გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
190210018002722518
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3057-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.02.2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს ”ს-----------------------------ო”

წარმომადგენლები არკადი პარუნიანი

მოპასუხეები მ-----– ც---------–---–ი

ო----- ჩ------ე

წარმომადგენელი დარეჯან ბუცხრიკიძე

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ-----– ც---------–---–ის და ო----- ჩ------ისათვის 16 920 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება;

 

სარჩელის გარემოებები 2017 წლის 26 იანვარს ქ. თბილისში შემოსასვლელი გზის 25-ე კმ-ზე მარტყოფიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობისას მოპასუხე მ-----– ც---------–---–ი ავტომობილით მტზ სახ ნომერი R---- შეეჯახა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კუთვნილ ტოიოტას მარკის ავტომობილს სახ ნომერი Α------, რომელიც დაზღვეული იყო სს ს----------------------------ოში. მ-----– ც---------–---–ი მართავდა ო----- ჩ------ის საკუთრებად რეგისტრირებულ ავტომობილს. შეჯახების გამო ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა მ-----– ც---------–---–ს. ავტომობილისთვის მიყენებულია ზიანია 21 025.8 ლარი, რაც მოსარჩელემ სრულად აანაზღაურა.

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

მ-----– ც---------–---–ის განმარტებით, მან რამდენიმე წლის წინ ავტომობილი შეიძინა ო----- ჩ------ისაგან. სატრანსპორტო საშუალება ტრაქტორი მხოლოდ სოფელში გადაადგილებისათვის სჭიდებოდა, რის გამოც მისი გაფორმება აუცილებლად არ ჩათვალა. ო----- ჩ------ეს შემთხვევასთან რაიმე კავშირი არა აქვს, იგი სატრანსპორტო საშუალებით აღარ სარგებლობდა, რის გამოც მას ზიანი არ მიუყენებია. მ-----– ც---------–---–ის განმარტებით, თანახმაა გადაიხადოს 5000 ლარი, რადგან ეს თანხა საკმარისი იქნებოდა დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 13 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და სს „ს----------------------------ოს“ შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება სახმელეთო საშუალებების დაზღვევის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ანაზღაურების გადახდა სადაზღვევო რისკის - ავტოტრანსპორტის დაზიანების ან განადგურებისას, თუ ეს გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით. ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულია ტოიოტას მარკის ავტომობილი TOYOTA HILUX სახ ნომერი Α------. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2017 წლის 13 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე. 2017 წლის 13 იანვარს გაცემულია სადაზღვევო პოლისი N ΜΙ 106132/17.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სადაზღვევო პოლისის ასლი (ს.ფ. 22-26. ტომი 1)

 

3.1.2. 2017 წლის 26 იანვარს მ-----– ც---------–---–მა სატრანსპორტო საშუალების მტზ სახ ნომერი R---- მართვისას ვერ დაიცვა მოძრაობის უსაფრთხოების წესები და შეეჯახა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს TOYOTA HILUX სახ ნომერი Α------. 2016 წლის 26 იანვარს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) თანახმად მ-----– ც---------–---–ი ცნობილია სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119.6.0 მუხლით (სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს) და 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის (მოძრაობის დაწყების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება), მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახელი 250 ლარი. სახდელის დაკისრების დადგენილება მ-----– ც---------–---–ს არ გაუსაჩივრებია და დაკისრებული ჯარიმა დროულად გადაიხადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების და საჯარიმო ქვითრის ასლები (ს.ფ.15-20. ტომი 1)

- მოპასუხის განმარტებები (19.02.2019წ სხდომის ოქმი СD დისკი)

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილის შეკეთებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად სს ს----------------------------ომ შპს „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ 2017 წლის 10 თებერვალს გადაურიცხა 21 05.80 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- საგადასახადო დავალების ასლი (ს.ფ. 31. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტოიოტა TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილის სახ ნომერი Α------ აღდგენის ხარჯები შეადგენს 16 920 ლარს, რაც განსაზღვრულია სპეციალური დაწესებულების მიერ.

 

შპს „ავტოექსპერტიზას“ მიერ 2017 წლის 27 იანვარს შედგენილია საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით, TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილის სახ ნომერი Α------, შეკეთების ხარჯები შეადგენს 16 920 ლარს. დასკვნის მიხედვით, დაზიანებული შემდეგი დეტალები:

წინა ბამპერის კომლექტი, წინ მარცხენა ფარი, წინა მარჯვენა ფარი, ჰაერის ფილტრის ყუთი კომპლექტში, მფრთოვანა ჰიდრომუფტით, საქარე მინის ქვედა საფარი პლასტმასი, წინა მარჯვენა ფრთისქვეშა პლასტმასი, წინა მარჯვენა საშხფური, მარჯვენა სარკე, წინა მარჯვენა კარი კომპლექტში, უკანა მარჯვენა კარი კომპლექტში, წყლის რადიატორი, კონდენციონერი რადიატორი, ძრავი წყლის გამაფართოებელი ავზი, კონდენციონერის მილი, ტორპედო, მგზავრის აირბალიში, საჭის აირბალიში, წინა მარჯვენა ფრთა, უკანა მარჯვენა ფრთა, წინა ეკრანი, წინა ბამპერის შიდა ძელი, კაპოტი ანჯამებით, წინა საქარე მინა, წინა ბამპერის ქვედა დამცავი, ძარის წინა მარჯვენა ნაწილი,შესაცვლელი ნაწილების ღირებულებაა 12 270 ლარი.

 

შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:

დაშლა აწყობა, სარობოტე სამუშაოები, სათუნუქე სამუშაოები, სამღებრო სამუშაოები, პოლირება, სავალი ნაწილების მომსახურება. სამუშაოების ღირებულებაა 4 650 ლარი. ჯამურად შეკეთების ხარჯი განსაზღვრულია 16 920 ლარით.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს 5000 ლარი, რადგან ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ავტომობილის შესაკეთებლად. ამ გარემოების მტკიცების ვალდებულება მოპასუხეს ეკისრება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ეს ნორმა დავის მონაწილე მხარეს აკისრებს საპროცესო მოვალეობას, რომ დაამტკიცოს ის გარემოებები, რაც მისთვის ხელსაყრელია.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია შპს ავტოექსპერტიზას მიერ შედგენილი დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლითაც შეფასებულია ავტომობილის დაზიანებების აღმოფხვრისთვის ხარჯები. ამდენად, მოპასუხემ სათანადოდ ვერ უარყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში მითითებული ხარჯების ოდენობა. შესაბამისად, დაზღვეული ავტომობილის აღდგენის ხარჯები უნდა განისაზღვროს შპს ავტოექსპერტიზას დასკვნით და შეადგენს 16 920 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- საექსპერტო დასკვნის ასლი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (19.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2.2. სატრანსპორტო საშუალების მტზ-T40, გამოშვების წელი 1988 წელი, სარეგისტრაციო ნომერი R---- არის მესაკუთრე არის ო----- ჩ------ე. ეს სატრანსპორტო საშუალება მ-----– ც---------–---–ზე არ გასხვისებულა.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 აპრილის ცნობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება მტზ-T40, გამოშვების წელი 1988 წელი, სარეგისტრაციო ნომერი R---- 2012 წლის 18 მაისიდან რეგისტრირებულია ო----- ჩ------ის სახელზე.

 

მოპასუხე მ-----– ც---------–---–ის განმარტებით, ტრაქტორი 2014 წელს შეიძინა 2000 ლარად ო----- ჩ------ისაგან და მას შემდეგ უწყვეტად სარგებლობს ამ სატრანსპორტო საშუალებით. ტრაქტორს მხოლოდ სოფელში იყენებდა, რის გამოც მის გაფორმება აუცილებლად არ ჩათვალა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ევალება სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება.

 

მოპასუხეებს მათი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ მიუთითებიათ იმის შესახებ, რომ ო----- ჩ------ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მ-----– ც---------–---–მა შეიძინა. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, ავტომობილის მესაკუთრე არის ო----- ჩ------ე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულების ერთერთი სახეა, თუმცა ახსნა-განმარტების მტკიცებითი მნიშვნელობა დამოკიდებულია დასადგენი გარემოების შინაარსზე. საქმეში სადაო გარემოებაა იმ ავტომობილის მესაკუთრის შესახებ გარემოება, რომლის მართვის დროსაც დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მ-----– ც---------–---–ი, ხოლო იგი რეგისტრირებულია მოპასუხე ო----- ჩ------ის სახელზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამ ნორმიტ მუხლით დადგენილი მოძრავი ნივთის გასხვისების ზოგადი წესის მიხედვით, მოძრავი ნივთის გასვისებისათვის აუცილებელია მესაკუთრემ მისი კუთვნილი ნივთი გადასცეს შემძენს. ამდენად, ო----- ჩ------ის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დადასტურება, რომ საგზაო შემთხვევამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მასთან შეთანხმებით სატრანსპორტო საშუალება სარგებლობაში მიიღო მ-----– ც---------–---–მა ნასყიდობის შეთანხმების საფუძველზე, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე საგზაო შემთხვევამდე იგი სარგებლობდა ამ სატრანსპორტო საშუალებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება, ავტომანქანა რეგისტრირებულმა მესაკუთრემ 2014 წელს პირდაპირ მფლობელობაში გადასცა მოპასუხეს და მას შემდეგ ის უწყვეტად მის სარგებლობაშია, ნივთთან კავშირი გაწყვიტა ო----- ჩ------ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მომსახურების სააგენტოს ცნობის ასლი (ს.ფ. 21. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 44-48. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (19.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელეს ანაზღაურებული აქვს დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი, მოპასუხეებს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ეკისრებათ ზიანის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 999-ე, 820-ე, 832-ე, 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 998-ე, 394-ე, 411-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლები. მოპასუხე მ-----– ც---------–---–ის ვალდებულების საფუძველია დელიქტური ქმედება, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რადგან დავის საგანია მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სპეციალურად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების შესახებ პირის პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის არსებობის ფაქტი. პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ ზიანი მიყენებულია მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგი ქმედებით, ამ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.

 

ავტომანქანა, რომელიც დაზიანდა მ-----– ც---------–---–ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (სატრანსპორტო საშულების მართვით დადგენილი წესის დარღვევით), დაზღვეული იყო სს ”ს----------------------------ოს” მიერ. მოსარჩელესა ავტომობილის მესაკუთრეს შორის დადებული იყო ზიანის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის მიხედვით, ზიანი დაზღვევისას მზღვეველმა უნდა აანაზღაუროს ზიანი ფულადი სახით.

 

დაზღვევის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის მიხედვით, დაზღვევა შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებაა. დაზარალებულს განცდილ ზიანს ზიანის მიმყენებლის ნაცვლად უნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის მიხედვით, დამზღვევს (სადაზღვევო კომპანია) უფლება აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა წაუყენოს ზიანის მიმყენებელ პირს, თუკი დამზღვევს დაზარალებულისათვის ანაზღაურებული აქვს ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არის დელიქტი და ასეთი მოთხოვნით აღძრული სარჩელის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს დელიქტური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი გარემოებები.

 

ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაზღვეული ავტომანქანის შეკეთებისათვის გადაიხადა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. სადაო არ არის ასევე ის ფაქტი, რომ დაზღვეული ავტომობილი დაზიანდა მოპასუხე მ-----– ც---------–---–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. მოპასუხე ო----- ჩ------ე სარჩელს უარყოფს იმ საფუძვლით, რომ მან მ-----– ც---------–---–ზე გაასხვისა ავტომობილი საგზაო შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მიხედვით, 1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა:

ა ) ზიანდება გადასაზიდი ტვირთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მგზავრს ეს ტვირთი თან მიაქვს;

ბ ) ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ შესანახად მიღებული ნივთი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს.

4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

ამ შემთხვევაში მოსარჩელემ მოთხოვნა ერთობლივად წაუყენა როგორც ზიანის უშუალო მიმყენებელს, ისე იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, რომლის ექსპლოატაციასაც მოჰყვა დაზღვეული ავტომობილის დაზიანება. საქმეში სადაო საკითხია, ზიანის უშუალო მიმყენებელთან ერთად უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მესაკუთრეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების წესს. ამ ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზეა კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც _ ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები). მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.

 

999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გათვალისწინებულია ორი შემთხვევა, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს ეკისრება მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

999-ე მუხლის მე-4 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამ ნორმის ბოლო წინადადებაის მიხედვით, ეს წესი არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის (მესაკუთრის) მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან (მესაკუთრისაგან).

 

ამდენად, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ეკისრება მოსარგებლეს. მაგრამ, მფლობელი (მესაკუთრე) ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი.

 

999-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადება აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2010 წლის 15 ივლისის განჩინებაში საქმეზე №ას-39-38-10, განმარტავს, რომ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა გავითვალისწინოთ ორი გარემოება, რომლის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს და არა მოსარგებლეს. თუ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, კერძოდ, როდესაც მოსარგებლზე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ სატრაბსპორტო საშულაბე მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ორივე შემთხვევაში გამოყენებისას, მოსარგებლის მიერ მიყენებული ზიანისა და თვით ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს და არა მოსარგებლეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელის არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიყენებაში“.

 

ავტოავარიით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში დელიქტური ვალდებულების ზოგადი შემთხვევისაგან განსხვავებულია სამართალდარღვევის საგანი, რადგან ავტოსატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროა და მისი ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება სპეციალურად არის მოწესრიგებული 999-ე მუხლით და დელიქტური ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესისგან ერთგვარად განსხვავებულ წესს ადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტირებული მესაკუთრის მიმართ.

 

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს (სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელის პასუხისმგებლობას) საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი, 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება საქმე №ას-504-481-2016)

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია საგამონაკლისო შემთხვევები, როცა სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, ამავე დროს ეს ნორმა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა საფუძვლით ჰქონდა მფლობელს სარგებლობა მოპოვებული.

 

ამდენად, 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია, სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივ მოსარგებლეს რა საფუძვლით აქვს მოპოვებული სარგებლობის უფლება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებაში საქმეზე №ას-594-562-2015 მსგავს საქმეზე განმარტა, რომ „მტკიცების საგანში შემავალ ფაქტს წარმოადგენს არა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (რომელსაც კანონი მფლობელის სტატუსით მოიხსენებს) ბრალეულობა უშუალოდ ქმედებაში, არამედ, მისი ბრალის გამომრიცხავი გარემოების არსებობა მომეტებული საფრთხის წყაროს მესამე პირისათვის გადაცემაში, თავის მხრივ, ამ გარემოების დადასტურების ვალდებულება, უშუალოდ საფრთხის წყაროს მესაკუთრეს ეკისრება“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება ფაქტობრივად გასხვისებულია ან სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე აქვს მიღებული (მაგ. ლიზინგის, ქირავნობის ხელშეკრულების) იმ პირს, რომელმაც ავტომობილის მართვის დროს გამოიწვია ზიანი, იურიდიული მესაკუთრე პასუხს არ აგებს ზიანისათვის.

 

„მესაკუთრემ სამართლებრივი საფუძვლით გადასცა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი დამქირავებელს (სსკ-ის 531-ე მუხლი) [განსახილველ შემთხვევაში, ლიზინგის ხელშეკრულებით], ხოლო ამ უკანასკნელმა, მართალია, დაარღვია გაქირავებული ნივთის ქვექირავნობით გადაცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი და გამქირავებლის თანხმობის გარეშე, გააქირავა ავტომანქანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია დაზარალებული მძღოლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე ნივთის მესაკუთრისა და დამქირავებლის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, არც ავტომანქანის მესაკუთრეს და არც დამქირავებელს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახ ან გაუფრთხილებლობით არ მიუყენებიათ ზიანი დაზარალებული მძღოლისათვის, შესაბამისად, თუკი არ არსებობს წინაპირობა, რომ ნივთის მესაკუთრე და დამქირავებელი მოქმედებდნენ, რათა ზიანი მიეყენებინათ დაზარალებული მძღოლისათვის, არ არსებობს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის შედეგადაც დგება ზიანი, მაშასადამე, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა იმ პირისაგან, რომელსაც არ განუხორციელებია ქმედება და არ წარმოიშვება ასეთი პირის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, მესაკუთრისა და დამქირავებლის დელიქტური მოქმედება არ არსებობს, შესაბამისად, ისინი ვერ აირიდებდნენ იმ ინციდენტს, რომელსაც მათთან არ აქვს კავშირი, რაც, მათ მიმართ, დაზარალებულის მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გამორიცხავს...“ საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პასუხისმგებელ პირთა წრეზე და განმარტა, რომ „საგზაო ინციდენტი გამოწვეული იყო მართვის უფლების არმქონე მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით. ამ უკანასკნელის ხელთ ავტომანქანა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღმოჩნდა მეგობრისაგან, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე არამართლზომიერად ჰქონდა მამისგან (მფლობელისაგან) მიღებული დაქირავებული ავტომანქანა. ავტომანქანის მფლობელმა, თავისი მოქმედებით, ხელი შეუწყო ზიანის დადგომას, როდესაც დაქირავებული მანქანა, სიტყვიერი შეთანხმებით, გადასცა თავის შვილს, ამ უკანასკნელმა კი მეგობარს - მართვის უფლების არმქონე მძღოლს. შესაბამისად, ნივთის მესაკუთრისა და დამქირავებლის კავშირი დელიქტთან გამორიცხულია... სსკ-ის 992-ე და 998-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლებელია განხილული იქნეს ავტომანქანის მფლობელის [დამქირავებელი], მისი შვილისა და სამართალდამრღვევი მძღოლის მიმართ; ავტომანქანის მესაკუთრისა და დამქირავებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა გამოირიცხოს შესაბამისი წინაპირობების არარსებობის გამო (იხ. სუსგ №ას-906-856-2015, 12 ნოემბერი, 2015 წელი).

 

მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს, რომ მ-----– ც---------–---–ს ო----- ჩ------ისაგან შეძენილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება შემთხვევამდე რამდენიმე წლის წინ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლების საფუძველზე ო----- ჩ------ე აღარ იყო მესაკუთრე, რის გამოც ზემოთდასახელებული ნორმების საფუძველზე მათ ეკისრებათ ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება.

 

რაც შეეხება მოპასუხეთა პასუხისმგებლობის სოლიდარულ ხასიათს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ეს ნორმა და 999-ე მუხლი არ გამორიცხავს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და მოსარგებლის საერთო პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დაზარალებულს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მესაკუთრეს), რომელიც ზიანზე პასუხისმგებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, ისე იმ პირს, რომლის არამართლზომიერმა ქმედებამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის დროს გამოიწვია ზიანი. ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საფუძველია დელიქტური ვალდებულება (992-ე მუხლი). ამ გარემოებების გამო სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულების ერთიანობა, რაც ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას.

 

სატრანსპორტო საშუალების მფლობელის და მოსარგებლის სოლიდარულ ვალდებულება გამომდინარეობს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ შინაარსიდან, რომ თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამ ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების გამომყებელი პირი მფლობელის (მესაკუთრის) ნაცვლად აგებს პასუხს ზიანისათვის. ამავე ნორმის ბოლო წინადადების მიხედვით, ეს წესი არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნორმის ბოლო წინადადების მიზანი არ არის სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას ბრალეულად მოქმედი პირი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და ზიანზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება ის პირი, რომლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია სატრანსპორტო შემთხვევა და მისი პასუხისმგებლობა 992-ე მუხლის საფუძველზეა წარმოშობილი. ამდენად, 992-ე, 998-ე და 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეების ვალდებულება სოლიდარულია.

 

დაზარალებულს 999-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს მოთხოვნა წარუდგინოს როგორც უშუალოდ ზიანის მიმყენებელს, ასევე სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. თითოეულს დამოუკიდებლად ზიანის ანაზღაურება არ ეკისრება, რადგან დაზარალებულს უფლება აქვს ნივთის დაზიანებით მიყენებული ზიანი ერთხელ აინაზღაუროს, ხოლო რადგან მას უფლება აქვს ორივე პირს წარუდგინოს მოთხოვნა ერთი საფუძვლით - მისი კუთვნილი ნივთის დაზიანების გამო, მოპასუხეების პასუხისმგებლობა საერთოა, სოლიდარულია.

 

მსგავს საკითხზე განმარტებები ასახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში. იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი . სუსგ-ებები: №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი; №ას-81-71-2011, 18 აპრილი, 2011 წელი; №ას-95-90-2013, 14 ივნისი, 2013 წელი). 2018 წლის 9 მარტის განჩინება საქმეზე №ას-1453-1373-2017 .

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ავტომობილის ევაკუატორით ტრანსპორტირების ხარჯი.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ავტომობილის ევაკუატორით ტრანსპორტირების ხარჯი არის მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედების გამო მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი, რადგან ავტომობილისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი დაზიანებების გამო ავტოსადგომიდან მისი დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელი იყო, რის გამოც მის გადასაყვანად აუცილებელი იყო ევაკუატორით მომსახურება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 250-ე მუხლის 12-ე ნაწილის თანახად, პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები რიგდებიან და ეთანხმებიან საჯარიმო ქვითარს, ან როდესაც დაზარალებულს სამართალდამრღვევთან მორიგების ან საჯარიმო ქვითარზე თანხმობის მიცემის გარეშე არ სურს სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სადგომზე გადაყვანა), რისი ხარჯებიც დაეკისრება სამართალდამრღვევს. მე-13 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/ მფლობელს) უფლება აქვს, გამოიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, თუ იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს წარუდგენს სათანადო განცხადებას და საექსპერტო შეფასებას.

 

შპს "ავტო დახმარება ჯუბასა“ და სს "ს----------------------------ოს" შორის 2017 წლის 31 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით სადაზღვევო კომპანიისათვის ევაკუატორით მომსახურება გაწეულია ტოიოტას მარკის ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის 2017 წლის 26 იანვარს, რომლის საფასურია 50 ლარი. ეს ხარჯი არის მოსარჩელის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკლისი, რომლის ანაზღაურება გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხე მ-----– ც---------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 5000 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 16970 ლარის 30%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ამ პროპორციით სახელმწიფო ბაჟისგან თავისუფლდებიან მოპასუხე მიხეილ ც---------–---–ი და მოსარჩელე. სახელმწიფო ბაჟის 508 ლარის 30% არის 152,4 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს „ს----------------------------ოსთვის” სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 355,6 ლარის ანაზღაურება. ასევე შსს მომსახურების სააგენტოდან ინფორმაციის მისაღებად გადახდილი საფასურის 21 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სს ”ს----------------------------ო ” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მ-----– ც---------–---–ს და ო----- ჩ------ეს დაეკისროთ სს ”სადაზღვევო კომპანია იაროსათვის” 16 920 ლარის გადახდა;

 

1.2. მ-----– ც---------–---–ს და ო----- ჩ------ეს დაეკისროთ სს ”სადაზღვევო კომპანია იაროსათვის” სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით მომსახურების საფასურის 50 ლარის გადახდა;

 

2. მ-----– ც---------–---–ს და ო----- ჩ------ეს დაეკისროთ სს ”ს-----------------------------ოსათვის” 355,6 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 21 ლარის გადახდა შსს მომსახურების სააგენტოდან ინფრომაციის მისაღებად გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

 

3. სს ”ს----------------------------ოს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 152,4 ლარი. თანხა გადახდილია 2018 წლის 18 სექტემბერს (საგადასახადო დავალება N9880) შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი