მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა შეჯახება K---ს მარკის ავტომანქანასთან, სახელმწიფო ნომრით C-----, რომელიც შეჯახების შედეგად თავის მხრივ შეეჯახა მ---------ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას - სახელმწიფო ნომრით W------.
საპატრულო პოლიციის 2----–-–------------------ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით Nე-–------ დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ა-----– კ-------ე, რომელმაც საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში სრულად ცნო თავი ბრალეულად მომხდარ შეჯახებაში და აიღო ვალდებულება სრულად აენაზღაურებინა დაზარალებული მძღოლებისათვის მიყენებული ზიანი.
ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით C----- დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----ში“.
დაზიანებული ავტომანქანა ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის წარდგენილ იქნა შპს „ა-----------------აში“, რომლის დეფექტური აქტის თანახმად, დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღენიშნება სხვადასხვა მძიმე დაზიანებები, ძარამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც გამოიხატება მისი გეომეტრიის რღვევაში, ამ გარემოებების და დეფექტურ აქტში მითითებული დეტალების დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ავტომანქანის აღდგენა არ არის რეკომენდირებული, აღნიშნული დასკვნით მანქანის დაზიანებამდე არსებული ღირებულება შეადგენდა 19 500 აშშ დოლარს, ნარჩენი ღირებულება - 4000 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებზე 15 500 აშშ დოლარის ექვივალენტის მოპასუხეებზე დაკისრებას, რაც 2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 38 484.95 ლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდა ნარჩენის დამზღვევისათვის გადაცემა, ანაზღაურებულ იქნა 46 660.25 ლარი.
ა-----– კ-------ის მიერ საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ ის მართავდა მისი მეუღლის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ს--- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ-------------------------ს 2018 წლის 30 აპრილის N4------------------ ცნობით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მ---------ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება S------ - ეკუთვნოდა ქ--------- გ-----ეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ქ--------- გ-----ემ და ა-----– კ-------ემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ა-----– კ-------ეს არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები. მისი განმარტება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისათვის დაფუძნებული იყო მხოლოდ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას შეპირებაზე, სადაც ა-----– კ-------ეს განემარტა, რომ მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა და მ---------ის მარკის ავტომანქანა დაზღვეული იყო ერთ სადაზღვევო კომპანიაში და სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფდა ორივე მანქანის აღდგენას მხარისათვის დამატებითი ვალდებულებების დაკისრების გარეშე.
მოსარჩელე სს „ს--------------------------------------–-----ის“ მიერ წარმოდგენილი დასკვნ ბუნდოვანია, იგი არ შეიცავს ზუსტ მითითებებს თუ რაში გამოიხატებოდა ე.წ. დასკვნაში მითითებული დაზიანებები. ამასთან, აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ავტომანქანის მძღოლი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა 2017 წლის 04 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევაში (ნ-----–---------------ე მართავდა აღნიშნულ ავტომანქანას) მის ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ შეჯახების შედეგად მის ავტომობილს დაუზიანდა უკანა ბამპერი, უკანა მარცხენა ფრთა და წინა მხარე, ხოლო ექსპერტის დასკვნაში მითითებული დაზიანებები სცდება ამ ორ ნაწილს და შპს „ა-----------------ა“ დასკვნის ფორმით განმარტავს, რომ მძიმე დაზიანების შედეგად დაირღვა მანქანის გეომეტრია, მნიშვნელოვნად დაზიანდა მანქანის მზიდი ძარა და სავალ ნაწილი, შეცვლას საჭიროებს საქარე მინა, კაპოტი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარცხენა და მარჯვენა ფარი, წინა ეკრანი, წინა მოპირკეთება, წინა ბამპერი, შიდა ძელი, წყლის და კონდიციონერის რადიატორი, საჭის და მგზავრის აირბალიში, ტორპედო, წინა მარჯვენა სავალი ნაწილი, ძარის წინა მარჯვენა ნაწილი.
მოპასუხეებმა მიმართეს სს „ს--------------------------------------–-----ის“ წარმომადგენლების თხოვნით მ---------ის მარკის ავტომანქანაზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო, რადგან აღნიშნული ავტომანქანა კომპანიას უკვე გაყიდული ჰქონდა. ქ--------- გ-----ემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მ-------------------------ს და მოითხოვა ინფორმაცია ავტომანქანის მესაკუთრეებთან დაკავშირებით. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ ავტომანქანის რეალიზაცია პირველ შემთხვევაში განხორციელდა 2017 წლის 25 სექტემბერს სს „ს--------------------------------------–-----ზე“, 2017 წლის 13 ოქტომბერს გი----------–-----იაზე, ხოლო 2018 წლის 31 ივლისს ელ---------------ზე. მ-------------------------ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით 2018 წლის 06 აგვისტოს სატრანსპორტო საშუალება საზღვარგარეთ მოიხსნა რეგისტრაციიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „დ---–-----------------ს“ (დამზღვევი) კუთვნილი ავტომანქანა K-- O-----, სახელმწიფო ნომრით C-----, დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----ში”(მზღვეველი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 22).
3.1.2. 2017 წლის 04 სექტემბერს, თ---–--–-, მ-----------სა და თ----------ს ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი ნ-----–---------------ე.
ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა-----– კ-------ის (პირველი მოპასუხე) მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.
ა-----– კ-------ემ საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში სრულად ცნო თავი ბრალეულად და აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 19);
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართი (ს.ფ. 20);
- ა-----– კ-------ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 21).
3.1.3. ა-----– კ-------ე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ქ--------- გ-----ის (მეორე მოპასუხე) სახელზე რეგისტრირებულ „მ---------ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით S------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 25).
3.1.4. დაზღვეული ავტომანქანა 2017 წლის 25 სექტემბერს აღირიცხა სს „ს--------------------------------------–-----ის“ სახელზე, 2017 წლის 13 ოქტომბერს გი----------–-----იას სახელზე, ხოლო 2018 წლის 31 ივლისს - ელ---------------ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 26.10.2018 წლის ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 96-97);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ორივე მძღოლის - ა-----– კ-------ისა და ნ-----–---------------ის ბრალეული მოქმედებით (შერეული ბრალი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპს. თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელიც მისი მტკიცების საგანია და რისი დადასტურების შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნია.
მოპასუხეები მიუთითებენ, რომ ავტოავარია ორივე მძღოლის ბრალით იყო გამოწვეული.
მოსარჩელის წარმომადგენელი ამ განმარტებას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევად მხოლოდ ა-----– კ-------ეა მიჩნეული. მას ოქმი არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში. მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლზე და მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე სადავოდ ვერ გახდის მისი ბრალეულობის საკითხს.
სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა ეხება ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვას. წარმოდგენილი სარჩელი არ არის ამ კატეგორიის და არც გამარტივებული წესით იხილება.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესულია კანონიერ ძალაში და მოპასუხეს იგი არ გაუსაჩივრებია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს არ გამორიცხავს მოპასუხის უფლებას სამოქალაქო დავის ფარგლებში სადავოდ გახადოს მისი ბრალეულობა.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და წარმოადგენს საჯარო კანონმდებლობის ნაწილს. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა შერეულ ბრალს მნიშვნელობა აქვს ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის და არა ქმედების კვალიფიკაციისათვის, ამდენად, ა-----– კ-------ეს სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სადავოდ რომც გაეხადა იმ საფუძვლით, რომ ავტოავარია ორივე მძღოლის ბრალით იყო გამოწვეული, ეს გარემოება მისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას არ გამოიწვევდა, არამედ მხოლოდ მეორე მძღოლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ოქმის გასაჩივრების იურიდიული ინტერესი მას არ ჰქონდა.
საქმეში წარმოდგენილია ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები: 1. რომელი მძღოლის მიერ იქნა დარღვეული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები? 2. რომელი მძღოლის მიერ მოხდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა? 3. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა რომელიმე სხვადასხვა პირის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევით ხომ არ არის გამოწვეული?
ექსპერტიზის დასკვნით ასევე განისაზღვრა თუ რა მანძილით იქნებოდა ავტომობილი „კ--- დაშორებული შეჯახების ადგილიდან, თუ ის იმოძრავებდა მოცემულ მონაკვეთზე ნებადართული 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ავტომობილი „მე-------- ბ--–ი“ დგომის ადგილიდან შეჯახების ადგილამდე, დაახლოებით 10 კმ/სთ სიჩქარით გაივლიდა 7+8 მეტრს, ასევე განისაზღვრა ავტომობილ „კ---“ სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი, თუ ის იმოძრავებდა მოცემულ მონაკვეთზე ნებადართული 40 კმ/სთ სიჩქარით.
აღმოჩნდა, რომ ავტომობილი „კ--- შეჯახების ადგილიდან, მაშინ როცა „მ--------- ბ--–“-მა მარცხნივ მანევრი დაიწყო - დაშორებული იქნებოდა დაახლოებით 28-30 მეტი მანძილით, ხოლო ავტომობილი „კ---“ სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი, თუ ის იმოძრავებდა ნებადართული 40 კმ.სთ სიჩქარით შეადგენს დაახლოებით 25 მეტრს. აღნიშნული მანძილი ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე - 28-30 მეტრზე.
ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილი „კ---“ C-- – 5-- მძღოლს, ნ-----–---------------ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, ხოლო „მ---------ი ბ--–ის“ S- 1----- მძღოლ ა-----– კ-------ეს უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
ექსპერტიზის დასკვნით ნათლად დასტურდება, რომ ორივე მძღოლმა უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ანუ საქმე გვაქვს შერეულ ბრალთან.
3.2.2. ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანების შედეგად შემცირდა 38 484.95 ლარით.
მზღვეველმა დამზღვევს აუნაზღაურა ავტომანქანის საბაზრო ღირებულება სრულად - 46 660.25 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა სუბროგაციის სახელით ცნობილი მოთხოვნის დათმობის პრინციპიდან გამომდინარეობს. მისი არსი არის ის, რომ მზღვეველმა დამზღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, რის შემდეგაც მოიპოვა მესამე პირის მიმართ მოთხოვნის უფლება, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მზღვეველს და დამზღვევს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებით წესრიგდება და ისინი ზიანის ანაზღაურების ნებისმიერ წესზე შეიძლება შეთანხმდნენ, ხოლო მესამე პირის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ რეალური ზიანით, ანუ იმ ზიანით, რომლის ანაზღაურებაც მას სამოქალაქო კოდექსის 408-412 მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, ამასთან, ვინაიდან მზღვეველის მიერ ზიანი უკვე დათვლილი და ანაზღაურებულია, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ რეალური ზიანი მზღვეველის მიერ მითითებულზე ნაკლებია, ეკისრება სწორედ ზიანის მიმყენებელს, ანუ მოპასუხეს.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა ისინი ერთობლივად და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხემ - ვერა.
საქმეში წარმოდგენილია შპს „ა-----------------ის“ დასკვნა, რომლის თანახმადაც დაზიანებული ავტომანქანა K-- O------ს საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 აშშ დოლარს, ხოლო დაზიანებამდე ღირებულება - 19 500 აშშ დოლარს (ს.ფ. 23).
დასკვნის თანახმად, ავტომანქანას აღენიშნება სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება, კერძოდ, ძარამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც გამოიხატება მისი გეომეტრიის რღვევაში. მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომანქანის მზიდი ძარა და სავალი ნაწილი. ამის გარდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია და შეცვლას საჭიროებს შემდეგი მაკომპლექტებელი დეტალები: საქარე მინა, კაპოტი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარცხენა და მარჯვენა ფარი, წინა ეკრანი, წინა მოპირკეთება, წინა ბამპერი, ბამპერის შიდა ძელი, წყლის და კონდიციონერის რადიატორი, საჭის და მგზავრის აირბალიში, ტორპედო, წინა მარჯვენა სავალი ნაწილი, ძარის წინა მარჯვენა ნაწილი (ს.ფ 23).
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილი დაზიანებების გათვალისწინებით, „დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული“.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა K-- O------ს მართავდა ნ-----–---------------ე, რომელიც ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ შეჯახების შედეგად მის ავტომობილს დაუზიანდა უკანა ბამპერი, უკანა მარცხენა ფრთა და წინა მხარე მთლიანად საქარე მინის ჩათვლით. შპს „ა-----------------ის“ დასკვნაში ჩამოთვლილი დაზიანებები არ ეწინააღმდეგება ავტოავარიის აღწერას.
მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა დაზღვეული ავტომანქანის ფოტოილუსტრაცია. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფოტოები გადაღებულია ავტოავარიის ადგილას, ვინაიდან ჩანს, რომ დაზღვეული ავტომანქანა მოთავსებულია ევაკუატორზე. კადრში ჩანს ავტომანქანის მარკა, სახელმწიფო ნომერი და ევაკუატორზე არსებული მონიშვნა „---------.“ ფოტოებზე ასახული დაზიანებები ვიზუალურად ზუსტად შეესაბამება შეფასებაში მითითებულ ჩამონათვალს, მათ შორის, ჩანს დაზიანებები ავტომანქანის წინა და უკანა ნაწილებზე, გახსნილი უსაფრთხოების ბალიშები და სხვა (ს.ფ. 114-118).
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ა-----------------ის“ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სს „ს--------------------------------------–-----ის“ მიერ წარმოდგენილი დასკვნა ბუნდოვანია, იგი არ შეიცავს ზუსტ მითითებებს თუ რაში გამოიხატებოდა ე.წ. დასკვნაში მითითებული დაზიანებები.
სასამართლო ეთანხმება მოპასუხეს, რომ აღნიშნული შეფასება არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრული ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს რაიმე შეზღუდვას, რა სახის მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს ავტომანქანის დაზიანება და არ ითვალისწინებს ზიანის ოდენობის განსაზღვრას მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
სადავო შეფასებისაგან განსხვავებული რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელთა დამტკიცებაც მათ ობიექტურად ხელეწიფებათ. თუ გამოიკვეთება, რომ ამა თუ იმ ფაქტის დადასტურება შეუძლებელია, მტკიცების ტვირთიც იხსნება.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შემფასებელმა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიამ მიმართა, დაადგინა არა დაზიანებული დეტალების ღირებულება ან შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, არამედ განსაზღვრა კონკრეტული მარკის, მოდელის და ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტომანქანის საშუალო საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე და დაზიანების შემდეგ. მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება ზიანის მიყენების პერიოდისათვის განსხვავდებოდა დასკვნაში მითითებულისაგან.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ვინაიდან დაზღვეული ავტომანქანა დავის დაწყებამდე გასხვისდა, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მისი შეფასება მოეხდინა და საპირისპირო მტკიცებულება წარმოედგინა.
ამ თვალსაზრისით სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს წერილს, რომლითაც ქ--------- გ-----ეს უარი ეთქვა ფოტოსურათების საფუძველზე დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარებაზე (ს.ფ. 119). წერილით ნათლად იკვეთება, რომ ექსპერტიზის ბიურომ შეუძლებლად მიიჩნია ფოტოსურათებით შესრულებული სამუშაოების და აღდგენის ღირებულების განსაზღვრა. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო შეფასებით დადგენილი არ არის დაზიანებული დეტალების და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, არამედ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე და დაზიანების შემდეგ, ამასთან დასკვნაშივეა მითითებული შეფასებული ავტომანქანის ყველა მახასიათებელი და დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის საშუალო საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენა შეუძლებელი არ იყო. გასაგებია, რომ კონკრეტული ნივთის ზუსტი საბაზრო ღირებულება დგინდება მისი ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ქონება განადგურებულია, ან სხვა მიზეზით ვერ ხერხდება მისი შესაფასებლად წარდგენა, მისაღებია მისი საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა იმავე მახასიათებლების მქონე ნივთის საშუალო საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმარისი იქნება ზიანის მიმყენებელმა გაანადგუროს ნივთი, რათა სასამართლო განხილვის დროს ვერ მოხდეს ექსპერტის მიერ მისი შეფასება და იგი თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას ზიანის ზუსტი ოდენობის დადგენის შეუძლებლობის გამო. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა საბაზრო ღირებულების მაჩვენებელს, მას შეეძლო ალტერნატიული ინფორმაცია წარმოედგინა.
მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელი რომ ყოფილიყო, იგო ოთხჯერ ვერ გასხვისდებოდა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის (ამ შემთხვევაში - ავტომანქანის შეკეთების) ნაცვლად კომპენსაციის გადახდა დგინდება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არაგონივრულია, დაკავშირებულია არათანაზომიერ დანახარჯებთან.
სადავო შეფასებიდან გამომდინარეობს, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (ავტომანქანის შეკეთება), შეუძლებელი არ არის, მაგრამ არ არის რეკომენდირებული, ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს, რომ შემფასებელმა ავტომანქანის აღდგენა სწორედ არათანაზომიერად დიდ დანახარჯებს დაუკავშირა, ეს გარემოება კი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის გადახდის წინაპირობაა (სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე მუხლები).
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის თვალსაზრისით არ აქვს მნიშვენლობა იმ გარემოებას, ავტომანქანა გასხვისდა თუ არა დაზიანების შემდეგ. კონკრეტული ნივთის მიწოდებას ბაზარზე განსაზღვრავს მის მიმართ მოთხოვნის არსებობა. შესაძლებელია, ვინმეს ჰქონდეს სწორედ ამ მანქანის აღდგენის ინტერესი, დანახარჯის მიუხედავად, ან შემდგომში ავტონაწილებად მისი რეალიზაციის ინტერესი. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზიანებული ავტომანქანა გასხვისდა, ვერ დაედება საფუძვლად იმის მტკიცებას, რომ მიყენებული ზიანი სერიოზული არ იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანების შედეგად შემცირდა 38 484.95 ლარით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასა და დაზიანების შემდგომ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობას (19 500 აშშ დოლარს - 4000 აშშ დოლარი = 15 500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს).
სასამართლოს სხდომაზე მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა ის გარემოება, თუ რა თანხა აუნაზღაურა დამზღვევს მზღვეველმა. მეორე მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით „რაღაცა რომ გადაუხადა იციან, მაგრამ რა იყო ეს თანხა - არა.“ საქმეში წარმოდგენილია 26.09.2017 წლის საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება, რომ მზღვეველმა დამზღვევს 26.09.2017 წელს გადაუხადა 46 660,25 ლარი. გადახდის დანიშნულებაში მითითებულია სადაზღვევო პოლისის ნომერი და დაზღვეული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, რითაც სასამართლო ადგენს, რომ მზღვეველმა აანაზღაურა სწორედ სადავო ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ა-----– კ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 19 242.48 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 415-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, Nას-380-364-2016).
დადგენილია, რომ მზღვეველმა დამზღვევს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გადავიდა მასზე (იხ. 3.2.2 პუნქტი).
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მიზანშეუწონელია, ხოლო მიყენებული ზიანი შეადგენს 38 484.95 ლარს (იხ. 3.2.2 პუნქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია სადაზღვევო კომპანიას წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, მათ შორის სადავო გახადოს ზიანის მოცულობა. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. ხელშეკრულების მხარეების ამგვარი შეთანხმება მესამე პირზე არ ვრცელდება და მისი პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით, ან სხვა ფორმით ზოგადად დამკვიდრებული ტარიფებით. მზღვეველი დამზღვევისათვის ზიანის ანაზღაურებისას მოქმედებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ხოლო მესამე პირი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე-412-ე მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს მას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიამ ზიანი არასწორად იანგარიშა. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ნ-----–---------------ისა და ა-----– კ-------ის ბრალეული მოქმედებით (3.2.1. პუნქტი).
სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ „შერეული ბრალი“. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრებათ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს. შერეული ბრალის არსებობა არ ათავისუფლებს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, არამედ ამცირებს მისი პასუხისმგებლობის ოდენობას იმ ფარგლებში, რაც ფარგლებშიც დაზარალებულსაც მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის წარმოშობა განპირობებულია ნ-----–---------------ისა და ა-----– კ-------ის თანაბარმნიშვნელოვანი ბრალეული მოქმედებებით, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს მხარეთა შორის თანაბრად, ანუ, ა-----– კ-------ის ვალდებულება უნდა განისაზღვროს აღნიშნული თანხის ნახევარით - 19 242.48 ლარით.
6.2. დადგენილია, რომ ავტომანქანა, რომელსაც ავარიის დროს ა-----– კ-------ე მართავდა ქ--------- გ-----ის სახელზე იყო რეგისტრირებული. მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხვნის სოლიდარულად წარდგენა.
მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).
ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევია ა-----– კ-------ე, ხოლო ქ--------- გ-----ის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა-----– კ-------ეს სს „ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარცელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარის - 577.2 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს--------------------------------------–-----ის“ სარჩელი მოპასუხეების ა-----– კ-------ისა და ქ--------- გ-----ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ა-----– კ-------ეს სს „ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 19 242,48 ლარის ანაზღაურება;
3. დანარჩენ ნაწილში სს „ს--------------------------------------–-----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ა-----– კ-------ეს სს „ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 577,2 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია