გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210018002729300
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/33657-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2019 წელი. ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე -შპს "ყ------------"

წარმომადგენელი - ბ----–-----–--, თ--------------–-–---–ი

მოპასუხე - შპს "გ-–---------------------ი"

წარმომადგენელი- მ------------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,გ-–---------------------ის“ შპს ,,ყ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 73 916 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებით, 2018 წლის 17 მაისს, შპს ,,ყ------------“-ს და შპს ,,გ-–---------------------ის“ შორის დაიდო ზეპირი მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,გ-–---------------------იმ“ იკისრა ვალდებულება, 14 კალენდარულ დღეში შპს ,,ყ------------“-თვის მიეწოდებინა 1 000 000 ცალი ბოთლი, ხოლო შპს ,,ყ------------“-ს თავის მხრივ უნდა გადაეხადა 140 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

შპს ,,ყ------------“-ის მიერ მოხდა შპს ,,გ-–---------------------ის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ჯამში 170 846 ლარის ოდენობით, რაც შეადგენდა შეთანხმებული თანხის 50%-ს. თუმცა შპს ,,გ-–---------------------იმ“ არ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება და არ მიაწოდა შეთანხმებისამებრ განსაზღვრულ ვადაში1 000 000 ცალი ბოთლი.

2018 წლის 2, 3 და 31 ივლისს, მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა გადახდილი თანხის ნაწილი 96 930 ლარის ოდენობით. აღნიშნული დღიდან მოსარჩელე შპს ,,ყ------------“ ცდილობს მოლაპარაკებას მოპასუხე კომპანიასთან ჩარიცხული თანხის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელეს სამჯერ ჰქონდა მცდელობა მოპასუხისთვის გაფრთხილების წერილი ჩაებარებინა, თუმცა ადრესატმა გამიზნულად უარი განაცხადა წერილების ჩაბარებაზე. მოპასუხე შპს ,,გლ-------------ი“ განზრახ ცდილობდა მასზე დაკისრებული მოვალეობისთვის თავის არიდებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცედურები, რის საფუძველზეც 2018 წლის 21 დეკემბერს დავა მორიგებით უნდა დასრულებულიყო. ამასთან დაკავშირებით, 2018 წლის 21 დეკემბერს შპს ,,დი--------------------ან“ მოხდა შეხვედრა, თუმცა მორიგების პირობებზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. რადგან მოპასუხე მხარე დავის მორიგებით დასრულებას ელოდებოდა ვერ მოხერხდა სამართლებრივი დაცვის სწორი და ზუსტი ფორმულირება.

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ მხარეებს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე გრძელდებოდა საქმიანი ურთიერთობა, ბოთლების მიწოდებასთან დაკავშირებით. თუმცა მოპასუხემ კომპანიამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ შეძლო იმ ბიზნეს ურთიერთობის გაგრძელება ბოთლების მიმწოდებელ კომპანიასთან, რამაც განაპირობა მის მიერ მოსარჩელესთან დადებული შეთანხმების ვადების დარღვევა. სწორედ აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, შპს ,,გ-–---------------------იმ“ მიზანშეწონილად მიიჩნია, მიღებული თანხიდან ნაწილის მოსარჩელე კომპანიისთვის დაბრუნება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 17 მაისს, შპს ,,ყ------------“-ს და შპს ,,გ-–---------------------ის“ შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შპს ,,გ-–---------------------იმ“ იკისრა ვალდებულება, 14 კალენდარულ დღეში შპს ,,ყ------------“-თვის მიეწოდებინა 1 000 000 ცალი ბოთლი, ხოლო შპს ,,ყ------------“-ს თავის მხრივ უნდა გადაეხადა 140 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.05.2018 წლის ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. წარმოდგენილი საგადახდო დავალებების საფუძველზე, შპს ,,ყ------------“-მა შპს ,,გ-–---------------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხა ჯამში 170 846 ლარი, რაც შეადგენდა შეთანხმებული თანხის 50%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 26-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე შპს ,,გ-–---------------------იმ“ არ შეასრულა მის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ მიაწოდა შეთანხმებისამებრ განსაზღვრულ ვადაში, 1 000 000 ცალი ბოთლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2018 წლის 2, 3 და 31 ივლისს, მოპასუხე შპს ,,გ-–---------------------იმ“ მოსარჩელე შპს ,,ყ------------“-ს დაუბრუნა გადახდილი თანხის ნაწილი, 96 930 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 25; 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე და 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმის, ბიზნესურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება 1 000 000 ბოთლის მიწოდების თაობაზე, რომლის ღირებულების 140 000 აშშ დოლარის ნაწილიც, 170 846 ლარის ოდენობით, მყიდველმა შპს ,,ყ------------“-მა პროდუქციის მიწოდებამდე გადაურიცხა შპს ,,გ-–---------------------ის“. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხე კომპანიამ აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში მის მიერ აღებული ვალდებულება 1 000 000 ბოთლის მიწოდების თაობაზე არ შეასრულა, ხოლო მიღებული თანხის ნაწილი 73 916 ლარის ოდენობით, უკან დაუბრუნა მოსარჩელე კომპანიას.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი, ხოლო საქმეზე სადავოდ გამხდარი გარემოებები უნდა დადასტურდეს ამავე მუხლში ჩამოთვლილი შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ყ------------“-ს შპს ,,გ-–---------------------ისთან“ ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული შესრულება არ მიუღია. ასევე დადგენილია, რომ მისაღები პროდუქციის ღირებულების ნაწილი მოსარჩელე კომპანიამ წინასწარ გადაიხადა, რომლის მხოლოდ ნაწილი დააბრუნა მოპასუხემ. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი გარემოების დადასტურება, თუ რის საფუძველზე არ დააბრუნა მიღებული თანხა, როცა შპს ,,ყ------------“-თან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ყ------------“-ის სარჩელი შპს ,,გ-–---------------------ის“ მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2217.48 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხე შპს ,,გ-–---------------------ის“ მოსარჩელე შპს ,,ყ------------“-ის სასარგებლოდ, ხოლო 0.52 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს "ყ------------"-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს "გ-–---------------------ის" მოსარჩელე შპს "ყ------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 73916 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს "გ-–---------------------ის" მოსარჩელე შპს "ყ------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 2217.48 ლარის გადახდა.

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს "ყ------------"-სს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წლის 09 ნოემბერს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით # 1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2218 ლარიდან 0.52 ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი. (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე