გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210018002615014
საქმე #2/712-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.02.2019 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"
წარმომადგენელი - ნი----–------------ე
მოპასუხე - გო--------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე გო--------–---–ს მოსარჩელე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 1 000 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ და გო--------–---–ს შორის 11.01.2016 წელს იჯარის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა გუ------------------ს სოფე-–----–---ში მდებარე 13 205კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. №51----------). ნაკვეთით სარგებლობისთვის ყოველწლიური საიჯარო ქირა 510 ლარით განისაზღვრა, რომლის გადახდაც ყოველი წლის 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო. გარდა საიჯარო თანხის გადახდისა მოიჯარეს, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის მიხედვით, გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უნდა წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად. მასვე, 3.1.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტესი 12 თვის ვადაში და შემდგომ 5 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარედგინა. ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის მოიჯარეს, ხელშეკრულების 6.3. და 6.4. პუნქტების თანახმად, თითოეულ დარღვევაზე ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით. მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება 2017 წლის 13 იანვარს შეწყდა. მოპასუხემ, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ შეასრულა ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შესაბამისად, მას გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში 1 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მოსარჩელეს 2016 წლის 27 დეკემბერს მიმართა და შესაბამისად, ინფორმაციის წარდგენის საფუძველი აღარ არსებობდა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას განმარტა, რომ თანხა გადასახდელია, თუმცა პირგასამტეხლოს შემცირება და გადანაწილება უნდა მოხდეს, ვინაიდან გვალვის გამო მიწის ნაკვეთიდან შემოსავლის მიღება ვერ შეძლო, სწორედ ამიტომ თქვა უარი იჯარაზე და ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია. (იხ. სასამართლოს 20.02.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 10:37:00-10:42:00 სთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და გო--------–---–ს შორის 2016 წლის 11 იანვარს იჯარის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, გუ------------------ს სოფე-–----–---ში მდებარე, საჯარო რეესტრში №51---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 13205 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად 15 წელი განისაზღვრა. იჯარის ხელშეკრულება იმავე დღეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.
3.1.2. იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა 510 ლარით განისაზღვრა, რომლის გადახდაც ყოველწლიურად 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო. ამავე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით მოპასუხეს, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უნდა წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად. 3.1.2. პუნქტის თანახმად კი, მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტესი 12 თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინა. იმ შემთხვევაში, თუ იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილი იქნებოდა 5 წელიწადი, მაშინ ამ დოკუმენტის წარდგენა ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე უნდა მომხდარიყო.
3.1.3. იჯარის ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.
3.1.4. მოსარჩელემ 2016 წლის 15 დეკემბრის წერილით აცნობა მოპასუხეს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დადებული იჯარის ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტების მიხედვით სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარსადგენი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამავე წერილით მოპასუხეს განუმარტა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. წერილი მოპასუხეს 2016 წლის 21 დეკემბერს ჩაჰბარდა.
3.1.5. მოპასუხემ, 2016 წლის 27 დეკემბერს განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 13 იანვრის №1/5-6 ბრძანებით მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. 2017 წლის 01 მარტის წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს - 1 000 ლარის გადახდის ვალდებულების შესახებ.
3.1.6. მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა. 2017 წლის 15 მარტის განცხადებით კი დაკისრებული პირგასამტეხლოს 1 წლით გადავადება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვადა 2018 წლის 01 მარტამდე განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-27);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31-32);
- სააგენტოს 15.12.16 წლის, 13.01.2017 წლის, 01.03.2017 წლის, 17.03.2017 წლის წერილები (ს.ფ.33-3438, 42, 44);
- №1/5-6 ბრძანება (ს.ფ. 40);
- განცხადება (ს.ფ. 36, 43).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არცერთი ფაქტორივი გარემოება სადავო არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი მოპასუხე გო--------–---–ის მიმართ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანხმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა, რისთვისაც ამავე ხელშეკრულების 6.3. და 6.4. პუნქტებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თითოეულ დარღვევაზე ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება. მისი მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესასრულებელი ვალდებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული დარღვევის არსის თანაფარდობა შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია ვალდებულების არსი, რომლის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვისაც არის იგი გათვალისწინებული.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს (იხ. სააპელაციო სასამართლოს 24.02.2015 წლის განჩინება საქმეზე №2ბ/3112-14).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის თითოეულზე 500 ლარის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს. მიწის ნაკვეთით სარგებლობის საფასური კი წელიწადში 510 ლარით განისაზღვრა. სასამართლოს განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ძირითად მოტივს. იგი აქცესორული ვალდებულებაა და ძირითადი ვალდებულების გარეშე არ არსებობს. მართალია პირგასამტეხლოს ოდენობას მხარეები განსაზღვრავენ თუმცა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. უფლებით კეთილსინდისიერი განხორციელება გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტის მიერ უფლებით სარგებლობა უნდა მოხდეს იმ მოცულობით, რომ ამან არ გამოიწვიოს ამ ურთიერთობაში მონაწილე სხვა პირების ინტერესთა არათანაზომიერი შეზღუდვა. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს პრინციპი რომელსაც ,,მართლზომიერები პრინციპი“ ეწოდება. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად კანონით გათვალისწინებული უფლებისა, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მხრიდან ამ უფლებით სარგებლობა მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, უფლებით არამართლზომიერად სარგებლობა კი დაუშვებელია.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას და განმარტავს, რომ მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს პირაგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების საგანს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა წარმოადგენდა, მისი ღირებულება კი წლიური 510 ლარით განისაზღვრა, ხოლო პირგასამტეხლო მოთხოვნილია მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის და კვლევის წარუდგენლობისთვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ 500 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოპასუხისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს, ამიტომ იგი უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა თითოეული ვალდებულებისთვის 100 ლარით განისაზღვროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე გო--------–---–ს მოსარჩელე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ ჯამში 200 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს სახელმწიფო ბაჟის ნახევრდება.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ფასი 1 000 ლარით განისაზღვრა და ამიტომ სახ. ბაჟი 50 ლარს შეადგენს. მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მოპასუხემ კი მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს მხოლოდ მისი ოდენობის შემცირება მოითხოვა. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი მოპასუხე გო--------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გო--------–---–ს მოსარჩელე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გო--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე რომან კუპატაძე