გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2019
საქმის ნომერი
330210118002573155
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23180-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05.02.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე: შპს ''-----------------'', შპს ''მ---–---------'';

წარმომადგენელი: არ---–-----------;

მოპასუხე: შპს ''კ-------'';

წარმომადგენლები: გ----–---–--------, ს----------------ე;

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ''კ-------''-ს მოსარჩელე შპს ''-----------------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით - 22400 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე შპს ''კ-------''-ს მოსარჩელე შპს ''მ---–---------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით - 19250 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხე შპს ''კ-------''-ს მოსარჩელე შპს ''მ---–---------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება - 2018 წლის 1 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 91 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შპს ''-----------------'' საკუთრების უფლებით ფლობს 287.10 კვ.მ. საოფისე ფართს თბილისში, პ------------------–- მდებარე შენობის მე-5 სართულზე. შპს ''-----------------'' წარმოადგენს უცხოურ საწარმოს და მას აღნიშნული ფართი უვადო იჯარის ხელშეკრულებით 2010 წლის 5 იანვრიდან სარგებლობაში აქვს გადაცემული მის შვილობილ საწარმოზე შპს ''მ---–---------ზე'', რომლის 100% დამფუძნებელსაც წარმოადგენს შპს ''-----------------''. შპს ''მ---–---------ი'' მისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში უკვე რამოდენიმე წელია დაკავებულია ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების გაქირავებით, რასაც კომპანია ახორციელებს დაინტერესებულ პირებთან გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.

2017 წლის 2 ოქტომბერს წვიმიან ამინდში სრულიად მოულოდნელად აღნიშნულ საოფისე ფართში მოხდა დიდი ოდენობით წყლის მასის ჩამოსვლა. წყალი მოდიოდა პრაქტიკულად ყველა ოთახში და ამასთან დინება იყო ძალიან დიდი. შედეგად ოფისი სრულად დაიტბორა, გაითიშა ელექტროენერგია, მოხდა მოკლე ჩართვა, განადგურდა დოკუმენტაცია, საოფისე ავეჯი და ტექნიკა.

 

როდესაც მოსარჩელე მხარე დაინტერესდა თუ რა განაპირობებდა ამ ოდენობით წყლის მასის დინებას, სრულიად მოულოდნელად გაირკვა, რომ შენობის სახურავი სრულად იყო გადახდილი. მოსარჩელე მხარემ მაშინვე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და აღნიშნული ფაქტი დააფიქსირეს ოფიციალურად. ამასთან გაირკვა, რომ თბილისში, პ------------------–- მდებარე 5 სართულიან შენობას სახურავი გადახადა ამავე შენობის სხვენის მესაკუთრე შპს ''კ-------''-მა იმ მიზნით, რომ სხვენში მოეწყო რეკონსტრუქცია მშენებლობა.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, მათ და შენობის სხვა მესაკუთრეებმა შპს ''კ-------''-ს განუცხადეს, რომ თბილისში, პ------------------–- მდებარე 5 სართულიანი შენობა იყო ავარიული და ის ვერ გაუძლებდა ახალი სართულის დაშენებას. თუმცა, მოპასუხეს მიეცა საშუალება, რომ მოეხდინა საკუთარი სხვენის სამშენებლო განვითარება, თუკი ეს გამოასწორებდა მიყენებულ ზიანს და ამასთან ეს სამშენებლო პროცესები არ იქნებოდა ზიანის მომტანი ზოგადად შენობის საერთო უსაფრთხოებისათვის.

 

მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი მხრიდან გამოვლენილი კეთილი ნებისა, შპს ''კ-------''-მა არათუ არ გამოასწორა მიყენებული ზიანი, არამედ საერთოდ მიატოვა შენობა სახურავის გარეშე. შედეგად წვიმიან ამინდში შენობაში ჩამოედინება წყალი, განადგურებულია სრულად მოსარჩელის კუთვნილი საოფისე ფართი, შპს ''მ---–---------მა'' დაკარგა ოფისი, შეწყდა იჯარის ხელშეკრულებები და კომპანია დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ამასთან ერთად, ყოველდღიური გამოუსწორებელი ზიანი ადგება ისედაც ავარიულ შენობას, რაც ქმნის შენობის სრული ჩამოქცევის საშიშროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ თავდაპირველად, როდესაც მოხდა სხვენის შესყიდვა გ----–---–--------ს მიერ, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურის მიერ გაცემული იყო ნებართვა სხვენის მანსარდათ გადაკეთების თაობაზე. მოგვიანებით გ----–---–--------სათვის გაცემული აღმჭურველი აქტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა განცხადების დაკმაყოფილებით გაუქმდა სხვენის მანსარდათ გადაკეთების გადაწყვეტილება, რომელსაც იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. მოპასუხის განმარტებით, ამ აქტის მიმართ არსებობდა კანონიერი ნდობა და დღეის მდგომარეობით იგი იმყოფება გადაწყვეტილების მოლოდინში. შესაბამისად, არ დგინდება მართლწინააღმდეგობა, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება, ასევე არ დასტურდება მოპასუხის ბრალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ქ. თბილისი, პ----------------------–-, მე-5 სართულზე მდებარე 287.10 კვ.მ. ფართი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- რეგისტრირებულია შპს ''-----------------''-ის საკუთრების უფლება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ ქ. თბილისი, პ----------------------–-, მე-5 სართულზე მდებარე 287.10 კვ.მ. ფართი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- უვადო იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემული აქვს შპს ''მ---–---------''-ის.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ''კ-------'' წარმოადგენს თბილისში, პ---------------------–- მდებარე 5 სართულიანი შენობის სხვენის მესაკუთრეს. თავდაპირველად სხვენის ფართობი შეადგენდა 552 კვ.მ.-ს და ის საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ერთი უძრავი ქონების სახით, რომლის საკადასტრო კოდი იყო 0----------------------.

 

მოგვიანებით შპს ''კ-------''-მა სხვენი დაყო რამდენიმე უძრავ ქონებად და მოახდინა ნაწილის გაყიდვა, რის გამოც დღეის მდგომარეობით, თბილისში, პ------------------–- მდებარე შენობის სხვენი მოპასუხის საკუთრების უფლებით აღრიცხულია შემდეგი ფართების განაწილებით: ქ. თბილისი, პ-----------------; სხვენი N6დ, ფართი - 58.91 კვ.მ. (ს/კ 0------------------------).; ქ. თბილისი, პ-----------------; სხვენი N6ა, ფართი - 70.56 კვ.მ. (ს/კ 0-----------------------).; ქ. თბილისი, პ-----------------; სხვენი N6ბ, ფართი - 70.00 კვ.მ. (ს/კ 0-----------------------).; ქ. თბილისი, პ-----------------; სხვენი ფართი - 70.00 კვ.მ. (ს/კ 0----------------------).; ქ. თბილისი, პ-----------------; სხვენი ფართი - 70.00 კვ.მ. (ს/კ 0----------------------).; ქ. თბილისი, პ-----------------; სხვენი ფართი - 122.61 კვ.მ. (ს/კ 0----------------------).

 

3.1.4. 2017 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმით დგინდება, ქ. თბილისში, პ------------------–- მდებარე - 287.10 კვ.მ. საოფისე ფართში წყლის ჩამოსვლის ფაქტი.

 

3.1.5. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ''მ---–---------ის'' და შპს ''ე-–----ს'' შორის 01.11.2010 წელს დადებული ქვეიჯარის ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე, შენობაში წყლის ჩამოსვლის შედეგად ოფისის გაუვარგისების მიზეზით. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა განსაზღვრული იყო - 1850 ლარით.

 

3.1.6. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ''მ---–---------ის'' და შპს ''ქ--------ს'' შორის 01.06.2015 წელს დადებული ქვეიჯარის ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე, შენობაში წყლის ჩამოსვლის შედეგად ოფისის გაუვარგისების მიზეზით. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა განსაზღვრული იყო - 900 ლარით.

 

3.1.7. ს-–---------–-----------------ს დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, პ---------------------–-, მე-5 სართულზე შპს ''-----------------''-ის კუთვნილი 287.1 კვ.მ. საოფისე ფართში წვიმის წყლის ჩასვლისა და დატბორვის გამო გამოწვეული ზარალის სიდიდე საერთო ჯამში შეადგენს - 41 650 ლარს, აქედან ფართის დატბორვის შედეგად ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების გამო შპს ''-----------------''-ის მიერ მიღებული ზარალი შეადგენს - 22 400 ლარს, ხოლო ფართის დატბორვის შედეგად შეწყვეტილი საიჯარო ხელშეკრულებების გამო, შპს ''მ---–---------ი''-ს განცდილი ზარალი, რომელიც გამოხატულია მიუღებელ შემოსავალში - 19 250 ლარს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პირდაპირი მატერიალური ზარალი, რომელიც გამოწვეულია საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტით მზარდია დროის მსვლელობასთან ერთად და ზარალის ნამატი ყოველდღიურად შეადგენს - 91 ლარს.

 

3.1.8. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს ზიანის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22);

- 2010 წლის 5 იანვრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-24);

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, განცხადებები, საჯარო რეესტრიდან ცნობა (ს.ფ. 25-33);

- რეაგირების ოქმი (ს.ფ. 34-35);

- ქვეიჯარის ხელშეკრულებები (ს.ფ. 36-43; 54-64);

- საშემფასებლო კომპანიის დასკვნა, სერთიფიკატი (ს.ფ. 75-90);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისში, პ------------------–- მდებარე - 287.10 კვ.მ. საოფისე ფართში წყლის ჩამოსვლა გამოწვეულია მოპასუხე მხარის - შპს ''კ-------''-ის მოქმედებით და შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხოლოდ მითითებით შემოიფარგლა და მან ვერ წარმოადგინა თავისი შესაგებლის დამადასტურებელი რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება.

 

საპროცესო კანონმდებლობით არსებობს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება-შეგებებული სარჩელი (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეორე ნაწილის ''ე'' ქვეპუნქტი). სსსკ-ის 189-ე მუხლის მეორე ნაწილი (მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ: ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება), განსაზღვრავს შეგებებული სარჩელის აღძვრის სამართლებრივ წინაპირობებს (საფუძვლებს).

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს მასზედ, რომ არსებული ფაქტობრივი მოცემულობის საპროცესო-სამართლებრივი მხარის შეფასების მიზნით სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი). შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საპროცესო თავდაცვის საშუალებად ადგენს მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარდგენის უფლებას, რომელიც საქმის მომზადების ეტაპზე უნდა იქნეს წარდგენილი და პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს: მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები). აღნიშნული საპროცესო წესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებლით შეუდავებელ ფაქტებს სასამართლოს მოსამზადებელი ეტაპის ამოწურვის შემდგომ ვეღარ გახდის სადავოდ მოპასუხე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ბუნებრივია, ამ საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, მტკიცებულებათა კვლევას ახორციელებს არა საკუთარი, არამედ, მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და ამ მხრივ ადგენს საქმის გადაწვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე-411-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეები არიან ერთ კორპუსში განლაგებული ფართების მესაკუთრეები, ასევე უდავოა, რომ მოპასუხე ახორციელებდა სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მის კუთვნილ ფართში, რის გამოც შენობის სახურავი მის მიერ სრულად იქნა გადახდილი. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელის ფართში მოხდა წვიმის წყლის ჩამოსვლა, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი საოფისე ფართი, მასში განლაგებული ნივთები და ფართი გამოუსადეგარი გახდა.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

უდავოა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი. შესაბამისად, დადასტურებულია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, სახეზეა ასევე მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა საერთო ჯამში - 41650 ლარით, ამასთან მიეთითა, რომ პირდაპირი მატერიალური ზარალი, რომელიც გამოწვეულია საჯარო ხელშეკრულების შეწყვეტით მზარდია დროის მსვლელობასთან ერთად და ზარალის ნამატი ყოველდღიურად შეადგენს - 91 ლარს, მოპასუხე მხარეს ზიანის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზიანებული ფართი იყო გაქირავებული და შპს ''მ---–---------ი'' საიჯარო ქირის სახით იღებდა ყოველთვიურად - 2750 ლარს, რაც დღეში შეადგენს - 91 ლარს. ასევე დადგენილია მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე საერთო ჯამში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს - 2295.95 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 2295.95 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''-----------------''-ის და შპს ''მ---–---------''-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ''კ-------''-ს მოსარჩელე შპს ''-----------------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით - 22 400 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ''კ-------''-ს მოსარჩელე შპს ''მ---–---------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით - 19 250 ლარის გადახდა.

 

3.1. მოპასუხე შპს ''კ-------''-ს მოსარჩელე შპს ''მ---–---------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით - 2018 წლის 1 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად - 91 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე შპს ''კ-------''-ს მოსარჩელეების - შპს ''-----------------''-ის და შპს ''მ---–---------''-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2295.95 ლარის გადახდა.

 

5. უცვლელად დარჩეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც მოპასუხე შპს ''კა--------'-ის (ID ნომერი: 4--------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ექვსი უძრავი ქონების, მდებარე:

ა. ქალაქი თბილისი, პ--------------------, სხვენი N6დ, 58.91 კვ.მ. ფართი, ს/კ. 0------------------------,ბ. ქალაქი თბილისი, პ--------------------, სხვენი N6ა, 70.56 კვ.მ. ფართი, ს/კ. 0-----------------------,გ. ქალაქი თბილისი, პ--------------------, სხვენი N6ბ, 70.00 კვ.მ. ფართი, ს/კ. 0-----------------------,დ. ქალაქი თბილისი, პ--------------------, სხვენი, 70.00 კვ.მ. ფართი, ს/კ. 0----------------------,ე. ქალაქი თბილისი, პ--------------------, სხვენი, 70.00 კვ.მ. ფართი, ს/კ. 0----------------------,ვ. ქალაქი თბილისი, პ--------------------, სხვენი, 122.61 კვ.მ. ფართი, ს/კ. 0-----------------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი