გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210118002584890
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ა---------------ე

წარმომადგენლები - ა-–-----------–-–--------------------------–------–----------------–-–---–-

 

მოპასუხე - სს ,,თ-------–-------"

წარმომადგენელი - ფ----------------–---ი

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეს - შპს ,,ჰ--------–-------------"

წარმომადგენლები - ა-–-----------–-–--------------------------–---

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სს „თ-------–-------ა“ და შპს „ჰ--------–-------------ს“ შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმებული ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხელშეკრულება;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს მ--------------ს მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომრით N---------;

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნოტარიუს მ--------------ს მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებლად უნდა მიექცეს ა---------------ის მოძრავი ქონება. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი გახდა სს „თ-------–-------ა და შპს „ჰ--------–-------------ს შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმებული ფულადი ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, სადაც შპს „ჰ--------–-------------ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო ა---------------ის საკუთრებაში არსებული ქონების გირავნობით. თუმცა ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის დანაწესით, გირავნობის ხელშეკრულება წყდება, თუ მოვალე შპს „ჰ--------–-------------“ გადაიხდიდა 12000 აშშ დოლარს. გარდა ამისა, სააღსრულებო ფურცელი გაცემული იყო ვალდებულების შესრულებისთვის დამატებითი 2 კვირიანი ვადის განსაზღვრის გარეშე. აღსანიშნავია, რომ საბანკო ამონაწერით სრულად დასტურდება 12000 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისად გირავნობა უნდა გაუქმებულიყო.

 

გარდა ამისა, 2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი გახდა სს „თ-------–-------ა“ და შპს „ს--–--------ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც შპს „ს--–--------ს“ მოპასუხის მიმართ წარმოეშვა 51207,70 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

 

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სადავო გარიგება ამორალური გარიგება იყო და ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს, ამ ხელშეკრულებით მოსარჩელეს არანაირი სარგებელი არ მიუღია, საწარმოს არც ლიზინგის, იგივე ნასყიდობის საგანი გადასცემია, ხოლო ა---------------ე იხდის თანხების იმ გარიგებაზე, საიდანაც სარგებელი არ გააჩნდა. გამოდის, რომ ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელე მოატყუეს.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩლი არა ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ცვლილება შევიდა გირავნობის ხელშეკრულებაში და მოგირავნის (მოსარჩელის) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება გახდა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანი. მოპასუხემ არაერთხელ განახორციელა მოსარჩელის წერილობით გაფრთხილება და განუსაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

 

რაც შეეხება ხელშეკრულებაში მითითებულ პირობას გირავნობისგან ქონების გათავისუფლებაზე, აღნიშნული გულისხმობდა N------------ გირავნობის ხელშეკრულების და არა N------------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმებას და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე სს „თ-------–------მა“ გასცა წერილობითი თანხმობა N------------ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული გირავნობის უფლების გაუქმების შესახებ.

 

სადავო გარიგებით შპს „ჰ--------–-------------მ“ სწორედ შპს „ს--–--------სთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების შესრულება იკისრა და გაურკვეველია მოსარჩელის მითითება ვალდებულების არარსებობის შესახებ.

 

3.. დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის შესაგებელი

 

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, მის მხარეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულმა შპს „ჰ--------–-------------მ“ სასარჩელო მოთხოვნები სრულად ცნო.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს „ჰ--------–-------------სა“ და სს „თ-------–-------“ შორის 2016 წლის 30 აგვისტოს დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, სადაც ლიზინგის გამცემი (მოპასუხე) ლიზინგით გადასცემდა ლიზინგის მიმღებს (შპს „ჰ--------–-------------ს“) ქონებას (მუხლუხა ექსკავატორს). ლიზინგის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 68569,82 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით. ლიზინგის ხელშეკრულებით გამყიდველს, იგივე მიმწოდებელს წარმოადგენდა შპს „ს--–--------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 30.08.2016 წლის ლიზინგის ხელშეკრულება N---------------;

 

4.1.2. ლიზინგის ხელშეკრულების შესრულების მიზნით სს „თ-------–-------ა“ (მყიდველი) და შპს „ს--–--------ს“ (გამყიდველი) შორის იმავე რიცხვში, 2016 წლის 30 აგვისტოს დაიდო N------- ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც გამყიდველმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით მიაწოდოს და საკუთრებაში გადასცეს მყიდველს სახელშეკრულებო ქონება (მუხლუხა ექსკავატორი). ქონების ღირებულება განისაზღვრა 54000 აშშ დოლარით, საიდანაც მყიდველს ავანსის სახით უნდა გადაეხადა 37800 აშშ დოლარი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საბანკო დღის ვადაში. თავის მხრივ ქონების მიწოდებაც გამყიდველს უნდა განეხორციელებინა ავანსის გადარიცხვიდან 25 საბანკო დღის ვადაში. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა პირგასამტეხლო - 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის მიმღებს წარმოადგენს შპს „ჰ--------–-------------“.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 20 სექტემბერს სს „თ-------–-------“ და ა---------------ეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განიმარტა, რომ გირავნობით უზრუნველყოფილია: ძირითადი (ნასყიდობის) ხელშეკრულების რომელიმე ან/და რამდენიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის დამატებითი ხელშეკრულებების) და ან გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები.

 

მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფის მოთხოვნა არის 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

აღნიშნულის გარდა, ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 11 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, სადაც შპს „ჰ--------–-------------“ (თავდები) შპს „ს--–--------სთან“ ერთად კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას შეასრულოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „ს--–-------ის“ მიერ სს „თ-------–-------ს“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას, სოლიდარულად აგოს პასუხი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად უკვე წარმოშობილი დავალიანების 51207,70 აშშ დოლარის დაფარვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 30.08.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება N-------;

- 20.09.2016 წლის გირავნობის ხელშეკრულება N------------.;

- 11.05.2017 წლის თავდებობის განაცხადი და ხელშეკრულება.;

 

4.1.3. მოსარჩელე ა---------------ე არის შპს „ჰ--------–-------------ს“ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. სს „თ-------–------თან“ გირავნობის ხელშეკრულების დადების დროსაც იგი შპს „ჰ--------–-------------ს“ პარტნიორი და დირექტორი იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

4.1.4. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „თ-------–------მა“ შპს „ს--–--------ს“ გადაურიცხა ავანსის თანხა, 2016 წლის 6 სექტემბერს გადარიცხა 16200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 37206,54 ლარი, ხოლო 2016 წლის 21 სექტემბერს გადარიცხა 21600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 50092,56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საგადახდო დავალებები.

 

4.1.5. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ შპს „ს--–--------ს“ მხრიდან არ მომხდარა ნასყიდობის საგნის სს „თ-------–-------სთვის“ ფაქტობრივად გადაცემა და საკუთრებაში დარეგისტრირება. თავის მხრივ არც ლიზინგის საგნის გადაცემა შპს „ჰ--------–-------------ს“ სასარგებლოდ სს „თ-------–-------“ არ განუხორციელებია.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „ს--–-------ის“ დაგროვილი დავალიანება შეადგენს 51207,70 აშშ დოლარს, საიდანაც 37800 აშშ დოლარი არის ავანსის სახით გადახდილი თანხა, 10530 აშშ დოლარი - ქონების მიუწოდებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო, 2877,70 აშშ დოლარი - ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილების წერილები;

- 11.05.2017 წლის შეთანხმება ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

 

4.1.6. 2017 წლის 11 მაისს სს „თ-------–-------“ და შპს „ჰ--------–-------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სახელწოდებით: „ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ“. ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობებს წარმოადგენს:

 

ა) 2016 წლის 30 აგვისტოს ლიზინგის ხელშეკრულების მიზნებისთვის შპს „ს--–--------სთან“ იმავე რიცხვში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველს ლიზინის მიმღებისთვის გადასაცემად უნდა განეხორციელებინა 54000 აშშ დოლარის ღირებულების მუხლუხა ექსკავატორის მიწოდება;

ბ) 30.08.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში სს „თ-------–-------ს“ მიერ შპს „ს--–-------ისთვის“ ავანსის სახით 37800 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი;

გ) ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 11 მაისს სს „თ-------–-------ა“ და შპს „ჰ--------–-------------ს“ შორის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება;

დ) ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „თ-------–-------ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, სადაც შპს „ს--–--------ს“ კრედიტორის მიმართ გააჩნდა დავალიანება - 51207,70 აშშ დოლარი;

ე) ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ჰ--------–-------------ს“ მიერ სს „თ-------–-------ს“ სასარგებლოდ 17714,52 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „ჰ--------–-------------“, 11.05.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, კისრულობს ვალდებულებას სს „თ-------–-------“ გადაუხადოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი შემცირებული დავალიანება 40677,70 აშშ დოლარი. საბოლოო ჯამში, უკვე გადახდილი 17714,52 აშშ დოლარის გაქვითვით გადასახდელი თანხა შეადგენს 22962,48 აშშ დოლარს, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს გრაფიკის მიხედვით. ამასთან, გადახდა უნდა განხორციელდეს მითითებულ თანხაზე წლიური 8% სარგებლის გათვალისწინებით, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახდელ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 11.05.2017 წლის ხელშეკრულება ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

 

4.1.7. ფულადი ვალდებულების შესრულების ხელშეკრულებით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ სულ მცირე 12000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ მოვალე უფლებამოსილია მოითხოვოს N------------ გირავნობის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმებით გაუქმდა 2016 წლის 30 აგვისტოს ლიზინგის ხელშეკრულება N---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 11.05.2017 წლის ხელშეკრულება ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

 

4.1.8. ფულადი ვალდებულების შესრულების ხელშეკრულების უზრუნველყოფა განხორციელდა თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებებით, კერძოდ:

 

ა) ფიზიკურ პირს ა---------------ე და სს „თ-------–-------“ შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, სადაც ა---------------ე შპს „ჰ--------–-------------სთან“ ერთად სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას;

ბ) ფიზიკურ პირს ა---------------ესა და სს „თ-------–-------“ შორის 2016 წლის 20 სექტემბერს გაფორმებულ გირავნობის ხელშეკრულებაში (N------------) 2017 წლის 16 მაისს შევიდა ცვლილება და მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება გახდა ასევე ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ გარიგების უზრუნველყოფის საშუალება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 11.05.2017 წლის ხელშეკრულება ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ;

- 11.05.2017 წლის თავდებობის განცხადება და ხელშეკრულება;

- 16.05.2017 წლის შეთანხმება გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილება/დამატების შესახებ.

 

4.1.9. შპს „ჰ--------–-------------ს“ მიერ სს „თ-------–-------ს“ სასარგებლოდ, 2017 წლის 11 მაისის შეთანხმების შემდგომ ჯამში გადარიცხული იქნა 13421,44 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი ანგარიშიდან.

 

4.1.10. 2018 წლის 12 ივნისს, კრედიტორის, სს „თ-------–-------ს“ მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენს სს „თ-------–-------“, მოვალეს - შპს „ჰ--------–-------------“, ხოლო დამგირავებელს - ა---------------ე.

 

სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი გახდა შეთანხმება 11.05.2017 წლის ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, 20.09.2016 წლის გირავნობის ხელშეკრულება (N------------) და მასში 16.05.2017 წელს განხორციელებული ცვლილება/დამატების შესახებ შეთანხმება.

 

სააღსრულებო ფურცლით დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 12579,71 აშშ დოლარით, აქედან ვადაგადაცილებული დავალიანება - 10592,75 აშშ დოლარი, სამომავლო გადახდების ჯამი სარგებლის გარეშე - 1986,96 შშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით უნდა განხორციელდეს ა---------------ის საკუთრებაში არსებული დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 12.06.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი N---------.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. 2017 წლის 11 მაისის შეთანხმება ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ უნდა შეფასდეს, როგორც შპს „ჰ--------–-------------ს მხრიდან შპს „ს--–-------ის“ ვალის თავის თავზე აღების ვალდებულებად (ვალის გადაკისრება).

 

სამოქალაქო კოდექსით რეგულირებულია ვალის გადაკისრების ორი შემადგენლობა: მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება (სსკ-ის 203-ე მუხლი) და მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება (სსკ-ის 204-ე) მუხლი. ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება იდება მოთხოვნის მფლობელსა და ახალ მოვალეს შორის და იგი, როგორც წესი, არ საჭიროებს მოვალის თანხმობას. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლით მოწესრიგებული შინაარსი, რომლის დროსაც, ვალის გადაკისრება ხდება კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე და ასევე მესამე პირის თანხმობა ასეთი ვალდებულების შესრულების შესახებ. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო გარიგებით შპს „ჰ--------–-------------მ“ გამოთქვა თანხმობა, შპს „ს--–--------სა“ და სს „თ-------–-------“ შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება თავად გადაეხადა და შეთანხმდა გადახდის გრაფიკი.

 

4.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ 2017 წლის 11 მაისის შეთანხმება ეწინააღმდეგება ლიზინგის მიზანს და დადებულია სს „თ-------–-------ს“ მხრიდან კეთილსინდისიერების პრინციპის უგულვებელყოფით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად.

 

სამოქალაქო კოდექსით დაცულია მხარეთა ნების ავტონომია, მხარეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერ მოქმედება (სსკ-ის მე-10 მუხლი), მაგრამ ამავდროულად მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (სსკ-ის მე-8, 115-ე მუხლები). სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამორალური, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება, რომელიც მართალია მხარის მიერ ნების გამოვლენის შედეგად დაიდო, უფრო მეტიც, შესაძლოა გარიგების საფუძველზე განახორციელოს კიდეც გარკვეული შესრულება, მაგრამ მისი არსებობა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ წესრიგს, ქცევის სტანდარტს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპისა, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს ეწინააღმდეგება. ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილად ითვლება.

 

იმავდროულად, მხედველობაშია მისაღები საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საჯარო წესრიგის დაცვის აუცილებლობის თავლსაზრისითაც (იხ., სუსგ Nას-15-15-2016, 1 მარტი 2016 წელი), რომლის მიხედვით „სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს“.

 

ამდენად, სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში არის შესაძლებელი მხარეთა ნების ავტონომიის გამოხატვა. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო პრინციპს, რაც მხარეთათვის სასურველ გარიგებას, მათი უფლებების დაცვასა და სასურველი შედეგის მიღებას უკავშირდება.

 

„ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს. კეთილსინდისიერება არამარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მხრიდან პასუხისმგებლობითა და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.

იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული შეხედულების მიხედვით, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება:

1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე;

2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია;

3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.

 

კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით (იხ.№ას-1338-1376-2014).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ სადავო შეთანხმების დადებას წინ უსწრებდა შპს „ჰ--------–-------------სა და სს „თ-------–-------“ შორის ლიზინგის ხელშეკრულების, ხოლო სს „თ-------–-------ა“ და შპს „ს--–--------ს“ შორის ლიზინგის ხელშეკრულების შესრულების მიზნით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ბოლო ორ ხელშეკრულებაში შპს „ჰ--------–-------------“ წარმოადგენდა ლიზინგის მიმღებს, რომლის ინტერესსაც წარმოადგენდა ლიზინგის საგნის მიღება. სწორედ ლიზინგის ხელშეკრულების შესრულების მიზნით დაიდო სს „თ-------–-------“ (მყიდველი) და შპს „ს--–--------ს“ (გამყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც გამყიდველი კისრულობდა ნასყიდობის საგნის (იგივე ლიზინგის საგნის) მყიდველისთვის საკუთრებაში გადაცემას. სადავო გარიგებით კი სს „თ-------–------მა“ შპს „ჰ--------–-------------ს“ მოსთხოვა იმ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალის თავის თავზე აღება (ვალის გადაკისრება), სადაც შპს „ჰ--------–-------------“ წარმოადგენდა ნასყიდობის საგნის (ლიზინგის საგნის) გადაცემის მიმართ კრედიტორს, მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს. დასკვნის სახით, შპს „ჰ--------–-------------მ“, რომელიც წარმოადგენდა ლიზინგის მიმღებს, თავის თავზე აიღო ლიზინგის ხელშეკრულების მიზნით ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

მართალია, სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის მიმღები ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ლიზინგის მიმღებს ეკისრება.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის საკითხზე და მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობაში არსებობს ლიზინგის გამცემის მიერ უფლების არაკეთლსინდისიერად განხორციელება შედარებით „სუსტ“ მხარესთან მიმართებაში, რა დროსაც მოპასუხის მხრიდან გამოყენებული იყო საწარმოს დირექტორის გამოუცდელობა. სასამართლო სხდომაზე შპს „ჰ--------–-------------ს“ დირექტორის ა---------------ის განმარტებით, სადავო გარიგების დადების დროს მოპასუხემ ისარგებლა მისი გამოუცდელობით.

 

ამდენად, სს „თ-------–-------ს“ მხრიდან 2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულების დადება ვერ იქნება მიჩნეული კეთილსინდისიერ ქმედებად. მართლზომიერი ქცევის განმსაზღვრელი არის სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერება და არა მარტო ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ნებისმიერი მსგავსი ტიპის გარიგების დადება, რაც უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა შეფასდეს.

 

4.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ ა---------------ეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, იმ მიმართებით, რომ მოხდება სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.

 

სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელისა და მოთხოვნის გარეშე მესამე პირის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება გახდება სს „თ-------–-------ს“ მიმართ უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

 

ამავე კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად, ახალ მოვალეს შეუძლია მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც გამომდინარეობს მოთხოვნის მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან.

 

იმავე უფლებაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 263-ე მუხლი, რომლის თანახმად, დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთ შესაგებელი, რომლებზედაც მოგირავნეს პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.

 

სასამართლოს მიერ სადავო გარიგება მიჩნეული იქნა ვალის გადაკისრებად, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც შპს „ჰ--------–-------------ს“ თავდებობასთან ერთად გამოყენებული იქნა გირავნობაც, დაგირავებული იქნა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება. სამოქალაქო კოდექსის 263-ე მუხლით კი დამგირავებელს ენიჭება უფლება წაუყენოს მოგირავნეს გარიგების ბათილობის თაობაზე შესაგებელი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რა არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია, ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება: ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

ამავე კოდექსის 577-ე მუხლის თანახმად: 1. ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმწოდებლის ვალდებულებები არსებობს ლიზინგის მიმღების წინაშეც, თუმცა მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ერთდროულად ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მიმართ ერთსა და იმავე ზიანზე; 2. ლიზინგის გამცემი ვალდებულია მოთხოვნისთანავე დაუთმოს ლიზინგის მიმღებს თავისი უფლებები, რომლებიც უკავშირდება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნას. 3. მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კანონით დადგენილ სტანდარტზე, რომელიც დადგენილია სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით, კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. .... კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. აღნიშნული ნორმა საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა და გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, სუსგ საქმე №ას-570-541-20).

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გარიგება სს „თ-------–-------ს“ მხრიდან დადებული იყო კეთილსინდისიერების პრინციპის უგულვებელყოფით და ეწინააღმდეგებოდა ლიზინგის მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ ვალის გადაკისრების გარიგებაში ახალი მოვალე შეიძლება იყოს ნებისმიერ სუბიექტი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), იგი ბათილ გარიგებად უნდა იქნეს მიჩნეული, იმ თვალსაზრისით, რომ სადავო გარიგების საფუძველი გახდა ლიზინგისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები. თავად ლიზინგის ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, ლიზინგის მიმღები ვერ ჩაითვლება მიმწოდებლის ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირი. ამდენად, სს „თ-------–-------ს მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შეთანხმების შეთავაზება უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 115-ე მუხლით მოწესრიგებულ წესთან. აღნიშნული კი სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, მის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობის ასეთი დარეგულირება ზუსტ შესაბამისობაში იქნება სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებულ მხარეთა თანასწორობის, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად განხორციელების პრინციპთან.

 

ვინაიდან ბათილია სადავო გარიგება, რის საფუძველზეც ნოტარიუსის მიერ მოხდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ბათილია ასევე თავად სააღსრულებო ფურცელიც.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 889 ლარს, ხოლო სარჩელის უზრუნევლყოფის განცხადებაზე - 50 ლარს. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნევლყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სადავო სააღსრულებო ფურცლის მოქმედება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სს ,,თ-------–-------“-სა და შპს ,,ჰ--------–-------------“-ს შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმებული ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხელშეკრულება;

 

3. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს მ--------------ს მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით N---------;

 

4. სს ,,თ-------–-------“-ს ა---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 889 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფისას გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე