გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/8457-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ქეთევან კუჭავა
სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი
მოსარჩელეები - შ----- ჯ-----ე, რ---- ჩ--------ე, ქ--------–- ჭ---–---–ი
წარმომადგენელი - ია-------–---–ი
მოპასუხე - შპს " ი---------------ა"
წარმომადგენელი - თი-------------ე
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობიდან და მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს "ი---------------ას" შ----- ჯ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად 2014 წლის აგვისტოდან სარჩელის აღძვრამდე (2015 წლის 4 მაისამდე) დროის მონაკვეთში.
1.2. შპს "ი---------------ას" შ----- ჯ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს საბონუსე თანხის დავალიანების ანაზღაურება 2400 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად 2014 წლის აგვისტოდან სარჩელის აღძვრამდე (2015 წლის 4 მაისამდე) დროის მონაკვეთში.
1.3. შპს "ი---------------ას" შ----- ჯ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სამივლინებო ხარჯის ანაზღაურება 900 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში კურსით 1.75 ლარი) ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად, სულ 9225.9 ლარი.
1.4. შპს "ი---------------ას" რ---- ჩ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად სარჩელის აღძვრამდე (2015 წლის 4 მაისამდე) დროის მონაკვეთში.
1.5. შპს "ი---------------ას" რ---- ჩ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს საბონუსე თანხის დავალიანების ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად სარჩელის აღძვრამდე (2015 წლის 4 მაისამდე) დროის მონაკვეთში, სულ 1385.9 ლარი.
1.6. შპს "ი---------------ას" ქ--------–- ჭ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად სარჩელის აღძვრამდე (2015 წლის 4 მაისამდე) დროის მონაკვეთში.
1.7. შპს "ი---------------ას" ქ--------–- ჭ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომანქანით მომსახურების ანაზღაურება 2150 ლარის ოდენობით და ავტომანქანით მომსახურების თანხის დაყოვნების პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად სარჩელის აღძვრამდე (2015 წლის 4 მაისამდე) დროის მონაკვეთში.
1.8. შპს "ი---------------ას" ქ--------–- ჭ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საბონუსე თანხის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად სარჩელის აღძვრამდე (2015 წლის 4 მაისამდე) დროის მონაკვეთში.
სარჩელის საფუძვლები
1.9. შ----- ჯ-----ე 2013 წლის 6 თებერვლიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ი---------------აში“ ტუ-----------------–--ის უფროსად. მის სახელფასო ანგარიშზე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ყოველთვიურად ერიცხებოდა 700 ლარი ხელფასის სახით.
შ----- ჯ-----ე სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდა ყაზახეთში, რომლის ხარჯმაც შეადგინა 900 აშშ დოლარი, რაც მხარეთა შეთანხმებისამებრ იგი უნდა აენაზღაურებინა შპს ,,ი---------------ას“. მხარეთა შეთანმხებით, საბონუსე გასამრჯელო ზეპირსიტყვიერად შეადგენდა შემოსავლის 20%-ს - 2400 ლარს, რაც შპს ,,ი---------------ას“ შ----- ჯ-----ისათვის არ აუნაზღაურებია.
მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ დაარღვია 2014 წლის აგვისტოს თვეში, ვინაიდან 1400 ლარის ნაცვლად მოპასუხემ აუნაზღაურა 200 ლარი.
საბონუსე გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე ხელშეკრულება ასევე დაირღვა 2014 წლის აგვისტოს თვეში, ვინაიდან არ ჩაირიცხა საბონუსე თანხა 2400 ლარი. 2014 წლის აგვისტოს თვიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის კი ვადაგადაცილებული 232 დღეა. სახელფასო თანხის ოდენობის 1200 ლარის, დარიცხული 0,07% გათვალისწინებით პირგასამტეხლო შეადგენს 1849,6 ლარს. საბონუსე თანხის 232 დაყოვნებული დღეის 0,07% კი შეადგენს 3699.2 ლარს.
2013 წლის 12 დეკემბრიდან 2015 წლის 20 მარტამდე სამივლინებო თანხა აუნაზღაურებელია, რაც შეადგენს 900 აშშ დოლარს. 2013 წლის 13 დეკემბრიდან 2015 წლის 20 მარტამდე ვადაგადაცილებული დღეების ოდენობამ შეადგინა 462 დღე, ხოლო დავალიანება 2101.2 აშშ დოლარი (იმ დროს არსებული კურსის გათვალისწინებით 1.75), რაც ჯამურად შეადგენს 3677.1 ლარს.
სულ შ----- ჯ-----ისათვის ასანაზღაურებელია 9225.9 ლარი.
1.10. რ---- ჩ--------ე 2013-2014 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ი---------------აში“ რე-------–-------------ის თანამდებობაზე, რომლის სახელფასო თანხის ოდენობამ შეადგინა 500 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ დაარღვია მაისის ბოლო კალენდარული დღიდან, როცა რ---- ჩ--------ეს არ აუნაზღაურეს აპრილის თვის ხელფასი, ასევე მარტის თვის ხელფასიდან ჩაურიცხეს მხოლოდ 300 ლარი. დავალიანებამ საბოლოო ჯამში შეადგინა 700 ლარი. ვადაგადაცილებული დღეებმა შეადგინა 315, სულ ასანაზღაურებელია 0,07%-ით 1213.45 ლარი.
ზეპირსიტყვიერად საბონუსე გასამრჯელო უნდა ყოფილიყო შემოსავლის 20%. რამაც შეადგინა 100 ლარი, ხელშეკრულების დარღვევის დღიდან 315 დღეზე დარიცხული 0,07% შეადგენს 172,45 ლარს, ჯამში რ---- ჩ--------ის მიმართ დავალიანება არის 1385.9 ლარი.
1.11. ქ--------–- ჭ---–---–ი 2013 წლის 3 თებერვლიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ი---------------აში“ პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე. მისი ხელფასის ოდენობა შეადგენდა 500 ლარს. 2014 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის ხელფასი მას არ ჩაერიცხა, ხოლო ვადაგადაცილებამ შეადგინა 232 დღე.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით მხარეთა შორის არ არის და არ იყო დადგენილი ე.წ. ბონუსის ოდენობა. კონკრეტული საბონუსე თანხა გამოითვლებოდა ტურისტთან ინდივიდუალურად დადებული სამომსახურეო ხელშეკრულებიდან 20%-ით, კონკრეტულად - იმის მიხედვით, თუ რა თანხას გადაიხდიდა ტურისტი. ქ--------–- ჭ---–---–ისათვის გადასახდელმა საბონუსე თანხამ საბოლოო ჯამში შეადგინა 2 000 ლარი, ხოლო ვადაგადაცილებული დღეები არის 232 დღე, სულ 3067,2 ლარი.
ამასთან, ქ--------–- ჭ---–---–ი საკუთარი მანქანით ემსახურებოდა ტურისტებს, რისი თანხაც ცალკე ანაზღაურდებოდა, რაც წერილობით ხელშეკრულებით ხორციელდებოდა. ავტომანქანით მომსახურების თანხამ, რაც არ აუნაზღაურდა მოსარჩელეს, შეადგინა 2150 ლარი, ვადაგადაცილებული 232 დღეზე აღნიშნული თანხის 0,07% შეადგენს 3303.04 ლარს, მათი ჯამი 7911.54 ლარია.
ქ--------–- ჭ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა ჯამში შეადგენს 18 523,34 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე შესაგებლით არ აღიარებს დავალიანებას და განმარტავს, რომ ვალის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
ამასთან, მოსარჩელე ითხოვს რა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის სამივლინებო ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ავიაბილეთი, სასტუმროში ან სხვა საცხოვრებელში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება).
წინამდებარე სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები აცხადებენ, რომ საბონუსე სისტემების შესახებ არსებობდა ზეპირი შეთანხმება, თუმცაღა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ აღნიშნული შეთანხმების არსებობას.
შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელეების განმარტებით საბონუსე სისტემების შესახებ არსებობდა ზეპირი შეთანხმება, თუმცაღა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ აღნიშნული შეთანხმების არსებობას, კერძოდ სარჩელის მე-12, მე-13, მე-14, მე-15 დანართში არსებული მიმოწერის მონაწილე პირები კერძოდ, ნ---- მ-----–--ე ნ-----–-- დ---–ი და ლ---- გ------–--ე არ ყოფილან შპს ,,ი---------------ას“ თანამშრომლები ან ხელმძღვანელი პირები. შესაბამისად ისინი ვერ გამოსცემდნენ რაიმე სახის დაპირებას ბონუსის თაობაზე შპს ,,ი---------------ას“ თანამშრომლებისათვის, ვინაიდან კომპანიის ხელმძღვანელობას, მათ შორის შრომითი ურთიერთობის, ანაზღაურების შესახებ დაპირების მიცემა შეუძლია მხოლოდ დირექტორის მიერ აღნიშნული პირობის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ქ--------–- ჭ---–---–ის მიერ წარმოდგენილი ინვოისები არის ცალმხრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბებულია მხოლოდ მოთხოვნა, რითაც ვერ იქნება დადასტურებული მხარეთა შორის რაიმე შეთანხების არსებობა, ასევე მოსარჩელის მიერ ინვოისში აღნიშნული მომსახურების რეალური გაწევის ფაქტი. ასევე საქმეში არსებული ინვოისების ჯამური ღირებულება შეადგენს 2150 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება ჯამური თანხის მოთხოვნის ნამდვილობაზე.
მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ 200 ლარის ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ მას გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ, საქმეში წარმოდგენილი არ არის. საბანკო ამონაწერი არის მხოლოდ თანხის ჩარიცხვის და არა ვალის არსებობის აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება.
ამასთან, შპ-------------------–--------------–---–----------------ა“ და შპს ,,ი---------------ას“ შორის 2015 წლის 28 თებერვალს გაფრომდა 14-2015 ხელშეკრულება, აუდიტორული მომსახურების გაწევის თაობაზე, თუმცა ფაქტობრივად აღნიშნული მომსახურების გაწევა დაიწყო ხელშეკრულების გაფორმებამდე. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმება დღემდე არ არის დასრულებული. შესაბამისად, მოსარჩელეთა არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ცდილობდა თავიდან აერიდებინა ვალდებულება, უსაფუძვლოა.
დაზუსტებული შესაგებელით მოპასუხემ დამატებით განმატა, რომ შ----- ჯ-----ე 2013 წლის 6 თებერვლიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე არ მუშაობდა შპს ,,ი---------------აში“. შ----- ჯ-----ეს და შპს ,,ი---------------ას“ შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით. მას სრულად ჩაერიცხა მისი კუთვნილი ხელფასი აგვისტოს თვის ჩათვლით.
მოპასუხე ასევე უარყოფს ქ--------–- ჭ---–---–ის და რ---- ჩ--------ის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მათთან დასაქმების ფაქტს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ----- ჯ-----ე მოპასუხესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან დასაქმებული იყო შპს „ი---------------ას“ დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 1 წელი (ხელშეკრულების 4.2 მუხლი). ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 875 ლარს, რაც ხელზე მისაღები 700 ლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შრომის ხელშეკრულება (ტ.1 ს.ფ. 238);
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ტ 1. ს.ფ. 29-31);
3.1.2. შპს „ი---------------ასთან“ გაფორმებული 2013 წლის 1 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ქ--------–- ჭ---–---–ი დასაქმებული იყო დეპარტამენტის ოფიცრის პოზიციაზე. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 1 წლით. მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 625 ლარს (5.1 პუნქტი), რაც ხელზე მისაღები 500 ლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შრომის ხელშეკრულება (ტ. 2, ს.ფ. 5);
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ტ 2. ს.ფ. 6);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგაც (2014 წლის 1 სექტემბრიდან) შ----- ჯ-----ე და ქ--------–- ჭ---–---–ი სამუშაოს ასრულებდნენ 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, რაც მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების 1 თვის ვადით გაგრძელების ფაქტზე მიუთითებს.
სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე რ---- ჩ--------ე 2013-2014 წლებში შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ი---------------ასთან“ და იგი ასრულებდა რე-------–-------------ის უფლება-მოვალეობებს.
სასამართლოს აღნიშნული დასკვნები ეფუძნება შემდეგს:
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმეში წარმოდგენილია შპ-------------------იას“ დირექტორის, გ-------– მა----–--–---–ის 2015 წლის 29 იანვრის წერილი, რომელიც წარმოადგენს 2015 წლის 16 იანვარს მოსარჩელეთა მხრიდან გაგზავნილი შრომის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე გაცემულ პასუხს, სადაც კომპანიის ხელმძღვანელი ადასტურებს მოსარჩელეების, მათ შორის, რ---- ჩ--------ის დასაქმების ფაქტს და გამოთქვამს მზაობას, მიმდინარე აუდიტორული შემოწმების შედეგად დავალიანების დადგენის შემთხვევაში, მოახდინოს მათთან ანგარიშსწორება (ტ. 1, ს.ფ.23).
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: აღძრული სარჩელით მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ შ. ჯ-----ე 2013 წლის 6 თებერვლიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში (იხ. სარჩელის 1 ფაქტობრივი გარემოება იხ. ტ.1, ს.ფ.5), სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ქ. ჭ---–---–ი 2013 წლის 3 თებერვლიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე მუშაობდა შპს „ი---------------აში“ (იხ. სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება, ს.ფ. 5).
სარჩელის მე-7 ფაქტობრივი გარემოებით, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ რ---- ჩ--------ე 2013 წლიდან 2014 წლის პერიოდში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს „ი---------------აში“ (იხ. ტ.1, ს.ფ.6).
სარჩელის უარსაყოფად წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს (პირველ და მე-4 გარემოებას), კერძოდ, მოპასუხემ სადავოდ გახადა შ----- ჯ-----ესთან და ქ--------–- ჭ---–---–თან შრომითი ურთიერთობის დაწყების დრო, იმაზე მითითებით, რომ 2013 წლის 6 თებერვლიდან ისინი კომპანიაში დასაქმებული ვერ იქნებოდნენ (კომპანია ამ დროისათვის არ იყო რეგისტრირებული), ხოლო შრომითი ურთიერთობის დასრულების დროსთან დაკავშირებით სარჩელში მითითებულისაგან განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამავე შესაგებლით, მოპასუხე სრულად დაეთანხმა სარჩელის მე-7 ფაქტობრივ გარემოებას რ---- ჩ--------ესთან შრომითი ხელშეკრულების არსებობის თაობაზე (იხ. 27.05.2015წ. შესაგებელი, ტ. 1 ს.ფ. 111).
10.04.2017წ. წარმოდგენილი ე.წ. დაზუსტებული შესაგებლით, რომელიც ხელმოწერილია უშუალოდ შპს „ი---------------ას“ დირექტორის, გ-------– მ-----–-–---–ის მიერ, (იხ. ტ.1, ს.ფ. 134-135), მოპასუხე სრულად დაეთანხმა შ----- ჯ-----ისა და ქ--------–- ჭ---–---–ის კომპანიაში 2014 წლის 1 ოქტომბრამდე მუშაობის ფაქტებს (პირველი და მე-4 ფაქტები), ასევე დაეთანხმა რ---- ჩ--------ესთან შრომითი ურთიერთობის შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას (მე-7 ფაქტი).
31.01.2018წ. მოპასუხემ წარმოადგინა კიდევ ერთი დაზუსტებული შესაგებელი, რომლითაც სადავო გახადა მხარეთა შორის შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტები (პირველი, მე-4 და მე-7 ფაქტობრივი გარემოებები, იხ. ტ. 1 .ს.ფ. 228-229).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
სსსკ-ის 133-ე მუხლის თანახმად კი, 1. მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. 2. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.
საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას.
საყურადღებოა, რომ 133-ე მუხლით ამომწურავადაა დადგენილი აღიარების გაქარწყლების წესი და მისი უარყოფა სარწმუნოა მაშინ, როდესაც აღიარების ავტორი გადაწყვეტილების გამოტანამდე დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო: ა) შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ; ბ) მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქიკურ ან ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა მხარის თავისუფალ ნებას. თავის მხრივ, აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ თავდაპირველად წარმოდგენილი შესაგებლებით დაადასტურა (აღიარა) სარჩელში მითითებული გარემოებები შ. ჯ-----ისა და ქ. ჭ---–---–ის 2014 წლის 1 ოქტომბრამდე დასაქმების შესახებ, ასევე რ. ჩ--------ესთან 2013-2014 წლებში შრომით სახეკშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ხოლო სსსკ-ის 133.1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე გარემოებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია, რითაც შეიძლებოდა ამგვარი აღიარების გაქარწყლება და, რა პოზიციასაც საბოლოოდ დაამყარა მისი შესაგებელი.
სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყველა ზემოაღნიშნული გარემოებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების (საბანკო ამონაწერები, ელექტრონული მიმოწერის მასალები, კომპანიის ხელმძღვანელის 29.01.2015წ. წერილი) ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს მასზედ, რომ შ----- ჯ-----ე და ქ--------–- ჭ---–---–ი შპს „ი---------------აში“ ფაქტობრივად სამუშაოს ასრულებდნენ 2014 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით (1 ოქტომბრამდე), ასევე რ---- ჩ--------ე 2013-2014 წლებში იმყოფებოდა შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხე კომპანიასთან.
3.2.2. რ---- ჩ--------ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 500 ლარს (ხელზე მისაღები ოდენობა), რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ შპს „ი---------------ას“ მიერ ხელფასის სახით მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 500 ლარი (ტ.1. 99-106).
3.2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას მასზედ, რომ 2014 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა მხარეთა ზეპირი შეთანხმება ბონუსების ანაზღაურების შესახებ, რაც მოიაზრებდა გაყიდული მომსახურების შემოსავლის 20%-ს და, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ი---------------ას“ დავალიანება საბონუსე თანხის სახით შ----- ჯ-----ის მიმართ შეადგენდა 2400, ქ--------–- ჭ---–---–ის მიმართ 2 000, ხოლო რ---- ჩ--------ის მიმართ 100 ლარს.
აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეები მიუთითებენ ელექტრონული მიმოწერის მასალებზე, რაც წარმოდგენილია საქმის მასალებში (ტ.1, ს.ფ.36-74, ტ.2 ს.ფ.85-180). ელექტრონულ მიმოწერაში საუბარია ანაზღაურების საბონუსე სისტემაზე და ანაზღაურების წესზე, თუმცა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ელექტრონული მიმოწერის მონაწილენი წარმოადგენდნენ საბონუსე სისტემის თაობაზე მხარესთან შეთანხმებაზე უფლებამოსილ პირებს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შპს ,,ი---------------ას“ მიერ 2017 წლის 7 აპრილს გაცემული ცნობის მიხედვით შპს ,,ი---------------ის“ დაარსების 04.07.2013 წლიდან დღემდე (ცნობის გაცემამდე) ელექტრონული მიმოწერის მონაწილენი - ნ---- მ-----–--ე, ნ-----–-- დ---–ი და ლ---- გ------–--ე არასოდეს ყოფილან კომპანიის მმართველი პირები ან თანამშრომლები (ს.ფ.144, ტომი 01).
შესაბამისად, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერა არარელ----ტურია მხარეთა შორის საბონუსე სისტემის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის. მოპასუხე უარყოფს მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების არსებობის ფაქტს, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება კი მოპასუხის მიერ მისი უარყოფის პირობებში სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, მით უფრო, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეთა განმარტებით, კომპანიაში ბონუსი არასოდეს გაცემულა.
ამდენად, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების - კომპანიის უფლებამოსილ („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის უფლების მქონე) პირთან საბონუსე ანაზღაურებაზე შეთანხების არსებობის ფაქტი, შესაბამისად არ დასტურდება ბონუსის სახით მოპასუხის დავალიანების არსებობა შ----- ჯ-----ის მიმართ 2400, ქ--------–- ჭ---–---–ის მიმართ 2 000, ხოლო რ---- ჩ--------ის მიმართ 100 ლარის ოდენობით.
3.2.4. მოსარჩელეთა მითითებით, შ----- ჯ-----ის მიმართ მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება 1200 ლარის ოდენობით, კერძოდ, 2014 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის ხელფასიდან (ჯამში 700+700=1400 ლარიდან) ანაზღაურებული აქვს მხოლოდ 200 ლარი, ქ--------–- ჭ---–---–ის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენს 2014 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის მიუღებელ ხელფასებს, ჯამში 1000 ლარს (500+500), ხოლო რ---- ჩ--------ეს არ აუნაზღაურდა აპრილის თვის 500 ლარი და მარტის თვის ნაწილი 200 ლარი, სულ 700 ლარი. მოპასუხე უარყოფს მოსარჩელეთა მიმართ რაიმე სახის დავალიანების არსებობას.
სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს (სასარჩელო მოთხოვნის ფარლებს), ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლით გათალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 248-ე მუხლით, სასამართლო შებოჭილია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივ საფუძველთა წრითა და სასარჩელო მოთხოვნის ფარლებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სწორედ მოსარჩელეთა მიერ მითითებულ პერიოდში სახელფასო დავალიანების არსებობა-არარსებობის ფაქტი.
ა) საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით შ----- ჯ-----ის საბანკო ანგარიშიდან დგინდება, რომ 2014 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეში შპ-------------------აგან“ ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს 700-700 ლარი, ასევე სხვადასხვა მივლინების თანხები (ტ.2. ს.ფ.287-288), ამასთან სექტემბრის თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სარჩელით სადავო პერიოდიდან - 2014 წლის აგვისტო-სექტემბერი, შ----- ჯ-----ის მიმართ მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება 700 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით, რაც წარმოადგენს 2014 წლის სექტემბრის თვის თანხას.
ბ) საქმის მასალებით, საბანკო ამონაწერებით (ს.ფ.181-198; 236-252; ტომი 02;) დგინდება, რომ რ---- ჩ--------ეს სრულად აქვს ანაზღაურებული მარტის თვის სახელფასო თანხა 500 ლარი, ხოლო აპრილის თვის ხელფასის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სარჩელით სადავო პერიოდში (2014 წლის მარტის ნაწილი და აპრილის სრული თანხა) მოპასუხის დავალიანება რ. ჩ--------ის მიმართ შეადგენს აპრილის თვის გადაუხდელ ხელფასს 500 ლარს.
გ) ქ--------–- ჭ---–---–ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით (ტ.2. ს.ფ.6-70), სარჩელში მითითებულ პერიოდში 2014 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეების ხელფასის ჩარიცხვა არ დგინდება. საქმეში ასევე არ მოიპოვება რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მითითებული პერიოდის ხელფასის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ფაქტს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „ი---------------ას“ მოსარჩელეთა მიმართ გააჩნია შემდეგი პერიოდის და ოდენობით სახელფასო დავალიანება:
1) შ----- ჯ-----ის მიმართ 2014 წლის სექტემბრის თვის ხელფასის სახით 700 ლარი;
2) რ---- ჩ--------ის მიმართ 2014 წლის აპრილის ხელფასი 500 ლარი;
3) ქ--------–- ჭ---–---–ის მიმართ 2014 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის ხელფასი 1000 ლარი.
3.2.5. მოსარჩელე შ----- ჯ-----ის მიათითებით, სამსახურებრივი მივლინებით იგი იმყოფებოდა ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომლის ხარჯმაც შეადგინა 900 აშშ დოლარი, რაც მხარეთა შეთანხმებით უნდა აენაზღაურებინა მოპასუხეს.
მივლინების შესახებ ბრძანება საქმეში არ მოიპოვება. ასეთი ბრძანების გამოცემაზე არ მიუთითებიათ მხარეებს.
მოსარჩელის განმარტებით, ყაზახეთში ყოფნის პერიოდში ბინაში ცხოვრების ხარჯს თავად არ იხდიდა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის მასალებითვე დგინდება, რომ მივლინების დროს მას აუნაზღაურდა გარკვეული თანხები (400$+70$=470$) (იხ.ტ.1. ს.ფ. 34). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბანკო ამონაწერით ასევე დგინდება მივლინების ხარჯის სახით 350 ლარის მოსარჩელისათვის გადახდა (ტ.2 ს.ფ.288). ამდენად, ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ მიუთითებია, კონკრეტულად რა სახის ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს, არ არის წარმოდგენილი მისი გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, არ დგინდება სამივლინებო ზუსტი პერიოდი, ამასთან, გარკვეული თანხები მიღებული აქვს (ასევე სასტუმროს ხარჯებს თავად არ იხდიდა), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს სამივლინებო ანაზღაურების სახით დავალიანების არსებობა.
ამდენად, სსსკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, ასევე არ წარმოუდგენია მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ქმნის სამივლინებო ხარჯების სახით 900 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივ შემადგენლობას.
3.2.6. მოსარჩელე ქ--------–- ჭ---–---–ის მითითებით, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა, იგი მოპასუხესთან შეთანხმებით დამატებით მომსახურებას უწევდა შპს „ი---------------ას“ და საკუთარი მანქანით ახორციელებდა ტურისტების გადაყვანას. მოპასუხემ არ აუნაზღაურა საქმეში წარმოდგენილი ინვოისებით დადასტურებული სხვადასხვა დროს გაწეული მომსახურების ხარჯი სულ 2150 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ინვოისები #0076; #0071; #0070; #0074; #0081, შესაბამისად, 600, 450, 200, 300 და 600 ლარის (ტ.2. ს.ფ.253-267), ჯამში 2150 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის თაობაზე. მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მტკიცების ტვირთი კი მოპასუხის მხარეზეა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ი---------------ას“ ქ--------–- ჭ---–---–ის მიმართ გადასახდელი აქვს ტურისტებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება 2150 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად ''1. შრომა თავისუფალია... 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.''
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31 მუხლის თანახმად,1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
შპს „ი---------------ას“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ გააჩნია დავალიანება შემდეგი პერიოდისა და ოდენობით:
1) შ----- ჯ-----ის მიმართ 2014 წლის სექტემბრის თვის ხელფასის სახით 700 ლარი;
2) რ---- ჩ--------ის მიმართ 2014 წლის აპრილის ხელფასი 500 ლარი;
3) ქ--------–- ჭ---–---–ის მიმართ 2014 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის ხელფასი 1000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია მოსარჩელეთა მოთხოვნა იმ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რა ნაწილშიც სასამართლომ დადასტურებულად ცნო სახელფასო დავალიანების არსებობა.
6.2. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, მოსარჩელეებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლება აქვთ მოპასუხეს მოსთხოვონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება თუ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება აღნიშნულის თაობაზე.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა: ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, ბონუსის გადახდის შესახებ რაიმე პირობას არ შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებები. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ ანაზღაურების საბონუსზე სისტემის თაობაზე, რაც გამორიცხავს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შესაძლებლობას და საბონუსე თანხის ანაზღაურების შესაძლებლობას. შესაბამისად, შ----- ჯ-----ის, რ---- ჩ--------ისა და ქ--------–- ჭ---–---–ის სარჩელი საბონუსე თანხის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე. 2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს. 3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად. 4. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.5. პუნქტით არ დადასტურდა იმგვარ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობა, რაც ქმნის შ----- ჯ-----ის მიმართ სამივლინებო ხარჯების სახით 900 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივ შემადგენლობას, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ--------–- ჭ---–---–მა შპს „ი---------------ას“ გაუწია მომსახურება 2150 ლარის ოდენობით, რაც არ აუნაზღაურებია მოპასუხეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოსახურების ღირებულების სახით 2150 ლარის ნაწილში თანხის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418.2 მუხლის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამდენად, საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს პირგასამტეხლოს ნორმატიულ საფუძველს და იგი არ არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დამსაქმებელს წარმოეშობა, თუ იგი გადააცილებს შეთანხმებული შრომის ანაზღაურების ვადას. სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება.
რაც შეეხება სხვა სახის სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, სსკ-ის 417-418 მუხლებით იგი შესაძლებელია მხოლოდ ამგვარ ანაზღაურებაზე წერილობითი სახით მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში.
ქ--------–- ჭ---–---–ის მოთხოვნა ავტომანქანით გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს არა შრომითი ურთიერთობიდან, არამედ მომსახურების ხელშეკრულებიდან. ამასთან, მხარეებს შორის არ არსებობს წერილობითი შეთანხმება აღნიშნულიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს თაობაზე. ამდენად, მომსახურების ღირებულების 2150 ლარის გადახდის დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ქ--------–- ჭ---–---–ის მოთხოვნას ფაქტობრივ/სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა საბონუსე თანხის, ამასთან შ. ჯ-----ის ნაწილში, ასევე სამივლინებო ხარჯის ანაზღაურების შესახებ, არ არსებობს აღნიშნული თანხების დაყოვნების სშკ-ის 31.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
რაც შეეხება მიუღებელ ხელფასზე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას, იგი გამომდინარეობს სშკ-ის 31.3 მუხლიდან და სახეზეა მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა - დამსაქმებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შრომის ანაზღაურების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ი---------------ას“ სახელფასო დავალიანება შ----- ჯ-----ის მიმართ შეადგენს 700 ლარს, რაც წარმოადგენს 2014 წლის სექტემბრის თვის ხელფასს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 4 მაისამდე (სარჩელის აღძვრის მომენტი) დროის მონაკვეთში საფუძვლიანია.
რ---- ჩ--------ის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს აპრილის თვის ხელფასს 500 ლარს, შესაბამისად, ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა აღნიშნული თანხის დაყოვნების პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 4 მაისამდე.
დადგენილია, რომ შპს ,,ი---------------ას“ სახელფასო დავალიანება ქ--------–- ჭ---–---–ის მიმართ შეადგენს 1000 ლარს (2014 წლის ავისტო-სექტემბრის თანხა). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 4 მაისამდე დროის მონაკვეთში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 53.1. მუხლის მიხედვით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სსსკ-ის 40.2 მუხლით თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.ამავე კოდექსის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; ხოლო „დ“ ქვეპუნქტით, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ, არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილის გათვალისწინებით, დავის საგნის ღირებულება შეადგენს შ. ჯ-----ის მოთხოვნის ნაწილში - 700+102,9(049*210 დღეზე)=802,9, რ. ჩ--------ის ნაწილში 500+127,75(0,35*365 დღე)=627,75, ქ. ჭ---–---–ის ნაწილში 1000+147(0,7*210 დღეზე)+2150=3297, სულ 4727,65 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულების 3%-ის - 141,83 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს „ი---------------ას“.
შპს "ი---------------ას" მოსარჩელეების ქ--------–- ჭ---–---–ის, რ---- ჩ--------ის, შ----- ჯ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 189,1 ლარის (დავის საგნის ღირებულების 4%) ოდენობით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ----- ჯ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს "ი---------------ას" შ----- ჯ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 4 მაისამდე დროის მონაკვეთში.
1.2. სარჩელი ბონუსის, მივლინების და მათი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. რ---- ჩ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს "ი---------------ას" რ---- ჩ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს:
2.1. სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 4 მაისამდე დროის მონაკვეთში.
2.2. სარჩელი 2014 წლის მარტის თვის ხელფასის დარჩენილი ნაწილის, ბონუსისა და მათი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. ქ--------–- ჭ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს "ი---------------ას" ქ--------–- ჭ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს:
3.1. სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით, ასევე მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველდღიურად 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 4 მაისამდე დროის მონაკვეთში.
3.2. შპს "ი---------------ას" ქ--------–- ჭ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომანქანით მომსახურების ანაზღაურება 2150 ლარის ოდენობით.
3.3. სარჩელი ბონუსის, მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს, ასევე ავტომანქანით მომსახურების თანხის დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს "ი---------------ას" მოსარჩელეების ქ--------–- ჭ---–---–ის, რ---- ჩ--------ის, შ----- ჯ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 189,1 ლარის ოდენობით.
5. შპს "ი---------------ას" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 141,83 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან კუჭავა