გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210018002561876
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/22452-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე - შპს "მ----------------------";

წარმომადგენელი - ნო------------–---, გ---–-----–--ე;

მოპასუხე - კ-----------–---–ი;

წარმომადგენელი - ზ---------------ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე კ-----------–---–ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხი - 2 400 ლარის, სარგებლის - 1 669 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2 616 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 13 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nტ-–---------, რომლის საფუძველზეც ამავე თარიღში გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ Nტ--–-------- და მოსარჩელემ მოპასუხეს, თვეში 5.2%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2 400 ლარის ოდენობით, მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 149 ლარის ოდენობით, ყოველი თვის 13 რიცხვში, სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ნ--------------ის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 316 I. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხით გაქვითულია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველი თვის (13.05.2017-125.07 ლარი) სარგებელი მე-2 თვის (13.06.2017) სარგებელი ნაწილობრივ - 123.82 ლარს - 1158.82 ლარი), მეორე თვის დარჩენილი სარგებელი - 5 ლარი, ძირი თანხა და სხვა მომდევნო გადასახადი მის მიერ ამ დრომდე გადახდილი არ არის.

მოპასუხე კ-----------–---–ს შპს "მ----------------------"-ს მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება, ძირი თანხა - 2400 ლარი, სარგებელი 2017 წლის 13 ივნისის დარჩენილი 5 ლარი და ყოველი მომდევნო თვის 13 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.2%, რაც შეადგენს - 124.82 ლარს, შესაბამისად წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია 14 თვე (13.06.2017 წლიდან 13.07.2018 წლის ჩათვლით) და 10 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 1 669 ლარს, პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის - 6 ლარის ოდენობით, ვინაიდან 2017 წლის 13 მაისიდან დღემდე გასულია 436 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს - 2 616 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კ-----------–---–მა 2018 წლის 15 ოქტომბრის შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსარჩელე მოითხოვს გადაუხდელი სარგებლის 1 669 ლარის ოდენობით დაკისრებას, რასაც არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია რომ მოსარჩელის მიერ სასამარლოსათვის დაგვიანებით მიმართვა სხვა არაფერია თუ არა ბოროტად უფლების გამოყენბა, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელე მხარე ინფორმირებული იყო მისი გადახდისუუნარობის შესახებ, მას უნდა ემოქმედა დაუყონებლივ და მიემართა სასამართლოსათვის რაც არ განახორციელა, ამასთან მოპასუხე აღნიშნავს, რომ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო სარგებელი 98% ცდება ანალოგიური პერიოდისათვის სტატისტიკური ანგარიშგების საპროცენტო სარგებელს, რაც განაპირობებს მის ბათილობას, ამასთან მოპასუხე აღნიშნავს, რომ ეთანხმება ნაწილობრივ სასარჩელო მოთხოვნას სარგებლის დაკისრების ნაწილში და ითხოვს დაეკისროს ორი თვის საპროცენტო სარგებელი და ნაწილობრივ ეთანხმება მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში და ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს - 150 ლარის ოდენობით დაკისრებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nტ-–---------, რომლის საფუძველზეც ამავე თარიღში გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ Nტ--–-------- და მოსარჩელემ მოპასუხეს, თვეში 5.2%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2 400 ლარის ოდენობით.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 149 ლარის ოდენობით, ყოველი თვის 13 რიცხვში, სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ნ--------------ის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 316.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხით გაქვითულია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველი თვის (13.05.2017-125.07 ლარი) სარგებელი მე-2 თვის (13.06.2017) სარგებელი ნაწილობრივ 123.82 ლარს - 1158.82 ლარი), მეორე თვის დარჩენილი სარგებელი 5 ლარი, ძირი თანხა და სხვა მომდევნო გადასახადი მის მიერ ამ დრომდე გადახდილი არ არის.

 

3.1.4. დადგენილია, რომ მსესხებელს კ-----------–---–სა და ავტომობილის მესაკუთრეს ნ--------------ეს გაეგზავნათ შეტყობინება 20.04.2018 წელს და მოითხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

3.1.5. დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებას თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისთვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის დაბრუნების ვალდებულება, ამასთანავე თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ასხნა- განმარტება ( იხ. სარჩელი,შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 18-23);

- საკრედიტო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 24);

- საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ 25);

- გრაფიკი (ს.ფ 26);

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ 27-28);

- გირავნობის მოწმობის ასლი (ს.ფ 29);

- შსს მომსახურების სააგენტოს კანონიდან ამონარიდი (ს.ფ 30-32);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 41-42);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 230-ე, 233-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე მუხლები.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 286-ე, 301-ე, 316-ე-317-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე-420-ე, 463-ე-464-ე, 867-ე-898-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლომ განიხილა მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, 2-ე-3-ე ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

მოცემულ საქმეზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენელს ზ---------------ეს ეცნობა სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე 2019 წლის 28 თებერვლას 15:00 საათზე, სხდომის დარბაზი N60, რაც დასტურდება შესაბამისი ხელწერილით. (ს.ფ 103); მოპასუხე მხარის წარმომადგენელს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონის 230-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. მხარეს ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. მოპასუხეს სასამართლოსათვის არ უცნობებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას დავალიანების ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 2400 ლარის ოდენობით მოპასუხე კ-----------–---–მა სრულად მიიღო, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში.

 

6.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ:

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებები ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5.2%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5.2%, რაც წლიურად შეადგენს - 62%, რამდენადაც მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის სახით 62%-ის განსაზღვრა ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს და შეთანხმებები ამ ნაწილში წარმოადგენს ნაწილობრივ ბათილ შეთანხმებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი გი-----------------–---–-ც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს ''მ----------------------'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე''. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 62%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად და სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24% (ყოველთვიური 2%). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანება - 645 ლარის ოდენობით, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრებას - 2017 წლის 13 ივნისის დარჩენილი სარგებლის დავალიანების თანხას - 5 ლარს, 13 თვის და 10 დღის სარგებელს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხაა - 2400 ლარი, რომლის წლიური 24% შეადგენს - 576 ლარს, ყოველთვიურად, მსესხებლის მიერ საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა კი - 48 ლარს. ამდენად, საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა განისაზღვროს - 2400 ლარის წლიური 24%, რაც წლიურად შეადგენს - 576 ლარს, თვეში - 48 ლარს, 13 თვის განმავლობაში - 48*13=624 ლარს, რასაც ემატება 10 დღის საპროცენტო სარგებელი - 16 ლარის ოდენობით. მსესხებლის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად გადასახდელია 13 თვისა და 10 დღის საპროცენტო სარგებლის თანხა და დარჩენილი სარგებლის თანხა - 5 ლარის ოდენობით, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 645 ლარს.

 

6.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია 2017 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველვადაგადაცილებულ დღეზე - 6 ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 6-ჯერ და ნაცვლად, პირგასამტეხლოს 2616 ლარის შემცირდეს - 436 ლარის ოდენობამდ შესაბამისად, 2017 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარიცხული პირგასამტეხლო - 436 ლარის ოდენობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "მი---------------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საერთო ჯამში - 3481 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხე კ-----------–---–ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 104.43 ლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში,მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - 150 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "მ----------------------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე კ-----------–---–ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ 2017 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 2400 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე კ-----------–---–ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ 2017 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პროცენტის - 645 ლარისა და ჯარიმის - 436 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე კ-----------–---–ს შპს "მ----------------------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 104.43 ლარის ასევე, შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და აღმასრულებელთან დადებული ხელშეკრულების მომსახურების წინასწარ გადასახდელი საფასურის ჯამში - 150 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი მე-2 პუნქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

6. განემარტოს მოპასუხეს, რომ მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხდდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი