გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28100-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „ს---ი“
წარმომადგენელი - თ----ა გ----–-–---–ი
მოპასუხე - ზ----- ჩ------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1148,37 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 624 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 502,32 აშშ დოლარს, ადმინისტრაციული ჯარიმა 22,05 აშშ დოლარს.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 17 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა შპს „ს---იმ’’ ლიზინგის მიმღებს - ზ----- ჩ------–---–ს ლიზინგით გადასცა ლიზინგის საგანი - ს------უს მარკის ავტომობილი.
ხელშეკრულების თანახმად ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა 156 აშშ დოლარი 12 თვის განმავლობაში. ლიზინგის მიმღებმა დაარღვია გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულება, რის გამოც 2--- წლის 20 ივლისს ლიზინგის გამცემმა შეწყვიტა ლიზინგის ხელშეკრულება. დღეის მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1148,37 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 624 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 502,32 აშშ დოლარს, ადმინისტრაციული ჯარიმა 22,05 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი - ძირი თანხის 624 აშშ დოლარისა და ადმინისტრაციული ჯარიმის 22,05 აშშ დოლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 17 მარტს შპს „ს---ისა“ და ზ----- ჩ------–---–ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა შპს „ს---იმ“ ლიზინგის მიმღებს - ზ----- ჩ------–---–ს სარგებლობაში გადასცა ლიზინგის საგანი - ს------უს მარკის ავტომობილი A-------- შესყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის მიმღებმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შეთანხმებული საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
ხელშეკრულების თანახმად ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა 156 აშშ დოლარი 12 თვის განმავლობაში, ჯამში 2132 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად - პირგასამტეხლო დაერიცხება ვადაგადაცილებულ დავალიანებას 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 1200 აშშ დოლარისა.
ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტის თანახმად - ლიზინგის მიმღები ვალდებულია დროულად გადაიხადოს ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ყველა სახის ჯარიმა. ლიზინგის მიმღების მიერ გონივრულ ვადაში აღნიშნული სახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის საგანთან დაკავშირებულ ყველა ადმინისტრაციული სახის ჯარიმას იხდის ლიზინგის გამცემი, რომელიც ექვემდებარება რეგრესულ ანაზღაურებას შემდეგი წეს---: საჯარიმო თანხას დაემატება გადარიცხვის საკომისიო თანხა, რომელიც გამრავლდება 1,5 კოეფიციენტზე, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნება ლიზინგის გამცემის მიერ გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად აშშ დოლარში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).
2--- წლის 17 მარტის ლიზინგის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-30).
3.1.2. ზ----- ჩ------–---–მა დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2--- წლის 20 ივლისს შეწყდა ლიზინგის ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).
3.1.3. ზ----- ჩ------–---–ის დავალიანება შეადგენს 1148,37 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 624 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 502,32 აშშ დოლარს, ადმინისტრაციული ჯარიმა 22,05 აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 576-ე, 5805-ე, 5806-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება.
ლიზინგის ხელშეკრულება თავის ბუნებაში მოიცავს ფულადის სახსრების გამოყოფას და ამ სახსრებით გარკვეული ნივთის შეძენას. ამ ნივთის გადაცემას ლიზინგის მიმღებისათვის და ამით გარკვეული შემოსავლის მიღებას, ყოველთვიური სალიზინგო საზღაურის სახით. სასამართლო განმარტავს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება წარმოადგენს სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობას და იგი ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით, რაც განპირობებულია ამ სამართლებრივ ურთიერთობაში შემავალი ურთიერთობების და მონაწილე სუბიექტების სიმრავლით. კერძოდ, მასში ლიზინგის მიმღებისა და ლიზინგის საგნის გამცემის გარდა შეიძლება მონაწილეობდეს, ასევე ლიზინგის საგნის მიმწოდებელიც (გამყიდველიც). არ არის გამორიცხული, რომ ლიზინგის საგნის გამცემი იმავდროულად წარმოადგენდეს ლიზინგის საგნის მიმწოდებელსაც და შესაბამისად ლიზინგის საგნის ხარისხზე პასუხისმგებელ პირსაც.
განსახილველ შემთხვევაში, 2--- წლის 17 მარტს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცა ლიზინგის საგანი - ავტომობილი შესყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის მიმღებმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შეთანხმებული საზღაური დადგენილი პერიოდულობით. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ლიზინგის ხელშეკრულების ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
განსახილველ შემთხვევაში, სადაო არ არის, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, არ გადაიხადა დადგენილი პერიოდულობით სალიზინგო საზღაური, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდისათვის ლიზინგის მიმღების ძირითადი დავალიანება შეადგენს 624 აშშ დოლარს. აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ვიდეო ჯარიმების თანხის 22.05 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, დადგენილია, რომ ჯარიმები გადახდილია მოსარჩელის მიერ, ხოლო ასეთ შემთხვევაში თანხის ოდენობის განსაზღვრის წესი შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტით, რომლის თანახმად - ლიზინგის მიმღები ვალდებულია დროულად გადაიხადოს ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ყველა სახის ჯარიმა. ლიზინგის მიმღების მიერ გონივრულ ვადაში აღნიშნული სახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის საგანთან დაკავშირებულ ყველა ადმინისტრაციული სახის ჯარიმას იხდის ლიზინგის გამცემი, რომელიც ექვემდებარება რეგრესულ ანაზღაურებას შემდეგი წეს---: საჯარიმო თანხას დაემატება გადარიცხვის საკომისიო თანხა, რომელიც გამრავლდება 1,5 კოეფიციენტზე, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნება ლიზინგის გამცემის მიერ გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად აშშ დოლარში.
ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება. მოპასუხემ აღნიშნული მოთხოვნაც ცნო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო ძირითადი თანხის 624 აშშ დოლარისა და ადმინისტრაციული ჯარიმების თანხის 22,05 აშშ დოლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა სალიზინგო თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა 502,32 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 50 აშშ დოლარით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 696,05 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმე მაგისტრატის განსჯადია, შესაბამისად სსსკ 39-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 646,05 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად სსსკ 49-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი ბაჟი 28,12 ლარი. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2.18 ლარის ანაზღაურება. ასევე, იურიდიული მომსახურების ხარჯის 66,82 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ს---ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე ზ----- ჩ------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 696,05 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 624 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 50 აშშ დოლარს, ადმინისტრაციული ჯარიმა 22,05 აშშ დოლარს.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 2,18 ლარის ანაზღაურება.
4. შპს ,,ს---ის’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 27/09/2--- წელს საგადახდო დავალება #1--------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან - 78,12 ლარი.
5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 66,82 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე