გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
330210018002469948
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/15760-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - სს "თ----------ი"

წარმომადგენელი - თ--------------–--ე

მოპასუხე - გ------- კ-------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე გ------- კ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, 2014 წლის 06 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროს 7827.70 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4187.63 ლარი, პროცენტი 1574.92 ლარი, პირგასამტეხლო 2000 ლარი, დაზღვევის თანხა 65.15 ლარი.

1.2. მოპასუხე გ------- კ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 30 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროს, 3956.92 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2452.36 ლარი, პროცენტი 1170 ლარი, პირგასამტეხლო 334.56 ლარი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სს ,,თ----------მა“ მოპასუხეზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება პრაიმ ქარდის სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე დასტურის ღილაკზე მითითებით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, რომელიც შეადგენს შემდეგს: კრედიტის ოდენობა 2846.15 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, კრედიტის ვადა 2017 წლის 30 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 30 რიცხვში, ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.

 

მოპასუხემ 2016 წლის მარტში აითვისა თანხა, იგი 2017 წლის იანვრის ჩათვლით არასტაბილურად ახორციელებდა შენატანებს, შესაბამისად, ერიცხებოდა პირგასამტეხლო. მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 24 იანვარს, არასრული ოდენობით. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებიდან 393.79 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, პროცენტი 1053.48 ლარი, პირგასამტეხლო 0 ლარი. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებაზე შეადგენს 3956.92 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2452.36 ლარი, პროცენტი 1170 ლარი, პირგასამტეხლო 334.56 ლარი.

 

2014 წლის 06 ოქტომბერს, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ და გ------- კ-------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1465 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 14.5%-ს. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 10 რიცხვში, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი #1-ის შესაბამისად.

 

მოპასუხის დავალიანება 2018 წლის 15 მარტს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 7827.70 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4187.63 ლარი, პროცენტი 1574.92 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 2000 ლარი, დაზღვევის თანხა 65.15 ლარი.

 

სარჩელზე თანდართული გადახდების ისტორიის თანახმად, მოპასუხემ 2014 წლის ოქტომბერში აითვისა თანხა. იგი თავდაპირველად სტაბილურად ახორციელებდა ყოველთვიურ შენატანებს. მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი პირველად დაარღვია 2015 წლის 10 ივლისს და მას ყოველი ვადაგადაცილებისათვის ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ ბოლო შენატანი ფიქსირდება 2015 წლის 10 აგვისტოს, რის შემდეგაც მას შენატანი არ განუხორციელებია. მოპასუხის დავალიანებას შეადგენს სესხის ძირი თანხა, დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და ასევე დაზღვევის თანხის ერთობლიობა. მოპასუხეს აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით გადახდილი აქვს 1382.55 ლარი, საიდანაც სესხის ძირია 812.37 ლარი, პროცენტი 570.09 ლარი და პირგასამტეხლო 0.09 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ------- კ-------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 2014 წლის 06 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირი თანხის 4187.63 ლარის და დაზღვევის თანხის 65.15 ლარის, ასევე 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 2452.36 ლარის ნაწილში ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,თ----------მა“ მოპასუხეზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება პრაიმ ქარდის სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე დასტურის ღილაკზე მითითებით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, რომელიც შეადგენდა შემდეგს: კრედიტის ოდენობა 2846.15 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, კრედიტის ვადა 2017 წლის 30 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 30 რიცხვში, ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.

 

მოპასუხემ 2016 წლის მარტში აითვისა თანხა, იგი 2017 წლის იანვრის ჩათვლით არასტაბილურად ახორციელებდა შენატანებს, რის გამოც ერიცხებოდა პირგასამტეხლო. მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 24 იანვარს, არასრული ოდენობით. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებიდან 393.79 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, პროცენტი 1053.48 ლარი, პირგასამტეხლო 0 ლარი. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებაზე შეადგენს 3956.92 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2452.36 ლარი, პროცენტი 1170 ლარი, პირგასამტეხლო 334.56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17/04/2018 წლის ცნობა (ს.ფ. 16);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2014 წლის 06 ოქტომბერს, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ და გ------- კ-------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1465 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 14.5%-ს. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 10 რიცხვში, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მოქმედების პერიოდში კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი #1-ის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 06 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 21);

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24);

- დანართი #1/პოლისი (ს.ფ. 25-27);

- განაცხადი სესხზე (ს.ფ. 30-31);

- დანართი #16, სესხის გაცემის წინაპირობების შესრულების მონიტორინგი (ს.ფ. 32

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე გ------- კ-------–---–ის მიერ 2014 წლის 06 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, სს ,,თ----------ის“ მიმართ გ------- კ-------–---–ის დავალიანებამ შეადგინა 16 274.98 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 4187.63 ლარი, საპროცენტო სარგებელი 1574.92 ლარი, პირგასამტეხლო 10 447.28 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 17);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 28-29);

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 33-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. მოსარჩელე სს ,,თ----------მა“ მოპასუხე გ------- კ-------–---–ი წერილობით გააფრთხილა, არსებული დავალიანების შესრულების თაობაზე, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ 2014 წლის 06 ოქტომბრის და 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება არსებული მდგომარეობით სრულად და ჯეროვნად შესრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოფიციალური გაფრთხილება (ს.ფ. 35-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი გ------- კ-------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე გ------- კ-------–---–მა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხების და დაზღვევის თანხის ნაწილში, რამაც მთლიანობაში შეადგინა 6705.14 ლარი. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----------ს” და მოპასუხე გ------- კ-------–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად, გარდა სესხის ძირითადი თანხებისა, მოპასუხე მხარეს აკისრია ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (1170 ლარისა და 1574 ლარის) გადახდის ვალდებულება. საგულისხმოა, რომ არც შესაგებლის და არც საქმის სასამართლო პროცესზე განხილვისას არსებითი, კვალიფიციური შედავება საპროცენტო სარგებელთან მიმართებით არ იქნა მოპასუხე მხარის მხრიდან წარმოდგენილი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მალხაზ ერაძეს ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, 2014 წლის 06 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებაზე შეადგენს 4187.63 ლარს, პირგასამტეხლო 2000 ლარს, 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებაზე ძირი თანხა შეადგენს 2452.36 ლარს, პირგასამტეხლო 334.56 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხები დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, 2014 წლის 06 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 200 ლარის ოდენობით, 2016 წლის 30 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე გ------- კ-------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხების და დაზღვევის თანხის ნაწილში ცნო, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 353.54 ლარის ნაწილი 201.15 ლარის ოდენობით, ხოლო 89.85 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე გ------- კ-------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 06 ოქტომბრის N19------------9 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 6027.7 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირს შეადგენს 4187.63 ლარი, საპროცენტო სარგებელს 1574.92 ლარი, დაზღვევის საფასურს 65.15 ლარისა და პირგასამტეხლოს 200 ლარი.

 

3. მოპასუხე გ------- კ-------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 30 მარტის N 57------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 3672.36 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირს შეადგენს 2452.36 ლარი, საპროცენტო სარგებელს 1170 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს 50 ლარი.

 

4. მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 2084.56 ლარის მოპასუხე გ------- კ-------–---–ზე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მოპასუხე გ------- კ-------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 89.85 ლარის ანაზღაურება.

 

6. სს „თ----------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 29/05/2018 წლის №25 საგადახდო დავალებით სს „თ----------ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 353.54 ლარის ნაწილი - 201.15 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე