გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210117002142229
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.02.2019 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალ--- ლე--–--ლი
მოსარჩელე: თა---–- ბა------–--ლი
წარმომადგენელი - ი--------------–---–-
მოპასუხე: ზუ----- სე---–--ლი
წარმომადგენელი ე--------------–---
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვ----–ის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი მ--------------–---–-, გ------- გო------
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს თა---–- ბა------–--ლსა და ზუ---- სე---–--ლს შორის რეგისტრირებული ქორწინება;
1.2. მცირეწლოვანი ქე--- სე---–--ლის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - თა---–- ბა------–--ლის საცხოვრებელი ადგილი.
1.3. მოპასუხეს ქე--- სე---–--ლის სარჩენად დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე
1.4. პროცესის ხარჯების ანაზღაურება
სარჩელში მითითებულია, რომ თა---–- ბა------–--ლი და ზუ---- სე---–--ლი 2014 წლის 07 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 14 აპრილს, შეეძინათ შვილი- ქე--- სე---–--ლი. 2017 წლის იანვარში მეუღლეები დაშორდნენ. მოსარჩელე შვილთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან- ად----ის რაიონის სოფელ არ--–ში დაბრუნდა, სადაც 2017 წლის 03 ივლისს შვილის სანახავად ზუ---- სე---–--ლი ჩავიდა. მან მოსარჩელის ნებართვით ბავშვი 2 კვირით წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში- ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში და ამის შემდეგ უარი განაცხადა ბავშვის დედასთან დაბრუნებაზე. მოსარჩელის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოპასუხე მოსარჩელეს უარს ეუბნება ბავშვის დაბრუნებაზე, ამიტომ ვინაიდან არსებობს დავა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს და მოითხოვა მცირეწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება და მოპასუხეს შვილის რჩენა-აღზრდისთვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა .
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზუ---- სე---–--ლი განქორწინების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმა;
მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ქე--- სე---–--ლი 2017 წლის 03 ივლისს ნამდვილად 2 კვირით წამოიყვანა ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, მაგრამ შემდეგ თვითონ ბავშვმა განაცხადა უარი ად----ის რაიონის სოფელ არ--–ში, დედასთან დაბრუნებაზე, რადგან ქე--- დაიბადა და გაიზარდა ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, აქ მისთვის მშობლიური გარემოა და ამ გარემოში თავს კარგად გრძნობს, ხოლო თვითონ ვერ აიძულებს შვილს, იცხოვროს იქ, სადაც მას არ სურს ცხოვრება. ასევე მოპასუხის მითითებით, 2017 წლის ივლისში მოსარჩელემ თავად განაცხადა თანხმობა , რომ ქე--- სე---–--ლმა იცხოვროს მამასთან, ანუ მშობლები ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით შეთანხმებული იყვნენ, თუმცა შემდეგ მოსარჩელემ დაარღვია ეს შეთანხმება და მოითხოვა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა, ბავშვის სურვილიდან გამომდინარე. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ბავშვი აღსაზრდელად მასთან უნდა დარჩეს, ხოლო მოსარჩელეს არ შეუშლის ხელს, რომ ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან.
რაც შეეხება ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნას , მოპასუხის მითითებთ, თუ სასამართლომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრა, თანახმაა, შვილს გადაუხადოს ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით.
2.1. მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სასამართლო სხდომაზე მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე იკვეთება ქე--- სე---–--ლის განსაკუთრებული სიყვარული მამის მიმართ, თუმცა მას ასევე ძალიან უყვარს და ენატრება დედა. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ბავშვი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში და მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, ამიტომ ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომ მშობლები შერიგდნენ და ოჯახურ გარემოში აღზარდონ შვილი, ხოლო თუ ამას ვერ მიაღწევენ, მცირეწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ ურთიერთშეთანხმებით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ბავშვის მომავალთან და მის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თა---–- ბა------–--ლი და ზუ----- სე---–--ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 07 მარტიდან. დაქორწინების შემდეგ ოჯახი ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში ცხოვრობდა.
3.1.2. მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში -14.04.2014 წელს შეეძინათ შვილი - ქე--- სე---–--ლი.
3.1.3. თა---–- ბა------–--ლი და ზუ----- სე---–--ლი 2017 წლის იანვარში ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელე შვილთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან- ად----ის რაიონის სოფელ არ--–იში გადავიდა .
3.1.4. 2017 წლის 03 ივლისს მოპასუხე ზუ---- სე---–--ლი მცირეწლოვანი შვილის სანახავად ად----ის რაიონის სოფელ არ--–იში ჩავიდა. მოსარჩელის ნებართვით მამამ ბავშვი 2 კვირით წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში- ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში და ამის შემდეგ ბავშვი დედასთან აღარ დაუბრუნებია .
3.1.5. 2017 წლის 18 ივლისს თა---–- ბა------–--ლი შვილის წასაყვანად თვითონ ჩამოვიდა ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში. ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა პოლიციას, ოჯახურ კონფლიქტში ჩაერთო სოციალური მუშაკიც. გასაუბრების დროს მეუღლეები ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ მოსარჩელე დაეთანხმა, რომ სასამართლოს მიერ ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ქე--- სე---–--ლი დარჩეს მამასთან, რაზეც პოლიციის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმები
3.1.6. 2017 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ საქმე მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს განსჯადია, ამის შემდეგ, 2017 წლის ოქტომბერში, მოსარჩელემ იმავე მოთხოვნით სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში .
3.1.7. თა---–- ბა------–--ლმა შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განკარგულების გამოცემა და დავის გადაწყვეტამდე მცირეწლოვანი ქე--- სე---–--ლის აღსაზრდელად დედისთვის გადაცემა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 19.11.2018 წლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თა---–- ბა------–--ლს დროებით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, აღსაზრდელად გადაეცა თავისი მცირეწლოვანი შვილი . დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე 2019 წლის 01 თებერვლიდან ქე--- სე---–--ლი დედასთან- თა---–- ბა------–--ლთან ცხოვრობს .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება
-განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებაზე
- ქორწინების მოწმობა
- თა---–- ბა------–--ლის და ზუ---- სე---–--ლის გამოკითხვის ოქმები
- 18.07.2017 წლის ოქმები
- დროებითი განკარგულება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დავის მიმდინარეობისას მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მეშვეობით შემოწმდა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, მატერიალური და აშ პირობები, დადგინდა, რომ მოსარჩელე თა---–- ბა------–--ლი ცხოვრობს ად----ის რაიონის სოფელ არ--–ში, მშობლებთან და სტუდენტ ძმასთან ერთად. ოჯახის მატერიალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თა---–- ბა------–--ლი დასაქმებულია ქ. ახ--––--ეში, პ---ს აფთიაქში- ფარმაცევტად, მისი ყოველთვიური ხელფასი არის 500 ლარი. ოჯახი ცხოვრობს საკუთარ ორსართულიან სახლში, რომელიც ექვსი ოთახისგან შედგება. აქვთ კარგად მოვლილი ეზო, ხეხილი. ჰყავთ შინაური პირუტყვი. მოსარჩელის მშობლები დასაქმებული არიან სოფლის მეურნეობაში, აქვთ 1 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც მოყავთ პროდუქცია, ნაწილს თვითონ მოიხმარენ, ხოლო ნაწილი პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ, საიდანაც თვეში საშუალოდ აქვთ 200-300 ლარის შემოსავალი.
თა---–- ბა------–--ლი და მისი ოჯახის წევრები მშვიდი, გაწონასწორებული, განათლებული და მოწესრიგებული პიროვნებები არიან. ცხოვრობენ მშვიდ გარემოში, ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან, ამიტომ თა---–- ბა------–--ლის ოჯახში ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის არის კეთილსაიმედო და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო. მოსარჩელეს აქვს უნარი და ყველა რესურსი, ბავშვზე განახორციელოს სრულფასოვანი ზრუნვა, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
მოპასუხე ზუ----- სე---–--ლი მამასთან ერთად ცხოვრობს ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში. ოჯახს აქვს საკუთარი ორსართულიანი სახლი, რომელიც 6 ოთახისგან შედგება. ოჯახს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთები, ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი, ფუტკარი. ოჯახის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი როგორც კერძო საქმიანობიდან, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვით არის 700-900 ლარი. მოპასუხე და მისი მამა სოფელში ცნობილი არიან შრომისმოყვარეობით, სარგებლობენ პატივისცემით და სიყვარულით.
სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს ქე--- სე---–--ლი ცხოვრობს მამის ოჯახში, ბავშვს აქვს თავისი საძინებელი ოთახი, საწოლი, სათამაშოები. ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვი სუფთად გამოიყურება. ოჯახს ქე---ს მოვლაში ეხმარება ზუ---- სე---–--ლის მამიდა ლე-–- ქა-------–-–--ლი , მამიდაშვილი ია---- ელ--------ვი და მეზობლად მცხოვრები ნათესავი- სო---- მუ------–--ლი.
ოჯახში ბავშვის აღსაზრდელად შექმნილია მშვიდი და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო, ბავშვი უყურადღებოდ არასოდეს არ არის დატოვებული .
3.2.2. ფსიქოლოგიური კვლევა :
ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კა----ის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ქე--- სე---–--ლთან ჩატარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა შემდეგი საკითხების გარკვევა:
ა) ქე--- სე---–--ლის დამოკიდებულება მშობლების მიმართ, რომელ მშობელთან არის ბავშვი უფრო მიჯაჭვული და რომელ მშობელთან სურს ცხოვრება;
ბ) არასრულწლოვანის არჩევანი იცხოვროს დედასთან ან მამასთან, მისი ასაკის, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მისი თავისუფალი ნების გამოვლენად რომელიმე მშობლის ან ოჯახში მცხოვრები სხვა პირის მხრიდან ფსიქოლოგიური ან სხვა რაიმე სახის ზეწოლის გარეშე
გ) ბავშვის ასაკობრივი და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელ მშობელთან უფრო პრიორიტეტული იქნება ბავშვის დარჩენა, მისი ფიზიკური, გონებრივი და ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის, რომელ მშობელს შეუძლია ბავშვისათვის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა
დ) ბავშვის მამის გარემოდან მოცილება და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა რამდენად შეესაბამება მის ინტერესს და მიზანშეწონილი იქნება თუ არა აღნიშნული ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის?
ე) ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის თუ მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მის გარემოში ყოფნა შეესაბამება თუ არა არასრულწლოვანის ინტერესებს?
ვ) მითითებულ იქნეს ის შესაძლო რისკები (დადებითი და/ან უარყოფითი), რომელიც შეიძლება ახლდეს ბავშვის დარჩენას დედის ან მამის ოჯახში;
ზ) არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, მისი საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, რომელიც რისკის აცილება უფრო მნიშვნელოვანია?
ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევის და ფსიქოლოგის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით გამოიკვეთა, რომ 4 წლის ქე--- სე---–--ლი არის ფიზიკურად და კოგნიტურად ასაკის შესაბამისად განვითარებული ბავშვი. კითხვებს პასუხობს თავისუფლად, შეუძლია თავისი სურვილების თავისუფლად გამოხატვა, მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა ... ბავშვმა იცის, რომ ამჟამად ცხოვრობს სოფელ მთ------ში პაპასთან და მამასთან ერთად, ხოლო დედა ახ--––--ეში ცხოვრობს, იცის დედის სახელი, გვარი. ,, დედა მაშინ ცხოვრობდა, როცა პატარა ვიყავი, ოთხნი ვცხოვრობდით, ეხლა სამნი ცხოვრობთ“ ,, დედა პარკში ჩამოდის ხოლმე და ისე მივდივართ სახლში“ დედასთან არ მიდის ,, მე მაქვს ჩემი სახლი, მთ------იაო“ . ,, მუ------ პაპა (დედის მამა) მამწარებდაო“ შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს ,,მამწარებდა“ , , უპასუხა, რომ არ იცის, თუ რას ნიშნავს სიტყვა ,,მამწარებდა“. დედაზე საუბარს პირველ შეხვედრაზე მოხერხებულად არიდებდა თავს და საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა. პირველ შეხვედრას მამა ესწრებოდა. ასევე მეორე შეხვედრას ესწრებოდა მამა... ქე---მ მამა ოთახიდან გაუშვა. ქე--- მეორე შეხვედრაზე აღარ არიდებდა დედაზე საუბარს თავს, ნახატების საშუალებით გადმოსცა თავისი სურვილი . დახატა ორი სახლი. ერთ სახლში მამა და დედა ჩახატა, მშობლების შუაში თავისი თავი ,, შუაში მე ვარო“ , ხატვისას ჰქონდა რეპლიკები ,,ახ--––--ეში არ მივდივარ. არ--–ში რომ მიმატოვა დედამო“ შეკითხვაზე, თუ ეს ვინ უთხრა, გოგონამ თქვა , რომ ,,მამამ უთხრა“
შეკითხვაზე, რა სურს აჩუქოს თოვლის პაპამ, უპასუხა, რომ უნდა კარგი ფანარი, რადგან ,,საღამოს თა--- მამიდასთან მიდის ხოლმე, რომ დაუძახოს და აბანაოს. ქე---ს თქმით, ,,თა--- მამიდაც აბანავებს ხოლმე და მამაც ’’. ბავშვთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ მას აბანავებს ნათესავი, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს იმაზე, რომ მამას უჭირს მარტო გაუმკლავდეს მცირეწლოვანი შვილის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე გოგონამ დედასთან შეხვედრისას თქვა, რომ ფეხზე და ხელზე არსებული ნაკაწრები იმის ბრალია, რომ მამასთან ერთად დადის ტყეში მაყვლის საკრეფად.
მესამე შეხვედრა მოხდა დედასთან ერთად, რომელსაც თავიდან მამაც ესწრებოდა. ქე--- დედასთან იჯდა კალთაში, დაძაბული იყო, უხაროდა, თან ღელავდა, უხერხულად იცინოდა, ცდილობდა ემოციების გაკონტროლებას. სუნთქვას იკავებდა. დედა რომ კოცნიდა, თან მამას უყურებდა. სავარაუდოდ აინტერესებდა მისი რეაქცია. მამის გარეთ გასვლის შემდეგ ქე--- უფრო თავისუფლად იქცეოდა, თამამად გაჩხრიკა პარკი, სადაც დედის მოტანილი საჩუქრები იყო. დედასთან განაცხადა ,,არ მინდა ახ--––--ეშიო, არ--–იც ახ--––--ეაო“ . ქე--- წინა ორ ვიზიტზე დედას სახელით მოიხსენიებდა, მესამეზე კი ხშირად ამბობდა ,,დედას“ დედასთანაც თავისუფლად გამოთქვამდა თავის სურვილებს, კარგად გაერთო დედასთან ერთად, სულ კონტაქტში იყო მასთან... მამის ოთახში შემოსვლის შემდეგ ქე--- აღარ იყო დაძაბული, გოგონამ ორივე მშობელს ასწავლა, როგორ დაეხატათ, თამამად მოქმედებდა, მისი ყველა ქმედება მიმართული იყო მშობლების დასაახლოვებლად... შეხვედრის დასასრულს გოგონა დასევდიანდა, და დედას უთხრა, არ წასულიყო, არ სურდა დედასთან დაშორება.
ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით:
კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ ქე--- სე---–--ლს ორივე მშობელთან აქვს კარგი ემოციური კავშირი. ორივე მშობელი მისთვის მნიშვნელოვანია . ბავშვს სურს ორივე მშობელთან ერთად ცხოვრება. ორივე მშობელი არის ყურადღებიანი და მზრუნველი და ორივე მშობელს შეუძლია გოგონას ემოციური მხარდაჭერა და შექება-წახალისება.
შეინიშნება ემოციური ტრავმებიც, რომელიც გამოწვეულია დედასთან დაშორებით და მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრებით . გოგონა ზედმეტად აკონტროლებს ემოციებს, თითქმის არ გამოხატავს. ასევე შეინიშნება უფროსების უარყოფითი ზეგავლენა საცხოვრებელთან დაკავშირებით , დედის ქცევასთან დაკავშირებით, რომ ,,მან მიატოვა არ--–ში“ და ა.შ. უფროსების მხრიდან მსგავსი კომენტარები ბავშვისთვის მატრავმირებელია, რის გამოც ბავშვს აქვს მიტოვებულობის განცდა, ეს ლახავს დედის ავტორიტეტს შვილის თვალში, რაც დაუშვებელია. შეინიშნება მამის გავლენა დედისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ბავშვი აცხადებს : ,,ახ--––--ეში არ მივდივარ. არ--–ში რომ მიმატოვა დედამო“ შეკითხვაზე, თუ ეს ვინ უთხრა, გოგონა ამბობს , რომ ,,მამამ უთხრა“ .
ფსიქოლოგის რეკომენდაციით, დედა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში, ბავშვის დედასთან დაშორება იწვევს ემოციურ ტრავმებს. დედასთან სიახლოვე აუცილებელია გოგონასთვის, ეს მას ეხმარება სქესთან იდენტიფიკაციაში. ასევე, ზრდასთან ერთად გოგონების ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც დედის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც მთელი რიგი ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება ადამიანის ორგანიზმში (გარდატეხის ასაკი). დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ რისკი, რომელიც შეიძლება, იყოს ბავშვის ნებისმიერ მშობელთან ცხოვრების შემთხვევაში, ისაა, რომ თუ მშობლები ერთმანეთთან არ დაარეგულირებენ ურთიერთობას, მათი კონფლიქტი და უარყოფითი განწყობა პირდაპირ აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე და საფრთხეს შეუქმნის მის ურთიერთობას დედასთან ან მამასთან. ამ შემთხვევაში თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთს არ სურს შერიგება, ორივე მშობელი უნდა დაეხმაროს გოგონას ამის გაცნობიერებაში, რათა ბავშვს არ ჰქონდეს ცრუ მოლოდინი მშობლების შერიგებასთან დაკავშირებით, რაც ბავშვის ემოციურ ტრამვას იწვევს.
3.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103–ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას შვილის აღსაზრდელად დედისთვის გადაცემის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ რადგან ქე--- სე---–--ლი დაიბადა და გაიზარდა ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში, იგი თავს კარგად სწორედ ამ გარემოში გრძნობს , ხოლო ახ--––--ის რაიონის სოფელ არ--–ში დედასთან ერთად ცხოვრება არ სურს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცეს იმ გარემოებას, რომ ქე--- სე---–--ლი 2017 წლის იანვრიდან, ანუ მშობლების დაშორების შემდეგ, 2017 წლის ივლისამდე, დედასთან ერთად ცხოვრობდა ახ--––--ის რაიონის სოფელ არ--–ში. 3 ივლისს იგი მამამ დროებით, 2 კვირით წამოიყვანა ახ--–-------–ში, ხოლო შემდეგ უარი განაცხადა ბავშვის დაბრუნებაზე , და თვითნებურად განსაზღვრა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებელი ადგილი. რაიმე მტკიცებულება, რომ ბავშვი თვეების განმავლობაში სოფელ არ--–ში დედასთან ერთად ცხოვრების დროს, შეცვლილი საცხოვრებელი გარემოს მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდა, და სურდა ყვ----–ის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში მამასთან ცხოვრება, საქმეში არ მოიპოვება, და ასეთზე ვერც მოპასუხე მიუთითებს, ხოლო 2017 წლის ივლისში სოფელ ახ--–-------–ში ჩამოსვლის შემდეგ ბავშვის ახალი საცხოვრებელი გარემოს, ასევე დედის ქცევის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე, არ გამოირიცხება მამის მხრიდან ზემოქმედება (,,ახ--––--ეში არ მივდივარ. არ--–ში რომ მიმატოვა დედამო“ შეკითხვაზე, თუ ეს ვინ უთხრა, გოგონამ თქვა , რომ ,,მამამ უთხრა“) , ეს კი ბავშვისთვის მატრავმირებელია და ლახავს დედის ავტორიტეტს შვილის თვალში, რაც დაუშვებელია, ამიტომ სასამართლო მოპასუხის არგუმენტს საცხოვრებელი გარემოს შეცვლის მიმართ ბავშვის უარყოფით ემოციურ განწყობასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს .
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ 2017 წლის ივლისში მშობლები შეთანხმდნენ, რომ ქე--- სე---–--ლის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო შემდეგ მოსარჩელემ დაარღვია ეს შეთანხმება და წამოიწყო დავა ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თა---–- ბა------–--ლი და ზუ----- სე---–--ლი 2017 წლის იანვარში დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელე შვილთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან- ად----ის რაიონის სოფელ არ--–ში დაბრუნდა, სადაც 2017 წლის ივლისში შვილის ნახვის მიზნით ჩავიდა მოპასუხე და მოსარჩელის ნებართვით ბავშვი 2 კვირით წამოიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში- ყვ----–ის რაიონის სოფელ მთ------ში , თუმცა ამის შემდეგ უარი განაცხადა ბავშვის დედასთან დაბრუნებაზე და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად თვითნებურად განსაზღვრა თავისი საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რადგან მოპასუხემ უარი განაცხადა ბავშვის დაბრუნებაზე, 2017 წლის 18 ივლისს თა---–- ბა------–--ლი თვითონ ჩავიდა სოფელ მთ------ში და ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა პოლიციას, სადაც სოციალური მუშაკთან და პოლიციის თანამშრომელთან გასაუბრების შემდეგ მოსარჩელე დაეთანხმა, რომ სასამართლოს მიერ ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ქე--- სე---–--ლი დარჩეს მამასთან, რაც პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის მიხედვით, ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით მშობლების დავის შემთხვევაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება, ამიტომ 2017 წლის აგვისტოში მოსარჩელემ დავის გადასაწყვეტად სარჩელით მიმართა სასამართლოს .
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თა---–- ბა------–--ლის სარჩელი, ზუ---- სე---–--ლის მიმართ, განქორწინების და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. თა---–- ბა------–--ლი ითხოვს ზუ---- სე---–--ლთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს აღარ სურთ ოჯახის აღდგენა. მათ შორის არ არსებობს ფაქტობრივი თანაცხოვრება, ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 07 მარტიდან . მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. სასამართლო სხდომაზე არც ერთმა მხარემ არ გამოვლინა ოჯახის აღდგენის ნება, მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე ითხოვს მცირეწლოვანი შვილის- ქე--- სე---–--ლის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198 მუხლის 1 ნაწილით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას, მშობლების უფლებები არ უნდა განახორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 1200-ე მუხლის შესაბამისად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 1202 ე- მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
ამდენად, კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც უთუოდ მოქმედებს ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელი და გადამწყვეტია თავად ბავშვის უპირატესი ინტერესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).
მოცემულ შემთხვევაში ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლის მიზნით დანიშნული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქე--- სე---–--ლს ორივე მშობელთან აქვს კარგი ემოციური კავშირი. ორივე მშობელი მისთვის მნიშვნელოვანია . ბავშვს სურს ორივე მშობელთან ერთად ცხოვრება. ორივე მშობელი არის ყურადღებიანი და მზრუნველი, ორივე მშობელს აქვს შვილის აღზრდის სათანადო უნარ-ჩვევები, და ორივე მშობელს შეუძლია გოგონას ემოციური მხარდაჭერა და შექება-წახალისება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბავშვს ორივე მშობელთან აქვს კარგი ემოციური კავშირი და ორივე მშობელი მისთვის მნიშვნელოვანია, ამასთან არც ერთ მშობელთან არ იკვეთება რაიმე ისეთი ობიექტური ხელშემშლელი გარემოება, რაც მასთან ბავშვის ცხოვრებას გამორიცხავდა, ასეთ პირობებში ქე--- სე---–--ლის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკს , ასევე რომელ მშობელს აქვს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ჯანსაღი ფსიქოემოციური განვითარებისათვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დედასთან ცხოვრება ქე--- სე---–--ლის საუკეთესო ინტერესს შეესაბამება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ფსიქოლოგისა და ბავშვის წარმომადგენლის მოსაზრებები, რითაც დგინდება, რომ გოგონას ორივე მშობელთან აქვს კარგი ემოციური კავშირი, ორივე მშობელი არის მზრუნველი და ყურადღებიანი და ორივე მშობელი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ შეინიშნება ბავშვის ემოციური ტრამვები, რაც გამოწვეულია დედასთან დაშორებით და მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრებით. გოგონა მცირეწლოვანია -4 წლის, ამ ასაკში ბავშვს სჭირდება დედის ზრუნვა და მოვლა. გასათვალისწინებელია, რომ მამის ოჯახში არ ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც სათანადოდ მოუვლის და იზრუნებს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ აღზრდა-განვითარებაზე, რის გამოც ბავშვის აღზრდაში ჩართულები არიან ნათესავი ქალბატონები. სასამართლო თვლის, რომ მცირეწლოვან ბავშვს, განსაკუთრებით გოგონას, სჭირდება დედასთან მჭიდრო ურთიერთობა, მითუმეტეს, რომ ბავშვი დაბადებიდან დედასთან იზრდებოდა და არ დასტურდება, რომ ბავშვის დედასთან ცხოვრება ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ასევე, ზრდასთან ერთად გოგონების ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც მთელი რიგი ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება ადამიანის ორგანიზმში (გარდატეხის ასაკი) როდესაც გოგონას მიმართ დედის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამასთან, გოგონამ დედისგან უნდა შეისწავლოს საჭირო უნარ-ჩვევები.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრების დაწყების შემდეგ ქე--- დედასთან ცხოვრობდა. დადგენილია, რომ მოპასუხემ თვითნებურად, მეორე მშობელთან შეთანხმების გარეშე მოახდინა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მოსარჩელეს აღარ მისცა შესაძლებლობა დაებრუნებინა შვილი საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგის დასკვნით და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების შესაბამისად, გამოკვეთილია ბავშვის ემოციური ტრავმები, რაც მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრებით და ბავშვის დედასთან დაშორებით არის გამოწვეული. ბავშვს აქვს მიტოვებულობის განცდა, ამ განწყობის ჩამოყალიბებაში არ გამოირიცხება მამის ზემოქმედება (მამამ უთხრა, რომ დედამ მიატოვა არ--–ში), ეს კი ბავშვისთვის მატრავმირებელია და ლახავს დედის ავტორიტეტს შვილის თვალში, რაც დაუშვებელია, ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის და მისი მცირეწლოვანი შვილის ცალ-ცალკე ცხოვრების რაიმე ობიექტური წინაპირობა არ არსებობს და ამასთან, ჯანსაღი ფსიქოემოციური განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დედასთან ცხოვრება ქე--- სე---–--ლის საუკეთესო ინტერესს შეესაბამება, ამიტომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბავშვის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი .
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქე--- სე---–--ლი 2017 წლის ივლიდან მამასთან ცხოვრობდა, ამიტომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო დაედგინა, შეძლებდა თუ არა იგი დედასთან აღედგინა დედა-შვილური ურთიერთობა. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ფსიქოლოგთან რამდენიმე ვიზიტის და სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების აღსრულების პირობებში 2019 წლის თებერვლიდან ქე--- სე---–--ლი ცხოვრობს დედასთან და მათ შორის აღდგა ჩვეულებრივი დედაშვილური ურთიერთობა.
6.2. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ზუ---- სე---–--ლს შვილის სარჩენად დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით კი, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ასევე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მცირეწლოვანი ქე--- სე---–--ლი 2019 წლის 1 თებერვლიდან ცხოვრობს დედასთან-თა---–- ბა------–--ლთან.
დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებულია ქ. ახ--––--ეში, პ---ს აფთიაქში, ფარმაცევტად, მისი ყოველთვიური სტაბილური ხელფასი არის 500 ლარი. მოსარჩელეს ქე--- სე---–--ლის გარდა სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.
მოპასუხე ზუ---- სე---–--ლს ხელფასის სახით სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, თუმცა ზუ---- სე---–--ლის ოჯახს, სადაც მამასთან ერთად ცხვორობს, საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთები, ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი, ფუტკარი. ოჯახის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი როგორც კერძო საქმიანობიდან , ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვით არის 700-900 ლარი. მოპასუხეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, რომელსაც ალიმენტის სახით თვეში 100 ლარს უხდის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მცირეწლოვანი ქე--- სე---–--ლის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ბავშვის ასაკის, მისი განვითარების და საჭიროებების, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობის შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 100 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის დროს ქე--- სე---–--ლი მამასთან ცხოვრობდა და იგი დედასთან 2019 წლის 01 თებერვლიდან ცხოვრობს, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სწორედ აღნიშნული თარიღიდან- - 2019 წლის 01 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე .
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის
მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელ განქორწინების ნაწილში , მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 50 ლარის ოდენობით.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა, ზუ---- სე---–--ლს თა---–- ბა------–--ლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 100 ლარი, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ვინაიდან მოპასუხე ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემთხვევაში დაეთანხმა ალიმენტის გადახდას 100 ლარის ოდენობით , და სარჩელი ამ მოცულობით დაკმაყოფილდა, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არიან
რაც შეეხება ადვოკატის ხარჯებს, მოსარჩელეს ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უნდა ეთქვას უარი, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ადვოკატისთვის სახელმწიფო სალაროდან თანხების გადახდა, მომსახურების ხელშეკრულება და აშ) რითაც ხარჯების გაწევა დადასტურდება, ხოლო სსს კოდექსის 102 მუხლის შესაბამისად, მისი დამტკიცების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება .
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 49-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თა---–- ბა------–--ლის სარჩელი, ზუ----- სე---–--ლის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს თა---–- ბა------–--ლს (პ/ნ 03001019---) და ზუ----- სე---–--ლს (პ/ნ 45001001---) შორის 2014 წლის 07 მარტს სსგს ახ--––--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი № 54143000---
3. თა---–- ბა------–--ლის სარჩელი, ზუ----- სე---–--ლის მიმართ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
4. 14.04.2014 წელს დაბადებული ქე--- სე---–--ლის (პ/ნ 01550056---) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - თა---–- ბა------–--ლის საცხოვრებელი ადგილი .
5. თა---–- ბა------–--ლის სარჩელი, ზუ----- სე---–--ლის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. ზუ----- სე---–--ლს (პ/ნ 45001001---) თავისი შვილის - 14.04.2014 წელს დაბადებული ქე--- სე---–--ლის (პ/ნ 01550056---) რჩენა-აღზრდისთვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე
7. ზუ---- სე---–--ლს ალიმენტის გადახდევინება დაეწყოს 2019 წლის 01 თებერვლიდან;
8. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის დროებითი განკარგულება გაუქმდეს.
9. გადაწყვეტილების ასლი, მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით; განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
10. ზუ---- სე---–--ლს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის- 100 ლარის გადახდა , მოსარჩელე თა---–- ბა------–--ლის სასარგებლოდ
11. თა---–- ბა------–--ლს დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 50 ლარი, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №300503150 საგადახდო დავალება 0, რეფერენსი- 1773060---);
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელი
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი