გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/3241-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - ეკ-------------------–---–ი
წარმომადგენელი - მზ-----------–---–ი;
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი- ცი----------–---–ი;
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; (ასკ 16.1)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.10.2015წ. №1------- და 02.03.2017წ. №1------ აქტები;
1.2. ბათილად იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ეკ-------------------–---–ის მიერ 25.06. 2001 წელს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება.
2018 წლის 28 აპრილის სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა დააზუსტა მეორე სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკ-------------------–---–ის ადმინიტრაციული საჩივრის განხილვა და ახალი ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2018 წლის 04 ივლისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.10.2015წ. №1------- და 02.03.2017წ. №1------ აქტების ბათილად ცნობის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
2018 წლის 04 ივლისს სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკ-------------------–---–ის ადმინიტრაციული საჩივრის განხილვა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით 2001 წლის 25 ივნისს ეკ-------------------–---–მა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელზედაც გასაყიდად გამოტანილი იყო დ--–---ის რაიონის სოფელ ბ---–-------ში მდებარე აგროფირმა ,,ბ---–-------ის“ ადმინისტრაციული შენობა. აღნიშნულზე იმავე დღეს შედგა აუქციონის შედეგების N-- ოქმი, გადახდილ იქნა შენობის ღირებულება 2605 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მხარეთა შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა გაცემულა. 2015 წლის 9 თებერვალს მოსარჩელემ N9----- განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს და მოითხოვა 2001 წლის 25 თებერვალს აუქციონზე შეძენილი ქონებაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N1------- აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ სააგენტოს სადავო აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. საჩივართან დაკავშირებით 2016 წლის 22 იანვარს გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც საჩივრის ავტორს განემარტა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებოდა დამატებით. თუმცა გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარე არღვევს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც სასამართლოს მეშვეობით ითხოვს დაევალოს მოპასუხეს ეკ-------------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და ითხოვა სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 9 თებერვალს ეკ-------------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ითხოვა ეკ-------------------–--–-ს მიერ 2010 წლის 25 ვნისს N--- აუქციონზე შეძენილი ქონებაზე, (აგროფირმა ბ---–-------ის“ ადმინსიტრაციული შენობა) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ეკ-------------------–---–ის 2015 წლის 9 თებერვალის N9------ განცხადება. (ს.ფ. 16-17);
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კანცელარიის მიღების ბარათი. (ს.ფ. 15);
3.1.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბერის N1------- წერილით, ეკ-------------------–---–ის წარმომადგენელს, 2015 წლის 9 თებერვალის N9------ განცხადების პასუხად ეცნობა: იმის გათვალისწინებით, რომ 2001 წლის 25 თებერვალს ჩატარებული აუქციონის შემდეგ ეკ-------------------–---–თან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება არ მომხდარა, სააგენტო შესაბამისი საფუძვლის არ არსებობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განცხადებაში მითითებული მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბერის N1------- წერილი (ს.ფ. 21);
3.1.3. 2015 წლის 27 ოქტომბერს ეკ-------------------–---–ის წარმომადგენელმა მზ-----------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბერის N1------- წერილის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ეკ-------------------–---–ის მიერ 2001 წელის 25 ივნისს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 27 ოქტომბერის ადმინისტრაციული საჩივრი. (ს.ფ. 107 - 108 );
3.1.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 13 იანვრის N1----- ბრძანებით ეკ-------------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადად განისაზღვრა 2 თვე. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით ღია სხდომაზე ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2016 წლის 21 იანვარს 15 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 13 იანვეის N1----- ბრძანება. (ს.ფ.112-113);
3.1.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 22 იანვრის N0----- წერილით ეკ-------------------–---–ს ეცნობა, რომ N2------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშრებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ღია სხდომაზე ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 9 თებერვალს 15 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 22 იანვრის N0----- წერილი (ს.ფ.117);
3.1.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 9 თებერვლის N0----- წერილით ეკ-------------------–---–ს ეცნობა, რომ N2------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშრებით მიმდინარეობს ადმინსიტრაციული წარმოება, ღია სხდომაზე ზეპირი მოსმენა გაიმართება 2016 წლის 15 თებერვალს 13 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 9 თებერვლის N0----- წერილი (ს.ფ.120);
3.1.7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 21 ივნისის N0------ წერილით ეკ-------------------–---–ს, N2------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშრებით ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, რის საფუძველზეც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 21ივნისის N0------ წერილი. (ს.ფ.121);
3.1.8. 2015 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელე ეკ-------------------–---–ის წარმომადგენელმა მზ-----------–---–მა სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №1------- აქტი და დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ეკ-------------------–---–ის სახელზე საკუთრების მოწმობის გაცემა, მის მიერ 2001 წლის 25 ივნისს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე (აგროფირმა ”ბ---–-------ის” ადმინისტრაციულ შენობა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განჩინება ( საქმე N3/ 8------).( ს.ფ.52-59);
3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით ( საქმე N3/ 8------) ეკ-------------------–---–ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №1------- აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ეკ-------------------–---–ის სახელზე საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე არ იქნა წარმოებაში მიღებული, იმ საფუძვლით, რომ მისი განხილვა ამ ეტაპზე სხვა უწყების კომპეტენციაში შედის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განჩინება ( საქმე N3/ 8------).( ს.ფ.52-59);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი.
.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკ-------------------–---–ის 2015 წლის 27 ოქტომბერის N2------- ადმინიტრაციული საჩივრის განხილვას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 27 ოქტომბერს N2------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბერის N1------- წერილის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ეკ-------------------–---–ის მიერ 25.06.2001 წელს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 13 იანვრის N1----- ბრძანებით ეკ-------------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადად განისაზღვრა 2 თვე. თუმცა, დღეის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მატერიალური სახით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
6.2. სასამართლო მიუთითებს, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად აღნიშნული კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო), ხოლო მერვე ნაწილში განმარტებულია, რომ ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ − სასამართლოში. შესაბამისად მოსარჩელე ეკ-------------------–---–ი ვალდებული იყო, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული საჩივრით მიემართა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ისე, როგორც ეს დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-181-ე მუხლებით.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბერის N1------- წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამავე დროს კანონმდებლობით დადგენილია მათი ერთჯერადად ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გასაჩივრების წესი.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშრებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2016 წლის 21 იანვარს, 9 თებერვალს და 15 თებერვალს ჩაინიშნა ზეპირი მოსმენა, თუმცა არ მომხდარა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 21 ივნისის N0------ წერილით ეკ-------------------–---–ს N22203/2 ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშრებით ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, რის საფუძველზეც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუძლია მიმართო სასამართლოს.
სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალიწინებული შესაბამისი სარჩელის სახეობის გამოყენება დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომელსაც ისახავს კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელით პირი მიმართავს სასამართლოს არსებული მდგომარეობის შეცვლის და შესაბამისად, მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის მიზნით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის პირობებს სასკ-ის 23-ე მუხლი, ხოლო სარჩელის საფუძვლიანობის პირობებს 33-ე მუხლი განსაზღვრავს. აქტის არსებობას, აქტის გამოცემაზე უარის თქმას უკავშირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობა. სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში მავალდებელი სარჩელის აღძვრამდე პირს მიმართული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში აქტის გამოცემაზე უარი არის სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი დასაშვებობის წინაპირობა. უარის თქმაში იგულისხმება როგორც წერილობითი უარი, რომლითაც დაინტერესებული პირის მოთხოვნა შესაძლოა სრულად ან ნაწილობრივ იქნეს უარყოფილი, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევა, ანუ ვადაში აქტის არ გამოცემა, უკანასკნელი არის ადმინისტრაციული ორგანოს ე.წ. უმოქმედობით უარის თქმა (ვირტუალური უარი).
ამასთან, მოსარჩელისათვის აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაში სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის კანონიერების დასადგენად მოწმდება არა უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები, არამედ აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველი. აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დაევალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო უფლებამოსილია აგრეთვე თავად მოაწესრიგოს სადავო საკითხი, უკეთუ სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად არ არის საჭირო საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხი დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს არ განეკუთვნება. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას სასამართლო ახდენს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ არის შესწავლილი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასეთ ვითარებას, მით უფრო აქვს ადგილი, როდესაც სახეზეა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაინტერესებული პირის განცხადებაზე უმოქმედობის შემთხვევა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ორგანოს არ აქვს შესწავლილი აქტის გამოცემის ფაქტიური და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხის გადასაჭრელად საჭირო გარემოებების გამოკვლევის შემდეგ აქტის გამოცემის დავალებას. სასამართლოს ეს უფლებამოსილება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ემყარება, რაც გამორიცხავს მმართველობითი ფუნქციების სასამართლო ორგანოებისათვის გადაკისრების შესაძლებლობას. სასკ-ის მე-19 მუხლით განსაზღვრული სასამართლოს უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების, სასამართლოს აქტით სადავო საკითხის მოწესრიგების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალების შემთხვევაში სასკ-ის მე-19 მუხლის მოთხოვნები არ მოქმედებს. სზაკ-ის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიიღოს გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ საქმის გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს. სწორედ ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით კანონმდებელი იმპერატიული შინაარსით ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივარი არ განუხილვას კანონით დადგენილ ვადაში, არ შეუსწავლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მიუღია შესაბამისი გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალება კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის სზაკ-ის მოთხოვნათა სრული დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას აქტის გამოცემის გზით.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რომლის მიმართაც პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს განიხილოს ეკ-------------------–---–ის 2015 წლის 27 ოქტომბრის N2------- ადმინისტრაციული საჩივარი და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 23-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეკ-------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს განიხილოს ეკ-------------------–---–ის 2015 წლის 27 ოქტომბრის N2------- ადმინისტრაციული საჩივარი და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი