გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
050210018002724435
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210018002724435 (N2/1267-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

15 მარტი, 2019 წელი ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე - ლა–--------ა

წარმომადგენელი - ლევან კუტუბიძე

მოპასუხე - სსიპ ე---------–-------------------ო

წარმომადგენლები - ანნა ლომჯარია, მიხეილ ხოლუაშვილი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სსიპ ე---------–-------------------ოს მოსარჩელის ლა–--------ას სასარგებლოდ დაეკისროს 8563.5 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2015 წლის 09 ოქტომბერს ლა–--------ასა და სსიპ ე---------–-------------------ოს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8---- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, სსიპ ე---------–-------------------ოს სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ბულდოზერის (მძღოლთან ერთად) დაქირავების მომსახურების შესყიდვა. მოსარჩელემ უზრუნველყო N85 (ბ) ხელშეკრულების შესაბამისად, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სატყეო სამეურნეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციისთვის ბულდოზერის (მძღოლთან ერთად) დაქირავების მომსახურების შესყიდვა.

 

ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, მომსახურება უნდა გაწეულიყო სავარაუდოდ 150 საათის განმავლობაში. მომსახურების საერთო ღრებულება განისაზღვრა 12 975 ლარით, ერთი საათის განმავლობაში მომსახურების ღირებულება შეადგენდა 86.5 ლარს, ხოლო გაწეული მომსახურების ანაზღაურება დაანგარიშება უნდა მომხდარიყო ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების მიხედვით.

 

მოსარჩელის მიერ მომსახურება გაწეული იქნა ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველის მითითებისამებრ. მოსარჩელის მიერ 2015 წლის 18 ოქტომბერს სამუშაოს შესრულების მიზნით დაქირავებული იქნა შესაბამისი ტექნიკა, ტექნიკის გამქირავებელს წარმოადგენდა შპს ,,ლიზა“, იმის გამო რომ მოპასუხის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ლა–--------ამ თვის მხრივ ვერ შეძლო შპს ,,ლიზასთვის“ კუთვნილი თანხის გადახდა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს შპს ,,ლიზას'' სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის გადახდა.

 

სარჩელის თანახმად, 2015 წლის 22 დეკემბრის ინსპექტირების N1 აქტით დადგენილია, რომ ,,სულ მიმწოდებელს ლა–--------ას ნამუშევარი აქვს 99 საათი, 2015 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო 2016 წლის 27 იანვრის N8---- საბოლოო დასკვნით ასევე დგინდება, რომ 2015 წლის 09 ოქტომბრის N8---- ხელშეკრულების ფარგლებში ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენს 99 საათს. შესაბამისად, ცალსახად დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხე აღიარებს ლა–--------ს მიერ 2015 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია სამუშაო 99 საათის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 4.3. მუხლით, განსაზღვრულ იქნა, რომ შემსყიდველი ვალდებული იყო წერილობით ეცნობებინა მიმწოდებლისათვის საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული მომსახურების რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში, არ ყოფილა მითითება, რომ სამუშაო შესრულებული იქნა წუნდებით და რომ ითხოვდნენ დამატებით კონკრეტული სამუშაოს შესრულებას.

 

მომსახურების მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმების მიზნით და შესაბამისი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხე თავს არიდებს ნამუშევარი საათების შესაბამისად თანხის სრულად გადახდას. სსიპ ე---------–-------------------ოს 2016 წლის 12 აგვისტოს N19/16629 წერილით თანახმად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ 2015 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისადმი ასანაზღაურებელი აქვს ნაცვალდ 99 საათისა 62 საათი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. სსიპ ე---------–-------------------ოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლა–--------ასადმი ნამუშევარი 62 საათის შესაბამისი თანხის - 5363 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო 37 საათის ანაზღაურების ნაწილში არ სცნო სარჩელი, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების არაჯეროვნად და ვადაგადაცილებით შესრულების გამო.

 

ასევე, სსიპ ე---------–-------------------ოს კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის 2015 წლის 22 დეკემბრის ინპექტირების N1 აქტის მიხედვით გზის გარკვეულ მონაკვეთზე დაქანება დიდი იყო და უნდა დადაბლებულიყო თუმცა, მიმწოდებელმა აღნიშნული შენიშვნა არ გაითვალისწინა. მოსაწყობი გზის 787 მეტრიდან მოსარჩელემ მოაწყო 747 მეტრი გზა, ამასთან მეგზევეების აღნიშვნით მიმწოდებლის მიერ არადამაკმაყოფილებლად და არასათანადო ტექნიკით იქნა ვალდებულება შესრულებული, გზის რეაბილიტაციაზე მიმწოდებელს მომსახურება უნდა განეხორცილებინა ბულდოზერი E-130-ით, თუმცა ტრაქტორით იმუშავა 35 საათი, რის შედეგედ გზის სიგანემ შეადგინა 2-დან 2.2 მეტრი, რაც არ შეესაბამება ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების მე-12 მუხლის 2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების მიწის ვაკისის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4.5-6.5 მეტრს. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ ნამუშევარი 99 საათიდან ჩაეთვალა, მხოლოდ 62 საათი.

 

შესაგებლის თანახმად, სსიპ ე---------–-------------------ოს ინპექტირების ჯგუფის 2016 წლის 27 იანვრის №8---- საბოლოო-დასკვნის მიხედვით ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენს 99 საათს, სპეც-ტექნიკით მომსახურება განხორცილედა ნაწილობრივ, ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 2016 წლის 27 იანვრის მდგომარეობით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 58 დღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეს გაეგზავნა 2016 წლის 01 თებერვლის №10/1899 წერილი პირგასამტეხლოს დაკისრებასთან და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

შესაბამისად, სსიპ ე---------–-------------------ოს გურიის სატყეო სამსახურის უფროსის 2016 წლის 12 აგვისტოს №19/16629 წერილის მიხედვით ი.მ ,,ლა–--------ა" უნდა გამოცხადებულიყო გურიის სატყეო სამსახურში ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად, თუმცა იგი დღემდე არ ცხადდება და არც ხელს არ აწერს მიღება-ჩაბარების აქტს. ლა–--------ას მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენდა 99 საათს, თუმცა აქედან 37 საათი (გზის რეაბილიტაცია) შესრულებულია არასათანადო ტექნიკით, გზის სიგანე არ შეესაბამება მოთხოვნილს. შესაბამისად მისი ნამუშევარი საათებიდან ანაზრაურებას ექვემდებარება მხოლოდ 62 საათი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 09 ოქტომბერს ლა–--------ასა და სსიპ ე---------–-------------------ოს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N85 (ბ) ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სსიპ ე---------–-------------------ოს სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ბულდოზერის მძღოლთან ერთად დაქირავების მომსახურების შესყიდვა. მომსახურება ხორციელდებოდა გურიის რეგიონში - ოზურგეთის სატყეოს მთისპირის მე-19 კვარტალში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8---- ხელშეკრულება (ს.ფ 18-20)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.1.2. შეთანხმების შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა უზრუნველყო სსიპ ე---------–-------------------ოს მიერ მითითებულ სახელმწიფო ტყვის ფონდის ტერიტორიაზე, სსიპ ე---------–-------------------ოს მიერ მითითებული დავალებებით და მითითებულ დროში ბულდოზერით მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე, ხელშეკრულების 2.2. მუხლით თანახმად, მომსახურება უნდა გაწეულიყო სავარაუდოდ 150 საათის განმავლობაში. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 12975 ლარით. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ერთი საათის განმავლობაში მომსახურების ღირებულება შეადგენდა 86.5 (ოთხმოცდაექვს ლარს და ორმოცდაათ თეთრს), ხოლო ხელშეკრულების 3.3. პუნქტის მიხედვით, გაწეული მომსახურების ანაზღაურების დაანგარიშება ხდებოდა ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8---- ხელშეკრულება (ს.ფ 18-20)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.1.3. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, მომსახურების მიღება წარმოებდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, კონტროლის განმახორციელებლი ჯგუფის წევრების მხოლოდ დადებითი დასკვნის საფუძველზე. შემსყიდველი ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, იღებდა ვალდებულებას წერილობითი სახით ეცნობებია მიმწოდებლისათვის საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული მომსახურების რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8---- ხელშეკრულება (ს.ფ 18-20)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.1.4. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ანაზღაურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულების 8.1. პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მომსახურების გაწევის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ორმხრივად გაფორმებული მიღება-ჩაბარებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე, მათი წარდგენიდან აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

- ხელშეკრულების 6.3. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სსიპ სატყეო ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებული დავალებებით და მთითებულ დროში ბულდოზერით (ბულდოზერი - E-130) მომსახურების გაწევა. ხოლო ამავე ხელშეკრულების 6.5. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო ტექნიკის უსაფრთხოებაზე, რომ ტექნიკა ყოფილიყო გამართულ მდგომარეობაში, დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო შეეკეთებინა ან ჩაენაცვლებინა ალტერნატიული ტექნიკით 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8---- ხელშეკრულება (ს.ფ 18-20)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.1.5. სსიპ ე---------–-------------------ოს 2016 წლის 12 აგვისტოს N19/16629 წერილის საფუძველზე მიმწოდებელს, ლა–--------ას ეცნობა, რომ გამოცხადებულიყო გურიის სატყეო სამსახურში 2015 წლის 09 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოს (62 საათი) მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 12 აგვისტოს N19/16629 წერილი (ს.ფ. 23);

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლა–--------ას შპს ,,ლიზას'' სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის გადახდა, რომელიც კანონერ ძალაშია შესული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ.43-45);

 

3.1.7. 2016 წლის 19 აპრილის წერილის თანახმად, ლა–--------მ წერილობით მიმართა სსიპ ე---------–-------------------ოს, 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N85 (ბ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოსათვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 19 აპრილისა წერილები (ს.ფ. 25);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N85 (ბ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენს 99 საათს, რაც დადასტურებულია, როგორც 2015 წლის 22 დეკემბრის N1 ინსპექტირების აქტით, ასევე 2016 წლის 27 იანვრის საბოლოო-დასკვნით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინსპექტირების აქტი N1 (ს.ფ. 21);

- 2016 წლის 27 იანვრის საბოლოო-დასკვნა N8---- (ს.ფ 22)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

3.2.2. 2016 წლის 01 თებერვლის №10/1899 წერილის თანახმად, შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშალა და ლა–--------ს ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრებასთან და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 01 თებერვლის №10/1899 – (ს.ფ.77)

 

3.2.3. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქმეზე არ დასტურდება ლა–--------ას მიერ 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8---- ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ლა–--------ას მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, რასაც ადასტურებს შემდები მტკიცებულებები, კერძოდ სსიპ ე---------–-------------------ოს კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის 2015 წლის 22 დეკემბრის ინპექტირების N1 აქტი, რომლის თანახმად, გზის გარკვეულ მონაკვეთზე დაქანება დიდი იყო და უნდა დადაბლებულიყო, რაც მიმწოდებელმა არ გაითვალისწინა, ასევე მეგზევეების აღნიშვნით, მიმწოდებლის მიერ არასათანადო ტექნიკით იქნა ვალდებულება შესრულებული, გზის რეაბილიტაციაზე მიმწოდებელს მომსახურება უნდა განეხორცილებინა ბულდოზერი E-130-ით, თუმცა მან ტრაქტორით იმუშავა 35 საათი, რის შედეგედ გზის სიგანემ შეადგინა 2-დან 2.2 მეტრი, რაც არ შეესაბამება ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების მე-12 მუხლის 2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების მიწის ვაკისის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4.5-6.5 მეტრს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართალია 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N85 (ბ) ხელშეკრულების 6.3. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სსიპ სატყეო ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებული დავალებებით და მთითებულ დროში ბულდოზერით (ბულდოზერი - E-130) მომსახურების გაწევა, თაუმცა ამავე ხელშეკრულების 6.5. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, ვალდებული იყო შეეკეთებინა ან ჩაენაცვლებინა ალტერნატიული ტექნიკით, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია მოპასუხის პოზიცია, თითქოს მიმწოდებს ბულდოზერის გარდა სხვა ტექნიკის გამოყენება არ შეეძლო, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ თითქოს მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა მთავრობის №242 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოეწყოს ტყეში გზა, მაშინ როდესაც, ხელშეკრულება არანაირ დათქმა არ შეიცავს ამის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ხარისხის სამუშაო უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს, ასევე ხელშკრულებით არ არის განსაზღვრული რა სიგანის გზა უნდა დაეგო მენარდეს.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ მიმწოდებლის მხრიდან ნამუშევარი 99 საათიდან, 37 საათის არ უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას სამუშოს არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 3.3. პუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრებოდა ნამუშევარი საათების მიხედვით, ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, კი ერთი საათის განმავლობაში მომსახურების ღირებულება შეადგენდა 86.5 (ოთხმოცდაექვს ლარს და ორმოცდაათ თეთრს), საქმეში წარმოდგენილი საბოლოო დასკვნის (85)ბ თანახმად, ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენს 99 საათს, რაც სადავადო არ არის გამხდარი.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, მომსახურების მიღება წარმოებდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, კონტროლის განმახორციელებლი ჯგუფის წევრების მხოლოდ დადებითი დასკვნის საფუძველზე. შემსყიდველი ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, იღებდა ვალდებულებას წერილობითი სახით ეცნობებია მიმწოდებლისათვის საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული მომსახურების რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ასევე, ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, დამკვეთს წუნდების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა შემსრულებლისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 11.1 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მომსახურების მიწოდების ვადების (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში) გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო ამავე ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ასევე უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (მათ შორის არაჯეროვნად შესრულებისთვის) დარღვევის შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%, ამდენად, თუკი ადგილი ჰქონდა მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, მოპასუხეს სამართლებრივად შეულია წარადგინოს სარჩელი;

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების შეუსრულებლობას თანხის გადახდასთან დაკავშირებით, კერძოდ ხელშეკრულების 4.2 და 8.1 პუნქტების მიხედვით მომსახურება მიღებულად ჩაითვლაბა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით. ანგარიშსწორება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ორმხრივად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგრიშფაქტურის წარდგენის შემდგომ 20 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ანაზრაურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ვერ შეძლო წარმოედგინა კვალიფიციური და დასაბუთებული პრეტენზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8---- ხელშეკრულება (ს.ფ 18-20)

- ინსპექტირების აქტი N1 (ს.ფ. 21);

- 2016 წლის 27 იანვრის საბოლოო-დასკვნა N8---- (ს.ფ 22)

- მხარეთა ასხნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 355-ე, 380-ე, 361-ე, 380-ე, 488-ე, 629-ე, 636-ე, 642-ე,648-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ევროპის სასამართლოს განმარტებით, „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (N7932/03)) .

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამუშაოს შესრულების მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება, ხოლო საზღაურის გადახდის შემკვეთს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

დადგენიალი, რომ 2015 წლის 09 ოქტომბერს ლა–--------ასა და სსიპ ე---------–-------------------ოს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N85 (ბ), შეთანხმების შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ე---------–-------------------ოს მიერ მითითებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სსიპ ე---------–-------------------ოს მიერ მითითებული დავალებებით და მითითებულ დროში ბულდოზერით მომსახურების გაწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2015 წლის 9 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლა–--------ასადმი ნამუშევარი 62 საათის შესაბამისი თანხის - 5363 ლარის ანაზღაურების ნაწილში, რაც ექვემდებარე დაკმაყოფილებას.

 

6.3. წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტოვრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2015 წლის 9 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთს სამუშაოს შესრულებისათვის მენარდისათვის უნდა გადაეხდა ანაზღაურება ნამუშევარი საათების მიხედვით, ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, კი ერთი საათის განმავლობაში მომსახურების ღირებულება შეადგენდა 86.5 (ოთხმოცდაექვს ლარს და ორმოცდაათ თეთრს), საქმეში წარმოდგენილი საბოლოო დასკვნის (85)ბ თანახმად, ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენს 99 საათს, რაც სადავადო არ არის გამხდარი. ასევე დადგენილია, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ შემკვეთს მენარდისათვის თანხა არ გადაუხდია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (სსკ-ის 361.2.-ე მუხლი).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშალა. (სსკ-ის 636-ე, 405-ე მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: № ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.;ას-981-926-2015,11.03.2016წ.;№ას-399-383-2016).

 

დადგენილია, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ლა–--------ას მიერ 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N85 (ბ) ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, ვინაიდან, ხელშეკრულების 6.5. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, ვალდებული იყო შეეკეთებინა ან ჩაენაცვლებინა ალტერნატიული ტექნიკით, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია მოპასუხის პოზიცია, თითქოს მიმწოდებს ბულდოზერის გარდა სხვა ტექნიკის გამოყენება არ შეეძლო, სასამართლომ ასევე არ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ თითქოს მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა მთავრობის №242 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავდა, თუ როგორი გზა შეიძლებოდა მოეწყო მენარდეს, მაშინ როდესაც, ხელშეკრულება არანაირ დათქმა არ შეიცავს ამის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ხარისხის სამუშაო უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს, ასევე ხელშკრულებით არ არის განსაზღვრული გზის სიგანე და სხვა პარამეტრები, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთბელია მოპასუხის არგუმენტები. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდან ნამუშევარი 99 საათი ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას - 8563.5 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, საგულისხმოა სსკ-ის 642-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, რომელიც შემკვეთის მიერ მენარდისადმი, დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობამდე, ცხადია, დადგენილი უნდა იყოს თავდაპირველი მოთხოვნის დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შემკვეთისათვის მისაღებ შედეგში ანუ მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში უნდა გამოხატულიყო. შემკვეთის შესაგებლის შედავება სწორედ ისაა, რომ მენარდემ ვალდებულება არაჯეროვნად, უხარისხოდ შეასრულა.

 

სასამართლო, განსახილველი სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს ვალდებულების საგნის ხარისხის შესახებ რაიმე განსაკუთრებულ დათქმას; ამ ვითარებაში მოქმედებს სსკ-ის 641-ე მუხლის დანაწესი, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში ცნება „ნაკეთობა“ უფრო ფართო მნიშვნელობით უნდა განიმარტოს და მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგიც უნდა ვიგულისხმოთ. სსკ-ის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციაც იმასვე ადგენს, რომ თუკი ნივთის ხარისხი წინასწარ არ არის შეთანხმებული, მაშინ იგი ნივთობრივად უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ზოგად ნორმებს შორის არის ვალდებულების შესრულების ხარისხთან დაკავშირებული სსკ-ის 380-ე მუხლიც: „თუ ვალდებულების შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი“.

 

სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს, რომ შემკვეთს არ მოუთხოვია დამატებითი შესრულება (სსკ-ის 642-ე მუხლი), შესაბამისად, არც იმ უფლებით უსარგებლია, რომ საზღაური შეემცირებინა ნაკეთობის ნაკლის, განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო. შემკვეთმა მენარდეს წერილობით აცნობა, რომ შესრულებულ სამუშაოთა უხარისხობის გამო, მიაჩნდა, რომ მენარდე ვეღარ გამოასწორებდა დამდგარ შედეგს, რის გამოც შეწყვიტა ხელშეკრულება, აღნიშნულ შემთხვევაში, სსკ-ის 636-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს წარმოეშვა ვალდებულება, მენარდისათვის აენაზღაურებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო.

 

სასამართლო სსკ-ის 405-ე მუხლის დანაწესზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ესენია: ვლდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის გასაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთიუფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, უარი თქვას სსკ-ის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“ (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში სახელშეკრულებო პირობებით, რაც უკავშირდება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარვეზსა და მისი გამოსწორების შესაძლებლობას, შემკვეთს არ უსარგებლია, ანუ მან არ გამოიყენა ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლება, მოეთხოვა მოსარჩელისათვის ხარვეზის აღმოფხვრა. სსკ-ის 355-ე მუხლით დადგენილი წესით, შემკვეთმა შეატყობინა მენარდეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, თუმცა, ამ უკანასკნელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები შემკვეთის დასამტკიცებელი იყო.

განსახილველ შემთხვევაში, მენარდისათვის შემკვეთის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადახდა (სსკ-ის 648-ე მუხლი), ამ უკანასკნელმა სადავო გახადა იმ საფუძვლით, რომ სამუშაო არაჯეროვნად, უხარისხოდ იყო შესრულებული. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება იყო მოპასუხის კუთვნილი მტკიცების საგანი, რაც მან ვერ დაასაბუთა (იხ. სუსგ № ას- 32-31-2010, 12.04.2010წ.).

 

სსკ-ის 636-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს ეკისრება მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამოსარიცხად, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის სამართლებრივად წონადი მტკიცებულებები, რომლებითაც გაქარწყლდებოდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა დადასკვნები.

 

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ შემკვეთმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია (სსსკ-ის 102.1. მუხლი). კერძოდ, მოპასუხემ სარწმუნო, უტყუარი დადამაჯერებელი მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა მენარდის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის მე-4 მუხლი), რამაც საბოლოოდ მოპასუხისათვის არახელსაყრელიგადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 257ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 5363 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, კერძოდ 257ლარიდან - 160.89 ლარის ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 96.02 ლარის ანაზღუარება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლა–--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე სსიპ ე---------–-------------------ოს მოსარჩელის ლა–--------ას სასარგებლოდ დაეკისროს 8563.5 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე სსიპ ე---------–-------------------ოს მოსარჩელის ლა–--------ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 257 (ორსორმოცდაჩვიდმეტი) ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე