გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/2149-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ბმა „თ---–---–------------ - 6--“
წარმომადგენლები - ნ-----------–---, ნ----–------–---–-, მ--------------
მოპასუხე- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–ი
მესამე პირი - შპს „გ--------------“
წარმომადგენელი - ნ-----------------------–----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N1------------- ადმინისტრაციული აქტი, გამოცემის დღიდან;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანება, თანმდევი შედეგებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 27 თებერვლის N1------------- ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, დანარჩენ ნაწილში განმარტა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის შპს „გ--------------“-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, მან ასევე სადავოდ გახადა ბმა „თ---–---–------------ - 6--“-ისთვის 1989 წლის 9 მარტის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №0-------- გადაწყვეტილებით გადაცემული და ამჟამად შპს გ--------------ს საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთის იდენტურობა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 1989 წლის 9 მარტის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №0-------- გადაწყვეტილების თანახმად, №6-- საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს გამოეყო მიწის ნაკვეთი მდებარე დ------------–------------, (№27-ბ), 3-4 სართულიანი 50 ბინიანი აგურის საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.
4.2. ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 25 აპრილის №8-------- გადაწყვეტილებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 9 მარტის №119 გადაწყვეტილების საფუძველზე პირველი მაისის რაისაბჭოს აღმასკომთან შეიქმნა საბინაო სამშენებლო კოოპერატივი ,,თ---–---–------------”, რომლის 3-4 სართულიანი 50-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იწარმოებს დ-----------------------–-----------------.
4.3. 2007 წლის 13 ივლისის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ,,თ---–---–-------------6--”-ის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით (ოქმი №1) ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი №6---ის წევრების მიერ დაფუძნდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---–---–-------------6--” და იგი მიჩნეულ იქნა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი №6---ის უფლებამონაცვლედ. ამავე ოქმით დამტკიცდა ამხანაგობის დებულება და თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ-----------–---.
4.4. 2013 წლის 27 სექტემბერს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---–---–-------------6--“-ის თავმჯდომარემ ნ-----------–--მა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა წითელი ხაზების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისში, დ-------------------------------------- კორპუსი. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება №8----- ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
4.5. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულმა პირმა 2013 წლის 04 ოქტომბერს დააზუსტა მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნას წარმოადგენდა - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2013 წლის 14 ნოემბერს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა.
4.6. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 24 იანვარს მიიღო საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8------------21 გადაწყვეტილება.
4.7. 2014 წლის 21 თებერვალს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---–---–-------------6--“-ის თავმჯდომარემ ნ-----------–--მა №3------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №8------------21 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.8. 2014 წლის 27 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა ბმა „თ---–---–------------ 6--“-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №8------------21 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც განხორციელდებოდა ქ. თბილისში, დ-------------------------------------- კორპუსზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
4.9. თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით ბმა ,,თ---–---–------------ 6--“- ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №8------------21 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
4.10. თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
2. ბმა ,,თ---–---–------------ 62“-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
4. ბმა ,,თ---–---–------------ 6--”-ის სარჩელი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე) დაკმაყოფილდა და ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილება.
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 13 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება N 3-------- (ტ.2. ს.ფ. 216-233);
- თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება N3-------- (ტ.2. ს.ფ. 179-213);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინება N ბ----------------. (ტ.2. ს.ფ. 234-234).
4.12. ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, დადგინდა რომ ქ. თბილისის, თ------------–-------------------------ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (გასაჩივრებული აქტი).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 04 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 04 ოქტომბერს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქუჩა დ-----------------------–----------------ის მიმდებარედ, დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველის ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (საკადასტრო კოდი 0---------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანება;
- 04.10.2016 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 82).
4.13. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 17 ნოემბერის N0------ ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ქუჩა დ-----------------------–----------------ის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველის ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებში რეგისტრირებული 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ (საკადასტრო კოდი 0---------------).
4.14. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2017 წლის 18 იანვარს გამართულ აუქციონზე ზემოაღნიშნული ქონების შემძენი გახდა შპს „გ--------------“ (ს.კ. 4--------), რომელთანაც 2017 წლის 26 იანვარს გაფორმდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება და 2017 წლის 28 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N2----.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ქუჩა დ-----------------------–----------------ის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველის ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებში რეგისტრირებული 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.0---------------) მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს „გ--------------“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 17 ნოემბერის N0------ ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 268-269);
- აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ტ.1. ს.ფ. 273);
- პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 274-276);
- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ტ.1. ს.ფ. 277);
- 2017 წლის 07 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.3. ს.ფ. 35);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ.3. ს.ფ. 36).
4.15. 2017 წლის 10 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა ბმა „თ---–---–------------“-ს ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
4.16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N 1------------- გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანების ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა მათ უფლებამოსილებას, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით უნდა მიემართა სასამართლოსთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N 1------------- გადაწყვეტილება (ტ.2. ს.ფ. 139-140).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბმა „თ---–---–------------ 6--“-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-73 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
7. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N1------------- და ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანებების ბათილად ცნობა, რომელთა კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N1------------- გადაწყვეტილებას მოპასუხე მხარე მიიჩნევს საინფორმაციო ხასიათის წერილად ასევე უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა იგი ადმინისტრაციულ აქტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, დადგინდა რომ ქ. თბილისის, თ------------–-------------------------ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარცელე მხარემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის მიერ 2017 წლის 27 თებერვალს, ანუ ჯერ კიდევ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-73 დადგენილების მოქმედების პერიოდში, გამოცემული იქნა N1------------- წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა წარმოადგენდა სასამართლოს უფლებამოსილებას და ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად დაუბრუნა საჩივრის ავტორს.
სასამართლო, ვერ გაიზიარებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდული სამსახურის ზემოაღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მე-3 ნაწილის საფუძველზე, პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლი მე-11 პუნქტის თანახმადა, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადავო აქტის (წერილის) გამოცემის დროს მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“, სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-73 დადგენილების მე-11 მუხლით კი დადგენილი იყო, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დღეის მდგომარეობით კი გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მე-11 პუნქტი შეიცავს იგივე დათქმას, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილების მე-14 მუხლში მითითებულია, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, რაც სასამართლოს მოსაზრებით, არ ცვლის და ვერც შეცვლის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დანაწესს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და ზემდგომი ორგანოს მიერ მისი განხილვის ვალდებულების შესახებ (იხ. საქმე №3---------; N3----------------1; საქმე № 3----------------- საქმე №3---------).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 4. თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.
ამდენად, იმის გათალისწინებით, რომ ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ვალდებულებას და არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, ამავე კოდექსის 80-ე მუხლის მე-4 ნაწილზე აპელირებით არასწორად ეთქვა უარის მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე (განხილვაზე). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის მიერ 2017 წლის 27 თებერვლის N1------------- წერილი წარმოადგენს უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე (განხილვაზე) უარის თქმის შესახებ, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, უნდა დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი აქტი ბმა „თ---–---–------------ 6--“-ის 2017 წლის 10 თებერვლის N1--------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საჩივრის მიღებისა შემდეგ, არსებითი განხილვის ეტაპზე, საჩივრის განმხილველმა ორგანომ, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანებაში მითითებული მიწის ნაკვეთი და თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1989 წლის 9 მარტის N05.05.2019 წ. გადაწყვეტილების თანახმად საბინაო-სამშენებლო კოოპერატივისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთი წარმოადგენენ თუ არა იდენტურ მიწის ნაკვეთებს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (2016 წლის 13 სექტემბერი), ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, რამდენად კანონიერად დადგინდა ქ. თბილისის, თ------------–------------------------ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირება.
რაც შეეხება, მოსარჩელე მხარის მეორე მოთხოვნას, ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N0-------- ბრძანებისა და მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, იმის გამო, აღნიშნული ბრძანების კანონიერების განხილვა სასამართლოს მოსაზრებით ჯერ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კომპეტენციას წარმოადგენს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის კანონიერებაზე და აქედან გამომდინარე თანმდევი შედეგების ბათილად ცნობაზეც. თუმცა თანმდევი შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბათილობის საკითხის განხილვისას კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული თუ რომელი აქტის, ქმედების ან ხელშეკრულების ბათილობა სურს მოსარჩელეს (გამომცემი ორგანოს და რეკვიზიტების მითითებით), რაც მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს მითითებით არაერთხელ დაზუსტდა მოთხოვნა, მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელებული არ ყოფილა.
8. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინიტრაციულ სამართლაწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ბმა „თ---–---–------------ 6--“-ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბმა „თ---–---–------------ - 6--“-ის სარჩელი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 თებერვლის N1------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი აქტი ბმა „თ---–---–-------------6--“-ის 2017 წლის 10 თებერვლის N1--------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ბმა „თ---–---–------------ - 6--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი