გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6042-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ვ----------------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენლები - ნ-----–-----–--------–----------------------–ი
მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენლები - ს------------–---------–--------–---–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 5 სექტემბრის S------------ გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ვ----------------–-–---–ს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 20 აგვისტოს დაამთავრა რ--------------------------------------მა კ------------–---–----------- და ჩაირიცხა 1---- რეზერვის ბატალიონში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, 8 აგვისტოს მივლინებით იმყოფებოდა შ------------–ში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა საბრძოლო მოქმედებებში. 2018 წლის 4 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭება. 2018 წლის 5 სექტემბერს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, შესაბამისად, მისი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული მასალების თანახმად, ვ----------------–-–---–ი მივლინებული იყო შ------------–ის რეგიონში, თუმცა საბრძოლო დავალებებში მისი მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მიერ გაცემული სერთიფიკატის თანახმად, ვ----------------–-–---–მა წარმატებით დაამთავრა რ--------------------------------------მა 03.08.07-20.08.07 კ------------–---–----------- და ჩაირიცხა 1---- ბატალიონში (რეზერვის).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ს.ფ. 24).
3.2. ამონაწერით რეზერვისტთა მომზადების ბაზა N- უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს N--- ბრძანებიდან (სამწყობრო ნაწილში) დასტურდება, რომ რეზერვისტთა მომზადების ბაზა N------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ე რეზერვისტთა მ-----------------------–-----ბის პირადი შემადგენლობა სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შ------------–ის მიმართულებით 8 აგვისტოდან. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია 1---- ბატალიონი, 1-- ვ----------–-–---–--
ამონაწერით რეზერვისტთა მომზადების ბაზა N- უფროსის 2008 წლის 21 აგვისტოს N--- ბრძანებიდან (სამწყობრო ნაწილში) დასტურდება, რომ რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის უ---------- და დ.მ.შ. 2008 წლის 8 აგვისტოს N--- ს/ნ ბრძანების §7-ში მითითებული 1-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ე რეზერვისტთა მ-----------------------–-----ბის პირადი შემადგენლობა დემობილიზებული იქნას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამგეობაში და მოიხსნა სანივთე კმაყოფიდან 12 აგვისტოდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი რეზერვისტთა მომზადების ბაზა N- უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს N--- ბრძანებიდან (ს.ფ. 15);
- ამონაწერი რეზერვისტთა მომზადების ბაზა N- უფროსის 2008 წლის 21 აგვისტოს N--- ბრძანებიდან (ს.ფ. 16).
3.3. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის (------------–-----------ის უ---------- და რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- ბატალიონის მეთაურის 2009 წლის 29 ივლისის ცნობის თანახმად, რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- რეზერვისტთა მ-----------------------–-----ს რეზერვისტი ვ------------------------------–-–---–ი (დაბადებული: 2-.0-.1--- წელი) რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძანება N--- თანახმად, ნამდვილად იმყოფებოდა მივლინებაში შ------------–ის რეგიონში 2008 წლის 8 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის (------------–-----------ის უ---------- და რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- ბატალიონის მეთაურის 2009 წლის 29 ივლისის ცნობა (ს.ფ. 17).
3.4. 2018 წლის 4 სექტემბერს, ვ----------------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მინიჭება, იმ საფუძვლით, რომ იგი არის 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში მონაწილე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვ----------------–-–---–ის 2018 წლის 04 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 40).
3.5. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 5 სექტემბრის S------------ გადაწყვეტილებით ვ----------------–-–---–ს უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე შემდეგი საფუძვლით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის სტატუსის მისაღებად სავალდებულოა, რომ პირი ჩარიცხული იყოს კანონით გათვალისწინებულ უწყებაში და უშუალო მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული საბრძოლო მოქმედებებში. 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, შ------------–ის ტერიტორიაზე მივლინებული რეზერვისტთა მ-----------------------–-----ს პირადი შემადგენლობის მხოლოდ ნაწილი იქნა გაგზავნილი ინტენსიური კონფლიქტის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალების შესასრულებლად, ს----------–--------------–---------------------------------–--------–-----------ის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას, საბრძოლო დავალებების შესასრულებლად გაგზავნილ რეზერვისტთა შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით, სამსახურმა 2017 წლის 3 მაისს N------------------ წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს. აღნიშნული წერილის პასუხად, 23 მაისს სამსახურში მიღებულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის 2017 წლის 22 მაისის N----------------- წერილი (სამსახურში რეგისტრაციის N-------------). საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის აღნიშნული წერილით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას, საბრძოლო დავალების შესასრულებლად ვ----------------–-–---–ის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 5 სექტემბრის S------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-49).
3.6. 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით დ-----------------------------ი ადასტურებს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ირიცხებოდა რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- ბატალიონის 1-------––---------------ად. ასევე, 2008 წლის 8 აგვისტოს იმყოფებოდა შ------------–ში და მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. 2008 წლის 8 აგვისტოს რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- ბატალიონის 1-------––------–----------------------ი ვ------------------------------–-–---–ი, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს მასთან ერთად იმყოფებოდა და იღებდა მონაწილეობას შ------------–ის საომარ მოქმედებებში.
2018 წლის 13 სექტემბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით ვ--------------------------------–---–ი ადასტურებს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს იყო რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- ბატალიონის 1-------––----------------------------ზე. მონაწილეობას იღებდა შ------------–ის საომარ მოქმედებებში. მის ასეულში ირიცხებოდა რეზერვისტი ვ------------------------------–-–---–ი, რომელიც იმყოფებოდა და მონაწილეობდა 2008 წლის 8 აგვისტოს საომარ მოქმედებებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული დ----------------ის ხელწერილი (ს.ფ. 20);
- 2018 წლის 13 სექტემბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული ვ-------------------–---–ის ხელწერილი (ს.ფ. 22-23);
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 21).
3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსის მიერ 2019 წლის 23 იანვარს გაიცა ინფორმაცია, რომ ვ----------------–-–---–ი საბრძოლო დავალებებში მონაწილეობის შესახებ ბრძანებებში არ გადის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსის 2019 წლის 23 იანვრის წერილი (ს.ფ. 69).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ----------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 05 სექტემბრის S------------ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.
ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.
სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების თუ სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის წესი, თუკი იგი დადგენილი არ არის კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით, განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დებულებით.
ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი №2-ის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების (შემდგომში - მოწმობა) გაცემა ხორციელდება სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია.
ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის ,,დ.დ.’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებს მონაწილის და ომის ინვალიდის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (საბრძოლო მოქმედებებში მივლინების ბრძანება, ცნობა კადრებიდან სად და რა თანამდებობაზე იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, დაჯილდოების, წახალისების, წოდების მინიჭების ბრძანებები, ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმელის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვა). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად; სამსახურში მოქმედი „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქმის მასალების თანახმად, ვ----------------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მინიჭება, ,,ომისა და სამხედრო ძალების“ ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ იგი არის 2008 წლის აგვისტოს თვეში შ------------–ის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე.
განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მიერ გაცემული სერთიფიკატი, რომლის თანახმად, ვ----------------–-–---–მა წარმატებით დაამთავრა რ--------------------------------------მა 03.08.07-20.08.07 კ------------–---–----------- და ჩაირიცხა 1---- ბატალიონში (რეზერვის); ამონაწერი რეზერვისტთა მომზადების ბაზა N- უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს N--- ბრძანებიდან (სამწყობრო ნაწილში), რომლითაც დასტურდება, რომ რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- რეზერვისტთა მ-----------------------–-----ს პირადი შემადგენლობა და მათ შორის მოსარჩელე სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, აყვანილ იქნა სანივთე კმაყოფაზე, გაიცა შესაბამისი რაოდენობის მშრალი ულუფა და ჩაითვალა მივლინებულად შ------------–ის მიმართულებით 2008 წლის 8 აგვისტოდან; ასევე წარდგენილ იქნა ამონაწერი რეზერვისტთა მომზადების ბაზა N- უფროსის 2008 წლის 21 აგვისტოს N--- ბრძანებიდან, რომლის მიხედვით, რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის უფროსის და დ.მ.შ. 2008 წლის 8 აგვისტოს N--- ს/ნ ბრძანების §7-ში მითითებული 1---- რეზერვისტთა მ-----------------------–-----ს პირადი შემადგენლობა დემობილიზებული იქნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამგეობაში და მოიხსნა სანივთე კმაყოფიდან 2008 წლის 12 აგვისტოდან; ასევე, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის (------------–-----------ის უ---------- და რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- ბატალიონის მეთაურის 2009 წლის 29 ივლისის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის 1---- რეზერვისტთა მ-----------------------–-----ს რეზერვისტი ვ------------------------------–-–---–ი (დაბადებული: 2-.0-.1--- წელი) რეზერვისტთა მომზადების ბაზა N--ის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს N--- ბრძანების თანახმად, ნამდვილად იმყოფებოდა მივლინებაში შ------------–ის რეგიონში 2008 წლის 8 აგვისტოს.
დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 5 სექტემბრის S------------ გადაწყვეტილებით ვ----------------–-–---–ს უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის სტატუსის მისაღებად სავალდებულოა პირი ჩარიცხული იყოს კანონით გათვალისწინებულ უწყებაში და უშუალო მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული საბრძოლო მოქმედებებში. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას, საბრძოლო დავალების შესასრულებლად ვ----------------–-–---–ის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, შესაბამისად, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა განმცხადებლისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელმა - საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე პირებმა უნდა წარადგინონ მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებებში/საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (საბრძოლო დავალებებში მონაწილეობის შესახებ ბრძანება და სხვა). სასამართლოს შეფასებით, ვ----------------–-–---–ის მიერ მსგავსი ხასიათის დოკუმენტი ადმინისტრაციული ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა, კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციით უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ ვ----------------–-–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა მივლინებაში შ------------–ის რეგიონში 2008 წლის 8 აგვისტოს, თუმცა არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მისი საბრძოლო მოქმედებებში/საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის ფაქტი და ეს გარემოება არც თავად მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. ამასთან, რაც შეეხება დ----------------ისა და ვ-------------------–---–ის მიერ შედგენილ ხელწერილებს, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ 2008 წლის 8 აგვისტოს ვ----------------–-–---–ის საომარ მოქმედებებში მონაწილების ფაქტს, მითითებული მასალა ვერ განიხილება იმ სახის მტკიცებულებად, რომლითაც პირს შეიძლება მიენიჭოს სადავო სტატუსი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 5 სექტემბრის S------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - დაევალოს მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე, დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნაც მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ----------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე